«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია), 03 სექტემბერი, 2016 წელი
ფეხბურთი: საქართველოს, ავსტრიის მეტოქეს, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება სურს
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩარჩოებში საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ნაკრების შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით (თბილისის „დინამოს“ სტადიონზე, 5 სექტემბერს), ავსტრიის გაზეთმა „ტიროლერ ცაიტუნგ“-მა სტატია გამოაქვეყნა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველო ისევე როგორც უკრაინა, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაა, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს. ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ სწრაფვამ ქვეყანა რვა წლის წინათ რუსეთთან ომამდეც კი მიიყვანა. სამხრეთ კავკასიაში საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს – მის ტერიტორიაზე გადის სატრანზიტო მილსადენები, რომელთა მეშვეობით ევროპა, რუსეთის გვერდაქცევით, კასპიისა და [და ცენტრალური აზიის] ნავთობს და გაზს ღებულობს.
ისევე როგორც დღეს, მოსკოვის მხარდაჭერით, უკრაინისაგან დონბასია ჩამოშორებული, საქართველოსაც ასევე ჩამოშორდა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი, რუსეთის პოლიტიკის წყალობით, ჯერ კიდევ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, სისხლისმღვრელი კონფლიქტების შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობები ჰქონდა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დაჩქარება გადაწყვიტა და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის გაერთიანებას შეეცადა. 2008 წლის აგვისტოში სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ხუთდღიან ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ომის შედეგად საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. რუსეთმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედრო ბაზები განალაგა. ამრიგად, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილს ვერ აკონტროლებს.
ოთხი წლის წინათ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მთავრობა დაემხო, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ გახდა. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ პროდასავლური (ანუ ევროატლანტიკური) კურსის გატარება გააგრძელა: 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. იმავდროულად თბილისი შეეცადა მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც. სტაბილურად პროდასავლურ საქართველოში, თბილისში ავსტრიამ თავისი საელჩო მხოლოდ გასული წლის აგვისტოში გახსნა (ვენა სიტუაციას დიდხანს აკვირდებოდა). რვა ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის პოლიტიკური შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია.
საქართველოს ფართობი (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ჩაუთვლელად) ისეთივეა როგორიც ავსტრიისა (შტირიისა და კარინთიის გარეშე). ქვეყნის 3,7 მილიონიანი მოსახლეობის 85% საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს მიეკუთვნება.
საზღვარგარეთ საქართველო ცნობილია უპირატესად ისეთი პროდუქციის ექსპორტით, როგორიცაა მინერალური წყალი და ღვინო (ძირითადად კახური წესით დამზადებულისა). ქართული ეროვნული სამზარეულოს მშვენებაა ხინკალი და ხაჭაპური.
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველი, ცხადია, საბჭოთა დიქტატორი („სისხლიანი“) იოსებ სტალინი გახლავთ (1875-1953 წ.წ.). ასევე ცნობილია შოთა რუსთაველი, მე-12 საუკუნის ქართული ეპოსის „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი და მხატვარი ნიკო ფიროსმანი, პრიმიტივიზმის დიდოსტატი, რომელიც 1918 წელს შიმშილით და უპატრონოდ გარდაიცვალა… დიდება და აღიარება მას წილად ხვდა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.
ავსტრიასა და საქართველოს კიდევ ერთი ადამიანის სახელი აკავშირებს: ბერტა ფონ ზუტნერი, ნობელის პრემიის 1905 წლის ლაურეატი, საქართველოში ათი წელი ცხოვრობდა, როცა ეს ქვეყანა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ბერტა ბარონ ფონ ზუტნერთან მუშაობდა და მისი ვაჟი არტური შეუყვარდა (რომელიც ბერტაზე შვიდი წლით უმცროსი იყო). რადგანაც მათი მშობლები შეუღლების წინააღმდეგნი იყვნენ, მათ ჩუმად იქორწინეს და კავკასიას მიაშურეს. ზუგდიდსა და თბილისში ცხოვრების დროს ცოლ-ქმარი ძალიან რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდნენ. გარდა ამისა, ორივემ მწერლობა დაიწყო. მოგვიანებით, მშობლების ნებართვის მიღების შემდეგ, ისინი ავსტრიაში დაბრუნდნენ. თბილისში, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უნდა ჩატარდეს, დღესაც არსებობს სახლი, მემორიალური დაფით და შესაბამისი წარწერით ზუტნერების შესახებ.
საქართველოს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლის იმედი არ აქვს. რიოს ოლიმპიურმა თამაშებმა აჩვენა, რომ ქართული სპორტის ძლიერი მხარეები სულ სხვა სახეობებშია: ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი მედალი მოიპოვეს (მათ შორის, ორი ოქრო) მძიმე ათლეტიკასა და ჭიდაობაში.
ამასთან, იმ დროს, როცა საქართველო უეფას წევრია, მისი ტერიტორიის სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში, ე.წ. „დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის“ („კონიფას“) ეგიდით იმ ქვეყნების გუნდების „მსოფლიო ჩემპიონატი“ ჩატარდა, რომლებიც ოფიციალურად აღიარებულნი არ არიან, მათ შორის ჩრდილოეთ კვიპროსიდან, კვებეკიდან, ლომბარდიიდან.