globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 4th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Заутра тваей краiны» (ბელარუსი): რუსეთის მოკავშირის პირველი ვიზიტი საქართველოში // ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობით აბრაზებდა, რეფორმებს კი არ ატარებდა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ალექსანდრე ლუკაშენკოს გულმა საქართველოსკენ გამოუწია: თბილისში ბელორუსიის პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან

«День» (უკრაინა): მიხეილ სააკაშვილის რისკი: უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნა თბილის-კიევის ურთიერთობას შეცვლის

«Эхо» (აზერბაიჯანი): უკრაინის ელჩის დემარში ბაქოში: „საქართველო გვეხმარება, ლიტვა გვეხმარება… თქვენ?“

———————-

«Заутра тваей краiны» (ბელარუსი), 4 თაბერვალი, 2015 წელი

http://zautra.by/art.php?sn_nid=17543

რუსეთის მოკავშირის პირველი ვიზიტი საქართველოში

ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლს მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობით აბრაზებდა, რეფორმებს კი არ ატარებდა

გენადი კოსარევი

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აპრილის თვეში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა – პირველად მისი პრეზიდენტობის 20 წლის განმავლობაში.

რას მოუტანს ბელარუსის პრეზიდენტი თანამემამულეებს თბილისიდან?

„ბელარუსის მხარეს იმედი აქვს, რომ საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამამულო ტექნიკას მიაწვდის, – თვლის პოლიტიკური მიმომხილველი რომან იაკოვლევსკი, – ჩვენთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის  დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმების გამოცდილების გაზიარება.

ანალიტიკოსის თქმით, იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვისა და თბილისის შერიგებას შეეცდება: „ალექსანდრე ლუკაშენკოს თავისი სტილით შეუძლია ქართველებს შუამავლობა შესთავაზოს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მიზნით, რომელიც ძალიან გაცივდა 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ. მას უყვარს ამგვარი როლების შესრულება“.

თუმცა, როგორც რომან იაკოვლევსკი აღნიშნავს, უცნობია, სურთ თუ არა მოსკოვსა და თბილისს ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობა, ისარგებლებენ თუ არა ისინი ბელარუსის პრეზიდენტის კეთილი ნებით: „საქართველოს ახალი ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირში ინტეგრირებისა და ნატოში გაწევრიანების პოლიტიკას. ამის მიუხედავად, ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში თბილად შეხვდებიან. ქართველები მადლიერები არიან, რომ მან თავი შეიკავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებისაგან“, – ხაზს უსვამს ექსპერტი.

რომან იაკოვლევსკი არ გამორიცხავს, რომ ბელარუსის მეთაურის ვიზიტი შეიძლება თბილისში მომხდარი ტრაგედიის 26-ე წლისთავს დაემთხვეს: „1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა სამხედრო მოსამსახურეების მიერ საპროტესტო მიტინგის დაშლისას 19 დემონსტრანტი დაიღუპა. იმ ტრაგიკული მოვლენის სამახსოვროდ საქართველოში ყოველწლიურად ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო პატივს მიაგებს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას“, – აღნიშნავს რომან იაკოვლევსკი.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 4 თებერვალი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2660242

ალექსანდრე ლუკაშენკოს გულმა საქართველოსკენ გამოუწია: თბილისში ბელორუსიის პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან

გიორგი დვალი

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პირველად ეწვევა – სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აპრილში. პირველმა მისი ვიზიტის თაობაზე განაცხადა ბელორუსიის სოპფლის მეურნეობისა და სურსათვის მინისტრმა ლეონიდ ზაიაცმა ქართულ-ბელორუსულ ერთობლივ სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე მინსკში.

თბილისში ბელორუსიის ლიდერის ვიზიტს „სრულიად ბუნებრივად“ მიიჩნევენ, ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციის გათვალისწინებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების საკითხში. საქართველოს საგარეოპოლიტიკურ უწყებაში „კომერსანტს“ დაუდასტურეს, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით „ინტენსიური მზადება“ მიმდინარეობს“, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. „ბელორუსია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია“, – უთხრა „კომერსანტს“ ერთ-ერთმა წყარომ სამინისტროში და გაიხსენა, რომ მინსკმა „არ აღიარა საქართველოს ხელისუფლების კონტროლიდან გასული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ჩვენს ქვეყანასტან უვიზო რეჟიმი შეინარჩუნა“.

„ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ურთიერთობის დამყარება ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო“, – გაიხსენა „კომეერსანტთან“ საუბარში ქართველმა პოლიტოლოგმა დავით ავალიშვილმა. მისი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბელორუსიის თავისუფალი ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის და ის, რომ ქართველები, რომლებთაც რუსეთის ფედერაციაში შესასვლელი ვიზა არ აქვთ, რუსეთში მაინც თავისუფლად შედიან ავტობუსით ან მატარებლით, მინსკის გავლით“.

«День» (უკრაინა), 3 თებერვალი, 2015 წელი

http://www.day.kiev.ua/uk/article/ekonomika/ryzyk-saakashvili

მიხეილ სააკაშვილის რისკი: უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნა თბილის-კიევის ურთიერთობას შეცვლის

ალა დუბროვიკი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად ემზადება. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ფრონტის ხაზი დღეს უკრაინაზე გადის და რომ კორუფცია უკრაინისთვის ისეთივე მტერია, როგორც რუსეთის ჯარები და რუსული ტანკები. ამიტომაც იგი დოკუმენტებს აგროვებს საჯარო კონსკურსში მონაწილეობის მისაღებად – მას კიდევ აქვს ვადა ამისათვის 12 თებერვლამდე.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის თაობაზე ახალი არ არის. ქართველ პოლიტიკოსს ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან „ნათლავდნენ“, მაგრამ იმ დროს ჩვენი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში (2014 წლის 7 დეკემბერს) მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ თანამდებობის გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ იტყოდა (სხვათა შორის, ჩვენ მას ახლახან წერილი გავუგზავნეთ და ვთხოვეთ აეხსნა, თუ რატომ შეიცვალა ასე სწრაფად აზრი მოქალაქეობის თაობაზე. ველოდებით მის პასუხს!).

გამოდის, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში რარაც ისეთი ცვლილება მოხდა, რომ იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და უკრაინული კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად განწყობილიყო. მართალია, საკონკურსო კომისიამ, მოქმედი კანონის დარღვევით, შეცვალა კონკურსის პირობები და უცხოელებს მასში მონაწილეობის ნება დართო, მაგრამ არ შეცვლილა კანონის ის მუხლის, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქე არ უნდა იყოს, ანუ უკრაინის მოქალაქეობა სავალდებულოა! და როგორც ჩვენმა გაზეთმა გუშინ დააზუსტა, საპარლამენტო კოალიციის გეგმებში ამ მუხლის ცვლილება დაგეგმილი არ არის.

ისე, ზოგადად, კანონს მაინც შეცვლიან: პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია «კანონპროექტი №1660Д», რომლის თანახმად, ამ სამართლებრივ აქტში ბრუნდება ადრე ამოღებული პუნქტები, კერძოდ, ბიუროს დირექტორისა და წევრების მაღალი ხელფასების შესახებ, აკრძალვა იმ პირებისათვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მილიციის, უშიშროებისა და პროკურატურის სისტემაში არსებულ ანტიკორუფციულ სტრუქტურებში მუშაობდნენ. კიდევ ერთი სიახლეა ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივების შემოღება, რომლებიც ერთდროულად გამომძიებლებიც იქნებიან და ოპერატიული მუშაკებიც. ჩამოყალიბდება აგრეთვე სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა…

სხვათა შორის, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორად დანიშვნა იოლი საქმე არ არის. აბა, დავფიქრდეთ: ამ თანამდებობაზე მის დამტკიცებას ხომ სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებში რიგი შედეგების გამოწვევა შეუძლია, კერძოდ, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთდამოკიდებულებაზე. „მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ვერ გაიგებენ როგორც მისი [ქართველი] ამომრჩევლები, რადგან ეს მოქალაქობაზე უარის თქმას ნიშნავს და ვერც, მით უმეტეს, გიორგი მარგველაშვილი…“, – აღნიშნა ვიტალი შაბუნინმა.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 4 თებერვალი, 2015 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=78013

უკრაინის ელჩის დემარში ბაქოში: „საქართველო გვეხმარება, ლიტვა გვეხმარება… თქვენ?“

(შემოკლებით)

გუშინ აზერბაიჯანში უკრაინის ელჩმა ალექსანდრე მიშჩენკომ, რომელიც ბაქოში არსებულ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ საერთაშორისო პრეს-ცენტრში პოლიტოლოგ ელჰან შახინოღლუს წიგნის „მაიდნიდან მაიდნამდე“ პრეზენტაციას დაესწრო,  აზერბაიჯანის ხელისუფლების პოზიცია უკრაინასთან მიმართებით მკაცრად გააკრიტიკა.

რამ გამოიწვია უკრაინელი დიპლომატის ასეთი ღია დემარში და რა თქვა მან?

„რა ვქნა ახლა, გამოვიდე და ვთქვა, რომ ბაქოში მე ცენზურა დამიწესეს და ამ დროს მარწმუნებენ იმაში, რომ აზერბაიჯანში ცენზურა არ არის? პირდაპირ ვამბობ: თუ სადმე მივდივარ სიტყვით გამოსასვლელად, მე ტელეფონით მირეკავენ და წინასწარ მეუბნებიან, რომ რუსეთი არ გავაკრიტიკო. აბა, მაშ, რაზე უნდა ილაპარაკოს უკრაინის ელჩმა? იმ ქვეყნის ელჩმა, რომლის წინააღმდეგ რუსეთიი აგრესიას ახორციელებს?“, – განაცხადა პრეს-ცენტრში ჟურნალისტების წინაშე ალექსანდრე მიშჩენკომ.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპყრობით პოლიტიკაზე. იგი შეეხო აგრეთვე ახლახან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე აზერბაიჯანის დელეგაციის პოზიციას და განაცხადა, რომ ბაქო არასწორად მოიქცა: „ფაქტიურად, აზერბაიჯანმა რუსეთს მხარი დაუჭირა. რატომ? ყველაზე მეტად საწყენი ისაა, რომ სომხებმა, პრინციპში, თავი შეიკავეს, დიპლომატიურად მოიქცნენ, აზერბაიჯანმა კი მხარი დაუჭირა. აზერბაიჯანი ყოველთვის აცხადებს, რომ მის მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებენ. ჰო, სამართლიანობა აზერბაიჯანის მხარეზეა, მაგრამ რა შუაშია აქ უკრაინა? აბა, როგორ შეხედავთ იმ ფაქტს, როცა მომავალ სხდომაზე უკრაინა, დავუშვათ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ მისცემს ხმას? ესაა გზა არსაით“.

ელჩმა აღნიშნა, რომ ყოველტვის მოუწოდებდა საერთაშორისო არენაზე ორი ქვეყნის ძალისხმევა გაერთიანებულიყო: „მე ვაღიარებ, რომ უკრაინა ნაკლებ ყურადღებას უთმობდა აზერბაიჯანის პრობლემებს. მე დიპლომატი ვარ და ეს ყველაფერი მესმის… მაგრამ ავიღოთ უბრალო უკრაინელი, რომელმაც ახალ ამბებში მოისმინა, რომ აზერბაიჯანმა მხარი რუსეთს დაუჭირა. მე მამშვიდებენ იმით, რომ აზერბაიჯანი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს და არასოდეს მხარს არ დაუჭერს არავითარ რეზოლუციას ამ საკითხში… მიყვებიან რაღაც ზღაპრებს, რომ დისკუსიებისთვის რაღაც ფორმატი უნდა დავტოვოთ, თორემ სალაპარაკო არავისთან არ გექნებათო… მაშინ როგორი იქნება, უკრაინამ რომ დაივიწყოს [სომხეთის კონტროლქვეშ არსებული] ყარაბაღის ირგვლივ შვიდი რაიონი? მაგრამ ჩვენ ხომ ამაზე არასოდეს არ წავალთ“.

ალექსანდრე მიშჩენკომ აღნიშნა, რომ კარგად ესმის აზერბაიჯანის ხელისუფლების რისკები, მაგრამ მისთვის გაუგებარია, რა სარგებლობას ნახავს აზერბაიჯანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის წინააღმდეგ ხმის მიცემით. „ახლა მე როგორ დავარწმუნო კიევი იმაში, რასაც მე ბაქოში მეუბნებიან? დაეხმარეთ უკრაინას ერთი კარავით მაინც! არ გვინდა მილიარდი. საქართველო გვეხმარება, ლიტვა გვეხმარება.. თქვენ?“, – აღნიშნა ემოციურად ელჩმა.

—————

„ეხო“-ს კომენტარი

უკრაინის ელჩმა, როგორც ჩანს დაივიწყა, რომ სომხეთი იმ თერთმეტი ქვეყნიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც მახარი არ დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას გაეროში. ამასთან, მიუხედავად მოსალოდნელი გარე ზეწოლისა, აზერბაიჯანმა მტკიცედ გამოხატა თავისი პოზიცია უკრაინის დასაცავად. ასე რომ, ამგვარ სიტუაციებში აზერბაიჯანის შედარება სომხეთთან უადგილოა და არაკორექტული.

რაც შეეხება დახმარების გაწევას:

აზერბაიჯანი უკრაინას მატერიალურ დახმარებას ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მმართველობის პერიოდიდან უწევდა. როცა კიევს საწვავ-საპოხი მასალები სჭირდებოდა (2000-იანი ნწლების დასაწყისში), აზერბაიჯანმა მისი თხოვნა ოპერატიულად, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე შეასრულა (სიტუაცია კატასტროფულს უახლოვდებოდა). ამისათვის შემდეგ ბევრმა უკრაინელმა (ლიდერებმა და რიგითი მოქალაქეებმა) აზერბაიჯანს მადლობა უთხრეს. ამგვარი შემთხვევევი ბევრი იყო.

მაგრამ სხვა მაგალითებიც შეიძლება გავიხსენოთ…

აი, ვთქვათ, აზერბაიჯანელებს რომ უკრაინაში მასობრივად აუკრძალეს შესვლა. ამაზე ჩვენი გაზეთიც წერდა, მაგრამ უკრაინის სახელმწიფო ორგანოებიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია..

ყოველი სახელმწიფოს ელჩი, როცა იგი რაიმეს ლაპარაკობს, თავის გამონათქვამებში ფრთხილი უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ სახელმწიფოს მისამართით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად მხარს უჭერს და იცავს მისი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ეშინია ამის შესახებ გაეროში თავისი პოზიციის დააფიქსიროს, იგივე სომხეთისაგან განსხვავებით.

არ უნდა უღირდეს უკრაინის ელჩს, რომ მან აზერბაიჯანი სომხეთთან ერთ სიბრტყეში დააყენოს. ჩვენ უკვე ვწერდით ერთხელ, როცა დამამცირებლად მოიხსენიეს «баку» პატარა ასოთი «Ереван»-თან ერთად… ალბათ, უფრო ხშირად უნდა ვწეროთ.

Comments are closed