«Foreign Policy» (აშშ): საქართველო – ცვლილებებით და იმედგაცრუებით დაღლილი კიდევ ერთი ქვეყანა
«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სოციოლოგია // საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ ვექტორს მხოლოდ ოდნავ თუ შეცვლის
«КП в Украине» (უკრაინა): ნახვამდის, მიშა? // რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება?
«The New York Times» (აშშ): მართლმადიდებელი საქართველო პაპ ფრანცისკესათვის „ქვიანი ადგილი“ აღმოჩნდა
«Deutsche Welle» (გერმანია): საქართველო – ყამირი ტურისტებისათვის: „რა კარგად მოიქცეულან ქართველები, ღმერთთან მისვლა რომ დააგვიანეს…“ // გერმანელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები: თბილისი, სტეფანწმიდა, სამების ეკლესია
———————-
«Foreign Policy» (აშშ), 02 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველო – ცვლილებებით და იმედგაცრუებით დაღლილი კიდევ ერთი ქვეყანა
ფიქრია სალიაშვილი
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
საქართველო იმედგაცრუებული საზოგადოების ჭეშმარიტ მაგალითს წარმოადგენს: ერთ დროს სწრაფი ცვლილებების იმედით მცხოვრები კავკასიური ქვეყანა – პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე იმედისმომცემი რესპუბლიკა – დღეს გამქრალ ოცნებებს სევდიანად იხსენებს. ასეთია წინაასარჩევნო „ამინდი“ 8 ოქტომბრამდე, როცა საქართველოს მოქალაქეები ახალ პარლამენტს აირჩევენ: ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, პოტენციურ ამომრჩევლთა ნახევარს ჯერ კიდევ ვერ განუსაზღვრავს, თუ რომელ კანდიდატს ან პარტიას მისცეს თავისი ხმა.
ამჟამინდელი სიტუაციის ახსნაში ბოლო თორმეტი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება, რომლის დროსაც ქვეყანამ ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური რყევა განიცადა. ორივე შემთხვევაში ამომრჩევლებს სწრაფი ცვლილებები სურდათ, მაგრამ ახალმა მთავრობებმა დანაპირები ვერ შეასრულეს. ამ მღელვარე ისტორიებით გაწამებული ქვეყანა ოპტიმისტურიდან სკეპტიციზმში, აპათიურ მდგომარეობაში გადადის, თუმცა ეს იმასაც მოწმობს, რომ ამომრჩევლები უკვე პოლიტიკურად მოწიფულები ხდებიან.
ალბათ, უნდა გავიხსენოთ, როგორი იყო საქართველო: ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსნის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პირობებში, 1990-იანი წლების ბოლოს, საქართველო კორუფციის ჭაობსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში იყო ჩაფლული. მოქალაქეს უბრალო პასპორტი რომ აეღო, ამისთვის ქრთამს იხდიდა. ქართველები ასეთ ლეგენდასაც ჰყვებიან, თუ როგორი პატივისცემით დახვდა აეროპორტში იმდროინდელი სახელმწიფო მინისტრი ელიტურ დამნაშავეს. როცა ედუარდ შევარდნაძის რეჟიმმა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, მოსახლეობაში დაგროვილმა უკმაყოფილებამ იფეთქა და ქვეყანას მასობრივი საპროტესტო აქციები მოედო, რომელთა შედეგად კორუმპირებული ხელისუფლება დაემხო. „ვარდების რევოლუციამ“ (ასე უწოდეს შემდეგ ამ მოვლენებს), დაშლის პირას მდგარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა რეალური დემოკრატიის გზაზე დააყენა.
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სახით, რეფორმების გასატარებლად მოსახლეობის მანდატი მიიღო, რომელიც 2008 წლის არჩევნებშიც დადასტურდა. „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში საქართველო და ქართული საზოგადოება მნიშვნელოვნად შეიცვალა. რეფორმები თავბრუდამხვევი ტემპებით განხორციელდა, თუმცა ზოგჯერ საეჭვო მეთოდებით. გარდაქმნები რომ სწრაფად განეხორციელებინა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვია: მაგალითად, ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მისაზიდად მთავრობამ საეჭვო სამართლებრივი მეთოდები გამოიყენა და კომპანიები ფულის დაბანდებაში აიძულა. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით და მმართველობის ავტორიტარული სტილით სამოქალაქო სექტორის ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. „ზემოდან ქვემოთ“ გატარებულმა რეფორმებმა მოსახლეობის მდგომარეობა შესამჩნევად ვერ გააუმჯობესა „ნაციონალთა“ 9-წლიანმა მმართველობამ საზოგადოების მოთმინების ფიალა აავსო. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ პოლიციელთა [ციხის ზედამხედველთა] მიერ სამსახურებრივი ფუქნციების ბოროტად სარგებლობამ, რაც 2012 წლის არჩევნების წინადღეებში გახდა ცნობილი.
მთლიანობაში „ვარდების რევოლუციის“ იდეები ვერ გამართლდა, მოსახლეობამ თავისი წყენა ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართა, დაიწყო ინტენსიური პოლიტიკური პოლარიზება. საბოლოო ჯამში, ელექტორატის უკმაყოფილებამ მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას – „ერთიან ნნაციონალურ მოძრაობას“ დამარცხება მოუტანა: გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელშიც საკმაოდ ჭრელი პოლტიკური ძალები იყვნენ გაერთიანებულნი. „ქართულ ოცნებას“ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში რუსეთიდან იყო დაბრუნებული.
სამწუხაროდ, ამომრჩევლის იმედები ვერც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაამართლა.
ქართველები ხედავენ, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ შეცვლილა, რეფორმა ამ სფეროში ბოლომდე ვერ განხორციელდა. სახელმწიფო დაწესებულებები პოლიტიზირებული ხდება, ცხოვრების დონე ეცემა. საგარეოპოლიტიკურ ფრონტზე რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა კი აღდგა, მაგრამ, სამაგიეროდ, ინტენსიურად დაიწყო ე.წ. „მცოცავი ანექსია“ და სეპარატისტული რეგიოენბის – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირება რუსეთთან.
არსებითად, ორივე არჩევნებში ქართველები მოტივირებულნი იყვნენ და იმედი ჰქონდათ, რომ სიტუაცია სიკეთისაკენ შეიცველობა: 2004 წელს მათ სწრაფი შედეგები სურდათ დემოკრატიის სფეროში, 2012 წელს კი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისგან „ოქროს წვიმას“ და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ელოდნენ (თუმცა კოალიციის პროგრამაში მსგავსი რამ არ ყოფილა).
როგორც ჩანს, მოლოდინის ციკლი უკვე ამოწურულ-დასრულებულია. მნიშვნელოვნად იკლო იმ ქართველების რაოდენობამ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის (2012 წელს ასე 60%-ს მიაჩნდა, ახლა კი 25%-ია). მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო ან არასწორი გზით მიდის, ან საერთოდ არაფერი შეცვლილა.
და მაინც, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი სიტუაცია დემოკრატიის მანიშნებელია. იმედგაცრუება გარკვეულწილად ელექტორატის სიმწიფის, მისი გამოცდილების მაჩვენებელიცაა. თბილისიდან იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთმა ექს-თანამშრომელმა მომწერა, რომ „წინასაარჩევნო სიტუაცია სავსებით ნორმალური და მშვიდიაო“. მისი თქმით, მეტ-ნაკლებად კონფლიქტების გარეშე მიმდინარე კამპანია სამოქალაქო დისკურსისაკენ გადადგმული დადებითი ნაბიჯია.
2004 და 2012 წლების არჩევნებმა აჩვენა, თუ როგორი ნაპრალია გაჩენილი პოპულიზმსა და სინამდვილის რეალურად აღქმას შორის. ეს ის არ იყო, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს. ბევრი ქართველი ჯერ კიდევ საბჭოთა აზროვნებით ცხოვრობს, მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობა ვალდებულია ყველაზე იზრუნოს. ასეთმა აზრმა ისინი იმ რწმენამდე მიიყვანა, რომ მათ „ქართული ოცნება“ თითქოსდა ბანკებიდან გამოტანილ კრედიტს გადაუხდიდა ან ახალი კრედიტი ნულოვანი პროცენტით იქნებოდა გაცემული.
ოცნებების გაქრობის შემდეგ ქართველები, ალბათ, უკვე ბევრ რამეს მიხვდნენ , ბევრი რამ ისწავლეს და „ციდან მიწაზე დაეშვნენ“. ამასთან, როგორც თბილისელი ყოფილი ჩინოვნიკი მწერს, ეს სიწყნარე ღრმა სოციალურ აპათიასაც ნიშნავს. არის იმის საფრთხე, რომ რეფორმების ტემპი დამუხრუჭდება და საზოგადოების ზეწოლა ხელისუფლებაზე შესუსტდება.
ქართულმა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა კარგად იციან მოსახლეობის უკმაყოფილო განწყობა და ამიტომაც წინასაარჩევნო პოპულიზმს – სწრაფი აყვავების დაპირებებს მოუკლეს. ამის ნაცვლად პროგრამებში ლაპარაკია უფრო პრაქტიკულ მომენტებზე, მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სიღარიბის დონის შემცირებაზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ ლოზუნგებს ამომრჩეველში მაინცდამაინც დადებითი რეზონანსი არ აქვთ.
მოკლედ, ამჟამინდელ არჩევნებზე ქართველი ამომრჩეველი იმედგაცრუებული, მაგრამ იმავდროულად გამოწრთობილიც მიდის. პერსპექტივა ისეთია, რომ ქვეყანა პოლიტიკის ინდივიდუალური მართვიდან უფრო სტაბილურ დემოკრატიაზე გადადის.
«Независимая газета» (რუსეთი), 03 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.ng.ru/courier/2016-10-03/11_gruzia.html
საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სოციოლოგია
საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ ვექტორს მხოლოდ ოდნავ თუ შეცვლის
„იმ ხმების მნიშვნელოვან რაოდენობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის არჩევნებში მიიღო, მაგრამ 2016 წლის არჩევნებში ვეღარ მიიღებს, გადანაწილდება სამ სუბიექტზე – „პატრიოტთა ალიანსზე“, „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ და „ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიან საქართველოზე“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ალექსანდრე რუსეცკი, კავკასიის უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ შინაარსს:
„მმართველი „ქართული ოცნება“ ბოლო ორი წლის განმავლობაში მტკიცედ დაადგა ნატოსთან ინტეგრირების კურსს. ამაში მას რუსეთი „დაეხმარა“. დახმარება გამოხატულია რუსეთის მიერ გატარებულ პოლიტიკაში სეცესიონისტების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ სოხუმელი და ცხინვალელი ლობისტები, თბილისელებთან შედარებით, რუსეთთან მიმართებით უფრო კარგად და შედეგიანად მოქმედებენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველო-რუსეთის ნორმალური ურთიერთობის რეანიმაცია დამუხრუჭებულიყო. ამის ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელსაც ცხინვალი და მოსკოვი სახელმწიფო საზღვრად თვლიან და რომელიც მუდმივად საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მოიწევს, შესაბამისად, ადგილობრივ გლეხებს მიწების, ბაღ-ბოსტნების, სასმელი წყლისა და ტყეების გარეშე ტოვებს. ეს უკანასკნელი ძალიან გამაღიზიანებლად მოქმედებს ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება.
იბადება კითხვა – რისთვის ჭირდება ეს მოსკოვს? და თუ ჭირდება, კონკრეტულად ვის? ეს ყველაფერი ცენტრის პოლიტიკაა თუ მათი, ვისაც მოცემულ ზონაში აქვთ ინტერესები? არაა გამორიცხული, რომ ეს ადგილობრივი მნიშვნელობის კორუფციული გარიგებებია, რომლებშიც ზოგიერთი აქტიური მომლაპარაკებელი მონაწილეობს.
ყურადღება მივაქციოთ: როგორც კი მავთულხლართებიანი ზოლის გადაადგილება ხდება, იმავწუთს „ერთიანი ნაცმოძრაობა“ აქტიურდება. ანუ ე.წ. საზღვრის გადმოწევა ხელს უწყობს „ნაციონალების“ აქტიურობის შენარჩუნებას. ექსპერტების აზრით, „ნაციონალების“ აქტიურობა ხშირად საეჭვოდ გადაჭარბებულია – სახეზეა „მოღუნული ნალის“ ეფექტი, რომლის უკიდურესი წერტილები ერთმანეთთან უფრო ახლოა, ვიდრე დანარჩენებთან. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ რადიკალი მედასავლეთეების („მიშისტების“), ცხინვალელი-სოხუმელი სეცესიონისტებისა და რუსი „ქორების“ მოქმედება ერთმანეთს ეთანხმება და ავსებს. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმისკენაც კი იხრება, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია განსაზღვრული მოსკოველი ჯგუფების დავალებებს ასრულებს. ამას ადასტურებს ამერიკელი დიპლომატის დენიელ ფრიდის განცხადებაც, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში ვაშინგტონის გართხილებებს ყურადღებას არ აქცევდა და თვითნებურად მოქმედებდაო. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკა ფაქტიურად იმ ძალებს ასუსტებს საქართველოში, რომლებსაც კვლავ სჯერათ, რომ მოსკოვი თბილისის მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლის, დაუბრუნებს ტერიტორიებს და ეკონომიკურ აღორძინებაში დაეხმარება. არადა, კრემლის პოლიტიკა დღეს უპირველეს ყოვლისა მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ არის მიმართული. ამრიგად, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკის წყაროები არამარტო ვაშინგტონსა და ბრიუსელში, არამედ მოსკოვსიც უნდა ვეძებოთ.
ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის უბლოკო სტატუსის იდეა წამოაყენა, ყველაზე პრორუსულ პარტიადაა შერაცხული. ამ პარტიას პარლამენტში შესვლის შანსი აქვს და შესაბამისად, ნინო ბურჯანაძის მიერ გაცხადებული იდეა უბლოკო სტატუსზე, ნეიტრალიტეტსა თუ მიუმხრობლობაზე, მისი ოპონენტებისათვის, ბუნებრივია, მიუღებელი ხდება. კაცმა რომ თქვას, თვითონ უბლოკო სტატუსის იდეასაც აქვს თავისი ნაკლი, ის „ნედლია“ და არ შეიძლება კითხვა არ გააჩინოს: რატომ უნდა შეიზღუდოს ქვეყანამ საკუთარი თავი ოპერატიული, ტაქტიკური თუ სტრატეგიული პარტნიორების არჩევის დროს?
თბილისს უბლოკო სტატუსი კი არ ჭირდება, არამედ სტრატეგიული ხელშეკრულება რუსეტსა და ნატოს შორის საქართველოს შესახებ. საქართველო „განხეთქილების ვაშლიდან“ რუსეთ-ნატოს თანამშრომლობის ეფექტურ მაგალითად უნდა იქცეს. ეს ჭირდება საქართველოს, ჭირდება ნატოს და ჭირდება რუსეთსაც – თუნდაც იმ მიზნით, რომ გლობალური კონფრონტაცია შესუსტდეს. ეს არის გზა უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნისაკენ. ეს ამოცანა გადაუჭრელი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, არცერთი პოლიტიკური ძალა ამ საკითხს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყურადღებას არ აქცევს და, ალბათ, უახლოეს პერსპექტივაში დღის წესრიგში არ დასმული არ იქნება. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ ჩანან ისეთი ძალები, რომლებიც ამგვარ კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებდნენ – მათ ამისათვის არ ჰყოფნით ინტელექტულაური რესურსი, ეშინიათ ინოვაციებისა და, შესაბამისად, სახეზეა დესტრუქციული კონსერვატიზმი და კონფორმიზმი.
ლეგალური პარტიების პოლიტიკური სპექტრი უმეტესად პროდასავლურ პოზიციებს დეკლარირებს, მაგრამ არ არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც პროჩრდილოურ, პრომოსკოვურ კურსს ღიად აფიქსირებენ. რვა ოქტომბრის არჩევნებზე [პროჩრდილოური] ელექტორატი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსით“ უნდა დაკმაყოფილდეს, რომელიც, მართალია, ანტიდასავლურ ფლანგზეა, მაგრამ არა პრორუსულზე. ალბად, „პატრიოტები“ საკმარისი რაოდენობის ხმებს მოაგროვებენ და პარლამენტში შევლენ, ანუ საკანონმდებლო ორგანოში ანტიდასავლური უმცირესობა დაფიქსირდება, რომელიც პოლიტიკურ ატმოსფეროზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.
საინტერესოა „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორებული თამაზ მეჭიაურის ჯგუფის ბედი:, რომელიც აქტიურად გამოდის ევროკავშირთან თანამშრომლობისათვის, მაგრამ მისთვის ნატო მიუღებელია. ამ ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება და პარლამენტში საეჭვოა, რომ მოხვდეს. ამასთან, მეჭიაურის ჯგუფის მიერ მიღებული ხმები საქმეს გაუფუჭებს „პატრიოტთა ალიანსს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას. დანარჩენი ხმები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს, პროდასავლურ პარტიებსა და „ნაციონელებს“ შორის გადანაწილდება.
შეურიგდება თუ არა „ერთიანი ნაცმოძრაობა“ იმას, რომ ისინი ოპოზიციური მანდატების დიდ ნაწილს ვერ დაეუფლებიან? როგორც მათი წინასაარჩევნო განცხადებებიდან ჩანს, ისინი ძალიან დიდ აგრესიას ამჟღავნებენ. „ნაციონალების“ პრონატოურ ნაწილს მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყნის ამჟამინდელი საგარეოპოლიტიკური კურსი შენარჩუნდება, მაგრამ მეორე ნაწილს სულ სხვა მოტივაცია აქვთ – რევანშიზმი. „ნაციონალების“ რევანშისტული ნაწილი მზადაა მასშტაბური აქციებისთვის დაკარგული ხელისუფლების დასაბრუნებლად. მართალია, სანდრა რულოვსის განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროვოკაციული ხასიათისაა, თუმცა იმით, რომ სპეცსამსახურებმა არაპროპორციულად აქტიური რეაგირება მოახდინეს რულოვსის გამონათქვამებზე, ამით სტაბილურობას დამატებითი საფრთხე შეუქმნეს.
„ნაციონალების“ აგრესიული ფრთა ინციდენტების სტიმულირებას გააგრძელებს და არაა გამორიცხული, რომ მოქალაქეტა სისხლიანი შეტაკებებიც მოაწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ისინი საკუთარ მიზნებს არ მალავენ და, როგორც ჩანს, ინფორმაციას განგებ ასაჯაროებენ, რათა ქართული სპეცსამსახურები „ანკესზე წამოაგონ“ და შეცდომები დააშვებინონ, რაც ქართულ საზოგადოებას შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს (მაგალიტად, ზუგდიდში ამას წინათ მომხდარი ინციდენტი). რაც უფრო მეტი იქნება ამგვარი პროვოკაციები, „ქართული ოცნება“ მით უფრო მეტ ხმებს დაკარგავს, ხოლო „ნაციონალებს“ მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ წარმატებისათვის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე საუბარი სრულიად ნათელი გეგმის ნაწილია“, – წერს ავტორი.
«КП в Украине» (უკრაინა), 03 ოქტომბერი, 2016 წელი
http://kp.ua/politics/552852-kak-v-hruzyy-hotoviatsia-k-vozvraschenyui-saakashvyly
http://kp.ua/politics/552886-chto-dumauit-odessyty-ob-otezde-hubernatora
ნახვამდის, მიშა?
რატომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება?
სტატიაში გადმოცემულია უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში დაბრუნების შესახებ, რომელიც მან ნიუ-იორკში ყოფნისას გააკეთა: „მე განზრახული მაქვს საქართველოში დავბრუნდე და არჩევნების შედეგები დავიცვა. ბიძინა ივანიშვილი იმიტომ ყვირის – თუ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა, დავიჭერთ, მისსთვის ცალკე კამერა მაქვს გამზადებულიო, რომ ჩემი პანიკურად ეშინია“, – თქვა ექს-პრეზიდენტმა და დაამატა, რომ იგი საქართველოში უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსს ხატია დეკანოიძესაც წაიყვანს და მას შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნავს (ავტორი – ელენა გალაჯი).
მასალაში მოცემულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: „გაბედოს ერთი მოსვლა… როგორც კი მოვა, იმწუთში დავიჭერთ!“.
პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ კი საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველ სამართალდამცველებს მიხეილ სააკაშვილის დაჭერაში დაეხმარება: „მე მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს: შენ გამბედაობა არ გეყოფა საქართველოში ჩამოსვლაზე და თუ მაინც გაბედავ, 26 მაისი აქციის მონაწილეები დაგხვდებიან, დაგიჭერენ და იქ გაგისტუმრებენ, სადაც შენი ადგილია – საპყრობილეში“.
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ-ერთი საქმე სულ ახლახან აღიძრა, როცა ექს-პრეზიდენტისა და მის თბილისელ ამფსონებს შორის გამართული სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, რომლის ტანახმად, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ქვეყანაში არჩევნების შემდგომ რევოლუციის მოხდენაზე ესაუბრება.
„მიხეილ სააკაშვილისათვის ზალიან მნიშვნელოვანია, რომ მისმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვოს. საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ დღეს საქართველოში მთავრობას პრეზიდენტი კი არა, პარლამენტი აყალიბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „ნაციონალები“ გაიმარჯვებენ, ისინი შექმნიან ახალ მთავრობას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სავარძელს უმიზნებს. ამიტომაც აცხადებს იგი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ხატია დეკანოიძეს დავნიშნავო“, – განუმარტა გაზეთის კორესპონდენტს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა თანამოზრემ, – „ამ ფონზე ის ინფორმაცია, რომ ამას წინათ მიხეილ სააკაშვილმა და ხატია დეკანოიძემ განცხადებები დაწერეს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, მაგრამ თარიღი არ მიუწერესო, როგორც ჩანს, სინამდვილეს შეესაბამება. ისინი უკვე სტარტზე არიან“.
რას ფიქრობენ ოდესელები მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წავლაზე საქართველოში?
ტაქსისტი ალექსანდრე ამ კითხვაზე მხრებს იჩეჩავს და ამბობს: „რაში გამოგვადგა მიხეილ სააკაშვილი? მე პირადად არაფერში. ცხოვრება უარესდება, ფასები მატულობს… თუ ამბობს, წავალო, წავიდეს. მისი წასვლით არ დამთბება და არც შემცივა“.
ასეთი განწყობა ბევრ ოდესელს აქვს: ისინი ხომ თავის დროზე გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისაგან სასწაულის მოხდენას ელოდნენ: ეკონომიკურ კეთილდღეობას ერთ ცალკე აღებულ ქალაქში, გზების მშენებლობას, კრიმინალთან ბრძოლას… მან თავისიანებიც მოიყვანა ოდესაში – მაგალითად, ოდესის პოლიციის უფროსად გიორგი ლორთქიფანიძე, კიევშიც ბევრი ჰყავს თანამოაზრეები… შესაბამისად, ბევრი წარმატებას ელოდა მიხეილ სააკაშვილისაგან…
სხვათა შორის, ოდესის ოლქის გუბერნატორი თავის ერთ-ერთ დამსახურებად ოდესა-რენის გზის მშენებლობის დაწყებას მიიჩნევს. ახლა მოქალაქეები ნერვიულობენ: რა ბედი ელოდება გზის მშენებლობას?
მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება – ოდესის საბაჟოს რეფორმა. როგორი იქნება სიტუაცია? გაგრძელდება კიევთან ბრძოლა? ან საზღვაო ვაგზლის საკითხი: სწორედ იქ განტავსდა საქონლის გაფორმების პუნქტი. დაიწყო რეკონსტრუქცია, მაგრამ საქმე ჯერ არ დასრულებულა. ახლა როგორ იქნება?
„საქმე ისე იქნება, როგორც აქამდე იყო: მოდიან, ძველს ანგრევენ, ვითომ ახალის მშენებლობას იწყებენ და შუა გზაზე მიატოვებენ… მერე ისევ ვიღაც მოვა… ძალიან მენანება საზღვაო ვაგზალი, რომელიც ტურისტებისათვის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო. კიდევ კარგი, დიუკ რიშელიეს ძეგლის სხვა ადგილზე გადატანა ვერ მოასწრეს“, – ამბობს ოდესელი სოფია, რომელიც საზღვაო ვაგზალთან ახლოს მდებარე მაღაზიაში მუშაობს.
————
ამავე საკითხს ეხება გაზეთ „კომერსანტის“ (რუსეთი) დღევანდელ, 03 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მომავალი პრეზიდენტობა სურს: მიხეილ სააკაშვილი ოდესის თბილისზე გაცვლის სამზადისშია“ (ავტორი – გიორგი დვალი). წყარო: http://www.kommersant.ru/doc/3105730.
«The New York Times» (აშშ), 02 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.nytimes.com/2016/10/02/world/europe/pope-francis-georgia.html?_r=0
მართლმადიდებელი საქართველო პაპ ფრანცისკესათვის „ქვიანი ადგილი“ აღმოჩნდა
ენდრიუ ჰიგინსი, ჯიმ იარდლი
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
რომის პაპი ფრანცისკი, რომელიც თავის საზღვარგარეთულ ტურნეებში მიჩვეულია ადამიანთა უზარმაზარ, მასობრივ შეხვედრებს, მისთვის საქართველოში ორდღიანი ვიზიტი, ალბათ, სრულიად სხვაგვარია, – ამბობს დავით ისაკაძე, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ანტიპაპისტი მღვდელი.
როცა ფრანცისკი და მისი კორტეჟი თბილისის აეროპორტიდან გამოვიდა, მას გზაზე დავით ისაკაძე და საპროტესტო აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დახვდნენ, რომლებსაც ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ – „პაპი – ერეტიკოსი“, „პაპი – ანტიქრისტე“… როცა პაპმა კათოლიკური ეკლესია მოინახულა, მისი ვიზიტის მოწინააღმდეგეებმა იქაც საპროტესტო აქცია გაუმართეს. შაბათს ფრანცისკმა თბილისის სტადიონზე მესა გამართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. ეს საკმაოდ მოულოდნელი ფაქტია ისეთი ქვეყნისთვისაც კი, სადაც მცირე რაოდენობის კათოლიკე ცხოვრობს. ვატიკანს იმედი ჰქონდა, რომ მესაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ (კეთილი ნების ჟესტით), მაგრამ მათგან სტადიონზე არავინ მისულა. მართლმადიდებლებმა ეს დოქტრინალური განსხვავებით ახსნეს.
საქართველოში, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში ვიზიტის დროს რომის პაპი რთული გეოპოლიტიკური და რელიგიური სიტუაციის მოწმე გახდა. ეს კავკასიური პოსტსაბჭოთა სახელმწიფო დღეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ოდესღაც ვატიკანისადმი მტრულად იყო განწყობილი, აჟამად ქართველების ეროვნული იდენტურობის დამცველის როლში გამოდის და მას პატივისცემით ეკიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კონსერვატორი რელიგიის მსახური მოსკოვისაკენ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაკენ იყურება და მის მოკავშირეებად გამოდიან დასავლურ ფასეულობებთან ბრძოლაში.
ოფიციალურ დონეზე პაპი ფრანცისკი თბილად მიიღეს, განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის მიერ, რომელიც იმედოვნებს, რომ პაპის ვიზიტი კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს, რომ ქვეყნის ერთი მეხუთედი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მოსკოვისაგან ფინასდება 2008 წლის ომის შედეგად. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ილია მეორე, მიუხედავად ავადმყოფობისა, მიესალმა ფრანცისკეს და მას „ჩემი ძვირფასი ძმა“ უწოდა. ილია მეორემ იმავდროულად აღნიშნა, რომ იგი გმობს იმ მღვდლების მოქმედებას, რომლებიც რომის პაპს აკრიტიკებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი ინტერვიუში განაცხადა, რომ რომის პაპი ვიზიტი საქართველოსთვის ზალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა – „საქართველო ევროპასა და საერთოდ, დასავლეთს კიდევ უფრო დაუახლოვდა“. მისი თქმით, ვერ ხედავს იმ მიზეზებს, რომელტა გამოც ვინმე ნაწყენი არის პაპის ვიზიტით: „ჩვენ სტუმართმოყვარენი უნდა ვიყოთ. მე ვიზიტის გამო წყენის მიზეზს ვერ ვხედავ… ევროპა ჩვენი სახლია ისტორიულად და კულტურულადაც“.
ზოგიერთი კრიტიკულად განწყობილი კონსერვატორის განცხადების საპასუხოდ („დასავლეთთან ინტეგრაციის გამო საქართველო იძულებული იქნება აღიაროს ერთსქესიანთა ქორწინებებიო“), გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ წინადადება შეიტანა კონსტიტუცია შეცვლილიყო (ტრადიციული ოჯახის დაკანონების მიზნით), თუმცა ინიციატივა უარყოფილი იქნა. პრემიერ-მინისტრმა ეს პოლიტიკურ და მარკეტინგულ პრობლემად მიიჩნია და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.
ფრანცისკემ კარგად იცოდა, რომ საქართველოში ვიზიტი შეიძლება რთული ყოფილიყო. ალბათ, გაიხსენებდა იოანე პავლე მეორის ვიზიტსაც საქართველოში 1999 წელს, როცა მას საკმაოდ ცივი მიღება მოუწყეს. მაგრამ ამჯერად ფრანცისკე თბილისში უფრო ფართო მიზნებით ჩავიდა – მას სურს, რომ შერიგებისა და მშვიდობის იდეები მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორისაც გაავრცელოს არამარტო საქართველოში, არამედ სირიასა და ერაყში, აზერბაიჯანში, სადაც მუსულმანები ცხოვრობენ.
საქართველოს მთავრობას სურს, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. ახალგაზრდა თაობა უკვე საკმაოდ ევროპიზირებულია და არ სურთ რუსეთის ორბიტაში ჩათრევა. თბილისიდან 40 კილომეტრში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რუსული ტანკები დგანან. გარდა ამისა, სეპარატისტული რეგიონებიდან საქართველოს 250 ათასამდე ლტოლვილი და დევნილი ჰყავს.
[პაპ ფრანცისკეს განცხადებები საკმაოდ შენიღბულ-შერბილებული იყო]. მან, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერის მიზნით, აღნიშნა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოსო, თუმცა კონკრეტულად რუსეთის ოკუპაციის ფაქტი არ უხსენებია. პაპმა ისიც თქვა, რომ ლტოლვილების უფლება მშობლიურ კერაზე დაბრუნების საკითხში უზრუნველყოფილი უნდა იყოსო. ფრანცისკე ფრთხილად არჩევდა სიტყვებს და ცდილობდა არ წარმოეთქვა ტერმინი „ოკუპაცია“ და რუსეთისათვის „აგრესორი“ არ ეწოდებინა.
საქართველოში ერთ კვირაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. არიან პარტიები, რომლებიც გაურკვეველი წყაროებით ფინანსდებიან და რუსეთისაკენ ისწრაფვიან. მათ მოსკოვთან ინტეგრაცია სურთ და აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ქართულ ტრადიციული ცხოვრების წესს, მორალს და ზნეობას საფრთხეს უმზადებენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვისაგან დამოუკიდებელია და ქვეყნის მოსახლეობაში უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ქართველები მართლმადიდებლობაში საკუთარ იდენტურობას ხედავენ. ქართველ და რუს მართლმადიდებლებს ჰომოსექსუალიზმი სძულთ და დასავლეთს ცოდვების წყაროდ მიიჩნევენ. ერთ-ერთმა ქართველმა სასულიერო მსახურმა კი რუსული ტანკები, რომლებიც საქართველოში 2008 წელს შეიჭრნენ, „უფლის ნებად“ შეაფასა, რომლის შედეგად საქართველოს დასავლური ინტეგრაცია დამუხრუჭდა. აქვე ვიტყვით, რომ მის განცხადებას უმრავლესობა არ იზიარებს.
მაგრამ თვით პატრიარქი ილია მეორეც კი, რომელიც თავის კოლეგებთან შედარებით უფრო პროდასავლელად ითვლება, 2013 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „ბრძენი ლიდერი“ უწოდა და რუსეთ-საქართველოს „ძმობის“ დამრღვევ 2008 წელს მომხდარ ომში მესამე მხარე დაადანაშაულა.
ქართული ეკლესიის დამოკიდებულება რუსეთისადმი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს მთავრობის პოლიტიკისაგან, რომელმაც ჩრდილოელ მეზობელთან ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა. ამაში ჩანს მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული ტენდენციაც, რომლის თანახმად, ბევრი ეკლესია დასავლეთ ემიჯნება იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათი მთავრობები დასავლეთთან ინტეგრირებას ცდილობენ. „მართლმადიდებლურ სამყაროში დაძაბულობა სრულიად რეალურად იგრძნობა, – ამბობს არისტოტელ პაპანიკოლაუსი, აშშ-ის ფორდჰემის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკში) მართლმადიდებლური კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, იმ ქვეყნებშიც კი, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, ეკლესიების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის აზრით, ანტიპაპისტები უმცირესობაში არიან და ისინი ქართული ეკლესიის ან მთავრობის პოზიციას არ ასახავენ. „საქართველოს სურს ნამდვილი ევროპული სახელმწიფო გახდეს“, – თქვა მინისტრმა.
პაპის ვიზიტამდე ილია მეორემ განაცხადა, რომ სრულიად მიუღებელია, ვინმემ ხელი შეუშალოსო პაპის ჩამოსვლას, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიაში მე-11 საუკუნეში მომხდარი განხეთქილების აღმოფხვრას, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერიგებას ცდილობს.
აშკარაა, რომ დავით ისაკაძემ და სხვა პროტესტანტებმა ილია მეორის მოწოდება არ შეისმინეს. დავით ისაკაძემ, რომელიც რვა შვილის მამაა და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერიც გახლავთ, განაცხადა, რომ მართლმადიდებლებმა კათოლიკეებისაგან თავი შორს უნდა დაიჭირონ, რადგან კათოლიციზმი ექსპანსიისაკენ მიისწრაფვისო. მისი თქმით, პაპი ფრანცისკე ძალიან რბილად ეკიდება ჰომოსექსუალიზმს და ლიბერალიზმს ამჟღავნებსო.
თუმცა, ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ შაბათს, პირველ ოქტომბერს, კათოლიკე მღვდელმსახურებთან შეხვედრისას, პაპმა გაიმეორა თავისი პოზიცია ქალისა და მამაკაცის ტრადიციული ქორწინების დაცვის შესახებ და განაცხადა, რომ „დღეს ქორწინების დასანგრევად გლობალური ომი მიმდინარეობს“. მან ისიც თქვა, რომ მართლმადიდებლები და კათოლიკეები ქრისტიანი ძმები არიან და კათოლიკეები მათ გადაბირებას არ უნდა ეცადნონო. „არასდროს არ შეეცადოთ მართლმადიდებლის კათოლიკედ მოქცევას“, – ხაზი გაუსვა პაპმა.
«Deutsche Welle» (გერმანია), 02 ოქტომბერი, 2016 წელი
http://www.dw.com/de/georgien-neuland-f%C3%BCr-touristen/a-19562073
საქართველო – ყამირი ტურისტებისათვის: „რა კარგად მოიქცეულან ქართველები, ღმერთთან მისვლა რომ დააგვიანეს…“ // გერმანელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებები: თბილისი, სტეფანწმიდა, სამების ეკლესია
ზოგჯერ ისეთ ქვეყანაში მოხვდები, რომელიც ტურისტებისთვის უცნობ, იდუმალ ადგილად ითვლება და საკუთარ თავს ეკითხები – რა მინდა აქ, რატომ ჩამოვედი? სწორედ ასე მოუვიდა „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტ კერსტინ პალცერს, რომელიც ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარე ქვეყანას ეწვია.
„როცა უფალი ღმერთი ადამიანებს მიწებს უნაწილებდა, ქართველებმა დააგვიანეს და მამაზეციერთან მაშინ მივიდნენ, როცა ყველაფერი განაწილებული იყო. უფალი შეეკითხა, სად იყავით, რატომ დროზე არ მოხვედითო. ქართველებმა უპასუხეს – სუფრა გვქონდა გაშლილი, ვმხიარულობდითო (ქართველებს დროსტარება ძალიან ეხერხებათ!). ღმერთს მოეწონა მათი გულწრფელობა და თქვა, რომ თქვენნაირი გულღია და მხიარული ხალხი ბოროტი არ იქნება, ერთი მთა-ბარიან-ზღვიანი ადგილი მქონდა ჩემთვის შენახული და თქვენთვის მიჩუქნიაო. აი, ასე შეხვდათ ქართველებს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ქვეყანა“.
ეს ისტორია შორენა, ჩვენი გიდი მოგვიყვა ავტობუსში, როცა ჩვენი ჯგუფი თბილისის აეროპორტიდან დედაქალაქში მოვდიოდით. შორენა გერმანისტია და თავის სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული. მან საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი გაგვაცნო, დასავლეთი კი, ბათუმის ჩათვლით, შემდეგი მოგზაურობისთვის შემოვინახეთ (ალბათ, მალე ვეწვევით!).
ჩემი პირველი შთაბეჭდილება თბილისზე: ეს არის საოცრად თანამედროვე ქალაქი. თბილისში ბოლო წლებში ბევრი მინა-ბეტონის მაღალი შენობა გაჩნდა. განსაკუთრებით მინაა დიდ პატივში: „მინისაგან აგებული შენობები გამჭვირვალეა, გულღიაობის მაჩვენებელია“, – ამბობს ექსკურსიამძღოლი შორენა და იქვე ღიმილით ამატებს, – „ჩინებულია, მაგრამ… ჩვენს მზიან ქვეყანაში ცოტა არაპრაქტიკულიც“.
თბილისში მილიონ ორასი ათასზე მეტი მცხოვრებია. ვიწრო ქუჩები და თანამედროვე საბაგირო გზა, ავსტრიელების მიერ აგებული. აქ ერთმანეთს საუკუნეები ენაცვლება. ყველგან შესანიშნავი რესტორნებია, რაც ხაზს უსვამს ქართული სამზარეულოს მნიშვნელობას.
(გერმანელი ჟურნალისტი ჰყვება მდ.მტკვარზე, პატარა გემზე მოწყობილ რესტორანში ყოფნის შთაბეჭდილებებს: „ქართული ღვინო მდინარესავით იღვრება.. დაისი თვალწარმტაცია… მივსეირნობთ სანაპიროზე“. ავტორი აღწერს ყაზბეგში ყოფნასაც: „კავკასიის მთავარი ქედისაკენ სამხედრო გზით გავემგზავრეთ. ეს გზა საქართველოს რუსეთთან აკავშირებს. გზა ძირითადად კარგ მდგომარეობაშია, რელიეფის კვალობაზე, თუმცა ხანდახან ძროხები და ცხვრები გვხვდება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ადგილებში, „მშვიდობიანი ცხოველები“ ხელს არავის უშლიან. ირგვლივ ულამაზესი ბუნებაა“. სტეფანწმიდაზე საუბრისას ავტორი აღნიშნავს, რომ „ის დიდი მთის ძირას მიყუჟული პატარა ჩვეულებრივი ქალაქია“. „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტზე უფრო მეტ შთაბეჭდილება წმინდა სამების ეკლესიამ მოახდინა: „შორენა გვიყვება, რომ ეს ეკლესია ქართველებისათვის წმინდათა წმინდაა – აქ მრავალი საუკუნის წინათ იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო, რომელიც თემის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდაო. სამლოცველო პატარაა და სიცხეში იქ ყოფნა ცოტა ძნელია. გარეთ გამოვედი და 5 ათას მეტრიან მთას შევხედე. გასაოცარი გრძნობა დამეუფლა – თითქოს ვფრინავ კავკასიის მთების ქვემოთ, თავზე კი არწივი დამტრიალებს… არაგვზე ტივებით დაცურება ხომ სასწაულებრივია. ჩვენს გამოცდილ გამყოლს ზურა ტივი ჩქერებზე გაბედულად გადაჰყავს. ასეთი ემოციების შემდეგ სუფრაზე კარგად მოვილხინეთ“).
„საქართველო ცდილობს დასავლეთისათვის გახსნილი იყოს. თბილისის აეროპორტიდან ქალაქისაკენ მომავალი ქუჩა აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს. ყველგან ევროკავშირის დროები ფრიალებს. ახლგაზრდა ქართველები ინგლისურად საკმაოდ კარგად საუბრობენ. გერმანელებს საქართველოში ჩასვლა უვიზოდ შეუძლიათ. პრაქტიკულად ყველგან კარგი სასტუმროებია. ყაზბეგში ჩვენ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში გავჩერდით, შესაბამისი კომფორტით. აქ ძალიან ბევრია საინტერესო მარშრუტი, რომელიც სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ. სტეფანწმინდაში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ამზადებენ ტრადიციულ ქართულ ცომის გუფთას – „ხინკალს“. აქვე ღვინის ბოკალით ხელში დატკბებით მთების პეიზაჟით… უნებურად გაიფიქრებთ: რა კარგად მოიქცეულან ქართველები, ღმერთთან მისვლა რომ დააგვიანეს…“, – აი, ასე ამთავრებს თავის შთაბეჭდილებებს გერმანელი ჟურნალისტი.