globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Foreign Policy» (აშშ): „აშშ-სა და რუსეთს შორის „ხმლამოღებულ დუელში“ საქართველო შუალედურ გზას ეძებს“ // ამერიკული Foreign Policy-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

«Svenska Dagbladet» (შვედეთი): არ დავივიწყოთ საქართველო – პუტინის ომის მორიგი შესაძლო ობიექტი

————–

«Foreign Policy» (აშშ), 2 ოქტომბერი, 2015 წელი

http://foreignpolicy.com/2015/10/01/between-russian-and-u-s-saber-rattling-georgia-seeks-a-middle-path/

აშშ-სა და რუსეთს შორის „ხმლამოღებულ დუელში“ საქართველო შუალედურ გზას ეძებს

ამერიკული Foreign Policy-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

ჯონ ჰადსონი, ნიუ-იორკი

გაეროს სამიტზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მსოფლმხედველობათა მძაფრი კონკურენციით განისაზღვრება, პატარა სამხრეთკავკასიური სახელმწიფო საქართველო რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, რათა [ტიტანთა ბრძოლაში არ გაიჭყლიტოს და] არცერთი მხარე – არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი არ გააღიზიანოს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, ასეთი სიტუაცია [რუსეთ-აშშ-ის დაპირისპირება] მხოლოდ ხელს შეუშლის თბილისის მცდელობებს, აღადგინოს კონტროლი დაკარგულ ტერიტორიებზე და გააუმჯობესოს ეკონომიკური სიტუაცია.

„ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ საქართველოს აქვს ვიზავის უფლება, ანუ თვითონ პირისპირ აწარმოოს საკუთარი პოლიტიკა რუსეთთან და სხვა მეზობლებთან“, – განაცხადა მან „ფორინ პოლისი“-სისადმი მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, ნიუ-იორკში ყოფნის დროს, სასტუმროს ნომერში.

გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ დაღლილი ჩანდა მოსკოვისა და ვაშინგტონის მძაფრი რიტორიკისა და გაეროს სამიტის ირგვლივ მსოფლიო პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე.

თუ საქართველო დღეს რუსეთის წინააღმდეგ ძველებურად ისე ინტენსიურად აღარ ჩივის, ხშირად მწვავედ აღარ აკრიტიკებს, ისე არ უნდა გვეგონოს, რომ პრობლემები შემცირდა: კრემლი კვლავ დახმარებას უწევს ორ სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, კვლავ იწევა სამხრეთ ოსეთის ე.წ. „საზღვარი“ საქართველოს სიღრმეში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. თებერვალში კი რუსეთმა აფხაზეთთან დადებული სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ფაქტიური ანექსიის ტოლფასია.

ამასთან, საქართველოს მმართველმა კოალიციამ კარგად უწყის, თუ რა მოუტანა ქვეყანას პროვოკაციულმა ანტირუსულმა რიტორიკამ: 2008 წლის აგვისტოს გამანადგურებელი ომი, როცა მოსკოვი საქართველოში შეიჭრა, ქართული არმიის მიერ სამხრეთ ოსეთში დაწყებული ოპერაციის გამო. ეს კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა, იგი მტკიცე პროამერიკული ლიდერი იყო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხშირად მოურიდებლად საჯაროდ აკრიტიკებდა ხოლმე, რაც მას სიამოვნებდა კიდეც.

„არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ემოციურები უნდა ვიყოთ. ჩვენ რუსეთთან რაციონალური დიალოგი გვჭირდება“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. ასეთი რბილი მიდგომა მკვეთრ კონტრასტშია მისი უკრაინელი კოლეგის პეტრო პოროშენკოს პოზიციასთან შედარებით, რომელმაც გენერალურ ასამბლეაზე მოსკოვი მკვეთრად გააკრიტიკა ყირიმის ოკუპაციისთვის და პრორუსი სეპარატისტების პერმანენტული მხარდაჭერისთვის ქვეყნის აღმოსავლეთში. უკრაინის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას „ცბიერი“ უწოდა და უკრაინის არასტაბილურობასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„ქართველი ლიდერები კვლავ მტკიცედ დგანან ევროპულ გზაზე, მაგრამ მათი რიტორიკა არის ისეთი, რომ რუსეთის პროვოცირება არ დაბრალდეთ, როგორც ეს წინა ადმინისტრაციის დროს მოხდა. ეს უფრო ჭკვიანური და წინდახედული პოლიტიკაა“, – განაცხადა ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ლაურა ლინდერმანმა.

მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა (მას გიორგი მარგველაშვილიც მხარს უჭერდა), მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების პირობა დადო, რასაც ამერიკელი ნეოკონსერვატორები სკეპტიციზმით შეხვდნენ, რადგან ეშინიათ სტრატეგიული მდებარეობის მქონე მოკავშირის დაკარგვა. მართალია, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წყალობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთთან ვაჭრობა (რუსეთს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მეოთხე ადგილი უკავია), მაგრამ პარალელურად კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან კავშირი გააღრმავა. გარდა ამისა, თბილისს ახლა რუბლის გაუფასურებით გამოწვეული მძიმე შედეგებიც კისერზე  დააწვა. ეკონომიკა მხოლოდ 2,5%-ით იზრდება, როდესაც იგივე პერიოდში 2014 წელს ზრდა 4,5% იყო.

მიუხედავად ამისა, შიშები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ საქართველო პრორუსული სატელიტი სახელმწიფო გახდებოდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც მტკიცედ უჭერენ მხარს თანამშრომლობას დასავლურ ოგანიზაციებთან, მათ შორის ნატოსთან და ევროკავშირთან, მიუხედავად გერმანიისა და საფრანგეთის პრეტენზიებისა, რომლებიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარს აცხადებენ, მისი ტერიტორიული პრობლემების გამო.

გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს კიდევ ერთხელ დაადასტურა დასავლეთთან ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულება და მხარდაჭერა. „ჩვენ გვაქვს ნათელი ხედვა, რომ განვვითარდეთ ევროკავშირისა და ნატოსკენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სურს მეტი უსაფრთხოება და მეტი სტაბილურობა და ამას სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე არ ვაკეთებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რაც რუსეთზე ღია მინიშნება იყო.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ამჟამინდელი მთავრობა სხვადასხვა სფეროში მძიმე შეცდომებს არ უშვებს, მაგალითად, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანი მართვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და რიგმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დააყენეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების საკითხი. ეს საქმეები მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ წევრს ეხება.

ამ თვის დასაწყისში, „ნაცმოძრაობის“ წევრი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 14-თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მეორე დღეს, კვლავ ციხეში შეაბრუნეს. მას ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ვერდიქტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

გიორგი მარგველაშვილმა უარყო ბრალდება, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სხვა ქვეყნებზე მეტად პოლიტიზებულია. „ყოველთვის იქნება კითხვები სასამართლო სისტემის სამართლიანობაზე და ყოველთვის იქნებიან კრიტიკოსები, რომლებიც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას გააკრიტიკებენ. ეს მთელ მსოფლიოში ასეა“, – განაცხადა მან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ იგი ღიაა გიგი უგულავას შეწყალების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შესახებ მანამ ვერაფერს იტყვის, სანამ საქმეს შეწყალების კომისიას ოფიციალურად არ წარუდგენენ. „სახელმწიფო, დანაშაულის შემთხვევაში არის დამსჯელი, თუმცა მეორე მხრივ, მას აქვს საშუალება, აჩვენოს ჰუმანურობაც. ყოველთვის ასე ვიყენებდი შეწყალების მექანიზმს და ასეც გამოვიყენებ მას მომავალში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა აგრეთვე თბილისში რამდენიმე ათეული ადამიანის მიერ მოწყობილ პატარა პრორუსული დემონსტრაციის თაობაზეც. აქციამ საერთაშორისო მედიაში გამოხმაურება ჰპოვა, რადგან პროდასავლური განწყობის მქონე ქვეყანაში ასეთი რამ იშვიათად ხდება.

„[ჩვენთან] არიან პრორუსულად და პროევრაზიულად განწყობილი „ცხელთავიანი“ ადამიანები. ჩემი აზრით, ისინი ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ახლა, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გაუმჯობესების შედეგად, მათ ხმამაღლა დაიწყეს ლაპარაკი. მიხარია ეს? არა, ნამდვილად არა, თუმცა ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ნორმალურია, როდესაც დემოკრატიაში არის ისეთი მოსაზრბები, რომლებიც ჩვენს ხედვას არ ემთხვევა, მაგრამ ეს უნდა მოვითმინოთ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ყოველთვის იყო პრორუსულად განწყობილი საზოგადოების მცირე ნაწილი, თუმცა ახლა დემონსტრანტების სენტიმენტების გაღვივებას კრემლისაგან მხარდაჭერილი პრორუსული მასმედია ახდენს.

გიორგი მარგველაშვილმა თავი აარიდა ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კრიტიკას და შეკითხვას, გააკეთა თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმარისი საქართველოს მხარდასაჭერად მაშინ, როდესაც მოსკოვმა სეპარატისტული რეგიონების მხარდაჭრა გააძლიერა, პირდაპირ არ უპასუხა: „აშშ არის შესანიშნავი მოკავშირე საქართველოსთვის და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი პარტნიორობა, რომელსაც ვავითარებთ. მაგრამ მე აქ ვარ იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად გამოჩნდეს აშშ-ს რადარებზე… რათა განვიხილოთ მეტი თანამშრომლობა ამერიკელ პარტნიორებთან“, – განაცხად მან.

ორშაბათს პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთის საპირისპირო განცხადებები გააკეთეს. ობამა ადამიანის უფლებებზე საუბრობდა, ხოლო პუტინი დასავლეთის სამხედრო ინტერვენციას აკრიტიკებდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ლიბია და ერაყი. როდესაც ვკითხეთ საქართველოს პრეზიდენტს, ატარებდა თუ არა პუტინის მესიჯი ირონიულ ხასიათს საქართველოსთან მიმართებითაც, იგი ანკესს არ წამოეგო: „ორი ბანაკის მიერ ერთმანეთის დადანაშაულება და მისი შედეგები ის არ არის, რაც ჩვენ გვსურს, რასაც ვეძებთ და რის დანახვაც გვინდა“, – განაცხადა მან.

«Svenska Dagbladet» (შვედეთი), 30 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.svd.se/glom-inte-georgien-putins-nasta-krig

არ დავივიწყოთ საქართველო – პუტინის ომის მორიგი შესაძლო ობიექტი

შვედურგაზეთ „სვენსკა დაგბლადეტში“ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინისა და სირიის ამბების შემდეგ რუსეთის სამიზნე შეიძლება კვლავ საქართველო აღმოჩნდეს (ავტორი – ჯეიმს ბრანდბერგი).

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ამჟამინდელი დაძაბული საერთაშორისო სიტუაციის გამო ისეთი ემიგრაციული ტალღებია წარმოქმნილი, რომლის მსგავსი, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის დროიდან არ მომხდარა. ევროკავშირს ისედაც ბევრი პრობლემები აქვს და მიგრაციამ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაამრავლა. ახლო აღმოსავლეთი დუღს, რუსეთმა სირიაში სამხედრო ძალა გამოიყენა სირიაში. კავკასიაში არსებულ კონფლიქტებში რუსეთი მნიშვნელოვან, მაგრამ არაზროვან როლს ასრულებს. მთიანი ყარაბაღის პრობლემა ვერ გვარდება, რადგან მოსკოვი ეხმარება როგორც აზერბაიჯანსა, ასევე სომხეთსაც, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული.

საქართველო, კავკასიის პროდასავლური ბასტიონი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ენერგორესურსების სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც რუსული „რბილი ძალის“ გამოყენების მორიგი ობიექტი შეიძლება გახდეს. მართალია, ამჟამად იქ შედარებით სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. დღეს საქართველოს კოალიცია „ქართული ოცნება“ მართავს, რომელსაც, თავის მხრივ, არანაირი თანამდებობის არმქონე ბიძინა ივანიშვილი – „რუხი კარდინალი“ აკონტროლებს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც არჩევნების დროს კანდიდატად თვითონ ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა, დღეს ოლიგარქის მიმართ ოპოზიციაში იმყოფება.

საქართველოს არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა, ლარის კურსი მკვეთრ რყევას განიცდის. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინული „მაიდნის“ მოწყობას აპირებს. პოტენციური დესტაბილიზაცია შესაძლებელია რუსეთის ჩარევითაც, რომელიც მხარს უჭერს აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს. ამას ისიც ემატება, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაცია პრორუსულადაა განწყობილი. საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას შეეცადა და გარკვეულ შედეგსაც მიაღწია: ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე გავიდა, განახლდა საავიაციო მიმოსვლა. რუსეთთან მიმართებით განცხადება გააკეთა ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისში გამართულ ამბასადორიალზე, როცა მან ევრაზიულ კავშირთან პრიორიტეტი პრაგმატულ დამოკიდებულებას მიანიჭა, თუმცა იმავდროულად დაადასტურა ინტეგრაციული კურსის გაგრძელება ევროსტრუქტურებთან.

დღეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებში ასეთი სპექტრია“ „ერთიანი ნაცმოძრაობა“ და თავისუფალი დემოკრატები“ პროდასავლურად არიან განწყობილნი. კოალიციიდან ირაკლი ალასანიას წასვლით ოცნება“ დასუსტდა და ის უმრავლესობას პმომავალ პარლამენტში მხოლოდ პრორუსულ ნინო ბურჯანაძესთან კოალიციით თუ მიიღებს, რომელსაც მოსახლეობის 10% უჭერს მხარს.

დესტაბილიზების რისკი მატულობს აგრეთვე საქართველოში გახშირებული იდუმალი მკვლელობებითაც (ჩამოთვლილია ბოლო ექვს თვეში მომხდარი ეროსი კიწმარიშვილის, იური ვაზაგაშვილის, ბესიკ ხარძიანის მკვლელობები) და სხვა მსგავსი კრიმინალური ხასიათი ფაქტებითაც: ზოგიერთი ოპოზიციონერის სისხლის სამართლის დევნით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის საქმიანობის შეზღუდვით და ა.შ., – აღნიშნულია სტატიაში.

რის გაკეთება შეუძლია შვედეთს ასეთ იტუაციაში საქართველოსთვის?

რასაკვირველია, შვედეთს ისეთი სამხედრო ძალა არ აქვს, რომ რუსეთს წინ აღუდგეს. შცედეთმა ამ შემთხვევაში დიპლომატიური მცდელობა უნდა გააძლიეროს, დააყენოს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოსადმი მხარდასაჭერად, ისარგებლოს ეუთოსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს უფლებამოსილებით, ხელი შეუწყოს საქართველოში სადამკვირვებლო მისიების გაგზავნას. ასეთი ძალისხმევით ჩვენ პროფილაქტიკურ ზომებს განვახორციელებთ დესტაბილიზების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ემუქრება ამ რთულ და არაპროგნოზირებად მსოფლიოში, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed