globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 3rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Washington Post» (აშშ): არჩილ გეგეშიძე: „საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის“

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: „სწორედ ამ რეფორმებით გავხდებით ევროპული ქვეყანა“

«Day.az» (აზერბაიჯანი): მილერის მზრუნველობის ქვეშ: სომხურ-ქართული საიდუმლო ფუსფუსი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

«Новые известия» (რუსეთი): „რუსეთო, შემობრუნდი ჩვენსკენ სახით“ // თბილისში გამართულ რუსული თეატრების კონგრესს მოსკოვმა ყურადღება არ მიაქცია

———————-

«The Washington Post» (აშშ), 2 ნოემბერი, 2015 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/democracy-and-media-pluralism-thrive-in-georgia/2015/11/01/8639cec4-7db1-11e5-bfb6-65300a5ff562_story.html

საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის

ამერიკის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში 27 ოქტომბერს დაბეჭდილ სარედაქციო წერილს სათაურით დემოკრატია ბეწვის ხიდზე“, რომელშიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება მწვავედაა გაკრიტიკებული, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა. გთავაზობთ ელჩის პოზიციას – პუბლიკაციას სათაურით საქართველოში დემოკრატია და მედიაპლურალიზმი ყვავის, რომელიც „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა რუბრიკით „წერილები რედაქტორს“:

„27 ოქტომბერს გამოქვეყნებული სარედაქციო წერილი დემოკრატია ბეწვის ხიდზე არასწორად ასახავს დემოკრატიის მდგომარეობას საქართველოში. 2012 წელს ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სასამართლოს დამოუკიდებლობის, მედიაპლურალიზმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. ყველა მონაცემის თანახმად, საქართველო უფრო თავისუფალი და დემოკრატიულია, ვიდრე ოდესმე. ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ მსოფლიო პრესის 2015 წლის თავისუფლების ინდექსის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგმა აიწია 35 საფეხურით და დღეს ჩვენი ქვეყანა 69-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიში მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების შესახებ ხაზს უსვამს ჩვენს პროგრესს. 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა 16 საფეხურით ანგარიშვალდებულების კატეგორიაში, 19 საფეხურით – კანონის უზენაესობის მხრივ, 22 საფეხურით – პოლიტიკური სტაბილურობისა და მმართველობის ეფექტიანობის კუთხით, ასევე 23 საფეხურით – კორუფციის კონტროლის მხრივ.

„რუსთავი-2“-ის მფლობელებს შორის დავა მიმდინარეობს სავალალო მემკვიდრეობის ფონზე. ამ საქმის ფესვებს წარსულში მივყავართ, როცა საკუთრების უსამართლოდ მითვისება და იძულება ყოველდღიურ მოვლენას წარმოადგენდა საქართველოში. ამ დავის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, რომელსაც მაქსიმალურ ყურადღებას მიაქცევენ დაინტერესებული საერთაშორისო არბიტრები.

სწორედ სასამართლოს გადასაწყვეტია, ვინ არის კანონიერი მფლობელი. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დემოკრატია და კონკურენტული მედიაგარემო მომავალშიც განაგრძობს განვითარების გზაზე სვლას.

არჩილ გეგეშიძე, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში“.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), 2 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2841722

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: „სწორედ ამ რეფორმებით გავხდებით ევროპული ქვეყანა“

ინტერვიუში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ჟურნალ „კომერსანტ-ვლასტის“ კორესპონდენტ ოლღა ალენოვასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრობს.

ა) ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგები საქართველოსთვის:

„ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენ რეფორმები გავატარეთ, ქართული კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოების მიზნით. ეს ეხება ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას… რაც შეეხება რეალურ შედეგებს: მიმდინარე წლის მონაცემებით, გაფართოვდა ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან – ექსპორტი 315-ით გაიზარდა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან 50%-ით შემცირდა. მაგალითად, რუსეთთან საქართველოს პროდუქციის ექსპორტი საერთო ექსპორტის მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

ბ) უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან:

„თქვენ ამბობთ, რომ ქართული საზოგადოება იმედგაცრუებულია, ევროპამ რომ დRემდე საზღვრები არ გახსნა… არა, ჩვენ იმედგაცრუებისთვის დრო არ გვეჩება, თუმცა გვაქვს ვიზა-ლიბერალიზების პროცესის გეგმა, ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ და ვაკეთებთ კიდეც – ვატარებთ რეფორმებს ანტიდისკრიმინაციულ და მიგრაციულ პოლიტიკაში, კორუფციასთან ბრძოლაში… უკვე 15 მიმართულება დავხურეთ. დეკემბერში ევროკავშირის შემფასებელი კომისიის მოხსენება გამოქვეყნდება და ვიმედოვნებთ, მომავალ წელს უვიზო რეჟიმის საკითხი ჩვენთვის დადებითად გადაწყდება. რაც შეეხება ევროპაში ლტოლვილთა ნაკადის მატებას, ეს საკითხი ჩვენ ხელს არ შეგვიშლის და პირიქით, დაგვეხმარება კიდეც მიგრირების რეგულირებაში. ევროპა თუ კარს გაგვიღებს, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მზადაა დაეხმაროს და წაახალისოს რეფორმატორი ქვეყნები, რაც სტიმული იქნება სხვებისათვის. შეუშლის თუ არა ხელს ამ პროცესს „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული ამბები? არა მგონია, რადგან საქართველოში სიტყვისა და მასმედიის თავისუფლება ხელისუფლებისაგან გარანტირებულია. გარდა ამისა, ჩვენთან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არსებობს“.

გ) საქართველოს პერსპექტივა ნატოსთან მიმართებით:

„ჩვენ გვაქვს რეფორმების წლიური პროგრამა, საკმაოდ ამბიციური, რომელსაც ნოემბერში ალიანსის შტაბ-ბინაში წარვადგენთ. საქართველო უკვე მეშვიდე წელია კარგ რეფორმატორ ქვეყნადაა მიჩნეული. ჩემი აზრით, „მაპ“-ის მიღებაზე ტელევიზიისა და ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრების სკანდალი გავლენას ვერ მოახდენს.

ჯერ კიდევ გასულ წელს მივიღეთ რეფორმების გეგმა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენაა მიმართული. საქართველო ნელა, მაგრამ მტკიცედ ინტეგრირდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ნატოს თითქმის ყველა სამშვიდობო ოპერაციაში ვმონაწილეობთ და ავღანეთში მეორე კონტრიბუტორად ითვლება შეერთებული შტატების შემდეგ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი 28 ქვეყნის მიერ მიიღება, თუმცა ვთვლით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვით რეფორმების პროცესია, რადგან სწორედ მათი რეალიზებით გავხდებით ევროპული ქვეყანა. ამ პროცესს მხარს უჭერს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტია და ქვეყნის მოსახლეობა“.

«Day.az» (აზერბაიჯანი), 2 ნოემბერი, 2015 წელი

http://news.day.az/politics/712943.html

მილერის მზრუნველობის ქვეშ: სომხურ-ქართული საიდუმლო ფუსფუსი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

ელხან ალესკეროვი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ფილოსოფიის დოქტორი

აზერბაიჯანს უკვე ჰქონდა იმის პრეცედენტი, თუ როგორ ცდილობენ ჩვენი მეზობლები, მათ შორის სტრატეგიული მოკავშირეებიც კი, ბაქოსაგან მალულად, რაღაც მოლაპარაკებები აწარმოონ სომხეთთან – ჩვენი მიწა-წყლის ოკუპანტ ქვეყანასთან. ასე იყო თურქეთ-სომხეთის ე.წ.„ციურიხის მოლაპარაკების“ დროს და როცა საიდუმლო დიპლომატია აზერბაიჯანისათვის გახდა ცნობილი, შეხვედრები სკანდალურად ჩაიშალა, „ციურიხის ოქმებმა“ კი „ჩაილურის წყალი“ დალია. სამწუხაროდ, ეს ისტორია სხვებისთვის გაკვეთილი ვერ გახდა. ამჯერად საიდუმლო მოლაპარაკების არენაზე კიდევ ერთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე – საქართველო გამოვიდა.

გასული სექტემბრის თვის ბოლოს, თბილისის ინიციატივით, ბრიუსელში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძისა და რუსეთის გაზის სახელმწიფო კომპანიის „გაზპრომ“-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის ალექსეი მილერის შეხვედრა გაიმართა. როგორც ცნობილია, „გაზპრომი“ დღეს გამალებით ეძებს თავისი გაზის კლიენტებს – ევროპას რუსული გაზის ყიდვა აღარ სურს, ჩინელებიც კი უარს ამბობენ. საინტერესოა, რომ ბრიუსელში შეხვედრის დროს რუსული გაზის მიწოდების გაფართოების ინიციატივა თვითონ საქართველომ გამოიჩინა და ეს უნდა მოხდეს იმ სატრანზიტო მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით, რითაც გაზს სომხეთი იღებს.

იმავდროულად თბილისმა მოლაპარაკება დაიწყო ირანთანაც, ისევ გაზის ტრანზიტის თაობაზე. როგორც ქართველები აცხადებენ, „ჩვენ რუსებთან და ირანელებთან მოლაპარაკებას მხოლოდ გაზის ტრანზიტზე ვაწარმოებთ და არა საკუთრივ გაზის ყიდვაზეო“. არადა, რადგან გაზის ტრანზიტი სომხეთის ტერიტორიით განხორციელდება, ყველა შემთხვევაში ეს აზერბაიჯანის ინტერესებს ეხება.

საწყენია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ენერგეტიკულ პროექტებს ბაქოსაგან მალულად იხილავს. საქმე ჩვენს კონკურენტს – რუსეთს იმდენად არ ეხება, რამდენადაც მთიანი ყარაბაღის ოკუპანტ ქვეყანას – სომხეთს. ერევანი ენერგორესურსების ძიებაშია და ხან რუსებს ეხვეწება, ხან ირანელებს. სომეხი სტრატეგების ოცნებაა ირანული გაზის გადაქაჩვა შავი ზღვისაკენ, სომხეთის ტერიტორიის გავლით, იქიდან კი ევროპაში, მაგრამ ეს ვარიანტი არ აწყობს სომხეთის „ხაზეინს“ – რუსეთს და კერძოდ, „გაზპრომს“, რომელიც თავის ვასალს – ერევანს ნებას არ მისცემს მოსკოვის დაუკითხავად რაიმე გააკეთოს.

ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ სომხეთი „გაზპრომის“ მამულს, ანუ „ვოტჩინას“ წარმოადგენს. მოსკოვი მას თავის ვარიანტს სთავაზობს: გამოიყენოს სომხურ-ქართული ტრანზიტი რუსეთიდან ირანისაკენ ციმბირული გაზის გადასაქაჩად, ჩანაცვლების პრინციპით (ირანის ჩრდილოეთი რაიონებისათვის), ხოლო ირანი იგივე რაოდენობის გაზს სპარსეთის ყურედან გაჰყიდის. ეს არის ეკონომიკურად არამომგებიანი პოლიტიკური ავანტიურა, რაც ნიშნავს იმას, რომ გაზი ირანიდან კი არ წამოვა, არამედ რუსეთიდან ირანში წავა. ეს გეგმა საბოლოოდ მარხავს სომხურ-ქართულ ტრანზიტს, ირანული გაზის ევროპაში გატანის მიზნით.

სხვათა შორის, ამ ორიოდე დღის წინათ, საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ქართველი „რუხი კარდინალი“ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა, რაც, აშკარაა, რომ „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მიერ შემუშავებული „საიდუმლო დიპლომატიის“ ნაწილს წარმოადგენს.

შეიძლება გავაკეთოთ პროგნოზი, რომ საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაძლოა რაღაც მოგებას მიიღებს, მაგრამ პოლიტიკურად მოსკოვის გაზის პოლიტიკის მძევალ-გამტარებელი გახდება, რომელიც, თავის მხრივ, ძირს უთხრის ირან-ევროპის პროექტს. ქართველი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ რუსულ კომპანიასთან საქმის დაჭერა არ სურთ და განმარტავენ, რომ შეხვედრისას საკითხი ეხებოდა გაზის შესყიდვას არა საქართველოსთვის, არამედ მხოლოდ სომხეთისთვის…. დავიჯეროთ? მაგრამ მოლაპარაკების „საიდუმლო“ ხასიათი და თბილისში სერჟ სარგსიანის ვიზიტის დროს სომეხი სტრატეგების მოუსვენარი ფაცი-ფუცი ბაქოს ეჭვებს იწვევს: აშკარაა, რომ სტრატეგიული მოკავშირე რაღაცას გვატყუებს, ბოლომდე გულწრფელი არ არის…

საქართველო აზერბაიჯანისათვის თურქეთსა და ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია, მაგრამ აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივის ძიება საბოლოო ჯამში ბუმერანგივით ისევ ქართულ ეკონომიკას დაარტყამს. ამიტომაც ბაქოში დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი და სომხეთი აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებში სოლს ვერ ჩაარჭობენ და ყველა მცდელობა ამისათვის წინასწარაა განწირული. ამასთან, საწყენია, რომ ისევე როგორც სომხურ-თურქულ მოლაპარაკებების დროს, ქართულ-რუსული მოლაპარაკებების ამბებს ჩვენ მხოლოდ რუსული წყაროებიდან ვგებულობთ. ამ შემთხვევაში ბაქომ, რომელიც გაზის სფეროში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, კიდევ ერთხელ უნდა მიუთითოს მეზობლებს „გაზპრომ“-თან იმ „საიდუმლო“ მოლაპარაკების უპერსპექტივობაზე, რომელსაც ისინი აზერბაიჯანთან შეუთანხმებლად აწყობენ. როგორც ერთ ცნობილ ფილმშია ნათქვამი, „არ შეშინდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენზე ჰენრიხ მიულერი ზრუნავს“.

«Новые известия» (რუსეთი), 3 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.newizv.ru/culture/2015-11-03/230008-rossija-povernis-k-nam-peredom.html

„რუსეთო, შემობრუნდი ჩვენსკენ სახით“

თბილისში გამართულ რუსული თეატრების კონგრესს მოსკოვმა ყურადღება არ მიაქცია

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული თბილისის ალ.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ამსახველი ფაქტები (ავტორი – ვალერი იაკოვი).

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, იუბილეს აღნიშვნაში მონაწილეობა მიიღო 25 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის რუსი თეატრალების დელეგაციამაც, რომლის შემადგენლობაში მრავალი ცნობილი მსახიობი და კულტურის მოღვაწე იყო. თეატრის იუბილესთან იყო დაკავშირებული საზღვარგარეთ არსებული რუსული თეატრების კონგრესიც, რომლის ჩატარების ადგილად მეგობრული თბილისი იქნა არჩეული. „ოფიციალურ მოსკოვი კი ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, შეიძლება ითქვას, გულგრილად შეხვდა“, – ხაზგასმულია სტატიაში.

ავტორი აღწერს იმ შთაბჭდილებას, რომელიც მასში თბილისის კოლორიტმა და თბილისელების მეგობრულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია:

„ასეთი გულწრფელი და გულთბილი მიღება, როგორითაც შემოდგომის თბილისი რუსი თეატრის მოღვაწეებს შეხვდა, არსად არ მინახავს – არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ თვით რუსეთშიც. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ქალაქის ყოველი მცხოვრები, რომელმაც არაფერი იცოდა რუსული თეატრების კონგრესის შესახებ, გახარებული იყო მის მონაწილეეებთან შეხვედრით: მოხუცი ტაქსისტი, რომელმაც რუსული საუბარი გაიგონა, სუვენირების გამყიდველი, ახალგაზრდა პოლიციელი, ქუჩის მუსიკოსი – ყველა თავისებურად გამოხატავდა ჩვენთან დამოკიდებულებას, იგრძნობოდა ის სითბო, რომელიც მათი გულებიდან მოდიოდა.  დიახ, ჩვენ შორის იყო და არის პრობლემები – ომის მძიმე შედეგები, ვიზებთან დაკავშირებული სირთულეები, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობა… მაგრამ მოძმე ქართველი ხალხი რუსებს კვლავ ძველებურად, ძმურად შეგვხვდა, ყოველგვარი სიყალბისა და მოჩვენებითობის გარეშე – ეს საოცარი ფაქტი იყო…

თბილისში ყველამ იცოდა, რომ გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის იუბილეს შესახებ. ამას აცხადებდა ტელევიზია, რადიო, წერდნენ ჟურნალ-გაზეთები, ამას გვახსენებდნენ ცენტრალურ ქუჩებში გაკრული აფიშები… მოკლედ, საქართველო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, კავკასიის მთავარმართებლის, გრაფ მიხეილ ვორონცოვისა და იმ დროს ერთობ ცნობილი რუსი მსახიობის მიხეილ შეპკინის მიერ დაარსებული თეატრის იუბილეს ზეიმობდა“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თეატრის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც დაესწრო, რომელმაც გრიბოედოვის სახელობის თეატრის წარმატებებზე შთამბეჭდავის სიტყვები წარმოთქვა. პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული თეატრის დირექტორის ნიკოლაი სვენტიცკის დამსახურება, რომლის დიდი მეცადინეობის წყალობით რუსული თეატრების კონგრესი თბილისში მაღალ დონეზე ჩატარდა: „იგი ნამდვილად მშვიდობის ელჩია, რომელიც გამუდმებით ზრუნავს ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ნიკოლაი სვენტიცკი ორგანიზაციას უწევს რუსული კულტურის წარმომადგენელთა გასტროლებს თბილისში, გამოსცემს წიგნებს საქართველოში მცხოვრებ ლეგენდარული რუსი მოღვაწეების შესახებ, აწყობს კონფერენციებს… დიდი ოვაცია გამოიწვია მისმა მიმართვამ რუსეთის ხელისუფლებისადმი: „თქვენ ამბობთ, რომ მშვიდობას იცავთ, მაგრამ თითქმის ყველგან იარაღს და ავტომატებს აჟღარუნებთ. ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ არც ალექსანდრე პუშკინისადმი და არც რუსეთისადმი სიყვარულის აგიტაცია არ გვჭირდება. ჩვენ ის არ დაგვიკარგავს, თქვენ კი ჩვენ დაკარგულებად გვთვლით. ამიტომ გვინდა დავიძახოთ: „რუსეთო, შემობრუნდი სახით ჩვენსკენ“, მაგრამ რუსეთს არ ესმის“.

„თბილისში ბევრი ცნობილი ქართველი მოღვაწე გვეუბნებოდა, თუ როგორი ბარიერებია დაწესებული მათთვის, ვისაც რუსეთში გამგზავრება სურს მეგობრებთან, ან მაყუყრებლებთან შეხვედრის მიზნით. რუსეთს საქართველოსთან მკაცრი სავიზო რეჟიმი აქვს შემოღებული, საქართველომ კი ვიზები გააუქმა. რუსეთი იმპერიული ქედმაღლობით უყურებს საქართველოს და ტკბება იმ ხელოვნური ბარიერის არსებობით, რომელიც მასვე აზიანებს. რუსეთი კარგავს კავკასიის სულს – საუკუნეების განმავლობაში მოძმე ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Comments are closed