globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Irish Times» (ირლანდია): მიხეილ სააკაშვილი – უცხოელ რეფორმატორთა ლიდერი უკრაინაში

«Stratfor» (აშშ): როცა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში გუბერნატორი გახდა…

«Diario de Noticias» (პორტუგალია): მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით უკრაინა რუსეთს  აღიზიანებს

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ძველებურად ცხოვრება აღარ გამოვა… მე თუ ქართულ პასპორტს დავიტოვებდი, განწირული ვიქნებოდი საქართველოში დასაპატიმ-რებლად“

«РИА Новости» (რუსეთი): „მიშკა, შენ ოდესელი ხარ“: როგორც ჩანს, ოდესას ბოლო მოეღება

«Независимая газета» (რუსეთი): ორი ოსეთის გაერთიანება გაურკვეველი ვადით გადაიდო

———————-

«The Irish Times» (ირლანდია), 2 ივნისი, 2015 წელი

http://www.irishtimes.com/news/world/europe/mikheil-saakashvili-leads-foreign-reformers-in-ukraine-1.2233651

მიხეილ სააკაშვილი – უცხოელ რეფორმატორთა ლიდერი უკრაინაში

ირლანდიის გაზეთ „აირიშ თაიმს“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის ფაქტი, მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის დეტალები, განსაკუთრებით ხაზგასმულია იმ რთული პრობლემების არსებობა, რომელიც მას ოდესაში ელოდება. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე „ნაციონალური“ ხელისუფლების ქართველი ჩინოვნიკების საქმიანიბაზე უკრაინის ხელისუფლებაში (ავტორი დენ მაქლოგლინი).

„ოდესელები, უკრაინის „თავისუფალი ნავსადგურის“ მცხოვრებლები, რომლებიც საკმაოდ „მარილიანი“ იუმორითა არიან ცნობილნი, ოლქის ახალ გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას მხიარულად შეხვდნენ: ერთნი, როცა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი მოსახლეობას წარუდგინა, მას შემოეხვივნენ, სამახსოვრო ფოტოების გადაღება დაიწყეს, ულოცავდნენ… სხვებმა კი ქართველ ექს-პრეზიდენტს ჰალსტუხები მოაუმზადეს და ამით ის გაახსენეს, თუ როგორ „გამოიჭირა“ „ბი-ბი-სი“-ს ტელეკამერამ იგი იმ დროს, როცა ნერვიულად ჰალსტუხს ღეჭავდა, რუსეთთან ომის დღეებში.

როგორც ჩანს, მუდამ მოუსვენარი მიხეილ სააკაშვილისათვის წარსული ყოველთვის იქნება გარკვეული როლის შემსრულებელი – როგორც დიდი ძალა და როგორც აქილევსის ქუსლი. საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში (2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ) იგი აქტიურად ევრძოდა კორუფციას და ბიუროკრატიას, მან რეფორმები განახორციელა და საქართველოს ეკონომიკა ინვესტიციებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გახადა. თუმცა, 2013 წლის შემდეგ, როცა მას პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, მიხეილ სააკაშვილი ქართველების დიდი ნაწილში უკვე სიძულვილს იწვევდა, მისი პარტია ხელისუფლებაში აღარ აირჩიეს, რადგან მიუტევებელი შეცდომები იქნა დაშვებული.

ოდესაში, რომელიც უკრაინის უმთავრესი ნავსადგურია და რომელიც ერთი მხრივ, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონს – დნესტრისპირეთს ესაზღვრება (სადაც რუსეთის ჯარია დისლოცირებული), მეორე მხრივ კი – რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს,  მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგება: ორგანიზებული დამნაშავეობა, კონტრაბანდა, ძლიერი რუსული გავლენა… ძალიან ბევრია დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილმა წარმატებას ვერ მიაღწიოს, განსაკუთრებით მოსკოვი, რომელიც მას 2008 წლის ომის ინიციატორად მიიჩნევს და ოფიციალური თბილისი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, – აღნიშნულია სტატიაში.

„თუ მიხეილ სააკაშვილი წარმატებას მიაღწევს, მაშინ ეს მისი პოლიტიკური რენესანსი იქნება. ამ შემთხვევაში ოდესას ძველი დიდება დაუბრუნდება. მიხეილ სააკაშვილის წარმატება სასარგებლო იქნება მისი გუნდის წევრებისთვისაც, რომელიც დღეს უკრაინის მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობენ“, – წერს ავტორი და იქვე მოჰყავს საუბრის ჩანაწერი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძესთან, რომლებიც უკრაინაში რეფორმებს ახორციელებენ.

სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე უკრაინის მთავრობაში დასაქმებული სხვა უცხოელების რეფორმატორული საქმიანობაც.

«Stratfor» (აშშ), 1 ივნისი, 2015 წელი

https://www.stratfor.com/geopolitical-diary/when-ex-president-georgia-became-governor-ukraine

როცა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში გუბერნატორი გახდა.

აშშ-ის ანალიტიკურმა კომპანიამ გამოაქვეყნა კომენტარები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ამონარიდს:

პეტრო პოროშენკოს მიერ ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ბევრი მოტივით აიხსნება: შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარე ქალაქი უკრაინის მთავარი ნავსადგურია, აქ არიან პრორუსები და პროუკრაინელებიც, მათ შორის მწვავე და სისხლიანი შეტაკებებიც მომხდარა, იშვიათი არაა ტერორისტული აქტებიც… მოსახლეობის ნაწილი კიევის ხელისუფლებას სკეპტიციზმით უყურებს. ოლქის გუბერნატორობაზე თანხმობით მიხეილ სააკაშვილმა ვალდებულება აიღო, რომ ოდესა და „ნოვოროსია“ (ანუ „ახალი რუსეთი“, რომელიც მოიცავს ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის ოლქებს და დონბასს) უკრაინის შემადგენლობაში დარჩება და დასავლეთთან იქნება ინტეგრირებული.

მიხეილ სააკაშვილისადმი პეტრო პოროშენკოს დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, ქართველი ექს-პრეზიდენტის დანიშვნას ოდესის ოლქის გუბერნატორად ბევრი საკამათოდ მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილი, როცა იგი საქართველოს მეთაური იყო, რუსეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგედ და თავისი ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში, უპირატესად კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მომხრედ გამოდიოდა. მისი პოზიცია იყო სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ძირითადი ფაქტორი.

რუსეთი მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი არაკეთილმსურველი არ არის. მის მშობლიურ საქართველოს ხელისუფლებასაც იგივე პოზიცია აქვს: ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული სხვადასხვა ბრალდებებით. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილი, დაკითხვა-დაპატიმრებისთვის რომ თავი აერიდებინა, ერთი წლის განმავლობაში უცხოეთში, უმეტესად კი შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა.

ალბათ, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უფრო სიმბოლურია, ვიდრე პრაქტიკული სარგებლობის მომტანი. კი, პოროშენკო და დასავლელი ჩინოვნიკები ქართველ ექს-პრეზიდენტს აქებენ, მაგრამ ერთი მომენტია საყურადღებო: ის ქართული გარემო, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი რეფორმებს ახორციელებდა, უკრაინული გარემოსაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, მას ძლიერი უფლებამოსილება და ხალხის მანდატი გააჩნდა, უკრაინაში კი, განსაკუთრებით ოდესაში, საზოგადოება გახლეჩილია და ურთიერთდაპირისპირებული. გარდა ამისა, ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი რეფორმების უმეტესობის დაწყება-გატარება რუსეთთან კონფლიქტამდე მოასწრო, ოდესის გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას კი მის საქმიანობაზე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ძლიერ [უარყოფით] გავლენას მოახდენს.

პეტრო პოროშენკოს ეს სირთულები ძალიან კარგად ესმის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის მთავარი მიზანი ისაა, რომ ამით დასავლეთს მესიჯი გაუგზავნა: უკრაინა დასავლური ინტეგრაციის კურსის ერთგულია და რუსეთს არ დაემორჩილება. სააკაშვილიც ხომ სწორედ პროდასავლური და ანტირუსული განწყობების სიმბოლოა. ასე რომ, შედარებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად წარმატებულად განახორციელებს რეფორმებს იგი ოდესაში – აქ უფრო მთავარი მისი დანიშვნიას ფაქტია უკრაინა-რუსეთ-დასავლეთის მოლაპარაკების ფონზე. როგორც ჩანს, მიუხედავად მოლაპარაკებისა, კიევსა და მოსკოვს შორის არსებული უნდობლობა და კონფრონტაცია გაგრძელდება.

«Diario de Noticias» (პორტუგალია), 2 ივნისი, 2015 წელი

http://inosmi.ru/sngbaltia/20150602/228354360.html

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით უკრაინა რუსეთს  აღიზიანებს

პორტუგალიურ გაზეთ „დიარიუ დე ნოტისიაშ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაშუქებულია ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ფაქტი, საუბარია საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის ურთიერთობაზე, უკრაინის ცნობილ მოვლენებში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობაზე (ავტორი – ლეონიდუ ფერეირა).

„მიხეილ სააკაშვილი ცნობილია რუსული ექსპანსიონიზმის წინააღმდეგ მიმართული თავისი განცხადებებით. მას დასავლურ გაზეთებში სიამოვნებით უთმობენ ადგილს და ისიც ამით სარგებლობს: მუდმივად ნეგატიურ შეფასებას აძლევს რუსეთის პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ (საქართველოს რეგიონები, რომლებიც რუსეთის მიერაა დაკავებული და იქ რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ და ნიკარაგუამ აღიარა) და ასევე მუდმივად მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, უკრაინისთვის სამაგალითო შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევა საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების საკითხშიც.

პოროშენკო-სააკაშვილის ალიანსი იმდენად ღრმა და მტკიცე გამოდგა, რომ უკრაინამ უარი განუცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტის გადაცემაზე. მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული, 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულობების გამო, თუმცა თვით მიხეილ სააკაშვილი ამ ბრალდებებს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. არადა, თავის დროზე სწორედ მიხეილ სააკაშვილმა ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა თავის მოწინააღმდეგეს, რათა მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.

ოდესა, რომელიც ცნობილმა რეჟისორმა სერგეი ეიზენშტეინმა „ჯავშნოსან პოტიომკინში განადიდა, შორს არის საბრძოლო მოქმედებების ზონისაგან, მაგრამ იქ ბევრი რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ევრომაიდნის პერიოდში ოდესაში შეტაკებებიც ხდებოდა, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რეგიონს ფართო ტურისტული პერსპექტივები აქვს. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ოლქის ეკონომიკას ახალ სულს შთაბერავს, მან უკვე ტვიტერში ჩაწერა, რომ „ოდესა უყვარს“. პოლიგლოტი მიხეილ სააკაშვილი ოდესელებს თავისი ახალი სამშობლოს ენაზე ელაპარაკება, რაც, უეჭველია, მისიის შესრულებას გაუადვილებს.

რუსეთს ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია მიხეილ სააკაშვილის ახალი თანამდებობა და მას პროვოკაციად მიიჩნევს. ბუნებრივია, კრემლი გაღიზიანებულია. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში სამხედრო მოქმედებები დროებით შეჩერებულია, მაგრამ პროვოკაციები გრძელდება. პეტრო პოროშენკო მშვენივრად აცნობიერებს, რასაც აკეთებს“, – ნათქვამია სტატიაშია.

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 1 ივნისი, 2015 წელი

http://www.bbc.co.uk/russian/international/2015/06/150601_saakashvili_interview

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ძველებურად ცხოვრება აღარ გამოვა… მე თუ ქართულ პასპორტს დავიტოვებდი, განწირული ვიქნებოდი საქართველოში დასაპატიმრებლად“

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, პირველ ივნისს ინტერვიუ მისცა „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტს დევიდ სტერნს.

გთავაზობთ ამონარიდს:

შეკითხვა: თქვენ ადრე უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტი შემოგთავაზეს, მაგრამ უარი თქვით და განაცხადეთ, რომ საქართველოს მოქალაქედ დარჩენა გსურდათ. ახლა თქვენ გუბერნატორობას დათანხმდით, რაც საქართველოს მოქალაქეობის უარყოფასაც ნიშნავს. რა შეიცვალა ამ ბოლო თვეების განმავლობაში?

მიხეილ სააკაშვილი: ჯერ ერთი, რომ საქართველოს მთავრობამ, მე მხედველობაში მყავს ამჟამინდელი მთავრობა, ისეთი ბრალდებები წამიყენა, რომლებიც მთელ მსოფლიოს სასაცილოდ ეჩვენება… თუმცა სრულიად რეალურია, რომ მე თუ ქართულ პასპორტს დავიტოვებდი, განწირული ვიქნებოდი საქართველოში დასაპატიმრებლად. გასაგებია, რომ ეს დროებითი სიტუაციაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ჩემთვის მკაცრ რეალობას წარმოადგენს. მე იძულებული ვარ საქართველოს ფარგლებს გარეტ ვიცხოვრო ბრალდებულის სტატუსის გამო. მეორე მომენტი ისაა, რომ ოდესა საქართველოსთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

თუ ოდესმე ოდესა, ღმერთმა დაიფაროს და [რუსეთთან ჭიდილში] დაეცემა, მაშინ საქართველოც წაიშლება რუკაზე – აი, რა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ეს აშკარაა, თუ რეგიონის გეოპოლიტიკას შევხედავთ. ასე რომ, მე მხედველობაში მქონდა საქართველოს ინტერესების დაცვაც, როცა გუბერნატორობაზე დავთანხმდი. აქ ნამდვილი ფრონტის ხაზი გადის როგორც პუტინთან, ასევე კორუფციასთან ბრძოლაში. აქ ახალი სტანდარტები უნდა შევქმნათ რეგიონისა და მთელი უკრაინისათვის.

შეკითხვა: რუსეთთან მიმართებით რას იტყოდით?

მიხეილ სააკაშვილი: ოდესა – რუსული მენტალიტეტის ნაწილია. ეს მათი მემკვიდრეობაა, რაც რუსული სულის გაგებაში გვეხმარება. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ოდესაში წარმატებას მივაღწევთ და ამ მიმართულებით წავალთ, ეს რუსეთის სინამდვილეზე უდიდეს გავლენას მოახდენს. ჩემი აზრით, სწორედ ესაა იმის პრინციპული მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს დიმიტრი მედვედევს ასეთი ისტერიული რეაგირება ჩემს დანიშვანაზე, თუ რატომ დაიწყო რუსულმა მასმედიამ შეტევა ჩემს წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ მათ კარგად ესმით, თუ რა დევს სასწორზე. საქმე ეხება არა იმდენად ჩემს პიროვნებას. საქმე ეხება რეგიონის შანსს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არა მხოლოდ რუსი სამხედროებისათვის ან ექსპანსიონისტური ინტერესებისათვის, არამედ საკუთარი შინაგანი მენტალიტეტისთვისაც“.

«РИА Новости» (რუსეთი), 1 ივნისი, 2015 წელი

http://ria.ru/radio_brief/20150601/1067564053.html

„მიშკა, შენ ოდესელი ხარ“: როგორც ჩანს, ოდესას ბოლო მოეღება

ოლღა ნერესტი

მას ახლა არაფრის ეშინია – „არც დარდი აწუხებს და არც უბედურება“, როგორც ლეონიდ უტესოვი მღერის ცნობილ „ოჰ, ოდესა, ზღვისპირა მარგალიტო“-ში. სხვათაშორის, ოდესაში ლეონიდ უტესოვის სიმღერები უკვე აკრძალეს. რატომ? იმიტომ, რომ რუსი მომღერალია. მარკ ბერნესის მოსმენა, რომელიც უკრაინაში დაიბადა, ჩერნიგოვში, ჯერ კიდევ შეიძლება – გუბერნატორს მოსწონს. ოდესის ოლქის ახლადგამომცხვარმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქში“ ჩაწერა, რომ ოდესა უყვარს და ამის დამადასტურებლად სიმღერა „შალანდა სავსეა კეფალით“ გააზიარა. როგორც ჩანს, ძალიან იყო გახარებული: სულ ახლახან განიხილებოდა საკითხი, თუ როგორ ყიდდნენ [კორუმპირებული უკრაინელი ჩონოვნიკები] პასპორტებს… უკვე ცნობილია, ვინ იყიდა…

მიხეილ სააკაშვილი ჯერ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მუშაობდა, ორიოდე დღის წინ კი იმ მიზნით, რომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაენიშნათ, წინა გუბერნატორი იგორ პალიცა გააგდეს – პეტრო პოროშენკოსთან წაჩხუბებულ მილიარდერ იგორ კოლომოისკის კაციაო. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაში დიდი როლი შეასრულა მისმა საბრძოლო დამსახურებებმა: ექს-პრეზიდენტი ყოველთვის უარს აცხადებდა საქართველოში მცხორვები ეროვნულ უმცირესობებთან მოლაპარაკებაზე და ქვეყანა ომამდე მიიყვანა, შემდეგ კი სამ ნაწილად დაჰყო.აი, ასეთი ადამიანია ახლა უკრაინის მშველელი და ოდესის გუბერნატორი.

უკრაინელი რადიკალების მცდელობის მიუხედავად, ოდესა – დაარსებული ჯერ კიდევ ეკატერინე მეორის მმართველობის დროს, რუსული სულითაა გაჟღენთილი, რაზედაც მიხეილ სააკაშვილს ალერგია აქვს. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ოდესიდან იგი კიევში გადავა, მაგრამ უფრო მაღალ თანამდებობაზე უკრაინის მთავრობაში… მას ასეთი ჩვევა აქვს – ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდება. საქართველოდან ხომ იგი მანამ გამოიქცა, სანამ პრეზიდენტობის ვადა ბოლო დღემდე არ ამოეწურებოდა… აშკარაა, რომ იგი თავის ტრადიციას არც უკრაინაში უღალატებს. ტყუილად კი არ აუკრძალეს პროვოკაციების ოსტატ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლა 2013 წელს… დრონი იცვალენ, მაგრამ სააკაშვილის გეგმები უცვლელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაში „კიევური დემოკრატიის ღრმა სიმბოლიზმს“ ხედავენ: დამნაშავე, რომელმაც საკუთარი ხალხი გაწირა, ოდესის გუბერნატორი გახდა, სადაც ნეონაცისტები დაუსჯელად წვავდნენ ადამიანებს.

«Независимая газета» (რუსეთი), 2 ივნისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/politics/2015-06-02/2_osetia.html

ორი ოსეთის გაერთიანება გაურკვეველი ვადით გადაიდო

„ორშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინისა და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა გაიმარტა. წინა დღეებში გავრცელებული ხმების მიუხედავად, რომ თითქოსდა ორი ოსეთის გაერთიანების საკითხი უნდა განხილულიყო, შეხვედრაზე ამ თემის ირგვლივ საერთოდ არ უსაუბრიათ“, – ნათქვამია „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

როგორც პოლიტოლოგი ალექსანდრე მარტინოვი ამბობს, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ამ ეტაპზე საჭირო არ არის. მთავარია, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზა არსებობს, რაც რესპუბლიკას უსაფრთხოდ და სტაბილური განვითარების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, რაც სამხრეთ ოსეთს ყველაზე მეტად სჭირდება, ესაა ხელებდაკაპიწებული მუშაობა და არა დემაგოგიური განცხადებები რაღაც გაერთიანების შესახებ. რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოველთვის დაეხმარება და თუ თვითონაც კარგად იმუშავებენ, რესპუბლიკა განვითარდება“.

„დღეს სამხრეთ ოსეთის მთავარი პრობლემა მოსახლეობის მცირერიცხოვნობაა, ეფექტური ეკონომიკის საწარმოებლად კი მინიმუმ 150-ათასიანი მოსახლეობის არსებობაა აუცილებელი. ამჟამად სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 50 ათასიც კი არ არის. ამიტომაც რესპუბლიკის ხელისუფლებისათვის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ინფრასტრუქტურის შექმნა კუდარელი ოსების დასაბრუნებლად თავიანთ საგვარეულო მიწებზე“, – ამბობს ალექსანდრე მარტინოვი.

პუტინმა და თიბილოვმა განიხილეს დამატებითი შეთანხმებები, რომლებიც იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომელსაც ხელი ჯერ კიდევ 18 მარტს მოეწერა და სახელმწიფო სათათბიროში სარატიფიკაციოდაა შეტანილი. ეს ეხება საერთო სამხედრო სივრცის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, საბაჟოების გაერთიანებას და ასე შემდეგ.

როგორც ალექსანდრე მარტინოვი ამბობს, დღევანდელი ორმხრივი კავშირების ფონზე ორი ოსეთის გაერთიანების ჰიპოთეტური იდეები უსარგებლოა, თუმცა ზოგიერთი ოსი პოლიტიკოსი ამ საკითხზე კარიერას იკეთებს. ამასთან, პოლიტოლოგმა არ გამორიცხა, რომ მომავლაში შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ ორი ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს: „თუმცა კავკასიის ქედი არც ახლა არ უშლის ხელს ოსების ცხოვრებას ერთიან სივრცეში როგორც ეკონომიკური, ისე სოციოკულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით. პრაქტიკულად, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა 99% რუსეთის მოქალაქეობა აქვს და თუ საზღვარზე რეჟიმი გამარტივდება, საერთო სივრცე კიდევ უფრო განმტკიცდება“.

სხვათაშორის, უკვე ცხინვალშიც თვლიან, რომ ორი ოსეთის გაერთიანების იდეა ნაადრევია. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ასეთივე სიტუაციაა ჩრდილოეთ ოსეთშიც. კიდევ ერთი რეგიონული მოთამაშეა საქართველო, რომლის ყურადღება სამხრეთ ოსეთის მიმართ არ სუსტდება. თბილისში უარი თქვეს კომენტარებზე, მაგრამ აღნიშნეს, რომ თუ ორი ოსეთის გაერთიანების სცენარის რეალიზება დაიწყება, რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგობას წააწყდება. მოსკოვის ქმედება დაადასტურებს იმას, რომ საქართველოს ბრალდებები რუსეთის მიმართ ტერიტორიის ოკუპირებისა და ანექსიის მცდელობაზე სრული სინამდვილეა.

Comments are closed