«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მოხსენებით მიმართა
«Iran Russian Radio» (ირანი): აშშ-ის მიზნები: რატომ დაეხმარა ამერიკა საქართველოს 10 მილიონი დოლარით?
«Вести FM» (რუსეთი): საქართველოში აღმოჩენილი გაზი, ანუ იმ დათვის ტყავი, რომელიც ჯერ მოკლული არ არის
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 4 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/margvelashvili-annual-address/3174917.html
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მოხსენებით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მესამე ყოველწლიური სიტყვით მიმართა. ქუთაისში, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტარებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საჭიროებაზე ისაუბრა. ის ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტმა მთავრობას სასამართლო სისტემის სწრაფი გარდაქმნისკენ მოუწოდა და საქართველოსა და რეგიონის წინაშე მიმდინარე წელს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად შეაფასა: „საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის,” თქვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
————
საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას ყურადღება მიაქცია რუსულმა მასმედიამაც: გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთს მოსკოვისადმი წინააღმდეგობისაკენ მოუწოდა“, რომელშიც მოკლედაა გადმოცემული გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის ძირითადი მომენტები და, რასაკვირველია, აქცენტი უმთავრესად გადატანილია რუსეთის საგარეოპოლიტიკურ კურსზე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ – „რბილი ძალის გამოყენება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წინააღმდეგ“. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს „გაზპრომის“ მიმართ, რადგანაც ცნობილია, რომ რუსეთი ენერგეტიკას პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. ჩვენმა მთავრობამ წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთოს“, – მკაცრი ტონით განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა და ამით მიანიშნა, რომ იგი მხარს უჭერს ოპოზიციის, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მოთხოვნას „გაზპრომ“-თან თანამშრომლობის დაუშვებლობის თაობაზე.
წყარო: გაზეთი „კომერსანტი“ – http://www.kommersant.ru/doc/2907575
«Iran Russian Radio» (ირანი), 03 თებერვალი, 2016 წელი
http://russian.irib.ir/analitika/commentarii/item/270451
აშშ-ის მიზნები: რატომ დაეხმარა ამერიკა საქართველოს 10 მილიონი დოლარით?
ირანის სახელმწიფო რადიოსადგურმა „ირანის ხმამ“ კომენტარი გაუკეთა ქართული მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ვაშინგტონი საქართველოს 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს მაღალი სიზუსტის მქონე მოწყობილობებისა და იარაღის შესაძენად, სახელმწიფო საზღვრების კონტროლისა და დაცვის მიზნით. შეთანხმებას ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში მოეწერა.
„აშშ-ის მიერ საქართველოსათვის სამხედრო-ტექნიკური დახმარების გაწევა მხოლოდ ამ ფაქტით არ ამოიწურება. თბილის-ვაშინგტონის ამგვარი ურთიერთობა სათავეს იმ დროიდან იღებს, როცა საქართველო, ნატოს სამშვიდობო პროგრამების ჩარჩოებში, ცდილობდა უფრო აქტიურად წარმოეჩინა საკუთარი თავის აშშ-სთან მიმართებით, ვიდრე სხვა რესპუბლიკებს. ასეთი აქტიური თანამშრომლობის შედეგი ის გახლდათ, რომ დადგა დრო, როცა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ინსტრუქტორებმა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება მიიღეს. რასაკვირველია, თბილისმა იგრძნო, რომ მას საკმარისი ძალა აქვს ურჩების დასასჯელად და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, თუმცა სამხედრო მოქმედებებში რუსეთის ჩართვამ ომის ბედი გადაწყვიტა – საქართველო დამარცხდა. მასთან ერთად პოლიტიკური მარცხი განიცადა შეერთებული შტატების კურსმაც რეგიონში.
იმ ხანებში ბევრი დასავლელი პოლიტიკური ექსპერტი და სპეციალისტი თვლიდა, რომ რაც უფრო დასუსტდებოდა რუსეთი, მით უფრო იოლი იქნებოდა ვაშინგტონისათვის საკუთარი გავლენის გავრცელება კავკასიასა და ცენტრალური აზიიის რეგიონებში, ასევე უკრაინის და ბელორუსიის მიმართ. მაგრამ საქართველოს თავდასხმამ სამხრეთ ოსეთზე [და მასში რუსეთის ჩარევამ], რომელიც ისტორიაში „მეორე კავკასიური ომის“ სახელი შევიდა, დასავლელი პოლიტიკოსების კარტები აურია. მოგვიანებით იგივე დადასტურდა უკრაინის მიმართაც, სადაც კრიზისის მოგვარება [რუსეთის ჩარევით] ჩიხში შევიდა. ამის მიუხედავად, ამერიკას ჯერ კიდევ სურს ამიერკავკასიის რეგიონში თავისი პოლიტიკა ძველებურად გააგრძელოს.
განსხვავება იმაშია, რომ ამჯერად აშშ ცდილობს საქართველოს არმიის ძალა სომხეთთან საზღვარზე წარმოაჩინოს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, მაშინ ძალიან იოლად ასახსნელია იმ ფინანსური და სამხედრო დახმარების მნიშვნელობა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს ე.წ. „ქართული არმიის განმტკიცების პროგრამის“ ფარგლებში, საზღვრის დაცვის მიმართულებით.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ვაშინგტონის მხრიდან გაწეული ესოდენ გულუხვი დახმარება განპირობებულია საქართველოს ატიური მონაწილეობით ავღანურ კამპანიაში და ამით ამერიკა თბილისს მადლობას უხდის.
აშშ-ისა და სომხეთის ურთიერთობის ისტორიისა და ამერიკაში ძლიერი სომხური ლობის არსებობის გათვალისწინებით, რასაკვირველია, ვაშინგტონის მიერ თბილისისადმი გაწეული დახმარება ერევნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არაა, მაგრამ საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება სომხეთის მისადგომებთან შეიძლება რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად იქცეს. გარდა ამისა, გამორიცხული არაა, რომ სომხურმა მხარემ დამატებითი დახმარება მიიღოს რუსეთისაგან, რომლის შემდეგ კავკასიის რეგიონი შეიძლება აშშ-რუსეთის კონკურენციის, გამალებული შეიარაღების არეალად გადაიქცეს – პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაზრდის მიზნით. ეს მომენტი რუსეთის ეკონომიკას მძიმე ტვირთად დააწვება.
ისიც უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ ბოლო დრომდე, 2008 წლის შემდგომ პერიოდში, ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცება-განვითარების მიზნით რაიმე მოქმედებას არ მიმართავდა. იმავდროულად ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ საქართველოს მძიმე ეკონომიკური პრობლემები აქვს და მათ მოგვარებას დასავლეთთან და აშშ-სთან ინტეგრირების მეშვეობით ცდილობს,ფინანსურ და სამხედრო-ტექნოლოგიურ სფეროებში.
ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ვაშინგტონისთვის ამიერკავკასიის რეგიონი თითქოსდა პრიორიტეტული აღარ არის, მაგრამ საქართველოსადმი დახმარების გაწევა იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკა კვლავ ცდილობს თავისი ფინანსური ძალა რუსეთის „ალყაში მოქცევის პროგრამის“ გასაფართოებლად გამოიყენოს და და შეასუსტოს მოსკოვის გავლენა იმ რეგიონში, რომელსაც რუსეთი თავის „შემოგარენად“ მიიჩნევს.
«Вести FM» (რუსეთი), 03 თებერვალი, 2016 წელი
http://radiovesti.ru/episode/show/episode_id/37876
საქართველოში აღმოჩენილი გაზი, ანუ იმ დათვის ტყავი, რომელიც ჯერ მოკლული არ არის
ამერიკულმა კომპანია „ფრონტერამ“ საქართველოში 5 ტრილიონი კუბმეტრი გაზის მქონე საბადო აღმოაჩინა. რამდენად სერიოზულად უნდა აღვიქვათ ეს ინფორმაცია? საით იქნება ეს გაზი ექსპორტირებული? ამ და სხვა თემებზე რადიოსადგურ „ვესტის“ ეთერში ევგენი სატანოვსკი და სერგეი კორნეევსკი საუბრობენ.
ევგენი სატანოვსკი: ჩვენს მსმენელებს მინდა ვაუწყო, რომ მსოფლიოში გაზის დიდი საბადოების მქონე ახალი სახელმწიფო გამოჩნდა… 5 ტრილიონი კუბმეტრი ჰქონია.
სერგეი კორნეევსკი: ეს სასიხარულო ცნობაა?
ევგენი სატანოვსკი: დიახ და ამ სახელმწიფოს, ბევრისთვის მოულოდნელად, საქართველო ჰქვია.
სერგეი კორნეევსკი: ვაჰ, აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი… „გრუზია მოია… სულიკო“ (წაიღიღინა). და თან ხუთი ტრილიონიო?
ევგენი სატანოვსკი: ჰო, ამერიკელი სპეციალისტები ასე ამბობენ. მახსოვს, იგივეს აცხადებდა კიდევ ერთი ამერიკული კომპანია უკრაინაში… არა, „ფრონტერა“ კი არა… ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ვაჟმაც თქვა, რომ უკრაინაში იმდენი ფიქლების გაზია, რომ მთელ ევროპას დაგაზავსო, საზიზღარი რუსები კი თავიანთი გაზით გაიგუდებიან, არავინ აღარ იყიდისო. მერე საეჭვოდ გაჩუმდნენ. ამას წინათ კი „შევრონმა“ უკრაინიდან გაქუსლა. აღმოჩნდა, რომ ფიქლების გაზის ძიება-ამოღება პოლონეთშიც შეწყდა და უკრაინაშიც, საერთოდ ევროპაშიც. ახლა, მოდი გავარკვიოთ, სად წაიღებს საქართველო ამდენ გაზს. „ფრონტერა“ ამბობს, რომ ხუთ წელიწადში ქართველები გაზის ექსპორტს დაიწყებენ. ალბათ, თურქეთს მიაწვდიან.
სერგეი კორნეევსკი: ოო, თურქეთს ნამდვილად გაუმართლა!
ევგენი სატანოვსკი: რა თქმა უნდა. სულ რარაც ხუთი წლის შემდეგ ქართული გაზით თურქეთი ისარგებლებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც.
სერგეი კორნეევსკი: ანუ ისინი ჩვენს გაზზე უარს იტყვიან და თავისუფლად ისუნთქებენ..
ევგენი სატანოვსკი: აგრეთვე მათ შეუძლიათ უკრაინის „ნაფტოგაზ“-თან შეთანხმებები გააფორმონ და საქართველოში თხევადი გაზის ქარხნები ააშენონ…
სერგეი კორნეევსკი: ანუ ისინი იმ დათვის ტყავს იყოფენ, რომელიც ჯერ არ მოუკლავთ…
ევგენი სატანოვსკი: გახსოვს, „ფრომტერამ“ ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე განაცხადა, რომ საქართველოში 3,8 ტრილიონი კუბმეტრი გაზი აღმოვაჩინეო, ახლა კი ამბობს, რომ სამი კი არა, ხუთი ყოფილაო. მე კი ვიტყოდი, რომ 25 ტრილიონია.
სერგეი კორნეევსკი: არა, არ გინდა… სიტყვიერ ინტერვენციას ნუ განახორციელებ…
ევგენი სატანოვსკი: რატომაც არა? ბოლოსდაბოლოს.ჩემს სიძეს საქართველოში ნათესავები ჰყავს… მეც მყავს ბევრი მეგობარი თბილისში – ღირსეული, საოცარი, ვაჟკაცი ადამიანები. მადლობა ღმერთს, რომ მათ მიხეილ სააკაშვილი თავიდან მოიშორეს. იცი, მე ახალი წლის წინ საქართველოში ვიყავი და ერთ ტაქსისტს გამოველაპარაკე, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა თავისი ყოფილი პრეზიდენტისათვის კისერი მოეგრიხა, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა ბუშის ქუჩაზე გავიარეთ. მე ხუმრობით ვთქვი, გამზირისთვის დაგერქმიათ ეს სახელი-მეთქი, მან კი ბუშ-უმცროსს გინება დაუწყო.