«Առավոտ» (სომხეთი): „თურქეთთან და სომხეთთან მიმართებით საქართველო ორ ცეცხლსშუა მდგომარეობაში იმყოფება“ (ინტერვიუ)
«Voskanapat» (სომხეთი): დავითის ცოლი მინისტრად დანიშნეს
———————-
«Առավոտ» (სომხეთი), 1 მაისი, 2015 წელი
http://www.aravot.am/2015/04/30/566286/
„თურქეთთან და სომხეთთან მიმართებით საქართველო ორ ცეცხლსშუა მდგომარეობაში იმყოფება“ (ინტერვიუ)
სომხურმა გაზეთმა «Առավոտ»-მა („არავოტ“ – ქართ. „დილა“) გამოქვეყნებულია სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვნული საქართველოს“ ლიდერის არნოლდ სტეპანიანის ინტერვიუ, რომელშიც იგი ჟურნალისტ ემა გაბრიელიანთან საუბრობს სომეხთა გენოციდისა და თურქეთში გალიპოლის ბრძოლის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამართული ღონისძიებების შესახებ (საქართველოს დელეგაცია ჩასული იყო ერევანშიც და სტამბოლშიც). იგი ეხება საქართველო-სომხეთის ურთიერთობების პერპექტივებსაც და თავის აზრს გამოხატავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
ა) სომეხთა გენოციდი და საქართველო
„დიაც, საქართველო და სომხეთი ქრისტიანული ქვეყნებია, საქართველო სომხეთის მეგობარი ქვეყანაა, ქართველებისა და სომხების ურთიერთობებზე ძალიან ბევრი კეთილი სიტყვა შეიძლება ითქვას, მაგრამ იგივე სიტყვები შეიძლება ითქვას საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ქრისტიანული ქვეყანა არ არის. თბილის-ანკარის ურთიერთობა სტრატეგიული დონისაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო თურქეთზე ეკონომიკურად არის დამოკიდებული, მათ სამხედრო სფეროშიც აქტიური ურთიერთობა აქვთ… მოკლედ, ბევრი ფაქტორი ახდენს გავალენას.სწორედ ამიტომაც წავიდა საქართველოს დელეგაცია სტამბოლში გალიპოლის ბრძოლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, თავდაცვის მინისტრისა და პარლამენტის თავდაცვა-უშიშროების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მონაწილეობით, ერევანში კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ჩავიდა. ეს, რასაკვირველია, უფრო მაღალი დონეა, ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარე.
საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ სომხეტს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა, თუ ფიქრობდა, რომ ერევანში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდოდა. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ სწორედ იმ დღეებში თბილისში ვიზიტით იყო ჩამოსული ბელორასუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო… თუმცა ლუკაშენკო რომც არ ყოფილიყო თბილისში, საქართველოს პრეზიდენტი ერევანში მაინც არ ჩამოვიდოდა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს თურქეთთან უფრო მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე სომხეთთან. ამ ყველაფერს პრაგმატული საფუძველი აქვს აქვს.
რაც შეეხება გენოციდის აღიარებას: საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ თურქებმა სომხების გენოციდი განახორცილეს. ეს გაგონილი ან ლიტერატურიდან ცნობილი კი არ არის, არამედ ფაქტები მეტყველებენ: საქართველომ ხომ თურქეთიდან იმ პერიოდში უამრავი სომეხი ლტოლვილი შეიფარა. მათი შთამომავლები ახლაც საქართველოში ცხოვრობენ. ის, რომ საქართველო გენოციდს იურიდიულად არ აღიარებს, ამის ერთ-ერთ მიზეზზე ზემოთ უკვე ვთქვი – თურქეთთან დამოკიდებულება. მეორე მიზეზი ისაა, რომ საქართველოში ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიც სომეხთა ნაბიჯებს ძალიან მტკივნეულად აღიქვამს… ამრიგად, საქართველო ორ ცეცხლსშუა მდგომარეობაშია. თეორიულად, ამის ნიადაგზე არის სომხებ-აზერბაიჯანელების შეტაკების საფრთხეც, რასაც, მადლობა ღმერთს, თავიდან ვიცილებთ. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებისადმი საყვედურების თქმა, რატომ არ იყო პრეზიდენტი ან პრემიერი ერევანშიო, უსაფუძვლო და ზედმეტია“.
ბ) საქართველო-სომხეთის ურთიერთობის შუქ-ჩრდილები
„მართალია, საქართველო-სომხეთის ურთიერთობა წინ მცირე ნაბიჯებით მიდის, მაგრამ თანდათან უფრო ინტენსიური ხდება. შესაძლოა, სხვა ქვეყნებს უფრო აქტიური კავშირები აქვთ საქართველოსთან, ვიდრე სომხეთს, მაგრამ დღეს ერევნის ურთიერთობა თბილისტან სრულიად განსხვავდება ადრინდელისგან: თუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ურთიერთობა პოლიტიკურ ელიტებს შორის მიმდინარეობდა, ახლა თანამშრომლობამ ინსტიტუციონალური ხასიათი მიიღო. ადრე ეკონომიკური კავშირები თითქმის ჩამკვდარი იყო, ახლა კი უფრო მაღალი დონისაა, თუმცა, რასაკვირველია, საერთო ეკონომიკური კრიზისი თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს“.
გ) მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების პერსპექტივა
„საქართველოს საზოგადოებუის ნაწილს მიაჩნია, რომ ექს-პრეზიდენტის დაბრუნება შესაძლებელია, სხვა ნაწილი კი თვლის, რომ დაბრუნება გამორიცხულია… პირადად მე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, თუმცა აქ რამდენიმე მომენტს უნდა მივაქციოთ ყურადღება: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წარმატებას მიაღწევს ქართველ „ნაციონალთა“ გუნდი უკრაინაში. თუ ისინი დადებით შედეგებს მიაღწევენ, მაშინ მათი მუშაობის შედეგებს არა მარტო უკრაინა და საქართველო ნახავს, არამედ მთელი მსოფლიო. სხვათა შორის, საქართველოში ერთ-ერეთი ლიდერი ტელეკომპანია „ნაციონალების“ სასარგებლოდ ატიურ პროპაგანდას ეწევა. და თუ უკრაინაში რეფორმები წარმატებით განხორციელდება, საქართველოში ეს მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიღწევად იქნება აღქმული. მთავარია, რომ საქართველოში რეგრესი არ მოხდეს, თორემ მოსახლეობას „ნაციონალებისადმი“ შეიძლება ნოსტალგია გაუჩნდეს… მართალია, დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგი ისეთი მაღალი აღარ არის, როგორიც წინა წლებში იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილს მხარდამჭერები ემატება. ანუ ეს ის ელექტორატი არ არის, რომელიც არჩევნების დროს „ნაციონალებს“ მხარს დაუჭერს“.
«Voskanapat» (სომხეთი), 02 მაისი, 2015 წელი
http://voskanapat.info/?p=11231
დავითის ცოლი მინისტრად დანიშნეს
დავითი – ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა, თინათინ ხიდაშელი კი – მისი ცოლი. თინათინი პირველი ქალბატონია საქართველოს ისტორიაში, რომელიც თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობს, ანუ თინათინ ხიდაშელმა, დავით უსუფაშვილი ცოლმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა. თუმცა ამ ინფორმაციას შეიძლება სხვაგვარი ინტერპრეტირებაც მიეცეს: თავდაცვის მინისტრის ქმარი მუშაობს საქართველოს პარლამენტის სპიკერად.
საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკური პარტიის აქტივისტად ითვლება. თავის დროზე თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი შექმნა, იგი იყო საქართველოში ცნობილი ორგანიზაციის – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი აქტიური დამაარსებელი. ასევე ცნობილია, რომ თინათინის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის პერიოდში დასავლეთის ქვეყნებისაგან მიღებული გრანტებით იყო უზრუნველყოფილი. ამით აიხსნება ის, რომ თინა ხიდაშელი, ქმართან – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მედასავლეთე პოლიტიკოსად ითვლება.