globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 3rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Новое время» (აზერბაიჯანი): ვაშინტონი თბილისს უფსკრულისაკენ უბიძგებს

«Bild» (გერმანია): საქართველოში ვლადიმერ პუტინის ახალი თავდასხმისა ეშინიათ

«The New York Times» (აშშ): ვის პოზიციას უნდა დავუჯეროთ რუსეთის მიმართ? // „მაიკ პენსმა თბილისში განაცხადა, რომ ამერიკა დაიცავს მოკავშირეებს და დემოკრატიულ ქვეყნებს რუსეთისაგან. საწყენი ისაა, რომ მას თავისი უფროსი თეთრ სახლში არ ეთანხმება“

—————-

«Новое время» (აზერბაიჯანი), 02 აგვისტო, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w100623/…/#.WYKc0oqQzs0

ვაშინტონი თბილისს უფსკრულისაკენ უბიძგებს

რ. ველიევი

(შემოკლებით)

ამერიკელი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე თავიანთი ყოფნის გაფართოებას გეგმავენ. თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, საქართველოს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში გაწევრიანების შესახებ.

ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე, ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ბაზები არ არის, თუმცა დისკუსია მათი დაარსება-ორგანიზაციის თაობაზე ბოლო დროს საკმაოდ ხშირად და აქტიურად მიმდინარეობს. ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მანამ ქვეყნისათვის აუცილებელია, რომ მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა არსებობდესო.

იქნება თუ არა აშშ-ის სამხედრო ბაზა საქართველოში?

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამერიკის ჯარებმა გაახშირეს სამხედრო წრთვნები საქართველოს არმიასთან ერთად. ჯერ კიდევ 2014 წელს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა კრწანისის ბაზაში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის მშენებლობაა განზრახულიო. უფრო ადრე, 2009 წელს ქართული მასმედია წერდა – 2015 წლისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამი სამხედრო ობიექტი – ორი სახმელეთო და ერთი საზღვაო ბაზა უნდა დაარსდესო. ამ ინიციატივას რიგი კონგრესმენები და აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი დიკ შეინი ლობირებდა, მაგრამ პროექტის რეალიზება ვერ მოხერხდა.

აშკარაა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკურ სიტუაციას ძირფესვიანად შეცვლის. შავი ზღვა-კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია არა მარტო აშშ-სათვის, არამედ რუსეთ-ევროპა-თურქეთისათვის, ხოლო თვით თურქეთისათვის მისი მნიშვნელობა თითქმის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ტოლფასია. ვაშინგტონი დიდი ხანია საქართველოს განიხილავს როგორც თურქეთში თავისი სამხზედრო ბაზირების ალტერნატივას. რა თქმა უნდა, თურქეთი ამას ხედავდა და ეჭვის თვალით უყურებდა პენტაგონის ზრახვებს საქართველოში ამერიკეული ბაზების შექმნის თაობაზე.

რას უნდა ელოდოს კავკასია?

ბუნებრივია, რომ რუსეთი ამერიკის გეგმებით კმაყოფილი არ იქნება. როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ 2008 წელს რუსეთის ჯარებმა შიდა ქართლის მთავარი ქალაქი – გორი დაიკავეს და თბილისიდან ორ ნაბიჯზე იყვნენ. არავინ იცის, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი, ეს ძალიან საეჭვო საკითხია, მაგრამ უკვე ლაპარაკია ახალ სრულმასშტაბიან ცივ ომზე. ვის აწყობს ეს ყველაფერი? საით უბიძგებს ვაშინგტონი თბილისს? რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად ახლოს მივიდა ჩვენი რეგიონი იმ უფსკრულამდე, რომლის შემდეგ უკვე ომი დაიწყება.

«Bild» (გერმანია), 02 აგვისტო, 2017 წელი

http://www.bild.de/politik/ausland/wladimir-putin/georgien-bundeswehr-52726922.bild.html#remId=1571962776497955944

საქართველოში ვლადიმერ პუტინის ახალი თავდასხმისა ეშინიათ

„რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან და მისი ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოკუპაციიდან ცხრა წლის შემდეგ ნატო საქართველოში მესამედ ატარებს მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი – 2017“, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორები – ულიან რეპკე და კარინა მესბაუერი), რომელშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისური ვიზიტიცაა მოხსენიებული.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში (ნატოს არაწევრების – საქართველოს, უკრაინის და სომხეთის ჩათვლით) გერმანიის ბუნდესვერი პირველად მონაწილეობს – 60 სამხედრო მოსამსახურით და 6 ჯავშანმანქანით.

ბოლო წლების ყველაზე მსხვილი სამხედრო წრთვნების – „ღირსეული პარტნიორი – 2017“ის ჩატარების ერთ-ერთ მიზეზს „რუსეთის მხრიდან საფრთხის ზრდა“ წარმოადგენს, – აღნიშნავენ ავტორები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მათ საზღვრებთან რუსეთის ასიათასიანი არმიის თავმოყრის ტენდენცია აღელვებთ (სამხედრო მანევრების „დასავლეთის“ ჩარჩოებში), ისინი შიშით უყურებენ ვლადიმერ პუტინის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

როგორც „ბილდს“ დაუდასტურეს ბუნდესვერში, „საკითხი ეხება სცენარს საქართველოს ტერიტორიის დაცვის მიზნით“. მართალია, გერმანელ სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ იმაზე, თუ „ვისი თავდასხმისგანაა აუცილებელი საქართველოს ტერიტორიიის დაცვა“. თუმცა, კაცმა რომ თქვას, პრინციპში, ეს დიდი საიდუმლო არაა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, აღნიშნა: „ჩვენგან სულ რაღაც 40 კილომეტრის მოშორებით, საქართველოს კუთვნილ, მაგრამ მოსკოვის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსული ტანკები დგანან. დღესდღეობით რუსეთი საქართველოს ნაწილების ოკუპირებას აგრძელებს. შეერთებული შტატები ნკაცრად გმობენ საქარტველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ“.

«The New York Times» (აშშ), 02 აგვისტო, 2017 წელი

https://www.nytimes.com/2017/08/02/opinion/pence-trump-russia-europe.html?_r=0

ვის პოზიციას უნდა დავუჯეროთ რუსეთის მიმართ?

მაიკ პენსმა თბილისში განაცხადა, რომ ამერიკა დაიცავს მოკავშირეებს და დემოკრატიულ ქვეყნებს რუსეთისაგან. საწყენი ისაა, რომ მას თავისი უფროსი თეთრ სახლში არ ეთანხმება

რედაქცია

რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ვაშინგტონში მიმდინარე დაუსრულებელი დავების ქაოსისა და კაკაფონიის ფონზე მომგებიანადაა გამოკვეთილი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თანმიმდევრული პოზიცია. თავისი აღმოსავლეთევროპული ტურნეს დროს იგი აქებდა ამერიკის ძველ მოკავშირეებს და ადასტურებდა მზადყოფნას, რომ ამერიკა დაიცავს დემოკრატიულ ქვეყნებს მათგან, ვინც მათ დესტაბილიზებას ცდილობს. საწყენი მხოლოდ ისაა, რომ მაიკ პენსს თავისი უფროსი თეთრ სახლში არ ეთანხმება.

სამშაბათს მაიკ პენსმა მაღალ დონეზე შეაფასა ის წარმატებები, რომლებსაც საქართველოს დემოკრატიამ მიაღწია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და აღნიშნა, რომ რუსული ტანკები კვლავ სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან – ცხრა წლის შემდეგ რუსეთის შეჭრიდან. „გვიგულეთ თქვენს გვერდით. ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“’, – განაცხადა მან.

ერთი დღით ადრე, ტალინში, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის (ნატოს წევრი ქვეყნების) ლიდერებთან შეხვედრის დროს მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მკაცრად იცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გამოხატულ ვალდებულებას კოლექტიური თავდაცვის თაობაზე და „გმობს ძალის გამოყენების, მუქარის, დაშინების ყოველგვარ მცდელობას და მავნე გავლენას როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოების, ასევე  ალიანსის ყოველი წევრის მიმართ“. მაიკ პენსმა ღიად მიანიშნა, თუ რატომ მიაჩნია მას აუცილებელ ფაქტორად ნატოს წევრების ერთიანობა ისე „როგორც არასდროს“ კომუნიზმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ: „ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში დღეს არცერთი საფრთხე ისე ძალიან არ იგრძნობა, როგორც თქვენი აღმოსავლელი არაპროგნოზირებადი მეზობლის აგრესიის შესაძლებლობა“, – ხაზი გაუსვა მან და რუსეთი „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივ შეცვლაში, სუვერენული ქვეყნების დემოკრატიის ძირის გამოთხრასა და ევროპის თავისუფალი ქვეყნების ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზებაში“ დაადანაშაულა.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სწორხაზობრივი მიდგომა პრობლემისადმი და მისი მტკიცე დამოკიდებულება სამოკავშირეო ვალდებულებისადმი სრულად ასახავს რუსეთის მიმართ აშშ-ის ტრადიციულ ხედვას. რუსული აგრესიის გაძლიერებისა და მოსკოვ-ვაშინგტონს შორის გაღრმავებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით მისი ტურნე, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მინისტრის ადრინდელი ვიზიტები უკრაინასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი სიგნალია იმ მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის, რომლებიც რუსეთის ჩრდილში ცხოვრობენ.

აშშ-ის ადმინისტრაციაში ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების უმრავლესობა, ისევე როგორც მაიკ პენსი, რუსეთს მთავვარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ. ისისნი განსაკუთრებით შემაშფოთებლად თვლიან რუსეთის გეგმებს, რომელთა თანახმად, მოსკოვი ზაფხულის ბოლოს ნატოს აღმოსავლეთ საზღვართან დაახლოებით 100 ათასამდე ჯარისკაცს განალაგებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  ზომაა, რომელიც პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების განმტკიცების ჩარჩოებში.

მაიკ პენსს არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი არა მხოლოდ თავისი სახელით, არამედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელითაც ლაპარაკობს. თუმცა, იმავდროულად გაურკვეველია, თუ რამდენად შეესაბამება მისი სიტყვები სინამდვილეს, რადგან დონალდ ტრამპი აგრძელებს თავისი ვიცე-პრეზიდენტის მტკიცებების უკუგდებას – როგორც სიტყვით, ისე საქმით. დონალდ ტრამპი ისე იქცევა, რომ მისი არათანმიმდევრული მოქმედება არ შეიძლება არ იყოს აღქმული როგორც სისუსტედ და გაუბედაობად ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის მოკავშირეების თვალში, რაც, თავის მხრივ, სავსებით არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის – აშშ-ის ინტერესებს.

ამას წინათ დონალდ ტრამპმა, პოლონეთში ყოფნის დროს, განაცხადა, რომ ამერიკა  ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის ერთგულიაო, მაგრამ როგორ შეიძლება პრეზიდენტს დავუჯეროთ? ყველამ შენიშნა, რომ მან ეს ძალიან უსიამოვნო გრძნობა-განწყობით თქვა, თითქოსდა იძულებით.. თანაც ხომ გვახსოვს, რომ მანამდე დონალდ ტრამპი ნატოს მიმართ როგორ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა?

მაიკ პენსმა ქართველებს აცნობა, რომ შეერთებული შტატები უარს არ ამბობს 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თანახმად საქართველო ოდესმე ალიანსის წევრი უნდა გახდეს. მაგრამ იბადება კითხვა – რამდენად იქნება ვაშინგტონი მზად თავისი სიტყვის შესასრულებლად და მოისურვებს თუ არა დონალდ ტრამპი გარისკვას და ვლადიმერ პუტინთან თავისი ურთიერთობის კიდევ უფრო გაუარესებას?

ეჭვები დონალდ ტრამპის ხედვებზე რუსეთის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, როცა მან აღტაცება გამოხატა ვლადიმერ პუტინის მოქმედებაზე და განსაკუთრებით გაძლიერდა, როცა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, თუ როგორ მოახერხა მოსკოვმა „ჩაბმულიყო“ აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში. სხვათა შორის, დონალდ ტრამპს პასუხი არ გაუცია ვლადიმერ პუტინის განცხადებისთვისაც, რომელიც რუსეთის ლიდერმა გასულ კვირას გააკეთა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პერსონალის 755 თანამშრომლით (455-მდე) შემცირებისა და საელჩოს კუთვნილი დიპლომატიური საკუთრების კონფისკაციის თაობაზე.

ის, რომ ჩვენს მთავარ ტვიტერისტს ვლადიმერ პუტინის მოქმედების დაგმობა არ სურს, სრულიად აშკარა კითხვებს ბადებს… მან საკმაოდ გააჭიანურა ხელმოწერაც კონგრესის მიერ სანქციების შესახებ მიღებულ კანონზეც.

მისტერ დონალდ ტრამპს  ხელისუფლებაში მოსვლისას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურდა. ეს სავსებით გონივრული მიზანია – რუსეთი ხომ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. და მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის ჩარევამ ამერიკულ არჩევნებში (ისევე როგორც მისმა სხვა მადესტაბილიზებელმა ნაბიჯებმა, ყირიმის ანექსიის ჩათვლით), თანამშრომლობის სივრცე შეზღუდა, ურთიერთობის გაუმჯობესების მოსინჯვა მაინც მხარეთა ინტერესებია.

მაგრამ იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებს ამ რთული და არაერთგვაროვანი პრობლემის გადასაჭრელად რეალური შანსი გაუჩნდეს, დონალდ ტრამპმა მკაცრი, ხისტი და მტკიცე პოზიცია უნდა გამოავლინოს, რომელიც ვლადიმერ პუტინსა და ამერიკელი ხალხის მოკავშირეებს დაარწმუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, რასაც აკეთებს და მისი გუნდი მას მხარს უჭერს.

Comments are closed