«ВВС русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო: „რესპუბლიკელები“ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გარეშე მიდიან
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში არ ჩაერთვება
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): ქართული კინოს აღორძინება
———————–
«ВВС русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 02 აპრილი, 2016 წელი
http://www.bbc.com/russian/international/2016/04/160402_georgia_elections_coalition
საქართველო: „რესპუბლიკელები“ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გარეშე მიდიან
სტატიაში განხილულია საქართველოს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის – რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილება 2016 წლის შემოდგომისათვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით: „რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ქვეყნის პროდასავლური კურსის მტკიცე მხარდამჭერია, განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს და არა კოალიციის პარტნიორებთან“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – ნინა ახმეტელი).
„მიუხედავად ასეთი განცხადებისა, რესპუბლიკელების თქმით, მათი გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს არც კოალიციიდან გასვლას და არც საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დატოვებას, სადაც სამი მინისტრი რესპუბლიკელია, მათ შორის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი. მაგრამ ოპოზიციის ნაწილი და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ არენაზე ბოლო დროს მომხდარი მოვლენები სწორედაც რომ მმართველი კოალიციის ფაქტიურ დაშლას ნიშნავს – კოალიციისა, რომელიც თავიდანვე ეკლეკტური გაერთიანება იყო, ხოლო რესპუბლიკელების გადაწყვეტილებამ შეიძლება ეჭვები გააძლიეროს „ოცნების“ პროდასავლური კურსის ერთგულების მიმართ“, – აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ის განცხადებები, კომენტარები და პროგნოზები, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის მიერ მირებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთდა როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან (ციტირებულია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებები, პოლიტოლოგ გია ნოდიას კომენტარები).
„როცა ჩვენ 2012 წლის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გავერთიანდით, მაშინ ყველას ერთი უმმნიშვნელოვანესი მიზანი გვქონდა – დაგვემარცხებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილი, რაც წარმატებით შესრულდა. ამის შემდეგ კოალიციის არსებობა მხოლოდ ეკლეკტურ შთაბეჭდილებას ტოვებდა – სუბიექტები მასში მხოლოდ პოზიციების შენარჩუნებასა და საკუთარი პარტიების განვითარებას ცდილობდნენ. რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკელთა ნაბიჯს, ვფიქრობ, რომ მათი გადაწყვეტილება, ქართული რეალობის გათვალისწინებით, ამომრჩეველთა დაბნევას გამოიწვევს. ჩემთვის, მაგალითად, გაუგებარია, ახლა ისინი ოპოზიციაში არიან თუ ხელისუფლებაში“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.
„როცა კოალიცია იქმნებოდა, ბიძინა ივანიშვილს პროდასავლური ძალებიც ჭირდებოდა, რადგანაც გაჩნდა ეჭვი, რომ იგი პრორუსულ პოლიტიკას გაატარებდა. ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კოალიციაში პროდასავლური პარტიებიც ყოფილიყვნენ. მაგრამ ეს პარტიები [„რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“] მას ნერვებს უშლიდნენ, რადგანაც ისინი ხაზს უსვამდნენ თავიანთ უპირატესობას და უკეთესობას კოალიციის სხვა წევრებთან შედარებით, რომ უფრო ინტელექტუალები და პროფესიონალები არიან“, – ამბობს გია ნოდია „ბი-ბი-სი“ კორესპონდენტთან საუბარში.
პოლიტოლოგის თქმით, სამომავლოდ შეიძლება ეჭვი გაჩნდეს, რომ „ქართული ოცნება“ პროდასავლური კურსის ერთგული აღარ იქნება: „ამიტომაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის განახლება გამოაცხადა. მას ისეთი პიროვნებები ჭირდება თავისი პარტიისათვის, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სახელით გამოვლენ და იმავდროულად დასავლელი პოლიტიკოსებიც მიერაც „თავიანთ კაცად“ იქნებიან აღქმულნი. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, მოძებნის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ასეთ ადამიანებს, რადგან დღეს „ქართული ოცნება“ საკმაოდ არაპოპულარული პარტიაა და ისეთი ხალხი, რომლებიც პროდასავლურ ფასეულობებს იზიარებენ, ამ პარტიაში შესვლას მაინცდამაინც არ ჩქარობენ“, – ამბობს გია ნოდია. იგი არ გამორიცხავს იმას, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში რუსული ძალაც გაჩნდება.
ამასთან, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქართულ შიდაპოლიტიკურ არენაზე მომხდარი ცვლილებები პოზიტიურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს და თუ რესპუბლიკელებს კოალიციის სხვა წევრებიც მიბაძავენ, ეს სასარგებლო იქნება საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებისათვის.
„თუ „ქართული ოცნების“ სხვა სუბიექტებიც გადაწყვეტენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას, ამით მოხდება ბუნებრივი შერჩევა, როცა ყველა პარტია საკუთარი პროგრამითა და დოქტრინით იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, აღარ იქნება ისეთი სიტუაცია, როცა ელექტორატში ნაკლებად პოპულარული პარტია სხვა უფრო გავლენიანი პარტიის მხრებზე შედის პარლამენტში“, – ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან ინტერვიუში. მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა დღეს უკვე ჩანს, რომ რეპუბლიკელების მიმართ საქართველოს მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილი ნეგატიურადაა განწყობილი. აღსანიშნავია, რომ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება გადადიოდა მთლიანად „ქართულ ოცნებაზეც“, რადგან რესპუბლიკელების კოალიციაში ყოფნა უცხო ელემენტის არსებობად აღიქმებოდა.
რესპუბლიკური პარტია ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგა – ის ან კომპრომისზე უნდა წასულიყო საკუთარი ფასეულობებთან მიმართებით და კოალიციაში დარჩენილიყო, ან თავისი იდეოლოგიის ერთგული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კოალიციაში მისი ადგილი აღარ იქნებოდა. „რესპუბლიკელებმა არჩევანი მეორის სასარგებლოდ გააკეთეს“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე. ანალიტიკოსის თქმით, რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების შემდეგ დასავლეთს შეიძლება „ქართული ოცნების“ მიმართ კითხვები გაუჩნდეს, თუმცა, როგორც იგი თვლის, ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლა ნაკლებად სავარაუდოა. „თვითგადარჩენის ინსტინქტი პარტიას ასეთ ნაბიჯს არ გადაადგმევინებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ განწირული იქნება“, – ასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgian-president-at-gw/3265125.html
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში არ ჩაერთვება
ნანა საჯაია
საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღდგენის 25-ე წლისთავზე, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების რამდენიმე ასეულ სტუდენტს ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის – ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში ხვდება, სადაც წლების წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა.
მარგველაშვილის პარალელურად ქალაქში 50-მდე ქვეყნის ლიდერია, ისინი პრეზიდენტ ობამას ბირთვული უსაფრთხოების ბოლო სამიტს ესწრებიან.
ბირთვულ უსაფრთხოებაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობამდე მარგველაშვილი საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე საუბრობს და მის საჯარო სიტყვას, რომელსაც რეგიონით დაინტერესებული სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებიან, რეფერენდუმის მნიშვნელობაზე საუბრით იწყებს: „ამ რეფერენდუმმა აჩვენა, რომ 3000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა მზად იყო გამხდარიყო საერთაშორისო ოჯახის დამოუკიდებელი წევრი… ეს დამოუკიდებლობა თავისუფლებაში უნდა გადაიზარდოს“.
ქვეყნის ორიენტაციაზე საუბრისას პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ იდენტობაზე გაამახვილა: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპის კავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაშია და მივილტვით ამისკენ. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის და პოლიტიკოსებისთვის რთული გზა იყო… ახლა ჩვენ შედარებით ფუნქციონირებადი დემოკრატია ვართ, ვართ დემოკრატია, სადაც მთავრობა არჩევნებით იცვლება“.
პრეზიდენტმა სტუდენტებს საქართველო დაუხასიათა, როგორც ქვეყანა, რომელმაც ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ქვეყანა, რომელსაც ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ჯარი ჰყავს, სადაც კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ბიზნესის კეთება ადვილია.
ქვეყნის ნომერ პირველ გამოწვევად კი ოკუპაცია დაასახელა: „ჩემი ქვეყანა ძალიან ძლიერი მეზობლის მიერაა ოკუპირებული. ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის რეგულარულ დანაყოფებს აქვთ ოკუპირებული, მოსახლეობის 15 პროცენტი საკუთარ ქვეყანაში დევნილობაშია, მათ ჩამორთმეული აქვთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები – როგორიცაა საკუთარ სახლებში დაბრუნება.“
გიორგი მარგველაშვილისთვის ვაშინგტონში ეს მეორე ოფიციალური ვიზიტია პრეზიდენტის დარგში. გასული წლის შემოდგომაზე ის კონგრესის წარმომადგენლებს, რეგიონის მკვლევარებს და საქართველოს გულშემატკივრებს შეხვდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების უფრო ინტენსიურ თანამშრომლობაში ჩართვაა. „რათა ვაჩვენოთ ნატოს, ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საერთო ღირებულებები გვაქვს, არამედ თანამედროვე სამყაროს წინაშე მდგარი გამოწვევების გადალახვა საქართველოს მსგავსი ქვეყნების ჩართვის გარეშე ვერ გადაწყდება, იმ ქვეყნების გარეშე, რომლებმაც დასავლური არჩევანი გააკეთეს“.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მმართველი კოალიცია დაიშალა. ჩვენს კითხვაზე უნდა ველოდეთ თუ არა ყოფილი კოალიციელების ახალ პოლიტიკურ დაჯგუფებას მისი მონაწილეობით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში არ ჩაერთვება, რადგან მას „თავისუფალი, დემოკრატიული კონსტიტუციური პროცესის ერთ-ერთი მთავარი გარანტორის როლი აქვს“. „როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პარტია „ქართული ოცნება დამოუკიდებლად იყრის კენჭს, ეს ნიშნავს, რომ კოალიცია ყველა წევრმა დატოვა. ეს პოლიტიკური გარემოს საინტერესო განვითარებაა… თუ წარსულში პოლიტიკური სცენაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთის დემონიზებას ცდილობდა, ახლა ბევრად უფრო მდიდარი პოლიტიკური გარემო გვაქვს, რადგან ერთდროულად რამდენიმე პარტია გვყავს და ამომრჩეველს უეცრად არჩევანი არა თეთრსა და შავს შორის, არამედ ბევრად უფრო ფერად პალიტრაში უხდება“.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის არაპარტიულ აქტორად დარჩება, რომელიც მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობაში დარწმუნებას და „თავისუფალი-დემოკრატიული საარჩევნო პროცესის“ უზრუნველყოფას ეცდება.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgias-former-first-lady/3263513.html
სანდრა რულოვსი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
ნანა საჯაია
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი – სანდრა რულოვსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა. ყოფილი პირველი ლედი საპარლამენტო მარათონით დაინტერესებული არ არის და ამბობს, რომ პოლიტიკა “მძიმე საქმეა”, რომელიც მას, ამ ეტაპზე, არ აინტერესებს: „არ ვაპირებ ნამდვილად, ამ ეტაპზე. იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტები მაქვს ამჟამად. ჯანდაცვის სფეროში განათლება მივიღე, დიდი გამოცდილებაც მივიღე. მინდა რომ ჯანდაცვის სფეროს ბევრ დეფიციტურ პრობლემაზე ვიმუშაო საქართველოში. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც არა აქვს ხელმისაწვდომობა, ვინც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯგუფს ეკუთვნის და ვისაც არა აქვს მკურნალობის ან რეაბილიტაციის საშუალება საქართველოში“.
სანდრა რულოვსს ასევე ვკითხეთ ქალთა კვოტირების შესახებ, იზიარებს თუ არა მისი მეუღლის, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, სადაც ის ყოფილ თანაგუნდელებს საპარლამენტო სიის ნახევრის ქალებისთვის დათმობას სთავაზობს: „ამას ნამდვილად მივესალმები და რომ არა მარტო ქალები, მე მგონი, ასევე უნდა იყოს ახალგაზრდები უფრო მეტი და ახალი პიროვნებები, უმცირესობების ჯგუფებიდანაც და, რა თქმა უნდა, ბევრი ქალი. ქალს მოაქვს სიმშვიდე, მოაქვს სხვანაირი მუხტი პარლამენტში, ახლა ძალიან ცოტა ქალია პარლამენტში, მაგრამ მე ნამდვილად არ შევდივარ.“
ყოფილი პირველი ლედი ვაშინგტონში გამართულ უკრაინის ფორუმში მონაწილეობდა, სადაც მან კონფლიქტის შემდგომ ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებაზე და ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე ისაუბრა.
«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 01 აპრილი, 2016 წელი
http://www.ft.com/intl/cms/s/0/e98e6242-ead9-11e5-bb79-2303682345c8.html
ქართული კინოს აღორძინება
სტატიაში გადმოცემულია ქართული კინოხელოვნების ისტორიის ამსახველი ფაქტები და მისი თანამედროვე მდგომარეობა (ავტორი – მაია ჯაგი).
„როცა რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი „გასეირნება ყარაბაღში“ პირველად აჩვენეს 2005 წელს, ახალგაზრდები ამ ფაქტს მხურვალედ მიესალმნენ: „მე შეცბუნებული ვიყავი. ისე გამოდიოდა, რომ თითქოსდა ასწლოვანი ქართული კინო არ არსებობდა. არადა, კრიტიკოსები თვლიან, რომ საბჭოური პერიოდის ქართული ფილმები საუკეთესო იყო“, – ამბობს ლევან თთბერიძე ინტერვიუში. მაგრამ როცა საბჭოთა კავშირი 25 წლის წინ დაიშალა, საქართველოს კინოინდუსტრია საშინელ დღეში აღმოჩნდა: პურის გრძელმა რიგებმა („კინოთეატრებშიც კი პური და პელმენი იყიდებოდაო“, – ამბობს ლევანი), ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტმა მოსახლეობას დროებით დაავიწყა ქართული კინემატოგრაფის მემკვიდრეობა“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში კინოხელოვნება ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჩაისახა. 1904 წელს თბილისში პირველი კინოთატრი გაიხსნა, ხოლო 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი გადაიღო პოეტ აკაკი წერეთლის რაჭაში მოგზაურობის შესახებ. სტატიაში მიმოხილულია ქართველი რეჟისორების მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის), თენგიზ აბულაძის, ნანა ჯანელიძის, ოთარ იოსელიანის შემოქმედება, რაც გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული – მათი ფილმების თემატიკის გათვალისწინებით (ცნობილია, რომ ქართული ფილმები რეალობის მწვავედ და კრიტიკული ასახვითაც გამოირჩეოდა).
ქართული კინოს ისტორიის მძიმე 1990-იანი წლების შემდეგ სიტუაციის გარკვეული გაუმჯებესება დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნულ კინოცენტრს თანხები გამოუყო, რის შედეგად შესაძლებელი გახდა რუსეთის ფონდებში არსებული ქართული ფილმების დაბრუნება და ახლების გადაღება. თუმცა, როგორც კინოცენტრის დირექტორი, რეჟისორი ნანა ჯანელიძე ამბობს, 2,5 მილიონი ევროს ბიუჯეტი ევროპული სტანდარტებით, „მხოლოდ ერთი მცირეხარჯიანი ფილმის გადაღებას თუ ეყოფა“.
ლევან თუთბერიძემ თავისი მოღვაწეობა საბჭოთა ეპოქაში დაიწყო, მაგრამ მან თავის შემოქმედებითი წარმატებებს მოგვიანებით, – 2005 წელს მწერალ აკა მორჩილაძის ნაწარმოების მიხედვით ფილმი „გასეირნება ყარაბაღში“ გადაიღო (სტატიაში მოცემულია ფილმის შინაარსი და მის გადაღებასთან დაკავშირებული ფაქტები, გამოხმაურებები).
პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია რეჟისორის ბოლო ნამუშევარზე – განხილულია დრამატული ფილმი „მოირა“, რომელიც 2015 წელს საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურ ფოთშია გადაღებული (სიუჟეტი: ფილმი ჩვეულებრივ ქართულ ოჯახზე მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა კი ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. მამუკას უმუშევარ ძმას კავშირი ადგილობრივ დამნაშავეებთან აქვს. ახალგაზრდა ბიჭი ნასესხები ფულით ყიდულობს გემს, რომელსაც სახელად ბედისწერის ქალღმერთის სახელი – მოირა“ დაარქვა. მისი ბედი მარტალაც შეუბრალებელი აღმოჩნდება). „მოირამ“ სან-სებასტიანის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
სტატიაში საუბარია აგრეთვე ლევან თუთბერიძის კიდევ ერთ ფილმზე – „ცხრა მთას იქით“, რომელმაც თეირანის (ირანი) კინოფესტივალზე პრიზი „ოქროს ჟასმინის“ მიიღო (სიუჟეტი: ინგლისელი ფოტოგრაფი ემა საქართველოში ჩამოდის ფოლკლორულ ექსპედიციაში და მოულოდნელად მთებში თავის სიყვარულს – მთიელ კოპალას შეხვდება. სასიყვარულო განცდებთან ერთად, ემას მოუწევს შეეჩეხოს ამ თვითმყოფადი მხარის ძველებურ, მკაცრ ტრადიციებს). საერთოდ, როგორც ლევან თუთბერიძე ამბობს სტატიის ავტორთან საუბარში, „სპარსული ხელოვნება საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. საბჭოთა პერიოდში ირანთან ურთიერთობა შეზღუდული იყო, დღეს კი თავისუფალია. ღია კარიც აღორძინების გასაღებს წარმოადგენს“.