«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ევროკავშირი, მიგრაციის ზრდის შიშით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას ამუხრუჭებს
«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილს რუპორს ართმევენ // ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის კუთვნილების საკითხში აშშ ჩაერია
«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): არაღიარებული სახელმწიფოების მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზეთში
———
ინციდენტი თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში:
უცხოური პრესის გამოხმაურება
———————–
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 01 ივნისი, 2016 წელი
http://uk.reuters.com/article/uk-europe-migrants-eu-visas-idUKKCN0YN5E3
ევროკავშირი, მიგრაციის ზრდის შიშით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას ამუხრუჭებს
სტატიაში გადმოცემულია ოთხშაბათს, პირველ ივნისს გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების თათბირის შესახებ, რომელზეც საქართველოსთვის (თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან ერთად) უვიზო რეჟიმის მიცემის საკითხს იხილოავდნენ (ავტორი – გაბრიელა ბაჩინსკაია).
როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა, შეუთანხმებლობის გამო, ამ საკითხის განხილვა სამომავლოდ გადადეს. მთავარ პრობლემას მიგრაციის საფრთხე წარმოადგენს. „როიტერმა“ დიპლომატიური წყაროების საფუძველზე გაარკვია, რომ ვიზა-ლიბერალიზებას განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები. სავარაუდოდ, მომდევნო შეხვედრა 14 ივნისს უნდა გაიმართოს.
უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხში ძირითადად თურქეთის პრობლემა მოიაზრება, რომლის მოსახლეობა თითქმის 79 მილიონს შეადგენს. თურქეთმა, ევროკავშირთან დადებული შეთანხმების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის მისაღებად 72-პუნქტიანი პირობა უნდა შეასრულოს. [პრინციპში ბევრი მათგანი უკვე შესრულებულია, მაგრამ ყველაზე მთავარი - ტერორიზმის დეფინიციის შეცვლა ეროვნულ კანონმდებლობაში - ჯერ-ჯერობით არ მომხდარა].
ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ყურადღებით განიხილეს უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი საქართველოს მიმართაც, მაგრამ რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ: დიპლომატების თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის წინააღმდეგ იგივე ქვეყნები – საფრანგეთი და გერმანია გამოდიან. „ჩვენ პროცესის შეჩერება არ გვსურს. უბრალოდ, სიფრთხილეს ვიჩენთ“, – აღნიშნა ერთ-ერთი იმ ქვეყნის დიპლომატმა, რომელიც უარს აცხადებს საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზების მიცემაზე.
ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს უვიზო რეჟიმის მისაღებად სხვადასხვა მიზეზები აქვთ: თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რადგანაც ის ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტთა ნაკადს აჩერებს, ამიტომ ამის სანაცვლოდ თურქეთი თავისი მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმს იმსახურებს; პოსტსაბჭოთა საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მიღება რუსეთთან გეოპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ელემენტად ითვლება, რადგან ორივეს პროდასავლური კურსი აქვთ აღებული; კოსოვო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ბოლო ქვეყანაა, რომელიც უვიზო რეჟიმის გარეშეა დარჩენილი.
ამასთან, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს თავიანთი პრობლემები აქვთ, რაც ხელს უშლის ვიზალიბერალიზების მიღებას. მაგალითად, თურქეთში ძალიან ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები, უკრაინაში კორუფციაა გაბატონებული, საქართველოდან კი ევროპა ორგანიზებული დამნაშავეობის ჯგუფებით „მარაგდება“ (შესაბამისად, ბერლინი სიფრთხილეს იჩენს საქართველოს მიმართ და თვლის, რომ გერმანიაში მოქმედი კრიმინალური ბანდების უმეტესობა ქართული წარმოშობისაა). რაც შეეხება კოსოვოს, მისი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ უღიარებია ევროკავშირის ხუთ წევრ ქვეყანას – საბერძნეთს, რუმინეთს, კვიპროსს, სლოვაკეთს და ესპანეთს.
დაახლოებით ორ მილიონ კოსოვოელს, ქართველს და უკრაინელ უკვე აქვთ შენგენის ზონაში მოგზაურობისათვის აუცილებელი მაღალი დონის ბიომეტრიული პასპორტები, თურქეთს ჯერ მსგავსი დოკუმენტებით საკუთარი მოქალაქეები უზრუნველყოფილი არ ჰყავს. ეს ნიშნავს, რომ უვიზო რეჟიმით საწყის ეტაპზე მხოლოდ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ისარგებლებს. მაგრამ ევროსკეპტიკოსები მიუთითებენ, რომ საბოლოო ჯამში სასურველი არ იქნება ევროკავშირმა კარი გაუღოს ამ ოთხი ქვეყნის 130 მილიონიან მოსახლეობას – ევროპას ხომ ისედაც უამრავი პრობლემა აქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში, მიგრანტების გამო.
ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, სადაც შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმედს მაინც არ კარგავს. საქმე ისაა, რომ [ქართულ საზოგადოებაში] კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ევროკავშირის ავტორიტეტი.
—————–
ვიზალიბერალიზების საკითხზე სიუჟეტი გადაიცა გერმანული „დოიჩე ველეს“ ეთერშიც სათაურით „ევროკავშირმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის განხილვა გადადო“, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია გერმანიის წარმომადგენლის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე: ბერლინი თვლის, რომ საქართველოდან გერმანიაში ბევრი კრიმინალური ელემენტი ჩადის, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის დამნაშავეობის დონეზე (წყარო: http://www.dw.com/ru/в-ес-отложили-решение-по-отмене-виз-для-грузии/a-19299261).
«Независимая газета» (რუსეთი), 02 ივნისი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-06-02/6_saakashvili.html
მიხეილ სააკაშვილს რუპორს ართმევენ
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის კუთვნილების საკითხში აშშ ჩაერია
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში მთავრდება პროცესი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით. ტელეარხის ხელმძღვანელობის რეაქციასა და პროგნოზებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ „რუსთავი-2“ თავის ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს დაუბრუბრუნდება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა წინასწარ უკვე განაცხადეს, რომ სასამართლოს სავარაუდო ვერდიქტის მიუხედავად, ისინი მუშაობას განაგრძობენ და მთელ იმედებს ქართული საზოგადოების მხრიდან გამოვლენილ სოლიდარობასა და საერთაშორისო მხარდაჭერაზე ამყარებენ. განცხადებებში ერთგვარი მუქარაც ჩანს: თუ სასამართლო კვლავ ძალაში დატოვებს წინა გადაწყვეტილებას ტელეარხის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ, მაშინ ქვეყნის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანი ჩატარება უნდა დაივიწყოს.
პუბლიკაციაში ციტირებულია „რუსთავი-2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებები, რომელთა თანახმად, ზემოდან მითითებით სასამართლო ქართული ჟურნალისტიკის ფლაგმანს კანონდარღვევით უსწორდება და რომ ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ ერთი მიზნით – ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და რადგანაც წინასაარცევნო სიტუაცია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისათვის“ უპერსპექტივოდ ყალიბდება, ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავის ძირითად ოპონენტს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საინფორმაციო რესურსი წაართვას და შემდეგ სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოთხი წლის წინათ, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“, რომელიც მხარს „ნაციონალებს“ უჭერდა (და ახლაც უჭერს), ხელისუფლების მხრიდან წამოსული კრიტიკის ობიექტი გახდა.
„მთავრობის მცდელობა საპასუხო ინფორმაციული მუშტის შექმნის თაობაზე უშედეგო აღმოჩნდა – „რუსთავი-2“ დღემდე საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიად რჩება. ჰოდა, სწორედ ასეთ სიტუაციაში გამოჩნდნენ ყოფილი მფლობელები, რომლებმაც ძვირფასი აქტივების დაბრუნება გადაწყვიტეს. განსაკუთრებით აქტიურობს ადრე „ნაციონალებთან“ დაახლოებული და შემდეგ მათ მიერვე შერისხული ქიბარ ხალვაში“, – წერს ავტორი.
და მაინც „რუსთავი-2“-ის ბედში, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება თითქოსდა წინასწარაა ცნობილი, წერტილის დასმა ჯერ ნაადრევია. ოთხი წლის მმართველობის შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეასრულა თავისი უმთავრესი შიდაპოლიტიკური ამოცანა – ვერ მოახერხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და საზოგადოებას მისი არსებობა ვერ დაავიწყა. „ნაციონალები“ ჯერ კიდევ სარგებლობენ ქართული საზოგადოებისა და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დასავლეთის მხარდაჭერით. ამ რამდენიმე დღის წინათ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა დაუშვებელია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როცა ქვეყანა წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებაო. „რუსთავი-2“-ს მხარდაჭერა აღუთქვეს ვაშინგტონიდანაც: ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ოკეანისიქიდან თბილისში ხელისუფლებას არაორაზროვანი მესიჯი გამოუგზავნა – „იცოდეთ, რომ აშშ-ში ყურადღებით აკვირდებიან „რუსთავი-2“-ის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას. ეჭვი გვაქვს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები გაჩნდა. უნდა გახსოვდეთ, რომ არჩევნები სამართლიანად და სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს, ჩვენ გვინდა, რომ მეტი დემოკრატია დავინახოთო“.
აი, ამის შემდეგ „ნაციონალთა“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ტელეარხს ხელში ჩაიგდებს, მაშინ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები არც თავისუფალი არ იქნება და არც მშვიდობიანიო.
«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 02 ივნისი, 2016 წელი
http://www.bbc.com/news/world-asia-36429207
არაღიარებული სახელმწიფოების მსოფლიო ჩემპიონატი აფხაზეთში
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ვრცლადაა გადმოცემული აფხაზეთში „კონიფა“-ს, ანუ არაღიარებული სახელმწიფოების ფეხბურთის ასოციაციათა კონფედერაციის ეგიდით მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობა, ციტირებულია ჩემპიონატის მონაწილეები… გარდა ამისა, საუბარია საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე ამ სპორტული ტურნირის მიმართ (ავტორი – რაიჰან დემიტრინი).
გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
ჩემპიონატის მონაწილეების თქმით, ეს საფეხბურთო ტურნირი პოლიტიკას არანაირად არ უკავშირდება, თუმცა მისი ცატარების გადაწყვეტილება საქართველოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთი ადრე საბჭოთა საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო, ავტონომიის სახით. აფხაზებმა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა 1992 წელს დაიწყეს, რომელიც 1993 წელს მათი გამარჯვებით დასრულდა. ქართულ-აფხაზურმა ომმა დაახლოებით ორასი ათასი ქართველის იძულებით გადაადგილება გამოიწვია, რომლებიც დღეს მშობლიურ ადგილებში დაბრუნებას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებლად აღიარა და მას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს, საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს ჯერ კიდევ საქართველოს შემადგენლობაში თვლის.
საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ საფეხბურთო ტურნირის მიზანს აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფოებრიობის ლეგიტიმაციის მცდელობას არ წარმოადგენს, თუმცა თბილისი დაიმუქრა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ქვეყნის ტერიტიორიული მთლიანობის წინააღმდეგია, ანუ იმ ტურისტების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან შედიან. მაგრამ სხვაგვარად აფხაზეთში შესვლა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან საქართველოს მხრიდან მარშრუტი შორი მანძილით გამოირჩევა – ტურისტები იძულებულნი არიან ერთკილომეტრიანი მინგრეულ-მონგრეული გზა მდინარის ხიდზე ორთვალით გაიარონ. აფხაზეთის ხელისუფლებამ ტურნირის მონაწილეებს ურჩია სოხუმში რუსული მარშრუტით ჩასულიყვნენ.
აფხაზეთი განსხვავდება საქართველოს კიდევ ერთი თვითგამოცხადებული რეგიონისაგან – სამხრეთ ოსეთისაგან, რომლის დე-ფაქტო ხელისუფლებას, აფხაზებისაგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის შენარჩუნება კი არა, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მიზნით რეფერენდუმის ჩატარება სურს. აფხაზები სრული დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვიან.
საერთაშორისო იზოლაციამ და საქართველოს მცდელობებმა აფხაზეთის ბლოკირების მიზნით ეს რეგიონი გარემომცველ სამყაროს ჩამოაშორა. ბევრ აფხაზს მისდღემჩი არ უნახავს აქ აფრიკელი, სიკხი, ან იაპონიიდან ჩამოსული კორეელი. „კონიფა“-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირი კულტურული გაცვლა-გამოცვლის ერთ-ერთ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ, როცა სხვადასხვა ქვეყნების ადამიანებს, რომლებთაც ერთნაირი პრობლემები აქვთ, ერთმანეთთან ურთიერთობაში შვებას პოულობენ.
————————
ინციდენტი თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში:
უცხოური პრესის გამოხმაურება
უცხოურ პრესაში კვლავ ქვეყნდება მასალები თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარი ინცინდენტის შესახებ, როცა ქართველი ახალგაზრდების ჯგუფი ვეგეტარიანთა კაფეში შეიჭრა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენეს – წინ დაუყარეს ხორცის პროდუქტები და მათი ჭამა დააძალეს.
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ კურიერში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ანა დიტმანი, აღწერს რა მომხდარ ინციდენტს, ყურადღებას ამახვილებს ულტრამემარჯვენედ განწყობილი ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც საკუთარ ორგანიზაციას „ბერგმანს“ უწოდებენ. „საქართველოში ნაციონალისტური ჯგუფები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა: დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავ ზეიმზე ისინი თბილისის ქუჩებში მარშირებდნენ და ხელში ლოზუნგები ეჭირათ წარწერით „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (წყარო: http://www.berliner-kurier.de/news/panorama/vegane-caf%C3%A9-besucher-traumatisiert-von–wurst-schwingenden-nationalisten–angegriffen-24153648)
გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებულ სტატიაშიც, ინციდენტის გადმოცემისას, ავტორი ფილიპ ფრიცი მომხდარ ფაქტს ნეგატიურად აფასებს და წერს, რომ ვეგეტარიანელობა – ეს არა მარტო კვების პროდუქტების არჩევანია, არამედ რაღაც იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი დამოკიდებულება გარემოს მიმართ. განა ვინმე დააყენებს ეჭვქვეშ ცხოველების დაცვას და საკუთარ ჯანმრთელობას… ასეთი კაფეების წინააღმდეგნი შეიძლება მხოლოდ ქვის ხანის კომუნისტები ან ისლამისტები იყვნენ, რპომლებიც მხოლოდ ხალიფატის შექმნაზე ოცნებობენ. ვეგეტარიანელებს კი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება სურთ (წყარო: http://www.berliner-zeitung.de/panorama/kommentar-warum-vegetarier-und-veganer-falsche-moralisten-sind-24115980).
„ბერლინერ მორგენპოსტში“ კი სტატია თბილისში მომხდარი ინციდენტის თაობაზე „მემარჯვენე ექსტრემისტებმა ვეგანკაფეს ძეხვებითა და მწვადებით შეუტიეს“ ქვეყნდება რუბრიკით „ნეონაციზმი“ (ავტორი – ჯენიფერ კალიშევსკა). „შესაძლოა ვინმეს ეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ თავდამსხმელები ნეონაცისტებს ჰგავდნენ. ბოლოსდაბოლოს, საქმე მხოლოდ ძეხვზე არაა, რადგან ერთ-ერთმა დანაც იშიშვლა“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ფეისბუქის მეშვეობით გავრცელბულმა თვითმხილველთა მოყოლილმა ამბებმა მსოფლიოში ფართო სოლიდარობა გამოიწვია. პუბლიკაციაში, ბრიტანულ გაზეთ „გარდიანზე“ დაყრდნობით, ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე თბისისი მოსახლეობა სეშფოთებული იყო ქუჩებში ულტრანაციონალისტური დაჯგუფების მიერ გამართული აქციით (წყარო: http://www.morgenpost.de/vermischtes/article207629121/Rechtsextremisten-attackieren-veganes-Cafe-mit-Grillwuersten.html).
ავსტრიული გაზეთი „კურიერი“ ვრცლად აცნობს მკითხველს „კავკასიურ სახელმწიფო საქარველოში“ მომხდარ ინციდენტს და ცდილობს გაარკვიოს, კონკრეტულად რომელი ორგანიზაცია მონაწილეობდა ვეგანკაფეს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ აქციაში: გაზეთი იმოწმებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას და წერს, რომ „თავდამსხმელები“ ნაციონალისტურად განწყობილი ორგანიზაციის „ქართული ძალის“ წევრები იყვნენ, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინათ დედაქალაქის ქუჩებში მარშირებდნენ და ხელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნაციონალისტ ზვიად გამსახურდიას დროინდელ ლოზუნგები ეჭირათ – „საქართველო ქართველებისათვის“. „პოსტსაბჭოთა საქართველოში ტურბიზნესი სწრაფად ვითარდება. თბილისში ბევრი ახალი [დასავლური სტილის] ობიექტი იხსნება, მათ შორის ვეგანკაფეებიც, სადაც ვეგეტარიანული კვების მხარდამჭერები იკრიბებიან, იქ არიან ტრანსსექსუალები და მათი მსგავსი ადამიანებიც. ამასთან, საქართველოში მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან კონსერვატიულად უდგება დასავლეთიდან შემოსულ ახალ მოდას“, – აღნიშნულია სტატიაში (წყარო: http://kurier.at/chronik/weltchronik/fleischfanatiker-stuermen-veganes-cafe-in-tiflis/202.110.525).