globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომისტი უხელმძღვანელებს: ქართული დიპლომატია ვალუტით გაიზომება

«Независимая газета» (რუსეთი): ქართული ტელეეთერი პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დარჩა: „რუსთავი-2“-ის შემდეგ „იმედიც“ შეზანზარდა

«Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოსთვის ნატოს კარი იღება?

«Iran Russian Radio» (ირანი): ინტერვიუ ანდრეი არეშევთან: „კავკასიაში დაპირისპირების ახალი ერა იწყება“

—————

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 2 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2800658

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომისტი უხელმძღვანელებს: ქართული დიპლომატია ვალუტით გაიზომება

„თბილისში დაგეგმილი „ამბასადორიალის“ – ქართველი ელჩების ყოველწლიური შეხვედრის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებისათვის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის წარდგენა გადაწყვიტა: ეს პიროვნება გიორგი კვირიკაშვილი გახლავთ, რომელსაც ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა, ადრე კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის თანაშეწე იყო. გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის ერთ-ერთი „არქიტექტორად“ ითვლება“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

ახალი მინისტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ეკონომიკური ხასიათი ექნება: მთავარი მიზანია საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. „იგი, როგორც ეკონომისტი, ერთ ხელში მოაქცევს ამ ორ სფეროს – საგარეო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის წარდგენისას.

ოპოზიცია ახალ დანიშვნას ნეგატიურად შეხვდა: „ეს ჩვენი სუვერენული საგარეო პოლიტიკის დასასრულია“, – განუცხადა „კომერსანტს“ პარლამენტის წევრმა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით დარჩიაშვილმა. დეპუტატი თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილი პროფესიონალი დიპლომატი არ არის და შესაბამისად, „მას არ შეუძლია საგარეო ურთიერთობებში ქვეყნისათვის სასარგებლო პროექტების ინიცირება“.

„ამიერიდან აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, – ხაზი გაუსვა „კომერსანტთან“ საუბარში დიპლომატიური აკადემიის ყოფილმა რექტორმა იოსებ ცინცაძემ.

მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ახალ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი წარმატებით გამოიყენებს თავის ძველ კავშირებს: „მჯერა, რომ იგი ფართო ინვესტიციებს მოიზიდავს“, – უთხრა რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა „კომერსანტს“. ამასთანავე, მან იმედი გამოხატა, რომ საქართველო ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგაც გააგრძელ;ებს ევროსტრუქტურებთან მჭიდრო ინტეგრაციის კურსს.

«Независимая газета» (რუსეთი), 2 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-09-02/7_gruzia.html

ქართული ტელეეთერი პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დარჩა: „რუსთავი-2“-ის შემდეგ „იმედიც“ შეზანზარდა

სტატიაში გადმოცემულია ქართულ ტელეკომპანიებთან „რუსტავი-2“-თან და „იმედთან“ დაკავშირებული ამბები, კერძოდ, პირველ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე, რომლის თანახმად, ტელეარხის ადრინდელი მფლობელები საკუთრების დაბრუნებას ითხოვენ და მეორე შემთხვევაში – „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვიტილებაზე პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შესახებ (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა საუბარი „რუსთავი-2“-ის შესახებ, რომლის უძრავ და მოძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს, ადრინდელი მფლობელის მოთხოვნით, სასამართლომ ყადაღა დაადო: „ტელეკომპანია მუშაობას განაგრძობს, მაგრამ შეიძლება ითქვას, „ჰაერში გამოკიდებული სახით“, – აღნიშნულია სტატიაში.

რაც შეეხება „იმედთან“ დაკავშირებულ პერიპეტიებს: პოლიტიკური თოქ-შოუები, როგორც ტელეარხის მფლობელები აცხადებენ, იმიტომ დაიხურა, რომ სამომავლოდ უკეთესი უნდა მომზადდესო. ეს გასაგებია, მაგრამ განა რეორგანიზაციის დაწყება ორი რეიტინგული თოქ-შოუს დახურვით უნდა დაწყებულიყო?

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ტელეკომპანიებთან მიმართებულ შექმნილ პრობლემებში მთვარობასა და პირადად ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს (რომელსაც არანაირი თანამდებობა არ აქვს ხელისუფლებაში) ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამგვარი მოქმედება მასმედიაზე ზეწოლაა და რომ ხელისუფლებას სურს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ მასმედია გააკონტროლოს. თავის მხრივ მთავრობა მხრებს იჩეჩავს – „ჩვენ რა შუაში ვართ, კერძო ტელეარხებიაო“ და ხელს სასამართლოსაკენ იშვერს – „ვინ მტყუანია და ვინ მართალი, დაე, ყველაფერი თემიდამ გადაწყვიტოსო“.

ლოგიკის მიხედვით, „რუსთავი-2“-ის მიმართ შეიძლება მართლაც არსებობდეს მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობის  დაინტერესება, რადგანაც ეს ტელეარხი აშკარად ოპოზიციური „ნაციონალურ მოძრაობის“ სასარგებლოდ მუშაობდა, მაგრამ „იმედის“ ოპოზიციურობა მაინცდამაინც არ ჩანდა. კი, ზოგიერთ გადაცემაში ხელისუფლებისადმი კრიტიკა ისმოდა, მაგრამ დოზირებული სახით. არაა გამორიცხული, რომ ახლა მთავრობას სურს „იმედი“ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საინფორმაციო იარაღად გამოიყენოს: დღეს ისინი ერთმანეთის მოკავშირეები არიან, რათა არ დაუშვან „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება. თავის დროზე ხომ „იმედმა“ „ნაციონალებისაგან“ ბევრი ტანჯვა გამოიარა, – ხაზგასმულია სტატიაში.

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე „რუსთავი-2“-ისა და „იმედის“ დამცველების მიერ გამართულ აქციებზე, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის სპიკერის პოზიციებზე ტელეკომპანიების შესახებ: პირველმა მკვეთრი „საგანგებო განცხადება“ გააკეთა თავისუფალი მასმედიის დაცვაზე, ხოლო მეორემ უფრო ზომიერად შეაფასა სიტუაცია და მასმედიას მისსავე საინფორმაციო პოლიტიკაში დამოუკიდებლობა უსურვა.

«Radio France Internationale» (საფრანგეთი), 01 სექტემბერი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150828-iens-stoltenberg-priletel-v-gruziyu-otkryvat-dveri-v-nato

საქართველოსთვის ნატოს კარი იღება?

საფრანგეთის რადიოსადგურმა „რადიო ფრანსე ინტერნაციონალემ“ გუშინ, პირველ სექტემბერს, საღამოს, ეთერში გადასცა კვირის მიმოხილვა საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ. რადიოსიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი თემაა თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი და მისი მონაწილეობა ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრის გახსნაში (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

„ქართველებს მიაჩნიათ, რომ ცენტრის გახსნის ფაქტით „ნატო საქართველოს კარს უღებს, რადგანაც ქვეყნის ტერიტორიაზე პირველად შეიქმნა ნატოს ინფრასტრუქტურის პირველი ობიექტი, რომელსაც, მართალია, მთლიანად სამხედრო ხასიათი არ აქვს, მაგრამ აფიქსირებს „ალიანსის ყოფნას კავკასიის რეგიონში“.

თუმცა ამ დღეებში თბილისში ბევრ საუბრობენ იმაზეც, რით უპასუხებს რუსეთი ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას და გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი სიტუაციის გამწვავებას სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ. ამ ფონზე ბოროტგანზრახულად გამოიყურება აფხაზეთში ოცამჩირე-ენგურის რკინიგზის ხაზის აღდგენის სამუშაოები რუსი სამხედრო რკინიგზელების მიერ: ზუსტად ასე იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წინ…

საქართველოს ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა და ცდილობს შეარბილოს მოსკოვის შესაძლო რეაქცია ნატოს პირველი ობიექტის შექმნასთან დაკავშირებით. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე სპეციალურად გაუსვა ხაზი იმას, რომ სასწავლო ცენტრი რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არისო. გარდა ამისა, მან იქვე მოიხსენია კიდევ ერთი საწრთვნელი ცენტრი – სამთო მსროლელების მოსამზადებელი სასწავლო ბაზა საჩხერეში, სამხრეთ ოსეთთან ახლოს. პრემიერ-მინისტრმა თითქოსდა მიანიშნა, რომ საჩხერის ბაზა დიდი ხანია არსებობს და თუ ის მოსკოვის გაღიზიანებას არ იწვევს, მაშინ რატომ უნდა განერვიულდეს მოსკოვი კრწანისის ცენტრის გამოო.

თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილი ეშმაკობს: საჩხერის სამხედრო-საველე სკოლა შექმნილია საფრანგეთის დახმარებით და არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადაწყვეტილებით. ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა, რომ სწორედ საფრნგეთმა და მისმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადაარჩინა საჩხერის ბაზა სრული განადგურებისაგან 2008 წლის აგვისტოში.

რაც შეეხება კრწანისის სასწავლო ცენტრს, ის სულ სხვა ობიექტია, რადგან შექმნილია საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების კონტექსტით. ამასთან, მოსკოვს არაერთხელ განუცხადებია მაღალი ტრიბუნიდან, რომ ასეთ ინტეგრირება-დაახლოებას დაუშვებლად და სახიფათოდ მიიჩნევს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების კუთხით. სწორედ ასეთი შინაარსი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოში ნატოს გენმდივნის ვიზიტისა და ალიანსის სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით.

მაგრამ შემოიფარგლება კი რუსეთი მხოლოდ ამ განცხადებით?

ბევრი შიშობს, რომ მოსკოვმა შეიძლება ხისტ ზომებს მიმართოს: მაგალითად, სულ უბრალო მიზეზის გამო კვლავ დააწესოს ემბარგო ქართულ პროდუქციაზე, ანდა გადაკეტოს ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც თბილისს შავიზღვისპირეთის ნავსადგურებთან – ფოთთან და ბათუმთან აკავშირებს.

თუმცა, როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან საუბარში პოლიტოლოგი ირაკლი მაჭავარიანი ამბობს, საეჭვოა, რომ რუსეთმა მსგავსი ნაბიჯი გადადგას: „თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით, პრაქტიკულად ასეთი რამ არ მოხდება. შიზოფრენიასაც ხომ აქვს თავისი საზღვრები“, – ამბობს ირაკლი მაჭავარიანი.

რაც შეეხება აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის დაწყების ფაქტს, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ექსპერტი ირაკლი მელაშვილი არ გამორიცხავს, რომ ისევე როგორც შვიდი წლის წინათ, ახლაც რუსეთს იგივე მიზნები აქვს – რკინიგზის გამოყენება სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, ჯარების სწრაფად გადასაყვანად, თორემ ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, სადაც რკინიგზა გადის, მოსახლეობა ძალიან მცირეა. გარდა ამისა, პროექტის სარეალიზაციოდ უამრავი ფულის დახარჯვასაც არანაირი დასაბუთება არ აქვს, თუ არა სამხედრო თავალსაზრისი.

- ირაკლი, შეიძლება ეს უკავშირდება არა საქართველოს დასჯას ნატოს ცენტრის გახსნის გამო, არამედ იმას, რომ რუსეთმა საქართველო იძულებული გახადოს დათანხმდეს სატრანზიტო სარკინიგზო მოძრაობის აღდგენას რუსეთიდან სომხეთისაკენ, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით?

- მეეჭვება, რომ ასეთი გეგმები განხორციელდეს. შესაძლოა ვიღაცას მსგავსი რაღაც აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ, ჩემი აზრით, ამგვარი მეთოდებით საქართველოს რკინიგზის გახსნაზე ვერ დაითანხმებენ. ამისათვის აუცილებელია სერიოზული მოლაპარაკება და სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ცალმხრივი ნაბიჯები კი კომპრომისულ გადაწყვეტილებას აჭიანურებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კრწანისის ცენტრში ერთობლივი სწავლებები და, რაც მთავარია, ნატოს წევრი რომელი სახელმწიფოები გამოგზავნიან სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად უნდა იყვნენ სასწავლო ცენტრში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გასაწრთვნელად.

«Iran Russian Radio» (ირანი), 01 სექტემბერი, 2015 წელი

http://russian.irib.ir/analitika/interview/item/259405-а-арешев-начинается-новая-эра-противоборства-на-кавказе

ინტერვიუ ანდრეი არეშევთან: „კავკასიაში დაპირისპირების ახალი ერა იწყება

ირანის სახელმწიფო რადიოსადგურის რუსულენოვანმა სამსახურმა პირველ სექტემბერს ეთერში გადასცა ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ ანდრეი არეშევთან, რომელშიც იგი კომენტარს უკეთებს თბილისში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნის ფაქტს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

შეკითხვა: როგორ კომენტარს გაუკეთებდით საქართველოში, თბილისში ამ რამდენიმე დღის წინათ მომხდარ მოვლენას – ნატოს საწრთვნრელი ცენტრის გახნას?

ანდრეი არეშევი: დიახ, ამ ცენტრის გახსნას საკმაოდ თან საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი და ხმაური ახლდა… ეს ობიექტი ნატოს უელსის სამიტის გადაწყვეტილებით დაარსდა, რაზედაც თავიდანვე არავინ ეჭვობდა. აღსანიშნავია, რომ გახსნას დაესწრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, წარმოითქვა მორიგე განცხადებები საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის  გაღრმავების შესახებ, აღინიშნა ის წარმატებები, რასაც საქართველო აღწევს.

ვფიქრობ, ამ ცენტრის გახსნა ორმა ძირითადმა მიზეზმა გამოიწვია:

პირველი – ნატო ცდილობს საქართლო ჰყავდეს თავისთან ახლოს ისეთ პირობებში, როცა ამ სამხრეთკავკასიურ ქვეყანას ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ალიანსში გაწევრიანება არ ელოდება. ამას დასავლელი ლიდერები უკვე ღიად აცხადებენ, რაც იწვევს ქართული პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილის გაღიზიანება-განერვიულებასს, რომელმაც თავიდანვე ნატოზე დიდი ფსონები დადო. რასაკვირველია, საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ ჰორიზონტზე ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანება არ მოჩანს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ რიგი პროგრამები მაინც განხორციელდება. აქვე ვიტყვი, რომ ეს სასწავლო ცენტრი შეიძლება სამხედრო ბაზადაც ჩავთვალოთ, თუმცა ამას ორივე მხარე – ნატოც და საქართველოც უარყოფენ.

მეორე – როგორც კი ქართული პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი დაიწყებს ყოყმანს და ეჭვის შეტანას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაიის მიზანშეწონილებაში (რომელსაც საქართველოსათვის სტრატეგიულად არანაირი დივიდენდები არ მოაქვს), იმწუთში იწყება ანტირუსული განცხადებების გაჟღერება და აქციები, რომელიც ისედაც რთულ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს. აღსანიშნავია, რომ ორ მეზობელს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ არის. ჩემი აზრით, ამ კონტექსტში თავსდება საქართველოს ორაზროვანი გადაწყვეტილება – მიერთებოდა მთლიანად თუ მხოლოდ ნაწილობრივ ანტირუსულ სანქციებს… აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მძაფრი ზეწოლის ქვეშაა და ამ საკითხში თბილისს მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეუძლია.

დასავლელი კვლევითი ცენტრები, მაგალითად, ამერიკული „სტრატფორი“ მიუთითებს, რომ „შეიძლება ითქვას, რომ  კავკასიაში დაპირისპირების ახალი პერიოდი იწყებაო“, ეს გარკვეულწილად სინამდვილეა, თუმცა რუსეთს სულაც არ სურს ამ კონფრონტაციაში ჩაბმა. მოსკოვმა უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადება. რუსეთი ყურადღებით დააკვირდება თავის სამხრეთ საზღვართან მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს“.

Comments are closed