globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 3rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Эхо» (აზერბაიჯანი): ერევნის „ქართული იმედები“ ჩაიფუშა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თომას დევაალის ინტერვიუების კრებული კოლუმბიის უნივერსიტეტში მოთავსდება //„ყოველ საღამოს ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი ბილიარდს ერთად თამაშობდნენ“

«Kronen Zeitung» (ავსტრია): საქართველო: ეკლესიები, მონასტრები და… თოვლი

«Der Spiegel» (გერმანია): ბავშვი-პატარძლები საქართველოში // „გოგონებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს გათხოვება“

—————–

«Эхо» (აზერბაიჯანი), 03 მარტი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=57284

ერევნის „ქართული იმედები“ ჩაიფუშა

„სომხები მორიგ ცუდ ამბავს დარდობენ – საქართველოს ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედება, როგორც ყაზბეგი-ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ალტერნატივა, გამორიცხულიაო. „პირველად მესმის. ეს ინფორმაცია არასწორია. მთავრობაში ეს კონკრეტული პროექტი არც განხილულა. ასე რომ, ეს სიცრუეა“, – უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს“. სომხებისათვის ასეთი „ცუდი ამბით“ იწყება აზერბაიჯანის გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორია ჟურნალისტი ტოფიგა კასიმოვა – ნურანი.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული სომხეთის პრემიერის კარენ კარაპეტიანის საქართველოში ვიზიტის მიზნები, რომელიც სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელ საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივის მონახვას ითვალისწინებდა. სომეხ პრემიერს იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ტერიტორიებზე გამავალი კომუნიკაციების ამოქმედებაზე მოილაპარაკებდა, მით უმეტეს, რომ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დროს ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ ხელშეკრულების რეალიზებაზე იყო საუბარი. სტატიის ავტორი ვრცლად მიმოიხილავს როგორც ქართულ პრესაში, ასევე უცხოურ მასმედიაში – გაზეთ „რეზონანსის“ და „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებულ მასალებს.

„ცეცხლზე ნავთი დაასხხა თვით პრემიერ-მინისტრის განცხადებამ – „თბილისში ყოფნის დროს მე ვიზიტის მთელი პროგრამა შევასრულეო“. კარენ კარაპეტიანმა ჟურნალისტებს აუწყა, რომ მან თავის ქართველ კოლეგასთან ზემო ლარსის მიმართულების ალტერნაყტივაზე მოილაპარაკა: „თუ თქვენ ის გაინტერესებთ, იქნება თუ არა ზემო ლარსის ალტერნატივა, მე გარწმუნებთ, რომ დიახ, იქნება!“, – ასე ამაყად და ოპტიმისტურად უთხრა ჟურნალისტებს სომეხმა პრემიერმა. კარენ კარაპეტიანის ასეთი პოზიტიურ-ემოციური განცხადების შემდეგ კახა კალაძის ნათქვამმა – რა ალტერნატივა, რის ალტერნატივა, ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრიაო -  სომხებისათვის „ცივი შხაპის“ ეფექტი შეასრულა, – წერს სტატიის ავტორი.

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხრეთ კავკასიის იმ კომუნიკაციებზე საუბარს, რომლებსაც, სავარაუდოდ, სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებლი გზის ფუნქციის სესრულება შეუძლიათ: ცხინვალზე გამავალ ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალს („ტრანსკამს“), ქართული რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს, მაგრამ სომხებისთვის სამწუხაროდ, არცერთი ეს მიმართულება, გასაგები მიზეზების გამო, არ ამოქმედდება. ასევე მიუწვდომელია სომხებისთვის თბილისი-ბაქო-მოსკოვის რკინიგზაც, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმატებით მუშაობდა და ამ მარშრუტით ქართველები დღესაც მშვენივრად სარგებლობენ. ერევნისათვის რცება მხოლოდ ერთი „გასაძვრომი“ – საბორნე გადასასვლელი ფოთის პორტიდან რუსულ „კავკაზამდე“, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ბორნით სარგებლობა სომხებს ძალიან ძვირი უჯდებათ – მათი მოკავშირე რუსეთი ტარიფებს არ ამცირებს“.

მოკლედ, სომხური ექსპორტი კვლავ არასტაბილურად მოქმედი „ზემო ლარსის“ იმედად რჩება, ანუ საიმედოდაა შეზღუდული. და ამ შემთხვევაში, უკვე მერამდენედ, მიზანშეწონილია დავსვათ კითხვა – რა ალტერნატივა ჰქონდა მხედველობაში კარენ კარაპეტიანს? ეტყობა, მას ჰგონია, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე (რომელიც ორ აპრილს უნდა ჩატარდეს) თანამემამულეებს ოპტიმიზმი ჩაუნერგა. და საერთოდ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კარენ კარაპეტიანმა უკვე მოასწრო უთვალავი დაპირების გაცემა, მაშინ გამორიცხული არაა, რომ „შიდაპოლიტიკური ბუმერანგი“ შეიძლება მას არჩევნებამდე უკან დაუბრუნდეს. როგორც ამბობენ ხოლმე, „მისგან გამომდინარე ყველა შედეგით“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/thom-dewaal-in-ny/3746759.html

ომას დევაალის ინტერვიუების კრებული კოლუმბიის უნივერსიტეტში მოთავსდება //

ყოველ საღამოს ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი ერთად ბილიარდს თამაშობდნენ

თეა თუაშვილი

თომას დევაალის ინტერვიუების ნაკრები კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოთავსდება. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჰარიმანის ინსტიტუტის ინიციატივით კოლუმბიის უნივერსიტეტში შედგა, სადაც თომას დევაალმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში წარმოქმნილი კონფლიქტების გაშუქების პროცესში მის მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალების თაობაზე ისაუბრა. ავტორმა და კავკასიის საკითხების ექსპერტმა თავად გამოთქვა სურვილი მის მიერ შექმნილი არქივი კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის გადაეცა.

როგორ შეიქმნა დასავლელი ჟურნალისტის მიერ ფასდაუდებელი ისტორიული არქივი საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე მთიან ყარაბაღსა და ჩეჩნეთში წარმოქმნილი ომების შესახებ. დღეს ის მვლევარია, თუმცა მაშინ, როდესაც ჩეჩნეთში და ყარაბაღში საომარი მოქმედებები დაიწყო, ის იყო ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი დასავლეთიდან, რომელიც კავკასიის ცხელი ადგილებიდან მსოფლიოს ექსკლუზიურ მასალებს აწვდიდა. მკვლევარი ამბობს, რომ მთავარი ხალხთან საუბარი იყო, მათი მოსმენა, მთავარ ინფორმაციას ის სწორედ მათგან ღებულობდა.

„მოპოვებული ინფორმაციის მხოლოდ 5% ხვდება გაზეთსა თუ ტელევიზიაში, დანარჩენი მასალა ავტორისაა და ის უნდა შეინახოს“, – ამბობს თომას დევაალი, რომელმაც კავკასიის საკითხების კვლევას ოთხი წიგნი და არაერთი სტატია მიუძღვნა. დასავლელი ჟურნალისტი ჩეჩნეთისა და ყარაბაღის მოვლენების გაშუქების დროს ხშირად ოფიციალურ პირებთან ერთად არაფორმალურ გარემოშიც ხვდებოდა. კოლუმბიის უნივერსიტეტში საკუთარი არქივის გახსნისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე მან დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ისტორია და ჯოჰარ დუდაევის გატაცება გაიხსენა: „ყოველ საღამოს ზვიად გამსახურდია და ჯოჰარ დუდაევი ერთად ბილიარდს თამაშობდნენ. ჯოჰარ დუდაევი ყოველდღე იგებდა, ზვიად გამსახურდია კი უილიამ შექსპირის ტრაგედიის ქართველი გმირივით იყო. მარტოსულ და გაყინულ საღამოებს ეს ორი პრეზიდენტი ასე ატარებდა“, – ამბობს თომას დევაალი.

ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი სატელიტურ ტელეფონზე საუბრის დროს ააფეთქეს, საქართველოს პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებზე კი კვლევა ჯერაც არ დასრულებულა. მოკლეს ჩეჩნეთის მეორე ლიდერი ასლან მასხადოვიც, რომელსაც თომას დე ვაალმა ინტერვიუ ბორის ელცინთან დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ტყეში ჩამოართვა.

„ძირითადი, რაც კონფლიქტში მონაწილე მხარეების მხრიდან და რუსეთის ხელისუფლების წრეებისგან აღებული ინტერვიუების შემდეგ დასკვნის საშუალებას მაძლებს არის ის, რომ არეულობა რეგიონში არ იყო უშუალოდ კრემლის პოლიტიკა, არამედ კრემლში არსებულ იმ ადამიანთა ჯგუფის, რომელიც ბორის ელცინის წარმატებული რებრენდინგით იყო დაინტერესებული. ჩეჩნეთის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. მითუმეტეს შედეგი – ათასობით მსხვერპლი და ჰუმანიტარული პრობლემების კვალდაკვალ ჩეჩნეთის საკითხის გამო ბორის ელცინის რუსეთის ავტორიტეტის შერყევა დასავლეთში და მძაფრი კრიტიკა დემოკრატიული რუსეთის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ყარაბაღის კონფლიქტი სხვა მოვლენაა. სუმგაითში დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ბრძოლებში გადაიზარდა. ეს იყო ერთგვარი ნიშანი, რომ იმპერიული ძალაუფლება ძალას და გორბაჩოვი კონტროლს კარგავდა. სუმგაითის შემთხვევა საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დამოუკიდებლობის მოთხოვნას წინ უძღოდა. ამდენად, სუმგაიტის მოვლენებმა სხვა რესპუბლიკებში არსებული მოთხოვნები კიდევ უფრო გაამწვავა“, – ამბობს ექსპერტი.

თომას დევაალი 90-იან წლებში “BBC-ში” მუშაობდა, შემდეგ იყო “Moscow Times ” და “The Times”. კოლუმბიის, ჰარიმანის ინსტიტუტი წელს საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ჰარიმანის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ქული თომას დევაალის არქივს მნიშვნელოვან შენაძენს უწოდებს კოლუმბიის უნივერსიტეტისთვის, სადაც მომავალი კონფლიქტოლოგები, ჟურნალისტები და სამართლის სპეციალისტების სწავლობენ.

«Kronen Zeitung» (ავსტრია), 03 მარტი, 2017 წელი

http://www.krone.at/reisen-urlaub/georgien-kirchen-kloester-pulverschnee-hochgebirgsflair-story-556944

საქართველო: ეკლესიები, მონასტრები და… თოვლი

„უძველესი ეკლესია-მონასტრები… თხილამურებით სრიალი თოვლში, მაღალ მთებში… ვინც დაინტერესებულია ასეთი სამთო მოგზაურობით, ის კავკასიაში უნდა ჩავიდეს. [ვენიდან] 4 საათის ფრენა და თქვენ უკვე ევროპის საზღვარზე ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში!“ – ასე იწყება ვენის გაზეთ „კრონენ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებებია გადმოცემული (ავტორი – ჰანა  ვლანერი).

მოგზაურობა იწყება საქართველოს დედაქალაქის დათვალიერებით, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს და სადაც განმაცვიფრებელი ადამიანები ცხოვრობენ. თბილისში ძალიან ბევრი მუზეუმია უძველესი არტეფაქტებით, აქვეა მეტეხთან, მდ.მტკვარზე გადებული „მშვიდობის ხიდი“. თბილისს ზემოდან „ქართვლის დედა“ გადმოჰყურებს… თბილისში ცხოვრება დუღს, დღისით და ღამით, მაგრამ ჩვენ თოვლი გვინდა: ვჯდებით „მარშრუტკაში“ (Marschrutka – მცირე სამაშრუტო ტაქსი) და გეზს გუდაურისაკენ – სამხრეთ კავკასიის ყველაზე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტისაკენ ვიღებთ“, – წერს ავტორი და ავსტრიელ მკითხველს თავის საგზაო შთაბეჭდილებებს უზიარებს: „მცხეთა – საქართველოს უძველესი დედაქალაქი, თავისი მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრებით. აქაა სვეტიცხოვლის ბრწყინვალე ტაძარი, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი… აქაა ჯვრის მონასტერი, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეშია აგებული. საქართველოს სამხედრო გზის 120-კილომეტრიანი ოღრო-ჩოღრო მონაკვეთი და ჩვენ უკვე გუდაურში ვართ… ირგვლივ ერთმეტრიანი თოვლია“.

სტატიაში აღწერილია გუდაურში ყოფნით მიღებული სასიამოვნო გრძნობები (როგორც ცნობილია, ამ კურორტის განვითარებაში ავსტრიამაც დიდი როლი შეასრულა, დამონტაჟდა საბაგირო გზები). „თუ ორი ათას მეტრამდე სიმაღლეზე ახვალთ, იქ ლომისის მონასტერის დათვალიერებაც შეიძლება, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ საქართველოს რეგიონის – სამხრეთ ოსეთის საზღვარზე მდებარეობს. მონასტერში სიმბოლურად ცოდვების მონანიებაც შეგიძლიათ – კისერზე 25-კილოგრამიან დიდ ჯაჭვს ჩამოიცმევ და ეკლესიას ირგვლივ სამჯერ შემოუვლი“.

ავსტრიელი ჟურნალისტი გუდაურიდან სვანეთში, მესტიაში მიემგზავრება, უშბისა და თეთნულდის მოსანახულებლად. იგი აღწერს სვანური კოშკების დანიშნულებას, სვანების ყოფა-ცხოვრებას, ტრადიციებს და, რასაკვირველია, ქართულ სუფრას, განთქმულ სამზარეულოს -  ხინკალს, ხაჭაპურს, მწვადებს… სადღეგრძელოებს (უფლის, სამშობლოს, ქალების, შვილების სადიდებლად), ქართულ სიმღერებს…

შემდეგ ავსტრიელი ჟურნალისტი ტურისტებთან ერთად ისევ თბილისში ბრუნდება, ამჯერად ისინი ქალაქს მთლიანად ათვალიერებენ – მთაწმინდა, ნარიყალა, გოგირდის აბანოები (რომელსაც რუსმა პოეტმა ალექსანდრე პუშკინმა ლექსიც მიუძღვნა), მეტეხი…

უკან, ავსტრიაში დაბრუნებამდე ჩვენ, პროგრამის თანახმად, ვათვალიერებთ გორს, რომელიც დიქტატორ იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქია, აქ მისი სახლ-მუზეუმი მუშაობს. ვათვალიერებთ უფლისციხეს – კლდეში გამოკვეთილ მღვიმოვან ქალაქს. უფლისციხე სავაჭრო ცენტრიც ყოფილა, აქ ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდნენ. მოკლედ, საქართველო თავისი მრავალფეროვნებით გასაოცარი ქვეყანაა“, – ასკვნის ჟურნალისტი.

——-

«Kronen Zeitung»ავსტრიის უდიდესი გაზეთი, რომელსაც მკითხველთა  თითქმის სამმილიონიანი აუდიტორია ჰყავს. დაარსებულია 1900 წელს. ტირაჟი – 1 მილიონი ეგზემპლარი.

«Der Spiegel» (გერმანია), 02 მარტი, 2017 წელი

http://www.spiegel.de/panorama/kinderbraeute-in-georgien-fotografin-daro-sulakauri-ueber-arrangierte-ehen-a-1136572.html

ბავშვი-პატარძლები საქართველოში

„გოგონებს წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს გათხოვება“

ანეტ ლანგერი

(თავისუფალი თარგმანი)

ისინი თორმეტი წლის ასაკში თხოვდებიან, სკოლას ტოვებენ, სწავლას აღარ აგრძელებენ, ხდებიან დიასახლისები და სწრაფად ფეხმძიმდებიან. ქართველი ბავშვი-პატარძლების ბედი, რომელიც ბევრისთვის უცნობია, ფოტოგრაფმა დარო სულაკაურმა დოკუმენტურად დააფიქსირა.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი მიმზიდველი და არაჩვეულებრივი მეგაპოლისია, ქუჩებში ბევრ მხატვარს და მოსეირნე თავდაჯერებულ, ამაყ ქალბატონს შეხვდებით, მაგრამ როგორც კი ქალაქს გასცდებით – დასავლეთით, აღმოსავლეთით [თუ სამხრეთით], სრულიად სხვა სამყაროში მოხვდებით. შორეულ სოფლებში თორმეტი წლის გოგონები, რომლებიც ბავშვობის ასაკიდან ჯერ გამოსულან, მშობლებმა ნაადრევად გაათხოვეს და ახლა ბავშვებს უკვე საკუთარი ბავშვები ჰყავთ. გოგონებს ათხოვებენ იმ მამაკაცებზე, რომლებთაც ისინი მხოლოდ ერთი კვირა თუ იცნობენ, თუმცა ეს გარემოება საკურთხეველთან მისვლას ხელს არ უშლის.

ქართველმა ფოტოგრაფმა დარო სულაკაურმა შემთხვევით გაიგო ამბავი კახეთისა და აჭარის რეგიონებში მცირეწლოვანი პატარძლების შესახებ და მოისურვა საკუთარი თვალით ენახა იმ ტრადიციის ამსახველი ფაქტები, რომლებიც ჩვენთვის [ევროპელებისათვის] ესოდენ უცხოა. მან პირადად დააფიქსირა ზოგიერთი გოგონას ნაადრევი ქორწინება, რომელთაგან ბევრი აშკარად არ იყო გაბედნიერებული გათხოვებით.

„გოგონებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ რას ნიშნავს გათხოვება, ოჯახის შექმნა“, – ამბობს დარო სულაკაური, – „მათგან უმრავლესობას სკოლაში ამ საკითხზე არასდროს გაკვეთილი არ ჩატარებიათ, მათ არაფერი იციან სექსზე, კონტრაცეფციაზე და ფეხმძიმობაზე“. საქართველოს ჯანდაცვის ორგანოების მიერ 2010 წელს 15-18 წლის გოგონებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინტიმური ცხოვრების საკითხებზე მეტ-ნაკლებად მხოლოდ სამ პროცენტს თუ ჰქონდა წარმოდგენა.

გარდა ამისა, ხშირია ოჯახური ზეწოლის ფაქტები [ქმრებისაგან], რომ ნაადრევად გათხოვილმა გოგონებმა შვილებიც ნაადრევად  გააჩინონ. „ქორწინების შემდეგ ისინი, როგორც წესი, სკოლებში აღარ დადიან, სახლებში რჩებიან და სწრაფად ფეხმძიმდებიან. ამ დროიდან ისინი ფაქტიურად თავისუფლებას კარგავენ, რომლის დაბრუნება უკვე სეუძლებელია“, – ამბობს დარო სულაკაური.

არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება საქართველოში  უფრო მეტად კულტურით, ტრადიციითაა განპირობებული, ვიდრე რელიგიურობით. ამასთან, ნაადრევი ქორწინებები მუსულმანებში შედარებით უფრო მეტია, ვიდრე ქრისტიან-მართლმადიდებელ მოსახლეობაში. ასეთი შემთხვევები უკავშირდება რეგიონებში მცხოვრებ ცალკეული ეთნიკური უმცირესობების ადათებს, მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელების წეს-ჩვეულებებს.

1990-იან წლებში საქართველოში საკმაოდ ხშირი იყო არასრულწლოვანი გოგონების (საპატარძლოების) გატაცების ფაქტები. ასეთ შემთხვევაში მშობლები ხშირად თანხმდებოდნენ მათ გათხოვებაზე, რადგანაც შვილების სახელისა და ღირსების დაცვა სურდათ. ამჟამად ქორწინების მიზნით გატაცებები იშვიათობაა, მაგრამ ბავშვი-პატარძლების პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება. იძულებით ქორწინებებებს ხშირად თან სდევს ოჯახური ძალადობები: ბევრმა დაზარალებულმა გოგონამ ქართული ენა არ იცის, ისინი სოციალურად იზოლირებულნი არიან, სკოლებში აღარ დადიან, დასაქმების არანაირი შანსი არ აქვთ, ანუ საკუთარ ცხოვრებას თავისუფლად ვერ მოიწყობენ.

გოგონები ამ თემაზე ვერ საუბრობენ, მათ ძალიან რცხვენიათ, ერიდებათ. მათ იციან, რომ ცხოვრების ამგვარი წესი არქაულია, რომ ეს კანონდარღვევაა, მაგრამ იმის შანსი, რომ ასეთ ცხოვრებას „გაექცე“, ძალიან მცირეა. „შეიძლება ცოლ-ქმრის გაყრა მოხდეს’, – ამბობს დარო სულაკაური, მაგრამ ასეტ სემთხვევაში გოგონებს ხომ მზრუნველი და მფარველი ჭირდებათ, ვიღაცა ხომ უნდა დაეხმაროს. მათ მშობლიურ სახლებში დაბრუნება არ უწერიათ, [მშობლები უკან აღარ მიიღებენ]“.

„კონტრპროექტი განათლებული ევროპისათვის“

„ეს თემა ხელისუფლებისათვის არასასიამოვნოა“, – ამბობს ფოტოგრაფი, – „ნაადრევი ქორწინებების ფაქტების გამჟღავნება საქართველოსთვის წამგებიანია – ქვეყნისათვის, რომელიც განათლებული ევროპისაკენ მიილტვის და რომლის მცხოვრებლები თავს ევროპელებად მიიჩნევენ. საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას ქალთა დისკრიმინაციის მოსპობის თაობაზე, აგრეთვე კონვენციას ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად ქალებისა და ბავშვების უფლებები მაინც ირღვევა.

„იუნისეფ“-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ქალების 14% სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე თხოვდება, თუმცა კანონით ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელი ითვლება. გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლოს ნებართვით, ქორწინება 16 წლის ასაკშიც შეიძლება. ერთობლივი ცხოვრება უფრო დაბალი ასაკში აკრძალულია და კანონით ისჯება – თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, მაგრამ ეს თეორიულად. პრაქტიკულად კი ქვეყნის ბევრ რაიონში კანონის მოთხოვნა იგნორირებულია, ან არასაკმარისად რეალიზებული.

გაეროს გამოკვლევის მიხედვით, ამგვარი შემთხვევების დროს პოლიცია და საერთოდ, ხელისუფლების ორგანოები პასიურად მოქმედებენ და დანაშაულს არ აფიქსირებენ. გარდა ამისა, ბევრი ახალგაზრდა წყვილი შეუღლებას ეკლესიაში ან მეჩეთში აფიქსირებს, შემდეგ კი, როცა სრულწლოვან ასაკს მიაღწევენ, ოფიციალურად აფორმებენ ქორწინების რეგისტრაციას.

„როცა სამი წლის წინათ ასეთი ფაქტები პირველად გახდა ცნობილი, ამას სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა – ამგვარი არქაული სამყაროს არსებობა ბევრისთვის უცხო ხილი იყო, მათ შორის ჩემთვისაც“, – ამბობს დარო სულაკაური, – „დისკუსიის დროს გამოიკვეთა დასკვნა: სოფლებში მცხოვრები გოგონების სწავლა-განათლების დონე ძალიან დაბალია და ეს სიტუაცია უნდა გამოსწორდეს“.

ახალგაზრდა ცოლები ფინანსურად თავიანთ ქმრებზე არიან დამოკიდებულნი. ასეთ სოციალურ მდგომარეობას თავისი შედეგები მოაქვს: 2010 წლის მონაცემებით, საქართველოში აზერბაიჯანელი ქალების (15-დან 19 წლის ასაკამდე) შობადობის დონემ 100 მცხოვრებზე 143 ბავშვს მიაღწია, ხოლო ქართველი ქალების შობადობამ – მხოლოდ 30 ბავშვი ყოველ 1000 მცხოვრებზე. გარდა ამისა, აბორტების რაოდენობა აზერბაიჯანელ ქალებში, ქართველ ქალებთან შედარებით, ორჯერ მეტია.

———–

«Der Spiegel» - გერმანიის ყოველკვირეული საინფორმაციო-პოლიტიკური ჟურნალი, მკითხველთა ხუთმილიონიანი აუდიტორიით, დაარსებულია 1947 წელს. ტირაჟი – 1,1 მილიონი ეგზემპლარი.

Comments are closed