globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 3rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): აშხაბადი დასავლეთისაკენ გზას ხსნის // თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

«TV Euronews» (საფრანგეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „საქართველოს მთავრობაში ზოგიერთი შურისმაძიებელი, ბოროტი და, უბრალოდ, ცუდი ადამიანია“

«ТВ Украiна» (უკრაინა): ინტერვიუ ალექსანდრე კვიტაშვილთან: „უკრაინაში არსებული სისტემა 25 წლის განმავლობაში „ჩაცემენტდა“. მისი დანგრევა ძალიან რთული გამოდგა. საქართველოში მუშაობა უფრო ადვილი იყო“

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 3 ივლისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-07-03/6_turkmenia.html

აშხაბადი დასავლეთისაკენ გზას ხსნის

თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

«Независимая газета»-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემულია საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის ოფიციალური ვიზიტის შედეგები: თავის ქართველ კოლეგასთან – გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკების შემდეგ ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეხება სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რომელიც მოიცავს ავღანეთ-თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველოს მიმართულებას და რომელიც ხელს შეუწყობს კასპია-შავი ზღვის აუზის ქვეყნების ინტეგრირებას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან (ავტორი – ვიქტორია პანფილოვა).

„ყაზახეთ-თურქმენეთ-ირანის და ავღანეთ-თურქმენეთის რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ აშხაბადს შეუძლია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას შეუერთდეს, რაც, ბუნებრივია, სხვადასხვა რეგიონებს ერთმანეთთან დაკავშირებას ნიშნავს. როგორც თურქმენეთის პრეზიდენტმა განაცხადა, აშხაბადი საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. სხვათა შორის, ამ სატრანზიტო დერეფნისადმი აქტიურ დაინტერესებას იჩენს ჩინეთიც, რომლის დელეგაცია ამას წინათ საქართველოში იმყოფებოდა, ხოლო სულ ორიოდე დღის წინ დასრულდა საქართველოს დელეგაციის ვიზიტიც ჩინეთში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით.

ექსპერტთა აზრი:

ა)„ნეზავისიმაია გაზეტას“ ესაუბრება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი შოხრათ კადიროვი, რომლის თქმით, „თურქმენეთი კავკასიური დერეფანს ევროპაში გასასვლელ დამატებით მიმართულებად მიიჩნევს, რუსულ მიმართულებასთან ერთად. აშხაბადი სულ უფრო მეტად ააქტიურებს თავის მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას. ადრე აშხაბადის საგარეოეკონომიკურ პოლიტიკაში საქართველო რაიმე მნიშვნელოვან პარტნიორად არ აღიქმებოდა – თბილისს თურქმენული გაზის ვალი ჰქონდა, რომელსაც ქართული მწვანე ჩაის მიწოდებით ფარავდა, ასევე თბილისის საავიაციო ქარხანაში რემონტდებოდა თურქმენეთის სამხედრო თვითმფრინავები… აი, პრაქტიკულად სულ ეს იყო. აქედან გამომდინარე, ამიტომ დაგვიანდა თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში“.

მართალია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აქცენტი თურქმენული გაზის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიმართ გააკეთა (საპროექტო მილსადენ
„ნაბუკო-ვესტის“ მეშვეობით), მაგრამ, როგორც შოხრათ კადიროვი ამბობს, აქ საქმე მხოლოდ გაზის საექსპორტო მარშრუტს არ ეხება: „მთავარი ერთმანეთისაგან განსხვავებული პოლიტიკის მქონე სახელმწიფოების გეოპოლიტიკური თანამშრომლობაა – პროამერიკული საქართველო, ნატოს წევრი თურქეთი და მისი სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანი, ნეიტრალური თურქმენეთი, მილსადენ „ნაბუკო-ვესტის“ ჩარჩოებში… ამ გაზსადენს პირველ რიგში ეკონომიკური კი არა, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ის არის მომგებიანი ბერკეტი რუსეთისათვის შესახსენებლად, რომ ჯერ საქართველო და აზერბაიჯანი, ახლა კი თურქმენეთი მოსკოვთან მიმართებით, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან“.

ბ)რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბარში ამბობს, რომ საქართველომ, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ვექტორების ამოქმედებით, უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ეს გონივრული და კონსტრუქციული პოლიტიკაა, რომელიც ახალქართული კომპლიმენტარული პოლიტიკის ერთ-ერთ სახედ შეიძლება მივიჩნიოთ. საქართველოს ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება კასპია-შავი ზღვის აუზის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, თუ, რა თქმა უნდა, მას მსხვილი მოთამაშეებიც დაეხმარებიან. ამით თვითონ ისინიც მოგებულები დარჩებიან“.

«TV Euronews» (საფრანგეთი), 2 ივლისი, 2015 წელი

http://ru.euronews.com/2015/07/02/saakashvili-warns-of-odessa-region-s-importance-to-ukraine/

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ზოგიერთი შურისმაძიებელი, ბოროტი და, უბრალოდ, ცუდი ადამიანია“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ამჟამინდელმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ევროპის (საფრანგეთის) სამაუწყებლო ტელეარხ «Euronews»-ის ჟურნალისტს სერჯიო კანტონეს.

მიხეილ სააკაშვილი: „ოდესას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინისთვის და, სამწუხაროდ, რუსეთისთვისაც, ანუ იმ ქვეყნისთვის, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. პრობლემა იმაშია, რომ ვლადიმირ პუტინის პროექტი „ნოვოროსია“ ოდესის ოლქს ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად განიხილავს. ამიტომაც ჩვენ მთელი ძალისხმევა რეგიონის დაცვისაკენ უნდა მივმართოთ და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ოდესა არ შედრკება. თუ ჩვენ ოდესას დავკარგავთ,  დიდ უბედურებაში აღმოჩნდება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ, საერთოდ, შავი ზღვის აუზი, კავკასია და სხვა რეგიონები“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ოდესის ოლქში მცხოვრები ყველა რუსი მხარს რუსეთს უჭერს. კი, აქ რუსულ ენაზე ლაპარაკობენ, აქ არის რუსული კულტურული მემკვიდრეობა, მაგრამ ეს ოლქის სუსტი მხარე კი არაა, პირიქით… ოდესა მსოფლიოშია ცნობილი, ის კულტურის ცენტრია და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ… რეგიონის ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა. ოდესის პორტი შავი ზღვის პორტებს შორის უდიდესია, აქ თავს იყრის კონტრაბანდული ნაკადები, აქ არალეგალური ოპერაციების ბუდეა. ჩვენი გამოთვლით, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიარდამდე ევროს კარგავს. ამ ფულს იპარავენ კორუმპირებული ჩინოვნიკები, მებაჟეები, სამართალდამცველები…“.

„რა თქმა უნდა, აქ რუსეთის გავლენის მთავარი მექანიზმი – ესაა კორუფცია და უკანონო საქმიანობა. ეს სწორედ ისაა, რასაც ვლადიმირ პუტინი „რუსულ სამყაროს“ უწოდებს. რუსების რბილი ძალაც ამაში გამოიხატება – კორუმპირებულობასა და კრიმინალურ კავშირებში. აქ ძალიან ბევრი კრიმინალური დაჯგუფება და ავტორიტეტია, მათ შორის შეიძლება არიან ქართველებიც, რომლებიც, სხვათა შორის, ყოველთვის მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი რუსულ მაფიასა და რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს ცნობილი და დადასტურებული ფაქტია“.

„კრიმინალებთან ბრძოლაში მე არ ვენდობი უკრაინის უშიშროების სამსახურს. ამ ეტაპზე პრობლემა ნამდვილად არსებობს, მაგრამ ოდესაში მალე იქნება ახალი საპატრულო სამსახური, რომელიც მთლიანად ახალი თანამშრომლებისაგან შედგება. დანიშნულია ქალაქის სამართალდამცველი ორგანოს ახალი ხელმძღვანელი. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ კორუფციასთან და კონტრაბანდასთან ბრძოლა, ჩავკეტეთ დნესტრისპირეთის საზღვარი, რომლესაც მოლდოვა ვერ აკონტროლებს და რომელიც „შავი ხვრელია“ ევროპისათვის“.

სერჯიო კანტონე, „ევრონიუსი“: „ზოგიერთები ამბობენ, რომ თქვენ იგივეს გაკეთებას ცდილობდით თბილისში, საქართველოში, თქვენს სამშობლოში, მაგრამ იქ რაღაც არ გამოგივიდათ…

მიხეილ სააკაშვილი: „არა, ეს სწორი არ არის. პირიქით, მე ვამაყობ საქართველოს მიღწევებით. დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ძლიერი და ეფექტურია. საქართველოში ჩვენ ქალაქები ხელახლა ავაშენეთ. როცა მე პრეზიდენტი ვიყავი, ტურიზმი 60-ჯერ გაიზარდა. სწორედ ამიტომაც დამნიშნეს ოდესის ოლქის გუბერნატორად. და თუ მე ახლა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ მოვწონვარ…

სერჯიო კანტონე: „რატომ? რაშია პრობლემა?

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში მთავრობა შეიცვალა და მის შემადგენლობაში ზოგიერთი შურისმაძიებელი, ბოროტი და, უბრალოდ, ცუდი ადამიანები შევიდნენ, თუმცა ეს გარემოება ზოგადად სურათს არ ცვლის. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დღესაც ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულნი არიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველო დღემდე რჩება კავკასიის ყველაზე უსაფრთხო ადგილად, რეგიონში არსებული ზოგიერთი პრობლემის მიუხედავად. საქართველოში ახლაც ბევრი ინვესტორი და ტურისტი ჩადის. ამ ყველაფერს ჩემმა გუნდმა მიაღწია, მაგრამ, ბუნებრივია, მმართველი გუნდები იცვლება. რეფორმების შედეგების მთავარი მაჩვენებელი ხომ ისაა, რომ ისინი თავიანთი ავტორ-რეალიზატორებთან შედარებით უფრო დღეგრძელნი არიან. სწორედ ამაში გამოიხატება წარმატება. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაშიც“.

სერჯიო კანტონე: „მე მითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრობა უნდაო… გამოდის, რომ არსენ იაცენიუკს თქვენი უნდა ეშინოდეს?

მიხეილ სააკაშვილი: ამ თემაზე ბევრი სპეკულირებს. ჩემთვის ეს ხმები ცნობილია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს პოლიტიკის თანამდევი მოვლენაა. კარგია, რომ მე ახლა ნამდვილი სამუშაო მაქვს, რომლის მიმართ მთელი გულისყური მაქვს მიპყრობილი, რომელიც მომწონს. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ მე მათი გადაჭრა მსიამოვნებს. ოდესაში ბევრი საქმე გასაკეთებელი, რასაც საკმაოდ დრო ჭირდება. იმედი მაქვს, რომ დადგება დრო და ჩვენ რეალურ პროგრესს დავინახავთ. მზად ვარ კიევის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო, რადგან მისი მხარდაჭერის გარეშე ნამდვილი ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია“.

«ТВ Украiна» (უკრაინა), 2 ივლისი, 2015 წელი

http://www.segodnya.ua/politics/pnews/intervyu-s-kvitashvili-skandalnyy-ministr-rasskazal-o-prichinah-otstavki-i-planah-na-budushchee-628601.html

ინტერვიუ ალექსანდრე კვიტაშვილთან: „უკრაინაში არსებული სისტემა 25 წლის განმავლობაში „ჩაცემენტდა“. მისი დანგრევა ძალიან რთული გამოდგა. საქართველოში მუშაობა უფრო ადვილი იყო“

უკრაინის ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა, ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „უკრაინის“ ჟურნალისტს და თავისი გადადგომის მიზეზებზე ისაუბრა.

ამონარიდი:

- ბატონო ალექსანდრე, გამოდის, რომ ბრძოლით დაიღალეთ და წასვლა გადაწყვიტეთ?

- არა, მე ასე არ ვიტყოდი. არც დავღლილვარ და არც დავიღლები. მე ყოველთვის ვცდილობ ყველა საქმე ბოლომდე მივიყვანო, მაგრამ დღეს უკრაინაში ისეთი სიტუაცია სეიქმნა, რომ პარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციამ ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მისცა. ჰოდა, მეც ვიფიქრე, რომ წავალ და გზას ცვლილებებს დავუთმობ-მეთქი. მთავარია, ჩვენს მიერ შემუშავებული კანონები დაამტკიცონ.

- თქვენი გათავისუფლება დღეს იმ ადამიანებმაც კი მოისურვეს, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ხმა მინისტრად თქვენს დანიშვნას მისცა – პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ფრაქციამ. ესაუბრეთ ამის შესახებ პრეზიდენტს, შეხვდით მას?

- არა, ბოლო დროს პრეზიდენტი არ მინახავს, მაგრამ მის მხარდაჭერას რეფორმების გატარების დროს მუდამ ვგრძნობდი ხოლმე. ასე რომ, მხარდაჭერის საკითხში პრობლემები არ მქონდა.

- საქართველოსთან შედარებით უკრაინაში მუშაობა ძნელი აღმოჩნდა?

- დიახ, საკმაოდ ძნელი, რადგან უკრაინაში არსებული სისტემა დიდი ხანია არსებობს, ის 25 წლის განმავლობაში „ჩაცემენტდა“. მისი დანგრევა ძალიან რთული გამოდგა. საქართველოში მუშაობა უფრო ადვილი იყო, თუმცა პრობლემები არსებობდა. საერთოდ, პატარა ქვეყანაში მოვლენებზე უფრო მცირე ხალხი ახდენს გავლენას, ვიდრე დიდ ქვეყანაში. ვიმედოვნებ, რომ ცემი გადადგომა იმ პროცესებზე გავლენას არ მოახდენს, რომელიც მე დავიწყე და ყველაფერი გაგრძელდება.

- თქვენი გადადგომის წიონ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ცოტაა იყო პატიოსანი, საჭიროა მინისტრმა უფრო აგრესიულობა გამოიჩინოსო, თქვენ კი თურმე ამგვარი მონაცემები არ გქონიათ. ეთანხმებით ასეთ დახასიათებას?

- მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, მის მთავრობაშიც მიმუშავია. როგორ გითხრათ… ისე, მე არ მომწონს ვინმეს ლანძღვა და ერთ ადგილზე გაგზავნა…

- თქვენ უკვე თქვით, რომ უკრაინაში რჩებით. დღეს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა მთავრობის წევრმა, ეკოლოგიის მინისტრმა განაცხადა, რომ ოდესაში მიდის, მიხეილ სააკაშვილთან სამუშაოდ. თქვენ იქ წასასვლელად ხომ არ ემზადებით?

- არა, მე კიევში დარჩენას ვაპირებ და ჯანდაცვის ახალ მინისტრს დავეხმარები სიტუაციის გარკვევა-შესწავლაში. მე აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, დახმარებას შევძლებ, თუ საჭირო გახდება.

Comments are closed