globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): ქალი, რომელიც საქართველოსთვის „მაპ“-ის მოპოვებას ცდილობს

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა საფუძველს იძლევა ეჭვი შევიტანოთ პეტრო პოროშენკოს საღად აზროვნებაში

«РИА Новости» (რუსეთი): ამბავი იმისა, თუ როგორ ატყუებს მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს

«Московский комсомолец» (რუსეთი): როგორ გაძარცვავს ოდესას მიხეილ სააკაშვილი: კორუფციასთან იგი მაინც ვერაფერს გააწყობს, ქონების გადანაწილება კი ნამდვილად შეუძლია“

———————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 3 ივნისი, 2015 წელი

http://blogs.wsj.com/brussels/2015/06/02/the-woman-seeking-a-map-of-georgia/

ქალი, რომელიც საქართველოსთვის „მაპ“-ის მოპოვებას ცდილობს

ნაფტალი ბენდევიდი

(შემოკლებით)

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი მუშაობას სულ რაღაც სამი კვირის წინ შეუდგა და იგი უკვე ბრიუსელშია, მძიმე და რთული მისიის შესასრულებლად – დაარწმუნოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმაში, რომ მის ქვეყანას მომავალი წლის სამიტზე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა („მაპ“) მისცეს.

თინა ხიდაშელმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ადამიანის უფლებათა დამცველი, მოუთმენლობას გამოხატავდა, როცა ჩამოთვალა თავისი ქვეყნის დამსახურებანი ბოლო წლებში ნატოს წინაშე, სამაგიეროდ კი დაპირებების გარდა არაფერი მიუღია. „ჩვენ უკვე გავიარეთ ყველანაირი შუალედური ეტაპები ინტეგრაციის პროცესში“, – თქვა ქალბატონმა თინა ხიდაშელმა, – სხვა აღარაფერი დარჩა“.

ნატოს ლიდერებმა ალიანსის ბოლო სამიტზე – უელსის შეხვედრის დროს საქართველოს „არსებით პაკეტს“ და „შესაძლებელ გაწევრიანებას“ დაპირდნენ. საქართველო, რომელიც ნატოს სამხრედრო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, უფრო მეტ და მტკიცე თანამშრომლობას ესწრაფვის. კერძოდ, თბილისს სურს ნატოს ვარშავის სამიტზე მიიღოს „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, რომელიც ალიანსში წევრობის საბოლოო სასტარტო ადგილად ითვლება. მაგრამ ნატოს ზოგიერთ წევრს ეჭვი ეპარება, არის თუ არა საქართველო საკმარისად დემოკრატიული. იმავდროულად ისინი შეშფოთებულნი არიან იმის გამოც, თუ როგორ გავრცელდება ურთიერთდაცვის პრინციპი იმ ქვეყანაზე, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, რუსეთი კი, თავის მხრივ, საქართველოს ტერიტორიებს ნაწილობრივ აკონტროლებს.

მაგრამ ქალბატონმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ ნატოს სამიტი საქართველოს საარჩევნო კამპანიის დროს გაიმართება და ამ დროს ნატოსთან მიმართებით წარუმატებლობა პროდასავლურ პარტიებისთვის მტკივნეული იქნება. „თუ ვარშავიდან უარყოფით პასუხს მივიღებთ (და მე ეს ძალიანაც არ მინდა), მერწმუნეთ, რომ ეს ფაქტი არჩევნების შედეგებზე უშუალო გავლენას მოახდენს“.

საქართველოს მსგავსად, რამდენიმე ქვეყანაა რთულ სიტუაციაში – გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის. საქართველომ, ნატოს ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა გასულ წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ამასთან, საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღემდე რუსეთის ჯარებითაა დაკავებული, 2008 წლის ომის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლახან ხელი მოაწერა „შეთანხმებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც მსოფლიოს უმეტესმა ნაწილის მიერ აღიარებულნი არ არიან.

ბრიუსელის ცენტრში მდებარე სასტუმრო „მეტროპოლში“ ქალბატონ თინა ხიდაშელს ინტერვიუ ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა – მას შეატყობინეს, რომ ვლადიმირ პუტინი სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტს“ ლეონიდ თიბილოვს შეხვდაო.

ქალბატონი თინა ხიდაშელი აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“, რომლის დროსაც საქართველოს კომუნისტური ერისდროინდელი რეჟიმი დაემხო. მოგვიანებით თინა ხიდაშელი გაემიჯნა რევოლუციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს.

ქალბატონი თინა ხიდაშელის მეუღლეა დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი კანდიდატურა თავდაცვის მინისტრად დასახელდა მას შემდეგ, როცა რამდენიმე მაღალჩინოსანი გადადგა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში გადაადგილებები განახორციელა.

პუტინისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია შეძლებისდაგვარად საბჭოთა კავშირის აღდგენა, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ დასავლელი ლიდერები გაცილებით გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. “თქვენ ნამდვილად ვერ გაგიგიათ დღის წესრიგი“, განაცხადა მან. „რისი გაკეთება სურთ ამ ქვეყნებს? როგორ აღიქვამენ ისინი მსოფლიოს 10 წლის შემდეგ?“.

თუ ჩერნოგორიას (მონტე ნეგროს) წლის ბოლომდე ნატოს წევრად მიიღებენ, როგორც ბევრი ვარაუდობს, მაშინ, თინა ხიდაშელის აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შემდეგი საქართველო უნდა იყოს.   „ჩემი გეგმა არის რაც შეიძლება ბევრი მუშაობა. ყველა, ვინც მე მიცნობს, მიხვდება, რომ ადვილი არ იქნება ჩემთან საუბარი და შეთანხმება. ამ მხრივ ჩემი იმედი ნუ ექნებათ“.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 2 ივნისი, 2015 წელი

http://blogs.ft.com/the-world/2015/06/odessa-appointment-raises-questions-over-poroshenkos-judgement/

მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა საფუძველს იძლევა ეჭვი შევიტანოთ პეტრო პოროშენკოს საღად აზროვნებაში

„მიხეილ სააკაშვილის კარიერაში ყველაზე უცნაური ამბავი მოხდა“, – წერს ბრიტანულ „ფაინენშელ თაიმსში“ მიმომხილველი ტონი ბარბერი, – „უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოქის გუბერნატორად დანიშნა“.

„მე, რუსეთის ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სძულს და იმ ზოგიერთი დასავლელი მეგობრისაგან განსხვავებითაც, რომლებთაც მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ გმირად მიაჩნიათ დავით აღმაშენებელის შემდეგ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიმართ მტკიცე აზრი არ გამაჩნია, ანუ არც მაგის მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე“, – აღნიშნავს ტონი ბარბერი. მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა „შთამბეჭდავი და ცოტა სიგიჟემდე მისული რეფორმატორული სიმკვირცხლე გამოიჩინა, საკუთარ თავში ერთმანეთს შეუთავსა „ჯიუტი თავდაჯერებულობა“, „არაპროგნოზირებულობა და არასწორი აზროვნების უნარი, რომელიც ხშირად უგუნურებასთან უფრო ახლოა, ვიდრე გონიერებასთან“. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან ორი თვის შემდეგ ჩაწერილ ინტერვიუს დროს ქართველი ლიდერი ღრმა დეპრესიაში იყო – შესაძლებელია მან უცებ გააცნობიერა, თუ როგორ მოხვდა  კონფლიქტის დაწყების წინ რუსეთის მიერ კარგად დაგებულ ხაფანგში“.

„მიხეილ სააკაშვილი პირველი უცხოელი არ არის, რომელიც პეტრო პოროშენკომ დაასაქმა უკრაინაში – ქვეყანაში, რომელიც ომს სამ ფრონტზე აწარმოებს: ეკონომიკურ კრახთან, ინსტიტუციურ კორუფციასთან და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ დონბასთან. უფრო მეტიც – იგი პირველი ქართველიც არ არის, რომელიც 2014 წლის რევოლუციის შემდეგ პეტრო პოროშენკოს გუნდს შეუერთდა. ამასთან, იგი პირველი უცხოელია, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ოლქი ჩააბარეს სამართავად. აი, სწორედ აქ იწყება პრობლემები“, – აგრძელებს ჟურნალისტი. იგი ეთანხმება უკრაინის გაზეთ Kyiv Post-ის ერთ-ერთ მკითხველს , რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეუფერებელის  რუსულენოვანი მოსახლეობის მქონე რეგიონის გუბერნატორობა“ და რომ ამ თანამდებობაზე უკეთესი იქნებოდა „კვალიფიციური უკრაინელი“ დანიშნულიყო. კიდევ ერთი მომენტი, რაც გასათვალისწინებელია: ოდესის ოლქს „სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს, რადგან ის მდებარეობს მოლდოვას პრორუსულ-სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს შორის.

„ოდესა ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. ჩემთვის ძნელია იმის დაჯერება, რომ ვერ იპოვეს გუბერნატორობის რომელიმე ადგილობრივი კანდიდატი. პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს მოხიბლულია მიხეილ სააკაშვილით, აფასებს მის გამოცდილებას და უნარს, მაგრამ კალმის ერთი მოსმით მისი გუბერნატორად გადაქცევა? ამით პოროშენკო რისკაზე მიდის, რომ ოდესელებსაც აწყენინებს და საფუძველს იძლევა ეჭვი შევიტანოთ მის საღად აზროვნებაში“.

«РИА Новости» (რუსეთი), 3 ივნისი, 2015 წელი

http://ria.ru/radio_brief/20150602/1067820194.html

ამბავი იმისა, თუ როგორ ატყუებს მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს

დიმიტრი გეერი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილი საპროგრამო განცხადებით გამოვიდა, რომლის მთავარი არსი შემდეგშია: მას სურს ოდესაშიც იგივე გააკეთოს, რაც საქართველოში გააკეთა. ამ განცხადებამ თითქოსდა ორაზროვნად გაიჟღერა. ახლადგამომცხვარმა გუბერნატორმა საქართველოში და ოდესაში არსებული სიტუაციები ერთმანეთს დაუკავშირა და თითქმის ტირილით თქვა, რომ თუ ოდესა დაეცემა, საქართველოსაც პირისაგან მიწისა აღგვიანო. სწორედ ამიტომაც არ უყვარს მიხეილ სააკაშვილს რუსეთი და რაღაც საშინელებებს იგონებს რუსეთის შესახებ.

დავანებოთ თავი იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს და მისთანებს – ბევრ უკრაინელ და ქართველ პოლიტიკოსს – მუდმივად სურთ ყველაფერი რუსეთს გადააბრალონ. დავივიწყოთ პირადი და თითქმის ბავშვური წყენა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ამჟღავნებს. რაღა რჩება? ტრადიციების ერთგულება. ტრადიციები კი მიხეილ სააკაშვილს მტკიცე აქვს. საქართველოში მუშაობის გამოცდილება ამას ზედმიწევნით ადასტურებს: ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის მუხლებით. ამით ხომ არ უნდა ექს-პრეზიდენტს ერთმანეთს დაუკავშიროს ყოფილი და ახალი სამშობლო?

როგორც ჩანს, ძველებურად ხელგაშლილად ცხოვრების სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი გაზიარება გადაწყვიტა. და რომ არავინ მიმხვდარიყო, თუ რას გულისხმობდა ამ ნათქვამში, იმავწუთს რუსეთით შენიღბა: ოდესის ოლქი საბრძოლო პოლიგონი უნდა იყოსო… გასაგებია, ვის წინააღმდეგაც. უფრო მეტიც – ჩემი წარმატება რუსეთზეც გავლენას მოახდენსო. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი პლანეტარული მასშტაბის ფიგურად წარმოაჩინა. არადა, კარგად გვახსოვს მისი „საქმენი საგმირონი“. გავახსენებთ, ვისაც დავიწყებული აქვს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებულ ამ აბდაუბდით ქართველ ექს-პრეზიდენტს  თავისი ამჟამინდელი ბოსი – უკრაინის პრეზიდენტიც შეცდომაში შეჰყავს. „ნებაყოფლობით დევნილმა“ კორუფციასთან ბრძოლის პასაჟების დროს იმედი გამოთქვა, პეტრო პოროშენკო და მისი გუნდი მიხვდება, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებაო. ესე იგი, გამოდის, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იყო, კიევის ხელისუფლება ძველებურად ცხოვრობდა და ქრთამის აღებას აგრძელებდა, ახლა კი იგი აჩვენებს, თუ როგორ უნდა კორუფციასთან ბრძოლა… მართლაც კარგად აუწია ყური გამოცდილმა ლიდერმა გამოუცდელს. რა უნდა ექნა პოროშენკოს? წყენა გადაყლაპა. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ჯერ-ჯერობით მშვიდად იძინოს: კორუფციასთან ბრძოლის მისი მეთოდები უკრაინაში მას უკან არ მიუბრუნდება და სისიხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ არ აღიძვრება. თუმცა პეტრო ალექსეევიჩს ხელში კოზირი აქვს: ქართველი პროკურორების თხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე…

«Московский комсомолец» (რუსეთი), 3 ივნისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/politics/2015/06/01/kak-saakashvili-razvoruet-odessu-prognoz-eksperta.html

როგორ გაძარცვავს ოდესას მიხეილ სააკაშვილი: კორუფციასთან იგი მაინც ვერაფერს გააწყობს, ქონების გადანაწილება კი ნამდვილად შეუძლია“

არტურ ავაქოვი

(შემოკლებით)

ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე არავინ დარჩენილა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა. „სირცხვილი და თავის მოჭრა“, „დამნაშავე გუბერნატორი“… აი, ასეთი შეფასებები საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ არავინ არ ცდილობს მომხდარი ამბავში არსებითად გარკვევას: რატომ დაინიშნა სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მართლაც რა ბედი ეწევა ოდესას მის ხელში?

შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სოციალურ-პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ვლადიმირ ნოვიკოვის აზრით, ზემოთ გამოთქმული შეფასებები მხოლოდ ემოციურია და რეალური ექსპერტიზის შედეგს არ წარმოადგენს.

„ჯერ ერთი – პეტრო პოროშენკოს ისეთი ვარიაგი ჭირდება, რომელიც უკრაინის ოლგარქულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ არის. მას სურს, რომ ოდესაში „თავისი კაცი“ ჰყავდეს. მეორე – პოროშენკოს სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნით ასევე სურს დასავლელი პოლიტიკოსების კეთილგანწყობა მოიპოვოს, ანუ იმათი, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერები არიან, მათ შორის აშშ-ის რესპუბლიკური პარტიისაგან; მესამე – მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა დაკავშირებულია ყირიმისა და დნესტრისპირეთის მეზობლობასთან. როგორც ცნობილია, უკრაინამ სამხედრო ტრანზიტის შეთანხმება გააუქმა, ახლა კი ოდესაში აშკარად ანტირუსულად განწყობილი „ქორი“ დანიშნეს. გამოდის, რომ თუ ჩვენ დონბასში მიმდინარე კონფლიქტში არ ვერევით, ახლა გვაიძულებენ დნესტრისპირეთში სავარაუდო ლოკალურ ომში ჩაგვითრიონ, იქ ხომ ჩვენი მშვიდობისმყოფლები დგანან, ტრანზიტის გაუქმებით კი მათ როტაციას და მომარაგებას ვეღარ ვახდენთ. წინა გუბერნატორი იგორ პილიცა რუსეთთან პროვოკაციებს ვერ გაბედავდა, მიხეილ სააკაშვილს ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

- თქვენ თვლით, რომ მიხეილ სააკაშვილს კორუფციის დაძლევა და ოდესის ბათუმად „გადაქცევა“ შეუძლია?

- როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, იგი ახალგაზრდა და პირადად მისდამი ერთგულ გუნდის წევრებს ეყრდნობოდა. იგი მათთვის კარიერაში წინსვლისა და კეთილდრეობის გარანტორი იყო. მე არ ვთვლი, რომ იგი ასეთი ადამიანების იმპორტს შეძლებს საქართველოდან ოდესაში და მეეჭვება, რომ იგი ოდესელებისაგან ასეთ გუნდს სწრაფად შექმნის. გარდა ამისა, შეუძლებელია კეთილდღეობის კერის შექმნა სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული ქვეყნის ცალკე აღებულ რეგიონში, გინდაც ეს ოდესა იყოს. ბათუმში უცხოური ინვესტიციები მიიზიდეს და აქცენტი წვრილი და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე გადაიტანეს, სამოქალაქო ომის დროს კი სრულფასოვნად ვერცერთს ვერ განახორციელებ.

- რა შეიძლება ითქვას მიხეილ სააკაშვილის პირად უნარ-ჩვევებზე?

- მიხეილ სააკაშვილი შეეცადა მუხლზე გადაეტეხა საქართველოს ფეოდალური პოლიტიკური სისტემა, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ოდესაშიც იგივე გაკეთებისათვის მას არც პირობები და არც რესურსები არ ექნება. სხვა საქმეა, რომ ლამაზ-ლამაზი ლოზუნგების ნიღბით იგი ოდესელი მაგნატების ქონების გადანაწილების პროცესს დაიწყებს.

Comments are closed