«TV Aljazeera» (ყატარი): საქართველო, ეყრდნობა რა დასავლეთს, რუსეთის დამშვიდებასაც ცდილობს
«Radio France Internationale» (საფრანგეთი: „ფრანგული სახელი-სუფლებო მოდელი“ საქართველოში: პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს საბოლოოდ დაუპირისპირდნენ
«Haaretz» (ისრაელი): საქართველოს ექს-პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინს გარდაუვალი პოლიტიკური ანგარიშსწორება ელოდება
«Комсомольская правда» (რუსეთი): „მე საქართველოში ოთხი ქალაქი ავაშენე, რუსეთის პრესა რეპუტაციას და იმიჯს მიფუჭებს“: მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსულ მასალებს ყურადღებას ნუ მიაქცევენ
——————-
«TV Aljazeera» (ყატარი), 02 აგვისტო, 2015 წელი
http://russian.rt.com/inotv/2015-08-02/Al-Jazeera-Gruziya-ne-hochet
საქართველო, ეყრდნობა რა დასავლეთს, რუსეთის დამშვიდებასაც ცდილობს
ყატარის ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ამერიკულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებია მიმოხილული (ავტორი – მეთიუ ლაქსმორი).
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვი არ გააღიზიანოს და პროვოცირება არ გამოიწვიოს, ანუ, როგორც ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, „დათვს თვალში თითი არ ატაკოს“. თუმცა ასეთ პოზიციას თბილისისათვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები არ მოუტანია, – აღნიშნულია სტატიაში. უკრაინის კონფლიქტის გამო საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის რთული სიტუაცია წარმოიქმნა და მათ შორის შერიგების პროცესი დაამუხრუჭა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებაზე სულ უფრო მეტი ზეწოლა ხდება, რომ თბილისი მოსკოვის წინააღმდეგ მკვეთრად გამოვიდეს – რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირების გამო. კრემლმა ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოს ამ სეპარატისტულ რეგიონებთან, – აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი და მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, მოსკოვის კონტროლქვეშ გადავიდა თავდაცვის, ეკონომიკისა და საზღვრების დაცვის სფეროები. აქედან გამომდინარე, მოსკოვის მცდელობა სამხრეთ ოსეთის საზღვრების განმტკიცების მიზნით საქართველოს ბრალდებებს იწვევს – რუსეთი „მცოცავი ანექსიას“ ახორციელებსო.
სტატიაში აღწერილია შიდა ქართლში, სოფელ ორჭოსანთან მომხდარი ინციდენტი (ე.წ. „საზღვრის დემარკაცია“), როცა რუსების კონტროლქვეშ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ნავთობსადენი მოექცა და რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია დასავლეთის მასმედიასა და პოლიტიკურ წრეებში. გადმოცემულია აგრეთვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ქართული ოპოზიციური ძალების, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკული დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი. ხაზგასმულია, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტია მმართველ ლკოალიცია „ქართულ ოცნებას“ დასავლური კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს.
სტატიაში ციტირებულია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის თვალსაზრისი: „ჩვენ რეალისტები ვართ. გვესმის, რომელ რეგიონში ვცხოვრობთ და ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლა არ შეგვიძლია. ჩვენ დასავლურ სტრუქტურებტან ინტეგრირებას ვაგრძელებთ, მაგრამ არ გვსურს ამაზე ხმამარლა ვიყვიროთ და დათვს თითი თვალებში ვატაკოთ“. აშკარაა, რომ „დათვში“ თედო ჯაფარიძე რუსეთს გულისხმობს. თუმცა, როგორც ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რუსეთისადმი ასეთი მიდგომა „პრობლემატურია“, რადგან სამხრეთ ოსეთთან და საერთოდ, სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით, საქართველოს მიერ რუსეთისადმი გამოვლენილ შემრიგებლურ პოზიციას თბილისისთვის მაინცდამაინც დადებითი შედეგები არ მოუტანია.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 2 აგვისტო, 2015 წელი
„ფრანგული სახელისუფლებო მოდელი“ საქართველოში: პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთს საბოლოოდ დაუპირისპირდნენ
ფრანგულმა რადიოსადგურმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ“), ორ აგვისტოს, საქართველოს ამბების თავის ტრადიციულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში (ავტორი გიორგი ლებანიძე) ყურადღება დაუთმო ორ საკითხს – პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირების გამწვავებას და სიტუაციას ეროვნული ბანკის ირგვლივ.
ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირება უფლებამოსილების თაობაზე ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო და ახლა განახლებული ძალით გრძელდება: საქმე ეხება მთავრობისათვის მნიშვნელოვან კანონპროექტს საბანკო საქმეების რეგულირების თაობაზე და რომლის მიმართაც პრეზიდენტს სურს ვეტო გამოიყენოს, ანუ ისარგებლოს თავისი უფლებამოსილებით. მანამდე კი საქართველოს ხელისუფლების ორი ლიდერის უთანხმოება კიდევ ერთი ფაქტის მიმართ დამოკიდებულებაში გამოიკვეთა: თბილისში ერთი კვირის წინათ დაწყებული ახალგაზრდული ფესტივალის საზეიმო გახსნაში პრემიერ-მინისტრმა (ოჯახით) და მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს, პრეზიდენტი კი მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლა, რომელიც მან ფეისბუქის მეშვეობით გააკეთა. არადა, „ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის (როგორც ამ სპორტული ღონისძიებას უწოდეს) საქართველო ხუთი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ექსპერტების აზრით, პრეზიდენტმა ფესტივალზე მეუღლესთან ერთად არმისვლით პრემიერის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დაადასტურა. მიზეზი იმაში იმალება, თუ ვის უნდა გაეხსნა საზეიმოდ ფესტივალი. ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ სწორედ პრემიერ-მინისტრი იყო უფლებამოსილი, პრეზიდენტმა კი ეს ფაქტი საკუთარი სტატუსის შეურაცხმყოფელად ჩათვალა. ბევრმა ჟურნალისტმა სპორტული სანახოების ნაცვლად ყურადღება უფრო მეტად სამთავრობო ლოჟას მიაქცია: მათ შენიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნანუკა თამაზაშვილი არ იღიმებოდა, თითქოსდა იგი ძალიან იყო დანაღვლიანებული პრეზიდენტთან მორიგი დაპირისპირებით.
ასეთ ვითარებაში „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ერთ-ერთი „ნაციონალი“ დეპუტატის აკაკი ბობოხიძის მსჯავრდებული ძმის შეწყალების შესახებ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა და განაცხადა, რომ მალე, ალბათ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავასაც შეიწყალებდა (თუმცა მათ შეწყალება არ ემუქრებათ – მათ მიმართ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საქართველოს კანონმდებლობით კი პრეზიდენტის შეწყალება ხორციელდება მხოლოდ მსჯავრდებულებზე).
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი პრეზიდენტის და პრემიერის დაპირისპირებაში რაიმე განსაკუთრებულ ტრაგედიას ვერ ხედავს. აი, როგორი კომენტარი გაკეთა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტის თხოვნაზე პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა: „მე ვფიქრობ, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდება. მომხდარი ფაქტი ეთანხმება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და მისი ჩარჩოებიდან არ გამოდის. ჩვენ ცივილიზებულ დამოკიდებულებამდე მივალთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის ჯერ კიდევ სიახლეა და ვერ მივეჩვიეთ იმას, რომ შეიძლება პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა პოზიციები ჰქონდეთ“. რაც სეეხება ოპოზიციას, მისმა წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა არსებული ვითარებას „არანორმალური“ უწოდა და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ასეთი დამოკიდებულება უპირველესად სახელმწიფოსთვისაა საზიანო“.
კონფლიქტი ხელისუფლების შტოებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა მას სემდეგ, რაც პრეზიდენტმა გასულ პარასკევს ვეტო დაადო კანონს საბანკო ზედამხედველობის თაობაზე. ეს სამართლებრივი აქტი გულისხმობს, რომ ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკს სხვა ბანკების მიმართ ზედამხედველობის უფლება აღარ ჰქონდეს და მათზე კონტროლი მხოლოდ მტავრობამ განახორციელოს. კანონი უარყოფითად შეაფასეს საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციებმაც. საქმე იმაშია, რომ დღემდე ცენტრობანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრება, შესაბამისად, პემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ლარის კურსის სწრაფი დაცემა-გაუფასურება წინასწარგანზრახულად ხორციელდება და ამაში ბრალი ირაკლი ქადაგიძესაც მიუძღვის. „ქართული ოცნების“ დეპუტატების აზრით, ცენტრობანკის პრეზიდენტს შეეძლო ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო რეზერვები გამოეყენებინა, მაგრამ ეს მან არ გააკეთა პოლიტიკური მოსაზრებით: ირაკლი ქადაგიძეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია და მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება უნდაო.
სპეციალისტთა აზრით, შექნმნილი ვითარების მიზეზი კონსტიტუციაშია, რომელმაც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები „ფრანგული წესით“ გამიჯნა, რომელის მიხედვითაც სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალების წარმომადგენლები იყონ. პრობლემას კომენტარს უკეთებს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი:
„მე შემიძლია ფრანგულ პრეცედენტზეც ვისაუბრო, სადაც ერთი კონსტიტუციის დროს სხვადასხვა პრეზიდენტები სხვადასხვანაირად მოქმედებდნენ. კონსტიტუცია სტატიკასა და დინამიკაში უნდა განვიხილოთ. ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი არბიტრის როლს ასრულებს – აკვირდება სახელმწიფო ორგანოების საქმიანობას, არის მთავარსარდალი, წარადგენს საქართველოს საერთაშორისო არენაზე და ბოლოს, იგი სახელმწიფოს მეთაურია. სხვა საქმეა, რომ მისი ფუნქციები რეალური უფლებამოსილებით, კანონებით განმტკიცებული არაა. ამჟამად პრეზიდენტი ხელისუფლების სხვა შტოებისაგან დისტანცირებულია, მაგრამ იგი ყოველთვის ცდილობს თავისი პოზიციას ხაზი გაუსვას. რაც სეეხება პრეზიდენტის არყოფნას სპორტულ ღონისძიებაზე, მისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვიტყვი, რომ იგი მართალი არ არის. იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი ოლიმპიადის საროგანიზაციო კომიტეტის ხელმზღვანელი იყო, იგი ყველა მოსამზადებელ სამუსაოებში მონაწილეობდა. ანუ იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი ქვეყნის „პირველი პირია“, მას ოლიმპიადის გახსნაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა. ამ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილმა ზედმეტი ამბიციები გამოავლინა“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე (რომელიც, სავარაუდოდ, 2016 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს), პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. თუმცა ეს შეიძლება უფრო ადრეც – ამ შემოდგომაზეც შეიძლება მოხდეს, როცა კომუნალური მომსახურების ტარიფები მოიმატებს. კონფლიქტი აღრმავებს სხვა გადაუჭრელ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციასთან (მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობასთან), რეფორმების გაგრძელებასა და ქვეყნის განვითარების სოციალურ-ეკონომიკურ მოდელთან. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ხედვები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება, ისინი ანტაგონისტურნი არიან. ასეთ პირობებში სულ უფრო ხმამაღლა ისმის „ნაციონალების“ განცხადებები, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნება აქვთ განზრახული.
«Haaretz» (ისრაელი), 02 აგვისტო, 2015 წელი
http://www.haaretz.com/news/world/.premium-1.668899
საქართველოს ექს-პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინს გარდაუვალი პოლიტიკური ანგარიშსწორება ელოდება
მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ტრიატლეტივით დარბის. მას ხან ნავსადგურში ვხედავდი, სადაც მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლაზე ესაუბრებოდა, ხან ველოსიპედზე მჯდარს, შემდეგ კი, უკვე გუბერნატორის კაბინეტში, შეჭმუჭნულ და ცოტა დალაქავებულ სპორტულ მაისურში გამოწყობილი მხვდება. 47 წლის საქართველოს ექს-პრეზიდენტი პოლიტიკურ სცენაზე თავისი უცნაური დაბრუნებით ტკბებოდა, – წერს ანშელ პრეფერი გაზეთ „ჰაარეც“-ში. ავტორი ვრცლად გადმოგვცემს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ დეტალებს როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში, ასევე იმ პერიოდშიც, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტიც იყო. ანშელ ფრეფერი აქცენტს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე რუსეთისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებაც.
„უკრაინაში საოცარი ამბები ხდება“, – იცინის ერთ-ერთი ოდესელი, რომელსაც ვერ აუხსნია, თუ რა უნდა ან რატომ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად, ან რისთვის დარბის ამდენს ქუჩაში.
„ოდესამდე მე მიხეილ სააკაშვილს სულ ბოლოს თბილისში შევხვდი, შვიდი წლის წინ, როცა მან რუსეთთან ომის შემდეგ ისრაელიდან ჩამოსული ჟურნალისტები თავისთან მიიწვია იმის საჩვენებლად, რომ მიუხედავად რუსეთის შეჭრისა და ისრაელის სამხედრო დახმარების შეჩერებისა („რუსეთის ზეწოლის გამო“), მისი მთავრობა კვლავ ძალაუფლებას ინარჩუნებდა. არადა, მისი დამხობა, ერთი შეხედვით მართლაც გარდაუვალი იყო – მოსკოვმა მწვავე პასუხი გასცა მიხეილ სააკაშვილის და ქართული არმიის მცდელობას სამხრეთ ოსეთის ტერიტორია სეპარატისტებისაგან გაეთავისუფლებინა. რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს სიღრმეში გადაადგილდებოდნენ, რუსული ტანკები კი თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით იდგნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იმის შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი წაართვა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლება კიდევ ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნა! თუმცა, რაც დრო გადიოდა, 36 წლის პრეზიდენტის დიდება თანდათან მკრთალდებოდა – მისი მმართველობის სტილი სულ უფრო ავტორიტარული ხდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის დამარცხება გამოიწვია. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა“, – აღნიშავს ავტორი.
რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორი? იგი დაეთანხმა თავისი სტუდენტობისდროინდელ მეგობრის, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თხოვნას. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოდესის ოლქი უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ოლქია, სადაც საქართველოს, რუსეთის და უკრაინის ბედი წყდება. ოდესაში უამრავი პრობლემაა, დიდი რისკებია, მიხეილ სააკაშვილი კი ამბობს, რომ მას „პრობლემების გადაწყვეტა და რისკებისადმი გამკლავება უყვარს“. „ვლადიმირ პუტინი ცდილობს უკრაინა რუსეთმოძულე ქვეყნად წარმოადგინოს, ხოლო უკრაინელები და მათ შორის მეც – რუსების მტრებად, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. მე ოდესის რუსულენოვანი ოლქის მაგალითზე დავამტკიცებ, რომ ეს ასე არ არის“. ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია. მას ოდესის ოლქის ვესტერნიზაცია სურს, საქართველოს მსგავსად. „საქართველო, ბალტიისპირეთის შემდეგ, პირველი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, სადაც რეფორმები წარმატებულად გატარდა. ეს ვლადიმირ პუტინს აღიზიანებდა. იმ საქართველომ, რომელსაც რუსეთი უიმედოდ და უპერსპექტივოდ, კორუმპირებულ ქვეყნად თვლიდა, უცებ დიდი წარმატებები მოიპოვა. მან წარმოიდგინა რა მოხდებოდა, თუ უკრაინაშიც იგივე განხორციელდებოდა. ვლადიმირ პუტინისათვის ეს იდეოლოგიური ბრძოლაა“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი „ჰაარეც“-ის ჟურნალისტათან საუბარში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის ათწლიანი მმართველობა წინააღმდეგობრივია. რა თქმა უნდა, მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და დასავლეთის ინტეგრირება განეხორციელებინა, დაეხლოებინა თავისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირთან. ამავე დროს, არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მან თავისი გადაჭარბებული რეფორმისტული საქმიანობით რუსეთი მტრად მოიკიდა. ექს-პრეზიდენტის მტკიცებით, დღეს საქართველოს კოალიცია მართავს, რომელსაც რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველომ მისი პრეზიდენტობის დროს არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო გახდა. იგი არ ეთანხმება მისი მოწინააღმდეგეების ვერდიქტს, რომ საქართველომ რუსეთთან ომი წააგო: „როგორია მათი სამხედრო წარმატება? ის, რომ რუსები 20 სოფლით მეტს აკონტროლებენ, ვიდრე ომამდე იყო? რუსეთი ზესახეოლმწიფოა, რომელიც ჩვენ გვბომბავდა თვითმფრინავებით. ჩემი აზრით, აქ მთავარი ისაა, რომ საქართველო დემოკრატიული პრინციპების ერთგული დარჩა…“.
მიხეილ სააკაშვილი ისეთი პოლიტიკოსია, რომელსაც თავისი დამარცხების ღირსეულად წარმოსახვა შეუძლია: „მე ერთადერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი ვარ, რომელმაც მმართველობის ორი ვადა სრულად დაასრულა და ხელისუფლების მშვიდად გადაცემა განახორციელა. ასეთი რამ არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ მომხდარა“. იგი ახლა ოდესის ქუჩებში ისე დადის, რომ თავის პირად მცველებს ყურადღებას არ აქცევს. არადა, არსებობს იმის საშიშროება, რომ იგი რუს მკვლელებს ან ადგილობრივ მაფიას ემსხვერპლოს: „ჩემი მთავარი ძალა იმაშია, რომ ხალხს არ ვემალები. მე თუ ეს დავკარგე, მაშინ ყველაფერს ვკარგავ. ხშირად ვმგზავრობ ხალხთან ერთად ტროლეიბუსში, ავტობუსში, დავდივარ ფეხით და ველოსიპედით. თუ ვინმეს რაიმე ცუდის გაკეთება სურს, იმას ისედაც გააკეთებს“.
ავტორი პუბლიკაციაში ეხება აგრეთვე მიხეილ სააკაშვილისა და ოლიგარქ იგორ კოლომოისკის დაპირისპირების გარემოებებს. „მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ყველა ეროვნების ოლიგარქები არიან, მათ შორის ებრაელებიც, თუმცა უმეტესობა მაინც არაებრაელია. საერთოდ, ეს გარემოება ყოველი პოსტსაბჭოთა სუსტი სახელმწიფოს თანამდევია – სუსტი ჩინოვნიკები, სუსტი ხელისუფლება და ოლიგარქები, რომლებიც მათ ფულს აძლევენ. ისინი ოლიგარქებზე არიან დამოკიდებულნი. სწორედ ამიტომ მთავრობას არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება – მინისტრები მთლიანად ოლიგარქებს ჰყავთ მოსყიდულნი… მე არ მიმაჩნია, რომ რადგან იგორ კოლომოისკი ებრაელია, მას ყველაფერი ეპატიება. ებრაელობა ხელშეუხებლობის გარანტი არ უნდა იყოს. ებრაელი ხარ თუ არაებრაელი, კანონი ყველასათვის ერთია“.
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში ქართველ ებრაელობასთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა. იგი იმედოვნებს, რომ ოდესის ებრაელობაც ქალაქის მომავლისათვის ყველაფერს გააკეთებს. „ოდესა ძალიან ახლოა ისრაელთან თავისი ისტორიის გამო. ეს ასახულია ლიტერატურაში, კულტურაში, მუსიკაში… ეს ოდესის ყოველ კაფეში იგრძნობა“, – ამბობს გუბერნატორი, რომელიც აგვისტოში ისრაელს ეწვევა ბიზნეს-კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით. მას სურს, რომ ისრაელის ბიზნესმენები ოდესაში მიიზიდოს ინვესტიციების ჩასადებად. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, იგი ისრაელზე ნაწყენი არ არის, რომელიც 2008 წლის ომის დასაწყისში ვლადიმირ პუტინის მოთხოვნას დაემორჩილა და საქართველოდან თავისი სამხედრო მრჩევლები გაიწვია: „ისრაელი პატარა ქვეყანაა, რომელიც თავგადარჩენისათვის იბრძვის. ისრაელს თავისი პრობლემები აქვს. როცა პატარა ქვეყანა ხარ და შენი ინტერესების სასარგებლო არჩევანს აკეთებ, ამაზე ვერავინ გისაყვედურებს. ყველა შეერთებული შტატები ხომ ვერ იქნება“. მიხეილ სააკაშვილი არც იმას ითხოვს, რომ ისრაელმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში რომელიმე მხარეს დაუჭიროს მხარი: „თქვენ საკუთარი პრობლემები გაქვთ, მაგალითად, ირანთან. მე არა მგონია, რომ უკრაინას იმედი აქვს ისრაელიდან რაიმე მიიღოს. ამასთან მე გეტყვით, რომ ფრონტზე ებრაელებიც იბრძვიან და ძალიან მამაცურად. მე ვამაყობ მათი გამბედაობით“.
როგორც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, მას პრივილეგია ჰქონდა, რომ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მონაწილეობდა – „ის, რასაც გოლდა მეირი და დავიდ ბენ-გურიონი აკეთებდა, ჩვენ საქართველოშიც განვახორციელეთ. ჩემთვის ბენ-გურიონი ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. დღეს მე ჩემს მეგობრებთან ერთად უკრაინაშიც იგივეს ვაკეთებს, რასაც საქართველოში ათი წლის წინათ“.
ინტერვიუს დასასრულს მიხეილ სააკაშვილი ისევ რუსეთზე და ვლადიმირ პუტინზე საუბრობს: „ვლადიმირ პუტინს მემკვიდრე არ ჰყავს, მან ის ფაქტიურად გაანადგურა. განუსაზღვრელი ხელისუფლება ყოველთვის პრობლემას ქმნის. რუსეთს არ აქვს ახალი ლიდერების არჩევის სისტემა. რუსეთი პატივს არ სცემს სხვა სახელმწიფოების ეროვნულ საზღვრებს. ეს თვით რუსეთისთვისაა ცუდი – როცა ის დაშლას დაიწყებს, სხვებიც ასე მოიქცევიან და რუსეთის საზღვრების პატივისცემაზე უარს განაცხადებენ. ვლადიმირ პუტინს შიდა სეპარატისტებიც ჰყავს და ისინი საკმაოდ ძლიერები არიან, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში (რომელიც რუსეთს, ალბათ, ჩამოშორდება), სეპარატიზმია თათრეთში, შორეულ აღმოსავლეთში, კალინინგრადში. მისთვის პრობლემაა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიც“.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 03 აგვისტო, 2015 წელი
http://www.kp.ru/online/news/2125094/
https://www.youtube.com/watch?v=1Fy7F154N8U
„მე საქართველოში ოთხი ქალაქი ავაშენე, რუსეთის პრესა რეპუტაციას და იმიჯს მიფუჭებს“: მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ოლქის მოსახლეობას მოუწოდა, რომ რუსულ მასალებს ყურადღებას ნუ მიაქცევენ
გუშინ, 2აგვისტოს, საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი რეგიონის მოსახლეობას შეხვდა გაესაუბრა. მან მცხოვრებლებს მოუწოდა ყურადღება არ მიაქციონ რუსული პრესის მასალებს, რომლებიც მას სახელსა და რეპუტაციას ჩრდილქვეშ აყენებენ (ავტორი – ანასტასია ნოვიკოვა).
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქალაქ იზმაილში იმყოფებოდა, შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე შეეკითხა, თუ რატომ დანიშნეს იგი რუსულენოვანი ოლქის გუბერნატორად და რამდენადაა მოსალოდნელი ომი რეგიონში, რაზედაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა აეე უპასუხა: „თქვენ, ალბათ, ასეთი ინფორმაცია რუსული მასმედიის ეთერში მოისმინეთ. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ ომი უკრაინულ ბესარაბიაში და ოდესის ოლქში არასოდეს არ მოხდეს. მე არ მსურს, რომ აქ დონბასის მოვლენები განმეორდეს… ხოლო რაც შეეხება რუსულ მასმედიას, ისინი სიცრუეს ავრცელებენ. ვიცი, რომ ისინი უსინდისოდ იტყუებიან. შეიძლება მე ცხოვრებაში ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი, მაგრამ არცერთი ისეთი, რასაც ეს ტელეარხები გაიძახიან. მათ ჩემი იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა სურთ და თავიანთ პროპაგანდას სიცრუეზე ამყარებენ“.
“ჩვენ გვსურს მშენებლობა, ჩვენ გვსურს განვითარება, რუსეთს იმდენი ნავთობი აქვს… მე კი ავაშენე ქვეყანა ნავთობისა და გაზის გარეშე, ისეთი ცათამბრჯენები, რომლებიც მათ არც დაესიზმრებოდათ. მშვიდობის პირობებში ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ. მე ავაშენე 6000 კილომეტრი გზა ჩემი სიცოცხლის მანძილზე, მე ავაშენე 4 ახალი ქალაქი. მე შევქმენი ჯანდაცვის ახალი სისტემა, აქ კითხულობდნენ… იცით, რამდენს იღებს ქართველი ექიმი? 5 000 დოლარიდან 15 000-მდე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიპარავდით და ვაკეთებდით ყველაფერს ხალხის საკეთილდღეოდ. მათ კი ეს აღიზიანებთ!“
როგორც ცნობილია, თავის დროზე ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ დიდი კრიტიკა გამოიწვია როგორც უკარინაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტოლოგები ეჭვს გამოთქვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამეს შეცვლის ან თვითონ შეიცვლება – ამის შესაძლებლობა მიზერულია. თვითონ ოდესელები საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნას მათი მშობლიური ქალაქისა და ოლქის გებერნატორად იუმორით მიუდგენენ: მიხეილ სააკაშვილის ოდესაში ჩასვლის დროს ქალაქი სხვადასხვა ფერის ჰალსტუხებით მოფინეს…
გუბერნატორი კი ოდესას შავიზღვიპირეთის დედაქალაქდ გადაქცევას უპირებს.