globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 02 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 2nd, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Российская газета» (რუსეთი), 2 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.rg.ru/2014/12/01/boeviki-site.html
ლოპოტის ხეობის საიდუმლო: ექსპერტთა კომისიის მასალები
„2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რამდენიმე ათეულმა ჩეჩენმა „ბოევიკმა“ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ბაზებზე – ვაზიანში და შავნაბადაზე სპეციალური წრთვნები გაიარა. ეს ცნობილი გახდა ორშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც მომზადდა ექსპერტების მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ხელშეწყობით, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – მიხეილ ვიგნანსკი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული 2012 წლის 28-29 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან ახლოს მომხდარი სპეცოპერაციის ამსახველი მასალები – სპეცოპერაციისა, რომლის დროსაც ორი ქართველი „სპეცნაზელი“, ქართველი ექიმი და შვიდი ჩეჩენი „ბოევიკი“ დაიღუპა.
როგორც დოკუმენტებითა და მასალებით ირკვევა, 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ განიზრახა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში შესაღწევად მებრძოლთა რაზმი მოემზადებინა – როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა 2008 წელს განცდილი დამარცხების გამო შურისძიებისათვის ემზადებოდა. გეგმის თანახმად, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე კარგად მომზადებული „ბოევიკი“ უნდა გადაესროლათ.
2012 წლის მარტში ევროპაში წასული 120-მდე ჩრდილოკავკასიელი „მებრძოლი“ საქართველოში ჩამოვიდა, რომლებსაც შინაგან საქმეთა იმდროინდელი ჩინოვნიკები შეხვდნენ და საწრთვნელ ბაზებზე გადაიყვანეს.
იმ ხანებში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გრძნობდა, რომ მილიარდერ ბიძინა სააკაშვილის კოალიციას არჩევნებში გამარჯვება შეეძლო… საქართველოში კონცენტრირებულმა ჩეჩენმა „ბოევიკებმა“ ფიქრი დაიწყეს, რომ ვაითუ, იმდროინდელ პრეზიდენტს ისინი რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში გამოეყენებინა. მით უმეტეს, რომ მათი გადასროლა ჩრდილოეთ კავკასიაში ჭიანურდებოდა. 2012 წლის აგვისტოში, როგორც იქნა, რუსეთის (ჩრდილოეთ კავკასიის) ტერიტორიაზე გადასაყვანი სასაზღვრო „დერეფანი“ მომზადდა. „ბოევიკთა“ პირველი რაზმი ლოპოტის ხეობისაკენ გაემართა, რომ მოულოდნელად ქართველმა ძალოვანებმა რაზმის წევრებს იარაღის ჩაბარება უბრძანეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანაზე უარი განუცხადეს. რატომ მოხდა ასე, ჯერ-ჯერობით უცნობია. ასეა თუ ისე, „ბოევიკები“ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. ატყდა სროლა, რომლის დროსაც რაზმის წევრები და საქართველოს თავდაცვისა და შინაგანს საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები დაიღუპნენ.
(…)
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 104-გვერდიანი გამოკვლევა საქართველოს პარლამენტს გადასცა და პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ამ მოვლენების გამოძიება სთხოვა. კომისიის წარმომადგენელმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ნატოს ეგიდით მოქმედი ტერორიზმის საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „როსსიისკაია გაზეტა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ისტორია სავსებით თავსდება საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ჩარჩოებში, რომელსაც იმ პერიოდში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა. სწორედ იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ, ერთად-ერთმა მსოფლიოში, რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა, შექმნა რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული რუსულენოვანი ტელეარხი „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ („პიკ“) და ასე შემდეგ. ამ პოლიტიკის მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ანტირუსული განწყობის გაღრმავება.

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 2 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.echo.msk.ru/blog/k_borovoi/1447478-echo/

სიზმარი ქართული აქცენტით
კონსტანტინ ბოროვოი, პარტია „დასავლური არჩევანის“ თავმჯდომარე
დამესიზმრა, რომ რუსეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა. წითელ მოედანზე ვდგავართ, ერთმანეთს ვეხვევით – უკრაინელები, ქართველები, ბელორუსები, მოლდოველები, ბალტები… უკრაინელები ჯარების გაყვანას გვთხოვენ – გამოგვყავს და მიყენებულ ზარალს საუკუნის ბოლომდე გაზის უფასო მიწოდებით ვუნაზღაურებთ. ბალტები არაფერს გვთხოვენ, უბრალოდ, მადლობას გვეუბნებიან. მოლდოველები დნესტრისპირეთიდან ჯარების გაყვანას გვთხოვენ – მათაც ვუსრულებთ თხოვნას და სამაგიეროდ გაზს და ნავთობს უფასოდ ვაძლევთ.
ქართველებსაც უხარიათ და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანას გვთხოვენ… ამ დროს მე და ოლეგ პანფილოვი მათ ვეუბნებით: „მოიცათ, ბატონებო, განა უმჯობესი არაა, რომ თქვენ ჯერ საკუთარი პუტინისტებისაგან გათავისუფლდეთ, რომლებმაც საქართველოში არადემოკრატიული, რეპრესიული რეჟიმი დაამყარეს და თავიანთი ოპონენტებისა ეშინიათ?“.
აი, ასეთი სიზმარი ვნახე, ქართული აქცენტით.

«Стратегия России» (რუსეთი), №12, 2 დეკემბერი, 2014 წელი

http://sr.fondedin.ru/new/fullnews.php?subaction=showfull&id=1417428507&archive=1416651827&start_from=&ucat=14&

უკრაინა, საქართველო, რუსეთი, მსოფლიო: რუსული სამყაროს მერვე ასამბლეის მასალები
2014 წლის ნოემბერში სოჭში ჩატრდა „რუსული სამყაროს“ მერვე ასამბლეა, რომლის თემა იყო „კულტურა და დრო“. ჟურნალმა „რუსეთის სტრატეგიამ“ („სტრატეგია როსსიი“) გამოაქვეყნა ამ ღონისძიებაზე გამომსვლელთა სტენოგრამები.
გთავაზობთ ამონარიდებს:
ვიაჩესლავ ნიკონოვი, ფონდ „რუსული სამყაროს“ თავმჯდომარე:
„ცნობილია, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია. ეს დიდხანს გაგრძელდება. მაინც რა მოხდა უკრაინაში? გუშინწინ ამ საკითხზე ერთ-ერთ ამერიკელ ბრძენ ექსპერტთან და პოლიტიკოსთან ვსაუბრობდი. გვარს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით. მან ასე მითხრა: „ყველაფერში ბჟეზინსკია დამნაშავე… სწორედ მან დაწერა თავის წიგნში „ჭადრაკის დიდი დაფა“ ცნობილი ფრაზა, რომ თუ მოსკოვს უკრაინას წავართმევთ, რუსეთი იმპერია არასოდეს იქნებაო“. არადა, რუსეთის ბედი უკრაინაშია“. ჩემმა მოსაუბრემ განაცხადა, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი, როგორც ყოველთვის, მართალი არაა, მაგრამ მას მაინც დაუჯერეს. და მიიღეს ის, რაც მიიღეს“.
————
კონსტანტინ კოსაჩევი, დსთ-ის საქმეებისა და თანამემამულეებთან თანამშრომლობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი:
„რასაკვირველია, უკრაინის ტრაგედია უპრეცედენტოა, თავისი მასშტაბითა და ტრაგიზმის გათვალისწინებით… ემოციებს არ ავყვები, მაგრამ ერთგვარი „დეჟავიუს“ გრძნობა მაქვს, თითქოსდა სადღაც იგივე უკვე ვნახე. შეხედეთ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, მასში ორი მნიშვნელოვანი ელემენტია: პირველი – საკუთარი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების უხეში შელახვა, მეორე – ისტორიის ხელახალი გადაწერა, თანამედროვე პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ… უკრაინელებმა ახალი „სიმართლე“ აღმოაჩინეს, შექმნეს ნაცისტთა ჰეროიზაციის მითები და ამ თვალსაზრისით კიევი მიხეილ სააკაშვილის დროინდელ საქართველოსთან და ბალტიიპირეთის რესპუბლიკებთან ერთ რიგში დადგა…. საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ უნდა გავიხსენოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა… მსგავსი პოლიტიკის გატარება დაიწყეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც და ასეთი ქმედებით მათ რუსეთისაგან სრულიად ბუნებრივი რეაქცია მიიღეს, ახლა კი საქართველო აცხადებს – რუსეთი გვემუქრებაო. ასეთი ხელოვნურად გამოწვეული მუქარებით [უკრაინა და საქართველო] ნატოსა და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას იმედოვნებენ. ისინი დაინტერესებულნი არიან რუსეთთან ურთიერთობის ხელოვნური გამწვავებით… მაგრამ დრონი იცვალენ და დღეს ქართული გამოცდილება, ქართული მცდელობა იმისა, რაც ბალტიელებმა გააკეთეს 1990-ანი წლების დასაწყისში, სანუკვარ შედეგს აღარ იძლევა. მე მჯერა, რომ უკრაინმელები გააცნობიერებენ მიმდინარე პროცესებს და ყველაფერი ტრადიციულ წრეს დაუბრუნდება“.
—————-
ავიგდორ ესკინი, პუბლიცისტი და საზოგადოებრივი მოღვაწე (ისრაელი):
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს „რუსული სამყარო“ სუნთქავს, ცოცხლობს და მოქმედებს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ პროცესის მონაწილენი ვართ. რუსული კულტურა და რუსული ენა ვითარდება. დავაკვირდეთ, რა მოხდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სადაც ხალხები, რომლებიც ადრე ერთამენთს ხოცავდნენ, მოძმენი გახდნენ. ეს იყო და დღესაც მეტ-ნაკლებად გრძელდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამას წინათ აზერბაიჯანში იყო ჩასული და როგორ ფიქრობთ, რომელ ენაზე ლაპარაკობდა იგი? არა, იგი აზერბაიჯანში ოქსფორდულ-ინგლისურ ენაზე ვერავის ვერაფერს გააგებინებდა. მიხეილ საკაშვილი იქ რუსულ ენაზე ლაპარაკობდა… და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ რუსული ენა საოკუპაციო, აგრესიული ენაა და არა საგანმანათლებლო?

Comments are closed