«Новое время» (სომხეთი): აზერბაიჯანული „ოხრანკა“ საქართველოს ტერტორიაზე მშვიდად მოქმედებს
«Largir» (სომხეთი): აზერბაიჯანის ძლიერი დარტყმა საქართველოზე
«Обозреватель» (უკრაინა): ქართული დამსხვრევა // გახსოვდეთ: „სტუმარი ღვთისაა“
«Neatkariga» (ლატვია): ჯეკ მეტლოკი, ლეგენდარული დიპლომატი: ომი რუსეთსა და ამერიკას შორის შეუძლებელია // რატომ დაუჭირა მხარი აშშ-მა კოსოვოს და არ დაუჭირა აფხაზეთს?
—————–
«Новое время» (სომხეთი), 01 ივნისი, 2017 წელი
http://www.nv.am/region/58134-2017-06-01-07-08-59
აზერბაიჯანული „ოხრანკა“ საქართველოს ტერტორიაზე მშვიდად მოქმედებს
სტატია ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს. სხვადასხვა წყაროებზე დაყრნობით, მასში მოკლედაა გადმოცემული სკანდალური ინციდენტის ისტორია, მხარეთა განცხადებები და ა.შ.
„სხვათა შორის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების წინა პერიოდში ერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ, რომელიც საკმაოდ ახლოს დგას მთავრობასთან, გამოქვეყნა მასალა თბილისში მოქმედი „აზერბაიჯანული ოპოზიციური იატაკქვეშეთის“ შესახებ, რომლის ერთ-ერთ წევრად სწორედ აფგან მუხთარლი ფიგურირებდა. გაუგებარია, როგორ მოახერხეს აზერბაიჯანელმა აგენტებმა საქართველოდან ადამიანის არალეგალურად გაყვანა, უპასპორტოდ და აუცილებელი პროცედურების გავლის გარეშე. როგორც ჩანს, ბაქოს სპეცსამსახურები მეზობელ ქვეყანაში თავს ლაღად გრძნობენ“, – ასეთი დასკვნაა გაკეთებული პუბლიკაციაში.
«Largir» (სომხეთი), 02 ივნისი, 2017 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56046
აზერბაიჯანის ძლიერი დარტყმა საქართველოზე
სომხური გამოცემა „ლრაგირი“ აშუქებს აზერბაიჯანელი ოპოზიციური ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაპატიმრების გარემოებებს (თბილისიდან გატაცება, ბაქოში ჩაყვანა, ბრალის წაყენება, ადვოკატის განცხადებები, ქართული და აზერბაიჯანული ოფიციოზის თვალსაზრისი და ა.შ.) და კომენტარს უკეთებს მომხდარ ფაქტს (ავტორი – აკოფ ბადალიანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:
„წინასწარი მონაცემების მიხედვით, ოპოზიციონერი ჟურნალისტი აზერბაიჯანის სპეცსამსახურის აგენტებმა მოიტაცეს. ამბობენ, რომ მათ ქართველი კოლეგებიც ეხმარებოდნენ. შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ აზერბაიჯანმა, უბრალოდ, საქართველოს „ოკუპაცია“ მოახდინა. შესაბამისად, ყოველთვის შეუძლია გაიტაცოს ადამიანები და საზღვარზე დაუბრკოლებლად გადაიყვანოს. ამ ფაქტით აზერბაიჯანმა ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და მის უსაფრთხოებას. ნიშანდობლივია, რომ ბაქო სწორედ იმ პერიოდში ურტყამს საქართველოს, როცა თბილისის ურთიერთობა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში აღმასვლას განიცდის. გავიხსენოთ, რომ ორი კვირაც არაა გასული ქართველი პრემიერის აშშ-ში ვიზიტიდან, როცა მას თეთრ სახლში უსაფრთხოების გარანტიები მისცეს და მხარი დაუჭირეს… გარდა ამისა, ამ დღეებში თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდა, რომლის დროსაც საქართველოს ხელისუფლებამ ნატოში გაწევრიანების მზადყოფნა განაცხადა.
და ამ ფონზე ირკვევა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია საქართველოდან ადამიანი გაიტაცოს და თავის ტერიტორიაზე გადაიყვანოს… განა ასეთი რამ დასაშვებია იმ ქვეყნისათვის, რომელსაც სურს უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემის ნაწილად იქცეს? ამ შემთხვევაში ჩანს არა მარტო უსაფრთხოების პრობლემა, არამედ სუვერენიტეტის საკითხიც. გამოდის, რომ აზერბაიჯანმა დარტყმა განახორციელა არა მარტო საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტის მიმართ, არამედ თბილისის ევროინტეგრაციულ ვექტორზეც.
აშკარაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ბაქოსათვის პრობლემატურია. ერთი მხრივ, თურქეთი და აზერბაიჯანი არ მალავენ საქართველოს ეკონომიკური ექსპანსიის გეგმებს და მის ჩართვას „თურქულ-აზერბაიჯანულ რკალში“, მეორე მხრივ – საქართველოში ნატოს ყოფნის გაძლიერება და თბილისის პროვაიდერობა ევროატლანტიკური ინტერესების გატარებაში ხელს უწყობს თურქულ-აზერბაიჯანული დიქტატის რღვევას.
აქ აშკარაა აგრეთვე ანკარისა და მოსკოვის ინტერესებიც. ასე რომ, ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ საქართველოში აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაცია მხარდაჭერილი იყო რუსი და თურქი კოლეგების მიერაც. მოკლედ, საქართველო რუსულ-თურქულ-აზერბაიჯანული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა“.
«Обозреватель» (უკრაინა), 02 ივნისი, 2017 წელი
https://www.obozrevatel.com/abroad/53968-gruzinskij-razlom.htm
ქართული დამსხვრევა
გახსოვდეთ: „სტუმარი ღვთისაა“
რამიზ იუნუსი, პოლიტოლოგი
(შემოკლებით)
2017 წლის 30 მაისი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როცა თბილისის ცენტრში, საკუთარ სახლთან ახლოს უცნობმა პირებმა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი გაიტაცეს, ჩუმად გადაიყვანეს საზღვარზე და ბაქოს ციხეში მოათავსეს. აფგან მუხთარლი დისიდენტი ჟურნალისტია, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის კორუმპირებულობას ამხელს.
როგორ შეიძლებოდა ასეთი ფაქტი მომხდარიყო იმ საქართველოში, რომელმაც ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის რეფორმიერებაში? განა ასეთი რამ მოხდებოდა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში, საითაც საქართველო აფრააშლილი და მთელი სიჩქარით მიდის? განა ასეთი რამ მოხდებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ქვეყნის მთელი პოსტსაბჭოური ეპოქის გარდაქმნები? დავიჯერო, საქართველო ისევ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაბრუნდა? ბევრი კითხვა იბადება…
მე საქართველო და ქართველი ხალხი მიყვარს და პატივს ვცემ. ამას ადასტურებს ჩვენი ძმური და მეგობრული ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია. ჩვენი ხალხები ერთმანეთს სტუმართმოყვარეობაში ეჯიბრებიან. ხშირად დავდივარ საქართველოში, სადაც ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ იმას, რაც 30 მაისს მოხდა, მე შეხედულებების დამსხვრევას ვუწოდებდი ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველის წინაშე. ქართველები ხომ ოდითგანვე დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ მეზობელ აზერბაიჯანელებს…
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს ჩადენილ დანაშაულს და საკუთარ მთავრობას პასუხს მოსთხოვს კითხვებზე – როგორ მოახერხეს მეზობლის [აზერბაიჯანის] სპეცსამსახურებმა თბილისიდან ადამიანის გატაცება და ისე ჩაიყვანეს აზერბაიჯანში, რომ გვერდი აუარეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, განსაკუთრებით კი საბაჟოს და სასაზღვრო დაცვას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაზე დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული, პირველ რიგში თვით საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის. დანაშაული ჩადენილია სტუმრის მიმართ, რომელსაც საქართველოში დახმარებისა და თავშესაფრის მიღების იმედი ჰქონდა… მომხდარი ფაქტით ეჭვქვეშ დგება სახელმწიფოებრიობა იმ ქვეყნისა, რომელიც ცივილიზებული სამყაროსაკენ მიისწრაფვის. გახსოვდეთ: „სტუმარი ღვთისაა“.
———-
რამიზ იუნუსი – აზერბაიჯანის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი საქმეთა მმართველი, აშშ-ის ანალიტიკური ცენტრების ექსპერტი.
«Neatkariga» (ლატვია), 31 მაისი – 07 ივნისი, 2017 წელი
ჯეკ მეტლოკი, ლეგენდარული დიპლომატი: ომი რუსეთსა და ამერიკას შორის შეუძლებელია // რატომ დაუჭირა მხარი აშშ-მა კოსოვოს და არ დაუჭირა აფხაზეთს?
ლატვიური გაზეთის Neatkarīgā-ს კორესპონდენტი იურის პაიდერსი ესაუბრება აშშ-ის ყოფილ ელჩს საბჭოთა კავშირში (1987-91 წლებში), ცნობილ დიპლომატს ჯეკ მეტლოკს, რომელიც რიგაში გამართული საერთაშორისო კონფერენციის „ბალტიის ფორუმის“ სტუმარი იყო.
ინტერვიუში ჯეკ მეტლოკი [„ლეგენდარული დიპლომატი“] იხსენებს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლად გამოცხადების პერიოდს, აშშ-ის იმდროინდელ პოზიციას, შემდეგ ეხება ვაშინგტონის თანამედროვე ურთიერთობას რიგა-ვილნიუს-ტალინთან, მოსკოვთან და ა.შ. იგი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ომი აშშ-რუსეთს შორის არ მოხდება. ჯეკ მეტლოკი საუბრობს აგრეთვე თეთრი სახლის მიერ დაშვებულ შეცდომებზე სსრ კავშირის დაშლის დროს, ახალი სახელმწიფოების შექმნის პერიოდში…
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ რომ დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი იყოთ, რას ურჩევდით მას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხში? უკრაინასთან მიმართებით?
- პირველი – ჩემი აზრით (და მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ), უკრაინის ამბები (ყირიმის ჩათვლით) საერთოდ არ მოხდებოდა, რუსეთის პრეზიდენტისათვის გარანტიები რომ მიეცათ იმაში, რომ უკრაინას ნატოში არ მიიღებდნენ.
მეორე – დონბასისა და ყირიმის პრობლემა ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ, როგორც სხვადასხვა საკითხები. რატომ? ახლავე გეტყვით: ყველა სასაზღვრო-ტერიტორიული პრობლემა ყოფილი იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაკავშირებული იყო ერთ მთავარ პრობლემასთან: ახლადშექმნილ სახელმწიფოებს არ გააჩნდათ მტკიცედ ჩამოყალიბებული მიდგომები მათივე ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ თუ ეროვნულ უმცირესობებთან. საბჭოთა კავშირში და იუგოსლავიაში არსებობდნენ ავტონომიები. სერბეთში, მაგალითად, კოსოვო. საქართველოში ორი ავტონომია – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ყველაზე პირველი, რაც ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა განახორციელეს, ეს ავტონომიების გაუქმება იყო. ეს ნაბიჯი საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდეც კი გადადგა. სერბეთისა და კოსოვოს შემთხვევაში ჩვენ (ვაშინგტონმა) ერთი პოზიცია დავიკავეთ – მხარი დავუჭირეთ კოსოვოელ ალბანელებს, საქართველოს შემთხვევაში კი სრულიად სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ – მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებას გამოვუცხადეთ. სამწუხაროდ, არც საერთაშორისო სამართლისა და არც საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში არ დაგვიყენებია ახალი სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილი ავტონომიების წინაშე. უნდა ეცათ თუ არა მათ პატივი საკუთარი ავტონომიებისათვის? თუ ძალის გამოყენებით უნდა მოეხდინათ მათი ლიკვიდაცია? ამ საკითხში ჩვენ თანმიმდევრული პოზიცია არ გვქონდა.
მესამე – აუცილებელია გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ გეოპოლიტიკურად ყირიმს რუსეთისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – იქ შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზაა დისლოცირებული. თუ გადავხედავთ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ უკრაინა ყირიმის გარეშე უფრო პოლიტიკურად სტაბილურია. უკრაინის მთავრობა ყირიმის ყოველგვარი [პოლიტიკური] ავტონომიის წინააღმდეგ გამოდიოდა. ისეთი ლიდერი, როგორიც ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, ვერასოდეს ვერ იქნებოდა არჩეული უკრაინის პრეზიდენტად, მისთვის ხმები ყირიმს რომ არ მიეცა. უკრაინაში იყო ოლქები, სადაც ერთი ლიდერი 90%-ით იღებდა ხმებს, ხოლო მეორე ლიდერი სხვა ოლქებში – ასევე 90%-ით, ვთქვათ, დონბასში. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ უკრაინაში არ იყო ისეთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებდა. რაც შეეხება დონბასს, რუსეთმა აშკარა შეცდომები დაუშვა და მომხდარი მის ინტერესებში არ შედიოდა…