«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): უთანხმოების ჩამომგდები მრჩეველი // უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამ საქართველოს გაღიზიანება გამოიწვია
«TV CNN International» (აშშ): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ბორის ნემცოვი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოკლეს… რუსეთი საშიში ქვეყანაა როგორც საკუთარი მოქალაქეებისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის“
«Новые известия» (რუსეთი): ახალი სანქციების აჩრდილი? // მიხეილ სააკაშვილი ანტირუსული ზომებისათვის დამატებით საფუძველს ქმნის
«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ ალექსი პუშკოვთან: „ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგულნი რჩებიან, რუსეთის მიმართ მხოლოდ ისტერიკული კატეგორიებით აზროვნებენ“
«ТАСС» (რუსეთი): ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოს გაფართოების პროცესის დროებით შეჩერებას
———————–
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 3 მარტი, 2015 წელი
უთანხმოების ჩამომგდები მრჩეველი
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამ საქართველოს გაღიზიანება გამოიწვია
(მცირე შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
რუსეთის ყველა მეზობლებს შორის საქართველო და უკრაინა, სიტუაციის შესაბამისად, ერთმანეთთან ყველაზე ახლოს უნდა იდგნენ და ერთმანეთს უნდა გაუგონ. საკმარისია ითქვას, რომ რუსეთთან ორივე სახელმწიფოს წამგებიანი ომი ჰქონდა. გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს ადგილობრივ ამბოხებულებს და პრომოსკოვურ სეპარატისტულ ტერიტორიებს. ათობით ქართველი იბრძვის ვოლონტერების [მოხალისეების] სახით უკრაინის მთავრობის ბატალიონებში. გასულ თვეში უკრაინიდან თბილისში კიდევ ერთი დაღუპული ჩამოასვენეს (ფოტო).
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა 13 თებერვლის შემდეგ დაიძაბა, როცა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რეფორმების ხელშემწყობი საერთაშორისო-საკონსულტაციო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მან საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა. ბატონი მიხეილ სააკაშვილი 2013 წლიდან დევნილობაში ცხოვრობს, იგი საქართველოს მმართველი პარტიის დაუძინებელ მტრად ითვლება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – ექს-პრეზიდენტს ბრალად ედება, რომ მან თავისი მმართველობის პერიოდში მრავალი დანაშაული ჩაიდინა.
მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა საქართველოსთვის რთულ პერიოდს დაემთხვა: ოფიციალური თბილისის [საგარეოპოლიტიკური] ორიენტაცია, რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე დაპირისპირების გამო, სულ უფრო და უფრო საეჭვო ხდება.
რუსეთში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციებისა და ნავთობის ფასის გაიაფების გამო, საქართველოსაც გადაწვდა: საკმაოდ შემცირდა საზღვარგრეთიდან ფულადი გადარიცხვების მოცულობა, რომელიც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს საერთო ეროვნული პროდუქტის 12%-ს შეადგენდა. გადარიცხვების თითქმის ნახევარი რუსეთიდან ხდებოდა. მიმდინარე წლის იანვარში ქართული პროდუქციის ექსპორტის მოცულობაც თითქმის 30%-ით დაეცა, ეროვნული ვალუტა – ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 29%-ით გაუფასურდა, რაც მთავრობის თავის ტკივილად იქცა დოლარიზებული ეკონომიკის პირობებში. გასულ თვეში მთავრობამ გამოაცხადა, რომ დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად, 2015 წელს ეკონომიკური ზრდა 2 – 2,5%-ის ფარგლებში იქნება. ეროვნული ვალუტის კურსის შემდგომი ვარდნის შესაჩერებლად ხელისუფლება პრივატიზების გაფართოებას გეგმავს.
ეკონომიკური სირთულეები საქართველოს თავს მაშინ დაატყდა, როცა ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება სულ უფრო მკვეთრი ხდება. ე.წ. „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მიხეილ სააკაშვილისეული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ბევრი ყოფილი ჩინოვნიკი დააპატიმრა, მათ ბრალი კორუფციაში წარედგინათ და ახლა თვეობით ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის ექს-მერი გიგი უგულავა, რომელიც ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული, უკვე მერვეა თვეა საპყრობილეში ზის და სასამართლოს ელოდება. 18 თებერვალს მისი თხოვნა გირაოს შეტანის სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული. ეს ფაქტი დაგმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა მომხსენებელმა პედრო აგრამუნტმა, რომელმაც უარყოფითად შეაფასა პატიმრობაში ყოფნა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის ექს-ჩინოვნიკებიდან ზოგიერთები, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებისა ეშინიათ, უკრაინის მთავრობაში მრჩევლების თანამდებობებზე დაინიშნენ იმ იმედით, რომ ისინი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით დაიწყებენ, საქართველოს მსგავსად, სადაც რეფორმები 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა. ამ ადამიანებიდან ყველაზე ცნობილი პიროვნება ბატონი მიხეილ სააკაშვილია. აღსანიშნავია, რომ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც თავის მოადგილედ ყოფილი „ნაციონალი“ ჩინოვნიკი დანიშნა. ასეთი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება რამდენჯერმე მოსთხოვა.
ქართველი ჩინოვნიკები უკრაინასთან კონფლიქტს ერიდებიან. როგორც ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა გასულ თვრეში თბილისში ვიზიტის დროს, საქართველოს და უკრაინას ერთმანეთი სჭირდებათ. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც კარგად ახსოვს 2008 წლის ქართულ-რუსული ომის მძიმე შედეგები, ცდილობს რუსეთთან კონფრონტაცია თავიდან აიცილონ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნება“, მოსკოვთან ურთიერთობის დათბობის იმედით, 2008 წლის ომისათვის პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებდა. ამ მცდელობამ თბილისს გარკვეული ეკონომიკური სარგებელი მოუტანა: 2014 წელს რუსეთი საქართველოსთვის, ვაჭრობის მოცულობით, მეოთხე პარტნიორი გახდა.
მაგრამ მოსკოვმა ძალიან ცოტა რამ გააკეთა იმისთვის, რომ თბილისთან ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო. გასულ თვეში მოსკოვმა დაადასტურა, რომ 2015 წლის განმავლობაში რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს – აფხაზეთს დაახლოებით 145 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ეს იმის მიუხედავად, რომ თვითონ რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები აქვს. იმავე ხანებში რუსეთმა განაცხადა, რომ გააფორმებს ახალ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთთან, საქართველოს კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან და ამით თბილისს შიშს ჩაუნერგავს, რომ მისი ანექსიაც შესაძლებელია. მოსკოვი ასევე აგრძელებს მუქარებს საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვის გამო.
საქართველოს წინაშე მდგარი საგარეო საფრთხეები და ეკონომიკური სირთულეები ხაზს უსვამენ იმას, რომ საჭიროა ერთიანობის განმტკიცება. ამის ნაცვლად ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც „რუხ კარდინალს“ უწოდებენ 2013 წელს პოსტიდან წასვლის შემდეგ, ახალი სამიზნეები იპოვა: ამას წინათ მან საჯაროდ გააკრიტიკა პროდასავლური ორიენტაციის მქონე რესპუბლიკური პარტია, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, თავდაცვის ექს-მინისტრის ირაკლი ალასანიასადმი მხარდაჭერის გამო (ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს. გარდა ამისა, გასულ თვეში ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ მკაცრი მუქარაშემცველი კომენტარები გაუკეთა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას, მას არაერთხელ გაუკრიტიკებია მასობრიოვი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებიც. სულ ახლახანს ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გამო პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დააკისრა. „რუხი კარდინალის“ ასეთი წინააღმდეგობრივი ქმედებები, აშკარაა, რუსეთისათვის სასიამოვნო „მუსიკა“ იქნება, მაგრამ შემაშფოთებელი ნიშანია იმ ქვეყნისათვის, რომელიც აცხადებს, რომ ევროპასთან ინტეგრირება სურს.
«TV CNN International» (აშშ), 2 მარტი, 2015 წელი
http://edition.cnn.com/videos/us/2015/03/02/nr-intv-bts-saakashvili-putin-enemies.cnn
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „ბორის ნემცოვი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოკლეს… რუსეთი საშიში სახელმწიფოა როგორც საკუთარი მოქალაქეებისათვის, ასევე მთელი მსოფლიოსათვის“
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ორ მარტს აშშ-ის ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-ის ეთერში გამოვიდა და კორესპონდენტს რუსულ საფრთხეზე ესაუბრა. „ბორის ნემცოვი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც [ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების მიერაა] მოკლული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ასეთი საფრთხე ყველა ადამიანს ემუქრება რომელიც ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ გამოდის.
„დღეს რუსეთის მსოფლიოს ყველაზე საშიშ სახელმწიფოდ ითვლება, სადაც დაშინებისა და მუქარების ატმოსფეროა გამეფებული. რუსეთის ხელისუფლება ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს ოპოზიციაზე. მთელი რუსეთის დაშინებულია. ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა ან ემიგრაციაში არიან წასული, ან საპყრობლეებში სხედან ალექსი ნავალნის მსგავსად, ან ბორის ნემცოვისავით მოკლულნი არიან. რა ქვეყანაა ეს? რუსეთი ნამდვილად სახიფათო ადგილია როგორც საკუთარი მოქალაქეებისათვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსათვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი შეეხო აგრეთვე უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების საკითხს და აღნიშნა, რომ თავის დროზე კიევმა უარი განაცხადა იმ იარაღის ქონაზე, რომელიც მას დაიცავდა. „უკრაინელები 1990-იან წლებში კომპრომისზე წავიდნენ და აშშ-ის წეგავლენით უარი თქვეს რამდენიმე ათას ბირთვულ საბრძოლო ქობინაზე (ატომურ იარაღზე), ახლა კი კიევი იხვეწება, რომ მას რამდენიმე ათასი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მისცენ, რუსეთის აგრესიისათვის წინააღმდეგობის გასაწევად. ეს ისტორისს საკვანძო მომენტია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
«Новые известия» (რუსეთი), 3 მარტი, 2015 წელი
http://www.newizv.ru/world/2015-03-03/215829-prizrak-novyh-sankcij.html
ახალი სანქციების აჩრდილი?
მიხეილ სააკაშვილი ანტირუსული ზომებისათვის დამატებით საფუძველს ქმნის
კონსტანტინ ნიკოლაევი
(შემოკლებით)
ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის შეხვედრები გაიმართა, რომლის ინიციატორი ამერიკული მხარე იყო – ვაშინგტონს აშკარად სურდა გაერკვია მოსკოვთან რიგი საკითხები, რომლებიც ბოლო დროს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში წამოიჭრა: ბორის ნემცოვის მკვლელობით დაწყებული, მინსკის მოლაპრაკებით დასრულებული.
შეხვედრის შემდეგ ჯონ ქერიმ განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინელმა სეპარატისტებმა მინსკის მოლაპარაკების პირობები უნდა დაიცვან, „თუ ეს არ მოხდება, მას მოჰყვება ის შედეგები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენენ“. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ სერგეი ლავროვმა კვლავ შეახსენა ამერიკულ მხარეს, „კიევმა საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განახორციელოს და დონბასს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მიანიჭოსო“. ბორის ნემცოვის თაობაზე არცერთ მხარეს არაფერი უთქვამს.
ჯონ ქერის სიტყვებმა – „შედეგები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე გავლენას მოახდენენ“ – გამოიწვია ვარაუდები, რომ დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მიმართავს. ამ ვარაუდებს დამატებითი საფუძველი შეუქმნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად კი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა. გასულ კვირას იგი უკრაინის ტელევიზიით გამოვიდა და სენსაციური განცხადება გააკეთა: „უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი უკვე 99%-ით არის გადაწყვეტილიო“. ამასთან, ექსპერტებს სერიოზულად შეაქვთ ეჭვი იმაში, რომ აშშ-ის ახალი ანტირუსული ნაბიჯი სწორედ იარაღის მიწოდება იქნება. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დაჩვეულია გადაჭარბებულად ოპტიმისტური განცხადებები აკეთოს. საქმე აშშ-ის ადმინისტრაციის პოზციაშია: „კონგრესის მხრიდან პრეზიდენტზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, ბარაკ ობამას არ სურს უკრაინისათვის იარაღის მიწოდება. მათ შორის თამაში მიმდინარეობს, – ამბობს კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი ალექსი მალაშენკო, – ამერიკის მმართველ წრეებში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ იარაღის მიწოდება სიტუაციას ვერ მოაგვარებს, პირიქით, უფრო გაართულებს რუსეთთან ურთიერთობას. ბარაკ ობამას კი ეს ყველაზე ნაკლებად უნდა, მას ისედაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ირანის, „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა საკითხები სახით“.
«Известия» (რუსეთი), 3 მარტი, 2015 წელი
http://izvestia.ru/news/583551
ინტერვიუ ალექსი პუშკოვთან: „ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგულნი რჩებიან, რუსეთის მიმართ მხოლოდ ისტერიკული კატეგორიებით აზროვნებენ“
რუსეთის ფედერაციის ინიციატივით მოსკოვში, ივნისის დასაწყისში, «БРИКС»-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) პირველი საპარლამენტო ფორუმი გაიმართება. «БРИКС»-ის ქვეყნებს შორის არსებული ინტეგრაცია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ და ხანგრძლივ ხასიათს იძენს და, შესაბამისად, დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ფონზე, ამ ფორუმს რუსეთისათვის ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტიო ასამბლეის ჩანაცვლება შეუძლია. ინტერვიუში სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი პუშკოვი ჟურნალისტ ნატალია ბაშლიკოვასთან ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს, კერძოდ, იგი ეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მიერ გადადგმულ ანტირუსულ ნაბიჯებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ეუთოს საპარლამენტო სესიამ, რომელიც ახლახანს დასრულდა, რუსეთისათვის არასასიამოვნოდ ჩაიარა, დაფიქსირდა ინიციატივა საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის თაობაზე…
- რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევა მხოლოდ ქართველი დელეგატების ავადმყოფურ ფანტაზიებში შეიძლება წარმოიქმნას. ჩვენ ვიცით, რომ ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთგულნი რჩებიან, რუსეთის მიმართ მხოლოდ ისტერიკული კატეგორიებით აზროვნებენ. ეს დასტურდება ზოგიერთი ქართველი დელეგატის რუსოფობიული გამოსვლებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც.
- როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება ეს ყველაფერი – სანქციები, ანტირუსული აგრესია…
- ამერიკის შეერთებული შტატები ცივი ომის გზას დაადგა და რუსეთმა რომც შეცვალოს თავისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ, მე არ ვფიქრობ, რომ ვაშინგტონი თავის პოზიციას შეიცვლის. ეს სიტუაცია მწიფდებოდა ჯერ კიდევ 2001 წლიდან, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ნატოს გაფართოების პირველი ტალღა გამოაცხადა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეზღუდვის შეთანხმებიდან გამოვიდა. შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისა და საქართველოს ნატოში ჩათრევას შეეცადა. ეს არ გამოუვიდათ, რადგან ევროპელენმა გადაწყვეტილების მიღება დაბლოკეს. მოგვიანებით ვლადიმერ პუტინი მიუნხენის კონფერენციაზე ცნობილი სიტყვით გამოვიდა და ყველა უთანხმოება მკაფიოდ ჩამოაყალიბა. საბოლოოდ მხარეებმა ბარიკადები სირიისა და ლიბიის კრიზისების გამო აღმართეს. ეს ყველაფერი უკრაინამდე იყო. შესაბამისად, აშშ ტავის პოზიციებს არ შეცვლის და არც ჩანს პერსპექტივაში. უფრო მეტიც – ახლა აშშ-ის ხელისუფლებაში მოსვლას ბარაკ ობამაზე უფრო მეტად რადიკალური ჯგუფები ცდილობენ: რესპუბლიკელებიდან – ჯონ მაკკეინი, დემოკრატებიდან კი – ჰილარი კლინტონი, რომელიც სირიის კრიზისის ერთ-ერთი ავტორია. დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.
«ТАСС» (რუსეთი), 3 მარტი, 2015 წელი
http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/1802644
ფრანსუა ოლანდი: საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოს გაფართოების პროცესის დროებით შეჩერებას
მიხეილ ტიმოფეევი, პარიზი
ნატოს გაფართოება დროებით უნდა შეწყდეს. ასეთი განცხადება გააკეტა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ორშაბათს, პარიზში, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ. „ამ მომენტში საფრანგეთს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ნატოში გაწევრიანება სურთ, ასეთი პოზცია აქვს: ყველას უარი უნდა ეთქვას“, – ხაზი გაუსვა ფრანსუა ოლანდმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ნატოს გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, გაფართოება აქტუალური აღარ არის“.
ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ საკითხს, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანხმობა ევროკავშირსა და ნატოს შორის, თავდაცვის ერთიანი სისტემის შექმნის საკითხებში.
თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ჩრდილოატალანტიკური ალიანსი თავისი ძალების ყველაზე მნიშვნელოვან გადიდებას ახდენს და საფრანგეთი ამ პროცესში საკვანძო ლიდერის როლს ასრულებს“.