«НТВ» // «Российская газета» (რუსეთი): ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში: საქართველო კომენტარებში
«Polskie Radio» (პოლონეთი): ინტერვიუ ქართველ ექსპერტთან: „საქართველოს მოდერნიზაცია, რომელიც მსოფლიომ აღიარა, მოსკოვში შიშს იწვევს“
«New Eastern Europe» (პოლონეთი): ქართული კაპიტალიზმის თავისებურებები
—————–
«НТВ» // «Российская газета» (რუსეთი), 02-03 მაისი, 2017 წელი
http://www.ntv.ru/video/1424545/
https://rg.ru/2017/05/02/aleksandr-rar-merkel-stavit-cennosti-vyshe-voprosov-geopolitiki.html
ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სოჭში: საქართველო კომენტარებში
რუსულ მასმედიაში ფართოდ გაშუქდა გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი რუსეთში 2 მაისს, რომლის დროსაც ანგელა მერკელი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა. საინტერესოა, რომ გერმანიისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა-მოლაპარაკების კომენტირებისას რამდენჯერმე იქნა მოხსენიებული საქართველოც.
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Итоги дня» (02 მაისი, 22.45) აღინიშნა, რომ ანგელა მერკელმა მშვენივრად იცის რუსული ენა, ახალგაზრდობის ჟამს იგი აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) კომკავშირის წევრი იყო, რუსული ენა კარგად შეისწავლა და ბევრჯერაა ნამყოფი საბჭოთა კავშირში, 1970-იან წლებში იმოგზაურა საქართველოშიც „ავტოსტოპით“.
რუსულ გაზეთ «Российская газета»-ში (03 მაისი) გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი, მერკელ-პუტინის შეხვედრის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ პოლიტიკური უთანხმოებისა და გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, მოსკოვი და ბერლინი ერთმანეთის მსხვილი ეკონომიკური პარტნიორები რჩებიან. ნიშანდობლივია, რომ ორივეს – გერმანიის კანცლერსაც და რუსეთის პრეზიდენტსაც ერთნაირი პოზიციები აქვთ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით დადებულ მინსკის შეთანხმების საკითხში: ახალი დოკუმენტის გაფორმება აუცილებელი არაა, ძველი უნდა შესრულდეს.
პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმაზე, რომ ანგელა მერკელი რუსეთის პოზიციას ყოველთვის ანგარიშს უწევდა და უწევს. ამის დამადასტურებლად მან ნატოს ბუქარესტის სამიტი დაასახელა, როცა სწორედ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაუწია წინააღმდეგობა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და დაბლოკა საქართველოს მიღება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, ანუ, შეიძლება ითქვას, რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედა.
«Polskie Radio» (პოლონეთი), 02 მაისი, 2017 წელი
ინტერვიუ ქართველ ექსპერტთან: საქართველოს მოდერნიზაცია, რომელიც მსოფლიომ აღიარა, მოსკოვში შიშს იწვევს
„საქართველოს მოდერნიზაცია წარმატებით განხორციელდა, ეს მსოფლიომ დადებითად აღიარა და შეაფასა. კერძოდ, საკითხი ეხება კორუფციასთან ბრძოლას, საბანკო სისტემის შექმნას, აგრეთვე ადმინისტრაციული მართვის სიტემის გარდაქმნას. ამ ყველაფერმა საქართველო ქმედითუნარიან სახელმწიფოდ გადააქცია“, – ამბობს «Polskie Radio»-ს კორესპონდენტ კშიშტოფ რენიკთან ინტერვიუში თბილისის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ფორჩხიძე.
რადიოეთერის სტუმარმა ისაუბრა „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობის შესახებ:
- ჩემი აზრით, საქართველოში [2003 წლის ნოემბერში] მომხდარი რევოლუციის მემკვიდრეობაში ორი ძირითადი ასპექტი შეინიშნება: პირველი – ეს არის ქვეყნის, სახელმწიფოს მოდერნიზაცია, რომელიც წარმატებით განხორციელდა. ეს ყველაფერი მსოფლიომ დადებითად აღიარა და შეაფასა. კერძოდ, საკითხი ეხება კორუფციასთან ბრძოლას, საბანკო სისტემის შექმნას, აგრეთვე ადმინისტრაციული მართვის სიტემის გარდაქმნას. ამ ყველაფერმა საქართველო ქმედითუნარიან, ეფექტურ სახელმწიფოდ გადააქცია. მეორე ასპექტი – სწორედ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობამ განაპირობა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, რის მოწმენიც ჩვენ 2012 წელს გავხდით – პირველად დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, - ამბობს ირაკლი ფორჩხიძე.
კრემლის შიში?
- „ვარდებისა“ და სხვა „ფერადი რევოლუციების“ შემდეგ მოსკოვმა „სარკეში საკუთარ თავს შეხედა“ – კრემლს ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლებოდა შემდეგი თვითონ ყოფილიყო. ეს ეჭვი განსაკუთრებით გაძლიერდა ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ შედეგად. ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ მსგავსი მოვლენები რუსეთში არ დაეშვა. ჩემი აზრით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობებში პრობლემები არსებობდეს. გარდა ამისა, კრემლს აქვს ამ პრობლემების მართვის ინსტრუმენტებიც. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა. მოსკოვის პოლიტიკაში მე ვერ ვხედავ ამ პრობლემის მოგვარების მცდელობას. არასასიამოვნო ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე [ხმამაღლა] არ ლაპარკობს“, – აცხადებს ქართველი ექსპერტი «Polskie Radio»-ს კორესპონდენტ კშიშტოფ რენიკთან ინტერვიუში
«New Eastern Europe» (პოლონეთი), 02 მაისი, 2017 წელი
http://www.neweasterneurope.eu/articles-and-commentary/2344-mistreated-georgian-capitalism
ქართული კაპიტალიზმის თავისებურებები
პოლონურ ჟურნალ «New Eastern Europe»-ში დაბეჭდილ სტატიაში გადმოცემულია პოსტსაბჭოთა საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების ისტორია: როგორ ხდებოდა სოციალისტური ეკონომიკის „გარდაქმნა“ კაპიტალისტურად და მისი განვითარება 1990-იანი წლებიდან დღემდე (ავტორი – ლაშა მარკოზაშვილი, პოზნანის უნივერსიტეტის დოქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ქართველი მემარცხენე პოლიტიკოსების მტკიცებით, ქვეყნის დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ლიბერალური სახელმწიფო პოლიტიკისა და გლობალური ეკონომიკური ძალების გავლენის შედეგს წარმოადგენს, თუმცა ასე არ არის ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველი – საქართველოში არასოდეს ყოფილა სრულფასოვანი საბაზრო ეკონომიკა, რასაც კერძო მფლობელთა უფლებების ხშირი დარღვევა მოწმობს და ის, რომ ადგილი აქვს მონოპოლიზმს; მეორე – არცერთი სფერო არ დაზარალებულა გლობალური კაპიტალის „ველური“ შეღწევით. პირიქით, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ფაქტიურად არ გამოიყენებოდა.
პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის პარტნიორებმა – გასამხედროებულმა დაჯგუფებებმა და პრეზიდენტთან დაახლოებულმა პირებმა სწრაფად დაიწყეს სახელმწიფო ქონების მიტაცება, ანუ ე.წ. „პრიხვატიზაცია“ (რუსული მანერით). მათ მოახერხეს მიტაცებული ობიექტების უკანონოდ დაკანონება, მათ ხელში მოხვდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიკის დიდი ნაწილი. ისინი წარმატებით იყენებდნენ თავიანთ სასარგებლოდ სახელმწიფოს სუსტ მდგომარეობას.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებამ ეკონომიკურ პოლიტიკაში სამოქმედო მოდელად ე.წ. „სინგაპურიზაცია“ აიღო. ამ მოდელმა გარკვეული შედეგები მოიტანა – 2008 წლის გლობალურ კრიზისამდე [და რუსეთთან „ხუთდღიან ომამდე“] ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპები მატულობდა, მცირდებოდა უკიდურესი სიღარიბეც, თუმცა უმნიშვნელოდ. აქვე უნდა ითქვას, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილ ლიბერტარიანულ პარტიად არასოდეს გამხდარა. ნაციონალების მიერ დამყარებული რეჟიმი ხასიათდებოდა სახელმწიფოს მართვის სისტემისა და ეკონომიკის ძლიერი კონტროლით, პირადი თავისუფლების შეზღუდვით. იმავდროულად ადგილი ჰქონდა ოფიციოზის არარეალურ რიტორიკას, პოპულისტურ განცხადებებს. გაჩნდა დუალური (გაორებული) სიტუაცია: პარტიის ფორმალური განცხადებები არ ემთხვეოდა ეკონომიკაში გატარებულ რეალურ პრაქტიკას (ამის გამო პარტიაში უთანხმოებაც მოხდა). ეკონომიკური თავისუფლების აქტმაც კრიტიკა დაიმსახურა, რადგან მას მოსახლეობის კეთილდღეობის დონის შესამჩნევი მატება არ გამოუწვევია.
მიხეილ სააკაშვილის მთავრობა შორს იდგა ლიბერალური იდეალებისაგან. ნაციონალები ითმენდნენ ძველ კორუმპირებულ ელიტას, რომელმაც ქონება 1990-იანებში დააგროვა. გაჩნდა ახალი მილიონერების ფენაც, რომელიც რეჟიმთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. სახელმწიფო ორგანოები დევნიდნენ და აშინებდნენ იმ ბიზნესმენებს, რომლებიც მათ კარნახს არ ემორჩილებოდნენ და არ იხდიდნენ არაოფიციალურ გადასახადებს, – აღნიშნულია სტატიაში.
პუბლიკაციის დასასრულს ავტორი წერს: გლობალური ეკონომიკური ძალები არასოდეს არ იყო ქვეყნის რეალური საფრთხე და არ ახდენენ გავლენას ეკონომიკური სისტემის მდგომარეობაზე, საშუალო და მცირე ბიზნესის მოქმედებაზე. პირიქით, საქართველოსთვის დღეს სწორედ საერთაშორისო-სატრანსპორტო-სატრანზიტო სფეროს აქვს დიდი მნიშვნელობა, რითაც უცხოური კაპიტალის მიზიდვა შეიძლება. ამავე დროს, ქვეყნის ხელისუფლებას დიდი შრომა მოუწევს სტაბილურობის განსამტკიცებლად, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების (კაპიტალის) დაბანდებას.