globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 3rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევრაზიულ გადახრაშია ეჭვმიტანილი // გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს

«Независимая газета» (რუსეთი): ქართული პერსპექტივა რუსეთისათვის // აქვს თუ არა მომავალი თბილის-მოსკოვის შორის დიალოგს?

«Вестник Кавказа» (რუსეთი): რატომ დაიხურა საქართველოში პოპულარული ტელეშოუ

—————

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 3 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2801700

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევრაზიულ გადახრაშია ეჭვმიტანილი

გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული ინტერესების ღალატში დაადანაშაულეს

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც თავისი პოსტი პირველ სექტემბერს დაიკავა, ოპოზიციისაგან უკვე მძაფრად იქნა გაკრიტიკებული. ამის მიზეზი გახდა მინისტრის განცხადება – ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გააქტიურება „ევრაზიული მიმართულებით“. ოპოზიციამ („ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“) ამაში „მოსკოვისადმი მრავალმნიშვნელოვანი მინიშნება“ დაინახა. ხელისუფლება მინისტრის განცხადების ამგვარი ინტერპრეტირება უარყო, თუმცა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თითქმის იგივე გაიმეორა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატული ურთიერთობის კურსი გაგრძელდება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

თავის პირველ ბრიფინგზე ახლადდანიშნულმა მინისტრმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში ძალიან ბევრი მოვლენა ხდება – როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთში, მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ევრაზიის კონტინენტზე… საქართველო ყველა საინტერესო მოვლენას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს, როგორ პოლიტიკურ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა საქართველოსთვის პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიიჩნია, ოპოზიცია სწორედ სიტყვა „ევრაზიას“ ჩაეჭიდა: მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებმა „ქართული ოცნების“ მთავრობა საგარეო პოლიტიკის შეცვლასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირისადმი (შანხაის ორგანიზაციის ჩათვლით) სიმპათიებში დაადანაშაულეს. ამ ორივე ორგანიზაციაში რუსეთი დომინირებს. როგორც „ნაციონალმა“ დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა „კომერსანტს“, „ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგან საქართველოს ვლადიმირ პუტინის მოსამსახურენი მართავენ, ისინი ქვეყანას ევრაზიულ კავშირში ექაჩებიან“.

მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება თბილისში გუშინ გახსნილი ამბასადორიალის (ქართული დიპლომატოიური კორპუსის თათბირის) კულუარული მსჯელობის საგანი გახდა. ჟურნალისტები ელჩებისაგან ახალი მინისტრის განცხადების კომენტარს ითხოვდნენ, ისინი კი მედიის წარმომადგენლებს თავს არიდებდნენ.

მოგვიანებით გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, თუ რა ჰქონდა მხედველობაში, როცა ევრაზია ახსენა: „ევრაზიაში მხოლოდ ეკონომიკური პროგრესის ფართო შესაძლებლობები ვიგულისხმეო“. ამავე დროს მან არაორაზროვნად განაცხადა „პრაღის დიალოგის“ შენარჩუნების შესახებ (ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები). სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის წინამორბედი მინისტრინ თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც პროდასავლელ დიპლომატად ითვლებოდა, „პრაღის ფორმატს“ ხშირად აკრიტიკებდა „გაუმჭვირვალობისა“ და „სამინისტროს ფუნქციების დუბლირების“ გამო.

თვითონ ზურაბ აბაშიძემ კი ყველას, ვინც კი გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებულ სიტყვა „ევრაზიაში“ რაიმე ცუდი დაინახა, ურჩია, რომ „გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელო აიღონ და წაიკითხონ, რომ ევრაზია არის მთლიანად ევროპა და მთლიანად აზია ერთად აღებული“.

ქართველმა ექსპერტებმა მომხდარი შეხლა-შემოხლა პოლიტიკური ელიტების ფარულ ბრძოლად აღიქვეს, საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის ირგვლივ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზეც, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომლის წინაშე ფორმალურად ყველა ელჩი ანგარიშვალდებულია, უარი თქვა ამბასადორიალში მონაწილეობაზე. „ეს დიპლომატიური ავადმყოფობაა, – აღნიშნა ანალიტიკოსმა დავით ავალიშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში, – სინამდვილეში პრეზიდენტი უკმაყოფილოა იმით, რომ ახალი მინისტრის დანიშვნა მას არ შეუთანხმეს“.

თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ელჩებს წერილი მაინც გაუგზავნა, რომელშიც პრეზიდენტმა ქვეყნის საკეთილდღეოდ მხოლოდ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ მიიჩნია: „საგარეო პოლიტიკის ევრაზიულ მიმართულებაზე“ წერილში ერთი სიტყვაც კი არაა დაძრული.

«Независимая газета» (რუსეთი), 3 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-09-03/3_kartblansh.html

ქართული პერსპექტივა რუსეთისათვის

აქვს თუ არა მომავალი თბილის-მოსკოვის დიალოგს?

ალექსი ფანენკო,

მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო პოლიტიკის ფაკულტეტის დოცენტი

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დაძაბულობამ მოიმატა. აგვისტოს ბოლოს თბილისს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. ქვეყნის ხელმძღვანელებთან შეხვედრების დროს მან საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების მიზნით ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესაძლო მიცემასთან დაკავშირებული გარემოებები განიხილა. იმავდროულად ალიანსის გენმდივანმა მონაწილეობა მიიღო თბილისთან ახლოს, კრაწანისში, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნაში.

მოსკოვის რეაქცია მოსალოდნელი იყო: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეგატიურად შეაფასა ცენტრის შექმნა და ის ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნია. თითქმის იგივე შეფასებები მისცეს მომხდარ ფაქტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა და აღნიშნეს, რომ ნატოს ცენტრის განლაგება საქართველოში მათი რესპუბლიკების უსაფრხოებას ემუქრება.

გადაწყვეტილება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ 2014 წლის სექტემბერში, ნატოს უელსის სამიტზე იქნა მიღებული, რომლის თანახმად, თბილისს ბრიუსელმა „გაძლიერებული პარტნიორის“ სტატუსი მიანიჭა. იმ პერიოდიდან ნატოელი სამხედრო ინსტრუქტორებს უფლება მიეცათ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა საქართველოს არმიის მომზადებასა და ეკიპირებაში.

არსანიშნავია, რომ საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი ცენტრი არსებობს – საჩხერის სამხედრო სკოლა, რომელშიც მომზადებას გადიან სომეხი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები. ბოლო ხანებსი ამ სკოლისადმი ინტერესს ამჟღავნებს თურქმენეთიც. აშკარაა, რომ ნატო ცდილობს საქართველოში ორი ცენტრი არსებობდეს: პირველი, როგორც სასწავლო დანიშნულების (საჩხერის სკოლა) და მეორე, როგორც სამხედრო-საწრთვნელი (კრაწანისის ცენტრი), რომელიც სამომავლოდ შეიძლება უფრო ფართომასშტაბიან ლოჯისტიკურ ობიექტად გადაიქცეს.

სამხედრო თვალსაზრისით, კრაწანისის ცენტრს ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, აფართოებს რა თავის ყოფნას საქართველოში, სამომავლოდ ორ მნიშვნელოვან ამოცანას წყვეტს: პირველი – მოსკოვის ყურადღება უკრაინისაგან ნაწილობრივ საქართველოზე გადააქვს (სხვათა შორის, სწორედ ეს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა თბილისში ვიზიტის დროს 2014 წლის სექტემბერში) და მეორე – საჭირო მომენტში ამით შესაძლოა ძირი გამოეთხაროს რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ფორმატს.

2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლი ეუთომ იკისრა, მაგრამ ჟენევის მოლაპარაკებაბები 2010 წლის ივნისში უშედეგოდ დასრულდა, რადგან ერთი მხრივ, საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ვერ გაფორმდა შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სიტუაცია სეიცვალა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია მოვიდა. სწორედ იმ დროიდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულლირების მიზნით მოქმედება დაიწყო „პრაღის ფორმატმა“ (ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრების სახით).

მართალია, მოლაპარაკების დღის წესრიგი თითქოსდა შეზღუდული იყო, რადგან მხარეები 2014 წლის ოქტომბრამდე აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხებს არ ეხებოდნენ: თბილისი და მოსკოვი ერთმანეთთან დაახლოების სხვა წერტილებს ეძებდნენ. მიუხედავად ამისა, „პრაღის ფორმატს“ თბილისი მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა: საქართველს იმედი ჰქონდა რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს აღადგენდა და მიაღწევდა იმას, რომ მოსკოვი ნეიტრალური იქნებოდა ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებისადმი. რაც შეეხება რუსეთის მიზნებს, მოსკოვს სურდა თავიდან აეცილებინა ნატოს ინფრასტრუქტურის რეალური განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ საქართველო დე-ფაქტოდ ნეიტრალური ქვეყანა ყოფილიყო.

სიტუაცია მკვეთრად სეიცვალა 2014 წლის ნოემბრიდან, როცა რუსეთმა ხელი მოაწერა სამოკავშირეო შეთანხმებებს ჯერ აფხაზეთთან, სემდეგ კი სამხრეთ ოსეთთან. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ქართულ პოლიტიკურ ელიტაში განხეთქილება მოხდა კრემლთან დიალოგის გაგრძელების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. იენს სტოლტენბერგის ვიზიტის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ნატოს ყოფნის გაძლიერების გულისთვის ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას შეუძლია რუსეთთან დიალოგის შემცირებაზე წავიდეს.

ამრიგად, იქმნება იმის საჭიროება, რომ გადაისინჯოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის ქართული მიმართულება, რომელიც 2012 წლის შემოდგომაზე იქნა შემუშავებული. თეორიულად შესაძლებელია სამი ვარიანტი:

პირველი – მექანიკურად გაგრძელდეს „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“, რაც საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან დიალოგი შეინარჩუნოს და ნაწილობრივ მაინც ჩაახშოს ფსიქოლოგიური ეფექტი ამ ქვეყანაში ნატოს ყოფნის გაძლიერების გამო, მაგრამ აშკარაა, მოლაპარაკების ფორმატის უბრალო გაგრძელებით ვერ გადაიჭრება მთავარი პრობლემა – თავიდან იქნეს აცილებული ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის მსხვილი ობიექტების განლაგება საქართველოში.

მეორე – თბილისთან დიალოგის შეჩერება. ამჟამად ასეთი ნეგატიური სცენარის ალბათობა მცირეა, მაგრამ ამის იგნორირება მაინც არ შეიძლება. ამ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ფაქტიურად აღიაროს საქართველოს გადაქცევა რუსეთისადმი მტრულად განწყობილ ქვეყნად.

მესამე – „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ გაფართოება ახალი მომლაპარაკებელი მექანიზმით. ამჟამად მიმდინარეობს რუსეთ-ნატოს თანამშრომლობის ფუნდამენტური აქტის ფაქტიური რღვევა და, შესაბამისად, 2017 წლისათვის, ალბათ, დღის წესრიგში დადგება მისი შეცვლა ევროპული უსაფრთხოების რაიმე ახალი დოკუმენტით.  რუსეთ-ნატოს მოლაპარაკების პროცესში თეორიულად საქართველოს საკითხის ჩართვაცაა შესაძლებელი. ასეთი ვარიანტი ფსიქოლოგიურად უფრო ადვილად აღსაქმელი იქნება ქართული საზოგადოებისათვის [პროდასავლურად განწყობილი ნაწილისათვის], ვიდრე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკება.

როგორც არ უნდა იყოს, რუსეთმა ორ საკითხს უნდა მიაქციოს ყურადღება: რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საქართველოს ნეიტრალური სტატუსი და არის თუ არა საჭირო დათმობაზე წავიდეს მოსკოვი მისი [ნეიტრალიტეტის] შენარჩუნებისათვის. ამ პრობლემაზე დისკუსიები ძალიან მცირეა. არადა, ნატოს გენმდივნის ვიზიტმა გვაჩვენა, რომ დროის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 3 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/139521

რატომ დახურეს საქართველოში პოპულარული ტელეშოუ

სტატიაში გაანალიზებულია ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული მოვლენები: რატომ დაიხურა თოქ-შოუები და საერთოდ, რა იმალება ამ აჟიოტაჟის უკან (ავტორი – გიორგი კალატოზიშვილი).

„იმედის“ მფლობელების გადაწყვეტილება ინგა გრიგოლის თოქ-შოუების დახურვის თაობაზე ერთი შეხედვით მართლაც უცნაურია. შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს ამ ჟურნალისტის აგრესიული სტილი, მაგრამ ფაქტია, რომ მისი თოქ-შოუები პოპულარობით სარგებლობს მაყურებელთა შორის. „რეაქციას“ მუდმივად უყურებდნენ ისინიც, რომლებიც შემდეგ აღშფოთებას გამოხატავდნენ გადაცემის „აგრესიულობისა და სიძულვილის“ გამო და ისინიც, ვინც უკმაყოფილო იყო იმით, რომ წამყვანი ერთდროულად სტუდიაში იწვევდა ერთმანეთთან ფანატიკურად დაპირისპირებულ ადამიანებს და ამით პოლიტიკურ თოქ-შოუს ბრძოლის არენად გადააქცევდა ხოლმე, ტელემაყურებელთა გარკვეული კატეგორიის საამებლად. თანაც ეს კატეგორია, როგორც აღმოჩნდა, ქართულ საზოგადოებაში უმრავლესობას წარმოადგენს. სხვაგვარად ძალიან ძნელია ახსნა ის, თუ რატომ უყურებენ „რექაციას“. თუმცა სოციოფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივი და ერთმნიშვნელოვანი არ არის: დისკუსიას, რომლებიც შემდეგ ჩხუბში და დედის გინებაში გადაიზრდება ხოლმე, არაფერი აქვს საერთო ნორმალურ პოლიტიკურ პოლემიკასთან პრობლემატურ თემებზე. ტელემაყურებელი „რეაქციას“ იმიტომ კი არ უყურებს, რომ მხარეთა პოზიციაში გაერკვეს, არამედ უფრო იმიტომ, რომ საემოციო ადრენალინი მიიღოს.

აბა, რა – ინგა გრიგოლიას რომ თავისი პროგრამა აკადემიური სტილით წაეყვანა, მაშინ „რეაქცია“ პოპულარული აღარ იქნებოდა, ის მხოლოდ მაყურებელთა ვიწრო წრისათვის იქნებოდა საინტერესო – მათთვის, ვინც რეალურადაა დაინტერესებული პოლიტიკით. ეს ნიშნავს, რომ გადაცემის რეიტინგი ბევრად ნაკლები იქნებოდა და, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლებიც მოიკლებდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაყურებლებში სატელევიზიო ორთაბრძოლების დროს გამომუშავებული ადრენალინი ნარკოტიკად გადაიქცევა ხოლმე, რომელიც ადამიანს ხელს უშლის დანახულის ნორმალურ გააზრებაში და დაფიქრებაში. საერთოდ, ეს არამხოლოდ „იმედის“, არამედ ყველა ტელევიზიის უბედურებაა. ამ პრობლემის მოგვარება  მთელ მსოფლიოში სურთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით რეცეპტი არავის შეუმუშავებია.

გარდა ამისა, „რეაქციას“ სხვა ასპექტიც აქვს: მაინც რატომ გადაწყვიტეს ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა იმ პროგრამის დახურვა, რომელსაც დიდი სარეკლამო შემოსავალი მოჰქონდა ტელევიზიისათვის? როგორც ჩანს, არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქართველი მაყურებლის გემოვნება შეცვლილიყო, ანდა საზოგადოებაში აგრესია ჩამცხრალიყო.

მომხდარი ფაქტის მიზეზი რომ გავიგოთ, უპრიანია გავიხსენოთ, თუ როგორ ვიტარდებოდა სიტუაცია „იმედის“ ირგვლივ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს: ტელევიზიის დარბევა და ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, ბადრი პატარკაციშვილის ემიგრაცია ლონდონში, მისი სიკვდილი, შემდეგ „იმედის“ კონფისკაცია… და ბოლოს 2012 წლის არჩევნები, ხელისუფლების სეცვლა და „იმედის“ დაბრუნება კანონიერი მფლობელებისათვის. ყურადღება მივაქციოთ: მათ მემკვიდრეობაში მიიღეს არამარტო „იმედი“, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილიც, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად, ტელეკომპანიის მფლობელებისათვის დღეს მომგებიანი ნამდვილად არ არის ამჯამინდელი ხელისუფლების დესტაბილიზება, რადგან „ქართული ოცნების“ ალტერნატივა მხოლოდ ის პარტიაა, რომელსაც უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი ხელმძღვანელობს და რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს არ მალავს. ინგა გრიგოლიას „რეაქცია“, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა და მის დისკრედიტირებას ეწეოდა, ობიექტურად სწორედ ამ პარტიისათვის იყო მომგებიანი.

ასე რომ, გადაცემის დასახურად „ზემოდან“ არანაირი სატელეფონო ზარის დარეკვა და მაღალ კაბინეტებში მიღებული გადაწყვეტილება საჭირო არ იყო: მფლობელებმა, უბრალოდ, საკუთარი თავი და მრავალმილიონიანი ბიზნესი დაიცვეს.

Comments are closed