«АРА – Azeri-Press Agency» (აზერბაიჯანი): ქართველი ექსპერტები – საქართველოს წინააღმდეგ? ანუ რატომ იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ქართველებს აზერბაიჯანის დისკრედიტაციისათვის
«Эхо» (აზერბაიჯანი): „თბილისი-ბაქო-ანკარის სამხედრო თანამ-შრომლობამ ერევნის უზომო ამბიციებს ლაგამი უნდა ამოსდოს“
«Первый армянский информационный» (სომხეთი): „სომხეთ-ჩინეთის პარტნიორობის სარგებლიანობა საქართველოსთვის: თბილისი ანკარაზე და ბაქოზე დამოკიდებული აღარ იქნება“
«Незавсисимая газета» (რუსეთი): ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოს: დივიდენდები თუ თავის ტკივილი?
———————-
«АРА – Azeri-Press Agency» (აზერბაიჯანი), 2 აპრილი, 2015 წელი
ქართველი ექსპერტები – საქართველოს წინააღმდეგ? ანუ რატომ იყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ქართველ ექსპერტებს აზერბაიჯანის დისკრედიტაციისათვის
ვუგარ მასიმოღლუ
(შემოკლებით)
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ხელმძღვანელობენ რა ლიბერალური ფასეულობებით თავიანთ საქმიანობაში, განასაკუთრებით კი კადრების შერჩევაში, აცხადებენ, რომ ეთნიკური ფაქტორით სარგებლობა მათთვის მიუღებელია. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებით. სინამდვილეში ტნიკური ფაქტორი ამ სტრუქტურებისათვის საკუთარი მიზნების მისაღწევად ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამას ადასტურებს ქართველ ექსპერტთა აქტიური გამოყენება ანტიაზერბაიჯანულ კამპანიაში, საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიზნით.
ჭეშმარიტი სურათი ასეთია: ბოლო ხანებში საზღვარგარეთის სახელმწიფოებში ანტიაზერბაიჯანული იმიჯის ჩამოსაყალიბებლად საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ქართველი ექსპერტებით ხშირად სარგებლობენ. მაგალითად, „ემნისტი ინტერნეიშენელ“-იდან – ნატალია ნოზაძე, „ტრანფერენსი ინტერნეიშენელ“-იდან – გიორგი ჭანტურია, ლუკა კალანდარიშვილი, მაგდა ჯიმშელაშვილი, თამარ თათანაშვილი, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-დან – ირაკლი ბერულავა და „ჰიუმან რაით ვოჩ“-იდან – გიორგი გოგია თავიანთი საქმიანობით საერთაშორისო საზოგადოებაში აზერბაიჯანის საწინააღმდეგო იმიჯს ნერგავენ. არის თუ არა შემთხვევითი, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის უკან ქართველები დგანან, უფრო სწორედ, მათ დაავალეს? საეჭვოა. ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურების მუშაობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ქართული „კარტის“ გამოყენება სამი მიზნის შესრულება ისახავს.
პირველი და უცვლელი მიზანი – არაობიექტური საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება აზერბაიჯანის შესახებ. ქართველი ექსპერტების მონაწილეობა ამ საქმეში ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდას ობიექტურობის ელფერს აძლევს, ანუ ქართველების თვალსაზრისი, რომლებიც აზერბაიჯანს ყველაზე კარგად იცნობენ, უფრო ობიექტურად ჩანს, ვიდრე, ვთქვათ, პოლონელი ან ჰოლანდილელი ექსპერტის აზრი.
მეორე მიზანი უფრო მოცულობითი და ფართოა – ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობაში ქართველი ექსპერტების ჩართვას შეუძლია ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები დააზიანოს. ორ ქვეყანას შორის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერტობებია ჩამოყალიბებული, რეალიზდება რიგი გლობალური მნიშვნელობის მქონე პროექტები, ამ სფეროში საქართველო აზერბაიჯანის მჭიდრო პარტნიორია. ვისაც ამ პროექტების განხორციელება არ აინტერესებს და არ სურს, ისინი ყველა საშუალებასა და მეთოდს იყენებენ ბაქო-თბილისის ურთიერთობის გასაუარესებლად.
მესამე მიზანი გამოიხატება იმაში, რომ აზერბაიჯანის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება შენიღბულად ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტიაზერბაიჯანულ პროპაგანდაში ქართველების მონაწილეობა თითქოს ქმნის აზრს, რომ ესა თუ ის ქართველი „ემნისტი ინტერნეიშენელის“, „ტრანფერენსი ინტერნეიშენელის“, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ და „ჰიუმან რაით ვოჩ“-ისთვის კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ზემოთ ნათქვამს ადასტურებს ის ინციდენტი, რომელიც „ჰიუმან რაით ვოჩ“-ის წარმომადგენელს გიორგი გოგიას უკავშირდება და რომელიც საქართველოს მოქალაქეა. საერთაშორისო მედია, რომელსაც ეს ორგანიზაცია პირდაპირ ან ირიბად აკონტროლებს, ცდილობს, რომ ინციდენტი არაობიექტურად, მიკერძოებულად და სხვა კონტექსტში გააშუქოს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათი მიზანი ფაქტის გამოძიება კი არ არის, არამედ აზერბაიჯანზე ნეგატიური აზრის ჩამოყალიბება და ჩვენი ქვეყნის ურთიერთობის გაუარესება საქართველოსთან.
რა არის აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული მიკერძოებული პოლიტიკის ჭეშმარიტი არსი? პასუხი: ეს ფაქტი საქართველოსთვის ერთგვარი მესიჯი და მინიშნება უნდა გახდეს. საქართველო, რომელსაც რუსეთთან სერიოზული პრობლემები აქვს (და როგორც ჩანს, ეს პრობლემები კიდევ დიდხანს შენარჩუნდება), თავის არსებობას მხოლოდ აზერბაიჯან-თურქეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერით აგრძელებს. აზერბაიჯანი საქართველოს ენერგომომარაგებაში მთავარ როლს ასრულებს, მას ასევე უპრეცედენტო ადგილი უკავია საქართველოს ტურიზმისა და მომსახურების სფეროს განვითარებაში. და ბოლოს, საქართველო თავის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებას მხოლოდ იმ გლობალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების მეშვეობით ახდენს, რომელთა რეალიზატორი აზერბაიჯანია.
ფაქტია, რომ საქართველოს შესაძლებლობები აზერბაიჯანის გარეშე ნულის ტოლია. რასაკვირველია, რეგიონის სპეციფიკის გამო ზემოთ ხსენებული პროექტებისაგან მოგებას ორივე სახელმწიფო ღებულობს, მაგრამ აზერბაიჯანს, საქართველოსაგან განსხვავებით, ალტერნატივა ყოველთვის აქვს. შესაბამისად, ოფიციალური თბილისი ვალდებულია ეს ფაქტორი გაითვალისწინოს. ამ მიზეზით საქართველომ უნდა გაიგოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ქართველი ექსპერტების გამოყენების ჭეშმარიტი მიზეზი და თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისაგან, რომელიც ორივე ქვეყანას დააზარალებს.
საქართველომ უნდა განაცხადოს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჭეშმარიტი მიზანი აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების გაფუჭებაა. ქართველმა ექსპერტებმა შიდაქართულ საზოგადოებას უნდა აუხსნან, თუ რას გამოიწვევს ურთიერთობის გაუარესება. მაგრამ ეს უნდა გააკეთონ არა იმ ექსპერტებმა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების ხელში ინსტრუმენტები არიან, არამედ იმათ, რომლებსაც საკუთარი სამშობლო უყვართ…
«Эхо» (აზერბაიჯანი), 3 აპრილი, 2015 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=81225
„თბილისი-ბაქო-ანკარის სამხედრო თანამშრომლობამ ერევნის უზომო ამბიციებს ლაგამი უნდა ამოსდოს“
(შემოკლებით)
აზერბაიჯანულ გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია გუშინ, 2 აპრილს, თბილისში გამართული აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების – ზაქირ ჰასანოვის, მინდია ჯანელიძისა და ისმეთ ილმაზის შეხვედრის მიზნები და შედეგები. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრეს-კონფერენციის შესახებ: მხარეებმა მოკლედ აღნიშნეს მოლაპარაკების დადებითი მნიშვნელობა, სამხედრო თანამშრომლობის სიკეთე… აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა ყურადღება გაამახვილა სომხეთის მოქმედებით გამოწვეულ საფრთხეებზე: „სომხეთი საოკუპაციო პოლიტიკას კვლავ აგრძელებს და სამივე მეზობელ სახელმწიფოს – საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს, ანადგურებს ჩვენს ეროვნული კულტურის ძეგლებს“.
პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე აზერბაიჯანელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების მიერ გამოთქმული შეფასებები.
უეზირ ჯაფაროვი, დამოუკიდებელი ექსპერტი:
„თბილისში გამართული შეხვედრა იმ დიალოგის გაგრძელებაა, რომლებიც ადრე აზერბაიჯანსა და თურქეთში დაიწყო. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები დიდი ხანია არსებობს, სამმხრივი შეხვედრები კი მიმართულია ენერგორესურსების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამივე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად… გაიმართება ერთობლივი სამხედრო წრთვნები. შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონული პრობლემების, მაგალითად, მთიანი ყარაბაღის მოგვარებას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც, რომლის ტერიტორიაზე ორი სეპარატისტული წარმონაქმნია. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თურქეთმა საქართველოს არმიის მომზადება იკისრა, ნატოში გაწევრიანების მიზნით. შესაბამისად, დახმარება გაგრძელდება და ჩვენ სულ მალე ვნახავთ თანამშრომლობის შედეგებს“.
რასიმ მუსაბეკოვი, პოლიტოლოგი, მილი-მეჯლისის წევრი:
„საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამიტი გამომაფხიზლებელი ფაქტორი უნდა იყოს რეგიონის მადესტაბილიზებელი და დესტრუქციული ძალებისათვის. მართალია, ეს ჯერ კიდევ არაა ისეთი სამხედრო კავშირი, რომელიც აგრესიის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს, ასეთი შეთანხმება ჯერ არ არსებობს, მაგრამ თვით შეხვედრის ფაქტი სომხეთმა გაფრთხილებად უნდა მიიღოს. რუსეთის მფარველობა სომხეთს ჯერ-ჯერობით აზერბაიჯანელთა შურისძიებისაგან იცავს – იმ სომხეთს, რომელმაც უდიდესი ზიანი მიაყენა აზერბაიჯანს, რომელიც სეპარატისტებს დახმარებას უწევს, რომელიც მეზობლებს ტერიტორიულ პრეტენზიებს უყენებს. თბილისი-ბაქო-ანკარის სამხედრო თანამშრომლობამ ერევნის უზომო ამბიციებს ლაგამი უნდა ამოსდოს. სამხრეთ კავკასია ამგვარი შეხვედრებით სტაბილური გახდება. ამაში შეერთებული შტატებიც დაგვეხმარება“.
მუსა გასიმლი, პროფესორი, მილი-მეჯლისის წევრი:
„საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთმანეთის საიმედო მოკავშირეები არიან, ისინი ერთმანეთს ყოველთვის დახმარებას უწევენ ხოლმე. ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობა ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი. საქართველოს გაძლიერება აზერბაიჯანის ინტერესებში შედის. თავის მხრივ, ძლიერი აზერბაიჯანი საქართველოსთვის და თურქეთისთვისაც სასარგებლოა: აზერბაიჯანს ბევრჯერ გადაურჩენია საქართველო რთულ სიტუაციებში. თბილისი-ბაქოს ურთიერთობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს“.
«Первый армянский информационный» (სომხეთი), 3 აპრილი, 2015 წელი
„სომხეთ-ჩინეთის პარტნიორობის სარგებლიანობა საქართველოსთვის: თბილისი ანკარაზე და ბაქოზე დამოკიდებული აღარ იქნება“
გევორქ მარტიროსიანი
(შემოკლებით)
სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატის ვარდან აივაზიანის განცხადებით, სომხეთი შეიძლება რეგიონული ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. როგორც მან აღნიშნა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩარჩოებში გამართული თათბირ-დიალოგის დროს, უკვე არის ინვესტორი, რომელიც სომხეთში 2000 მეგვატის სიმძლავრის თბოლექტროსადგურს ააშენებს. ახალი ენერობიექტი სრულად დააკმაყოფილებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მოთხოვნებს ელექტროენერგიით სარგებლობის სფეროში. თბოლექტროსადგური რუსულ გაზზე იმუშავებს.
როგორც ცნობილია, ამას წინათ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. შეხვედრების დროს ოფიციალურმა პეკინმა გამოხატა სურვილი სომხეთში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცირების თაობაზე, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ თბოელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. სუფთა ეკონომიკური მოგების გარდა, ამ პროექტს გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ: გახდეს საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის სამკუთხედის საპირწონე. აშკარაა, რომ თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული თავიანთი ინვესტიციებით ოფიციალური თბილისი გადაიბირეს და დაავალდებულეს, რომ მან სომხეთთან მიმართებით მხოლოდ აზერბაიჯანისა და თურქეთის მხარე დაიჭიროს. იმის გამო, რომ საქართველო აზერბაიჯანის ენერგორესუსრსებზეა დამოკიდებული, თბილისი, ხშირად ტავისი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებულია მონაწილეობა მიიღოს ანტისომხურ პროექტებში. ახლა კი გამოჩნდა ინვესტორი, რომელსაც ტავისი ინვესტიის მოცულობითა და გავლენით რეგიონში აზერბაიჯანისა და თურქეთის ინვესტიციების შეზღუდვა შეუძლია. არაა გამორიცხული ისიც, რომ ჩინური ინვესტიციების მეშვეობით საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან მტკიცე ეკონომიკური კავშირები ექნებათ. გავიხსენოთ, რომ სომხეთში გამომუშავებული ელექტრონერგიით უზრუნველყოფილი იქნება ანაკლიის მსხვილი საზღვაო სატვირთო ნავსადგური, რომელსაც, სხვათა შორის, ჩინელები აშენებენ.
და თუ იმსაც გავითვალისწინებთ, რომ პროექტს რუსეთიც და ირანიც შეიძლება შეუერთდეს ფორმულით „გაზი ელეტრონერგიის სანაცვლოდ“, ისეთი რეგიონული ურთიერთობა დამყარდება, რომელიც კონკურირებას გაუწევს საქართველო-თურქეტ-აზერბაიჯანის თანამშრომლობას. შესაბამისად, საქართველოსთვის რეალური ალტერნატივა იქმნება – შეასუსტოს თურქეთზე და აზერბაიჯანზე დამოკიდებულება.
«Незавсисимая газета» (რუსეთი), 3 აპრილი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-04-03/7_es.html
ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოს: დივიდენდები თუ თავის ტკივილი?
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ევროკავშირთან მესამე სტრატეგიული დიალოგიის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. მოლაპარაკების დროს უკვე განიხილეს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები, სავიზო რეგულაციები უცხოეთის სახელმწიფოებთან, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).
მოლაპარაკების დროს საქართველომ ევროკავშირისაგან მორიგი რეკომენდაციები მიიღო, რომელთა შესრულება ქართულ საზოგადოებაში, ალბათ, არაერთგვაროვან რეაქციას გამოიწვევს. მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობდა და დახურულ კარს მიღმა ხუთი საათი გრძელდებოდა. სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოსაგან აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის შესახებ კანონში ლიბერალური ცვლილებების შეტანას ითხოვს. მაგრამ რა უნდა შეცვალოს კონკრეტულად საქართველომ ბებერი ევროპის მოთხოვნით, ჯერ-ჯერობით მკაფიოდ და ნათლად გარკვეული არაა. არსებობს ბუნდოვანი ფორმულირება, რომ საქართველოს უკონტროლო ავტონომიების მცხოვრებლებმაც უნდა მიიღონ სიკეთე ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებისგან. რას ნიშნავს ეს, პაატა ზაქარეიშვილმაც ვერ დააზუსტა, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ხმები, თითქოს ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესების მიხედვით კეთდება, სწორი არაა, ამაში ევროკავშირია დაინტერესებულიო.
თვით საქართველოში ვერსიებისა და ვარაუდების ნაკლებობა არ იგრძნობა, განსაკუთრებით ოპოზიცია აქტიურობს. „ნაციონალების“ აზრით, ეს რეკომენდაცია ეხება იმ პირებს (და კომპანიებს), რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის ნებართვის გარეშე დადიან (და ბიზნეს-საქმიანობას ეწევიან), ანუ მათი სამართლებრივი დევნა აუცილებელი აღარ იქნება.
ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოსთვის მაინცდამაინც სასიხარულო არაა. თბილისს ბევრი ისეთი რეკომენდაციის შესრულება უხდება, რომელთა რეალიზება ხელისუფლების პოპულარობისათვის წამგებიანია, ოპონენტებს კი კრიტიკის დამატებით საფუძველს აძლევს. მაგალითად, ავიღოთ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული რეკომენდაციები. გასულ წლამდე საქართველოს უკიდურესად ლიბერალური რეჟიმი ჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს იყო დაწესებული. ბრიუსელმა მისი გადახედვა და გამკაცრება მოითხოვა. თბილისი დაეთანხმა და გაამკაცრა, განსაკუთრებით ჩინეთთან, ინდოეთთან და ირანთან მიმართებით. საქართველო-ირანს შორის არსებული უვიზო რეჟიმს ქართული ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი სარგებლობა მოჰქონდა, ვითარდებოდა ბიზნესურთიერთობები და ტურიზმი. სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ კი სიტუაცია გააუარესა… უფრო მეტიც – ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გამო თეირან-თბილისის პოლიტიკურ ურთიერთობებს ჩრდილი მიადგა: ამას წინათ გაისმა ისეთი განცხადებები, რომლებიც ორ კეთილ მეზობელ ქვეყანას შორის ადრე წარმოუდგენელი იყო.
ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შექმნილი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, თუმცა, „ნაციონალებმა“, რა თქმა უნდა, იციან, რომ ეს ობიექტური ხასიათის სირთულეებია. ისინი აქცენტს აკეთებენ აგრეთვე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზეც, სადაც საქართველოს ევროკავშირთან თითქოსდა უვიზო რეჟიმს დაპირდნენ. „ნაციონალები“ გაჰყვირიან, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს და ეს შანსი ხელისდან არ უნდა გაუშვასო. ევროკავშირთან რომ რიგის სამიტზე საქართველო უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს, ეს ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი რეჟიმი არც საქართველოსთან არ იქნება და მით უმეტეს, არც უკრაინასთან. ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ აკრიტიკებენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამჟამინდელს „ევროინტეგრაციის ჩაშლის“ გამო. იქმნება ბანალური სიტუაცია: მოსახლეობას უყალიბდება აზრი, რომ მთავრობა ეროვნული ინტერესებისათვის არ მუშაობს.