globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 3rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Дагестанская правда» (რუსეთი): ავარეთ-კახეთის გზა: პროექტი 150 წლისაა

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი): არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი: ქურთისტანელი, სომალელი და ჩაგოსელი ფეხბურთელები აფხაზეთში შეიკრიბნენ

«Die Tageszeitung» (გერმანია): აფხაზეთი უტევს… // „კონიფა“-ს ეგიდით მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში სოხუმს გამარჯვება სურს, მაგრამ ქურთისტანისა და პადანიის ნაკრები გუნდები ძლიერ კონკურენტებს წარმოადგენენ

«Санкт-Перербургские ведомости» (რუსეთი): სულიერი დასვენება „სულების ქვეყანაში: რატომ უნდა ეწვიოთ აფხაზეთს

———————–

«Дагестанская правда» (რუსეთი), 03 ივნისი, 2016 წელი

http://dagpravda.ru/rubriki/ekonomika/27456775/

ავარეთ-კახეთის გზა: პროექტი 150 წლისაა

2016 წელი დაღესტანში მთების წლადაა გამოცხადებული, რაც რესპუბლიკის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში ძალიან დიდი ნაბიჯს წარმოადგენს. დიდი ხანია მომწიფდა საკითხი მთირ რეგიონული პოლიტიკის კონცეფციის შემუშავებისათვის, რომლის დროსაც ამოცანების ფართო სპექტრი და მათი გადაწყვეტის ოპტიმალური გზები უნდა იყოს გათვალისწინებული“, – წერს სტატიის ავტორი ანვარბეკ კადიევი, დაღესტნის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტი.

პუბლიკაციაში ყურადღებაა გამახვილებული გზების მშენებლობის საკითხზე, რომელიც მთიანი დაღესტნისათვის ჰაერივით აუცილებელია. ამ ფონზე ავტორი ხაზს უსვამს აგრეთვე იმ გზების მშენებლობის აუცილებლობას, რომლებიც დაღესტანს თავის მეზობლებთან, კერძოდ კი საქართველოსთან აკავშირებს: „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობას, რომლის ისტორია 150 წელზე მეტს ითვლის. მას შემდეგ, რაც ჩვენს რესპუბლიკას სათავეში რამაზან აბდულატიპოვი ჩაუდგა, ამ გზის მშენებლობის იდეა მთიანი მხარის განვითარების ერთ-ერთ მნიშნელოვან მიმართულებად იქცა. სპეციალისტებს ერთი აზრი აქვთ: ამ პროექტის რეალიზებას, თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით, კოლოსალური როლი ენიჭება არამარტო დეპრესიული მთიანი რეგიონების გამოსაცოცხლებლად, არამედ რუსეთისა და დაღესტნისათვის – უეჭველია, ინფრასტრუქტურის განვიტარება მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას გამოიწვევს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეწყდება მოსახლეობის დინება მთებიდან ბარში, შეივსება საბიუჯეტო შემოსავლები საბაჟო მოსაკრებლების მეშვეობით.

კასპიისა და შავი ზღვებს შორის არსებული სატრანსპორტო დერეფნის სიგრძე, პროექტის რეალიზების დასრულებისას, 470 კმ. იქნება.

ავარეთ-კახეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებაშიც. ამ პროექტის რეალიზება ეთნოლოგიური ვითარებეც დადებით გავლენას მოახდენს. ცხნობილია, რომ კახეთში, ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ყვარელელი ლეკები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ, მათ დაღესტანში ბევრი ნათესავი ჰყავთ. ახალი გზა, უეჭველია, ლეკებს თითქმის მივიწყებული ისტორიული კავშირების აღდგენაში დაეხმარება, – ნათქვამია სტატიაში.

«The Independent» (დიდი ბრიტანეთი), 03 ივნისი, 2016 წელი

http://www.independent.co.uk/news/world/europe/world-cup-of-unrecognised-countries-a-tournament-for-teams-from-across-the-football-wilderness-a7062311.html

არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი: ქურთისტანელი, სომალელი და ჩაგოსელი ფეხბურთელები აფხაზეთში შეიკრიბნენ

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, [„უეფა“-ს ეგიდით, საფრანგეთში] რამდენიმე დღის შემდეგ, 10 ივნისს დაიწყება, მაგრამ ბევრმა ფეხბურთის ფანატიკოსმა გულშემატკივარმაც კი, ალბათ, არ იცის, რომ აფხაზეთში კავკასიის სუბტროპიკულ მხარეში, „კონიფა“-ს ეგიდით, კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს: მსოფლიოს სეპარატისტულმა და ამბოხებულმა ტერიტორიებმა თავიანთი ეროვნული  გუნდები აფხაზეთში, საქართველოსა და რუსეთს შორის მოქცეულ რეგიონში დაწყებულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჯეკ ლოში).

პუბლიკაციაში ჩამოთვლილია იმ არაღაირებული ქვეყნებისა და სეპარატისტული ტერიტორიების გუნდები, რომლებიც „კონიფა“-ს ჩემპიონატში მონაწილეობენ. ეს სპორტული ტურნირი „ფიფას“ ჩემპიონატის ალტერნატივად განიხილება.

„ინდეფენდენთის“ ჟურნალისტი, რომელიც სოხუმში იმყოფება, ესაუბრება „კონიფას“ პრეზიდენტს ანდერს ბლინდს: „ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს. ჩვენი მისია ის არის, რომ  მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების კულტურა და ისტორია ვაჩვენოთ, რომ მათ იგრძნონ – ისინი მივიწყებულნი არ არიან“.

სტატიაში გადმოცემულია აფხაზეთის – ყოფილი საბჭოთა კავშირის შავიზღვისპირა სუბტროპიკული ჰავის მქონე რეგიონის წარსული და დღევანდელობა. „აფხაზეთი ყოფილი საბჭოთა ელიტის დასვენების კერას წარმოადგენდა. როცა აფხაზეთმა საქართველოსაგან გამოყოფა განიზრახა, დაიწყო დამანგრეველი კონფლიქტი, რომლის შედეგები ახლაც აშკარად შესამჩნევია“, – წერს „ინდეფენდენთის“ კორესპონდენტი ჯეკ ლოში და მკითხველებს აცნობს ჩემპიონატის საზეიმოდ გახსნის დეტალებს სოხუმის „დინამოს“ სტადიონზე, სადაც აფხაზური ტრადიციული კულტურა წარმოჩინდა: მოცეკვავეები, ძველი საბრძოლო აღჭურვილობით გამოსული მეომრების საჩვენებელი „ბრძოლა“ და ა.შ.

ტურნირის წინ კი საზეიმო განწყობაც ჩრდილი დაჰკრავდა: მაგალითად, აფხაზეთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამ მეზობელი საქართველოს განრისხება გამოიწვია: „ჩვენ საქართველოს პროტესტი მიიღეთ. თბილისი დაემუქრა როგორც ჩვენს ორგანიზაციას, ასევე მის წევრებსაც“, – ამბობს „კონიფას“ პრეზიდენტი.

«Die Tageszeitung» (გერმანია), 03 ივნისი, 2016 წელი

http://www.taz.de/!5306496/

აფხაზეთი უტევს…

„კონიფა“-ს ეგიდით მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში სოხუმს გამარჯვება სურს, მაგრამ ქურთისტანისა და პადანიის ნაკრები გუნდები ძლიერ კონკურენტებს წარმოადგენენ

არტურ მიქვაბია, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი, ამ დღეების მნიშვნელობაში რესპუბლიკისათვის დიდ შანსს ხედავს: „როგორც იქნა, ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ვაჩვენოთ – აფხაზეთშიც რეალური ადამიანები ცხოვრობენ. ადამიანები, რომლებთაც არამარტო ფეხბურთი უყვართ, არამედ შეუძლიათ სტუმრების სათანადო დონეზე მიღება და მათი გამასპინძლება, შეუძლიათ დიდი სპორტული ღონისძიების ორგანიზებაც, – ამბ შეუძლიათ“, – ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ტაგესცაინტუნგ“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც „კონიფა“-ს ეგიდით დაწყებული არაღიარებული სახელმწიფოების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობაა გადმოცემული (ავტორი – ბარბარა ერტელი).

პუბლიკაციაში ავტორი მკითხველს აცნობს აფხაზეთის გეოგრაფიულ მდებარეობას და მოსახლეობას (შავიზღვისპირა კავკასიური რესპუბლიკა, თითქმის ერთ მილიონამდე მცხოვრებით, გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტეინის ხელა ტერიტორიით), მის მოკლე ისტორიას და საქართველოსთან დამოკიდებულებას (1992-93 წლების კონფლიქტის შესახებ), საერთაშორისო მდგომარეობას (რამდენმა სახელმწიფომ აღიარა დამოუკიდებლად) და ა.შ.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაციის („კონიფა“) ეგიდით მიმდინარე ჩემპიონატის დეტალები: რამდენი გუნდი მონაწილეობს, საიდან არიან ფეხბურთელები აფხაზეთში ჩასული, რომელ სტადიონებზე მიმდინარეობს მატჩები… ყურადღება ეთმობა აგრეთვე „ფიფა“-ს („ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია“) დამოკიდებულებას აღნიშნული ჩემპიონატისადმი და ამასთან გამოხატულია იმედი, რომ „ფიფა“ აფხაზეთისადმი თავის დამოკიდებულებას შეიცვლის და, კოსოვოსა და სხვა ქვეყნების მსგავსად, თავის რიგებში მიიღებს.

ავტორი ციტირებს აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის არტურ მიქვაბიას განცხადებას:

„რასაკვირველია, ჩვენ „ფიფა“-ში გაწევრიანება გვსურს. ეს საკითხი უფრო სწრაფად მოგვარდებოდა, რომ არა პოლიტიკური ბარიერების არსებობა. საქართველო აფხაზეთს თავისი სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი აცხაებს, რომ თბილისს ჩემპიონატის ჩატარებაზე არავითარი ნებართვა არ გაუციაო. აფხაზეთში ფეხბურთელების ჩამოსვლას, რუსეთის ტერიტორიის გავლით, თბილისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, „კონიფა“-ს ჩემპიონატის მონაწილე ყოველ სპორტსმენს სამომავლოდ  საქართველოში შესვლა  ეკრძალება“.

«Санкт-Перербургские ведомости» (რუსეთი), 03 ივნისი, 2016 წელი

http://spbvedomosti.ru/news/obshchestvo/dushevnyy_otdykh_v_nbsp_strane_nbsp_dushi/

სულიერი დასვენება „სულების ქვეყანაში: რატომ უნდა ეწვიოთ აფხაზეთს

„აფსნი – „სულების ქვეყანა“ – ასე ჰქვია აფხაზეთს მელოდიურ-მჟღერად აფხაზურ ენაზე. აქ, შავიზღვისპირა პატარა სახელმწიფოში ყოველწლიურად დაახლოებით ორი მილიონი რუსი ტურისტი ჩამოდის დასასვენებლად. აფხაზეთი ისე ახლობელია და ისეთი შინაური, რომ ჩვენი თანამემამულეები ამ ქვეყანას „საზღვარგარეთად“ არც მიიჩნევენ. აქ შეიძლება შიდარუსული პასპორტით ჩამოხვიდეთ, აქ მშობლიური რუსული რუბლია მიმოქცევაში, ყველა აფხაზი ჩინებულად საუბრობს რუსულ ენაზე. აფხაზეთი ისეთი ამაყი მზეტუნახავია, რომელსაც მუდამ შეუძლია თვით გამოცდილი ტურისტის მოხიბვლაც კი“, – წერს ილია ბრუნშტეინი სტატიაში, რომელიც აფხაზეთის საკურორტო პოტენციალია გადმოცემული.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს აფხაზური ტურიზმის სპეციფიკაზე: ადგილობრივი ორგანიზატორები ტურისტებს ყოველ წელს ახალ სიურპრიზებს უმზადებენ – მოულოდნელ ექსკურსიებს, აქტიური დასვენების ახალ სახეობებს და ა.შ. მიმდინარე 2016 წლის ტურისტული სეზონისთვის ტურისტებისათვის პირველად გაიხსნა იოსებ სტალინის სამი აგარაკი: ახალ ათონში, რიწის ტბაზე და მიუსერაში. „ვისვენებთ სტალინურად!“ – ეს სლოგანი სულ უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივი ტურისტული ფირმებისათვის.

„აფხაზეთი ძალიან დაზარალდა 1930-იანი და 40-იანი წლების რეპრესიებით“, – ამბობს სოხუმელი ისტორიკოსი არმენ კარნეციანი, – ჩვენმა ქვეყანამ სწორედ იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში დაკარგა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი და საქართველოს მიუერთეს, ავტონომიის სახით. ამის მიუხედავად, აფხაზები ცდილობენ თავისი ისტორია შეინარჩუნონ. ამ თვალსაზრისით, აფხაზეთში არსებული იოსებ სტალინის აგარაკები ქვეყნის მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებად უნდა ჩაითვალოს“.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული იოსებ სტალინის აგარაკების ისტორია, მათი დღევანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით დეტალურადაა აღწერილი ახალი ათონის აგარაკი, რომელიც 1947 წელს აშენდა. აქ მთლიანადაა შენარჩუნებული 40-იანი წლების მდგომარეობა: ავეჯი, ჭურჭელი და ა.შ. ტურისტებს ნებადართული აქვს ბელადის სავარძელშიც დაჯდომა, ხელში აიღონ იმ ცნობილი ტელეფონის ყურმილი, რომლის მეშვეობით გენერალისიმუსი კრემლს უკავშირდებოდა. აქქვეა საწოლი და ლეიბებიც კი, რომლის შიგთავსს ერთმანეთთან შერეული ცხენის ბალანი, ევკალიპტის ნახერხი და წყალმცენარეები წარმოადგენს. ტურისტების ინტერესს იწვევს გერმანული აბაზანა თერმოეფექტით და სარკე, რომელიც სპეცდაკვეთით დამზადდა.

პუბლიკაციაში ასევე ფართოდაა გადმოცემული აფხაზური ხალხური ტრადიციები, სტუმართმოყვარეობისა და მასპინძლობის წესები, აფხაზური სუფრა, სადრეგრძელოები და ა.შ. სტატიის დასასრულს ავტორი მკითხველებს აცნობს ადგილობრივ სამოგზაურო მარშრუტებს და იმ ადგილებს, სადაც ხელოვნების ცნობილ მოღვაწეებს დაუსვენიათ და შთამომავლებისათვის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შეუქმნიათ.

Comments are closed