«Каспiй» (აზერბაიჯანი): გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბაქოში: მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება
«Вести» (უკრაინა): არჩევნები საქართველოში: ქართველებმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ვერ გაუგეს, ხოლო მიხოს ცოლში „ადგილობრივ ჰილარი კლინტონს“ ხედავენ
———————-
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 01 სექტემბერი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=45684#.V8jncX8kodU
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბაქოში: მეგობრობის კიდევ ერთი დადასტურება
აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთი «Каспiй» ყურადღებას უთმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ბაქოში, რომელიც ამ ორიოდე დღის წინ განხორციელდა. ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით გაზეთის კორესპონდენტი რომან ტემნიკოვი ქართველ ექსპერტ-პოლიტოლოგს ჯუმბერ კირვალიძეს ესაუბრება.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, გიორგი კვირიკაშვილის ბაქოში ვიზიტი, მისი შეხვედრები კოლეგა არტურ რასი-ზადესთან და პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, მათთან გამართული მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხებზე ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. „არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ჩვენს ქვეყნებს ერთი საერთო პრობლემც აერთიანებთ – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ამიტომაც ვიზიტის დროს დიდი ყურადღება დაეთმო ამ საკითხსაც და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ოფიციალურად აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობას და არასდროს შეურიგდებიან დღეს არსებულ სიტუაციას [ანუ აგრესიული მეზობლების მიერ საკუთარი ტერიტორიების ოკუპირების ფაქტს]. საქართველოსა და აზერბაიჯანის ასეთი ურთიერთმხარდაჭერა, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა, აუცილებელი და შედეგის მომტანია“, – ამბობს ინტერვიუში ჯუმბერ კირვალიძე.
პოლიტოლოგი ეხება აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტს - ენერგომილსადენების და, საერთოდ, სატრანზიტო კომუნიკაციების მნიშვნელობას: ჯუმბერ კირვალიძე ხაზს უსვამს ბაქოში ორი კვირის წინათ გამართულ აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტზე „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანპორტო დერეფნის საკითხები განიხილეს. რეგიონული თანამშრომლობის ეს საკითხი, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც საინტერესოა. „კავკასიის სატრანსპორტო კომუნიკაციების თემატიკა საქართველოს პირდაპირ უკავშირდება, რადგან სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის როგორც კასპიისა და შავი ზღვების ნავსადგურების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სამხრეთკავკასიური ავტომაგისტრალი („ტრასეკას“ ჩარჩოებში), ასევე საერთაშორისო სტატუსის მქონე „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალი“, – ამბობს ჯუმბერ კირვალიძე.
„ვიზიტის დროს განიხილეს ორმხრივად საინტერესო საშინაოპოლიტიკური საკითხებიც, რას მნიშვნელოვანია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ: ცნობილია, რომ ქვემო ქართლში კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებთაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში და ისისნი ძალიან არიან დაინტერესებულნი ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებისათვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტს ყურადღებით ადევნებდნენ თვალს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებიც, რომლებიც ზაგათალისა და გახის რაიონის მკვიდრნი არიან. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ასეთი მოლაპარაკებები ჩვენს ორივე ქვეყანას დიდ სიკეთეს და კიდევ უფრო განამტკიცებს მეზობლების მეგობრულ კავშირებს“, – ასეთ დასკვნას აკეთებს ინტერვიუში ქართველი პოლიტოლოგი.
«Вести» (უკრაინა), 02 სექტემბერი, 2016 წელი
http://vesti-ukr.com/mir/164324-vybory-v-gruzii-v-parlament-idut-zhenwiny-saakashvili
არჩევნები საქართველოში: ქართველებმა ლეონიდ ჩერნოვეცკის ვერ გაუგეს, ხოლო მიხოს ცოლში „ადგილობრივ ჰილარი კლინტონს“ ხედავენ
უკრაინის გაზეთი „ვესტი“ საქართველოში არსებული სიტუაციითაა დაინტერესებული. მთავარი საკითხი, რაზედაც გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, რომლებშიც, სხვათა შორის, „უკრაინული კვალიც“ ჩანს. ჟურნალისტი ალექსანდრა ხარჩენკო საუბრობს როგორც საერთო წინასაარჩევნო ვითარებაზე (პარტიებისა და ბლოკების რეგისტრირება, კანდიდატთა წარდგენა ამომრჩეველთა წინაშე…), ასევე ცალკეული პოლიტიკური ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების საარჩევნო პერსპექტივაზე. სტატიაში ნახსენებია ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც (გერმანული კომპანია GFK-ის მიერ), რომლის თანახმად, ქართველები თითქმის ერთნაირად უჭერენ მხარს როგორც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ მმართველ „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის უკან საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ამჟამად კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დგას.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ოპერის ვარსკვლავი და „ქართველი ჰილარი“
თუ საქართველოს პარლამენტში ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი ახალი მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ მოხვდება (რომელსაც, სხვათა შორის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ახლოს მდგომ ორგანიზაციად მიიჩნევენ), მაშინ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში კოალიციის შექმნის შანსი უჩნდება. თვითონ მიხოს, როგორც ცნობილია, პარლამენტში ბალოტირება არ შეუძლია. იგი ვერც საქართველოში დაბრუნებას ვერ ბედავს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული (სახელმწიფო ხაზინის განიავებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო), ძებნაა გამოცხადებული და როგორც კი იგი ქართულ მიწაზე ფეხს დაადგამს, მას იმავწუთს დააპატიმრებენ. მიხო საპრეზიდენტო ვადის დამთავრებისთანავე, 2013 წლის ნოემბერში, საქართველოდან გაქრა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ეს ფაქტორიც მიხოს საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას უკრძალავს. სამაგიეროდ, პალამენტის დეპუტატობა სურს მიხეილ სააკაშვილის ცოლს, 47 წლის სანდრა რულოვსს, წარმოშობით ჰოლანდიელს და საქართველოს მოქალაქეს. ქმრის წასვლის შემდეგ სანდრა საცხოვრებლად თბილისში დარჩა, უმცროს შვილ ნიკოლოზთან ერთად და საქვემოქმედო საქმიანობას ეწევა.. ახლავე შეიძლება ითქვას, რომ სანდრა რულოვს პარლამენტის დეპუტატობა გარანტირებული აქვს: იგი კენჭს იყრის როგორც მაჟორიტარული სისტემით, ასევე „ერთიანი ნაცმოძრაობის“ პარტიული სიითაც, სადაც რიგით მეორეა.
სანდრა რულოვსის პოლიტიკაში გამოჩენის მიმართ ქართველი ექსპერტების პოზიცია გაყოფილია: ერთნი ამბობენ, რომ დეპუტატობის კანდიდატად საქართველოს ყოფილი პირველი ლედის წარდგენა ნომინალურია, რადგანაც ჰოლანდიელი ქალის ზურგს უკან ქმრის ინტერესები ჩანს. მეორენის აზრით, არაა გამორიცხული, რომ მას მომავალში დამოუკიდებლად თამაშის პოტენციალი ჰქონდეს. სანდრა რულოვსს ბევრი „ქართველ ჰილარი კლინტონად“ მოიხსენიებს.
„ზოგადად, ქართველებს სანდრა მიხოზე მეტად უყვართ, ამიტომაც მას პოლიტიკაში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს“, – ამბობს „ვესტის“ კორესპონდენტთან საუბარში ქართველი ჟურნალისტი სოფო დათიშვილი, – იგი ჭკვიანი და მომხიბლავი ქალია, იცის რამდენიმე ენა, მათ შორის მეგრულადაც ლაპარაკობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია იმ რეგიონის მოსახლეობისათვის (სამეგრელოსათვის), სადაც იგი კენჭს იყრის“.
დეპუტატობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტის ცოლის წამოყენების გამო „ნაციონალებს“ ბევრი აკრიტიკებს: „ცოლი ქმრის კარნახით იმოქმედებს, სანდრა მიხოს იდეებს გაატარებს“, – ამბობს ექსპერტი გიორგი ლომიძე. გარდა ამისა, ხმები დადის, რომ პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს კიდევ ერთი „მიშას ქალი“ – უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი ხატია დეკანოიძე, რომელიც თითქოსდა ამ მიზნით კიევში სამსახურს დატოვებს, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა არ მომხდარა.
ქართული პარლამენტის წევრობაზე ოცნება არ შეუწყვეტია კიევის ყოფილ მერს ლეონიდ ჩერნოვეცკისაც, რომელიც აგერ უკვე ხუთი წელია საქართველოში (აჭარაში) ცხოვრობს. იგი ქართული პასპორტის მფლობელია და კენჭს ქობულეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის, დამოუკიდებელი კანდიდატის სახით. „ლეონიდ ჩერნოვეცკის უთქვამს, საქართველოში, პარტიის შექმნის მიზნით, ათი განათლებული ადამიანიც კი ვერ ვიპოვეო. ასე ხსნის კიევის ექს-მერი თავის წარუმატებლობას, რომელსაც ქართველმა პოლიტიკოსებმა მხარი არ დაუჭირეს“, – ამბობს სოფო დათიშვილი.
„თუ რუსულ ბაზებს დავტოვებთ, რუსული პენსიები გვექნება“
ჯერ-ჯერობით წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე დიდ სკანდალად ნაკლებადცნობილი, მაგრამ პრორუსული ლოზუნგების მქონე პარტიის „ცენტრისტების“ ცესკოში რეგისტრაციის გაუქმება უნდა ჩაითვალოს. პარტიისათვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის ფორმალური მიზეზი სრულუფლებიანი ხელმძღვანელის არყოლაა, თუმცა რეალური მიზეზი სრულიად სხვაა – „ცენტრისტებმა“ ღია პროპაგანდა გააჩაღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზების დაკანონების თაობაზე და ამისათვის მოსახლეობას პენსიის მომატებას პირდებოდნენ იმ დონით, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია (თითქმის 400 ლარამდე, ანუ 4,5 ათას გრივნამდე, ამჟამინდელი 2 ათასის ნაცვლად).
„საქართველოში პრორუსული მესიჯები პოპულარული არ არის, მაგრამ ასეთი აგიტაცია უკვე ტენდენციურ ხასიათს ღებულობს და, ალბათ, გაძლიერდება. კრემლთან ახლოს დგას, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც ორჯერ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. დღეს იგი პარტიის ხელმძღვანელია, თუმცა ამომრჩევლებში ნაკლებად პოპულარულია“, – ჰყვება სოფი დათიშვილი. სხვათა შორის, კიევის გადაწყვეტილებით, ნინო ბურჯანაძეს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება: იგი ყირიმს რუსეთის კუთვნილებად მიიჩნევს.