«Интерфакс» (რუსეთი): ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ნორმალიზდება, მაგრამ ქართული პოლიტიკური ძალები ანტირუსულ რიტორიკა კვლავ ფართოდ იყენებენ“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ კენეტ იალოვიცთან: „სავარაუდოდ,მოსკოვს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაიოლების ჟესტისკენ ევროკავშირმა უბიძგა“
«RTVi» (რუსეთი): ინტერვიუ შიმონ პერესთან: რატომ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში?
«Die Welt» (გერმანია): ტიპიური, რეკორდული და საოცარი საქართველო: რა უნდა იცოდეთ ამ ქვეყნის შესახებ
«СТВ – Столичное Телевидение» (ბელორუსია): ახალი წელი ქართულად: ბელორუსიის ტელევიზიის კორესპონდენტი 2016 წლის დადგომას ბათუმში შეხვდა (ტელერეპორტაჟი)
——————–
«Интерфакс» (რუსეთი), 3 იანვარი, 2016 წელი
http://www.interfax.ru/interview/488265
ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ნორმალიზდება, მაგრამ ქართული პოლიტიკური ძალები ანტირუსულ რიტორიკა კვლავ ფართოდ იყენებენ“
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ჟურნალისტმა ალექსეი ეიბოჟენკომ ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, რომელიც საუბრობს რუსეთის ფედერაციის ურთიერთობაზე უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან. ინტერვიუში გადმოცემულია აგრეთვე რუსეთის ოფიციალური პოზიცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ:
- საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წელს ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში დადებითი დინამიკა შესამჩნევი გახდა, თუმცა ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პროცესები დაყოვნებულად მიმდინარეობს. რა არის ამის მიზეზი? როგორია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები? შეიძლება თუ არა უახლოეს ხანში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა? შესაძლებელია თუ არა 2016 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების ან სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრა?
- ნამდვილად, საქართველოში 2012 წლის ბოლოს მომხდარმა მთავრობის შეცვლამ შესაძლებელი გახადა გადადგმულიყო ერთობლივი ნაბიჯები ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი გაუმჯობესებისათვის, რომლისკენაც რუსეთი ყოველთვის ისწრაფვოდა. ჩვენ ორი წლის წინ დაწყებული არაფორმალური დიალოგის ფორმატში თერთმეტჯერ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს. აქტუალური საკითხების პრაგმატულმა განხილვამ საშუალება მოგვცა სრულიად საგრძნობი შედეგებისათვის მიგვეღწია – გამოცოცხლდა ორმხრივი ვაჭრობა, აღდგენილია რეგულარული საავიაციო და საავტომობილო მიმოსვლა, გააქტიურდა ჰუმანიტარული და საქმიანი კავშირები. ამ დღეებში კი, ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის კონტაქტების შემდგგომი გაიოლების მიზნით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად, განხორციელდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება საქართველოს მოქალაქეებისათვის. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პროცესი თითქოსდა შეყოვნდა. ჩვენი ვარაუდით, საქართველოს ახალი მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ კურსს გააგრძელებს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ.
სხვა საქმეა, რომ „ლოდები შებრკოლებისა“ კვლავ რჩება. პირველ რიგში ის, რომ საქართველო ვერ აღიქვამს იმ ახალ რეალიებს, რომლებიც ამიერკავკასიაში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა. მეზობლებთან – ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან თანასწორი და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების ნაცვლად, თბილისი კვლავ ერთგულია აბსურდული თეზისისა რუსეთის მიერ თითქოსდა ტერიტორიების „ოკუპირების“ თაობაზე. ასევე სამწუხაროა, რომ თბილისი კვლავ ძველებურად მზად არ არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის. ძნელია არაა იმის შემჩნევა, რომ ასეთი პოზიციით ქართული მხარე თვითონ ქმნის ხელოვნურ ბარიერებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. გარდა ამისა, ანტირუსული რიტორიკა ძველებურად ფართოდ გამოიყენება ქართული ოპოზიციური ძალების მიერ შიდაპოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად, რაც განსაკუთრებით აშკარა ხდება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კვალობაზე. რასაკვირველია, მოსკოვი ასეთი არამეგობრული განცხადებებისადმი გულგრილი ვერ დარჩება.
აი, ყველა ეს მომენტი, ბუნებრივია, თავის [უარყოფით] გავლენას ახდენს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესზე და მის პერსპექტივაზე. ჯერ-ჯერობით რთულია ლაპარაკი მაღალი თუ უმაღლესი დონის შეხვედრების გამართვაზე.
- საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, იგეგმება თუ არა ზომების მიღება ტურისტული მოგზაურობების გაიოლებისა და საერთოდ, ჰუმანიტარულ სფეროში? როდის იგეგმება სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის დაწყება საქართველოს მოქალაქეებისათვის?
- თქვენ მართალი ბრძანდებით: რეგულარული საჰაერო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის გამო საქართველო ჩვენი ტურისტებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა. სამწუხაროდ, თბილისი მისთვის ამ ერთმნიშვნელოვან მომგებიან სფეროშიც კი პოლიტიკურ დაბრკოლებებს ქმნის. მაგალითად, ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი ტურისტები, რომ საქართველოში დღემდე მოქმედებას ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს მიღებული ყბადაღებული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. ჩვენს მოქალაქეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფნი. გასულ 2015 წელს დასჯილ იქნა რუსეთის ხუთი მოქალაქე: ოთხი 2,5 ათასი ამერიკული დოლარით დააჯარიმეს, ერთს კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს..
რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზებას, როგორც უკვე ვთქვი, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. 23 დეკემბრიდან მიმდინარეობს მრავალგზისი ვიზების გაფორმება საქართველოს მოქალაქეეებისათვის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის. ეს ეხება აგრეთვე კერძო ვიზებსაც, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი მიმწვევ და მიწვეულ მხარეს შორის, რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის მიხედვით. პერსპექტივაში არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება საქმე უვიზო რეჟიმის დაწესებამდეც მივიდეს, ურთიერთმისაღებ საფუძველზე.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 3 იანვარი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/kenneth-yalowitz-on-georgia-in-2015/3124076.html
ინტერვიუ კენეტ იალოვიცთან: „სავარაუდოდ,მოსკოვს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაიოლების ჟესტისკენ ევროკავშირმა უბიძგა“
ანა კალანდაძე
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში (1998-2001 წ.წ.) კენეტ იალოვიცი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. „საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისა და ბიზნესის კეთებისთვის გზა ეხსნებათ,“ – ამბობს კენეტ იალოვიცი.
ყოფილი ელჩის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი ამბავია რუსეთის მთავრობის მზადყოფნა, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეგულაციები შეუმსუბუქოს. კენეტ იალოვიცს მიაჩნია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, იმის აღიარება იყოს, რომ „2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა სტრატეგიული შეცდომა იყო. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები სწორედ ამის შემდეგ გაიყინა. სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობა“ არცერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა. ევროკავშირის გადაწყვეტილებამ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, მოსკოვს საქართველოს მიმართ ამგვარი „ჟესტის“ გაკეთებისკენ უბიძგა“.
კითხვას, თუ როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ საგარეო რისკები შემცირებულია და რუსეთთან „პრაგმატული პოლიტიკა“ გაგრძელდება, კენეტ იალოვიცი პასუხობს, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განცხადება „დაბალანსებული და სავსებით გამართლებულია. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების პრაქტიკული შედეგია ის, რომ შეზღუდულ ფორმატში აღდგა დიალოგი რუსეთთან. რასაკვირველია, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხების გადაუჭრელობის გამო ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს საკითხები, სავარაუდოდ, 2016 წელსაც გადაუჭრელი დარჩება, თუმცა აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნება მნიშვნელოვანია“.
აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას აშშ-ის ყოფილი ელჩი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით 2015 წელიც შესანიშნავი იყო: „ამასთან ერთად, ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მიიღოს, თუმცა ნატოს მომავალ სამიტს მაინც იმედით ვუყურებ“.
ყოფილი ელჩის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელოს ჯარის რეფორმირება ნატოსთან თავსებადობის ამაღლების მიზნით. დასკვნის სახით კენეტ იალოვიცი ხაზგასმით აცხადებს, რომ ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ძალისხმევა აღიარებული და დაფასებულია.
«RTVi» (რუსეთი), 3 იანვარი, 2016 წელი
http://cursorinfo.co.il/news/novosti1/2016/01/03/shimon-peres–ya-ochen-uvazhayu-putina–intervyu/
ინტერვიუ შიმონ პერესთან: რატომ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში?
ახალი 2016 წლის წინ ამერიკულმა რუსულენოვანმა საერთაშორისო ტელეკომპანია «RTVi»-ის კორესპონდენტმა ევგენი სოვამ ინტერვიუ ჩამოართვა ისრაელის ექს-პრეზიდენტს შიმონ პერესს, რომელიც იგი ისრაელ-რუსეთის ურთიერთობასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს. ინტერვიუში მოხსენიებულია საქართველოც.
გთავაზობთ ამონარიდს:
- მართალია თუ არა რასაც ლაპარაკობენ, რომ ვლადიმირ პუტინი თქვენ გეთათბირებათ ხოლმე?
- მოთათბირება? ეს გადაჭარბებულია. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე გულახდილი, კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ვლადიმირ პუტინს. ვფიქრობ, რომ მის კრიტიკოსებს რამდენიმე მარტივი საკითხი არ ესმით. ისინი ამბობენ, რომ ვლადიმირ პუტინს [რუსეთის წარსულში დაბრუნება სურსო]. მე კი პირიქით მიმაჩნია: რუსეთის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის მომავალში გადატანა სურს. მას უნდა, რომ რუსეთი ენერგორესურსებზე დამოკიდებული ქვეყნიდან სამეცნიერო სფეროში მსოფლიოს წამყვან ქვეყნად გადაიქცეს, რომ რუსეთშიც ისეთივე „ჰაითეკური ინდუსტრია“ იყოს, როგორიც ამერიკაშია.
ვლადიმირ პუტინს მშვენივრად ესმის: საკითხი ეხება ისეთ მოვლენას, რომლის გავრცელებას ვერანაირი საზღვრები ვერ დააბრკოლებს. ერთ-ერთი ჩვენი საუბრის დროს იგი ასეთ ამბავს მომიყვა: „ერთხელ ევროპელებს შევეკითხე, რატომ გეშინიათ რუსეთის-მეთქი? საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობს, ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაშლილია… თქვენ კი რატომ დატოვეთ ნატოს ბლოკი ხელუხლებლად? ახლა ვინაა თქვენი მთავარი მტერი-მეთქი“.
ვლადიმირ პუტინმა მითხრა, რომ მან რუსეთის ნატოში გაწევრიანების იდეა წამოაყენა, მას სურდა, რომ თავისი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაერთიანებულიყო. ბრიუსელმა კი მისი იდეა სადღაც ყუთში შეინახა.
კიდევ ერთი მომენტი: რატომ უნდა მიიღონ საქართველო ნატოში? განა ამ ქვეყანას ვინმე ემუქრება? მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვლადიმირ პუტინს უფრო მშვიდობა აწყობს, ვიდრე ომი – გინდ ცივი და გინდაც ცხელი, აქტიური საბრძოლო მოქმედებები. მან თავისი პოზიცია ირანთან მიმართებიც დაადასტურა: თქვა, რომ ირანი რთული ქვეყანაა და თუ ასეთ ქვეყანას ბირთვული იარაღი ექნება, მაშინ ის სახიფათო გახდებაო. პუტინი თანამშრომლობდა ამერიკასთან და ევროპასთან, დატანხმდა ირანის წინააღმდეგ გამოოცხადებულ სანქციებს და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა ძალიან დიდად იზარალა… ეს ნიშნავს, რომ პრობლემები შეიძლება მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს და არა დავებითა და დაპირისპირებებით…
«Die Welt» (გერმანია), 03 იანვარი, 2016 წელი
http://www.welt.de/print/wams/reise/article150543744/Georgien.html
ტიპიური, რეკორდული და საოცარი საქართველო: რა უნდა იცოდეთ ამ ქვეყნის შესახებ
უტე მიულერი
ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს წმინდა გიორგის ხუთჯვრიანი დროშა აქვს. ეს დროშა საქართველოს 500 წლის წინათაც ჰქონდა, როცა ძლიერ ქვეყანას წარმოადგენდა. დღს საქართველო მცირეა, მით უმეტეს, რომ მისმა ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა – აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, რუსეთის დახმარებით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა მათი „სუვერენიტეტს“ არც თბილისი და არც მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები არ აღიარებენ – რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელისა და ნაურუს გარდა.
თქვენ როდისმე გსმენიათ სვანეთის შესახებ? ეს ხელუხლებელი რეგიონი კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთის კალთებზე მდებარეობს. მისი ნაწილი – ზემო სვანეთი იმდენად არქაულია, რომ აქ არსებული ოთხი მთიანი სოფელი, მათ შორის უშგული, იუნესკოს მსოფლიო მმკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ არის შუა საუკუნეებში აგებული 25-მეტრიანი სიმაღლის მქონე თავდაცვითი კოშკები, რომლებთაც დრომ ვერაფერი დააკლო და დღემდე ამაყად დგანან. ამ კოშკების მეშვეობით სიმამაცით განთქმული სვანი მხედრები არემარეს აკონტროლებდნენ. აქედან მოჩანს 5200-მეტრიანი შხარა, რომელიც რეგიონის ყველაზე მაღალი მთაა.
„სტუმარი ღვთისაა“, – ასე ჟღერს ქართული ანდაზა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში სტუმარს ყველაზე კარგად უმასპინძლდებიან. ქართული სამზარეულო ყველაზე გემრიელი კერძებითაა ცნობილი ყოფილ საბჭოთა იმპერიაში: ფხალი და ბადრიჯნის ფარში ნიგვზით, უგემრიელესი ხაჭაპური, საოცარი ჩურჩხელა, რომელიც შესქელებული ყურძნის წვენით და ნიგვზით მზადდება და ისტორიულად ქართველი მხედრის საკვებ პროდუქტს წარმოადგენდა, თავისი სასარგებლო თვისებების გამო. დღეს ჩურჩხელას საქართველოში თითქმის ყველგან ნახავთ, ქუჩის ფარდულებში გასაყიდად გამოტანილს.
გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმია, ერთგვარი ტაძრის მსგავსი, რომელიც შიშის შთაბეჭდილებას ტოვებს. აქ, ამ პატარა პროვინციულ ქალაქში საბჭოთა დიქტატორი 1878 წელს დაბადებულა. აქაურები მას დღემდე პატივს სცემენ. სახლ-მუზეუმში იოსებ სტალინის ნიღაბი ინახება, აქვე, მუზეუმის ეზოში დგას მისი ჯავშნიანი ვაგონი, აბაზანით.
ქართული ანბანი სამხრეთკავკასიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება და 33 ასოს შეიცავს, რომელშიც ასოთა თანმიმდევრობა ბერძნულ ანბანს შეესაბამება, თუმცა ბერძნულ შრიფტს საერთოდ არ ჰგავს. ყოველ ასოს თავისი ფონემა გააჩნია. წერის დროს მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივაა, რაც ქართული ენის შესწავლას აიოლებს. ქართული ანბანით სარგებლობენ აგრეთვე ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობანი, მაგალითად, მეგრელები და სვანები. აღსანიშნავია, რომ წინა საუკუნეებში ქართული ასოებს რიცხობრივი მაჩვენებლის მნიშვნელობაც გააჩნდა.
ქართულ სადღესასწაულო სუფრას თამადა ხელმძღვანელობს, იგი ცერემონმაისტერის როლს ასრულებს. თამადა სუფრის წევრებს უპირველეს სადღეგრძელოებად უფლის და საქართველოს სადიდებლად სთავაზობს. შემდეგი სადღეგრძელოებია ოჯახის, მშვიდობის, მეგობრობის, სიყვარულის შესახებ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. უცხოელმა სტუმარმა ქართულ სუფრაზე მინიმუმ ერთი სიტყვა მაინც უნდა იცოდეს: „გაუმარჯოს“, ანუ ეს დაახლოებით ნიშნავს „დიდება თქვენ“. სასმისი ყოველთვის ბოლომდე უნდა გამოიცალოს, თორემ სხვანაირად თამადას ეწყინება.
ქართველების თქმით, ღვინის სამშობლო საქართველოა. მართლაც, აქ ვენახების გაშენება ხუთი ათასი წლის წინათ დაიწყეს, ადგილობრივი ვაზის ჯიშების რაოდენობა კი 500-ს აღწევს. საქართველოში წმინდა ნინოს (325-361 წლებში ქრისტიანობის გამავრცელებელი მისიონერის) მართლმადიდებლური ჯვარიც კი ვაზისაგანაა დამზადებული.
ქართული გვარების დიდი უმრავლესობა „შვილით“ მთავრდება, მაგალითად, ბალეტის ცნობილ მსახიობი ნინო ანანიაშვილი, ან ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „შვილი“ თავისი შინაარსით „ბავშვს“ ნიშნავს. იოსებ სტალინის ნამდვილი გვარი ჯუღაშვილია. ქართული გვარის კიდევ ერთი პოპულარული დაბოლოებაა „ძე“, რომელიც უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში გვხვდება – მაგალითად, ექს-პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. „ძე“ თავისი არსით „ვაჟს“ ნიშნავს.
«СТВ – Столичное Телевидение» (ბელორუსია), 3 იანვარი, 2016 წელი
ახალი წელი ქართულად: ბელორუსიის ტელევიზიის კორესპონდენტი 2016 წლის დადგომას ბათუმში შეხვდა (ტელერეპორტაჟი)
ბელარუსის ეროვნული ტელეკომპანია „სტოლიჩნოე ტელევიდენიეს“ 3 იანვრის საკვირაო პროგრამა “ნედელიაში“ ერთ-ერთი სიუჟეტი საქართველოს, კერძოდ – ბათუმის დღევანდელ ცხოვრებას მიეძღვნა. მინსკელი ტელეგადამღები ჯგუფი საახალწლო ბათუმს ეწვია და იქაური ტრადიციები და პერსპექტივები ბელარუს ტელემაყურებელს გააცნო.
„ჩრდილოეთ პოლუსზე უჩვეულო დათბობა შეინიშნება, ქართულ ბათუმს კი ასევე უჩვეულო თოვლი დაატყდა თავს, თანაც ისეთი, რომ ავიამიმოსვლა შეწყდა და ჩვენი გადამღები ჯგუფი, რომელიც წინასაახალწლოდ ბათუმში გაემგზავრა, ახლა უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს მასალის მომზადება“, – ამბობს „ნედელიას“ წამყვანი და ბელარუს ტელემაყურებელს კორესპონდენტ ოლღა იურუტის მიერ მომზადებულ სიუჟეტს სთავაზობს.
ტელემასალაში ვრცლადაა აღწერილი აჭარის მოსახლეობის ტრადიციები, ადგილობრივი სამზარეულო, ბათუმელებისა და მთიანი აჭარის მოსახლეობის ცხოვრება, ახალი წლის ზეიმი ბათუმში, აჭარელი ბიზნესმენებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციები რეგიონის განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით. სიუჟეტში საუბრობენ რიგითი მოქალაქეები, აგრეთვე ბათუმის სამშენებლო კომპანიის დირექტორი რაულ კახაძე, აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი…
ფრაგმენტი სიუჟეტიდან:
„ამ ზაფხულს ქართული ბათუმი და ბელორუსული ბრესტი დაძმობილებული ქალაქები გახდნენ. ბელარუსს და საქართველოს აჭარის რეგიონს ურთიერთსასარგებლო ტურიზმის განვიტარება შეუძლიათ: ჩვენ ზღვა არ გვაქვს, გვაკლია მთის ჰაერი და მზის სითბო, ბათუმელებს კი ბელარუსის ტბებითა და ბელოვეჟსკაია პუშჩას ტყეების სილამაზით დატკბობა შეუძლიათ.
გიორგი ერმაკოვი, ბათუმის მერი: „მე ყველა ბათუმელს ვეუბნები, რომ ბელოვეჟსკაია პუშჩა აუცილებლად უნდა დაათვალიერონ. ბელორუსიას ზამთარში დასასვენებლად ძალიან კარგი პირობები აქვს. ყველა ბელარუსს, ყველა ბრესტელს ვულოცავთ ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ დაძმობილებული ქალაქების – ბათუმისა და ბრესტის ურთიერთობა 2016 წელს თავის დიდ წვლილს შეიტანს საქართველო ბელარუსის ურთიერთობაშიც“.