globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 2nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 150-დან 115: „ქართულმა ოცნებამ“ გეგმა გადაჭარბებით შეასრულა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტის არიელ კოენის თქმით, „ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა, თუმცა იმავდროულად დასავლური სტილის დემოკრატიაა“

«Независимая газета» (რუსეთი): ილია II-ს მოსკოვში „ქართული ოცნება“ მოაქვს // კათოლიკოსის კერძო ვიზიტი შესაძლო სამშვიდობო მიზნებით

«Lragir» (სომხეთი): ნატოს ახალი პარტნიორების როლი და მდგომარეობა // საქართველომ ნატო-ევროკავშირისაგან დიდი ფინანსურ-მატერიალური საშუალებები მიიღო, სომხეთი კი ღარიბ-ღატაკია და რუსეთს შემწეობას სთხოვს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-dream-won-a-constitutional-majority-in-the-parliament-of-georgia/3574246.html

150-დან 115: „ქართულმა ოცნებამგეგმა გადაჭარბებით შეასრულა

ზაზა წულაძე

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. ახალ პარლამენტში 113 მანდატის ნაცვლად -115 ადგილი მოიპოვა და როგორც მოსალოდნელი იყო, საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღო. 8 ოქტომბერს, აღებულ – 67 მანდატს (44 – პროპორციულით, 23 – მაჟორიტარულით), „ოცნებამ“ – 30 ოქტომბერს, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში – კიდევ 48 დაუმატა. „ოცნებასვე“ ეკუთვნის, მთაწმინდის მაჟორიტალური ოლქის მანდატიც, ვინაიდან აქ გამარჯვებულ საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ სალომე ზურაბიშვილს სწორედ მმართველი პარტია უჭერდა მხარს.

პარადოქსია, მაგრამ, „ქართული ოცნების“ სრული ტრიუმფი, მისი მხარდამჭერების მნიშვნელოვანი კლებისა და „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ პროცენტულის წილის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მოხდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ – 327 950 ხმით ნაკლები მიიღო (2012-ში -1 184 588, 2016-ში – 856 638). რაც შეეხება მოქალაქეთა აქტიურობას, 2016 წლის არჩევნებზე – 345 348 ამომრჩევლით ნაკლები მივიდა (2012-ში – 3 613 851რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე 59,76 %, ანუ  2 159 624 გამოცხადდა; 2016-ში კი რეგისტრირებული 3 513 884-დან მხოლოდ 1 814 276, ანუ 51,63%).

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ასეთი პარადოქსი მთლიანად ამჟამინდელი საარჩევნო სისტემის „დამსახურებაა“, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა და შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღარ შეცვალა: „მმართველი პარტიის ხელში გადადის ქვეყნის მმართვის აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რაც ცხადია, მაღალ პოლიტიკურ რისკებს აჩენს – ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პროცესების თვალსაზრისით. ცხადია, არსებულ საარჩევნო სისტემას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ შედეგში. იმიტომ, რომ რეალურად „ქართული ოცნებას“, მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, მთავრობის დასაკომპლექტებლადაც კი დასჭირდებოდა კოალიციის შეკვრა სხვა პოლიტიკურ ძალებთან, პროპორციულში მიღებული 48%-ით ის მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებდა, თუმცა, მაჟორიტარული სისტემის წყალობით, დღეს, ჩვენ უკვე, საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ვსაუბრობთ“.

კიდევ ერთი პარადოქსი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურის მაჟორიტარული ოლქი გახდა. პროპორციულ არჩევნებში, 8 ოქტომბერს, აქ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა პირწმინდად წააგო მაჟორიტარული არჩევნების, როგორც პირველი, ისე მეორე ტური „მრეწველთა“ კანდიდატთან.

„მრეწველებმა“, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მხოლოდ – 0,78% (13788 ხმა) დააგროვეს. დაახლოებით ამდენივე ხმა მათმა კანდიდატმა, კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა სიმონ ნოზაძემ (12405 ხმა) მხოლოდ ხაშურში აიღო და „ქართული ოცნების“ კანდიდატი, მოქმედი დეპუტატი ვალერი გელაშვილი დიდი უპირატესობით დაამარცხა.

მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 116 მანდატი ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ – 27, „პატრიოტთა ალიანსის“ – 6 და „მრეწველების“ – ერთ დეპუტატს მხოლოდ დამკვირვებლად აქცევს.

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში ამხელა ძალაუფლების კონცენტრირება საფრთხის შემცველია, რაზეც საქართველოს უახლოესი ისტორიაც მეტყველებს: „პრაქტიკას თუ გადავხედავთ, როგორ იყენებდა საქართველოში ნებისმიერი ხელისფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას, წინა ხელისუფლება როგორ იყენებდა, იმის წინა, როგორ იყენებდა, როცა ჰქონდა შესაძლებლობა რომ რაღაც შეეცვალა კონსტიტუციაში, ბუნებრივია, ასეთი პრაქტიკიდან გამომდინარე ეს ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხეა. მეორე პრობლემაა, რომ ჩვენი კანონმდებლობით საკონსტიტუციო ცვლილებებს მინიმუმ -75%-იანი ლეგიტიმაცია სჭირდება. ამ დროს, „ოცნებას“ არჩევნები მოგებული აქვს 48%-ით, ანუ ეს არის ნახევარზე ცოტა ნაკლები. ანუ ნახევარზე ცოტა ნაკლების ლეგიტამაცია აქვთ, მაგრამ ჩვენი მახინჯი საარჩევნო სისტემის წყალობით, რომელიც სწორედ „ოცნების“ წინააღმდეგობის გამო არ შეიცვალა, ახლა ვდგავართ ამ რეალობის წინაშე“.

არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ მომავალი გეგმებიდან, ჯერჯერობით, დადასტურებულად ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას კვლავ „ოცნების“ საპარლამენტი სიის ლიდერი – გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. სავარაუდოდ, მთავრობის წევრები გახდებიან სიის მეორე და მეხუთე ნომრები – კახი კალაძე და გიორგი გახარია.

რაც შეეხება პარლამენტის თავჯდომარის პოსტს, მას საპარლამენტო სიის მესამე ნომერი, იურისტი ირაკლი კობახიძე უმიზნებს: 38 წლის კობახიძე, რომელიც დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს ფლობს, 2015 წლიდან პარტიის აღმასრულებელი მდივანია. მანამდე, 14 წლის მანძილზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში (USAID, სოროსის ფონდი, UNDP) მუშაობდა.

ირაკლი კობახიძე ქართველი პოლიტიკოსის, მესამე და მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრის გიორგი კობახიძის ვაჟია. სხვადასხვა წლებში მამამისი ეროვნული კონგრესის, ეროვნულ-დემოკრატიული და სახალხო პარტიების წევრი იყო. ბოლოს კი „სახალხო კრებას“ წარმოადგენდა. 2015 წელს, როცა კობახიძე უმცროსი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გახდა, გიორგი კობახიძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პარლამენტში გასული 150 დეპუტატი

ქართული ოცნება – 115:

პროპორციული სიით – 44

1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე, 3. ირაკლი კობახიძე, 4. თამარ ჩუგოშვილი, 5. გიორგი გახარია, 6. აკაკი ზოიძე, 7. თამარ ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9. სოფო ქაცარავა, 10. ირინე ფრუიძე, 11. კახაბერ კუჭავა, 12. მანანა კობახიძე,13. ეკა ბესელია, 14. ზვიად კვაჭანტირაძე, 15. ზვიადი ძიძიგური, 16. გია ჟორჟოლიანი, 17. გიორგი გაჩეჩილაძე , 18. ირაკლი კოვზანაძე, 19. რუსლან პოღოსიანი, 20. მახირ დარზიევი, 21. არჩილ ხაბაძე, 22. ლერი ხაბელოვი, 23. სამველ მანუკიანი, 24. ვიქტორ ჯაფარიძე, 25. ალექსანდრე ქანთარია, 26. ისკო დასენი, 27. დიმიტრი სამხარაძე, 28. ვანო ზარდიაშვილი, 29. შოთა შალელაშვილი, 30. ერეკლე ტრიპოლსკი, 31. მირიან წიკლაური, 32. გიორგი კახიანი, 33. რევაზ არველაძე, 34. დიმიტრი ცქიტიშვილი, 35. გიგა ბუკია, 36. თეიმურაზ კოხრეიძე, 37. თეიმურაზ ჭკუასელი, 38. სვეტლანა კუდბა, 39. რატი იონათამიშვილი, 40. დიმიტრი ხუნდაძე, 41. ოთარ ჩრდილელი, 42. ალექსანდრე ერქვანია, 43. ენძელა მაჭავარიანი, 44. გია ბენაშვილი

მაჟორიტარული სიით – 71

45. ზაზა ხუციშვილი, 46. მამუკა მდინარაძე, 47. ნინო გოგუაძე, 48. გიორგი ვოლსკი, 49. ირაკლი შიოლაშვილი, 50. სავალან მირზოევი, 51. გოდერძი ჩანქსელიანი, 52. გოგი მეშველიანი, 53. კახა ოქრიაშვილი, 54. რუსლან გაჯიევი, 55. ზაქარია ქუცნაშვილი, 56. გიორგი თოთლაძე, 57. გედევან ფოფხაძე, 58. ენზელ მკოიანი, 59. ელგუჯა გოცირიძე, 60. პაატა კვიჟინაძე, 61. გრიგოლ ლილუაშვილი, 62. გრიგოლ მიქელაძე, 63. ცოტნე ზურაბიანი, 64. გოჩა ენუქიძე, 65. არჩილ თალაკვაძე, 66. ოთარი დანელია, 67. ანზორ ბოლქვაძე, 68. ბიძინა გეგიძე, 69. ლევან გოგიჩაიშვილი, 70. ბექა ოდიშარია, 71. ირაკლი აბისერიძე, 72. დავით ჭიჭინაძე 73. ბექა ნაცვლიშვილი, 74.გიორგი მოსიძე, 75. მარიამ ჯაში, 76. შოთა ხაბარელი, 77. ზაზა პაპუაშვილი 78. ილია წულაია, 79. სოფიო კილაძე, 80. მიხეილ ყაველაშვილი, 81. ზაზა გაბუნია 82. კობა კობალაძე 83. ლევან კობიაშვილი, 84. ლევანი კობერიძე, 85. რომან მუჩიაშვილი, 86. დავით სონღულაშვილი, 87. გურამ მაჭარაშვილი, 88. ირაკლი სესიაშვილი , 89. გელა სამხარაული, 90. პაატა მხეიძე , 91. გიორგი ბეგაძე , 92. თამაზ ნავერიანი , 93. დიმიტრი ხუნდაძე, 94. ირაკლი მეზურნიშვილი , 95. იოსებ მაკრახიძე , 96. თენგიზი ხუბულური, 97. გიორგი კოპაძე, 98. გენადი მარგველაშვილი , 99. დიმიტრი მხეიძე, 100. კობა ნარჩემაშვილი, 101. კობა ლურსმანაშვილი, 102. შალვა კიკნაველიძე, 103. სულხან მახათაძე, 104. ნინო წილოსანი, 105. ირაკლი ხახუბია, 106. ირაკლი ბერაია, 107. მერაბი ქვარაია, 108. ირაკლი ბერაია, 109. ედიშერ თოლორაია, 110. გოგა გულორდავა, 111. ფატი ხალვაში, 112. ლევან ბეჟანიძე, 113. მუხრან ვახტანგაძე, 114. კობა ნაკაიძე, 115. ილია ნაკაშიძე

ნაციონალური მოძრაობა – 27:

პროპორციული სიით – 27

1. დავით ბაქრაძე , 2. სანდრა რულოვსი, 3. ელენე ხოშტარია, 4. რომან გოცირიძე, 5. ნიკანორი მელია , 6. გიორგი ტუღუში , 7. ოთარი კახიძე, 8. სალომე სამადაშვილი, 9. ირაკლი აბესაძე , 10. სერგი კაპანაძე , 11. სერგო რატიანი, 12. გიორგი კანდელაკი , 13. ლელა ქებურია , 14. აკაკი ბობოხიძე , 15. გიგა ბოკერია, 16. კობა ნაყოფია , 17. ირმა ნადირაშვილი , 18. მამუკა ჩიქოვანი , 19. თინათინ ბოკუჩავა, 20. რამაზ ნიკოლაიშვილი, 21. ზურაბ ჭიაბერაშვილი , 22. ლაშა დამენია , 23. ხათუნა გოგორიშვილი, 24. თენგიზ გუნავა , 25. ზაზა კედელაშვილი , 26. აზერ სულეიმანოვი, 27. გიგი წერეთელი

პატრიოტთა ალიანსი – 6:

პროპორციული სიით – 6

1. ირმა ინაშვილი, 2. ადა მარშანია , 3. ნატო ჩხეიძე , 4. გიორგი ლომია, 5. გელა მიქაძე, 6. ემზარ კვიციანი

თოფაძემრეწველები, ჩვენი სამშობლო – 1:

მაჟორიტარული სიით – 1

1. სიმონ ნოზაძე

დამოუკიდებელი – 1:

მაჟორიტარული სიით – 1

1. სალომე ზურაბიშვილი

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-post-election/3574733.html

ამერიკელი ექსპერტის არიელ კოენის თქმით, „ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა, თუმცა იმავდროულად დასავლური სტილის დემოკრატიაა

ია მეურმიშვილი

ვაშინგტონში როგორც ოფიციალური წყაროები, ასევე აკადემიური წრეები აცხადებენ, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო. ექსპერტები, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, თითქმის ერთხმად ამბობენ, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება საქართველოს დემოკრატიის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯია.

ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები ღრმავდება და იხვეწება: „არჩევნები მოსახლეობის შეხედულებას ასახავს. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის არსებული პერსონალური დაპირისპირება პოლიტიკაზე აისახება. ვფიქრობ ამომრჩეველი ამ ორ ადამიანს შორის აკეთებდა არჩევანს და არა მათ პოლიტიკურ ფილოსოფიასა თუ პლატფორმას შორის. იმედია მომავალში საქართველოს დემოკრატია ამ გამოწვევასაც გადალახავს. გულდასაწყვეტია ის, რომ ღიად პრო-რუსული პარტია პარლამენტში შევიდა და თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერა. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია. მესმის ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებაც – თუ თვითონ ვერ შეძლო პარტიის პარლამენტში შეყვანა ამის გაკეთების შესაძლებლობა სხვას უნდა მისცეს, მაგრამ იმედი მაქვს ის პოლიტიკაში დარჩება“.

„ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი არიელ კოენი ამბობს, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ახალგაზრდა, თუმცა იმავდროულად დასავლური სტილის დემოკრატიაა. მისი თქმით, არც საქართველოს გარეთ შეცვლილა მდგომარეობა, რის გამოც ქვეყნის ორიენტაცია უცვლელი უნდა დარჩეს: „სამწუხაროა, რომ ისინი პოლიტიკიდან მიდიან. ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და იმედი მაქვს ერთ დღეს პოლიტიკას დაუბრუნდებიან. პარლამენტის შემადგენლობას რაც შეეხება, ეს დემოკრატიის საფასურია. დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ყველასთვის მოსაწონი პოლიტიკური ძალები დაწინაურდნენ. ამერიკაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტს სჯერა – და იმედი მაქვს ეს ასევ გაგრძელდება – რომ დასავლეთთან ახლო ურთიერთობა, განათლება, ვაჭრობა, მოგზაურობა ქვეყნისთვის უკეთესია, ვიდრე რაიმე სხვა“.

არიელ კოენის მოსაზრებას ეთანხმება ჯეფრი რათკეც, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი. ის იმედს იტოვებს, რომ ცვლილების მიუხედავად საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული დარჩება: „მე არ ვიცი როგორი პოლიტიკა ექნება საქართველოს ახალ მთავრობას, მაგრამ ვფიქრობ არსებული პოლიტიკის განგრძობითობას დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობაში. თუ დასავლელი პარტნიორები უწყვეტად ხედავენ იმას, რომ საქართველო დასავლური ღირებულებების ერთგული რჩება, მასთან ურთიეთრობა გაცილებით მარტივად წარიმართება“.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ექსპერტები ორ საკითხზე თანხმდებიან – საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ღია, თავისუფალი და სამართლიანი იყო და მეორე, საქართველოს სამომავლო განვითარებისთვის პრო-დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება კრიტიკული მნიშვნელობის იქნება.

«Независимая газета» (რუსეთი), 02 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/ng_religii/2016-11-02/1_409_ilia.html

ილია II-ს მოსკოვში „ქართული ოცნება“ მოაქვს

კათოლიკოსის კერძო ვიზიტი შესაძლო სამშვიდობო მიზნებით

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 18 ნოემბერს მოსკოვს უნდა ეწვიოს. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესია აცხადებს, რომ ვიზიტი კერძო ხასიათისაა, მისი მიზანი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს 70 წლის აღსანიშნავ იუბილეში მონაწილეობაა, თუმცა იქვე იდუმალად ამატებენ – „ილია მეორეს შეუძლია რუსეთის ყველა წარმომადგენელს შეხვდესო…“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არტურ პრიმაკი).

მოსკოვსა და თბილისში დიდი ხანია შეეჩვიენ იმას, რომ საქართველოს სულიერი ლიდერის რუსეთში ვიზიტები, მართალია, „კერძო ხასიათისაა“, მაგრამ ფაქტიურად უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე განხორციელებულ შეხვედრებს მოიცავს, რომლის დროსაც მწვავე პრობლემებზე მსჯელობენ. ასე იყო 2011 წლის ნოემბერში, როცა მოსკოვში, პატრიარქ კირილეს 65 წლისთავთან დაკავშირებით ვიზიტის დროს, ილია მეორე დიმიტრი მედვედევს შეხვდა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილთა დაბრუნების საკითხები განიხილეს… სოხუმისა და ცხინვალის საკითხი საქართველოსა და რუსეთისათვის არის როგორც „ლოდი დაბრკოლებისა“, ასევე გადაუდებელი დიალოგის საბაბიც. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ახალგაზრდა რესპუბლიკებს დამოუკიდებლად აღიარებს, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს მაინც საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიებად თვლის.

პოლიტოლოგი აღასი არაბიანი, საქართველოს სსრ-ში დაბადებული, ამჟამად კი „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ხელმძღვანელი, „ნეზავისიამია გაზეტა – რელიგიის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს ამბობს, რომ მოსკოვში ილია II-ის ვიზიტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დათბობის მანიშნებელია:

„ამას მოწმობს აგრეთვე საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაც: მართალია, ამ პარტიის პროდასავლური კურსი და მოქმედება, მათ შორის აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების საკითხში, არაფრით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისაგან“, მაგრამ იმავდროულად „ქართული ოცნება“, „ნაციონალებთან“ შედარებით, რუსეთთან ურთიერთობის განვითარებითაა დაინტერესებული და ამიტომაც პრორუსულად ითვლება. თბილისში კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთთან კავშირების გარეშე ქართული სახელმწიფოს [„გემის“] ცურვა შეუძლებელია, ამიტომაც ქართველები დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირებენ. ილია მეორე საქართველოს არა მარტო სულიერი, არამედ პოლიტიკური ლიდერიცაა. ჩემი აზრით, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალები მას შუამავლობას თხოვენ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის პროცესში, ანუ არაფორმალური დიპლომატი იყოს. თბილისში არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რომ ეკლესიას დიპლომატის როლის შესრულება უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე ქართულ საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამჟამად თბილისსა და მოსკოვს შორის პროტოკოლური დიპლომატიური კონტაქტები შეუძლებელია, რადგან დიპურთიერთობა ჯერ კიდევ 2008 წლიდანაა გაწყვეტილი. საელჩოები არ მუშაობენ, რადგან ეს საქართველოს ხელისუფლებას არ სურს. „ქართულ ოცნებას“ რკინისებური პირობა აქვს: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან, კომპენსაცია უნდა გადაიხადოს და როცა ეს მოხდება, მერე უკვე დალაპარაკებაც შეიძლება. მაგრამ ამგვარმა მიდგომამ საქართველო რეალურ ჩიხში შეიყვანა. სამწუხაროდ, თბილისს ჯერ-ჯერობით მეტის შემოთავაზება არ შეუძლია – ხალხი მთავრობას ვერ გაუგებს და დაამხობს. ამიტომაც ახლა თბილისი ალტერნატიული პოლიტიკური სვლა-გეზის ძიების პროცესშია. ილია მეორე რუსეთის საკითხებისათვის საუკეთესო ალტერნატიულ დიპლომატს წარმოადგენს – იგი შეუდარებელი ავტორიტეტით სარგებლობს რუსეთში მცხოვრებ ქართველებში, მას დიდ პატივს სცემენ როგორც რუსეთის ეკლესიის ლიდერები, ასევე რუსი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები“, – ამბობს აღასი არაბიანი და აღნიშნავს, რომ ამჟამად ბევრი მომენტია მომწიფებული, რომლებიც ორივე მხარისთვისაა მნიშვნელოვანი: „პირველ რიგში ეს ეხება 2015 წელს რატიფიცირებულ რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, ამჟამად მზადდება მსგავსი შეთანხმების რატიფიცირებაც სამხრეთ ოსეთთან. თბილისში კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთი „ოკუპირებული ტერიტორიებიდან“ (ანუ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან) არსადაც არ წავა. ამ ტერიტორიების დღევანდელი სტატუს-ქვო თბილისს მხოლოდ მოკლევადიან მოგებას აძლევს – საარჩევნო კამპანიის პერიოდში. საერთოდ კი, ამგვარი სიტუაცია – არც ომი და არც მშვიდობა რუსეთთან – საქართველოსთვის ჩიხს წარმოადგენს. რადგანაც საერთო პოლიტიკური მეთოდები არაეფექტურია, თბილისმა რელიგიური ფაქტორი ჩართო. თბილისის მსგავსად, ილია II-ის იმედი მოსკოვსაც აქვს: აქ კარგად ახსოვთ, რომ 1989 წლის აპრილში,  ზვიადისტებისა და საბჭოთა არმიის ნაწილების დაპირისპირების დროს სწორედ ილია II სთხოვდა მომიტინგე ზვიადისტებს, რომ დაშლილიყვნენ, მაგრამ მათ [პატრიარქის გაფრთხილება] ყურად არ იღეს“, – ამბობს აღასი არაბიანი.

სამხრეთ კავკასიის საკითხთა სპეციალისტის ვლადიმირ ზახაროვის აზრით, „კერძო ვიზიტი ხშირად შენიღბვას ემსახურება, მაგრამ ილია II-ს კერძო პირს ვერ ვუწოდებთ, იგი ფაქტიურად სრულიად საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ქვეყნის ყველა მოქალაქეს და მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ქართველს აერთიანებს. უეჭველია, რომ კირილესთან შეხვედრაში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. პრობლემები ბევრია, გადაწყვეტა კი პოლიტიკოსებისაგან არავის შეუძლია. საქართველოს ხელისუფლება ჩიხშია, თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობა თუ არ მოაგვარა, ისე შორს ვერ წავა. დიახ, საქართველო აცხადებს ევროპასთან იდენტობას, ევროატლანტიკურ ინტეგრირებას, მაგრამ რას მიიღებს საქართველო ევროპისგან? ან რას სესტავაზებს საქართველო ევროპას, საკუთარი ტერიტორიის გარდა? ქართული ღვინო და ხილი ევროპას მაინცდამაინც არ ჭირდება, ეს პროდუქცია მხოლოდ რუსეთში იყიდება“.

ვლადიმირ ზახაროვი თვლის, რომ ილია II ნიადაგს მოამზადებს რუსეთ-საქართველოს ფართო სპექტრის კონტაქტებისათვის და, რასაკვირველია, განხილული იქნება აფხაზეთ-სამხრეთის ოსეთის პრობლემებიც: „მაგალითად, ამ რესპუბლიკებში არსებული სიტუაცია მართლმადიდებლობიასთან დაკავშირებით – იქაური ეკლესიები გარეგნულად ქართული პატრიარქატის დაქვემდებარებაში არიან , მაგრამ ფაქტიურად არ ემორჩილებიან“.

როგორც საქართველოს უშისროების ექს-მინისტრი ვალერია ხაბურძანიამ „ნეზავისიმაია გაზეტა – რელიგიის“ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა, ილია II-ის ვიზიტისაგან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში „რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ველოდოთ“. „მისი უწმინდესობა რუსეთში ძირითადად საეკლესიო საკითხების გამო ჩამოდის. არა მგონია, რომ რუსეთის პატრიარქის დაბადების დღის აღნიშვნის დროს პოლიტიკური საკითხები იქნეს განხილული, თუმცა, ვფიქრობ, ქართულ-რუსული ურთიერთობების რაღაც ასპექტებზე, ალბათ, იმსჯელებენ. მართალია, რუსეთში ილია II-ის წინა ვიზიტების დროს ლტოლვილთა დაბრუნებისა და ვიზების საკითხები განიხილეს, მაგრამ მაშინაც კათოლიკოსი მოქმედებდა ეკლესიის სახელით, მშვიდობის მოციქულად და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწის სახით. საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურები ღებულობენ“.

საერთოდ კი, როგორც ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, „ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის შედეგები პოსტ-ფაქტუმ გახდება ცნობილი, ანუ მაშინ, როცა იგი თბილისში დაბრუნდება, როცა გარკვეული პოლიტიკურ კომენტარებს მოვისმენთ“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ილია II მხოლოდ კირილესთან შეხვედრით შემოიფარგლება და თუ ეს ვიზიტი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, მას მაინც ექნება თავისი განზომილება: მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვა  კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეს ინიციატივით კრეტაზე დაგეგმილ მსოფლიო კრებაში მონაწილეობაზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღო სერბეთის ეკლესიამაც, რომლის პატრიარქს ირინეის კირილე ლონდონში შეხვდა. არაა გამორიცხული, რომ კრეტაზე გამართული მსოფლიო კრების „უარმყოფელი“ ეკლესიების კონტაქტებმა შეიძლება ხელი შეუწყოს არაფორმალურ გაერთიანების შექმნას. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლის პატრიარქატის ფაქტორი თბილისისთვის და მოსკოვისთვის ერთნაირად საფრთხის შემცველია; უკრაინელი და აფხაზი მართლმადიდებელი „რასკოლნიკები“ ბართლომესთან თხოვნით დადიან, რომ მათი უფლებამოსილება იმ ტერიტორიებზე გავრცელდეს, რომლებსაც ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიები თავის კანონიკურ ტერიტორიებად მიიჩნევენ.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული და რუსული ეკლესიების ლიდერების კონტაქტები ცალმხრივია: ალექსი II-საგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ხოლმე საქართველოს, კირილე, პატრიარქის სტატუსით, ამ ქვეყანაში ჯერ არ არის ნამყოფი.

«Lragir» (სომხეთი), 02 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/51916

ნატოს ახალი პარტნიორების როლი და მდგომარეობა

საქართველომ ნატოსაგან და ევროკავშირისაგან დიდი ფინანსურ-მატერიალური საშუალებები მიიღო, სომხეთი კი ისევ ღარიბ-ღატაკია და რუსეთს შემწეობას სთხოვს

სტატიაში გადმოცემულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პროდასავლური პოლიტიკის პრობლემები, ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიძნელეები და საერთოდ, დასავლური კურსის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში (ავტორი – იგორ მურადიანი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ენთუზიაზმი ნატოსთან თანამშრომლობის თაობაზე რამდენადმე შენელდა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შედეგად, როცა ალიასმა რაიმე რეალური ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. დასამალი არაა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთთან მიმართებით სიფრთხილე ამჯობინა, თუმცა მათ მაინც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ნატოს პარტნიორობა უფრო მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე რუსეთთან.

რასაკვირველია, რუსული აგრესიის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალება, ალბათ, [აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიაში, ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთში] აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსება იქნებოდა, მაგრამ ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ ანტირაკეტული სისტემების განლაგებაზე რუმინეთში.

სამხრეთ კავკასიას, განსაკუთრებით კი საქართველოს და სომხეთს, აშშ და ევროკავშირი დასავლურ საზოგადოებასთან ყველაზე ახლო მდგომ რეგიონად განიხილავენ და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხს ისინი გვერდს ვერ აუვლიან. მაგრამ პრობლემა ისაა, როგორ და რა გზებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება მათი ნატოში გაწევრიანების გარეშე? აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველომ ძალიან დიდი სისულელე ჩაიდინა, როცა სამხრეთ ოსეთს შეუტია. თბილისმა ამით ნატოსაკენ მიმავალი გზა გაირთულა, თუმცა ალიანსიც მიხვდა, რომ საჭირო იყო რეგიონის უსაფრთხოების საკითხისათვის უფრო მეტი ყურადღების დათმობა. შედეგიც სახეზეა: საქართველოს შეიარაღებული ძალები 2016 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილად იქცა. ამით დასტურდება, რომ ქართული არმიის სამხედრო მომზადების დონე ალიანსის სტანდარტებს შეესაბამება.

ამასთან, აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასია ბევრად ჩამოუვარდება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, უპირველესად კი სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს, რომლებშიც აშს და საერთოდ, დასავლეთის სამხედრო ძალა საკმაოდ მასშტაბურადაა წარმოდგენილი. სამხრეთ კავკასია ასეთი უპირატესობით ვერ სარგებლობს. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ნატო რეალურ სამხედრო მოქმედებას ვერ დაიწყებს. მაგრამ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, რეგიონის ქვეყნებს, ნატოსთან თანამშრომლობის გარდა, სხვა გზა არ აქვთ.

დასავლეთის სახელმწიფოებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნატოსთან ინტეგრაციის მოწინააღმდეგენი არიან, ხელში საკმაოდ მტკიცე არგუმენტები აქვთ, რაც, პირველ ყოვლისა იმას გულისხმობს, რომ რეგიონში ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს. თუმცა მთავარ გადაულახავ პრობლემად მაინც საფრანგეთ-გერმანიის ნეგატიური პოზიცია რჩება, რასაც რუსეთისადმი მათი მიდგომა განაპირობებს.

ამერიკა და ნატო ნელ-ნელა ტოვებენ ცენტრალურ აზიას, ავღანეთის ჩათვლით, მაგრამ მათი მხრიდან სამხრეთ კავკასიის მიტოვება ან ყურადღების შესუსტება შეუძლებელია, რადგან ეს რეგიონი ევროპის შემადგენელი ნაწილია და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თვით აშშ-ისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის. სამხრეთ კავკასიის მიმართ ხანგრძლივი უყურადღებობა ვაკუუმს გამოიწვევს, რაც დაუშვებელია.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანი უკვე სამხრეთ კავკასიის ნაწილად აღარ მოიაზრება, მას უფრო კასპია-ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნად განიხილავენ. რაც შეეხება საქართველოს და სომხეთს, ამ ქვეყნების ისტორიული და კულტურული თავისებურების გამო, მათი იგნორირება დასავლეთ ევროპას არ შეუძლია.

ამერიკელები და ბრიტანელები შეშფოთებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ სუსტდება და იშლება სომხეთის არმია, რუსეთთან ვასალური დამოკიდებულების გამო. მოსკოვს მხოლოდ ტერიტორია ჭირდება თავისი რაკეტების განლაგებისათვის. სომხეთის არმიის გადარჩენის ერთადერთი გზა ნატოსთან ინტეგრირებაა.

ცხადია, რომ არმიის გაძლიერებისათვისა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველომ, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა და ნატოს განსაკუთრებული პარტნიორი გახდა, დიდი ფინანსურ-მატერიალური საშუალებები მიიღო, სომხეთი კი ისევ ღარიბ-ღატაკია და რუსეთს შემწეობას სთხოვს.

Comments are closed