«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ სტალინის გამო ირღვევა // მმართველი კოალიციის დაშლა ხელსაყრელია მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის
«Вестник Кавказа» (რუსეთი): ემუქრება თუ არა გადადგომა თინათინ ხიდაშელს?
«Эхо» (აზერბაიჯანი): „ქართული გამოცდას“ ოფიციალური ერევანი კვლავ ვერ აბარებს
«Независимая газета» (რუსეთი): ადიგენელმა ქრისტიანებმა და მუსულ-მანებმა სასაფლაო გაიყვეს // საქართველოში დაწყებული რელიგიური კონფლიქტის ჩაქრობა მოხერხდა
—————–
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 04 მარტი, 2016 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2929130
„ქართული ოცნება“ სტალინის გამო ირღვევა
მმართველი კოალიციის დაშლა ხელსაყრელია მიხეილ სააკაშვილის მომხრეებისათვის
„ქართულ ოცნების“ პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე კონფლიქტმა მმართველი კოალიცია დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები - გოგი თოფაძე და თინა ხიდაშელი, რაც საგარეოპოლიტიკური ორიენტირებითაა განპირობებული: გოგი თოფაძე და მისი თანამოზრეები საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და მისი თანაპარტიელები კი პირიქით – ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან. დავაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩაერია და მხარეებს საჯარო შეხლა-შემოხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული კრიზისი შეიძლება ოპოზიციამ – მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რევანშის აღება სურს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გამოცემული „მრეწველებისა“ და „რესპუბლიკელების“ ბოლო დღეების დაპირისპირების მიმდინარეობა: გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის განცხადებები პრესით და ტელევიზიით, მათი არგუმენტები ქვეყნის საგარეოპოლიტიკური ორიენტირების შესახებ და ა.შ. იყო არასასიამოვნო ეპითეტებიც… სტატიაში ყურადღება გამახვილებულია თინა ხიდაშელის ტელეგამოსვლაზე „რუსთავი-2“-ის გადაცემაში, როცა მან დეპუტატ გოგი თოფაძეს „სტალინისტი“ და „რუსეთუმე“ უწოდა. მანამდე კი თვითონ გოგი თოფაძემ ნატო და ამერიკა საქართველოსთვის უბედურების მომტანებად“ შერაცხა, იოსებ სტალინი კი „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ გენიოსად მიიჩნია.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, სამ მარტს გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში დაუშვებლად მიიჩნია მმართველი კოალიციის სუბიექტების საჯარო დაპირისპირება და მხარეებს ყველა პრობლემის კოალიციის შიგნით მოგვარებისაკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ საჯარო პოლემიკის დროს ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა – გოგი თოფაძემაც და თინა ხიდაშელმაც, თუმცა პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრს მიანიშნა, რომ იგი არა მარტო პარტიული ლიდერია, არამედ მთავრობის წევრიც და, შესაბამისად, მისი მხრიდან პოლემიკაში ასეთი აქტიური მონაწილეობა დაუშვებელია, „ეს არმიის პოლიტიზებას იწვევს“.
საბჭოტა ეპ[ოქისდროინდელმა დისიდენტმა, რესპუბლიკელმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ გოგი თოფაძემ თავისი მოქმედებით „უკვე წითელი მიჯნას“ გადააბიჯა, რომ მისი განცხადებების მოთმენა არარ შეიძლება, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზეა განსახილველი. აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელთა გაღიზიანებას იწვევს აგრეთვე გოგი თოფაძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ თინა ხიდაშელმა თავისი გავლენით ისარგებლა და საგარეჯოს რაიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გააყალბა.
როგორ მოხვდნენ ერთმანეთისაგან ასე განსხვავებული პლატფორმების მქონე პარტიები ერთ კოალიციაში? „კომერსანტის“ მიერ დასმულ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას ლევან ბერძენიშვილმა ასეთი მიზეზი დაასახელა – „იმ დროს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის ასე იყო აუცილებელიო“. დღეს კი „ნაციონალები“ კმაყოფილებას ვერ მალავენ: „ბოლოსდაბოლოს, რესპუბლიკელები მიხვდნენ, რომ მათთან ერთად კოალიციაში ისეთი ძალებიც არიან, რომლებსაც კრემლი მართავს“, – ამბობს სერგო რატიანი, „ნაციონალთა“ ერთ-ერთი ლიდერი.
ქართველი ექსპერტების აზრით, თუ საკითხი მწვავედ დადგება, „ქართული ოცნების“ ლიდერები „რუსეთუმე“ გოგი თოფაძეს მხარს არ დაუჭერენ. „ქართული ოცნება“ მთლიანობაში პროდასავლურ ძალად მოიაზრება, ამიტომაც კოალიციის წევრებისათვის უფრო ადვილია უარი თქვან გოგი თოფაძის წევრობაზე, ვიდრე რესპუბლიკელებზე“, – განუმარტა „კომერსანტს“ სიტუაცია პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ოცნებაში“ მომხდარი განხეთქილება, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ალბათ წყალს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაპარტიელების წისქვილზე დაასხამს“.
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 04 მარტი, 2016 წელი
http://www.vestikavkaza.ru/material/156147
ემუქრება თუ არა გადადგომა თინათინ ხიდაშელს?
სტატიაში გადმოცემულია ქართველი ექსპერტ-პოლიტოლოგების კომენტარები საქართველოს მმართველ კოალიციაში მიმდინარე მწვავე დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე.
რამდენად სავარაუდოა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომა მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით? ამ კითხვით „ვესტნიკ კავკაზამ“ ქართველ ექსპერტებს – მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პეტრე მამრაძეს, გლობალური ცენტრის ხელმძღვანელს ნანა დევდარიანს და „ექსპერტთა კლუბის“ წევრს ვახტანგ მაისაიას მიმართა.
როგორც პეტრე მამრაძე ამბობს, პრემიერ-მინისტრს სრუოლი უფლება აქვს თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლოს და „ამისათვის მიზეზები საკმარისზე მეტია“. პოლიტოლოგმა გაიხსენა თინა ხიდაშელის გადაჭარბებული და უტაქტო გამონათქვამები ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, როცა იგი განცხადებებს საკუთარი სახელით აკეთებს და მოითხოვს არა „მაპ“-ს, არამედ პირდაპირ ალიანში გაწევრიამნებას. არადა, ამაზე ჩვენი ნატოელი პარტნიორები უარს ამბობენ“. გარდა ამისა, პეტრე მამრაძის თქმით, თავდაცვის მინისტრმა არაკეთილსინდისიერი როლი შეასრულა საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების დროსაც, სადაც „დემოკრატიული ფასეულობები და თავისუფლება ფეხქვეშ იქნა გათელილი. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები ადმინისტრაციული რესურსის სახით გამოიყენა“.
ზოგადად კი, როგორც პეტრე მამრაძე ამბობს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ბოლო დროს მნიშვნელოვნად დაეცა და ამაზე გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის კონფლიქტიც ნეგატიურ გავლენას ახდენს: „აუცილებელია, რომ გორდიას კვანძი გადაიჭრას და ხალხმა დაინახოს, რომ პარტია მედროვეებისა და პირადი გამორჩენის მიზნით შესული ადამიანებისაგან იწმინდება. გიორგი კვირიკაშვილი პატიოსანი კაცია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იგი ყველაფერს ბიძინა ივანიშვილთან ათანხმებს. ეს მანკიერი სისტემაა“.
„რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, რომლის წარმომადგენელი თინა ხიდაშელია, მას უკვე ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს: პარლამენტის სპიკერი, კომიტეტების თავმჯდომარეები, ჰყავთ სამი მინისტრი მთავრობაში… გარდა ამისა, მათი განცხადებით, ისინი კოალიციაში ვითომდა ერთადერთ პროდასავლურ ძალას წარმოადგენენ და თუ ისინი კოალიციიდან გავლენ, კურსი შეიცვლებაო. ასეთი შანტაჟით ღებულობენ რესპუბლიკელები უფრო მეტ თანამდებობებს“, – აღნიშნავს პეტრე მამრაძე და იმედს გამოხატავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ მუქარებს არ შეუშინდება და გიორგი კვირიკაშვილის ხელით ამ პრობლემას მოაგვარებს.
ვახტანგ მაისაიაც ეთანხმება იმ აზრს, რომ შეიძლება თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დაკარგოს: „თინა ხიდაშელი თავს უფლებას აძლევდა მწვავე პოლიტიკური განცხადებები გაეკეთებინა, რაც მისი კომპეტენციაში არ შედის“. ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ „კოალიციაში მყოფი პარტიების რეიტინგი ისედავ ეცემა და ასეთი მოვლენები კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს მათ ავტორიტეტზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით“.
„ფაქტიურად, დღეს ბრძოლა მიდის პროევრაზიულ და პროევროპულ ძალებს შორის, რაც კიდევ უფრო გამძაფრდება. საპარლამენტო არჩევნებიც საგარეოპოლიტიკური ფაქტორების ფონზე ჩაივლის“, – ამბობს ვახტანგ მაისაია.
ნანა დევდარიანის თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ გაბედავს მინისტრის პოსტიდან თინა ხიდაშელის თანამდებობიდან გადაყენებას, მით უმეტეს, საპარლამენტო არცევნები ახლოვდება. „რესპუბლიკელებს“ დიდი მადა აქვთ, ისინი თითოეულ სავარძელს ებღაუჭებიან. მათ ახლა სერიოზული პოზიციები აქვთ, მით უფრო, როცა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია დატოვეს“. „სიტუაციის განვითარება ისე მოხდება, რომ პროკურატურა საგარეჯოში მომხდარ ამბებს განიხილავს და დაადგენს, რომ არცევნების გაყალბება არ მომხდარა. საქმე ჩაიფარცხება. ალბათ, კოალიცია უარს იტყვის გოგი თოფაძის წევრობაზე, თუმცა ეს არჩევნების წინ მაინცდამაინც გონივრული ნაბიჯი არ იქნება: ასეთი კონფლიქტები ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის განწყობაზე“.
კოალიციის შიგნით დაპირისპირება სხვა საკითხების ირგვლივაც არსებობს. საერთოდ, „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები და პერსონები არიან გაერთიანებულნი, ყველას თავისი აზრი აქვს. „ქართული ოცნება“ საკმაოდ ეკლეკტური გაერთიანებაა, რომელიც ერთი მიზნის განსახორციელებლად – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამხობისთვის შეიქმნა. მიზანი მიღწეულია. ვნახოთ, როგორ შეძლებენ „ოცნების“ წევრები ახალი ფორმატით მუშაობას“, – აღნიშნა გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 04 მარტი, 2016 წელი
http://www.echo.az/article.php?aid=97362
„ქართული გამოცდას“ ოფიციალური ერევანი კვლავ ვერ აბარებს
სტატიაში საუბარია სომხეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია: ამას არც სომხური პრესა არ მალავს. ამრიგად, სპეცსამსახურების ენაზე რომ ვთქვათ, სომხეთში შექმნილი ობიექტური სიტუაციის გასაგებად „დაზვერვას“ შეუძლია ცნობები „ღია წყაროებიდანაც“ აიღოს.
სომხეთში დღეს მძიმე ვითარებაა შექმნილი. ეკონომიკური კრიზისი, წარმოების მატების არქონა, უფულობა – აი, ეს აწუხებს სომხეთს. გასაგებია, რომ ეკონომიკური კრიზისისაგან არცერთი ქვეყანა არაა დაზღვეული, მაგრამ სომხეთზე ეს ძალიან მწვავედ აისახება. დღემდე ერევანს ძირითად მხსნელად და მაშველად ევრაზიული ეკონომიკური კავშირი („ევრაზეს“) მიაჩნდა, მაგრამ როგორც ამ ორიოდე დღის წინ სომხეთის მრეწველ-მეწარმეთა კავშირის პრეზიდენტმა არსენ კაზარიანმა განაცხადა, „ევრაზეს“-ის ქვეყნებში კრიზისული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, დახმარება ნაკლებმოსალოდნელია.
ერევანს იმედი გაუცრუვდა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის ფედერიკა მოგერინის ვიზიტის შედეგებითაც – ევროკავშირი სომხეთს ფულს დიდი-დიდი სირიელი ლტოლვილებისთვის თუ მისცემს. სომხეთს არაფერი არ გამოუვიდა ირანული გაზის თავის ტერიტორიაზე გატარების – საქართველოსკენ ტრანზიტის საკითხშიც: სულ ახლახან თბილისმა და ბაქომ მოილაპარაკეს, რომ საქართველო მისთვის საჭირო დამატებით გაზს აზერბაიჯანისაგან მიიღებს, ძვირადღირებული ირანული გაზის იმპორტის საკითხი კი დღის წესრიგიდან უკვე ამოვარდა.
საერთოდ, სომხეთს ტრანზიტში ბედი არ წყალობს – აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებები, ცნობილი მიზეზების გამო, ერევნისათვის დახურულია. რაც შეეხება სამხრეისა და ჩრდილოეთის მიმართულებებს, აქაც პრობლემებია: არ მუშაობს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. ერთადერთი, რითაც სომხეთს შეუძლია ისარგებლოს, ავტოტრანსპორტია, მაგრამ პერიოდულად ამ სფეროშიც სირთულეები წარმოჩნდება ხოლმე.
აშკარაა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სრული განვითარებისათვის აუცილებელი ხდება პოლიტიკური ურთიერთობების მოგვარება რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად, აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა.
დღეს სომხეთი და საქართველო სხვადასხვა ეკონომიკური გაერთიანებების სუბიექტებს წარმოადგენენ. საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, სომხეთმა კი ევრაზიული კავშირის წევრობა არჩია. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი, პრინციპში, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური კავშირების განვითარებას არ აბრკოლებს, პირიქით, სიტუაციის გონივრულად სარგებლობის პირობებში ერევანს შეუძლია საქართველოს მეშვეობით ევროპული ბაზრით ისარგებლოს, მაგრამ… არის ერთი „მაგრამ“. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სომხეთისათვის ეს „ღია სარკმელიც“ დაიხუროს, თანაც ეს ერევნის ბრალი იქნება.
საქმე იმაში გახლავთ, რომ სომხურ პრესაში ხშირად ქვეყნდება ანტიქართული მასალები. აი, მაგალითად, გაზეთ „გოლოს არმენიაში“ დაბეჭდილი „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ხელმძღვანელის აღასი არაბიანის ინტერვიუ, რომელშიც იგი თავისი მოწოდებებით საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ანუ სადაც სომხურენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს), სეპარატიზმს აღვივებს. „არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი და ჯავახკელებმა ეს პერიოდი უნდა გამოიყენონ – ცივილიზებული ფორმებით შეეცადნონ დისკრიმინაციული გაურკვევლობის გამოსწორებას. თუ საქართველოს ხელისუფლება მათ იგნორირებას მოახდენს, გათავხედდება და ჯავახკის სომხური მოსახლეობის ხმას არ მოუსმენს, რეალურ ცვლილებები არ მოხდება, მაშინ შემოდგომაზე, არჩევნების მოახლოებისას, პროტესტის რადიკალურ ფორმებზე გადასვლა შეიძლება, მაგალითად, არჩევნებისადმი ბოიკოტის გამოცხადებაზე“, – ამბობს აღასი არაბიანი. და საერთოდ, მისი აზრით, ჯავახეთს საქართველოს ხელისუფლებამ „ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ სტატუსი უნდა მიანიჭოს.. მართალია, იგი ამბობს, რომ ეს გეგმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ემუქრებაო, მაგრამ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს სომხეთის სასაზღვრო პრეტენზიები საქართველოს მიმართ, რაც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადის“ დროიდანაა ცნობილი. რასაკვირველია, ერევანში კარგად ესმით: საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მკვეთრი „მოძრაობები“ სომხეთს იქამდე მიიყვანს, რომ მისთვის ჩრდილოეთის საზღვარიც ჩაიკეტება. მოკლედ, ერევნისათვის „ქართული გამოცდა“ ისევ დღის წესრიგშია და ჩააბარებს თუ არა მას სომხეთი, ეს გადაწყვეტილება მოსკოვზე და ერევანზეა დამოკიდებული.
«Независимая газета» (რუსეთი), 04 მარტი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-03-04/7_adigen.html
ადიგენელმა ქრისტიანებმა და მუსულმანებმა სასაფლაო გაიყვეს
საქართველოში დაწყებული რელიგიური კონფლიქტის ჩაქრობა მოხერხდა
სტატიაში გადმოცემულია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – თუირქეთის საზღვართან მდებარე ადიგენის რაიონში მომხდარი რელიგიური შეხლა-შემოხლა ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის.
„ადიგენის რაიონში ეს უკვე მესამე კონფლიქტია, რომელიც რელიგიურ ნიადაგზე ხდება. პირველი დაპირისპირება 2013 წლის შემოდგომაზე მოხდა, როცა ხელისუფლებამ მინარეთის გუმბათის კონფისკაცია მოახდინა. მომდევნო წელს კონფლიქტი გამოიწვია მიტოვებული შენობის (ყოფილი სამლოცველოს) სავაჭრო ცენტრად გამოყენების გეგმამ, რასაც ადგილობრივი მუსულმანები წინ აღუდგნენ. ამჯერად დაძაბულობის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ მუსულმანებს სასაფლაოზე მიწა გამოუყო, რაც ერთ-ერთი ევროპული ინსტიტუტის მიერ იყო ნაკარნახევი. რელიგიური თანასწორობის დაცვის მიზნით გადადგმულმა ნაბიჯმა ადგილობრივ ქრისტიანებში უარყოფითი ეფექტი გამოიწვია. საერთოდ, ბოლო დრომდე ქრისტიანებსაც და მუსულმანებსაც საერთო სასაფლაო ჰქონდათ, ახლა კი ქრისტიანებმა ეჭვი შეიტანეს, რომ ვაით გამოყოფილ მიწაზე მუსულმანებმა მეჩეთი ააშენონ, შემდეგ კი ამას შეიძლება რადიკალური ისლამის გავრცელება მოჰყვესო. სანამ მუსულმანები ადგილობრივ ადმინისტრაციასთან სასაფლაოზე მიწის გამოყოფის საკითხს არკვევდნენ, ადიგენელმა „ჯვაროსნებმა“ მათ პირველი დარტყმა მიაყენეს, რასაც მეორე მოჰყვა. დაიწყო ხელჩართული შეტაკება. საქმეში პოლიცია ჩაერია, რეგიონში ჩავიდნენ აგრეთვე ცენტრალური ხელისუფლებისა და არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენელები… მათი შეგონებები აღმოჩნდა ეფექტური თუ თვითონ კონფლიქტის მონაწილეებმა მოუხმეს ჭკუას, ფაქტია, რომ დაპირისპირება შეწყდა. საქართველომ კიდევ ერთხელ გაიარა დანის პირზე და შეძლო რელიგიური კონტექსტის მქონე კონფლიქტში არ ჩაძირულიყო.
ქრისტიანული და მუსულმანური თემების წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ორივე რელიგიური კონფესიის სასულიერო პირების მონაწილეობით, მოლაპარაკება გამართეს. დიალოგის დროს მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს: მუსულმანები სასაფლაოზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილს არ მიიღებენ, თუმცა სასაფლაოს ტერიტორია გაიყოფა და გაფართოვდება. ამასთან, მოეწყობა ორი შესასვლელი“, – ნათქვამია სტატიაში.