«The Washington Post» (აშშ): ტრამპი ნატოს ალიანსს ვეღარ ხედავს // რა მოხდება, თუ ტრამპისტები გაიმარჯვებენ? „ეს იქნება შოკი [ქართული] საზოგადოებისათვის“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ მარკ რუტესთან: ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას რუსეთის გამო ეწინააღმდეგება
«Московский комсомолец» (რუსეთი): „გამდნარი“ ყარაბაღის კონფლიქტი: „დაზვერვა ბრძოლით“ // 2008 წლის აგვისტოს წინ 2004 წლის ცხინვალის ხელში ჩაგდების მცდელობა უძღოდა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ჩეჩენ მებრძოლებს ექსტრემისტულ ჯგუფებში ხელმძღვანელი როლის აღება ხელეწიფებათ // მაირბეკ ვაჩაგაევი თარხან ბათირაშვილის შესახებ
———————–
«The Washington Post» (აშშ), 03 აპრილი, 2016 წელი
ტრამპი ნატოს ალიანსს ვეღარ ხედავს
რა მოხდება, თუ ტრამპისტები გაიმარჯვებენ? „ეს იქნება შოკი [ქართული] საზოგადოებისათვის“
(თავისუფალი თარგმანი, შემოკლებით)
სტატიაში განხილულია საქართველოს დასავლურ ინტეგრაციის საკითხები და მასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, საუბარია იმაზე, არსებობს თუ არა საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა (ავტორი – ჯექსონ დილი).
დონალდ ტრამპის ამასწინანდელმა რიტორიკამ „ნატოს მოძველება-უსარგებლობის“ შესახებ, რასაკვირველია, საკმაოდ შეაშფოთა გერმანელები და ფრანგები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, მაგრამ მათი შეშფოთების დონე არაფერია იმ ევრაზიული ქვეყნების აფორიაქების დონესთან შედარებით, რომლებიც, ალბათ, დონალდ ტრამპს არც უგულისხმია, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანათაგანი საქართველოა. ეს 4,5 მილიონიანი მოსახლეობის მქონე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ძირითადად ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც ათიოდე წლის წინ მოსკოვის ორბიტიდან გამოსვლა და დასავლეთთან ინტეგრირება მოისურვა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მოსახლეობის მხარდაჭერით ცდილობდნენ საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ლიბერალური პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობას (თავისუფალი მასმედიის, დამოუკიდებელი სასამართლო და საარჩევნო სისტემის შექმნის ჩათვლით). შედეგები არაერთგვაროვანი აღმოჩნდა: იყო წინსვლა და ვარდნა, განსაკუტრებით 2008 წლის აგვისტოში რუსეთის თავდასხმით, რომლის შედეგად საქართველომ თავისი ორი რეგიონი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ არსებობა შეინარჩუნა და დღეს ორი დიდი მიზნის შესრულება აქვს დასახული: ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.
ახლა კი უეცრად, ორივე ალიანსი – ნატოც და ევროკავშირიც პოპულისტებისა და ნაციონალისტების ხელით შესაძლოა დაშლის პირას დადგეს – იმ ადამიანების მცდელობით, რომლებსაც კვლავ საზღვრების აღდგენა სურთ, მიგრანტების მიღების წინააღმდეგ გამოდიან და არ უნდათ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება.
რა მოხდება, თუ ტრამპისტები გაიმარჯვებენ?
„ცხადია, ეს იქნება შოკი [ქართული] საზოგადოებისათვის“, – მითხრა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გასულ კვირას, – „და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სერიოზული პრობლემა ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ხომ ისეთი მეზობელი გვყავს, რომელსაც სულ სხვაგვარად აქვს წარმოდგნილი, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო“. რასაკვირველია, ამ მეზობელში რუსეთი იგულისხმება, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გიორგი მარგველაშვილი აცნობიერებს საქართველოს წინაშე მდგარ დილემას, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის თვალსაზრისებს, თვალსაზრისს „ნატოში უბილეთოდ შესვლის მსურველების“ თაობაზე და გერმანია-საფრანგეთის პოზიციას, რომლებსაც არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას იმ როლს, რომელიც ნატომ პოსტსაბჭოთა პერიოდში შეასრულა ახალი დამოუ-კიდებელი სახელმწიფოების განმტკიცებისათვის. იყო იმის საფრთხე, რომ [აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები] დიქტატურის ქაოსში ჩაძირულიყვნენ, მაგრამ ისინი ალიანსის დახმარებით დემოკრატიულ ქვეყნებად გადაიქცნენ. საბოლოო ჯამში, ნატომ სახელმწიფოთა მშენებლობის საკითხში ისტორიულ წარმატებას მიაღწია: რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის პოლონეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ და ესტონეთმა… და მათ შორის, დიახ, საქართველომაც და უკრაინამაც სახელმწიფოებრიობის დასავლური მოდელი აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ-ჯერობით ნატოსა და ევროკავშირის წევრები არ არიან.
ჰოდა, ასეთ შემთხვევაში დონალდ ტრამპისა და მისი მხარდამჭერების გამარჯვება ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს საფრთხის წინაშე აყენებს. ასეთ შემთხვევაში აშკარაა, რომ ნატოს თითქმის ყველა ახალი წევრი, მათ შორის ბალტიის ქვეყნები (რომ არაფერი ვთქვათ უკრაინასა და საქართველოზე), რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ დგებიან. რა თქმა უნდა, ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ ის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც დასავლეთთან ინტეგრირების გზაზე დგანან, მაგრამ იქამდე ჯერ ვერ მიუღწევიათ.
დონალდ ტრამპს და მისი მომხრეებს შეიძლება ასეთი დანაკარგი ნაკლებად აღელვებთ, მაგრა როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ისინი [საბოლოო ჯამში], ასეთ პოზიციას ინანებენ. მისი თქმით, არ შეიძლება მცირე ქვეყნების დატოვება ყურადღების გარეშე. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოსა და უკრაინის დავიწყებით ვერ მოხდება. არსებობენ აგრეთვე სხვა რეგიონული სახელმწიფოები – ჩინეთი და, ვთქვათ, ირანი, რომლებიც თავიანთ მეზობლებზე დომინირებას ცდილობენ.
საქართველო იმის ნათელი მაგალითია, როგორაა ერთმანეთთან დაკავშირებული ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დემოკრატიულ გარდაქმნებთან და პროგრესთან. გავიხსენოთ 2012 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად პროდასავლური მთავრობა, მართალია, დემოკრატიული გზით შეიცვალა, მაგრამ ხელისუფლებაში მოვიდა ახალი კოალიცია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც დონალდ ტრამპის მსგავსი მოქმედება ახასიათებს – პოპულისტური დემაგოგია და ავტოკრატიული გადახრები.
დროდადრო იქმნებოდა იმის შთაბეჭდილება, რომ ახალ რეჟიმს შეეძლო სრულიად გაენადგურებინა ის წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია: დაიწყო სამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების ლიდერების წინააღმდეგ, ხდებოდა ზეწოლა იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ, რომლებთაც მთავრობა ვერ აკონტროლებდა, თუმცა იმავდროულად ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ევროკავშირსა და ნატოს გაწევრიანების ერთგული იყო. შესაბამისად, ბრიუსელმა და ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენა მოხდინეს – სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში კვლავ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, რომ კვლავ მოქმედებს ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეარხი, რომელიც მთავრობას აკრიტიკებს და ის, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ჩანს, კონკურენტული იქნება. გარდა ამისა, საქართველო ინარჩუნებს თავის 750-კაციან სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში.
დონალდ ტრამპის რიტორიკამ ბიძგი მისცა საქართველოს პრორუსული პოლიტიკური ძალების კამპანიას გააქტიურებას. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ისინი საქართველოს პროევროპული და პრონატოური კურსის წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ ეს არასოდეს არ მოხდება. საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ევრაზიული ქვეყნების სხვა ლიდერებს, იმედი აქვთ, რომ ამერიკის პოლიტიკური სეზონი ასეთ შედეგს არ დაუშვებს [ანუ ტრამპისტების გამარჯვებას], – ნათქვამია სტატიაში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/mark-rutte-on-eu-expansion/3265188.html
ინტერვიუ მარკ რუტესთან: ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას რუსეთის გამო ეწინააღმდეგება
ია მეურმიშვილი
ჰოლანდიაში 6 აპრილს რეფერენდუმია დანიშნული, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას უყრის კენჭს. ჰოლანდიის პრემიერ მინისტრმა მარკ რუტემ ვაშინგტონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ მისი თანამოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ და უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთოების გაღრმავებას დათანხმდებიან. თუმცა, ის ასევე ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინა – და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნები – ევროკავშირის წევრები უნდა გახდნენ.
“ამერიკის ხმასთან” საუბრისას შეკითხვაზე, თუ ზოგადად რას ფიქრობს იგი ევროკავშირის გაფართოებაზე, რაც საქართველოს სტრატეგიული მიზანია,- მან განაცხადა:
„ჩემი აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე 2013 წელს ვილნიუსის სამიტზე ვიყავი, ასევე მახსოვს 2011 წლის ვარშავის სამიტიც. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ხიდები ააშენოს. თუმცა, ამავდროულად, გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთთანად ძლიერი ურთიეთოებები უნდა იქონიონ. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ცალმხრივი მოძრაობის გზა არ უნდა იყოს – არ უნდა ავირჩიოთ მხოლოდ ევროპისკენ მიმავალი გზა. ქვეყნებმა არჩევანი რუსეთთან და ევროპასთან ერთდროულად ურთიერთობაზე უნდა გააკეთონ. ევროპასთან დასაახლოვებლად კი სავაჭრო შეთანხმებები და ასოცირების ხელშეკრულებები ძალიან მნიშვნელოვანია“.
მარკ რუტეს თქმით, ევროპასთან დასაახლოვებლად ქვეყნებმა დემოკრატიული პროცესები უნდა დახვეწონ და ევროპასთან ადამიანის უფლებებისა და საბაზრო ეკონომიკის ღირებულებები გაიზიარონ. მისი თქმით, მხოლოდ ძლიერ დემოკრატიებს შეეძლებათ რუსეთთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება.
ჩვენს შეკითზვაზე, თუ როგორ ხედავს ის საქართველოსა და უკრაინის მიერ რუსეთთან ჯანსაღი ურთიერთოებების დამყარებას მან განაცხადა: „მოდით არ დავივიწყოთ, რომ რუსეთის ისტორიის ნაწილი უკრაინაში, კიევში დაიწყო. რა თქმა უნდა, იმან რაც ყირიმში და აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა შექმნა სიტუაცია, რომელიც რუსეთთან სტაბილური ურთიერთობის დამყარებას დღეს ართულებს. მაგრამ, მომავალში ეს ურთიეთობები უნდა გამოსწორდეს და ქვეყნებს როგორც ევროკავშირთან ასევე მოსკოვთან ერთნაირად ძლიერი ურთიერთოება უნდა ჰქონდეთ.“
მარკ რუტეს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებითაც მსგავსი შეხედულება აქვს. ის ამბობს, რომ ალიანსის წევრებმა თავდაცვის დანახარჯები უნდა გაზარდონ და ნატოს თავდაცვიუნარიანობა გააძლიერონ. ამერიკის უნივერსიტეტში საჯარო სიტყვით გამოსვლისას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით მან განაცხადა:
„ბერლინის კედლის დანგრევამდე მანძილი მოსკოვსა და დასავლეთს შორის 3000 კილომეტრი იყო. თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდება, ეს მანძილი მხოლოდ 1000 კილომეტრი იქნება. როდესაც ნატოს გაფართოებაზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მე არ ვეწინააღმდეგები აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქვეყნების ამბიციას გაწევრიანდნენ ალიანსში. მე კარგად მესმის ეს ამბიციები და ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების სურვილი, განსაკუთრებით, იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ჩვენ, როგორც ალიანსმა თითოეული ეს შემთხვევა ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ და ეს ფაქტორები უწყვეტად ვაბალანსოთ.“
ჰოლანდია დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა და პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ევროკავშირის პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრაში მნიშნვლელოვან როლს თამაშობს. ევროკავშირის პრეზიედნტები წევრი ქვეყნები როტაციის პრინციპით ხდებიან და თითოეული მათგანი ამ თანამდებობაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობს. ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტი ქვეყანა 1 ივლისს სლოვაკეთი გახდება, რომელიც დღეს ჰოლანდიასთან და მალტასთან ერთად ევროსაბჭოს მმართველი ტრიოს წევრია.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 04 მარტი, 2016 წელი
„გამდნარი“ ყარაბაღის კონფლიქტი: „დაზვერვა ბრძოლით“
2008 წლის აგვისტოს წინ 2004 წლის ცხინვალის ხელში ჩაგდების მცდელობა უძღოდა
სტატიაში მიმოხილულია მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავებასთნ დაკავშირებული მოვლენები, მოცემულია სამხედრო დაპირისპირების შესაძლო განვითარების პერსპექტივა და სიტუაცია შედარებულია საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარ მოვლენებთან (ავტორი – მარინა პერევოზკინა).
აშკარაა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის „გამოღვიძება“ და მისი „გადნობა“ ყველაზე მეტად სომხეთთსა და თვით მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აინტერესებს, მაგრამ ეს არ აწყობს აზერბაიჯანს, რომელსაც მნიშვნელოვანი ტერიტორიები აქვს დაკარგული. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ავანტიურებში ვერ დაადანაშაულებ, არის იმის მაგალითები, თუ როგორ შეიკავა მან ტავი, რომ სხვადასხვა რთულ სიტუაციებში არ ცარეულიყო. მაგალიტად, ცნობილია, რომ 2008 ნწლის აგვისტოში საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონით დაურეკა თავის აზერბაიჯანის ლიდერს და შეეცადა იგი რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლის მიზნით გადაებირებინა, მაგრამ ილჰამ ალიევმა თავის ქართველ ექსცენტრიულ კოლეგას აუხსნა, რომ ბაქოს მშვენიერი ურთიერთობები აქვს მოსკოვთან და ამიტომაც სარისკო ნაბიჯს არ გადადგამს. სხვათა შორის, ეს ისტორია თვითონ ილჰამ ალიევი მოუყვა ერთ-ერთ დასავლელ მარალჩინოსან დიპლომატს.
ახლა კი რა ხდება? როგორც ჩანს, ეს არ არის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მცდელობა მთიანი ყარაბაღის დაბრუნების მიზნით. ილჰამ ალიევი კარგად აცნობიერებს, თუ რა კატასტყროფა შეიძლება მოჰყვეს ომს და თუ მასში რუსეთი და თურქეთი ჩაერევა, მით უმეტეს… ბაქომ მშვენივრად იცის, რომ ელვისებურ „ბლიცკრიგს“ ვერ განახორციელებს.
ასე რომ, სიტუაციის ბოლო გამწვავება უფრო ე.წ. „ბრძოლით დაზვერვას“ ჰგავს, როცა ერთი მხრივ, მოწინააღმდეგის მზადყოფნის ტესტირება და შემოწმება ხდება, მეორე მხრივ კი – როგორი იქნება რუსეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია. გარდა ამისა, ნათელი ხდება, თუ რამდენად ძლიერია „მთიანი ყარაბაღის არმია, რამდენად სწრაფად შეიძლება ჩაერთოს სიტუაციაში ერევანი, რამდენი ხანი დაჭირდება სომხეთის არმიის ნაწილების გადასროლას ფრონტის ხაზზე, გამოიდებს თუ არა თავს კრემლი მთიანი ყარაბაღისათვის… ამ კითხვებზე პასუხი აუცილებელია, რათა ისეთივე შეცდომები არ იქნეს დაშვებული, როგორიც მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით დაუშვა. სხვათა შორის, საქართველოში 2008 წლის ომს წინ 2004 წლის მოვლენები უძღოდა, როცა თბილისმა ცხინვალის ხელში ჩასაგდებად პირველი მცდელობა განახორციელა. ამიტომაც ყველა დაინტერესებულმა მხარემ სიფხიზლე არ უნდა დაკარგოს. მოკლედ, „დაზვერვა ბრძოლით“ ნიშნავს, რომ, ალბათ, კონფლიქტის განვითარება წინ არის.
———–
უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეულ სააკაშვილმა გუშინ, სამ აპრილს, კომენტარი გაუკეთა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავებას და თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა, რომ კრემლი, ჯერ ერთი, ცდილობს საბაბი იპოვოს და დაიპყროს ის ტერიტორიები, სადაც აზერბაიჯანის ნავთობ- და გაზსადენები გადის, ამით ევროპას კასპიი ენერგონედლეულს უკეტავს, რომელიც რუსული გაზის ალტერნატივას წარმოადგენს; მეორე მომენტი ისაა, რომ მოსკოვს თურქეთის დასჯა და საქართველოზე ზეწოლის მოხდენა სურს: „ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგები ახლავე აშკარაა – პრორუსული ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წააგებს, საქართველო კი [რუსეთის] დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ომში ჩაბმება თურქეთი, რომლის დასჯა ვლადიმირ პუტინს აქვს განზრახული. ანკარა ორ ფრონტზე აღმოჩნდება“
წყარო: http://nsn.fm/hots/saakashvili-obvinil-kreml-v-eskalatsii-karabakhskogo-konflikta.php.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/caucasus-diaspora-in-europe-and-is/3267059.html
ჩეჩენ მებრძოლებს ექსტრემისტულ ჯგუფებში ხელმძღვანელი როლის აღება ხელეწიფებათ
მაირბეკ ვაჩაგაევი თარხან ბათირაშვილის შესახებ
ფატიმა ტლისოვა
ევროპის ჩრდილო კავკასიური დიასპორა მეტწილად ასობით ათასი ადამიანის მუსლიმი თემებისგან შედგება, რომლებიც კონტინენტზეა მიმოფანტული. მათი ასობით წევრი, ახლო აღმოსავლეთში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში საბრძოლველად წავიდა. იმ დროს, როცა მათი უმრავლესობა ტერორისტული დაჯგუფების საზარბაზნე ხორცად იქცა, ზოგიერთები „ისლამური სახელმწიფო“-ს იერარქიაში უმაღლეს თანამდებობებზე დაწინაურდნენ. შეერთებული შტატების კონგრესის კვლევის სამსახურის ბოლო მოხსენებაში ნათქვამია: „ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბევრი ჩეჩენი მებრძოლი, იმის გამო, რომ 90-იან წლებში დაწყებულ მიმდინარე კონფლიქტში რუსეთს ეომებოდა, შედარებით გამოცდილი და ბრძოლისუნარიანია, ამის შედეგად ჩეჩენ მებრძოლებს ექსტრემისტულ ჯგუფებში მეტი ხელმძღვანელი როლის აღება შეუძლიათ.“
ევროპოლის, ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს მიხედვით, ევროკავშირის 5 ათასმა მოქალაქემ კონტინენტი სირიაში და ერაყში საბრძოლველად დატოვა.
იმ დროს, როცა სირიის და ერაყის ტერიტორიაზე ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მარწუხები თანდათან სუსტდება, ყოფილი მებრძოლების უკან დაბრუნება უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება. იმავდროულად ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-მ დასავლეთის სამიზნეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმები გაახშირა. როგორც ბრიუსელში მომხდარმა თავდასხმებმა აჩვენა, ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად „ისლამური სახელმწიფო“ მეორე და მესამე თაობის იმიგრანტების გამოყენებას ირჩევს, რომლებიც, როგორც წესი, უკვე მოქალაქეები არიან.
ასეთი დახასიათება ევროკავშირის ჩრდილო კავკასიურ დიასპორას ესადაგება და როგორც ბოსტონის მარათონის ამფეთქებლებმა აჩვენეს, შეერთებულ შტატებს ასეთი თავდამსხმელების საწინააღმდეგო იმუნიტეტი არ გააჩნია.
ჩეჩნეთის ბრძოლის ველიდან სირიის ბრძოლის ველამდე
ნორვეგიის თავდაცვითი კვლევის დაწესებულების უფროსი მკვლევარი და წიგნის ავტორი, სათაურით „ევროპაში ისლამისტთა ტერორიზმი“, პიტერ ნესერი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“-ს მიერ დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ჩეჩნების სხვა ჩრდილო კავკასიელების რეკრუტირებას, რუსეთის მიმართ მათი უკმაყოფილება უწყობს ხელს.
”ბევრი მათგანი ისეთი ოჯახიდან არის, რომელსაც ჩეჩნეთის კონფლიქტთან დაკავშირებული ტკივილი აქვს, რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნა აქვს განცდილი. ჯიჰადის რეკრუტერებს ევროპაში ამის გამოყენება შეუძლიათ, როცა მათ გამგზავრებაში არწმუნებენ. ზოგიერთი მათგანი სირიაში და ერაყში მოქმედ ჩეჩენ მუჯაჰედებს ხოტბას ასხამს.“
რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიის კოლონიზაციამ გადასახლებულთა ორი ცალკე ტალღა წარმოშვა. პირველ ტალღას ისინი შეადგენდნენ, რომლებიც რუსეთმა მე-19 საუკუნეში ამ რეგიონიდან ოტომანთა იმპერიაში მასობრივად გაასახლა. ამან ახლო აღმოსავლეთში დიასპორა წარმოშვა, რომელიც ამჟამად რამდენიმე მილიონს ითვლის. ამ „ძველი“ დიასპორის მემკვიდრეები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილი სხვადასხვა მეამბოხე დაჯგუფებებში, რომლებიც სირიის სამოქალაქო ომის დაწყებისთანავე ასადის რეჟიმს ებრძოდნენ.
ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძირითადად დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ბოლო ხანს გასულთა მეორე ტალღა, 1990-2000 წლებში ჩეჩნეთის ორმა ომმა და როგორც ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, კრემლის რეპრესიულმა პოლიტიკამ წარმოშვა.
ვაშინგტონის კვლევითი ორგანიზაციის, ჯეიმსთაუნის ფონდის, პარიზში მყოფი ექსპერტის, მაირბეკ ვაჩაგაევის თანახმად, ბოლო ხანს ევროპაში ჩამოყალიბებული ჩეჩენთა თემები 200 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის.
ოფიციალური შეფასება იმის თაობაზე, თუ ევროკავშირის დიასპორიდან რამდენმა ჩრდილო კავკასიელმა დატოვა ევროპა, სირიასა და ერაყში მებრძოლ ჯიჰადისტთა ჯგუფებთან შესაერთებლად, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფი“ იუწყება, რომ ევროპის ჩეჩნური დიასპორა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რეკრუტირების მთავარი კვანძია. ვაჩაგაევის შეფასებით, ყოველ ჩეჩენ მეთაურს, რომელიც ამჟამად „ისლამური სახელმწიფო“-სთვის, „ალ-ნუსრა ფრონტი“-სთვის ან სხვა ანტი-ასადური ჯგუფისთვის იბრძვის, სავსებით შესაძლებელია 250 ჩეჩენი მებრძოლი ჰყავდეს.
ვაჩაგაევმა „ამერიკის ხმა“-ს უთხრა, რომ ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენთა პირველი ჯგუფი, რომელიც საბრძოლველად სირიაში წავიდა, განათლებული ადამიანებისგან შედგებოდა და ჯიჰადში ჩართვაზე „შეგნებული არჩევანი“ გააკეთეს. მან თქვა: „ისინი არ იყვნენ გაუნათლებელი, ტვინგამორეცხილი, ღარიბი ახალგაზრდები. ისინი ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ, რომელთაგან ბევრის ინტელიგენციისადმი მიკუთვნება შეიძლებოდა.“
ნესერს სჯერა, რომ ჩეჩნეთის ომების დასრულებამ,მებრძოლების ახლო აღმოსავლეთში გადინებას შეუწყო ხელი. შინ ჩეჩენ ჯიჰადისტთა სუსტმა პოზიციებმა, სადმე სხვაგან ბრძოლა უფრო მომხიბვლელი გახადა, რამაც სირიაში მათი საერთო ყოფნის გაზრდა გამოიწვია.“
ალ-შიშანის მაგალითი
ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპიდან ჩამოსული ბევრი მებრძოლი სირიის ჩეჩენ ჯიჰადისტთა განშტოებებს შეუერთდა, როგორიცაა ჯეიშ ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარი.
ნესერი ამბობს, რომ „კონკრეტულად ჩეჩნები ასეთ განშტოებებს მოიძიებენ, რაც საზოგადო პრაქტიკას ეთანხმება, სადაც უცხოელი მებრძოლები საკუთარი ეროვნული და ენობრივი ოჯახების მიხედვით ერთიანდებიან.“
ჯეიშ ალ-მუჰაჯირინ ვა ალ-ანსარს ადრე აბუ ომარ ალ-შიშანი (თარხან ბათირაშვილი) მეთაურობდა. ის საქართველოში დაბადებული ჩეჩენი იყო, რომელიც სირიაში წასვლამდე, 2008 წელს, რუსეთთან ხანმოკლე ომის დროს, საქართველოს ჯარში მსახურობდა. მოგვიანებით ის ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს უმაღლესი სამხედრო მეთაური გახდა.
შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ალ-შიშანი, რომლის მაგალითმაც სხვა ჩრდილო კავკასიელები სირიის ომში ჩასაბმელად წაახალისა, მარტის დასაწყისში, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
ვაჩაგაევს არ სჯერა, რომ აბუ ომარ ალ-შიშანი მკვდარია: „ალ-შიშანის საკუთარი ძმა, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა, საქართველოს პანკისის სოფელში მცხოვრებ მამას ხშირად ნახულობს, თარხანის სიკვდილის ამბავი მამამისს რომ გაეგო, ვალდებული იქნებოდა თანასოფლელებისთვის გლოვის შესახებ ეუწყებინა, მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.“
ექსპერტები ამბობენ, რომ ალ-შიშანის სიკვდილი თუ დადასტურდება, მას ძალაუფლებისთვის ბრძოლის დაწყების გამოწვევა შეუძლია და ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს ჩეჩენ მებრძოლთა უმრავლესობა ამ დაჯგუფებას დაუპირისპირდება, თუ ის მეთაურად არა ჩეჩენს შეარჩევს.
იმ დროს, როცა ათასობით ჩრდილო კავკასიელი სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“-ს მხარდამხარ იბრძვის, ზოგიერთი გავლენიანი ჯგუფი ასადის მთავრობასაც ებრძვის და „ისლამურ სახელმწიფო“-საც.
ერთი ასეთი ჯგუფია, კავკასიის ემირატი სირიის შამში, მრავალეროვნული ჯგუფი, რომელშიც ბევრი ჩრდილო კავკასიელია და კავკასიის ემირატის ნარჩენებზე აღმოცენდა. კავკასიის ემირატი 2007 წელს რუსეთში გაჩნდა, მაგრამ უკვე 2012 წლისთვის რუსეთის უშიშროების სამსახურმა ის მეტწილად გაანადგურა.
რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ ისლამისტური ტერორიზმის ექსპერტი ჯოანა პარაჩუკი ამბობს: „შამში კავკასიის ემირატს ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ სძულს, ისინი მტრები არიან და ერთმანეთს გააფთრებით ებრძვიან“. ის ამბობს, რომ ასეთი ჯგუფებისთვის რუსეთი მთავარ მტრად რჩება.
გაწბილებული დაბრუნებულები
ვაჩაგაევი ამბობს, რომ სირიაში საომრად წასულ, ევროპაში მცხოვრებ ჩეჩენთა უმრავლესობა იქ დაიღუპა, მაგრამ მათი მცირე რიცხვი დაბრუნდა „ღრმად იმედგაცრუებული იმ წინააღმდეგობით, რაც მათ იდეალისტურ შეხედულებებსა იმას შორის ნახა, რაც იქ სინამდვილეში ხდებოდა.“ დაბრუნებულები ანტი „ისლამური სახელმწიფო“-ს პროპაგანდის ყველაზე ეფექტურ აქტივისტებად იქცნენ. სირიაში მათი გამოცდილების შესახებ მონათხრობი, ჩეჩენთა მჭიდროდ შეკრულ თემებში სწრაფად ვრცელდება.
ვაჩაგაევმა თქვა: „დაბრუნებულების მონათხრობი ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა იმისათვის, რომ ევროპელი ჩეჩნების „ისლამური სახელმწიფო“-სთვის რეკრუტირების ტალღა შემცირებულიყო. ზოგიერთი ჩეჩენი სირიაში ჯერ კიდევ მიდის, მაგრამ მათი რიცხვი ბევრად ნაკლებია.
ნესერი ამბობს, რომ „ის უცხოელი მებრძოლები, რომლებიც სირიიდან წამოსვლის შემდეგ საერთაშორისო ტერორიზმში გადადიან, მათი უნარების გამო განსაკუთრებით საშიშნი არიან. საკუთარი გამოცდილების და სტატუსის გამო, მათ დამქირავებლად და ქსელის შემქმნელად მოქმედებაც შეუძლიათ.“
ასეთი დაბრუნებული უცხოელი მებრძოლების მიერ წარმოქმნილ საფრთხეს ამ საფრთხეს ევროკავშირის ხელისუფლებმა სხვადასხვა ზომებით უპასუხეს, რაშიც მომატებული მონიტორინგი და თვალთვალიც შედის. ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დანერგა მგზავრთა სახელის ჩაწერის კანონმდებლობა, რომელიც ევროპარლამენტმა წამოაყენა და ავიახაზებს ავალდებულებს, ევროკავშირის ქვეყნებს მგზავრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. ეს ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, ავიამგზავრების შესახებ ინფორმაციას სისტემატურად თვალყური ადევნოს და შეაგროვოს. ევროკავშირის სხვა წევრები ამბობენ, რომ სისტემას ჯერ ისევ ცდიან.
ვაჩაგაევი ამბობს, რომ ყველა ევროპელი ჩეჩენი უსაფრთხოების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. „ადამიანებს მეგობრების და ნათესავების სანახავად თურქეთში წასვლის ეშინიათ, რადგან ეს სირიისკენ მიმავალ ტრადიციულ მარშრუტად ითვლება.“ მან ასევე თქვა რომ, რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, სირიიდან ევროპაში დაბრუნებული არცერთი ჩეჩენი ხელისუფლებას არ გაქცევია, ყოველი მათგანი ან დაპატიმრებულია ან დაკავებულია.