«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვისაცაა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვიზალიბერალიზაცია აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის: შიში თუ სარგებელი?
«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია): ქართული „ცეკვა“ ორ სამყაროს შორის // დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მოქცეული საქართველო ცდილობს უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
—————–
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//რადიო თავისუფლება» (აშშ), 4 თებერვალი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/uvizo-mimosvla-da-okupirebuli-teritoriebi/28277088.html
უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვისაცაა
ნინო ხარაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მიეძღვნა, განაცხადა, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ. ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მოსყიდვის მორიგ მცდელობად“ შეაფასა. როგორ აფასებს, თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებას თბილისი?
„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს ხაზი გაუსვას, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და არანაირად არ შეეხება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალქეებს“, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორ თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, შეეხებათ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს: „ეს გადაწყვეტილება არის პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაცია, ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის“.
მიხეილ ჯანელიძის ამ განცხადებას აფაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აფასებს საქართველოს ხელისუფლების მორიგ მოუქნელ ნაბიჯად იმისათვის, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ჩართონ საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში, რაც ე. წ. „ნეიტრალური პასპორტების“ წამოწყების სრული ჩავარდნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მორიგი სატყუარაა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რაც, წინა მცდელობების დარად, განწირულია“, – ნათქვამია აფზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სახელმწიფო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, უვიზო გადაადგილების უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული შედეგი, რომლით სარგებლობასაც საქართველოს თითოეული მოქალაქე შეძლებს და ახლა მისი ამოცანაა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მაქსიმალურად მოქნილი პირობები შეუქმნას ამ თვალსაზრისით: „ჩემი ამოცანა გახლავთ ის, რომ ეს იყოს როგორც გეოგრაფიულად მიახლოებული, ისე პროცედურულად მაქსიმალურად გამარტივებული, ხელმისაწვდომი საქართველოს პასპორტებზე“.
როგორც „მშვიდობის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი, კონფლიქტოლოგი შოთა შველიძე ამბობს, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ლოგიკურ შეთავაზებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისგან მსგავსი რეაქცია მოჰყვებოდა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსის განცხადება – თუნდაც, საერთო სიკეთის თაობაზე – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გაგებულია როგორც აფხაზეთის დაბრუნების მცდელობა. ასეთი განწყობა აქვს აფხაზეთში არა მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ ელიტას, არამედ სამოქალაქო სექტორის დიდ ნაწილსაც, ამბობს შოთა შველიძე:
„თბილისის მხრიდან მათ არ უნდათ ევროპაში გასვლა, ისინი ამ პრივილეგიაზე არ მიდიან განზრახ. ისინი ამ ყველაფერს აღიქვამენ, როგორც საქართველოშო დაბრუნებას, ანუ მათ არ უნდათ საქართველოს გამოყენებით ევროპაში გასვლა. უნდათ თავად დაამყარონ პირდაპირი კავშირები, რაზეც, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, თბილისის პოზიციაც ლოგიკურია, რომ თუ თქვენ არ იღებთ ქართულ პასპორტს, მაშინ ჩვენ როგორ უნდა შეგიწყოთ ხელი ევროპაში ისწავლოთ. მაგრამ არსებობს გზები და უნდა მოინახოს ეს გზები, რომ აფხაზეთის დეოკუპაცია მოხდეს“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობისგან სხვაგვარი შინაარსის განცხადებას არც ელოდა „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძე. ამას, მისი განმარტებით, ორი მიზეზი აქვს. ერთი, რომ სავიზო ლობერალიზაციით სარგებლობაში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ხიფათს ხედავს, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ისინი თავის არჩევანში თავისუფალნი არ არიან და ასეთი განცხადება მათი „საგარეო ორიენტირებითაა“ ნაკარნახევი. აფხაზეთის მოქალაქეებისგან ამ სიკეთეებით სარგებლობა იმ იდეოლოგიურ და ფიზიკურ გავლენას შეამცირებს, რომელსაც დღეს აფხაზეთი განიცდის, – ამბობს ლევან გერაძე, ვინაიდან აფხაზ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარების ევროპული მაგალითები ნახონ: „ნახონ, ბავარიაში რა ხდება და როგორ აქვს ბავარიას შენარჩუნებული თვითმყოფადობა. ნახონ, საფრანგეთში – ელზასში – რა ხდება, რომელიც მე-20 საუკუნეში სამჯერ გადავიდა ხელიდან ხელში და მოსახლეობამ სამჯერ გამოიცვალა მოქალაქეობა ისე, რომ საცხოვრებელი ადგილი არ შეუცვლია. ნახონ, როგორი განსხვავებულია ჰოლანდია დანარჩენი ევროპისგან და, ამავე დროს, რა ევროპულია“.
ლევან გერაძის თქმით, სწორედ ამის გამო არ შედის აფხაზეთზე გავლენის მქონე პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებში ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების თაობაზე.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ 25 წლის წინ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ დამოუკიდებლობა აირჩია და არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს საქართველოსთან. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის პასპორტები და დოკუმენტები აქვთ, შეუძლიათ სრულიად თავისუფლად იმოგზაურონ, საქართველოს ხელისუფლება და მათი ევროპელი მფარველები რომ არ აბრკოლებდნენ. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მხოლოდ პარიტეტულ საფუძველზე ხედავს და სხვაგვარი თანამშრომლობის სურვილი არა აქვს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 თებერვალი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/visa-free-and-occupied-territories/3705163.html
ვიზალიბერალიზაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის: შიში თუ სარგებელი?
ნინო დალაქიშვილი
ვიზალიბერალიზაცია ქმედებისა და გადაადგილების მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისთვის და როგორც გუშინ, ოფიციალური პირების მხრიდან, არაერთხელ, აღინიშნა კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვისაც. “ამერიკის ხმა” ვიზალიბერალიზაციისადმი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მაცხოვრებელი ადამიანების განწყობებითა და დამოკიდებულებებით დაინტერესდა.
ახალგორში მაცხოვრებელი თამარ მეარაყიშვილი აქტიური მოქალაქეა. ის ყურადღებით ადევნებს თვალს ყველა სიახლეს, რასაც ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობა წარმოადგენს. ანალოგიურ დამოკიდებულებაშია იგი საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების ქმედებების მიმართ. თამარ მეარაყიშვილი სოციალური ქსელების ინტენსიური მომხმარებელია, მისი პოსტები მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცევა, ეს გავლენას ახდენს დე–ფაქტო ადმინისტრაციაზე იმდენად, რომ ისინი მას ხშირად დე–ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრებზეც იწვევენ. „ამერიკის ხმა“ თამარს დაუკავშირდა და სთხოვა საკუთარი დაკვირვება გაეზიარებინა ვიზალიბერალიზაციისადმი სამხრეთ ოსეთში არსებულ განწყობებზე:
„ვიზალიბერალიზაციის თაობაზე არსებულ განწყობებზე, რაც მე დავაფიქსირე, შემიძლია გითხრათ, ამჟღავნებენ, თითქოს ეს სადღაც სხვაგან მოხდა. სხვისი სიხარული რომ გაგიხარდეს კი არა, რომ გაიზიარო – ასეთი დამოკიდებულება აქვთ. ამბობენ – „უი, რა კარგია, ახლა ივლით საზღვარგარეთ თავისუფლად, გილოცავთ, ქართველებო, კარგი ამბავია“. ანუ უფრო ზოგადი შეფასებები და დამოკიდებულებებია. ნაკლებად იგრძნობა აღტაცება. რაც შეეხება მათ ჩართულობას ამ პროცესში, ვერ დავაფიქსირე. ამ ყველაფერს საკუთარ თავზე არ იღებენ. მოლოდინი ან გეგმები რომ ჰქონდეთ აქედან გამომდინარე, ასეთი არ მომისმენია. შეიძლება აქვთ და უბრალოდ მე არ მომისმენია, ვერ გეტყვით ზუსტად“.
თამარ მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია და საზღვარგარეთ ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე გადაადგილების ხიბლი, კონფლიქტის ზონაში ბიზნეს–ურთიერთობებსაც წაახალისებს: „როცა მე მხედავენ და იციან, რომ თბილისში დავდივარ, პირდაპირ მეუბნებიან – „გვშურს შენი, ნეტავ ჩვენც გაგვიხსნან გზა ერგნეთზეო“. ასეთი გამოხმაურებები განსაკუთრებით უფრო მათგანაა, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული და სჭირდება აქეთ სიარული. პირადად მე დიდი ენთუზიაზმით ვუყურებ ვიზალიბერალიზაციის ამბავს. ვერ ვიტყვი, რომ წელიწადში რამდენჯერმე, მაგრამ თუნდაც ერთხელ იყოს, ხომ შეიძლება შვილთან ერთად წავიდე საზღვარგარეთ სამოგზაუროდ? დამატებით ვიზაზე თანხის გადახდა, შემდეგ ლოდინი დიდი ბარიერებს ქმნიდა“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი და ერთ ისტორიას იხსენებს:
„ახალგორში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის საუბარს შევესწარი (მათ აქვთ ქართული პასპორტები) და ამბობდნენ, რა კარგია, ჩვენც გავისეირნებთ საზღვარგარეთო. მე კიდევ ვიფიქრე, ესენი თუ წავლენ, მოგზაურობის ამბებს ხომ მოუყვებიან ნათესავებს და ახლობლებს ცხინვალში, ეტყვიან როგორ მარტივადაა შესაძლებელი წასვლა–მეთქი. დარწმუნებული ვარ, მოიხიბლებიან. ესეც რომ არ იყოს, ახლა ღიად ხომ ვერავინ გამოხატავს სინამდვილეში რა სურთ“.
2008 წლის ომის შემდეგ ნაზი ბერუაშვილი დევნილად იქცა და ახლა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მისი ნათსავების უმეტესობა დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. ნაზი ახლობლების დანაკლისს მუდმივად განიცდის და წუხს, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. რაც შეეხება საზღვარგარეთ გამგზავრების პერსპექტივას, მას სკეპტიკურად უყურებს შიშის ფაქტორის გამო:
„შეიძლება აღმოჩნდნენ ერთეულები, ვინც გადალახავს ყოველგვარ საშიშროებას და ამაზე წავა. შეიძლება, ვიღაც აღმოჩნდეს, ან სულაც ბევრი ასეთი ადამიანი აღმოჩნდეს, მაგრამ ჩემი ვარაუდი ის იყო, რომ შეეშინდებათ, ვერ გაბედავენ. ამით რომ ისარგებლონ, საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა აიღონ. ისე ხომ ვერ წავლენ? პასპორტს კიდევ არ აიღებენ. ღმერთმა ქნას, შეიძლება აიღონ, მაგრამ ჩემი აზრია, უარს იტყვიან. რაკი ერთხელ ეს გზა აირჩიეს, ახლა აღარ გადაიფიქრებენ. ჩვენ ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა თავის დროზე ამ მიმართულებით და ახლა კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. არა მარტო მათთან, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, არამედ მათთანაც, ვინც აქაა. აქაც ძალიან ბევრს სხვა შეხედულება და წარმოდგენები აქვთ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე. მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.“
დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. დღის წესრიგი წინა შეხვედრებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დაკავებულ ადამიანთა განთავისუფლების საკითხებიდღის წესრიგში უცვლელ პუნქტად რჩება. ქართული მხარე რახანია გიორგი გიუნაშვილის განთავისუფლებას ითხოვს, რომელსაც ოსური მხარე ტერორიზმის ბრალდებას უყენებს.
კახა ქემოკლიძე შსს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს: „ერგნეთის შეხვედრაზე ცალკე საკითხად განვიხილეთ საქართველოს მოქალაქის, გიორგი გიუნაშვილის საქმე, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავაც რჩება უკანონო პატიმრობაში, ეგრეთ წოდებულ ცხინვალის ციხეში. დე–ფაქტოების განცხადებით, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დღეს იმართება. გიორგი გიუნაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დე–ფაქტო სასამართლოს მიერ გამოცხადდება დღეს, რასაც მოგვაწვდიან ცხელი ხაზის საშუალებით.“
რაც შეეხება ორი დღის წინ, სოფელ ატოციდან დაკავებულ ქალებს ისინი განთავისუფლებულები არიან. კონფლიქტის ზონების მიმართ რუსული პოლიტიკა არ იცვლება.
«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია), 04 თებერვალი, 2017 წელი
http://www.tt.com/politik/weltpolitik/12578490-91/georgiens-tanz-zwischen-den-welten.csp
ქართული „ცეკვა“ ორ სამყაროს შორის
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მოქცეული საქართველო ცდილობს უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
ქრისტიან იენჩი
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
საქართველოში თანდათან ქრება ოცნება, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. ევროკავშირის „მისაღებში“ მყოფ საქართველოს რუსეთი პრეტენზიებს უყენებს. ამასთან, საქართველო ცდილობს [რუსეთთან ორმხრივი ზომიერი პოლიტიკა] გაატაროს, რომ უკრაინის ბედი თავიდან აიცილოს. ავსტრიის საგარეო საქმეტა მინისტრი სებასტიან კურცის ვიზიტიც, ეუთოს თავმჯდომარის რანგში, ამ პრობლემებს ეხებოდა.
ქვეყანამ, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისათვის ნამდვილად აქვს პოტენციალი, ჯერ-ჯერობით რუსეთისაგან ჩამოშორება ვერ შეძლო. ამის მიზეზი უპირველესად ისაა, რომ საქართველო ვერ აკონტროლებს თავის ორ რეგიონს – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთი, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.
ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით, საქართველო 2008 წელს, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ღიად ჩაება რუსეთთან კონფლიქტში, რაც თბილისს 800 დაღუპულად დაუჯდა. ახალი ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან წავიდა და მოგვიანებით უკრაინაში დაიწყო მუშაობა. გასული წლის ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“, რომლის ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა. ამის მიუხედავად, ე.წ „გაყინული კონფლიქტები“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგვარებისაგან ჯერ კიდევ შორს არის. მართალია, მოსკოვ-თბილისის დამოკიდებულება ძველებურად მკვეთრად დაძაბული არაა და მეტ-ნაკლებად შერბილდა, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა კვლავ გაწყვეტილია.
საქართველოში ჩასვლამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი, ეუთოს თავმჯდომარის რანგში, მოლდოვაში იმყოფებოდა, დნესტრისპირეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. როგორც მან განაცხადა, „ეუთო გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მოლდოვაში, ასევე საქართველოშიც, რათა დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები არ გამწვავდეს და დიალოგი შენარჩუნდეს“.
ვიზიტის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში დახმარება, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება. ცხადია, ავსტრიელი მინისტრი აცნობიერებს იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონფლიქტების ფეთქებად ხასიათს დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე.
რაც შეეხება ერთი მხრივ, საქართველოსა და რუსეთის, მეორე მხრივ კი საქართველო-ევროპის ურთიერთობას, ამ შემთხვევაში ალტერნატივა არ არსებობს – „საკითხი არ დგას ისე, რომ ან რუსეთი და ან ევროპა… უკეთესი იქნება, რომ ორივე იყოს“. ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა არ უნდა იყოს ხელშემშლელი და დაბრკოლება საქართველო-რუსეთის ისტორიული ურთიერთობისათვის. საქართველო ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და მას ევროკავშირის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს, თუმცა არ უნდა იქნეს დაშვებული ისეთი შეცდომა, რომელიც „ქვეყანას კუთხეშია მიაყენებს“.
რაც შეეხება ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, საქართველო, შეიძლება ითქვას, სანიმუშო მოწაფეა ბევრ სფეროში… სწორედ ამიტომაც ხუთშაბათს ევროპარლამენტმა, ხმების დიდი უმრავლესობით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზებას მწვანე შუქი აუნთო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დროს სებასტიან კურცი ორმხრივი ურთიერთობის საკითხებსაც შეეხო. საქართველო-ავსტრიის კავშირებში დიდი პოტენციალია, რომლის გამოყენება აუცილებელია. ამავე დროს, სებასტიან კურცმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა და რუსეთი, საქართველოს პერსპექტივასთან დაკავშირებით, ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო იმედს ინარჩუნებს, რომ ეუთოს დახმარებით რუსეთთან არსებული პრობლემები მოლაპარაკებით მოგვარდება, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მშვიდობიანად გადაწყვეტის ჩათვლით. ამასთან, ქართველმა მინისტრმა სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების მიზნით დაგეგმილი რეფერენდუმი პროვოკაციად შეაფასა.
სამხრეთ ოსეთი, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, საქართველოსგან 350-კილომეტრიანი ხაზითაა გამიჯნული – ე.წ. „საზღვარი“, რომელიც მავთულხლართის სახითა არსებობს, ჰყოფს მინდვრებს, ბაღ-ბოსტნებს და საცხოვრებელი სახლების ეზოებსაც კი… კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის 300 დამკვირვებელი იმყოფება, მათ შორის, ავსტრიელებიც.