globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 2nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): სავიზო ლიბერალიზაცია ოთხ კვირაში: რა დოკუმენტებს მოგვთხოვენ საზღვარზე?

«СБ – Советская Белоруссия//Беларусь сегодня» (ბელარუსი): მეგობრობა საერთო საქმისათვის // საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში

«RFE//RL – Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): „დერეფნული სისტემა“: რომელ ტრანზიტულ გზებზე მოილაპარაკეს სომხეთ-საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პარლამენტის გადაწყვეტილებით, ისევ სუს-ი მოგვისმენს

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 02 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/savizo-liberalizacia-otx-kvirashi/28341661.html

სავიზო ლიბერალიზაცია ოთხ კვირაში: რა დოკუმენტებს მოგვთხოვენ საზღვარზე?

ლელა კუნჭულია

პირველ მარტს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირის სტრუქტურების მიერ დამტკიცებულ ახალ რეგულაციას, რომლის თანახმადაც, საქართველომ უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადაინაცვლა. დარჩენილია მხოლოდ დოკუმენტის გამოქვეყნება ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში, რის შემდეგაც ის 21- დღეს შევა ძალაში. შესაბამისად, წინასწარი გათვლით, საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე 28 მარტიდან შეძლებენ. რა დოკუმენტები იქნება საჭირო საზღვარზე და რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ პრობლემებს ავარიდოთ თავი?

სავიზო ლიბერალიზაციის დოკუმენტის ხელმოწერა, რომელსაც საქართველო საკმაოდ დიდხანს ელოდა, ბრიუსელში თბილისის დროით 17 საათზე შედგა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის – მალტის – საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა, საქართველო გააგრძელებს მიზანმიმართულ სვლას ევროპული ოჯახისკენ: „მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მართლაც და, პირველ რიგში არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში, ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დიდი მხარდაჭერისთვის რეფორმების განხორციელების პროცესში. დღევანდელი დღე არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების მიმართ უდიდესი ნდობის გამოხატულება. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად“.

როგორც „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, უვიზო მიმოსვლის მექანიზმის ამოქმედებამდე სულ რაღაც 4 კვირა რჩება. ასეთი პროგნოზი ეყრდნობა დარჩენილ პროცედურათა ვადების გაანალიზებას: პირველ მარტს ხელმოწერილი გადაწყვეტილება ერთი კვირის განმავლობაში უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს უნდა ამოქმედდეს. შესაბამისად, ეს თარიღი, ოპტიმალური გათვლით, 28 მარტს უწევს.

როგორც ცნობილია, უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გავრცელდება ევროკავშირის 26 წევრ ქვეყანასა და ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანაზე. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ორი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

ვიზების გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვნად გამარტივდება მიმოსვლის პროცედურები, – ამბობს „რადიო თავისუფლებასთან“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოწვეული მკვლევარი, გოგიტა ღვედაშვილი. მისი აზრით, ძალიან დიდი შეღავათი იქნება, როდესაც მოგზაურობის მსურველს აღარ მოუწევს ვიზის მოსაკრებლის გადახდა და საელჩოებში არსებულ რიგებში დგომა, რაც ხშირად შეუძლებელს ხდიდა სპონტანურად გამოჩენილი შანსის გამოყენებას. ამასთან იშვიათ შემთხვევაში, მესაზღვრემ მაქსიმუმ, შესაძლებელია, მოგვთხოვოს მხოლოდ ის დოკუმენტები, რომლებიც ისედაც აუცილებელია მოგზაურობის მსურველისთვის:

„ჩამონათვალი შემცირდა სულ ოთხ ძირითად დოკუმენტამდე და ეს გახლავთ წასვლის და ჩამოსვლის ბილეთი, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს; ეს გახლავთ სამოგზაურო დაზღვევა (რაც დღეში, სადღაც, ერთი ლარი ჯდება); უნდა გვქონდეს ასევე ფინანსური დადასტურება, რაც წარმოადგენს მაქსიმუმ 50 ევროს ერთი დღის განმავლობაში. ეს, შესაძლოა, იყოს ნაღდი ფული ან ბანკიდან ამონაწერი. ეს ფული საჭიროა ელემენტარული პირადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით შენგენის ზონაში. კიდევ ერთი დოკუმენტია საჭირო: უნდა გვქონდეს ელექტრონული ჯავშანი იმ სასტუმროსი, რომელშიც ვაპირებთ დარჩენას. იმ შემთხვევაში, თუკი მეგობართან ან ნათესავთან მივდივართ, უნდა გვქონდეს ამ პირის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი – მაგალითად, პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ ჩვენ გვექნება მასპინძლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, მესაზღვრეს შეეძლება გადაამოწმოს ნებისმიერი ინფორმაცია დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში“.

თუ როგორ უნდა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის მექანიზმით და რა უნდა გაითვალისწინონ ამ პროცესში – ეს ყველაფერი დაწვრილებით არის მოთხრობილი საინფორმაციო კლიპში, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით არის გადაღებული. როგორც ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლა დაამსხვრევს პრორუსული პროპაგანდის მიერ თავს მოხვეულ მითებს, გააძლიერებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს ევროკავშირის მისამართით და ბევრი შესაძლებლობა იქნება ათვისებული ძირითადად ახალგაზრდების მიერ. ამასთან, ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის მექანიზმი დასაქმების საშუალებას არ იძლევა, მაინც გაჩნდება საკუთარი შესაძლებლობების კანონიერად რეალიზების პერსპექტივები: „ხომ შეუძლია ადამიანს, გამოიყენოს უვიზო რეჟიმი და სპეციალურად ჩავიდეს ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში, ნახოს რაღაც ადგილები, გაიცნოს ხალხი, გააცნოს მათ თავისი კვალიფიკაცია და მიაღწიოს იმას, რომ მოითხოვონ ის, როგორც სპეციალისტი… რადგანაც, თუკი დამსაქმებელი იძლევა იმის არგუმენტაციას, რომ სწორედ ეს სპეციალისტი სჭირდება მას, მაშინ მას შეუძლია მიიღოს დასაქმების უფლება ევროკავშირში“.

და თუკი მაინც შეცდა ვინმე და ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში დასარჩენ უკანონო გზებს მიმართა, მისთვის სასჯელი საკმაოდ მკაცრი იქნება. როგორც გოგიტა ღვედაშვილი განმარტავს, მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის წესების დამრღვევ ადამიანს 5 წლით აეკრძალება შესვლა ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში და შესაძლებელია, რომ მას ასევე დაეკისროს ჯარიმა 3 ათასი ევროს ოდენობით. ხოლო თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას, ამოქმედებას არ დააყოვნებს უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმი და ეს ასე იქნება საქართველოსთვისაც.

«СБ – Советская Белоруссия//Беларусь сегодня» (ბელარუსი), 02 მარტი, 2017 წელი

https://www.sb.by/articles/druzhba-dlya-polzy-dela.html

მეგობრობა საერთო საქმისათვის

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში

სტატიაში გადმოცემულია ბელარუს-საქართველოს ურთიერთობის მიმოხილვა ბოლო წლებში, ყურადღება ეთმობა 2015 წელს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოში, მის ყოფნას თბილისში და ბათუმში, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ამსახველ მაჩვენებლებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა. პუბლიკაციაში მიმოხილულია აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი მინსკში, რომელიც პირველ მარტს დაიწყო (ავტორი – დიმიტრი კრიატი).

„ჯერ კიდევ თბილისში შეხვედრის დროს შეინიშნებოდა, რომ ორ პრეზიდენტს შორის საკმაოდ თბილი და სანდო ურთიერთდამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ისინი გულახდილად საუბრობდნენ არსებულ პრობლემებზე, რომლებიც განპირობებეულნი იყო როგორც საგარეო, ასევე შიდაპოლიტიკური სიტუაციით. ალექსანდრე ლუკაშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა თბილისში ბევრ საკითხზე მოილაპარაკეს, ახლა კი დიალოგი მინსკში გაგრძელდა.

პრეზიდენტების საუბრის და ერთობლივი მუშაობის ყველაზე „ფართო ველი“, შეიძლება ითქვას, საქართველოს სოფლის მეურნეობაა. საქართველოში შესანიშნავი კლიმატია, ნოყიერი მიწა, შრომისმოყვარე მოსახლეობა, მაგრამ ადამიანების მიწაზე მუშაობის სურვილს ხელს უშლის არასაკმარისი ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის პრობლემები არ დაუმალავს. საქართველოს მოსახლეობის 50% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, მაგრამ ეს ის ოფიციალური სტატისტიკაა, რომელიც რეალობისაგან განსხვავდება. სოფლად მართლაც რომ მოსახლეობის 50% მუშაობდეს, მაშინ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) აგრარული სექტორის წილი 9% კი არ იქნებოდა, არამედ ბევრად უფრო მეტი. აი, სწორედ ამ დისბალანსის აღმოსაფხვრას ცდილობს დღეს სამხრეთკავკასიური ქვეყნის ხელმძღვანელობა.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი კოლეგა დაარწმუნა, რომ ქართველ მეგობრებს ბელარუსის იმედი უნდა ჰქონდეთ: „ჩვენ რაც გვაქვს, ყველაფერს გაგიყოფთ და გაგიზიარებთ“. ესაა გამოცდილება მაღალეფექტური სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნასა და ორგანიზებაში, მათი საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფაში, მომსახურების ცენტრების ჩამოყალიბებაში. მიზანშეწონილია აგრეთვე საქართველოს სამხრეთულ სახნავ-სათეს მიწებზე მოწეული მოსავლის ერთობლივი გადამუშავება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსში ქართველი ბიზნესმენებისა და მეწარმეებისათვის ყველანაირი პირობა შეიქმნება, რომ მათ მიერ მოწეული მოსავალი ბელარუსის საწარმოებში გადამუშავდეს.  ბელარუსი სპეციალისტები მზად არიან საქართველოში მონაწილეობა მიიღონ საცხოვრებელი სახლების ლიფტების რემონტსა და  მოდერნიზებაში, სპორტული არენების მსენებლობაში სამთო კურორტებზე, კომუნალური ტექნიკის პარკის განახლებაში, ძალოვანი სტრქუტურების სპეცფორმით უზრუნველყოფაში.

მინსკისა და თბილისის ინტერესთა თანხვედრის წერტილები ბევრია. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყველაფერი, რაზედაც მისმა ბელარუსმა კოლეგამ ისაუბრა, თბილისისსათვის ძალზე საინტერესოა.

საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთდამოკიდებულებაში არის ერთი ნათელი და აშკარა თავისებურება – ჩვენმა ქვეყნებმა საგარეოპოლიტიკურ კონტექსტში სხვადასხვა კურსი აირჩიეს: საქართველომ – ევროატლანტიკური ინტეგრირება, ბელარუსმა კი ევრაზიული. მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს სრულიადაც არ უშლის ხელს ორმხრივ თანამშრომლობას და საგნობრივ დიალოგს. ამაშიც ჩანს იმ მნიშვნელოვანი თეზისის დადასტურება, რომელზეც ალექსანდრე ლუკაშენკომ ყურადღება გაამახვილა: „ჩვენი ქვეყნები არავის წინააღმდეგ არ მეგობრობენ, თუმცა, რადგან მათ აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ორივე ამ ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ“. ამ თეზისში იგულისხმება განვითარების სხვადასხვა გზების აღიარება და გაგება, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული უფლებაა. როცა სახელმწიფოთაშორისო დიალოგს საფუძვლად ურთიერთგაგება-პატივისცემა უდევს, მაშინ უეჭველია, ურთიერთობა შინაარსიანი იქნება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«RFE//RL – Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 01 მარტი, 2017 წელი

http://www.ekhokavkaza.com/a/28341839.html

„დერეფნული სისტემა“:

რომელ ტრანზიტულ გზებზე მოილაპარაკეს სომხეთ-საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა?

„რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ რუსული სამსახურის პროექტის „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ვადიმ დუბნოვი სომეხ და ქართველ ექსპერტებს ესაუბრება თემაზე: „სატრანსპორტო დერეფნები სომხეთიდან რუსეთისაკენ, საქართველოს გავლით“. გადაცემაში მონაწილეობენ სომხეთის ფინანსთა ექს-მინისტრი ლევონ ბარხუდარიანი და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე.

რადიოეთერში საუბარი ძირითადად სომხეთის პრემიერ-მინისტრის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტს შეეხო. როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერის თბილისში ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს ალტერნატიული გზების ძიება წარმოადგენდა: საქართველოს სამხედრო გზის ზემო ლარსის მონაკვეთის ხშირი პარალიზების გამო სომხეთის ტვირთების რუსეთში გადატანა (და პირიქით) ფერხდება და ამიტომ სომხური მხარე ზარალს განიცდის. შესაბამისად, ერევანი ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტს ეძებს.

ლევონ ბარხუდარიანის თქმით, ჯერ-ჯერობით სომხეთში არავინ არაფერი იცის, თუ რაზე მოილაპარაკა კარენ კარაპეტიანმა თბილისში, რომელ ალტერნატიულ გზებზეა საუბარი – „ტრანსკამის“ ავტომაგისტრალზე (როკის გვირაბის გავლით) თუ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე. ამჟამად კი სომხეთი, „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარდა, შავი ზღვის ბორნებითაც სარგებლობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, საქართველოში დღეს ბევრი სატრანსპორტო პროექტი ხორციელდება, რომლებიც სასარგებლოა სომხეთისთვისაც, მიმდინარეობს გზების პროექტირება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს დარიალის ხეობაზე გამავალი საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ, ორ წელიწადში, ოთხზოლიანი იქნება, თანაც უღელტეხილის გარეშე: აშენდება 30-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის მეშვეობით ავტოტრანსპორტი მიწისქვეშ დაბრკოლების გარეშე იმოძრავებს პირდაპირ „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე, ანუ გზა წლის განმავლობაში შეუფერხებლად იმუშავებს და მისი გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება. მეორე – [რუსეთის მიმართულებით] კიდევ ერთი სატრანსპორტო განშტოება იქნება – მამისონის უღელტეხილისაკენ; მესამე – მკვეთრად მოიმატებს საზღვაო ბორნების რაოდენობა, რომლებიც სომხურ ტვირთებს მოემსახურებიან, ძირითადად ბათუმის ნავსადგურში. „რაც შეეხება როკის გვირაბით მიმოსვლას და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას, ამ პროექტებს არ ვენდობი, რადგან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გეოპოლიტიკური პრობლემების „დიდ გორგალთან“, – აღნიშნა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

ვადიმ დუბნოვის შეკითხვაზე, რამდენად კრიტიკულია სომხეთისათვის საქართველოზე ტვირთების ტრანზიტი, ლევონ ბარხუდარიანი პასუხობს: „ამჟამად საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთის ტვირთნაკადისა და საქონელთბრუნვის 75% ხორციელდება… პრობლემები ბევრია, თუმცა პრეტენზიები რუსულ მხარის მისამართითაც არის, რუსი მებაჟეებიც აყოვნებენ ავტომანქანების გადაადგილებას, დიდი რიგებია… არადა, ჩვენი ტვირთები ხომ ევრაზიული კავშირის მისამართით მიდის, აუცილებელია გაკრკვეული პრეფერენციების დაწესება“.

გადაცემის მსვლელობის დროს ექსპერტებმა ისაუბრეს ირან-სომხეთ-საქართველოს მიმართულებაზეც. აღინიშნა, რომ ირანიდან ბუნებრივი გაზის ექსპორტისა და მისი ტრანზიტის საკითხი ასევე ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. სომეხმა ექსპერტმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში არსებობს როგორც რუსეთ-ირანის შეუთანხმებლობის პრობლემა, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემაც: ლევონ ბარხუდარიანი ირანული გაზის ტრანზიტის მიმართ არცთუ იმედიანადაა განწყობილი.

რაც შეეხება ალექსანდრე თვალჭრელიძეს, მან განაცხადა, რომ საქართველო მზადაა მონაწილეობა მიიღოს ყველა რეგიონულ წამოწყებაში, სომხეთთან პარტნიორობის ჩათვლით, „მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ სხვა მოთამაშეებიც – თურქეთი და აზერბაიჯანი. რეგიონული პროექტების რეალიზება მხოლოდ ყველა ქვეყნის კონსენსუსის შედეგად იქნება მიღწეული. ამიტომაც ძალიან მასშტაბურ პროექტებზე ლაპარაკი, [მათ შორის ირანული გაზის ექსპორტზეც], რომლებშიც ევროპა იქნება ჩართული, ჯერ-ჯერობით ნაადრევია“, – აღნიშნა მან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-the-law-on-surveillance-causes-fears/3745244.html

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ისევ სუს-ი მოგვისმენს

ზაზა წულაძე

საქართველოში ფარულ თვალთვალს ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) განახორციელებს, ოღონდ, უკვე მის წიაღში აღმოცენებული, სსიპ-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მეშვეობით, რომელიც გადასახადის გადამხდელებს დამატებითი თანხა დაუჯდება.

ბოლო წლების ცხარე პოლიტიკური დისკუსიის მიზეზი – ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს 87 ხმით დაამტკიცა.

ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სწორედ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელში იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ სააგენტოს ექნება წვდომა, საქართველოს GSM ოპერატორებისა და ინტერნეტ პროვაიდერების კომუნიკაციების სისტემებზე მიერთებულ ე.წ შავ ყუთებზე, რომლებიც ერთდროულად, რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქის მოსმენა-თვალთვალის საშუალებას იძლევა.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც 2014 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ მიერ ინიცირებულ ფარული თვალთვალის საწინააღმდეგო კამპანიაში, ამბობს, რომ ეს კანონი, ერთის მხრივ, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, ქმნის საშიშროებას რომ მოსმენების კუთხით, საქართველოში კიდევ უფრო უკონტროლო ვითარება მივიღოთ:

„აქამდე არსებოდა თვალთვალისა და მოსმენების ე.წ ორგასაღებიანი სისტემა. როდესაც ერთი „გასაღების“ მფლობელი საგამოძიებო ორგანო აპირებდა თვალთავლის დაწყებას, მეორე „გასაღები“ ჰქონდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. 2016 წლის აპრილში, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს „ორი გასაღები“ საკმარისი არ არის, დაამატეთ კიდევ რაიმე მექანიზმი იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გახდეს რეალური კონტროლიო. ახლა რა გააკეთეს ჩვენმა კანონმდებლებმა? მეორე „გასაღები“ წაართვეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და შექმნეს, ძალიან ზოგადი, მითიური, “მაკონტროლებელი სისტემები”, რომელიც რეალურად მაკონტროლებელი არ არის. ერთადერთ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ კი ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დარჩა“.

საკონსტიტუციო სასამართლომ კამპანია “ეს შენ გეხებას” სარჩელი 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციური იყო და პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსმა ორგანომ, რომელიც თავად არის დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით.

„მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა 2 წლის მანძილზე, ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს“, – წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, სუს-ის ახალი სააგენტოს კონტროლის მექანიზმები, მათ შორის ზედამხედველი მოსამართლის ინსტიტუტის შემოღება, რომელიც ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების აღსრულებას შეამოწმებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი, მოქალაქეებს პირადი ცხოვრებისა და უსაფრთხოების დაცვის გარანტი იქნება.

ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს: „ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევასრულეთ. ახალი კანონით, გვაქვს სტანდარტი, რომლითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომლითაც უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლება და უსაფრთხოება. ახლა საჭიროა, რომ ეს ახალი სისტემა 31 მარტამდე ამოქმედდეს“.

პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნის. საპარლამენტო უმრავლესობა იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადებს გაუფრთხილდება და ხელსმოწერას 31 მარტამდე მოასწრებს. საზოგადოებრვი მოძრაობა “ეს შენ გეხება“-ს კამპანიაში ჩართული სამოქალაქო სექტორი კი ელის რომ პრეზიდენტი მარგელაშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

———

ფარული თვალთვალის

საკანონმდებლო რეგულაციების მიღების ქრონოლოგია

(2013-2017 წლები)

2012 წლის ოქტომბერი – ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ უკანონო თვალთვალის და მიყურადების აღსაკვეთად შეიქმნებოდა ძლიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმები;

2014 წლის მარტი – საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ეს შენ გეხებამ“ დაიწყო კამპანია ფარული მიყურადების არსებული პრაქტიკის წინააღმდეგ;

2014 წლის ოქტომბერი – პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ფარული თვალთვალის ერთი გასაღები ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დარჩა, მეორე გასაღების გამოყენების უფლება კი მხოლოდ ფარული სატელეფონო მოსმენის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიენიჭა;

2014 წლის ნოემბერი/დეკემბერი – იმის გამო რომ შსს-მ გასაღები შენარჩუნა, პრეზიდენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო დაძლია და გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი მოაწერა;

2015 წლის თებერვალი – სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ის მუხლი, რომლითაც შსს-ს ფარული თვალთვალის გასაღები დარჩა;

2015 წლის აპრილი - ანალოგიური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ა/ო „ეს შენ გეხებამ“, მოგვიანებით ორივე ეს სარჩელი გაერთიანდა;

2015 წლის ივლისი - შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) გამოეყო;

2016 წლის აპრილი - საკონსტიტუციო სასამართლომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ სარჩელზე, არაკონსტიტუციურად ცნო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც სუს-ს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების საშუალებას აძლევდა. სასამართლომ ამ საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა;

2017 წლის იანვარი - პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებიც შევიდნენ, თუმცა მას შემდეგ არც, საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი კანონპროექტი წარმოადგინა, სადაც გასაღები ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფი ახალი სააგენტოს ხელში დარჩა, „ეს შენ გეხებამ“ სამუშაო ჯგუფი დატოვა. უმრავლესობის კანონპროექტი გააკრიტიკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში;

2017 წლის თებერვალი - პარლამენტმა სამივე მოსმენით განიხილა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და 87 ხმით, 2-ის წინააღმდეგ საბოლოოდ დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და პატრიოტთა ალიანსმა. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

Comments are closed