globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): „რუსთავი-2“-ისთვის დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „რუსთავი-2“ – ბომბი, რომელიც ფეთქდება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კომენტარები „რუსთავი-2“-ის შესახებ  ვაშინგტონში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელ ექსპერტთა შეფასებები: აშშ-ის „ახალი ცივი ომი“ რუსეთთან? // „2008 წელს საქართველო რუსეთის მიერ დაგებულ მახეში გაება“

«Lragir» (სომხეთი): საქართველოს არ სურს რუსეთის ჩარევა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/rustavi-oristvis-dava-strasburgshi-gagrdzeldeba/28347019.html

რუსთავი-2-ისთვის დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება

ნონა მჭედლიშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის 60 პროცენტის მესაკუთრედ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და დარჩენილი 40 პროცენტის მესაკუთრედ შპს „პანორამას“ გამოცხადების შესახებ ტელეკომპანიის ფაქტობრივი მფლობელები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში ხელისუფლების უხეში ჩარევით გამოიტანა მოპასუხე მხარის საწინააღმდეგო განაჩენი და სამართლებრივი დავაც უკვე საერთაშორისო მექანიზმის ჩარევით უნდა გაგრძელდეს.

რას გეგმავენ „რუსთავი 2“-ის ძველი და ახალი მფლობელები და როგორ წარიმართება სამართლებრივი პროცესი?

„რუსთავი-2“-ის მფლობელები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავენ. სარჩელით, რომელიც მზადების პროცესშია, ისინი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორი მარტის გადაწყვეტილების შეცვლას და „რუსთავი-2“-ის მოქმედი მფლობელებისთვის საკუთრების უფლების აღდგენას მოითხოვენ. თუმცა, როგორც ბიზნესმენი გიორგი ყარამანაშვილი ამბობს მოდავე მხარის სახელით, სასურველია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ სარჩელის შეტანამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩეროს: „ჩვენი უფლების დასაცავად მივმართავთ ყველა დარჩენილ სამართლებრივ გზას. მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენი სარჩელები; მივმართავთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, სარჩელის შეტანამდე გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება“.

„რუსთავი-2“-მა უზენაესი სასამართლოს ორი მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნულ სასამართლოში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამ ნორმის აქამდე გამოყენების პრაქტიკა არ ყოფილა, ტელევიზიაში შანსებს ოპტიმისტურად არ აფასებენ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ „რუსთავი-2“-ის საქმეზე დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს ადვოკატი ლია მუხაშავრიაც. იგი ამბობს, რომ ეს არის მკაცრად განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მაშინ გამოიყენება, როცა პირის სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, ანუ როდესაც ექსტრადიციას მოჰყვება პირის იმ ქვეყანაში დასჯა, სადაც მისი ექსტრადირება ხდება. მეორე გამონაკლისი, როდესაც სასამართლო 24 საათის განმავლობაში დროებითი შეჩერების ღონისძიებას მიმართავს, მისი განმარტებით, არის გარემოება, როდესაც ექსტრადიციის შემთხვევაში პირი წამების მსხვერპლი შეიძლება გახდეს.

„ყველა სხვა შემთხვევაში ასეთი საკითხის დაყენება, რომ „რუსთავი 2“-ის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების და, მით უფრო, პლენუმის გადაწყვეტილების შეჩერება მოხდეს, მე ვფიქრობ, თუ პრეცედენტული ახალი რაიმე გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, პრაქტიკა ისეთია, რომ ასეთი რამ არ ხდება, იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლოს ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ მედია არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი, ასეთ პირდაპირ ჩარევას ევროსასამართლო, მე ვფიქრობ, არ განახორციელებს“, – ამბობს ლია მუხაშავრია.

ადვოკატი თამთა მურადაშვილი კი, თავის მხრივ, დასძენს, რომ „რუსთავი-2“ ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებას ცდილობს. მისივე თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გარდა, სამართლებრივი დავის ერთ-ერთ მთავარ შემადგენლად რჩება ასევე საკონსტიტუციო სასამართლო: “გარკვეულწილად ბერკეტად რჩება საკონსტიტუციო სასამართლო, რომელშიც შეტანილი გვაქვს საჩივრები, რომლებიც ორჯერ იქნა განხილული. ფაქტობრივად, უკვე მესამე შემადგენლობა იხილავს ამ საქმეს. მოლოდინში ვართ. შესაძლებელია მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომ სასამართლომ თქვას, რომ ის ნორმა, რომელსაც ურთმელიძე დაეყრდნო და განმარტა, იყო ანტიკონსტიტუციური“.

(…)

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ორი მარტის გადაწყვეტილებას მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის, ამერიკისა და საფრანგეთის საელჩოებიდან, ევროკავშირიდან, „ფრიდომ ჰაუსიდან“ და სხვა. აღინიშნა, რომ შემაშფოთებელია თავისუფალი მედიაგარემოს შეზღუდვის საფრთხე, რომელიც „რუსთავი 2“-ის მიმართ გამოტანილმა სასამართლო გადაწყვეტილებამ გააჩინა.

„რუსთავი-2“-ის მესაკუთრის შეცვლის ფაქტზე საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობამაც. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ იგი აფასებს და იცავს მედიის თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებს პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ამავე განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ქიბარ ხალვაში კი, თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის, სავარაუდოდ, 6 მარტს წარადგენს, რასაც ერთ სამუშაო დღეში მოჰყვება წილების ასახვა სასამართლოს მიერ დადგენილ მესაკუთრეებზე. ახალი მესაკუთრეები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების ძალისმიერი აღსრულება არ გახდება საჭირო. ცნობილია ისიც, რომ ქიბარ ხალვაში არ ღებულობს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, შეთავაზებას და არ აპირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მოქმედ კოლექტივს მიჰყიდოს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/rustavi-2-case-as-a-bomb-blowing-up/3748786.html

რუსთავი-2“ - ბომბი, რომელიც ფეთქდება

ნინო დალაქიშვილი

„რუსთავი-2“–ის საქმის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ქართული მედიის წარმომადგენლები და ქართული საზოგადოება, არამედ უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მედიის შოკი გამოიწვია. დღეს ბრუსელში ითქვა იმის თაობაზეც კი, რომ ევროპა თავს მოტყუებულად გრძნობს და რომ ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით მწვანე შუქის ანთება, შესაძლოა შეცდომა იყო.

აშშ–ის საელჩო ასევე გამოეხმაურა „რუსთავი-2“–ის საქმეს და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეზღუდოს ოპოზიციური ხმის წვდომა საზოგადოებაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში თავისუფალი და პლურალისტული მედიის შეზღუდვის საფრთხეს ხედავს ასევე ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი, რომელიც ასევე ავრცელებს სპეციალურ განცხადებას ამ საკითხზე. იგივე აზრს ავითარებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. შეშფოთებული და შოკირებულია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება. ისმის საუბრები იმის შესახებაც, რომ ქუჩებში გამოსვლისა და აქციების დაწყების დროა, რადგან წინააღმდეგობის სამართლებრივი ბერკეტები ეფექტიანი უკვე აღარაა.

ერთადერთი, ვინც პრობლემას ვერ ხედავს შექმნილ ვითარებაში, ეს საქართველოს მთავრობაა. დღეს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი-2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას ეკუთვნის, ხოლო მთავრობა ყველანაირად იცავს და დაიცავს თავისუფალსა და დამოუკიდებელ მედიას.

„რუსთავი-2“–ის მფლობელებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ რადგან საქართველოში ყველა სამართლებრივი რესურსი ამოიწურა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდენ და შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას მოითხოვდენ გადაწყვეტილების მიმართ. სწორედ ამ პროცესმა მიიღო დღეს წარმოუდგენლად უპრეცენდენტო სახე. გვიან საღამოს „რუსთავი-2“–ის იურისტებმა განაცხადეს, რომ სტრასტურგის მორიგე მოსამართლემ მანამდე არარსებული გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე ანალოგიურ პრაქტიკას  ადგილი არ ჰქონია. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც სასამართლოს რეგლამენტის 39–ე მუხლს ეყრდნობა, შეჩერდა „რუსთავი-2“–ის ახალი მესაკუთრისთვის გადაცემის პროცესი. ამის თაობაზე ღამის 11 საათზე საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საგანგებო ბრიფინგის გამართვა მოუხდა, სადაც საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოს ხელისუფლება დასახელებულია მხარედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და რომ ამ უჩვეულო გადაწყვეტილების ავტორი მორიგი მოსამართლის სახელი ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია. თეა წულუკიანის თქმით, „რუსთავი-2“–მა სტარასბურგში გაგზავნილი სარჩელი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე დაასაბუთა იმით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის შემთხვევაში, ქვეყანაში დასრულდებოდა დემოკრატია და დაიწყობოდა ქაოსი“.

იუსიტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქვე იყო წარდგენილი ევროპის სახალხო პარტიის წევრების, აშშ–ს საელჩოს და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები, რამაც გაამყარა „რუსთავი-2“–ის პოზიცია.

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“–ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის საკითხი 8 მარტამდე შეაჩერა. ამ თარიღის შემდგომ საქმეზე უკვე რამდენიმე მოსამართლე იმსჯელებს ევროპულ სასამართლოში.

„ამერიკის ხმამ“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მთავარი იურისტი თეო ზაქარაშვილი ჩაწერა, რომელიც „რუსთავი-2“-ის საქმის ყველა სასამართლო პროცესს თავად ესწრებოდა. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ ერთადერთი სამართლებრივი გზა, მართლაც სტრასბურგი რჩება, თუმცა აღსრულების შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკაში მხოლოდ მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც საქმე სიცოცხლისთვის გადაუდებელ საფრთხეს ეხებოდა. გარდა ამისა, იურისტი იმ შეუსაბამობაზეც საუბრობს, რომ უზენაესმა სასამართლომ თავად მოახდინა იგნორირება მისივე გადაწყვეტილების, როდესაც „რუსთავი-2“–ის საქმის მიმართ შეცვალა მისივე დადგენილი პრაქტიკა.

„მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილეს. უზენაესი სასამართლოსთვის, მართალია, ზეპირი მოსხმენის გარეშე განხილვა არაა არატრადიციული, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო მთელი რიგი უპახუსო კითხვები, ის, რომ საქმე თავისი შინაარსით ძალიან რეზონანსულია და გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ საქმე ეხება მედიას და პრაქტიკულად მის შეზღუდვას, მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით. ურთმელიძის განჩინებით, რომელიც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე საუბრობდა, ცალსახა იყო, რომ ეს არ გახლდათ მხოლოდ მესაკუთრეობიაზე დავა. ამას უნდა დავამატოთ მაღალი თანამდებობის პირების შეფასებები, მოწოდებები, პოზიციები საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყო სარჩელები, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობას ითხოვდა იმ მუხლების, რაც საფუძვლად უდევს ქიბარ ხალვაშის სარჩელს, გარიგების ამორალულობასთან დაკავშირებით. ელემენტარულად, უზენაეს სასამართლოს შეეძლო დალოდებოდა საკონსიტუტციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და შემდგომ გამოეტანა გადაწყვეტილება. ეს ცალსახად მიანიშნებს, რომ არ სურთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება არც უზენაეს სასამართლოს და არც საკონსიტუტციოს“.

„ამერიკის ხმა“ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელს გიორგი თარგამაძეს ესაუბრა, რომელიც 10 წლის წინ ხელისუფლების მიერ დახურულ მედიაში – ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა: „ტექნიკურ შემსრულებლებზე, მათ შორის თუნდაც სასამართლოზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხელისუფლებამ სცადა და ცდილობს, მედია სივრცეზე სრული კონტროლის ქვეშ მოაქციოს და ადამიანთა გონებაზე განუსაზღვრელი მონოპოლია მოიპოვოს, რაც, ჩემი აზრით, მიუღწეველი მიზანია, მაგრამ ის მაინც ბოლომდე ეცდება ამის გაკეთებას.ეს იკვეთება მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან. ხელისუფლების სურვილია რუსთავი2–ში ნებისმიერ ფორმით შევიდეს, მენეჯმენტი მთლიანად აიღოს ხელში და დაუქვემდებაროს მისთვის სასურველ სარედაქციო პოლიტიკას. თუკი ეს მაინც მოხდა, აუცილებელია მობილიზება, ალბათ არსებობს გარკვეული გეგმა, რომ ალტერნატიული მაუწყებლობა ამუშავდეს“, – ამბობს გიორგი თარგამაძე.

„რუსთავი-2“–ის საქმე რომ კერძო ტელევიზიის საკითხის ჩარჩოებს კარგა ხანია გაცდა და პოლიტიკის, დემოკრატიისა და პლურალიზმის პრინციპების განსაზღვრისთვის ტესტს წარმოადგენს, ამაზე ყველა თანხმდება, ხელისუფლების გარდა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/rustavi-2-state-department/3748568.html

კომენტარები „რუსთავი-2“-ის შესახებ ვაშინგტონში

ანა კალანდაძე

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა, რომელიც საფრანგეთში, სტრასბურგშია განთავსებული. როგორც „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, სამ მარტს სასამართლომ, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, “ამერიკის ხმის” კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას „რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა: „შეერთებული შტატები შეშფოთებულია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“.

“ამერიკის ხმის” ქართული რედაქცია ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ექსპერტს პოლ სტრონსკის დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ თემაზე განაცხადა:

„ამბავი შემაშფოთებელია, მაგრამ არა მოულოდნელი. მრავალი წელია [არხის] საკუთრების სტრუქტურასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. რაც არ უნდა მომხდარიყო 10 წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში, დღეს არაარსებითია. „რუსთავი-2“ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც დამოუკიდებელი ხმა. საქართველოს დამოუკიდებელი მედია სჭირდება, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების” დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ. მიხეილ სააკაშვილის ეპოქაზე დაუსრულებელი დავა ვერ დაგვეხმარება დღევანდელი გადაუდებელი საკითხების მოგვარებაში. ვიმედოვნებ, მთავრობის მიმართ კრიტიკული ხმები შეინარჩუნებენ მექანიზმებსა და საშუალებას, მათ შორის „რუსთავი-2“-ზე, რათა გააჟღერონ ის, რაც აწუხებთ და მთავრობისგან მოითხოვენ პასუხს. ესაა ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. [საქართველოში დემოკრატიის] უკანდახევის აღქმაც კი დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯ“.

ორ მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. „რუსთავი-2“-ის საკონტროლო პაკეტის წინა მფლობელები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები, ტელეკომპანიის მენეჯმენტთან ერთად, მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლების ჩარევის ნიშნებს ხედავენ. მათი განცხადებების მიხედვით, „რუსთავი-2“-ის დაბრუნების სურვილი ქიბარ ხალვაშს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უკარნახა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ. ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმეს უწოდებს „მძიმე მემკვიდრეობას“, რომელმაც „უკვე გაიარა დამოუკიდებელი სასამართლოს სამი ინსტანცია“. საქართველოს მთავრობა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყანაში მედიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/mcfaul-on-russia-and-region/3749047.html

ამერიკელ ექსპერტთა შეფასებები: აშშ-ის „ახალი ცივი ომი“ რუსეთთან? // „2008 წელს საქართველო რუსეთის მიერ დაგებულ მახეში გაება“

ანი ჩხიკვაძე

(შემოკლებით)

ამერიკის და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრიზისში შევიდა. დღეს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ცივი ომის შემდეგ. აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა, გრძელდება შეშფოთება რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებზე გავლენის მცდელობის გარშემო და კითხვის ნიშნის ქვეშაა ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ორ ადმინისტრაციას შორის.

ამერიკის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა მაიკლ მაკფოლმა პარასკევს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ისაუბრა არსებული დაძაბულობის გამომწვევ მიზეზებზე და იმ შედეგებზე, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავებას მოჰყვა, აგრეთვე იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს დონალდ ტრამპის პოლიტიკა რუსეთისადმი. იგის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომსაც შეეხო. (…)

მაიკლ მაკფოლის თქმით, რუსეთი ომს დიდი ხნის მანძილზე გეგმავდა და საქართველოს მთავრობა რუსეთის მახეში გაება: „რა თქმა უნდა, ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის მოტყუებისთვის მზადებას 2008 წლამდე დიდი ხნით ადრე. მიმდინარეობდა მზადება [რუსეთის მიერ] სწორედ 2008 წლის ომისთვის“, – აღნიშნა მან. „ეს არ მოხდებოდა, თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ქმედებას არ განახორციელებდა, ეს მისი გამოჭერის მცდელობა იყო. მე ვიცი, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მასთან ამის თავიდან ასაცილებლად მუშაობდა. თუ ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა, ცხადია, დღეს არსებული სიტუაციაც არ იქნებოდა. მათ ამ ტერიტორიის ანექსია ჯერ არ მოუხდენიათ, თუმცა შეიძლება მომავალში მოახდინონ“, – დაამატა მაიკლ მაკფოლმა.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად, საქართველო-რუსეთის ომიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ დაიწყო. ვაშინგტონში მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, რუსეთის უპასუხოდ დატოვებამ და ურთიერთობების დათბობამ განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეიჭრა – რუსეთის პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ მას არ მოუწევდა ამისთვის მაღალი საფასურის გადახდა.

„პასუხისმგებლობის საკითხის ხელახალი განხილვის გარეშეც ნათელია, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრისთვის და ტერიტორიის ოკუპაციის დაუსჯელად დატოვება მძიმე შეცდომა იყო. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ დასავლეთის სისუსტემ [ჯეროვნად] ეპასუხა ომისთვის დასაბამი მისცა მოვლენების სერიას, რომელიც ჩვენივე [საპრეზიდენტო] არჩევნებში რუსეთის ჩარევით დასრულდა“, – ამბობს ჯეიმ კირჩიკი, „საგარეოპოლიტიკური ინიციატივის“ მიმომხილველი. იგი მიიჩნევს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ, ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად რუსეთთან დათბობის პოლიტიკის წარუმატებელმა მცდელობამ ნაწილობრივ განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა. მისი თქმით, ვლადიმირ პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი.

„დასავლეთმა არა მხოლოდ უპასუხოდ დატოვა რუსეთი საერთაშორისო სამართლის პირდაპირი დარღვევისთვის, არამედ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ომის დაწყებიდან 6 თვეში გადატვირთვის პოლიტიკა უსაჩუქრა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ეს იყო მესიჯი მოსკოვისთვის, რომ დასავლეთი სერიოზულად არ იღებს საკუთარი ღირებულებების და ლიბერალური მსოფლიო წესრიგის დაცვას, რის შემდეგაც ვლადიმირ პუტინს არ ჰქონდა მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის შიში. ორი აზრი არ არსებობს, რომ პუტინმა იცოდა, რომ დასავლეთის პასუხი არ იქნებოდა ქმედითი, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება მოეხდინა ყირიმის ანექსია და შეჭრილიყო აღმოსავლეთ უკრაინაში, რასაც 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რომელშიც ნაწილობრივ ბრალი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარუმატებელ პოლიტიკას მიუძღვის“ , – განუცხადა „ამერიკის ხმას“ ჯეიმ კირჩიკმა, რომელიც ავტორია წიგნისა „ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბნელი საუკუნის დასაწყისი“.

ჯეიმ კირჩიკს ეთანხმება ჰანა ტობურნი, „ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევარი ევრაზიის საკითხებში. მისი განცხადებით, ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციების მიერ საქართველო-რუსეთის ომის მტკიცე პასუხის გარეშე დატოვებამ ხელი შეუწყო რუსეთისთვის დაუსჯელობის განცდის შექმნას: „[2008 წლის ომის დროს] მტკიცე პასუხის არარსებობამ ჯერ ჯორჯ ბუშის და მერე ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ და ბარაკ ობამას მიერ გადატვირთვის ძალიან მოკლე პერიოდში დაწყებამ ვლადიმირ პუტინს შეუქმნა განცდა, რომ მას შეეძლო სხვა ტერიტორიებზეც შეჭრილიყო ამაზე პასუხისგების გარეშე“, – ამბობს ჰანა ტობურნი.

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის შტრიხები რუსეთისადმი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. დონალდ ტრამპის საგარეოპოლიტიკური შეხედულებების გარკვევასთან ერთად, ვაშინგტონელი ექსპერტები და პოლიტიკოსები რუსეთის და რეგიონის მიმართ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგების ანალიზს აგრძელებენ.

«Lragir» (სომხეთი), 03 მარტი, 2017 წელი

http://lragir.am/index/rus/0/comments/view/54105

საქართველოს არ სურს რუსეთის ჩარევა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა ზოგჯერ საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა ხოლმე, მაგრამ მათი გაუმჯობესების იმედი ყოველთვის არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შესამჩნევი იყო, რომ თბილისი ორმაგ პოლიტიკას ატარებდა: ერთი მხრივ, საქართველოში თითქოსდა დემოკრატიული სტანდარტები ვრცელდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს დემოკრატია ძირითადად მმხოლოდ ქართველებისთვის იყო განკუთვნილი, ანუ „ქართული დემოკრატია“ ეთნიკური გახდა. ამასთან, 2006 წელს, როცა სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობამ იმატა, განსაკუთრებით საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, აგრეთვე თურქეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური ამბიციების ზრდის გამო, გამოიკვეთა რეალური პერსპექტივები ქართულ-სომხური ურთიერთობებისთვის. ნათელი გახდა, რომ სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ერევანს მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური დარგებისათვის ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. თავის მხრივ, საქართველომაც გააცნობიერა, რომ თუ სომხეთის ენერგეტიკული და სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირებას მოახდენდა, თბილისი ამით საკუთარ თავს უფრო მეტად აზარალებდა: ეკონომიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, პოლიტიკური დესტაბილიზება თვით საქართველოს შიგნითაც მოხდებოდა. ანუ ცხადი გახდა, რომ პერსპექტივა საქართველოსთვის მომგებიანი არ იქნებოდა.

მოგვიანებით საქართველო შეეცადა სომხეთთან პარტნიორობა ალტერნატიული პროექტების რეალიზებისათვის გამოეყენებინა. თბილისი მიხვდა, რომ ერთვექტორული კურსი საკმაოდ მოწყვლადია და საგარეო პოლიტიკას დააზარალებდა. ამ ფონზე საქართველო საკმაოდ თავშეკავებით მიუდგა ზოგიერთ კონფლიქტურ მომენტს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში მოხდა: თბილისს ეშინოდა, რომ ვაითუ სიტუაცია არაპროგნოზირებადი შედეგებით დასრულდესო.

საქართველო მნიშვნელოვანწილად უფრთხის რუსეთისა და დასავლეთის რეაქციას იმ შემთხვევაში, თუ სომხეთთან ურთიერთობას გაუარესდება. არაა გამორიცხული, რომ რუსეთი ამ გარემოებას დემაგოგიურად გამოიყენებს და სიტუაციაში ჩაერევა. თუმცა, ისე ჩანს, რომ ძლიერი და აქტიური ჩარევა არ მოხდება. ამერიკელები თითქმის მთელი 2000-ანი წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ არ ყოფილიყო დაშვებული საქართველო-სომხეთის ურთიერთობების გაურესება. აქვე შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველო დაინტერესებულია სომხეთისა და ირანის ურთიერთობებით ეკონომიკურ სფეროში, რომელიც თბილისსაც წაადგება.

კიდევ ერთი მომენტია აღსანიშნავი: ქართულ საზოგადოებაში, მთიანი ყარაბაღის ომის დასრულებისთანავე, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ფობიები (შიშები) სომხეთის მიმართ, მათ შორის იმაშიც, რომ ქართული ჯარი წინ ვერ აღუდგებოდა სომხეთის არმიას. გარდა ამისა, ქართველი პოლიტიკოსები სერიოზული შეშფოთებით უყურებდნენ სომხური ლობის საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელმაც საკმაო წარმატებას მიაღწია: ამერიკელმა სომხებმა შეძლეს ის, რომ ამერიკას მონაწილეობა მიეღო იმ პოლიტიკის გაკონტროლებაში, რომელსაც თბილისი საქართველოში მცხოვრები  სომხების მიმართ ახორციელებდა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო თბილისისათვის რუსეთის ჩაურევლობა ქართულ-სომხურ ურთიერთობებში, რაც ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ამასთან, თავი არავინ უნდა მოიტყუოს და უნდა გააცნობიეროს ის, რომ სომხეთი საქართველოს მიმართ, რომელიც რეალურად გახდა ნატოსა და აშშ-ის პარტნიორი, პრაქტიკულად მტრის როლში გამოდის, ხოლო თვით ნატოსა და აშშ-სთვის, ტაქტის დაცვით თუ ვიტყვით, მოწინააღმდეგეა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების შეზღუდვისაკენ იყო მიმართული და რომელმაც ქართული პოლიტიკის კორექტირება და მისი ხელმძღვანელების თავშეკავება გამოიწვია (არმიის სარდლობის ჩათვლით), სომხეთზე პოზიტიურად აისახა, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგების საკითხში. იმავდროულად, აშკარაა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფრონტაციამ სომხეთის ეკონომიკა საკმაოდ დააზარალა. საიდუმლო არ არის, რომ ბევრმა სომეხმა მსხვილმა ბიზნესმენმა სომხური ეკონომიკის ინვესტირების საკითხში თავიანთი გეგმები შეცვალა და დაელოდნენ, სანამ თბილის-მოსკოვის კონფრონტაცია განიმუხტებოდა.

ამჟამად სომეხი მეწარმეების გეგმები რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის გაზრდის შესახებ საკმაოდ შეზღუდულნი არიან სატრანსპორტო პრობლემებით. მაგრამ პრობლემა უფრო ფართო სპექტრით უნდა განვიხილოთ, სამხედრო-ტექნიკური საკითხების ჩათვლით.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“-ის, რუსული აბრევიატურით) წევრობამ სომხეთი სიღარიბემდე და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა, გაქრა განვითარების იმედი… ბოლო ხანებში საქართველო ამჩნევს, რომ სომხეთში ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გრძნობა იღვიძებს (თუმცა ისიც ცხადია, რომ ასეთი გრძნობები ყოველთვის არ გადაიზრდება ხოლმე რეალურ პოლიტიკაში). ფაქტია, რომ სომხეთს ძალიან უჭირს რუსეთის ვასალობიდან თავის დაღწევა – იმის მიუხედავად, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში ეს საკმაოდ ბევრ სურს. ისიც აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში საქართველოც ძალიან „ბერავს“ საკუთარ შესაძლებლობებს აშშ-სთან და საერთოდ დასავლეთთან თანამშრომლობის საკითხებში. ამ ეტაპზე ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველმხრივ ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში დუალისტურ პარტნიორობას, საქართველოს და სომხეთის ჩათვლით, იმასტან დაკავშირებით, რომ საქართველოს მხოლოდ თვითონ „ფრონტის ხაზის“ დაცვა არ შეუძლია, თურქეთმა კი ნატოსთან პარტნიორობა თითქმის შეწყვიტა. ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს უახლოესი კვირეების განმავლობაში: ამერიკელები ცდილობენ კვლავ „მიიჩვიონ“ თურქეთი (როგორიც არ უნდა იყოს ანკარის პოლიტიკა), თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონი სრულად დაივიწყებს იმას, რაც თურქეთმა ბოლო 20 წლის მანძილზე ჩაიდინა. ამერიკას ახალი პარტნიორები ჭირდება, მით უმეტეს ახლა, როცა თურქეთმა და რუსეთმა რაღაც ჩაიფიქრეს, რაღაცაზე მოლაპარაკება გადაწყვიტეს, ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარზე.

ახლო აღმოსავლეტში ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობს. ბალკანეტში ყველაფერი აქაური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებით დასრულდა. აი, რაც შეეხება შავი ზღვა – კავკასიის რეგიონს, აქ ჯერ-ჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია. ამ საკითხში საქართველო, ისევე როგორც ადრე, შეეცდება კავასიაში ნატოსა და აშშ-ის ერთადერთ პარტნიორად დარჩეს, მაგრამ თბილისზე დღეს ცოტა რამ არის დამოკიდებული. ბევრი რამეა დამოკიდებული სომხეთის როლზე, მისი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პრაგმატიზმზე. სამწუხაროდ, სომხეთი თავის შანსებსა და შესაძლებლობებს ვერ იყენებს. ერევანი კვლავ ეხვეწება რუსებს, იარაღი მომეციო, რუსეთი კი ძველ შეიარაღებაში ოთუზბირს (ძვირს) ახდევინებს.

სომეხი ოფიცრები, რომლებიც მატერიალურად რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, გაიძახიან, რომ დასავლეთი მსგავს იარაღში უფრო მეტს გადაგვახდევინებსო, მაგრამ ასეთი პოზიცია სამშობლოს ღალატის ტოლფასია. სომხები კვლავ თვალს ხუჭავენ საქართველოს წარმატებებზე თვადაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

Comments are closed