globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 2nd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): დამაარსებლის ავტორიტეტი // მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ლიდერობა შეინარჩუნა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რა ღირს კონფლიქტი საქართველოში?

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): დონალდ ტრამპისათვის აღმოსავლეთ ევროპა შინაური გარემოა // როგორ სარგებლობენ მილიარდერები ხელისუფლებით უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 2 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

დამაარსებლის ავტორიტეტი

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ლიდერობა შეინარჩუნა

სტატიაში გადმოცემულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო ხანს მიმდინარე შიდაპარტიული პროცესები, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულ ჯგუფებად დაყოფაში გამოიხატება. პუბლიკაციაში განსაკუთრებით  ვრცლადაა ასახული ამ ორიოდე დღის წინათ გამართული პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა და იქ მომხდარი განხეთქილება, რომელიც „ნაციონალთა“ რიგებში ორ მიმდინარეობას ადასტურებს.   (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

საკითხი ეხება პარტიის ყრილობის ჩატარებასა და ყრილობის მონაწილეთა რაოდენობას. განხილვის დროს წარმოდგენილი ვარიანტებისას უპირატესობა მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მიერ შემუშავებულ ვარიანტს მიეცა, „პარტიის ხელმძღვანელობის განახლების“ მხარდამჭერი ჯგუფის წინადადებას კი მხარი არ დაუჭირეს. ამრიგად, ყრილობა, რომელიც, სავარაუდოდ, 20 იანვარს უნდა ჩატარდეს, მონაწილეობას 7 ათასი „ნაციონალი მიიღებს, 2158-ის ნაცვლად. ყრილობაზე პარტიის ახალ ხელმძღვანელს არ აირჩევენ, ანუ ლიდერად მიხეილ სააკაშვილი დარჩება.

დღეს საქართველოში გავრცელებულია აზრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრების „უღირს მოქმედებაზე“, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდნენ. იმასაც კი ამბობენ, რომ ისინი ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა, რომლის მიზანია ძლიერი „ნაცმოძრაობის“ დასუსტება და მისი „ჯიბის ოპოზიციად“ გადაქცევა. შესაბამისად, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომამ მეტი კითხვები გააჩინა: მისი წევრების ერთმანეთთან დაპირისპირება ხომ არ ნიშნავს პარტიის გაყოფას ორ ნაწილად? დარჩებიან თუ არა ისინი მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად, ვინც პარლამენტარობა ამჯობინა? როგორ იმოქმედებენ ისინი პარტიის ყრილობაზე?

„კასპიის“ კორესპონდენტმა კომენტარისათვის დამოუკიდებელ ქართველ პოლიტოლოგს გელა ვასაძეს მიმართა:

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას – დიახ, მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და დაარწმუნა წევრთა უმრავლესობა, რომ დღევანდელ სიტუაციაში მისი როგორც ლიდერის უარყოფა პარტიისთვის საზიანო იქნება, ანუ თუ იგი პარტიის ლიდერი არ იქნება, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას ბევრი წევრი მიატოვებს. ეს მართლაც ასეა. თუმცა ცოტა ხნის წინათ პოლიტსაბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა მხარს ერთ-ერთ ლიდერს – გიგა ბოკერიას უჭერდა, რომლის აზრით, საჭირო იყო ახალი ლიდერის არჩევა, მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად.

პარტიის დაშლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია: ფაქტია, რომ ერთ მხარესაა 25 პარტიული ფუნქციონერი და პარლამენტის „ნაციონალი“ დეპუტატები (გიგა ბოკერიას მომხრეები) და მეორე მხარეს – პარტიული აქტივისტების დიდი რაოდენობა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილში ხედავენ.

მოვლენების განვიტარების სავარაუდო სცენარი ასეთი შეიძლება იყოს: „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობას შეინარჩუნებს, ყველა ერთ პარტიაში დარჩება. უბრალოდ, ისინი, ვისაც  პარტიის მართვის სადავეებიდან მიხეილ სააკაშვილის ჩამოშორება სურდა, თვითონ იქნებიან ჩამოშორებულნი. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი პირი ხელმძღვანელ პოზიციას შეინარჩუნებს“, – ამბობს გელა ვასაძე.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-cost-of-the-confict/3619340.html

რა ღირს კონფლიქტი საქართველოში?

ნინო დალაქიშვილი

თანხობრივად რამდენს ხარჯავს საქართველო კონფლიქტებზე, რამდენად აისახება შედეგების ეფექტიანობაზე ეს ფული, არის თუ არა უფრო მეტის მიღწევა შესაძლებელი ამ ფასად, ან უფრო იაფად და რა მიმართულებით ესაჭიროება გადახალისება პოლიტიკას კონფლიქტების შესახებ – ამ თემაზე „კავკასიური სახლის“ ადგილობრივმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუშავეს და საინტერესო დასკვნები წარმოადგინეს სპეციალური გამოცემის სახით. ამ ორგანიზაციამვე დაამზადა პოსტერი, სადაც კონფლიქტის ფასი ლარებშია გაწერილი. მთლიანობაში ეს 88 586 000 ლარია, თუმცა ეს თანხა სრული არაა. „ამერიკის ხმა“ „კავკასიური სახლის“ მკვლევარების მოსაზრებით დაინტერესდა და იმის გასარკვევად, იქ მომუშავე ადამიანები ამ თანხას კონფლიქტების მოგვარებისთვის ძვირად მიიჩნევენ თუ იაფად, რამდენიმე მოსაზრება ჩაიწერა.

„კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„ერთ–ერთ ტექსტზე მუშაობის დროს დავაფიქსირე, რომ ძალიან ბევრი ინსტიტუცია მუშაობს ერთი და იგივე პრობლემაზე და ეს იქცევა ხოლმე იმის მიზეზად, რომ ხშირ შემთხვევაში ფუნქციების დუბლირებას აქვს ადგილი, ან ცუდი კომუნიკაციაა უწყებებს შორის, ხშირად კონკურენციაა. ამ მიმართულების კვლევის იდეა აქედან გაჩნდა. შემდგომ მივაქციე ყურადღება ფინანსურ განზომილებას და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არც თუ ისე ცოტა უჯდება სახელმწიფოს. შესაძლებელი იყო, უფრო ნაკლები ფინანსებითაც მიგვეღო უკეთესი შედეგები. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ 80 მილიონიდან თითქმის 70 მილიონს ითვისებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რომლის 60-70% იხარჯება დევნილებისთვის სახლების მშენებლობაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანობაში არც თუ ისე ცოტა იხარჯება კონფლიქტზე, რადგან ინსტიტუციები საკმაოდ მრავლადაა, ამასთან გაბერილი შტატებით: ძირითადი თანხები იხარჯება ხელფასებზე და არა კონკრეტულ საქმეებზე. რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ესაა იმ უწყებების თანხები, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტებზე მუშაობს, მაგრამ ამას რომ დავუმატოთ უშიშროების საბჭო (რომელიც ასევე მუშაობს კონფლიქტებზე), ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო და ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ თანხობრივად, აღმოჩნდება, რომ ძალიან მაღალ საფასურს ვიხდით კონფლიქტებში. ჩვენ ამის ჩვენება გვინდოდა“. ​

„კავკასიურ სახლში“ მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების მოგვარებისა და მის შედეგებთან გამკლავების მიმართულებით გადახდილი თანხები უფრო ეფექტიანი იქნებოდა, თუ სხვადასხვა სტრუქტურების საქმიანობის გადაფარვას არ ექნებოდა ადგილი. ასევე თანხის დაზოგვა და მეტი შედეგის მიღება არსებულთან შედარებით, გაცილებით მცირერიცხოვანი და მოქნილი აპარატით უკეთ მოხერხდებოდა.

​„კავკასიური სახლის“ გამოცემას უცხოელ და ქართველთან ერთად, სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი ავტორიც ჰყავს. დინა ალბოროვა სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის კათედრის პედაგოგია და კრებულში მისი სტატიაცაა სათაურით: „სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ინსტიტუციონალური საფასური: პოლიტიკური ინსტიტუტების ტრანსფორმაცია სამხრეთ ოსეთში“, სადაც იგი წერს:

„სამხრეთ ოსეთის სტატუსის არაღიარება და საერთაშორისო ინსტიტუტების მიუწვდომლობა, რომლებსაც შეუძლიათ სამართლებრივი დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ქვეყანას დახმარება გაუწიონ, სინამდვილეში სამხრეთ ოსეთის იზოლაციასა და თვითიზოლაციას უწყობს ხელს, რაც უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ საზოგადოების შიდა განწყობაზე, არამედ მთლიანად საგარეო გარემოცვაზე რეგიონალური მასშტაბით. ამით მსოფლიო იღებს ახალ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც, ერთის მხრივ, გაწერილია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის კანონი, მაგრამ მექანიზმები არ მუშაობს, ისინი არასტაბილურია, რადგან ეყრდნობა ძალას, რომელიც დიდ შიდა კონფლიქტებს წარმოშობს“.

პუბლიკაციის ერთ–ერთ ავტორი, კონფლიქტების მკვლევარი მედეა ტურაშვილი, რომელმაც კონფლიქტის ადამიანური განზომილების შესახებ მიმართულება დაამუშავა, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:

„კონფლიქტების მნიშვნელოვანი საფასური არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. როდესაც გარე საფრთხეები არსებობს, პოლიტიკური ელიტები ხშირად აპელირებენ და მოსახლეობას აშინებენ მტრის არსებობით. მტრის ხატის , ძალიან იოლია, საუბარი, რომ რა დროს დემოკრატიაა, რა დროს ადამიანის უფლებების დაცვაა მაშინ, როდესაც მტერი კარს მოგვდგომია და სადაცაა თავს დაგვესხმება. როგორც ქართული საზოგადოება, ისე აფხაზური და ოსური მსგავსი სტერეოტიპების მსხვერპლია. მაგალითისთვის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნებისმიერი ურთიერთობა ქართველებთან, თუ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა ხელისუფლების მიმართ, ავტომატურად ნიშნავს ამ ადამიანებისთვის იარლიყის მიწებებას, რომ ისაა მტერი, აგენტი, პროქართურად განსწყობილი და ასე შემდგომ. ზუსტად ანალოგიურად, ჩვენთანაც ფართოდ გავრცელებული შეგონება, რომ რა დროს დემოკრატიაა, რა დროს ადამიანის უფლებებია, როდესაც რუსეთის ჯარი 40 კილომეტრში დგას თბილისიდან. რეალურად, მსხვერპლი, აქაც დემოკრატია და ადამიანის უფლებებია. კონფლიქტები ზოგადადაც და ქართულ კონტექსტშიც, ხელს უშლის განვითარებას, რომელიც უფრო კონკრეტულად გამოიხატება დემოკრატიის შქმნაში, ადამიანის უფლებების დაცვაში, მრავალფეროვნების უზრუნველყოფაში და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ჰარმონიულ თანაცხოვრებაში“.

„კავკასიური სახლის“ პუბლიკაციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანების ნამუშევრები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ადამიანური ურთიერთობებისა და მეგობრული დამოკიდებულებების გარეშე არა მხოლოდ კონფლიქტების მოგვარება, არამედ ამ საკითხზე მსჯელობაც არასრულყოფილი იქნებოდა.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 01 დეკემბერი, 2016 წელი

https://www.ft.com/content/0a311ed2-adbb-11e6-ba7d-76378e4fef24

დონალდ ტრამპისათვის აღმოსავლეთ ევროპა შინაური გარემოა

როგორ სარგებლობენ მილიარდერები ხელისუფლებით უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში

თომას დე ვაალი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

როცა დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, შეშფოთება გამოიხატა, თუ რას ნიშნავს ოლიგარქის არჩევა ქვეყნის მეთაურად აღმოსავლეთ ევროპისათვის. გაჩნდა კითხვებიც: იქნება თუ არა უკრაინა ყველაზე უიღბლო ქვეყანა, თუ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან მოილაპარაკებს? როგორ მოგვარდება სირიის საკითხი? უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისაგან ჰიბრიდული ომების მორიგ რაუნდს აღმ.უკრაინაში და მსოფლიოს სხვა ადგილებში?

როგორც ჩანს, ახალი ომის სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგანაც ვლადიმირ პუტინი დასავლური სანქციების მოხსნას ცდილობს. შეშფოთების საფუძველს სხვა მოვლენები იძლევა. სანამ დონალდ ტრამპი თეთრი სახლისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებდა, მანამ აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე „ტრამპლანდში“ ცხოვრობდა – ისეთ ქვეყნებში, სადაც ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთშია გადახლართულ-შეზრდილი, ანუ იქ, სადაც პოლიტიკა უფრო გარიგებების დადებაში გამოიხატება, ვიდრე ინსტიტუტების შექმნაში.

თუ როგორ ხდება მილიარდერის მოსვლა ხელისუფლებაში, ეს კარგადაა ცნობილი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეებისათვის. ამ ქვეყნებს, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, მდიდარი მაგნატები მართავენ.

საქართველოში ბიძინა ივანიშვილის – ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ „ნათლიის“ – ქონება თითქმის 5 მილიონ დოლარადაა შეფასებული, რაც საქართველოს [ყოველწლიური] მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედზე მეტია.

მოლდოვაში ქვეყნის ფაქტიურ ხელმძღვანელად ყველაზე მდიდარი ადამიანი ვლადიმირ პლახოტნიკი ითვლება. ბოლო წლებში მოლდოვა რეფორმების გატარების საქმეში „აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონად“ ითვლებოდა. ამ ქვეყანამ, უკრაინა-საქართველოსთან შედარებით, ევროპის კავშირთან უვიზო რეჟიმიც მიიღო. თუმცა 13 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობამ ევროპა უარყო და მხარი პრორუსულ სოციალისტ კანდიდატს იგორ დოდონს დაუჭირა. მართალია, მოლდოვას პრეზიდენტს უფლებამოსილება შეზღუდული აქვს, მაგრამ იგორ დოდონის გამარჯვებას მაინც ერთგვარი სიმბოლოს წარმოადგენს. ამგვარი საპროტესტო კენჭისყრის შედეგების მიზეზი ისაა, რომ მოლდოვაში გამეფებული იყო სისტემური კორუფცია, რომელიც ამერიკას და ევროკავშირს „მხედველობიდან გამოეპარათ“ (კორუფციის პიკმა 2015 წელს მიაღწია, როცა ბანკებიდან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი გაქრა, მაღალჩინოსნების მონაწილეობისა თუ მათი უყურადღებობის გამო). იური ლიანკემ, მოლდოვას მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ამ სკანდალზე შეკითხვისას, უმწეოდ გაშალა ხელები და თქვა, რომ „აბა, რა უნდა მექნა, ერთი უბრალო პრემიერ-მინისტრი ვიყავიო“. ეს ნიშნავს, რომ მოლდოვაში რეალური ხელისუფლება ვლადიმირ პლახოტნიკს აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიშინიოვი გეოპოლიტიკურად მოსკოვის ორბიტაზე არ გადავა და ასეთ პირობებში გააგრძელებს ყოფნას, ეს ქვეყანა ევროპის ნაცრისფერ ზონად გადაიქცევა.

უკრაინაშიც ანალოგიური პრობლემაა, მაგრამ უფრო მსხვილი მასშტაბით. პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შეძლებულ ადამიანად მიიჩნევა. მან ორი წლის განმავლობაში იმდენი რეფორმა წამოიწყო პოლიციის, ენერგეტიკის და სახელმწიფო შესყიდვების სფეროებში, რაც მის წინამორბედებს 20 წლის მანძილზე არ გაუკეთებიათ. ამასთან, პეტრო პოროშენკოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი არ განახორციელოს ისეთი ინსტიტუტების  რეფორმა, რომელიც პირადად მის მდგომარეობას დაემუქრება.

საზოგადოებრივი გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ კორუფცია ამცირებს უკრაინელთა ნდობას საკუთარი ლიდერების მიმართ. ჩინოვნიკთა ქონებრივმა დეკლარაციებმა, რომლებიც ამას წინათ გამოქვეყნდა, კიდევ უფრო გააძლიერა ცინიზმი, რითაც პრორუსული და პოპულისტური პარტიები, ალბათ, არჩევნების დროს ისარგებლებენ. თუმცა ეს ყველაფერი მისტერ დონალდ ტრამპისათვის, რომელსაც მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის კეთება უყვარს, შოკისმომგვრელი არ იქნება, რადგან მას ადგილობრივ „ოლიგარქ-პრეზიდენტებთან“ გარიგება შეუძლია. სამაგიეროდ, ცუდი იქნება როგორც აღმ.ევროპის ქვეყნების მოქალაქეებისათვის, ასევე მთლიანად ევროპისათვის.

Comments are closed