globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 2nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ნატოში გაწევრიანების კურსს გააგრძელებს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ღონისძიება საქართველოს საელჩოში , აშშ-ში ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზების მიზნით

«El Diario» (ესპანეთი): ბათუმელები დონალდ ტრამპს შეუსრულებელ დაპირებას ახსენებენ

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 02 აგვისტო, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3053485

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ნატოში გაწევრიანების კურსს გააგრძელებს

გიორგი დვალი, თბილისი

თინათინ ხიდაშელის გადადგომის შემდეგ, რომელიც საქართველოს მთავრობაში ყველაზე პროდასავლელ მინისტრად ითვლებოდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დანიშნა. გუშინ მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ნდობისათვის და განაცხადა, რომ მისი საქმიანობის პრიორიტეტები ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გაგრძელება და შეიარაღებული ძალებიას ღრმა რეფორმირება იქნება. ახალმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გაფართოვდება საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა ქართული არმიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით.

თინა ხიდაშელი, რომელიც საქართველოს მთავრობაში პროდასავლურ რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდა, ორშაბათს თანამდებობიდან გადადგა. მან თავისი მოქმედება იმით ახსნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა არ უნდაო: „მათ მხოლოდ ერთპარტიული მთავრობა სურთ“, – დაიჩივლა თინა ხიდაშელმა, თუმცა იმავდროულად პრემიერის გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა: „სპეცსამსახურების კადრის დანიშვნა სამხედრო უწყების ხელმძღვანელად საქართველოს დასავლელი პარტნიორებისათვის ძალიან ცუდი მანიშნებელი იქნება. თავდაცვის სამინისტრო არაიმდენად სამხედრო უწყებაა, რამდენადაც სამოქალაქო და, შესაბამისად, უშიშროებიდან წამოსული ადამიანის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა არმიაზე სამოქალაქო კონტროლის პრინციპს არღვევს“.

რესპუბლიკური პარტიის პოზიციას იზიარებენ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრენი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. ისინი თვლიან, რომ ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ქვეყნის არაფორმალურმა ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა: „სახელმწიფო უშიშროების უწყებიდან კაცის წამოყვანა და მისი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად იმას მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის საკითხებისადმი არასერიოზული მიდგომა აქვს. ამგვარი მარიონეტების ადგილმონაცვლეობით ქვეყნისათვის არაფერი უკეთესობისაკენ არ შეიცვლება“, – დარწმუნებულია პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი. აქვე შევნიშნავთ, რომ ლევან იზორია საქართველოში ცნობილია როგორც მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების მტკიცე მოწინააღმდეგე.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-embassy-event/3444266.html

ღონისძიება საქართველოს საელჩოში

ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზება აშშ-ში

გია მელიქიშვილი, ვაშინგტონი

საქართველოს საელჩო აშშ-ში ქვეყნისა და მისი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოსადმი მიძღვნილი თემატური ღონისძიებებისადმი მასპინძლობას განაგრძობს. გასული თვის ბოლოს, 27 ივლისს, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს სტუმრებს ქვეყნის ისტორია, კულტურა და თანამედროვე ხელოვნება წარუდგინეს. საელჩომ აუდიტორიას ქვეყნის შესახებ ძირითადი ინფორმაცია შესთავაზა და საგანგებოდ გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენა, თუმცა სტუმრებს რეალურად ამაზე გაცილებით მეტიც შესთავაზეს.

ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ კომპანია „ექსთერიონდისი“, რომელმაც პროგრამაში ქართული ღვინის და ზოგიერთი კერძის დაგემოვნება ჩართო. ქართველი ქალის ტრადიციული სამოსი და ცეკვები სტუმრებს ამერიკულმა საცეკვაო დასმა „სილქროუდ დანს ქამფანიმ“ შესთავაზა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლოურელ ვიქტორია გრეიმ დამსწრე საზოგადოებას ქორეოგრაფიასათან და სამოსთან ერთად ზოგიერთი ქართული ადათიც გააცნო. სტუმრებს თანამედროვე ქართველი დიზაინერების ინგოროყვას, დოლიძის,  ფოფხაძის და სხვების ნამუშევრებიც წარუდგინეს, რომლებიც ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, კონცეპტუალურ მაღაზია „მალატში“ იყიდება.

„ექსთერიონდის“-ის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესიონალი ადვოკატი გრეგორი ბლენდი ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია სხვადასხვა დარგში მომუშავე ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის შეიქმნა, რომელიც მათ ურთიერთგაცნობას და დროის შინაარსიანად გატარებას ემსახურება. „ისინი, ვინც აქ მოვიდნენ, ამ ღონისძიებას სამუდამოდ დაიმახსოვრებენ. ისინი საქართველოს დაუკავშირდნენ. ჩვენს სწორედ იმისთვის ვიღწვით, რომ მომავალი ლიდერების მეხსიერებაში ქვეყანა აღიბეჭდოს. სტუმრებს ძალიან მოეწონათ ცეკვები, კერძები, განსაკუთრებით „მალათის“ დიზაინების ჩვენება. მესმოდა აუდიტორიის საუბრები და ვფიქრობ, დღევანდელი ახალგაზრდა სტუმრების 70% მომავალში საქართველოს აუცილებლად ეწვევა. მიმაჩნია, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ტურიზმისათვის სასურველი ადგილი ხდება“.

შერილ ბატლერი, აშშ-ის საპატენტო ბიუროს უფროსი იურისტი ამბობს, რომ საქართველო მისთვის აღმოჩენა გახდა: „ეს საქართველოსთან ჩემი პირველი შეხება იყო. ვფიქრობ, საქართველოში გავემგზავრო, ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, შვებულება ზაფხულში გამოვიყენო თუ ზამთარში. როდესაც საქართველოში ვიქნები, აუცილებლად მოვინახულებ ქართველი დიზაიენრების მაღაზიებს. დღეს აქ „მალატის“ კოლექციიდან პიჯაკი უკვე შევიძინე“.

თამარ ჭელიძე, საქართველოს საელჩოს მრჩეველი: „საქართველოს საელჩო აგრძელებს ქართული კულტურის პოპულარიზებას აშშ-ში, დღეს კიდევ ერთხელ გავმართეთ მიღება, რომელსაც დაახლოებით 80 სტუმარი ეწვია. დღევანდელი მიღება იმით გამოირჩეოდა, რომ მოწვეული გვყავდა „მალატის“ მაღაზია, რომელიც სულ ოთხი თვის წინ შეიქმნა ნიუ-იორკში. მაღაზიამ ქართველი დიზაინერების მართლაც არაჩვეულებრივი გამოფენა წარმოადგინა, რომელმაც ამერიკულ საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“.

მათთვის, ვინც ამ საღამოს დაესწრო, საქართველო, უცნობისა და შორეულის ნაცვლად, სავარაუდოდ, უფრო სასურველი და გასაგები ქვეყანა გახდება.

«El Diario» (ესპანეთი), 01 აგვისტო, 2016 წელი

http://www.eldiario.es/politica/georgiana-Batumi-recuerda-Trump-incumplida_0_542796005.html

ბათუმელები დონალდ ტრამპს შეუსრულებელ დაპირებას ახსენებენ

საიმონ კინტერო

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბათუმის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა არ შეასრულა ცათამბჯენის აშენების დაპირება, რომელიც მან 2012 წლის აპრილში, ბათუმში ყოფნის დროს გამოაცხადა. მულტიმილიარდერმა დონალდ ტრამპმა, რომელსაც თან საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლდა, პომპეზურად განაცხადა, რომ ბათუმში 47-სართულიან „ტრამპ-თაუერს“ ააგებდა, სადაც სასტუმრო, კაზინო და სხვა მრავალი გასართობი დაწესებულებები განთავსდებოდა. ასეთი შენობის აგება ხელს შეუწყობდა საქართველოს ამ ყველაზე ტურისტულ ქალაქში ათასობით უცხოელი ტურისტის მიზიდვას.

„მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, დაპირება დაპირებად დარჩა, ბათუმში არავითარი „ტრამპ-თაუერი“ არ აშენებულა“, – ამბობს ესპანური საინფორმაციო სააგენტო «EFE»-ს კორესპონდენტთან საუბარში გიორგი მასალკინი, აჭარის ავტონომიის პარლამენტის წევრი.

სამუშაოები დონალდ ტრამპის ვიზიტის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. წინასწარი გეგმის თანახმად, შენობა სადღაც 2013 წლის ბოლოს თუ 2014 წლის დასაწყისში უნდა აგებულიყო, მაგრამ როგორც „ეფე“-ს კორესპონდენტს აჭარის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიზემ განუცხადა, „ყველაფერი ილუზია აღმოჩნდა, არანაირი სამუშაოები არავის არ დაუწყია“.

დონალდ ტრაპის გეგმის პრეზენტაციიდან ნახევარი წლის შემდეგ აჭარის ავტონომიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ხელისუფლება შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ ბათუმში ცათამბჯენის აგების თაობაზე თურმე არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. „კი განაცხადეს, რომ ბათუმში „ტრამპ-თაუერი“ აშენდებაო, მაგრამ ამ მიზნით არავითარი იურიდიული შეთანხმება [კონტრაქტი] არ დადებულა“, – თქვა ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ აჭარის მთავრობაში.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია. საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კორუფციისა და სხვა დანაშაულობების გამო. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე 2012 წლის აპრილში ეშინოდა, რომ იგი ხელისუფლებას დაკარგავდა იმავე წლის ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებში.

„როგორც კი თავისი მდგომარეობის შესუსტება იგრძნო, მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი საქართველოში მოიწვია, რათა ქართველებისთვის ეჩვენებინა – აი, ხედავთ, ამერიკაში რა მაგარი და გავლენიანი მეგობრები მყავსო. ამერიკელი მილიარდერი ბათუმში ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილმა აქო და ადიდა’, – ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის დღევანდელ კანდიდატს „მსოფლიოში ყველაზე დიდი მშენებელი და დეველოპერი“ უწოდა, „დონალდ ტრამპი ის კაცია, რომელიც მუდმივად რისკავს და არავისი არ სჯერა, პესიმისტებს ყურადღებას არ აქცევს. მან იცის, რაც უნდა და ვერაფერი შეაჩერებს მიზნის მიღწევის გზაზე“, – ამბობდა იმ დროს მიხეილ სააკაშვილი.

ამ სიტყვებიდან ექვსი თვის თავზე მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება დაკარგა – საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანთან, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ჭიდილში, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი მას შემდეგ, როცა არჩევნებში თავისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე დაამარცხა, დაპირებისამებრ, [იგი მცირე ხანს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი], ხელისუფლებიდან წავიდა.

მიხეილ სააკაშვილი კორუფციასა და სახელმწიფო ხაზინის განიავებაში დაადანაშაულეს და ბევრი მისი არქიტექტურული პროექტი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, ახალმა მთავრობამ გააუქმა – იმ მოტივით, რომ გამოთავისუფლებული თანხა სოციალური საკითხების გადაჭრას მოხმარდებოდა.

ჟურნალისტ თამარ კიკნაძეს ახსოვს, რასაც 2012 წელს იმდროინდელი ხელისუფლება აცხადებდა – ცათამბჯენი სახელმწიფო ხარჯით აშენდებაო. ცხადია, საქართველოს მთავრობა დონალდ ტრამპსაც დიდ ფულად ჯილდოს პირდებოდა. თამარს ისიც კარგად ახსოვს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და ბათუმის მოსახლეობა ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან შენობა ზღვისპირას უნდა აშენებულიყო, გართობა-დასვენების ზონაში, ბათუმელებისათვის ერთობ პოპულარულ, საყვარელ ადგილზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებს ამერიკელმა მილიარდერმა იმედი გაუცრუა, ქალაქი მაინც სამხრეთკავკასიური პატარა, თბილი  ქვეყნის ყველაზე პოპულარულ კურორტად, ტურიზმის ცენტრად ითვლება. საქართველომ მიმდინარე წლის ხუთ თვეში, პირველად ისტორიაში, რეკორდული რაოდენობის სტუმარი მიიღო – 2,1 მილიონი ტურისტი, რაც 15,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Comments are closed