«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მაიკ პენსი საქართველოს ამერიკის მხარდაჭერას დაპირდა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გზავნილები
«Foreign Policy» (აშშ): ვაშინგტონში მღელვარე კვირის ფონზე, მაიკ პენსმა აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა
«КоммерсантЪ» (რუსეთი): მხარეთა მოწონებით // მაიკ პენსმა ესტონეთს ერთგულება შეჰფიცა, საქართველოსაგან კი ძმობის სადღეგრძელოები მოისმინა
«Независимая газета» (რუსეთი): ვაშინგტონი და თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან // საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტს სუვერენიტეტის დაცვის გარანტად მიიჩნევენ
«Каспiй» (აზერბაიჯანი): არაორაზროვანი პოზიცია: აშშ-ის მმართველი გუნდი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა
«Press TV // Al Jazeera TV» (ირანი//ყატარი): რეპორტაჟები ვაზიანიდან
—————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 აგვისტო, 2017 წელი
https://www.amerikiskhma.com/a/pence-georgia-ties/3967835.html
მაიკ პენსი საქართველოს ამერიკის მხარდაჭერას დაპირდა
ნანა საჯაია
პირველ ოფიციალურ ევროპულ ტურნეში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეეცადა რეგიონის მოკავშირეები დაერწმუნებინა, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდით დგას.
თბილისში მისი მასპინძლის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გვერდით მდგარმა მაიკ პენსმა, ოფიციალური პირების და საერთაშორისო ჟურნალისტებისგან შემდგარი აუდიტორიის წინაშე თქვა, რომ “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” არ ნიშნავს “მხოლოდ ამერიკას”.
“პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამომგზავნა, რათა ნათელი გზავნილი მიმეტანა ბალტიის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგას მშვიდობისმოყვარე ქვეყნებს და ჩვენ ამას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ქმედებებით ვამტკიცებთ” – განაცხადა მაიკ პენსმა პირველ აგვისტოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ევროპულ ტურნეში შემავალ ნატოს ერთადერთ არაწევრ ქვეყანაში – საქართველოში, პენსი ესტონეთიდან ჩავიდა, იმ ქვეყნიდან, რომელიც დასავლური ტიპის ტრანსფორმაციას წარმატებით ახორციელებს. შემდეგი ქვეყანა კი, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს შემდეგ სტუმრობს, მონტენეგროა, ნატოს ყველაზე ახალბედა წევრი.
მაიკ პენსი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა, რომელიც საქართველოს და მთლიანად კავკასიის რეგიონს ეწვია.
“თქვენი დახმარების შედეგად, საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტ-საბჭოური ქვეყანა” – თქვა კვირიკაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. “დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია. ასევე, ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი წვლილი შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში”, – თქვა მან.
გიორგი კვირიკაშვილის სიტყვები, რომელშიც საქართველო “ამერიკის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად” იყო დასახელებული, რუსეთის მხრიდან ჯერ კიდევ მიმდინარე, ნაწილობრივი ოკუპაციის ფონზე წარმოითქვა. პრესკონფერენციიდან დაახლოებით 64 კილომეტრში, რუსული სატანკო შენაერთები საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტს აკონტროლებენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის გამოძახილიცაა.
მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის “მტკიცე” მხარდაჭერას. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა დაგმო მოსკოვის ყოფნა ქართულ მიწაზე, რასაც მიმომხილველები მზარდ, “მცოცავ” ოკუპაციას უწოდებენ.
“პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები” – თქვა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა და იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მალე მოაწერს ხელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. “ჩვენი ქვეყანა რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს ამჯობინებს, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას და საერთო ინტერესებს ეფუძნება. თუმცა, პრეზიდენტი და კონგრესი ერთიანია რუსეთისადმი გაკეთებულ ჩვენს გზავნილში: ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთის მხრიდან იმ ქმედებებზე უარის თქმა ესაჭიროება, რომელთა გამოც თავის დროზე სანქციების დაწესება მოხდა”.
ამერიკის უმაღლესი ოფიციალური პირებიდან საქართველოში ბოლოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა. ეს 2008 წლის აგვისტოს ომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოხდა. ბაიდენის ვიზიტს წინ უძღოდა ობამას ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა რუსეთთან. ამ ნაბიჯმა ევროპის ქვეყნებში ბევრი შეაშფოთა, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრისთვის ამერიკისგან მწვანე შუქი არ მიეღო.
მოსკოვი სხვა მიმართულებით წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ყირიმის ანექსია განახორციელა და უკრაინაში დესტაბილიზაცია გამოიწვია. დასავლეთმა რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.
საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების კანდიდატები არიან. მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ ორივე ქვეყანაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა (საქართველო-2008; უკრაინა-2014), ნატოს ბუქარესტის სამიტზე რომ მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაზე უარი არ ეთქვათ. ბუქარესტის სამიტი 2008 წლის აპრილში გაიმართა.
“პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი” – განაცხადა მაიკ პენსმა საქართველოში ვიზიტის დროს.
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ნატოში გაწევრიანების სახელმწიფო კურსს საქართველოს მოსახლეობის 66 პროცენტი მხარს უჭერს. გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. ორივე ორგანიზაციას საქართველოს მოქალაქეები ძირითადად საკუთარი უსაფრთხოების ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის და მისი განვითარების გარანტი იქნება.
2017 წელს ამერიკას და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი შესრულდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ უმცროსი ჯორჯ ბუში იმყოფებოდა. თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ათასობით ქართველის წინაშე, ჯორჯ ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” უწოდა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 აგვისტო, 2017 წელი
მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის მთავარი გზავნილები
ეკა მაღალდაძე
„იმ ადგილიდან 64 კილომეტრში, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, რუსული ტანკები სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი და დღეს რუსეთი აგრძელებს ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპირებას”, – განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწის ოკუპაციას. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას ამერიკა არასდროს, არცერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს საკითხი”, – განაცხადა მაიკ პენსმა.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიცე-პრეზიდენტს თეთრ სახლში მასპინძლობისა და მისგან და პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავზე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებისა და სუვერენიტეტის საკითხებში, ისევე როგორც ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ამერიკის როლი გადამწყვეტი იყო.
„ამერიკის მხარდაჭერითა და დახმარებით, საქართველო აღარ არის არც საბჭოთა და არც პოსტ-საბჭოთა ტიპის ქვეყანა. ამჟამად ჩვენ ვართ ევროპული დემოკრატიის მქონე, ევროკავშირთან ასოცირებული სახელმწიფო. ქართველი ხალხი აფასებს ამერიკელთა მეგობრობასა და ურყევ მხარდაჭერას“, – განაცხადა პრემიერმა ვიცე-პრეზიდენტთან ერთობლივი პრესკონფერენციისას და დასძინა: „ჩვენ შევთანხმდით ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად“.
ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გაიმეორა ესტონეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება:
“ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მე აქ ერთი მარტივი გზავნილით გამომიშვა: ჩვენ თქვენთან, თქვენს გვერდით ვართ, ვამაყობთ ჩვენი მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით თქვენს ქვეყანასთან. აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ ნიშნავს, „ამერიკა მარტოს“ და ამერიკა კვლავ დგას საქართველოს გვერდით”.
ვიცე-პრეზიდენტმა ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გარდა, მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმასაც, რომ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სურვილი არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე რაიმე ტიპის კომპრომისის შესაძლებლობას. მან ასევე ისაუბრა გასულ კვირას ამერიკელი კანონმდებლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზეც და თქვა, რომ პრეზიდენტი კანონად ქცეულ სანქციებს აუცილებლად მოაწერს ხელს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ამერიკის კონგრესის მსგავსად, გმობენ რუსეთის აგრესიულ და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს:
“პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა, რომელიც თანამშრომლობასა და საერთო ინტერესებზე იქნება დაფუძნებული, მაგრამ პრეზიდენტი და კონგრესი თანხმდებიან რუსეთისადმი მთავარ გზავნილზე: უკეთესი ურთიერთობისა და სანქციების წინაპირობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის მიერ იმ ქმედებების შეცვლა, რომლებიც ამ სანქციების მიზეზი გახდა”, – განაცხადა მაიკ პენსმა. მისივე სიტყვებით, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიეთობები გაუმჯობესდება, თუმცა ეს არ შეცვლის ამერიკის ერთგულებას საკუთარი და თავისი პარტნიორების უსაფრთხოების მიმართ, ისევე როგორც “საქართველოს მსგავსი თავისუფლებისმოყვარე ერების მიმართ”.
მაიკ პენსმა ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესახებ დასმულ რამდენიმე შეკითხვას მსგავსი პათოსითვე უპასუხა. მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში არ შეიცვლება შტატების მხარდაჭერა და პოზიცია ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ და რომ ამის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი საქართველო-ამერიკის ერთობლივი სამხედრო ოპერაციები და მტკიცე პარტნიორობაა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ კონფერენციაზე მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე და გეგმებზეც ისაუბრეს. მაიკ პენსის თქმით, საქართველოს წარმატება, ეკონომიკური გაძლიერება და კეთილდღეობა ტერიტორიული მთლიანობბის აღდგენის ერთ-ერთი საწინდარი იქნება.
ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქართველ სამხედროებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველო გადაჭარბებითაც კი ასრულებს ნატოს ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებას, დახარჯოს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 % თავდაცვის შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, რაც “აუცილებლობითაც იყო ნაკარნახევი”.
“ჩვენი თანამშრომლობა არცერთ სფეროში არაა იმაზე მტკიცე, ვიდრე მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ბრძოლაში. საქართველო ამერიკის მთავარი პარტნიორია. 2004 წლიდან ათასობით ქართველმა იმსახურა ამერიკელთა მხარდამხარ კოსოვოში, ერაყსა თუ ავღანეთში. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოს ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს გაგზავნილი ავღანეთის მისიაში და 31 ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში. ისინი გმირები არიან. ამერიკელ ხალხს ახსოვს და მუდამ მადლიერებით ემახსოვრება ისინი და მათი ოჯახები”, – განაცხადა მაიკ პენსმა.
ვიცე-პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს გზავნილთა შორის იყო მხარდაჭერის ხაზგასმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მაიკ პენსის პირველი ევროპული ტურნე სამ ქვეყანას მოიცავს, რომელთაგან საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფოა.
„მე და პრეზიდენტი ტრამპი მხარს ვუჭერთ ნატოს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრი გახდება. საუკუნის მეოთხედია ამერიკა გვერდით უდგას საქართველოს და ეს გაგრძელდება ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებშიც, ჩვენ კვლავ თქვენ გვერდით ვიდგებით, როგორც პარტნიორები, მეგობრები და ერთ დღესაც, როგორც ალიანსის წევრები”, – ვიცე-პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვებს, არამედ ქმედებებსაც გულისხმობს. “როგორც ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ განაცხადა, საქართველოს მომავალი დასავლეთია და ჩვენი ძალა ახლა და ყოველთვის იქნება ჩვენს ერთობაში”, – ამ სიტყვებით დაასრულა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა.
——–
ამერიკულ მედიაში კიდევ რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის თაობაზე.
პოპულარული და გავლენიანი გამოცემა «Foreign Policy» ყურადღებას უთმობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტალინსა და თბილისში ვიზიტს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვაშინგტონში მღელვარე კვირის ფონზე, მაიკ პენსმა აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა“ (ავტორი – ემილი ტამკინი). „მღელვარე კვირაში“ იგულისხმება თეთრ სახლში შექმნილი საკადრო პრობლემები. ვიზიტის მიმდინარეობის გადმოცემისას და მისი შეფასებისას ავტორი იმოწმებს აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძის კომენტარს: „მაიკ პენსის ვიზიტი არაორაზროვნად, ღიად ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირების სიმტკიცეს. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობებში“.
რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის განხილვის ფონზე მაიკ პენსის ვიზიტია მოკლედ მიმოხილული გაზეთ «The New York Times»-ში ორ აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაშიც სათაურით „მაიკ პენსის თქმით, ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონს ხელს მოაწერს“ (ავტორი – სიუ ჩანი).
წყაროები: http://foreignpolicy.com/2017/08/01/during-whirlwind-week-in-washington-vp-pence-comforts-east-european-allies // https://www.nytimes.com/2017/08/01/world/europe/trump-pence-georgia-russia-sanctions.html
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 02 აგვისტო, 2017 წელი
https://www.kommersant.ru/doc/3372779
მხარეთა მოწონებით
მაიკ პენსმა ესტონეთს ერთგულება შეჰფიცა, საქართველოსაგან კი ძმობის სადღეგრძელოები მოისმინა
ვრცელ სტატიაში გადმოცემულია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ტურნეს შედეგები – ესტონეთში, სადაც იგი შეხვდა ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოსა ლიდერებს და ნატოსადმი აშშ-ის დამოკიდებულებაში მკვეთრი ტრანსფორმაცია გამოხატა (დონალდ ტრამპი, რომელიც ადრე ნატოს „მოძველებულ“ ორგანიზაციად მიიჩნევდა, ახლა თავის აქცენტებს რადიკალურად ცვლის). მაიკ პენსმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ მზადაა გამოიყენოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ბალკანეთის სახელმწიფოები რუსეთის შემაკავებელი პლაცდარმის სახით (ავტორები – სერგეი სტროკანი, გიორგი დვალი).
პუბლიკაციის პირველ ნაწილში („თეთრი სახლი თავისიანებს არ მიატოვებს“) დიდი ადგილი აქვს დათმობილი მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციას თბილისში, მის განცხადებებს, პასუხებს კითხვებზე… განსაკუთრებით ფართოდაა გაშუქებული მისი პოზიცია რუსეთის მიმართ, რომელსაც აშშ სანქციებს უცხადებს. მაიკ პენსმა ბალტიისპირეთის რესპუბლიკებს მხარდაჭერა აღუთქვა. „აშკარაა, რომ ვაშინგტონს რუსეთის შეკავება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა იქვე შენიშნა, რომ მას და დონალდ ტრამპს მტკიცედ სჯერათ – რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდებაო“, – აღნიშნავენ ავტორები.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამონათქვამები ტალინსა და თბილისში, თავისი სტილითა და ინტონაციით, თეთრ სახლში ამერიკელი რესპუბლიკელების წინა ადმინისტრაციების „ქორების“ იმ განცხადებებს ჩამოჰგავს, რომლებიც სხვადასხვა წლებში ჟღერდა მოსკოვთან კონფრონტაციის პიკზე“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის მეორე ნაწილი („მოძმე საქართველო“) უშუალოდ თბილისში ვიზიტს ეხება. მაიკ პენსის ვიზიტს თბილისში ვიზიტს ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა., რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მორიგ, მეცხრე წლისტავს დაემთხვა. გავიხსენოთ, რომ სწორედ იმ მოვლენებმა გამოიწვია პირველი სისტემური კრიზისი დასავლეთსა და რუსეთს შორის, უკრაინის კონფლიქტამდე ჯერ კიდევ ექვსი წლით ადრე. თანაც ბევრმა კონგრესმენმა, რომლებმაც რუსეთი საქართველოს მიმართ მოქმედებისთვის დაგმეს, ახლა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ინიცირება მოახდინეს“, – წერს ქართველი ავტორი და მკითხველს მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის განცხადებების მოკლე შინაარსს აცნობს. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკის კოლონამ, რომელიც ბურგასიდან ფოთის პორტში გადმოიტვირთა ნატოს სამხედრო სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, მარშით გაიარა მთელი საქართველო, განსაკუთრებით კი სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ გასწვრივ, ცხინვალთან ახლოს მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზიდან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით.
«Независимая газета» (რუსეთი), 02 აგვისტო, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-08-02/5_7042_georgia.html
ვაშინგტონი და თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ ერთიანდებიან
საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტს სუვერენიტეტის დაცვის გარანტად მიიჩნევენ
საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი დასრულდა. პროგრამა ძალზე დატვირთული იყო: მოლაპარაკება პრემიერთან და პრეზიდენტთან, სამხედრო სწავლებაზე დასწრება, აუდენცია კათოლიკოს-პატრიარქთან, სეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ქართული მხარე კმაყოფილია. თბილისი ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა თავისი პირველი ევროპული ვოიაჟის დროს ნატოს წევრებთან ერთად, საქართველოც მოინახულა, რაც სიკეთის მომასწავებელი ნიშანია – ესე იგი, შორს არაა ალიანსში გაწევრიანების დღე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მაიკ პენსის ორდღიანი ვიზიტის მთავარი მომენტები. ავტორი მკითხველს ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვახშმის ზოგიერთ მომენტსაც აცნობს, მაგალითად, თუ როგორ მოისმინა მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილის ნაამბობი ამერიკულ თანამგზავრ „ვოიაჯერის“ მიერ კოსმოსში ქართული სიმღერის „ჩაკრულოს“ გატანის ამბავი: რუსეთი გაბრაზდა – რატომ ამოირჩია „ნასა“-მ 1977 წელს მაინცდამაინც ქართული სიმღერა სხვა სამყაროს ცივილიზაციისათვის გასაცნობად, საქართველო ხომ დამოუკიდებელი რესპუბლიკა არ არისო. თუმცა მოსკოვმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო – „ვოიაჯერი“ უკვე შორს იყო.
მაიკ პენსის განცხადებებს რუსული ოკუპაციის დაგმობისა და სანქციების გამოცხადების თაობაზე საქართველოში ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის „რეცეპტმა“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში, რომელიც გამარტივებული სახით შეიძლება ასეთი სახით ჩამოვაყალიბოთ: „საქართველო ეკონომიკურად უნდა განვითარდეს, რაშიც ამერიკა დაგეხმარებათ და როცა დაკარგული რეგიონები დაინახავენ ქართველების კეთილდღეობის უკეთეს დონეს, ისინი თვითონ დაგიბრუნდებიანო“. მაგრამ სწორედ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის, ამიტომაც მოსახლეობა ჩრდილოელ მეზობელთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ითხოვს. საქართველოს ახლო წარსულში მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო. რაიმე მინიშნებაც კი რუსეთთან დაკავშირებით ადამიანს უსიამოვნებას უქადდა და უფრო მეტსაც – „სამშობლოს ღალატში“ ბრალდებას. ამჟამად რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ძირითადად სოფლის მოსახლეობა ბჭობს – მოსავლის რეალიზების თვალსაზრისით… საბჭოური პერიოდის მოგონებები რუსეთში ექსპორტზე ჯერ კიდევ არ გამქრალა. ეს აქტუალურია, რადგან თურქული პროდუქცია ქართულს ანაცვლებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის დროს ზოგიერთ ქართველს ფრთხილი კითხვები ებადებოდა: „კარგია, მაგრამ მაიკ პენსი რომ წავა, შემდეგ რა?“. ანდა სულაც სკეპტიკური გამონათქვამი: „აშშ-სთან დაახლოების ყოველი „ეპოქალური ეტაპი“ ჩვენ რუსეთთან ეპოქალური პრობლემებით უკან გვიბრუნდებაო“. თუმცა ასეთი კითხვები ჯერ-ჯერობით ცოტაა, რადგან ამჟამად საქართველოსთვის მზე დასავლეთიდან ამოდის. მაიკ პენსის ვიზიტი აჩვენებს, სიტუაცია დასტაბილურდება და რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იქნება დაშვებული“.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 02 აგვისტო, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
„არაორაზროვანი პოზიცია: აშშ-ის მმართველი გუნდი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა“
ვრცელ სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ოფიციალური ვიზიტის დაწყება, მიმდინარეობა, განცხადებები, პრეს-კონფერენცია და ა.შ. (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
„მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტის მთავარ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამერიკის ახალმა ხელმძღვანელობამ საქართველოსა და ყოველივე იმის მიმართ, რაც იქ ხდება, ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის პოზიცია გამოავლინა. ასეთ სიგნალს, რა თქმა უნდა, შეუძლია როგორღაც შეაკავოს მოსკოვის აგრესიული განწყობა – მოსკოვისა, რომელიც ბოლო დრომდე ნებას აძლევდა თავის ჯარებს და სეპარატისტებს „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „საზღვარი საქართველოს სიღრმეში გადაეწიათ და ადგილობრივი მოსახლეობა გაეტაცებინათ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
«Press TV // Al Jazeera TV» (ირანი//ყატარი), 01 აგვისტო, 2017 წელი
www.presstv.ir/Detail/2017/07/31/530212/Georgia-US-launch-joint-military
რეპორტაჟები ვაზიანიდან
თეირან-ვაშინგტონის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ირანულმა მედიამ მაინც საკმაოდ ფართოდ გააშუქა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, თანაც უფრო მეტი ყურადღება მაიკ პენსის იმ განცხადებას დაუთმო, რომელიც ვაშინგტონის მიერ გამოცხადებულ სანქციებს ეხება – „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის მიერ შემუშავებულ სანქციებს მალე აუცილებლად ხელს მოაწერსო“. როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესმა შეიმუშავა კანონი რუსეთის, ირანისა და ჩრდ.კორეის წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციების გამოცხადების თაობაზე, ამიტომაც არის დაინტერესებული ირანის მედია ამ სანქციების ბედით.
ირანის სახელმწიფო ტელეკომპანია Press TV-ის მიერ ვაზიანიდან გადაცემულ რეპორტაჟებში, რომელთა ავტორი თბილისში აკრედიტებული კორესპონდენტი სვეტლანა ალიმოვა გახლავთ, ასახულია როგორც ნატოს სამხედრო წრთვნების დაწყება (ვიდეოსიუჟეტში ფართო პლანითაა ნაჩვენები ამერიკული სამხედრო ტექნიკის შემოსვლა თბილისში), ასევე მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივ პრეს-კონფერენცია. განსაკუთრებით ხაზგასმულადაა გადმოცემული მაიკ პენსის ნეგატიური პოზიცია რუსეთის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მოსკოვი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ახორციელებს. გარდა ამისა, როგორც ტელერეპორტაჟშია აღნიშნული, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა ამერიკის პოზიცია, რომლის თანახმად, ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხში.
ზოგადად, ირანის ინგლისურენოვან ტელეეთერში საქართველოს შესახებ გაშვებული მასალების შინაარსი ობიექტურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
რაც შეეხება არაბულ მედიას: ყატარის საერთაშორისო სტატუსის მქონე ტელეკომპანია Al Jazeera-ს ეთერში პირველ აგვისტოს გადაიცა კორესპონდენტ რობინ ფორესტ-უოკერის მიერ მომზადებული ვრცელი რეპორტაჟი თბილისიდან, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, მაიკ პენსის გამოსვლით. მასში მთავარი აქცენტი გადატანილია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ვიზიტით, მკაცრად დაგმო ქვეყნის მეხუთედი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ და განაცხადა, რომ ამერიკა კრემლს დამატებით სანქციებს გამოუცხადებს. მაიკ პენსის ყოფნა თბილისში აღქმული იქნა როგორც მხარდაჭერა იმ ქვეყნისათვის, რომლის სეპარატისტული რეგიონები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან“.