globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 3rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს პრემიერის შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან ნიუ-იორკში

«Parstoday» (ირანი): საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა (კომენტარი)

«КП в Украине» (უკრაინა): მიხოს გეგმები ორ ქვეყანაში // საქართველოს პარლამენტში – სანდრა რულოვსი, უკრაინის ვერხოვნა რადაში – მიხეილ სააკაშვილი?!

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებზე გამარჯვებასა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/pm-kvirikashvili-in-new-york/3309728.html

საქართველოს პრემიერის შეხვედრა პოტენციურ ინვესტორებთან ნიუ-იორკში

თეა თუაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ამერიკაში ვიზიტი ნიუ-იორკში, ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდა. საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა საქართველოს “როუდშოუ” ამერიკის სამ დიდ ქალაქში წარადგინა. “ლოტე ნიუ-იორკ პალასში” 70-მდე ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი საქართველო მთავრობასთან საქმიან სადილზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, სტრუქტურულ რეფორმებს, ფინანსურ რისკებს და მომავალ გეგმებს განიხილავდნენ. პრემიერ-მინისტრის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ქართული ეკომომიკური განვითარების “როუდშოუ” მთლიანად ამერიკის სამ ქალაქში მოეწყო. ნიუ-იორკის შეხვედრაზე ძირითადად იმ საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც ინვესტიციებს კორპორატიულ ან სახელმწიფო ბონდებში აბანდებენ. ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იმ სფეროებს ასახელებს, სადაც ამერიკული ინვესტიციების დაბანდება რეალურია.

დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს ამ შეხვედრაზე საქართველოდან ის კომპანიებიც იყვნენ წარმოდგენილი, რომელთაც ასევე აქვთ გამოშვებული ბონდები და კვლავ აპირებენ. მაგალითად, საქართველოს ბანკი, ჯანმრთელობის დაცვის სექტორი და კომპანიაევექსიმათთვის ეს გაკაფული გზაა და რწმუნება, როცა ინვესტორიები მოინდომებენ მათ კომანიებში ფულის ჩადებას მათ ექნებათ სრული ცოდნა იმის, რომ საქართველო არის ნამდვილად სტაბილური ქვეყანა ინვესტიციებისთვის. შესაძლებლობები არის ინვესტიციები გაიზარდოს ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტურიზმის, სამშენებლო და ტექნოლოგიურ სფეროებში ასევე ლოჯისტიკის და აგროსექტორშიც“.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მისულ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს შესაძლებლობების შესახებ საკმაოდ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდათ, რაც მისი თქმით არსებულ და მომავალ ინვესტორებთან კომუნიკაციას კიდევ უფრო ამარტივებს.

მამუკა ბახტაძე: „ჩვენ მოველით იმას, რომ საქ. რკინიგზის ევროობლიგაციების ბაზარზე იქნება უფრო მეტი აქტიურობა, რაც ხელს შეუწობს მათ უფრო მეტ ლიკვიდურობას. გარდა ამისა ვსაურობთ რკინიგზის მომავალ გეგემებზე და განვითარებაზე, რაც ასევე ცალსახად საინტერესოა მომავალი ინვესტორებისთვის“.

შეხვედრაზე მისული იყო საქართველოს “მილენიუმ კორპორაციის” ყოფილი პრეზიდენტი ლაშა შანიძე, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა და შეერთებულ შტატებში, როგორც თავად ამბობს დევნის გამო, ქვეყნიდან გამოსვლა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მოახერხა. 2011 წელს მას შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა. დღეს ის ნიუ-იორკში ცხოვრობს და “მილენიუმ კეპიტალ გრუპში” მუშაობს, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს.

ლაშა შანიძე: დღეს ჯერ კიდევ ვერ ჩამომესვლება საქართველოში, რადგან პოლიტიკური ვითარება ჩემს მიმართ არ არის მოგვარებული, წინა ხელისუფლებიდან დარჩენილი. სამწუხაროდ აქტიურად ვერ ვახორციელებ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მინდა და შესაძლებლობა გვაქვს. დღეს, ჩემს მაგივრად ჩემს ამერიკელ წარმომადგენელს ვაგზავნი საქართველოში, რომ ჩემს მაგივრად აწარმოოს მოლაპარაკებები. 2011 წლის ბოლოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მივიღე. საქართველოში დღემდე არ იქნა გადახედილი ჩემი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიზეზი არსებობს საქმის გადახედვის, მაინც სამართლებრივი ბაზისი ვერ მოიძებნა იმის, რომ ლაშა შანიძე დაბრუნდეს საქართველოში.

«Parstoday» (ირანი), 01 მაისი, 2016 წელი

http://parstoday.com/ru/news/world-i23680

კომენტარი: საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა

ირანის სახელმწიფო რადიოსადგური „ფარსთუდეი“ კომენტარს უკეთებს საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობას, კერძოდ, მასალაში საუბარია ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების სარდლის, გენერალ ფრედერიკ ბენ ჰოჯესის ვიზიტზე საქართველოში, მის შეხვედრაზე საქართველოს გენშტაბის უფროსთან ვახტანგ კაპანაძესთან, რომლის დროსაც მხარეებმა ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ტექნიკის გადმოტვირთვასა და ერთობლივი სამხედრო სწავლების ჩატარების შესახებ იმსჯელეს.

ირანის რადიოს კომენტარში ვრცლადაა გადმოცემული საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის ამსახველი ფაქტები, კერძოდ, ერთობლივი სამხედრო სწავლება კოდური სახელმწოდებით „ღირსეული პარტნიორი“, რომლის ჩარჩოებში ბულგარეთიდან ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის არმიის მთელი სატანკო ბრიგადა იქნება გადმოსროლილი. ერთობლივი სწავლება მაისში უნდა ჩატარდეს.

„ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას დასავლეთის ქვეყნებთან, კერძოდ – აშშ-სთან და ნატოსთან, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივ სამხედრო მანევრების ჩატარებას გამომწვევი და პროვოკაციული ხასიათი აქვს. საქმე იმაშია, რომ შეერთებული შტატები ცდილობს გააძლიეროს თავისი გავლენა ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყნებზე, კერძოდ კი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებზე. ამ ჩანაფიქრის რეალიზება ვაშინგტონისათვის ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რისთვისაც რეგიონის ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ, საქართველომ აშშ-სთან თანამშრომლობის მიზნით დიდი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, თბილისის ამგვარი სამსახურის სანაცვლოდ, ვაშინგტონმა საქართველოს მოთხოვნა-მოლოდინები არ დააკმაყოფილა.

ამასთან, საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან და აშშ-სთან რუსეთის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საფრთხედ მიიჩნევს. სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტიც ამ მიზეზით მოხდა. ამ ომის ფონზე ამერიკამ საქართველოს [იმდროინდელი ხელისუფლების] იმედები არ გაამართლა – თეთრი სახლის განცხადებები და ლოზუნგები სიცრუე და ტყუილი აღმოჩნდა, ვაშინგტონმა თბილისს მოსკოვთან დაპირისპირებაში საკმარისი დახმარება  არ აღმოუჩინა.

ამჟამად საქართველო ეკონომიკის განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სერიოზულ პრობლემებს აწყდება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების კურსი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ხელისუფლების პოლიტიკისაგან, რომელიც რუსეთის მიმართ კონფრონტაციაში გამოიხატებოდა: აშკარაა, რომ დღეს საქართველო დიდ ძალისხმევას ახმარს ბალანსის დაცვას აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობაში. თუმცა, ამის მიუხედავად, ის პრობლემები, რომლებიც თბილისსა და მოსკოვს შორის არსებობს, ამ ბოლო წლების განმავლობაში ვერ მოგვარდა, ანუ საქართველოს ძალისხმევას წარმატება არ მოჰყოლია. ამის მიზეზი ნათელია: რუსეთი ჯერ მზად არ არის იმისათვის, რომ უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერაზე, საქართველო კი ამაზე აქცენტს მუდმივად აკეთებს. საბოლოო ჯამში კი მაინც აშკარაა, რომ დასავლეთის ქვეყნების, კერძოდ, აშშ-ისა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედრო დელეგაციების ვიზიტები პროვოკაციულია და უპირველესად ზიანს აყენებს თვით საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს“, – ხაზგასმულია კომენტარში.

«КП в Украине» (უკრაინა), 30 აპრილი – 05 მაისი, 2016 წელი

http://kp.ua/politics/537581-u-saakashvyly-plany-na-dve-strany

მიხოს გეგმები ორ ქვეყანაში

საქართველოს პარლამენტში სანდრა რულოვსი, უკრაინის ვერხოვნა რადაში – მიხეილ სააკაშვილი?!

„როცა თებერვალში ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „მე უფრო დიდი ამბიციები მაქვს, ვიდრე სამთავრობო თანამდებობაო“, ცოტამ თუ ვინმემ გაიაზრა, თუ რას გულისხმობდა. როგორც აღმოჩნდა, მიხოს თურმე ხელისუფლებაში ყოფნა… ორივე ქვეყანაში მოსურვებია. ამას წინათ ექს-პრეზიდენტმა ერთ-ერთ ქართულ ტელეარხის ეთერში გამოსვლისას აღიარა, რომ მას საქართველოში დაბრუნება აქვს განზრახული და თან გამარჯვებულის როლში, ასე ვთქვათ, „თეთრ ცხენზე ამხედრებული“ სახით. მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ელენა გალანჯი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ქართულ მასმედიის მიერ გავრცელებული „ნაციონალთა“ სადეპუტატო კანდიდატების სავარაუდო პირველი ათეული, რომლის პირველ ნომრად თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსია დასახელებული. გარდა ამისა, სიაში ბევრი „ძველ-ახალი“ ფიგურებიც არიან დასახელებული. ასევე ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ცნობილ მეცენატთან და საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან…

„ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი კანდიდატები ვერაფერს უშველიან, რადგან მთავარ როლს ამ პარტიაში მაინც ძველი სახეები ასრულებენ. პარტიას ქარიზმატული ლიდერი არ ჰყავს. გარდა ამისა, ქართველებში მიხეილ სააკაშვილის ბოლო აგრესიული განცხადებები ნეგატიურ რეაქციას იწვევს, ამით იგი საკუთარ პარტიას ზიანს აყენებს“, – ამბობს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე.

საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას არ ელოდება. „იგი თუ საქართველოში ჩამოვა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, ხოლო დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ლაკონურად აღნიშნა – „მას, ალბათ, დაპატიმრება არ ასცდება“.

უკრაინაში კი ოდესის ოლქის გუბერნატორის გუნდის შანსები ვერხოვნა რადაში გასვლის თაობაზე საკმაოდ მაღალია, მით უმეტეს, რომ მიხოს ადრეც აქვს გაცხადებული ამის თაობაზე: „მე და ჩემი გუნდი უარს არ ვამბობთ იმ მისიაზე, რაც უკრაინაში გვაქვს – პერსპექტივაში უკრაინის განვითარება საქართველოს განვითარებასაც ნიშნავს. ჩვენი პოლიტიკური პარტია ყველანაირ არჩევნებში გაიმარჯვებს. უკრაინაში ამ თვალსაზრისით ეჭვი არავის არ ეპარება – არც  ჩვენს მტრებს და არც მეგობრებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კიეველი პოლიტოლოგების პროგნოზით, თუ უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ქართველი „რეფორმატორი“ ვერხოვნა რადაში ცალკე გუნდის სახით ვერ გავა. აქედან გამომდინარე, მიხოს გუნდი ლვოვის მერის ანდრეი სადოვოის გუნდთან იქნება კოოპერირებული. აშკარაა, რომ მიხოს პიროვნულად საარჩევნო სიაში არ იქნება – იგი ვერ აკმყოფილებს უკრაინის კანონმდებლობის მოთხოვნებს ბინადრობის ცენზის თაობაზე (ბოლო ხუთი წელი უწყვეტად უკრაინაში არ უცხოვრია). გარდა ამისა, მას [იურიდიულად] თავისი გუნდი არ ჰყავს, ხმამაღალი განცხადებებით კი შორს ვერ წავა.

„გამორიცხული არაა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის პროექტს აღარ შექმნის [ანუ პოლიტიკურ პარტიას არ ჩამოაყალიბებს], მის თანამოზრეებს კი „სამოპომოშჩის“ (ლვოვის მერის პარტიის) სიაში დავინახავთ“, – ამბობს პერსპექტიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმირ ფესენკო.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 01 მაისი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160430-saakashvili-planiruet-pobedit-oligarkhov-v-ukraine-i-vernutsya-v-gruziyu

მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ ოლიგარქებზე გამარჯვებასა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ („რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“) ყოველკვირეულ მიმოხილვაში, რომელიც ეთერში პირველ მაისს გადაიცა, ვრცლადაა საუბარი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუზე „რუსთავი-2“-ში, რომელშიც იგი თავის უკრაინული საქმიანობის წარმატებებზე და საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

სიუჟეტში მოცემულია აგრეთვე ქართველი პოლიტიკოსების და ექსპერტების კომენტარებიც, რომლებიც ექს-პრეზიდენტის საქართველოში სავარაუდო დაბრუნების თაობაზე მსჯელობენ. აი, მაგალითად, რას ამბობს პეტრე მამრაძე, სახელმწიფო კანცელარიის აპარატის ყოფილი უფროსი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გამარჯვება გამორიცხულია. დიდი-დიდი, „ნაციონალებმა“ ხმების 10% მიიღონ. თვითონ მიხეილ სააკაშვილიც საქართველოში ვერ დაბრუნდება, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ძებნაა გამოცხადებული“.

ფრანგული რადიოსადგურის მასალაში განხილულია აგრეთვე ამერიკელი კონგრესმენის სტივ რასელის განცხადებაც, რომლის თანახმად, იგი ვარაუდობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირება მოახდინოსო.

რადიოსიუჟეტში საუბარია აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შენგენის ზონაში სამოგზაუროდ უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებაც: „პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის დროს რამდენიმე პრობლემა დაასახელა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას. დავით უსუფაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზების მიღების გზაზე ერთ-ერთი პრობლემა მმართველი კოალიციის წევრების სტალინისტური განცხადებები არისო“. ამის შესახებ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ თბილისელ კორესპონდენტ გიორგი ლებანიძესთან საუბარში პოლიტოლოგი გია ნოდია ასეთ კომენტარს აკეთებს: „არა მგონია, რომ „მრეწველთა“ ლიდერის სტალინისტური განცხადებები ევროპელებისათვის ზალიან მნიშვნელოვანია. სხვა საქმეა, თუ ყოველი ქართველი ჩინოვნიკის კაბინეტში იოსებ სტალინის პორტრეტი იქნება დაკიდებული. აი, მაშინ საქართველოს პროევროპული პოლიტიკა ეჭვქვეშ დადგებოდა“.

რადიოსიუჟეტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის განხილვა და ხმის მიცემა ზაფხულშია დაგეგმილი, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი მიიღებს.

Comments are closed