globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 2nd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ისლამური სახელმწიფოს“ პანკისური ფილიალი: ვინ და რატომ მიდის სირიაში საბრძოლველად

«Экономика сегодня» (რუსეთი): საეჭვო ავანტიურა: გადაწყვეტს თუ არა რეჯებ ერდოღანი კავკასიის „დაწიწიკვნას“?

«Факты и комментарии» (უკრაინა): რუსეთის უმაღლესი მუფტი – ვლადიმირ პუტინს: „იქნებ სირიისა და ისრაელის საკითხიც ისე გადავწყვიტოთ, როგორც ყირიმის საკითხი გადავწყვიტეთ?“ (როგორ წაუყენა იოსებ სტალინმა ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთს)

———————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 2 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2867165

„ისლამური სახელმწიფოს“ პანკისური ფილიალი:

ვინ და რატომ მიდის სირიაში საბრძოლველად

ვრცელ სტატიაში გადმოცემულია პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია, სადაც „კომერსანტის“ კორესპონდენტი გიორგი დვალი თვითონ იმყოფებოდა და საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ ცხოვრობენ პანკისელები და რა აღელვებთ, რაზე ფიქრობენ… პუბლიკაციაში აღწერილია ქართული სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული ზომები („ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერთა დაპატიმრება, ინტერნეტ-საიტების დახურვა და ა.შ.).

„თუმცა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ქვეყნის მუსულმანური მოსახლეობით დასახლებული რეგიონებიდან (აჭარიდან, ქვემო ქართლიდან…), მაინც მატულობს და ყველაზე მეტი, სხვებთან შედარებით, მაინც პანკისის ხეობიდანაა, სადაც ჩეჩნები (ქისტები) ცხოვრობენ.

როგორც პანკისის ხეობის ექსპერტი ნინო ბურჭულაძე ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთა საუბარში, ამჟამად პანკისის ხეობაში სიმშვიდეა (ავტორის ქვესათაური: „პანკისის ცა უღრუბლოა“). სხვა საქმეა, რომ აქედან ბევრი ახალგაზრდაა წასული სირიაში, სადაც ათობით ქისტმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცა და ამიტომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ: „ისინი ელოდებიან ბრძანებას, რომ საქართველოში ან სხვა ადგილზე ტერორისტული აქტი მოახდინონ. ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ „ცოცხალი, მოსიარულე ბომბები არიან“.

ამასთან ნინო ბურჭულაძე იხსენებს 2000-იანი წლების დასაწყისს, როცა ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ბატალიონი ხეობას თითქმის მთლიანად აკონტროლებდა: მისი ძმა დღემდე სოფელ ხალაწანში ცხოვრობს, „თუმცა ჩემად არის და არაფერრში არ ერევა“. როგორც კავკასიის სპეციალისტმა მამუკა არეშიძემ „კომერსანტის“ კორესპონდენტს აუხსნა, „რუსლან გელაევის თაობისა“ და „ისლამურ სახელმწიფოს რიგებში მებრძოლ ქისტ ახალგაზრდებს შორის პრინციპული განსხვავებაა: რუსლან გელაევი და მისი თანამოაზრენი ჩეჩენი ნაციონალისტები იყვნენ და არა ისლამისტები“.

სტატიაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ქისტთა ყოფა-ცხოვრებას, მათ ტრადიციებს, ცხოვრების წესს, ჩაცმა-დახურვის სტილს, რელიგიურ აღმსარებლობას (ჩეჩენი-მუსულმანები და მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველები ერთმანეთთან მშვიდად ცხოვრობენ). აღწერილია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ე.წ. „ბირჟები“ (ქართველები, ჩვეულებრივ, სოფლის მაღაზიასთან „ბირჟაობენ“, ქისტები კი – მეჩეთებთან).

რასაკვირველია, პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია პანკისელ ცნობილ მებრძოლებზე – ყველაზე პოპულარულ თარხან ბათირაშვილზე (იგივე აბუ-ომარ ალ-შიშანზე), რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფოს“ თავდაცვის მინისტრია და იმავდროულად ჩრდილოეთის არმიასაც სარდლობს. ავტორი ესაუბრება თარხანის მამას – თემურ ბათირაშვილს, რომელიც, სხვებთან შედარებით, საკმაოდ ღარიბულად ცხოვრობს ერთსართულიან სახლში. იგი ქრისტიანია: „გიორგობის დღესასწაულზე მიმიწვია და მითხრა, რომ ღმერთს ტავისი შვილის გადარჩენას შესთხოვს“, მიუხედავად იმისა, რომ თარხანი ქრისტიანებს („ურწმუნოებს“) ებრძვის. თარხანი 29 წლისაა და მასზე უკვე ლეგენდები დადის. თუმცა პანკისელებს დღემდე ვერ გაუგიათ, ამ „სრულიად არაფრით გამორჩეულმა ბიჭმა“ ასეთ სიმაღღლეებს როგორ მიაღწია: „აქედან სირიაში ისეთი „გოლოვორეზები“ და ჩხუბისთავები წავიდნენ, რომ მათთან შედარებით თარხანი „დედიკოს ბიჭად“ ჩანდა“, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ერთ-ერთი დუისელი მცხოვრები, რომელიც კიდევ ერთ დაუმარცხებელ „გოლოვორეზად“ მურად მარგოშვილს (იგივე მუსლიმ ალ-შიშანს) მიიჩნევს. ორივე – თარხან ბათირაშვილიც და მურად მარგოშვილიც აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურებს ყველაზე საშიშ ტერორისტებად ჰყავთ შერაცხული.

სირიაში საბრძოლველად წასული პანკისელები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, ვინც „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვიან და ისინი, რომლებმაც ბაშარ ასადის მოწინააღმეგე სხვა დაჯგუფებებს შეჰფიცეს ერთგულება. როგორც მურად მარგოშვილის ნათესავებმა უთხრეს კორესპონდენტს, მათ ძალიან ეწყინათ აშშ-ის მიერ მურად მარგოშვილის საშიშ ტერორისტთა სიაში შეტანა, რადგან იგი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში არ იბრძვის, იგი პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეა და რუსეთი სძულს“. მურად მარგოშვილის ნათესავები თარხან ბათირაშვილის შესახებ ზიზღით საუბრობენ: „მურადი და თარხანი ერთმანეთის მოსისხლე მტრები არიან. თარხანი მურადს დაემუქრა კიდეც, „ისლამურ სახელმწიფოში“ რატომ არ იბრძვიო, მაგრამ მიხვდა, რომ არაფერი გაუვიდოდა“, – ამაყად ამბობს მურადის ნათესავი მურთაზა „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბრის დროს.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული მურად მარგოშვილის „მღელვარე“ ბიოგრაფია, რუსეთში საქმიანობის ამსახველი ფაქტები, სპეცსამსახურების მიერ დაპატიმრება, ნაზრანში სასამართლოს შენობიდან გაქცევა და ა.შ. სირიაში მურად მარგოშვილმა „სირიის თავისუფალი არმიის“ მომზადების ცენტრი ჩამოაყალიბა, თანამშრომლობს თურქეთთან, ნათესავებს ხშირად უგზავნის ბრძოლების ამსახველ ვიდეოებს. „მარგოშვილის რაზმში ასობით ჩეჩენია – არამარტო პანკისელები, არამედ თვით ჩეჩნეთიდან. მას ოთხი ცოლი და რამდენიმე შვილი ჰყავს, ისინი თურქეტში ცხოვრობენ. მურადს არასოდეს არ ჩაუდენია ისეთი მხეცობა, რასაც თარხანი და მისი მებრძოლები სჩადიან. მურადი მშვიდობიან მოსახლეობას კი არ უსწორდება და უიარაღო ტყვეებს კი არ ხოცავს, არამედ რუსეთს ებრძვის“.

სტატიაში ასევე გადმოცემულია ის მიზეზები, რომლებიც ქისტ ახალგაზრდებს სირიაში საბრძოლველად წასვლაზე უბიძგებს: მათგან ძირითადია ტოტალური უმუშევრობა და პერსპექტივის არქონა.

«Экономика сегодня» (რუსეთი), 2 დეკემბერი, 2015 წელი

http://rueconomics.ru/130146-somnitelnaya-avantyura-reshitsya-li-erdogan-poshhipat-kavkaz/

საეჭვო ავანტიურა: გადაწყვეტს თუ არა რეჯებ ერდოღანი კავკასიის „დაწიწიკვნას“?

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ვილაიეტები კავკასიის მაკრორეგიონის ნაწილად ითვლება, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ოდესრაც კავკასიის დიდი ნაწილი ოსმალეთის იმპერიის სემადგენლობაში შედიოდა. თურქები კავკასიისათვის მუდმივად ექიშპებოდნენ როგორც სპარსელებს, ასევე რუსებს, საბოლოო ჯამში კი ამ ტერიტორიაზე რუსეთმა დაამყარა, – ამბობს „ეკონომიკა სეგოდნიას“ კორესპონდენტთან საუბარში ექსპერტი აჯარ ქურთოვი, რომელიც ჟურნალ „პრობლემი ნაციონალნოი სტრატეგიის“ მთავარი რედაქტორია.

ექსპერტის თქმით, თურქეთს ისტორიულად და ამჟამადაც კავკასიის რეგიონში თავისი ინტერესები აქვს: ანკარა სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანს და მთიანი ყარაბაღის მოგვარების საკითხში ეხმარება.

არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, თუ თურქეთი და რუსეთი შეიარაღებულ კონფლიქტს დაიწყებენ, აზერბაიჯანი თურქეთის მხარეს დაიკავებს? ამ კითხვაზე აჯარ ქურთოვი ასეთ პასუხობს:

„რასაკვირველია, აზერბაიჯანი, რომელსაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ათჯერ გაზომავს სიტუაციას, აწონ-დაწონის და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს. ცხადია, პრეზიდენტს ესმის თურქეთისა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის მნიშვნელობა. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებებია გაფორმებული, აზერბაიჯანის არმიის თითქმის ყველა ოფიცერი თურქეთის სამხედრო სასწავლებლებშია მომზადებული. მოკლედ, ამ საკითხში ბაქოსათვის რისკები არსებობს“.

რისკები არსებობს საქართველოსთვისაც, რომლის შემადგენლობაშია ის ტერიტორიები, რომლებიც საბჭოთა კავშირმა მხოლოდ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მიიერთა. საკითხი, უპირველესად აჭარას ეხება, რომელიც ადრე ოსმალეთის იმპერიის ვილაიეთი იყო და რომელსაც მემედ აბაშიძის (აჭარის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის პაპის) მცდელობის შედეგად იურისდიქცია შეეცვალა და საბჭოთა საქართველოს ნაწილი გახდა.

„სხვათა შორის, მალე ვადა გაუვა ყარსის ხელშეკრულებას (აჯარ ქურთოვი არასწორად ამბობს – ყარსის ხელშეკრულება უვადოა – მთარგმნ. შენიშვნა), რომლის თანახმად, აჭარა თურქეთმა დათმო და საქართველოს სსრ-ს გადაეცა. შესაბამისად, ტერიტორიული პრეტენზიები შეიძლება ისევ დღის წესრიგში დადგეს. ეს ტენდენცია აშკარად შეინიშნება იმის ფონზე, როცა თურქეთი სირიის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრები თურქომანების დაცვას ცდილობს და იქ ჯარის შეყვანა სურს. სრულიად შესაძლებელია, რომ თურქეთის გენერალური შტაბი მსგავს გეგმებს აწყობს როგორც [საქართველოს] აჭარის, ასევე სომხეთის ტერიტორიების მიმართაც.

რატომ ვერ ხდება საქართველო ნატოს წევრი? იმიტომ, რომ საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა ტერიტორიული პრობლემაა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუ ამას თურქეთთან კონფლიქტი დაემატება, ეს საქართველოს ხელისუფლებისათვის მომგებიანი არ იქნება და არც ნატოსათვის, რომელიც თურქეთის ავანტიურაზე არ დათანხმდება, – ამბობს აჯარ ქურთოვი.

«Факты и комментарии» (უკრაინა), 2 დეკემბერი, 2015 წელი

http://fakty.ua/209440-verhovnyj-muftij-rossii-predlozhil-putinu-vladimir-vladimirovich-mozhet-i-s-siriej-i-s-izrailem-kak-s-krymom-postupim-video

რუსეთის უმაღლესი მუფტი – ვლადიმირ პუტინს: „იქნებ სირიისა და ისრაელის საკითხიც ისე გადავწყვიტოთ, როგორც ყირიმის საკითხი გადავწყვიტეთ? (როგორ წაუყენა იოსებ სტალინმა ტერიტორიული პრერტენზიები თურქეთს)

სტატიაში განხილულია რუსეთის უმაღლესი მუფტის ტალგათ ტაჯუდინის გამოსვლა ბაშკირეთის ყურულთაის დროს, როცა მან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გაიხსენა: „მე პრეზიდენტს ვუთხარი – განა არ შეიძლება სირიის და ისრაელის საკითხიც ისე გადავწყვიტოთ, როგორც ყირიმის გადავწყვიტეთო? პრეზიდენტმა გაიცინა და მითხრა – დავფიქრდებით თქვენს წინადადებაზეო“. დარბაზი აპლოდისმენტებმა გააყრუა.

პუბლიკაციის ავტორი ირინა კოცინა ამ ფონზე საბჭოთა კავშირის ტერიტორიული გაფართოების ამსახველ ფაქტებსა და მოვლენებზე საუბრობს.

„70 წლის წინათ, როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებს, იოსებ სტალინმა მას დაავალა, რომ დასავლელ პარტნიორებთან ლიბიაზე საბჭოთა კავშირის პროტექტორატის, ხოლო სირიისა და ლიბანის ერთობლივი მართვის საკითხი განეხილა“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ჩანს იოსებ სტალინი საბჭოთა ტერიტორიების სამომავლო გაფართოებაზე ჯერ კიდევ 1942 წლიდან ფიქრობდა, მას სჯეროდა, რომ გერმანიას დაამარცხებდა.

პუბლიკაციაში რამდენიმე საინტერესო ფაქტია მოცემული, რომელიც საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ტერიტორიულ საკითხებს ეხება: როგორ მიიერთა იოსებ სტალინმა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, დასავლეთი უკრაინა, ბესარაბია, ფინეთის ნაწილი და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს: ომისშემდგომ წლებში საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანი აკაკი მგელაძე იოსებ სტალინთან თათბირს ასე ისხსენებდა: „აგარაკზე მოიტანეს საბჭოთა კავშირის რუკა ახალ სავარაუდო საზღვრებში: სტალინმა რუკა სარჭებით კედელზე მიამაგრა: „აბა, შევხედოთ, რა გვაქვს… ჩრდილოეთით, მე მგონი, ყველაფერი ნორმალურადაა. ფინეთმა საზღვრები უკან დავაწევინეთ და ლენინგრადს არაფერი ემუქრება… ბალტიისპირეთი ხომ ისტორიული რუსული მიწებია… კარგია, კარგი… უფრო ქვემოთ – ბელორუსია, უკრაინა… აქაც, დასავლეთის მიმართულებით, საქმე კარგად გვაქვს. აბა, რა ხდება აღმოსავლეთით? კურილიის კუნძულები ისევ ჩვენია, სახალინიც – ნახეთ, როგორ კარგად ჩანს! პორტ-არტურიც და დალიანიც დავიბრუნეთ, მთელი ჩინეთი და მონღოლეთი (აქ სტალინმა ჩიბუხით მოხაზა ტერიტორია)… მაგრამ აი, აქ, კავკასიაში საზღვარი არ მომწონს“…

ვიაჩესლავ მოლოტოვის მოგონებებიდან:

„პოტსდამის კონფერენციის დროს იოსებ სტალინი მიანიშნებდა, რომ ირანის ტერიტორიაზე მდებარე ჩრდილოეთ აზერბაიჯანი აზერბაიჯანის სსრ-ს უნდა მიურთდეს, ხოლო საქართველოს და სომხეთს – 1921 წლის მოსკოვ-ყარსის ხელშეკრულებების ძალით თურქეთისადმი გადაცემული მიწები უნდა დაუბრუნდესო. ჩვენ მოკავშირეთა წინააღმდეგობას წავაწყდით, თუმცა ვცდილობდით ჩვენი პოზიცია გაგვეტანა. როცა საუბარი შეეხო საბჭოთა კავშირ-პოლონეთის საზღვარს, უინსტონ ჩერჩილმა „კერზონის ხაზის“ გეგმა წარმოადგინა, მაგრამ იოსებ სტალინმა განაცხადა: „როგორც გინდა, ისე უწოდე მაგ გეგმას, მაგრამ ჩვენი საზღვარი აი, ასე გავა“. ჩერჩილმა წამოიძახა, რომ ლვოვი არასდროს რუსული ქალაქი არ ყოფილაო“, რაზედაც სტალინისაგან მშვიდი პასუხი მიიღო: „სამაგიეროდ ვარშავა იყო“.

სტატიაში საუბარია აგრეთვე თურქეთის ბოსფორისა და დარდანელის სტუტეების სავარაუდო ბედზეც, თუ მათ საბჭოთა კავშირი დაიკავებდა: „აშშ-ის პრეზიდენტი გაცოფებული აცხადებდა: რუსებს ირანში ჯარი ჰყავთ, მათ თურქეთის დაპყრობა და სრუტეების გაკონტროლებაც სურთ ხმელთაშუა ზღვამდე. კრემლი თავის ტკივილად მექცა“.

მოგვიანებით კი „ცივი ომი” დაიწყო…

Comments are closed