globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 3rd, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მუქარა ნატოს, გაფრთხილება მოსკოვს და დაპირება თბილისს // ნატოს წევრობის შეთავაზების შემდეგ რუსეთი მონტენეგროს ემუქრება, ამ ფონზე კი ალიანსი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

«The Wall Street Journal» (აშშ): ნატო, ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევის შემდეგ, მზადაა რუსეთთან მოსალაპარაკებლად // საქართველოს ნატოში მიღება შეუძლებელია, რადგან რუსეთს მისი ნაწილი აქვს ოკუპირებული

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): „რუსეთისა და დასავლეთისათვის საერთო მტერი უკვე მოინიშნა: „ისლამური სახელმწიფო“ // ბევრი ევროპული სახელმწიფო თვლის: რა გვინდა სამხრეთ კავკასიაში, რა უნდა გავაკეთოთ?

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 3 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/montenegro-nato-gjorgia/3084997.html

მუქარა ნატოს, გაფრთხილება მოსკოვს და დაპირება თბილისს

ნატოს წევრობის შეთავაზების შემდეგ რუსეთი მონტენეგროს ემუქრება, ამ ფონზე ალიანსი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს

ია მეურმიშვილი

ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო – 2009 წელს ალბანეთისა და ხორვატიის მიღების შემდეგ პირველად, ალიანსის აღმოსავლეთით მდებარე მონტენეგროს წევრობს შესთავაზა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მონტენეგროს მიერ განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის მიღწევები შეაქო. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 650 ათასი ადამიანია, ნატოში ოფიციალურად გაწევრიანებამდე კიდევ რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, მათ შორისაა, სამომავლო გეგმებზე ალიანსის წევრებთან ორმხრივი მოლაპარაკების წარმოება. ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებიდან მხოლოდ სერბეთს – რუსეთის ისტორიულ მოკავშირეს – არ სურს ნატოში გაწევრიანება. მაკედონია და ბოსნია-ჰერცოგოვინას ნატოს წეევრობა სურთ, თუმცა მათი ალიანსში გაერთიანება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა

ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, ალიანსმა კომუნიკე გამოსცა, რომელშიც საქართველოს მიმართ მკაფიო გზავნილია ჩადებული. ალიანსი აღიარებს საქართველოს მიღწევებს ნატოსთან დაახლოების პროცესში. “ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საჭიროა საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, – ნათქვამია კომუნიკეში.

ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აცხადებენ, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მომავალი სამიტისთვის მომზადებასთან დაკავშირებით კი კომუნიკეში ნათქვამია – “ჩვენ შევისწავლით ახალ, პრაქტიკულ გზებს, რათა უფრო ინტენსიური გავხადოთ ძალისხმევა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის და მზარდი თანამშრომლობის ჩათვლით, მათ შორის, თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში“. ​გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღია რჩება და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთ დღეს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადება. მან რუსეთს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ შეთანხმებები, რომლებსაც ამ რეგიონებთან მოსკოვმა ხელი მოაწერა, “უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“.

გამოწვევები ალიანსში გაწევრიანების გზაზე

საქართველო მონტენეგროსთან შედარებით გაცილებით აქტიურად თანამშრომლობდა ნატოსთან. ამასთან, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები მომავალში საქართველოს ალიანსში მიღებაზე შეთანხმდნენ. ბუქარესტის სამიტიდან რამდენიმე თვეში რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, ხუთდღიანი ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და ორივე რეგიონში საკუთარი ჯარები განალაგა.

საერთო ღირებულებებთან ერთად, ამ თავდაცვითი სამხედრო ალიანსის ფუნდამენტი თითოეული წევრის უსაფრთხოების გარანტიაა. ნატოს ქარტიის მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს. საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელზეც ალიანსის ზოგიერთ წევრი საუბრობს, რუსეთია. მოსკოვმა, ანექსიის შემდეგ, არა მხოლოდ ყირიმში, არამედ აფხაზეთშიც, შავი ზღვის სანაპიროზე ანტი-საჰაერო და ანტი-საზღვაო სისტემები განალაგა. შესაბამისად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, თუ მისი დაცვა გახდა საჭირო, ალიანსს ხმელთაშუა ზღვიდან და თუნდაც ნატოს წევრი თურქეთიდან, ქვეყნის დაცვა გაუჭირდება. ამასთან, ექსპერტების აზრით, ნატოში გაწევრიანებამდე, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიული დავების გადაჭრაც მოუწევს.

რუსეთი საპასუხო რეაქციით იმუქრება

მონტენეგროსთვის წევრობის შეთავაზებისთანავე, კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განცხადება გააკეთა და ნატოს ანგარიშსწორებით დაემუქრა. “მოსკოვი ყოველთვის ამბობდა, რომ ნატოს უწყვეტ გაფართოებას, ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთით გაფართოებას, აღმოსავლეთიდან, რუსეთის მხრიდან, მხოლოდ საპასუხო ზომები შეიძლება მოჰყვეს უსაფრთხოებისა და თანასწორუფლებიანობის ინტერესების დასაცავად,” ნათქვამია პესკოვის განცხადებაში. ​ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ დაიძაბა და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სამხედრო აგრესიის ფონზე მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2014 წლის ივნისში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა შეაჩერა, რაც მათ შორის “პრაქტიკული თანამშრომლობის” ერთადერთი ოფიციალური მექანიზმი იყო. თუმცა, მხარეებს შორის არაოფიციალური დიალოგი არ შეწყვეტილა.

ნატო რუსეთს გაფართოებაზე ვეტოს უფლებას არ აძლევს

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მონტენეგროს ნატოში მიღება რუსეთისთვის მკაფიო გზავნილია, რომ მოსკოვს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებაზე ვეტოს ძალა არ აქვს. ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ “ძლიერი თავდაცვა, შეკავება და პოლიტიკური დიალოგი ურთიეთგამომრიცხავი პრინციპები არ არის.” გენერალურმა მდივანმა აქვე დასძინა, რომ “რაც უფრო ძლიერები ვართ, რაც უფრო ძლიერია ჩვენი შეკავება, [მით უფრო ადვილია] პოლიტიკურ დიალოგში ჩართვა. ეს ერთადერთი გზაა». ამ განცხადებაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ თუ ნატო ამის სურვილს გამოთქვამს, კრემლი დიალოგისთვის მზადაა, რადგან “რაღაცაზე სალაპარაკო გვაქვს.” მან ისიც დასძინა, რომ კრემლს ნატოსთან მიმდინარე შეთანხმებების დარღვევებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.  მანამდე კი, ლავროვმა ნატოს გაფართოებას “შეცდომა და პროვოკაცია” უწოდა.

ამერიკის რეაქცია

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია კიდევ ერთხელ გააჟღერა და თქვა, რომ ალიანსის გაფართოება რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. კერიმ დასძინა, რომ მონტენეგროს მიმართ “მტრულად განწყობა [რუსეთის მხრიდან] დიდი შეცდომა იქნება“. სახელმწიფო მდივანმა რუსეთს შეახსენა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და მისი ერთადერთი დანიშნულება წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

«The Wall Street Journal» (აშშ), 3 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/nato-invites-montenegro-to-join-alliance-in-first-expansion-since-2009-1449044863

ნატო, ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევის შემდეგ, მზადაა რუსეთთან მოსალაპარაკებლად

საქართველოს ნატოში მიღება შეუძლებელია, რადგან რუსეთს მისი ნაწილი აქვს ოკუპირებული

სტატიაში გადმოცემულია ბრიუსელში ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მთავარი შედეგი – ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყნის – ჩენროგორიის მიწვევა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად. გარდა ამისა, პუბლიკაციაში ყურადღება ექცევა ნატოს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის თანახმად, ალიანსი მზად არის რუსეთთან მოსალაპარაკებლად, მათ ურთიერთობაში შექმნილი პრობლემების გარკვევისა და მოგვარების მიზნით (ავტორი – ჯულიან ბარნსი).

სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩერნოგორიის ნატოში მიწვევა ალიანსის გაფართოებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია 2009 წლიდან, როცა სამხედრო ბლოკის წევრებად ბალკანეთის ორი სახელმწიფო – ხორვატია და ალბანეთი მიიღეს.

პუბლიკაციაში ნახსენებია აგრეთვე საქართველოც: „ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ალიანსში მიღების სხვა ასპირანტ-კანდიდატებისათვის, განსაკუთრებით კი საქართველოსათვის, ცივი იქნება. როგორც ცნობილია, ნატო ამ ქვეყანას ალიანსში მიღებას ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში დაპირდა, მაგრამ რუსეთის თავდასხმამ ამ დაპირების რეალიზებას ძირი გამოუთხარა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნატოს მისიებში მონაწილეობის დროს, ჩერნოგორიასთან შედარებით, ყოველთვის უფრო მეტ აქტიურობას ამჟღავნებდა ხოლმე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნატოში მიღება შეუძლებელია, რადგან რუსეთს მისი ტერიტორიის ნაწილი აქვს ოკუპირებული“.

«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 3 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.ekhokavkaza.com/content/article/27403332.html

„რუსეთისა და დასავლეთისათვის საერთო მტერი უკვე მოინიშნა: „ისლამური სახელმწიფო“

ბევრი ევროპული სახელმწიფო თვლის: რა გვინდა სამხრეთ კავკასიაში?

ინტერვიუში „რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ ქართული სამსახურის კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე ამავე რადიოსადგურის რუსული სამსახურის „რადიო სვოვოდა//ეხო კავკაზას“ ჟურნალისტს დემის პოლანდოვს ესაუბრება და თავის პოზიციას გამოხატავს როგორც ბრიუსელში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე.

გთავაზობთ შემოკლებით:

- კობა, განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ცერნოგორია ნატოს 29-ე წევრი გახდებაო, რამდენადაც ვიცი, საქართველოში გარკვეული ოპტიმიზმი გამოიწვია. რამდენადაა გამართლებული ასეთი ოპტიმიზმი? არის თუ არა რაიმე მინიშნება იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ჯერ „მაპ“-ს მიიღებს, შემდეგ კი ნატოს წევრი გახდება?

- ბუნებრივია, ოპტიმისტებს ნამდვილად აქვთ სიხარულის სრული უფლება და იმისა, რომ ნატო-საქართველოს პერსპექტივას უფრო კარგი განწყობით შეხედონ. თუ ნატოში 700 ათასი მოსახლეობის მქონე ჩერნოგორიას იწვევენ, რომლის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინცდამაინც ძალიან არ უჭერს მხარს ალიანსში მიღებას, მაშინ რატომაც არ უნდა ჰქონდეს ოპტიმიზმი საქართველოს, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნატოში შესვლის მომხრეა? გარდა ამისა, ვფიქრობ, მინისტერიალის გადაწყვეტილება საქართველოს არამარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანია: ჩვენთან ხომ ორი პროდასავლური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ისეთი სიძულვილით ებრძვიან, რაც ქართველებში ევრაზიულობის მომხრეთა [გაძლიერების] ნიადაგს ქმნის, უკვე არის პროგნოზები, რომ არჩევნებში პრორუსული ძალები გაიმარჯვებენო…

- მაგრამ თქვენს პასუხში მაინც იგრძნობა ერთგვარი „მაგრამ“… ალბათ, გაქვთ იმის თქმის საფუძველი, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (ანუ „მაპ“-ს) მაინცადამაინც მალე ვერ მიიღებს… ჩერნოგორია ხომ „მაპ“-ის მიღების შემდეგ გაწევრიანებას ექვსი წელი ელოდა…

- მე ამ საკითხით სპეკულაციას არ ვეწევი, ქართველი პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, რომლებიც უკვე მინისტრების დონეზე აცხადებენ: „ჩვენ „მაპ“-ი რად გვინდა, ჩვენ ნატოში პირდაპირ გაწევრიანება გვსურს“. ჰო, რატომაც არა? ძალიან კარგი იქნება. ოცნებას კაცი არ მოუკლავს… მაგრამ სიტუაციას სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ: ჩერნოგორია ევროპული სახელმწიფოა, ჩვენ კი პერიფერიაში ვიმყოფებით. ამიტომაც ბევრი ევროპული სახელმწიფო თვლის: რა გვინდა სამხრეთ კავკასიაში?

- თქვენს თავდაცვის მინისტრს არაერთხელ განუცხადებია, რომ შესაძლოა საქართველომ ნატოში „მაპ“-ის გარეშე გაწევრიანდეს. თინა ხიდაშელს, ალბათ, უნდა გავუგოთ. მან კარგად იცის, თუ როგორი მეზობელი ჰყავს რუსეთის სახით და ამიტომ მინისტრს ნატოში გაწევრიანება ეჩქარება, მას ალიანსში ელვისებური შესვლა სურს, რადგან თუ საქართველოს „მაპ“-ს მისცემენ, მაშინ ნატოში მიღებამდე არავინ იცის, რა მოხდება… არაა გამორიცხული, რომ „მაპ“-ის მოცემამ რუსეთთან ურთიერთობა გაამწვავოს…

- თინა ხიდაშელს ახალი არაფერი უთქვამს. როცა იგი აქ, პრაღაში იყო ჩამოსული ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, მე ინტერვიუში მას კითხვა დავუსვი: „როგორია თქვენი გეგმები მინისტრის რანგში, რის განხორციელება გსურთ?“, მან პირდაპირ მიპასუხა: „ნატოში სწრაფი გაწევრიანება“. ძალიან კარგი სურვილია…

- მაგრამ დღეს ითქვა, რომ ასეთი რამ [„მაპ“-ის გარეშე გაწევრიანება] არ ხდება…

- დიახ, იგივე ჩერნოგორიას „მაპ“-ი ჰქონდა. სხვა საქმეა, რომ საქართველო უფრო წინაა წასული რეფორმების მხრივ… თუ „მაპ“-ის მიღება მხოლოდ ფორმალური საკითხია და მას საქართველო [ნატოს ვარშავის სამიტზე] მიიღებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ ალიანსში შეიძლება გაწევრიანდეს. ჩვენთან ორ ძირითად პოლიტიკურ ძალას, ამ საკითხის გამო ერთმანეთი სძულთ და სწორედ ამის გამო ხრავენ ერთმანეთს საშინაოშიც და საგარეო პოლიტიკაშიც, თუ  ვინ არის უფრო მეტი პროდასავლელი… მაგრამ არის ობიექტური [უარყოფითი] ფაქტორები რუსეთის სახით – მოსალოდნელი ღია კონფლიქტი. როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივია, ზოგიერთი ნატოს წევრი სახელმწიფო ფიქრობს: „რა მოხდება, თუ საქართველოს ნატოს წევრად მივიღებთ? იქნებ სხვა რაღაც სტატუსი მოვიფიქროთ, რათა საქართველო ნატოშიც იყოს და იმავდროულად არც იყოს?“. სხვათა შორის, დასავლურ პრესაში ამის შესახებ ბევრი იწერება. საკუთარ აზრებს რომ აჟღერებ,  პრესაც უნდა იკითხო და ყურადღება მიაქციო…“.

————–

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე საუბრისას კობა ლიკლიკაძე ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ დასავლეთი თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ გარკვეული მხარდაჭერისათვის აკრიტიკებს და სამართლიანადაც. „დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები წერენ, რომ თურქეთი თვალს ხუჭავდა „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებაზე და ხელს არ უშლიდა მხარდამჭერების რეკრუტირებაში… მათი აზრით, ჯობდა საზღვარზე მდგარი ბენზინმზიდები ადრევე გაგვენადგურებინაო“. რაც შეეხება რუსეთს, მისი მონაწილეობა ანტიტერორისტულ ოპერაციაში აუცილებელია, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ მოსკოვი მუდამ საკუთარ თამაშს თამაშობს, მას სირიის რეჟიმის შენარჩუნება სურს. რუსულ ისტებლიშმენტს მტრის ხატი ჭირდება“.

Comments are closed