«Новые Ведомости» (რუსეთი): ურღვევი კავშირი // საქართველო და სომხეთი როგორც სამხედრო პარტნიორები
«Российская газета» (რუსეთი): საქმე №„08.08.08“ // ალექსანდრე ბისტრიკინის ინტერვიუ ჰააგის სასამართლოს მიერ სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მომხდარი მოვლენების გამოძიების დაწყების თაობაზე
«Независимая газета» (რუსეთი): ქართველი მშვიდობისმყოფლები სექსუალურ ძალადობაში ისევ დაადანაშაულეს // აფრიკელ ლტოლვილებს მძიმე მდგომარეობა შანტაჟისაკენ უბიძგებთ
———————-
«Новые Ведомости» (რუსეთი), 03 თებერვალი, 2016 წელი
http://nvdaily.ru/info/68901.html
ურღვევი კავშირი
საქართველო და სომხეთი როგორც სამხედრო პარტნიორები
სტატიაში მიმოხილულია საქართველოს თთავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ვიზიტი ერევანში, ყურადღება ძირითადად გამახვილებულია სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე, რომლის თაობაზეც ქართველმა მინისტრმა თავის სომეხ კოლეგასთან – სეირან ოგანიანთან შეხვედრისას ისაუბრა (ავტორი – ივან ოლეგოვი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და სომხეთის საგარეო-პოლიტიკური კურსი, სამხედრო მშენებლობის სპეციფიკა და უსაფრთხოების სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავებულია: საქართველო ევროატლანტიკური სტრუქტურებში, უპირველესად კი ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის, სადაც ძირითადად აშშ დომინირებს, სომხეთი კი – ევრაზიული კავშირისა და „ოდკბ“-ის წევრია, რომელშიც ყველაზე დიდი გავლენა რუსეთს აქვს. თუმცა, რასაკვირველია, ეს თავისებურება და განხვავბეა ორ მეზობელ თანამშრომლობაში ხელს არ უშლის, ერევანს და თბილისს საერთო ენის გამონახვა ყოველთვის შეუძლიათ.
სტატიაში ავტორი ეხება აგრეთვე საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს აზერბაიჯანთან და თურქეთთან, რაც, პრინციპში, სომხეთისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. სწორედ ამიტომ გულწრფელი საუბრები მეზობლებს შორის აუცილებელია, ეს ნდობის მეტ საფუძველს იძლევა.
„გასაგებია, რომ ქართულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობა განმტკიცებას საჭიროებს და ამას მინისტრებმაც ხაზი გაუსვეს, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ თინა ხიდაშელი ერევანში სამი დღით მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვისათვის არ ჩავიდოდა.
მაინც რა შეიძლებოდა ყოფილიყო ვიზიტის ჭეშმარიტი მიზეზი?
ექსპერტების აზრით, საქართველოსა და სომხეთის სამხედრო თანამშრმლობის საკითხების გადაწყვეტს უფრო პოლიტიკური ხასიათი აქვს, ვიდრე პრაქტიკულ-გამოყენებითი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ ფონზე სომხურ-ქართული კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება: ოფიციალური თბილისისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების ხმების მიღება“, – ნათქვამია სტატიაში.
«Российская газета» (რუსეთი), 03 თებერვალი, 2016 წელი
http://www.rg.ru/2016/02/02/bastrykin-mus-perevernul-sobytiia-v-iuzhnoj-osetii-s-nog-na-golovu.html
საქმე №08.08.08“
ალექსანდრე ბისტრიკინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მომხდარი მოვლენების გამოძიების დაწყების თაობაზე
როგორც უკვე ცნობილია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უფლებამოსილება მიანიჭა პროკურორ ფატუ ბენსუდას დაიწყოს გამოძიება 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილ სამხედრო დანაშაულობათა შესახებ. ამასთან დაკავშირებით „როსიისკაია გაზეტა“-ში გამოქვეყნებულია ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსანდრ ბისტრიკინთან, რომელსაც ჟურნალისტი ვლადისლავ კულიკოვი ესაუბრება. ა.ბისტრიკინის თქმით, ცხინვალზე ქართული არმიის თავდასხმის თარიღი „08.08.08“ – სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. ინტერვიუში მან ჩამოთვალა ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც, რუსეთის მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადანაშაულებულნი არიან სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებში.
ალექსანდრე ბისტრიკინის თქმით, ჩატარებული იქნა უპრეცედენტო მოცულობის მუშაობა, სისხლის სამართლის საქმე 500 ტომს მოიცავს, დაკითხულია1500-ზე მეტი სამოქალაქო მოწმე, 2500-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე, განხილულია 600-ზე მეტი განცხადება, რომლებიც ქართულ დასახლებულ პუნქტებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების თითქოსდა უკანონო მოქმედებას ეხება, გადასინჯულია რუსეთის არმიის იმ 50-მდე სამხედრო ნაწილის დოკუმენტაცია, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ „მშვიდობისათვის იძულების“ ოპერაციაში. „ობიექტურობის პრინციპის დაცვის მიზნით, 2008-2012 წლებში რუსეთის მხარემ საქართველოს მხარეს 10 თხოვნა გაუგზავნა სამართლებრივი დახმარების გაწევის ტაობაზე, მაგრამ არცერთ მათგანზე თბილისს პასუხი არ გაუცია“, – ამბობს ინტერვიუში ალექსანდრ ბისტრიკინი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ინტერვიუში საუბრობს როგორც საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელების, მეთაურების, ასევე რიგითი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედების თაობაზე, რომელთა მიზანს „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრების ეთნიკური ჯგუფის – ოსების განადგურება წარმოადგენდა“. ალექსანდრე ბისტრიკინი ლაპარაკობს ქართული მხარის მიერ საერთაშორისო კონვენციების დარღვევაზე, რომელიც 2008 წლის 8-12 აგვისტოს განხორციელებული სროლებისა და შეტევების დროს იქნა დაშვებული – ზალპური ცეცხლის სისტემის „გრადის“ გამოყენების დროს ჭურვებს კასეტური საბრძოლო ქობინა ჰქონდა მიმაგრებული. ქართულმა მხარემ ასევე ისარგებლა აკრძალული საავიაციო ბომბებით, როცა საქართველოს ავიაცია მშვიდობიან ოსურ დასახლებულ პუნქტებს ბომბავდა – სულ დაღუპულია სამხრეთ ოსეთის 162 მშვიდობიანი მცხოვრები. „ვიმეორებ, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია მხოლოდ ერთი მიზნით: ოსური ეთნოსის განადგურებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც საერთაშორისო ნორმებით და რუსული კანონმდებლობით გენოციდადაა შეფასებული“, – ამბობს ალექსანდრ ბისტრიკინი ინტერვიუში. იგი იმასაც მიუთითებს, რომ ქართულმა არმიამ რუსულ სამშვიდობო ბატალიონს სწორედ იმ მიზნით შეუტია, რათა ოსებს დახმარების იმედი არ ჰქონოდათ. ეს საქარტველოს ხელისუფლების გეგმებში შედიოდა. „ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შეეძლოთ გვერდი აქეციათ ჩვენი ჯარების დილოკაციის ადგილისათვის, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რადგან ბატალიონის განადგურება ჰქონდათ გადაწყვეტილი. ქართველებმა 10 რუსი მშვიდობისმყოფელი მოკლეს, 40 კი დაჭრეს, მთლიანად გაანადგურეს ბატალიონის დისლოკაციის ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა, ნაწილობრივ დაზიანდა შტაბის შენობა, მწყობრიდან გამოვიდა კავშირგაბმულობის კვანძი“, – აღნიშნავს ა.ბისტრიკინი.
„ეს იყო ქართული მხარის მიერ მზაკვრული, წინასწარ დაგეგმილი და მოფიქრებული აქცია. ასეთი მოქმედებისათვის საქართველოს ხელისუფლებას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, არც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა და არც რუსი მშვიდობისმყოფლები ამის საბაბს არ იძლეოდნენ. ქართული მხარის განზრახვები დოკუმენტებით დასტურდება… ჩვენს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე გამოტანილია გადაწყვეტილება, რათა პასუხისმგებლობაში იქნენ მიცემულნი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური გიორგი კალანდაძე, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი დავით ნაირაშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამშვიდობო ოპერაციების ხელმძღვანელი მამუკა ყურაშვილი“.
„როსიისკაია გაზეტას“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, „კმაყოფილი ხართ თუ არა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით ობიექტური გამოძიების დაწყების თაობაზე“, ალექსანდრე ბისტრიკინი პასუხობს: „ძალიან მინდა ეს დავიჯერო, თუმცა, სამწუხაროდ, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ. მაგალითად, წინასწარი მონაცემებით, გამოძიების საგნად ჰააგის სასამართლო იმ სამხედრო დანაშაულობებს მიიჩნევს, რომლებიც ჩადენილია არა საქართველოს, არამედ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ფორმირებების მიერ, თანაც ეს დანასაულობები თითქოსდა ქართველების წიააღმდეგ იყო მიმართული. ანუ საერთაშორისო სასამართლომ საქმის გარემოებები „ყირამალა“ დააყენა და უყურადღებოდ დატოვა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მასობრივი დახოცვის ფაქტების გამოძიება, აგრეთვე ის, რომ 16 ათასი მშვიდობიანი ოსი ეროვნების ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა. არც საერთაშორისო სასამართლოს და არც პროკურორს ყურადღება არ მიუქცევიათ რუსული მხარის მიერ მიწოდებული უამრავი მტკიცებულებისათვის – სისხლის სამართლის საქმეების ასლებისათვის (მოცულობა 33 ტომს შეადგენს), აგრეთვე ასობით ფოტოვიდეომასალებისათვის“.
ალექსანდრე ბისტრიკინი უკმაყოფილოა ჰააგის სასამართლოს განცხადებით. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთში მომხდარ მოვლენებს სასამართლომ წინასწარი კვალიფიკაცია მისცა როგორც საქართველოსა და რუსეთშ შორის მომხდარი საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის დროსაც რუსეთი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მოქმედებებს აკონტროლებდა. ჩემი აზრით, სასამართლოს ასეთი ფორმულირება წინასწარ გამოხატავს იმას, საით უნდა იყოს მიმართული გამოძიების ვექტორი. სინამდვილეში ამგვარი მიდგომა ეფუძნება საეჭვო სამართლებრივ დოქტრინას „ტერიტორიის ფაქტიურ კონტროლს“, რომელიც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სასამართლოს ანგაჟირებულ გადაწყვეტილებებში და რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა მიმართული“.
ალექსანდრე ბისტრიკინი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ ოპერაციას „მშვიდობის დაცვის იძულებით“, მხოლოდ ერთი მიზანი ჰქნოდა – უზრუნველყო სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. „ამ მოქმედებას ჩვენ რუსეთის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები გვავალდებულებდა… გარდა ამისა, საერთაშორისო სასამართლო რომ ასკვნის, „რუსეთი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მოქმედებას აკონტროლებდაო“, ამით ის მთლიანად იგნორირებს იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მხოლოდ რუსული სამშვიდობო ძალები კი არ იყვნენ დისლოცირებული, არამედ მანდატი გულისხმობდა შერეულ სტატუსს – ქართულ და ოსურ სამხედრო კონტინგენტებსაც, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებული მოქმედებით აკონტროლებდნენ იქ მიმდინარე პროცესებს და მშვიდობიანი გარემოს არსებობას უზრუნველყოფდნენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ იმ პერიოდში რუსეთი სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში აღიარებდა. ჩვენი პოზიცია მხოლოდ ქართული ჯარის თავდასხმის შემდეგ შეიცვალა. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი 2008 წლის მოვლენებამდე დიდი ხნის წინათ წარმოიქმნა, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისში და, შესაბამისად, რუსულ მხარეს არავითარი გავლენის მოხდენა ან გაკონტროლება არ შეეძლო.
მე ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ ვთქვათ – იმ დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოქმნილი და შემდეგ განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტები ბევრად იყო პროვოცირებული და დაფინანსებული უცხოეთიდან. სწორედ ამგვარი იდეებით და ე.წ. „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეერთებული შტატები მართავდა. იგი, პრინციპში, ამას არც მალავდა. გარდა ამისა, სწორედ აშშ აფინანსებდა იმ მომენტში საქართველოს შეიარაღებული ძალების წრთვნასა და აღჭურვას. ასე რომ, თუ „ტერიტორიის ფაქტიური კონტროლის“ დოქტრინის გამოყენებაზე ვინმე ლაპარაკობს, ეს უპირველესად რუსეთს კი არ ეხება, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – ამბობს ინტერვიუს დასასრულს ალექსანდრ ბისტრიკინი.
«Независимая газета» (რუსეთი), 03 თებერვალი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-02-03/7_gruzia.html
ქართველი მშვიდობისმყოფლები სექსუალურ ძალადობაში ისევ დაადანაშაულეს
აფრიკელ ლტოლვილებს მძიმე მდგომარეობა შანტაჟისაკენ უბიძგებთ
სტატიაში საუბარია გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის მოხსენებაზე, რომელშიც სკანდალური ფაქტებია გადმოცემული, კერძოდ, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე – ადგილობრივი მცირეწლოვანი გოგონების გაუპატიურების თაობაზე (ავტორი – იური როქსი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ეს უკვე მეორე ბრალდებაა, რომელიც ქართველ „ცისფერჩაფხუტიანებს“ წაუყენეს. „პირველად ამგვარ ფაქტებზე ინფორმაციამ ერთი წლის წინ გაჟონა, თუმცა მაშინ ბრალის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. ახლა კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის ახლოს განლაგებულ ლტოლვილთა ბანაკის მცირეწლოვანმა მცხოვრებლებმა გაეროს მისიას საჩივრით მიმართეს. პირველ შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ იმ მომენტში ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ რადგანაც გოგონები 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ივნისის პერიოდში მომხდარ სექსუალურ შეურაცხყოფაზე ლაპარაკობდნენ, ბრალი არავისთვის არ წაუყენებიათ. იმ დროს იქ ქართველი მშვიდობისმყოფლები არ იმყოფებოდნენ, ახლა კი საქმე სხვაგვარადაა“, – ნატქვამია სტატიაში.
ავტორი მიმოიხილავს საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებას („ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული ეს ფაქტები, დადგინდეს ჭეშმარიტება და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს ბრალდება მოეხსნათ“) და მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს (მხედველობაშია იმ სამხედრო ჩინოვნიკების თანამდებობიდან დროებით გათავისუფლება, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლზე). სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული არმიის პრესტიჟის დაცვაში აშშ-ის ელჩი იან კელიც ჩაერთო, რომელმაც დადებითად შეაფასა თავდაცვის მინისტრის პოზიცია და მხარი დაუჭირა გამოძიების ობიექტურად წარმართვას.
პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილის ომარ ბეგოიძის გამონათქვამი, რომლის თანახმად, იგი ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს თხოვს თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნების გაკეთებისაგან, რადგანაც გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებაში არც ფაქტებია მოყვანილი და არც გვარ-სახელები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა (გაზეთ კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს მიხედვით), ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და ამიტომ ლუკმა-პურის მოპოვების მიზნით აფრიკელები ხშირად პროვოკაციულად იქცეოდნენ – თუ სამხედრო მოსამსახურეები მათ წყალს ან ორცხობილას არ მისცემდნენ, ისინი შანტაჟს იწყებდნენ“.