globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 3rd, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ახალი „საღი გონების“ პოლიტიკა საქართველოს თავდაცვაში

«El Pais» (ესპანეთი): საქართველო – სტაბილურობის კუნძული რუსეთსა და თურქეთს შორის

«Европейская правда» (უკრაინა): მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი: რატომ ვერ უგებენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-new-defense-minister-levan-izoria/3445275.htm

ახალი საღი გონების“ პოლიტიკა საქართველოს თავდაცვაში

ზაზა წულაძე


დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რიგით 23-ე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გახდა. იგი თავდაცვაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოვიდა, სადაც ბოლო ერთი წელი ვახტანგ გომელაურის მოადგილედ მუშაობდა.

2012 წლის ოქტომბრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავრობაში ლევან იზორიას  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა „თავისუფალი დემოკრატების“ ქვოტით ეკავა. მან 2014 წლის ნოემბერში თანამდებობის დატოვებას პარტიის დატოვება არჩია, როცა კოალიციიდან – ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ წავიდნენ.

42 წლის ლევან იზორია თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსთამდავრებულია, სამართლის მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი კი გერმანიაში, გოტინგეტის უნივერსიტეტში დაიცვა.

2002 წლიდან ლევან იზორია სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმების კუთხით მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირველ წლებში, შსს-ს აკადემიის რექტორი გახდა. იგი ერთ-ერთი ავტორია საპატრულო პოლიციის შექმნის რევოლუციური კონცეფციისა.

ორ აგვისტოს ლევან იზორიამ, რომელიც პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად, პირველად მივიდა თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან და წევრებთან შეხვედრისას, კერძოდ, ბრძანა:  „საღი გონების პოლიტიკა იქნება თავდაცვაში პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე – საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, NATO-ს ფარგლებში, „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში, ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა“.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უახლოეს ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებიდან მოდის. ეს პრაქტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დამკვიდრდა, როცა 2014 წლის ნოემბერში, თავდაცვის მინისტრად კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი მინდია ჯანელიძე დაინიშნა.

პირველი რესპუბლიკის დროს კი, 1919 წელს, ნოე რამიშვილს ერთდროულად ეკავა შინაგან საქმეთა და სამხედრო (თავდაცვის) მინისტრის თანამდებობები.

ბოლო 25 წლის მანძილზე, თავდაცვის მინისტრად უმუშავიათ: მხატვარს (კიტოვანი), საბჭოთა არმიის გენერლებს და კაპიტანს (ფირცხალაიშვილი, შარაშენიძე, ნადიბაიძე, ყარყარაშვილი), ფილოსოფოსს, რომელმაც პროფესიული სამხედრო განათლება მიიღო (თევზაძე), საგარეო უწყებიდან (ბეჟუაშვილი, სიხარულიძე), ფინანსური პოლიციიდან (კეზერაშვილი), სასჯელაღსრულებიდან (ახალაია, შაშკინი) მოსულ კადრებს და პოლიტიკურ ფიგურებს (ბარამიძე, ოქრუაშვილი, ალასანია, ხიდაშელი).

ლევან იზორიამ ამ თანამდებობაზე სწორედ პოლიტიკური ფიგურა, „რესპუბლიკელთა“ ერთ-ერთი ლიდერი, პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელსაც საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა, იზორიას გამინისტრების გამო.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეორედ ხდება, რომ თავდაცვის სამინისტროში პოლიტიკურ ფიგურას უშიშროება ანაცვლებს. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. ეს არის იმ პრინციპების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რომელიც NATO-ს მიერ არის აღიარებული და რომლითაც შენ განაცხადი გაქვს გაკეთებული, რომ NATO-ში მიდიხარ. თავდაცვის მინისტრები, პრაქტიკულად, ყველა, ცივილიზებულ, NATO-ს წევრ ქვეყნებში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო ცხოვრებიდან მოსული პოლიტიკური ფიგურები.“

საქართველოს მთავრობაში თინა ხიდაშელის გარდა, კიდევ ერთი „რესპუბლიკელი“ მინისტრი შეიცვალა. პაატა ზაქარეიშვილის ადგილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში უპორტფელო მინისტრის პოსტზე, მისმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა დაიკავა, რომელმაც განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დეკლარირებული „სამშვიდობო პოლიტიკის“ გადახედვა არ იგეგმება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრები (1918-2016 წლებში)

გრიგოლ გიორგაძე (1918 წლის თებერვლიდან 1919 წლის თებერვლამდე); ნოე რამიშვილი (1919 წლის თებერვლიდან – 1919 წლის დეკემბრამდე); გრიგოლ ლორთქიფანიძე (1919, დეკემბერი – 1920, სექტემბერი); ილია ოდიშელიძე (1920 სექტემბერი – 1920 ნოემბერი); პარმენ ჭიჭინაძე (1920, ნოემბერი – 1921, თებერვალი); ჯონი ფირცხალაიშვილი (1991, აგვისტო – 1991, დეკემბერი); ლევან შარაშენიძე (1992, იანვარი – 1992, მაისი); თენგიზ კიტოვანი (1992, მაისი – 1993 მაისი); გიორგი ყარყარაშვილი (1993, მაისი – 1994, თებერვალი); ედუარდ შევარდნაძე (1994, თებერვალი – 1994, აპრილი); ვარდიკო ნადიბაიძე (1994, აპრილი – 1998, აპრილი); დავით თევზაძე (1998, აპრილი – 2004, თებერვალი); გელა ბეჟუაშვილი (2004, თებერვალი – 2004, ივნისი); გიორგი ბარამიძე (2004, ივნისი – 2004, დეკემბერი); ირაკლი ოქრუაშვილი (2004, დეკემბერი – 2006, ნოემბერი); დავით კეზერაშვილი (2006, ნოემბერი – 2008, დეკემბერი); ვასილ სიხარულიძე (2008, დეკემბერი – 2009, აგვისტო); ბაჩო ახალაია (2009, აგვისტო – 2012, ივლისი); დიმიტრი შაშკინი (2012, ივლისი – 2012, ოქტომბერი); ირაკლი ალასანია (2012, ოქტომბერი – 2014, ნოემბერი); მინდია ჯანელიძე (2014, ნოემბერი – 2015, მაისი); თინა ხიდაშელი (2015, მაისი – 2016, ივლისი); ლევან იზორია – 2016 აგვისტოდან.

«El Pais» (ესპანეთი), 02 აგვისტო, 2016 წელი

http://internacional.elpais.com/internacional/2016/08/01/actualidad/1470038844_203731.html

საქართველო – სტაბილურობის კუნძული რუსეთსა და თურქეთს შორის

პილარ ბონეტი

დღეს საქართველო, რომელიც რუსეთ-თურქეთს შორის მდებარეობს, „სტაბილურობის კუნძულია“ „მღელვარე გეოგრაფიულ გარემოცვაში“, – ასე აღწერს სიტუაციას თედო ჯაფარიძე, რომელსაც მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ამჟამად საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი თქმით, დღეს არსებული სიტუაცია 3,5 მილიონიან საქართველოს ავალდებულებს ახლა უფრო მეტად, ვიდრე წარსულში, გამოიჩინოს გონივრულება, ანგარიშიანობა და პრაგმატიზმი.

„საქართველოს, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა და ნატოში გაწევრიანება სურს, სამხრეთ მეზობელთან – თურქეთთან კარგი ურთიერთობები აქვს. ამასთან, თბილისმა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთთან, 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის შედეგად. შავიზღვისპირა აფხაზეთთან ერთად, სამხრეთ ოსეთი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაშლის სემდეგ ჩამოსცილდა, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ორივე სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები შექმნა. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „ოკუპირება“ მოახდინა.

თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ის რეპრესიები, რომელიც მას მოჰყვა, ისეთ შედეგებს მოიტანს, რომლებიც შესაძლოა საქართველოზეც აისახოს. ერთ-ერთი ასეთი შედეგი შეიძლება თურქეთ-რუსეთის დაახლოება იყოს.  „რეჯეპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამ, რომელიც ცხრა აგვისტოს გაიმართება სანქტ-პეტერბურგში, შეიძლება საქართველოსთვის ახალი გეოსტრატეგიული ვითარება შექმნას“, – წერს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან მიმართებით ქართველი ანალიტიკოსების აზრები ერთმანეთისაგან განსხვავდება.

თედო ჯაფარიძის თვალსაზრისით, ნაკლებსავარაუდოა, რომ თურქეთი ნატოს სამხედრო ბლოკიდან გამოვიდეს ან აშშ-სთან ურთიერთობა ძალიან გაიუარესოს. გარდა ამისა, იგი მიიჩნევს, რომ თუ თურქეთი და რუსეთის ფედერაცია ერთმანეთს დაუახლოვდებიან, ეს დაახლოება მაინცდამაინც მჭიდრო არ იქნება. ამის ხელშემშლელია ვლადიმირ პუტინისა და რეჯეპ ერდოღანის პიროვნულ-ფსიქოლოგიური შეთავსებადობის ნიუანსები. როგორც თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, „ასეთი სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ ქართული დემოკრატია და მისი ინსტიტუტიალიზება უნდა გავაგრძელოთ, რათა სახელმწიფო სტრუქტურები იმ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული, ვინც ხელისუფლებაში იმყოფება“.

პეტრე მამრაძე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი, თავის მხრივ ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინი შეეცდება ხელი შეუწყოს რეჯეპ ერდოღანის ურთიერთობის გაურესებას დასავლეთთან.

საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული დღევანდელი საზღვარი [მას ადრე სსრკ-თურქეთის საზღვრის სტატუსი ჰქონდა] პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დროს განმტკიცდა – იმ ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც 1921 წლის 13 ოქტომბერს [ქალაქ ყარსში] გაფორმდა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსა და ქემალისტურ თურქეთს შორის. საქართველოსაგან განსხვავებით, სომხეთს თურქეთთან [ყარსის] ხელშეკრულების საფუძველზე ახალი შეთანხმება არ გაუფორმებია, შესაბამისად, საზღვარი დახურულია, რაც რეგიონში გარკვეულ დაძაბულობას ქმნის, სომხეთ-აზერბაიჯანის დამოკიდებულების გათვალისწინებით.

პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო, როგორც ჩანს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, შედარებით სტაბილური გახდა. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი (2004-2013 წლები) არაერთგვაროვანი იყო: მისი მმართველობის დროს მართლმსაჯულების სისტემაში, პოლიციისა და პენიტენციალურ დაწესებულებებში შეცდომები იქნა დაშვებული, დაფიქსირდა ტერორისა და წამების ფაქტები. ხელისუფლების მოქმედებით პრობლემები შეექმნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობასაც – 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის ცენტრ ცხინვალზე შეტევის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ თბილის-მოსკოვს შორის პოლიტიკური ამინდი გაუმჯობესდა:  აღდგა ორმხრივი ვაჭრობა, ვითარდება ტურიზმი… სხვათა შორის, რუსი ტურისტები საქართველოში გასამგზავრებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსი ტურისტების რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია, [რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით], 12%-იან ზრდას ნიშნავს.

„საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ყველა პირობას აკმაყოფილებს, დასავლეთის სახელმწიფოები ამ პროცესის დასრულებას არ ჩქარობენ“, – ამბობს თედო ჯაფარიძე. ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხი, გერმანიის ჩარევით, ევროკავშირმა სექტემბრისთვის გადადო.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან მცირე ხნის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანკარაში გაემგზავრა, პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანს შეხვდა და თურქულ დემოკრატიას, თურქ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ გაგრძელდება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, მათ შორის თანამშრომლობა ევროპაში კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანზიტის სფეროში, რუსეთის გვერდის ავლით (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით). ამასთან, ანკარაში თურქეთის ლიდერებმა ქართველებთან შეხვედრის დროს შეშფოთება გამოხატეს საქართველოში ფეთჰულა გიულენის [საგანმანათლებლო სისტემის] სკოლების მუშაობის გამო, რომლებიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან არსებობენ. საქართველოს საპორტო-სასაზღვრო ქალაქ ბათუმში მდებარე თურქეთის გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელმა, გენკონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედ ფეთჰულა გიულენის სისტემის სკოლებში მოსწავლეები ტერორიზმის სულისკვეთებით იზრდებაო. მოგვიანებით, თბილისში თურქეთის ელჩმა ზეკი ლევენთ გუმრუქჩუმ სიტუაციის განმუხტვა სცადა და განაცხადა, რომ გენკონსულის განცხადება არასწორად იქნა ინტერპრეტირებულიო.

თურქეთი და რუსეთი საქართველოს უპირველესი სავაჭრო პარტნიორები არიან. გარდა ამისა, საქართველოში ბევრი თურქი მიზნობრივად ჩადის – ძირითადად აჭარაში, ბათუმში, რომელიც წარსულში თურქეთის [ოსმალეთის] შემადგენლობაში შედიოდა. ბათუმი ტურიზმის ცენტრია. ამ ქალაქში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქაოსურად ვითარდებოდა, ბევრი თურქული კომპანიაა დაფუძნებული, მრავალი თურქი საცხოვრებელ სახლებს  ყიდულობს… დღეს ზოგიერთ ქართველს მიაჩნია, რომ საქართველოში თურქები მომრავლდნენო, მაგრამ როგორც პეტრე მამრაძე ამბობს, თურქების მასობრივი მიგრაცია არ მოხდება, რადგან საქართველოს ეკონომიკური პრობლემები აქვს. „თურქეთს სურვილი კი აქვს, რომ კავკასიაში თავისი კულტურული გავლენის ზონა გააფართოვოს, მაგრამ რუსეთი ამ დათმობაზე არ წავა“.

«Европейская правда» (უკრაინა), 03 აგვისტო, 2016 წელი

http://www.eurointegration.com.ua/rus/experts/2016/08/2/7052898/

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი: რატომ ვერ უგებენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო

ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ)

რედაქციისაგან: „ევროპეისკაია პრავდაში“ ამერიკელმა მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა სტატია გამოგვიგზავნა გამოსაქვეყნებლად. იგი უკრაინასა და საქართველოში ვიზიტების დროს მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა. „მოულოდნელიო“, იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენთან, უკრაინაში, ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ, თუმცა ის საქართველოსთვის რაიმე ახალ მოვლენად არ ითვლება. სხვათა შორის, „ევროპეისკაია პრავდას“ ჟურნალისტებს ამ საკითხზე ქართველი კოლეგებისაგან არაერთი საყვედური მოუსმენიათ.

ჩვენ  ლინკოლნ მიტჩელის პოზიციის გამოქვეყნება გადავწყვიტეთ. ამავე დროს მზად ვართ სიტყვა მეორე მხარესაც მივცეთ. კიევსა და თბილისს საერთო მტერი ჰყავს და თუ პრობლემა ჩვენს ურთიერთობაში არსებობს, უმჯობესია ამ პრობლემაზე ღიად ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და გადავჭრათ, ვიდრე დავმალოთ.

————

„საქართველოსა და უკრაინაში გატარებული რამდენიმე კვირაც კი საკმარისია, რომ ამ ორი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მსგავსება დავინახოთ. ორივე ცდილობს დემოკრატიის განმტკიცებას და დასავლეთთან ურთიერთობის გაფართოებას (ევროკავშირთან და ნატოსთან) უკრაინას და საქართველოს დღემდე ვერ დაუძლევიათ რუსეთის აგრესიის შედეგები, ორივეს ტერიტორია მოსკოვის მიერ ოკუპირებულია ან ნაწილობრივ დანგრეული. და იმავდროულად არის რარაც დამაინტრიგებელი, უფრო მეტად კი შემაშფოთებელი განსხვავებები ამ ორ ქვეყანას შორის, ფაქტები, რომელიც ყოველთვის არ ხვდება ჩვენს თვალსაწიერში.

ქართველთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი პროდასავლურად განწყობილები, უკრაინას გულწრფელად უსურვებენ წარმატებებს რეფორმების გატარებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაში. უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ უკრაინის მთავრობა ძირითადად სწორ გზას ადგას. ბათუმში, სადაც მე კონფერენციაში ვმონაწილეობდი, უკრაინისადმი მხარდაჭერა და მისი კურსის დადებითი შეფასება თითქმის ერთხმად იქნა გამოხატული.

და აი, აქ არის განსხვავება იმაში, თუ როგორი დამოკიდებულებაა აქვთ უკრაინელებს ქართველებისადმი და საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი. უკრაინაში ბევრი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში რაღაც დოზით პრორუსული ძალები არიან, რომლებიც თითქოსდა დასავლეთთან ინტეგრაციას აცხადებენ, მაგრამ ბოლომდე გულწრფელები მაინც არ არიან. პრინციპში, ასეთი სურათი მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ორივე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გავერკვევით და თან „მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს“ გავითვალისწინებთ.

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, რომლის პარტიამ 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადა, 2013 წელს თანამემულეების მხარდაჭერა დაკარგა და პოლიტიკაში დაბრუნება მხოლოდ უკრაინაში მოახერხა. ამიტომაც უკრაინელებმა საქართველოს უახლესი ისტორია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისეული ვერსიით იციან, რომლის თანახმად, იგი ანტირუსულად განწყობილი გმირია, რომელმაც კორუფცია აღმოფხვრა, რომელმაც თავისი ქვეყანა დემოკრატიას აზიარა, თუმცა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის გუნდთან წააგო, რადგან ის „რუსი ოლიგარქია“.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია სინამდვილეს მხოლოდ მცირედ თუ ასახავს, ის უკრაინაში მაინც ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით პროდასავლურ წრეებში.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური წარმატება უკრაინაში მაშინ, როცა საქართველოში მასზე სისხლის სამართლის ძებნაა გამოცხადებული, მოსახლეობას თავგზას უბნევს და ორივე ქვეყნისათვის ცუდი შედეგი მოაქვს.

საქართველო და უკრაინა ერთმანეთისათვის ბუნებრივი მოკავშირეები უნდა იყვნენ, ერთად უნდა გამოვიდნენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ასევე ერტად უნდა დააცქარონ დასავლეთთან – ევროკავშირთან და ნატოსტან ინტეგრირება. ქართველებმა და უკრაინელებმა ერთმანეთისაგან უნდა ისწავლონ, ერთმანეთს უნდა გაუზიარონ რეალური გამოცდილება და არა ისეთი პოლიტიკურად მოტივირებული, როგორიც ახლაა.

მაგალითად, უკრაინამ მართლაც უნდა გაიზიაროს მიხეილ სააკაშვილის გამოცდილება კორუფციის რადიკალური აღმოფხვრასა და საქართველოში პროდასავლური კონსენსუსის შექმნაში. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიევმა გააცნობიეროს: იმ მოვლენებმა, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში (სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, აქციების დარბევა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა და ა.შ), საქართველოს ხელი შეუშალა და მისი ევროპული ინტეგრაცია შეაყოვნა.

შესაძლოა კიევიდან კარგად არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო დღესაც, [როცა მ.სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში აღარ არის], ევროკავშირისა და ნატოსაკენ მიაბიჯებს. საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს. ეს სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოხდა – „ქართული ოცნებისა“, რომელმაც მ.სააკაშვილის „ნაციონალური“ ხელისუფლება შეცვალა. გარდა ამისა, საქართველოს მიმდინარე წელს უვიზო რეჟიმის მიღების შესაძლებლობაც აქვს. მართალია, უახლოეს ხანში საქართველოს მიზნის განხორციელება – ევროკავშირში გაწევრიანება  ვერ მოხერხდება, მაგრამ ქვეყანაში ამ მხრივ მრავალპარტიული კონსენსუსი არსებობს.

ამ ყველაფერს ევროპელი ლიდერებიც ამჩნევენ. ეს ის ლიდერები არიან, რომლებიც უკრაინასაც წარმატებას უსურვებენ რუსული აგრესიის წინააღმდეგობაში.

ის, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა პროდასავლურია, აქსიომად ითვლება ევროპელი და ამერიკელი დიპლომატებისათვის, პოლიტიკოსებისათვის – მათთვის, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ.

როცა უკრაინა ამ ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს, ამით კიევი რისკავს, რომ ბევრ ევროპელს თუ ამერიკელს დაშორდეს, ასევე ქართველებსაც, საქართველოს – ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტად სურს თქვენდამი დახმარება.

უკრაინა და საქართველო ერთმანეთისადმი კონკურენტები არ არიან.

როცა ნატო და ევროკავშირი მზად იქნებიან მორიგი გაფართოებისათვის, იქ ორივე სახელმწიფოსთვის იქნება ადგილი. დღეს კი, ერთად მუშაობით, მათ ერთმანეთის ძალისხმევის კოორდინირება უნდა მოახდინონ და ისეთი სტრატეგია გამოიყენონ, რომელიც ორივესთვის სასარგებლო იქნება.

მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება, თუ უკრაინაში საქართველოს იმიჯი დამახინჯდება, თუ ორი ქვეყნის ურთიერთობას ოდესის გუბერნატორის პოლიტიკური ამბიციები მოწამლავს – გუბერნატორისა, რომელიც უკრაინაში პოლიტიკური პარტიის შექმნას ცდილობს და იმავდროულად დაპირებებს იძლევა საქართველოში ტრიუმფალურ დაბრუნებაზე.

სამწუხაროდ, ეს სწორედ ისაა, რაც ბოლო დროს [უკრაინაში] ხდება“.

Comments are closed