globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Politico» (აშშ): როცა ამერიკა მოსკოვის პოლიტიკურ ხაზს უსიტყვოდ ემორჩილება // რა განსხვავებაა ჯორჯ ბუშს, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს შორის – საქართველოსთან მიმართებით

«The National Interest» (აშშ): სჭირდება კი ნატოს ჩერნოგორია? // „კიდევ უფრო უარესი იქნება ალიანსისათვის, თუ თავის რიგებში საქართველოს და უკრაინას მიიღებს. ორივე ნამდვილი „შავი ხვრელია“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ანდერს ფოგ რასმუსენი: „დასავლეთმა რუსეთს სანქციები უნდა გაუგრძელოს… საქართველოს ნატოში წევრობის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მეტს გააკეთებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მოვა გაწევრიანების დრო“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართველი ინოვატორები კალიფორნიაში, სილიკონის დაბლობზე, დაფინანსების საძიებლად

«The Washington Post» (აშშ): ფოტოსურათები გვაჩვენებს, თუ როგორები არიან ბავშვი-პატარძლები საქართველოში

—————-

«Politico» (აშშ), 31 მარტი – 03 აპრილი, 2017 წელი

http://www.politico.eu/article/when-america-toes-moscow-line-vladimir-putin-barack-obama-donald-trump/

როცა ამერიკა მოსკოვის პოლიტიკურ ხაზს უსიტყვოდ ემორჩილება

რა განსხვავებაა ჯორჯ ბუშს, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპს შორის – საქართველოსთან მიმართებით

პუბლიკაციაში, რომლის ავტორია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უკვე უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი (უკრაინის პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ხელმძღვანელი), მკაცრად არის გაკრიტიკებული რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და გარკვეული უკმაყოფილებაა გამოხატული აშშ-ის ადმინისტრაციის მიმართაც, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს.

სტატიაში, რომელიც ამერიკული ყოველდღიური გაზეთის Politiko-ს ევროპულ გამოცემაშია გამოქვეყნებული, მიხეილ სააკაშვილი მკითხველს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს რუსეთის შესახებ: „ამას წინათ თვალს ვადევნებდი აშშ-ში მიმდინარე დისკუსიას რუსეთის ჩარევის თაობაზე. რადგანაც პირადად გამოვცადე რუსეთის თავდასხმა და დევნა, ამიტომაც დისკუსიის დროს  მხოლოდ აკადემიური ინტერესით ვერ შემოვიფარგლები. 2004-2013 წლებში, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, საკუთარი თვალით ვნახე და პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ ემუქრება რუსეთი თავის მეზობლებს. დღეს ამერიკელებმა ცოტათი მაინც გამოსცადეს საკუთარ ზურგზე ის, რაც გადაიტანეს ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ბოლო ათეული წლების განმავლობაში…

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები, რომლებიც თბილისისკენ მოემართებოდნენ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შეჩერდნენ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის ძლიერი ჩარევის შედეგად. იმ დროს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში აშშ-ის მეექვსე ფლოტის ხომალდები გამოგზავნა ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით და იმავდროულად ამ ნაბიჯით მოსკოვს მიანიშნა, წინ ნუ წახვალთო. სწორედ მაშინ თურქეთის ხელისუფლებამ გარკვეული ბარიერები შეუქმნა აშშ-ის სამხედრო ხომალდების ბოსფორის სრუტეში გავლას. ამის მიუხედავად, მეექვსე ფლოტის სარდალმა თურქეთს შეუთვალა, რომ სრუტეში გემები მაინც გაივლიან ყოველგვარი ნებართვისა და დოკუმენტების გარეშე, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესრულების მიზნით. ვთვლი, რომ ბუშის მოქმედებამ თავიდან აგვაცილა საქართველოს სრული ოკუპაცია და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობა. კრემლის ბინადარმა ვლადიმირ პუტინმა მკაცრი და მკაფიო გაფრთხილება მიიღო. ჯორჯ ბუშის მოქმედებით აღდგა ამერიკის ავტორიტეტიც – მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაბედა და თავისი პროამერიკული მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მისმა ადმინისტრაციამ სრულიად სხვა კურსი აიღო. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა ნათლად მიგვითითეს, რომ ნუ ელოდებით ჩვენგან იმას, რაც ჯორჯ ბუშმა 2008 წელს გააკეთაო. 2009 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის კოლეგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო იმ იმედით, რომ კრემლის მოქმედება უფრო კონსტრუქციული იქნებოდა. ამის შემყურე ერთმა რუსეთის მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მითხრა – მე მგონი, ეს ორი ადამიანი ჩვენს თავიდან მოშორებას აბეზარი ბუზის მსგავსად ცდილობენო…. „გადატვირთვის“ მადემორალიზებელი ეფექტი მთელ რეგიონზე აისახა. ვფიქრობ, ამ ფაქტმა ბევრად განაპირობა რუსეთის მეზობელ უკრაინაში პროდასავლური მთავრობის დაცემა და ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის მოსვლა, საქართველოში კი – „გაზპრომის“ მსხვილი აქციონერის ბიძინა ივანიშვილისა“, – აღნიშნავს ავტორი.

მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას სისუსტედ თვლის იმასაც, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი უმოქმედობით რუსეთს ნება მისცა უკრაინისგან ყირიმი მიეტაცა. ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ ძალიან რბილად განხორციელდა, თუმცა იქ კიევს საკმარისი ძალები ჰყავდა წინააღმდეგობის გასაწევად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი უკრაინას რჩევას აძლევდა, ძალა არ გამოიყენოო. საბოლოო ჯამში კი მოხდა ის, რასაც მე და სხვა დამკვირვებლები ველოდებოდით – რუსეთი ისე გათავხედდა, რომ დონბასშიც ავანტიურა დაიწყო. რასაკვირველია, ბარაკ ობამას მიერ გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი, მაგალითად, სანქციების დაწესება, გამართლებული იყო, მაგრამ ულვე საკმაოდ დაგვიანებულიც. ასეთი პოლიტიკით აშშ-ის პრესტიჟი ჩემს რეგიონში შესამჩნევად შემცირდა.

რას უნდა ველოდოთ დონალდ ტრამპისაგან? – ასეთი კითხვაა დასმული ავტორის მიერ სტატიაში. მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, რომ 2009 წელს, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, დონალდ ტრამპს არჩევანი ჰქონდა თავისი პროექტი რომელიმე ქვეყანაში – რუსეთში ან საქართველოში განეხორციელებინა. რუსეთში მას დიდი მოგება ელოდა, მაგრამ საქართველო უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა ინვესტიციებისათვის, მსოფლიოში ცნობილი არაკორუმპირებულობითა და უსაფრთხოებით, სადაც ძალიან იოლია ბიზნესის წარმოება. „ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში დაიწყებდა საქმიანობას, ვლადიმირ პუტინისათვის „პერსონა ნონ-გრატა იქნებოდა, დონალდ ტრამპმა მაინც საქართველო ამოირჩია. მაშინ შევამჩნიე, რომ მას პრეზიდენტობის ამბიციები ჰქონდა. ეს ფაქტი ყველაფერს ნიშნავდა ჩემს თვალში. დონალდ ტრამპი არ არის სიმპათიებით განწყობილი რუსეთის მიმართ. მას ჩემთან საუბრისას ხშირად გამოუხატავს სკეპტიციზმი რუსული ბიუროკრატიული სისტემის მიმართ.

რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც მისი მხარდამჭერების მოსკოვთან კავშირებსა და გარიგებებს ეხება, მაგრამ პირადი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ, რომ დონალდ ტრამპის შესახებ შექმნილი კონსპიროლოგიური თეორიები მხოლოდ თეორიებად დარჩება, ხოლო მისი წინამორბედის სისუსტე და ვლადიმირ პუტინის მიმართ არასწორი, მცდარი დამოკიდებულება უკვე ფაქტია, რომელმაც რეგიონში მძიმე შედეგებამდე მიიყვანა. აი, ამის გამოძიებას როდის დაიწყებთ, ამერიკელებო?“, – ასეთი შეძახილით ამთავრებს სტატიას მიხეილ სააკაშვილი.

«The National Interest» (აშშ), 27 მარტი – 03 აპრილი, 2017 წელი

http://nationalinterest.org/blog/the-skeptics/does-nato-really-need-montenegro-19919?page=3

სჭირდება კი ნატოს ჩერნოგორია?

„კიდევ უფრო უარესი იქნება ალიანსისათვის, თუ თავის რიგებში საქართველოს და უკრაინას მიიღებს. ორივე ნამდვილი „შავი ხვრელია“

სტატიაში, რუბრიკით „სკეპტიკოსები“, ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის ბოლო გაფართოების კვალობაზე, განხილულია ნატოში ბალკანეთში მდებარე პატარა სახელმწიფოს – ჩერნოგორიის მიწვევა-მიღების პროცესი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის შემადგენელი ნაწილი იყო. „რისთვის იღებს ნატო თავის რიგებში იმ ქვეყანას, რომელიც მისთვის არანაირ სამხედრო ფასეულობას არ წარმოადგენს?“, – წერს აშშ-ის კატონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლეი დაგ ბენდოუ, რომელიც ადრე პრეზიდენტ რონალდ რეიგანის თანაშეწედ მუშაობდა.

„ჩერნოგორიამ 2016 წელს სამხედრო საჭიროებისათვის 69 მილიონი დოლარი დახარჯა. ეს იმდენად მცირე თანხაა, რომ პენტაგონისთვის სტატისტიკური ცდომილობის ფარგლებში შედის. გარდა ამისა, ჩერნოგორიის მოსახლეობა უფრო მცირეა, ვიდრე ერთ ამერიკულ საარჩევნო ოლქში. უფრო მეტიც – ჩერნოგორიის არმია მხოლოდ… 1900 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ჩერნოგორიას არცერთი ქვეყნის არმია არ ემუქრება… მოკლედ, ამ ქვეყნის ნატოში მიწვევა ალიანსისათვის სამხედრო წარმატებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ სატირულ-იუმორისტული ნაწარმოების სიუჟეტს უფრო ჰგავს“, – აღნიშნავს ავტორი.

დაგ ბენდოუს აზრით, ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ეს ნამცეცა სამხრეთსლავური რესპუბლიკა ნატოში შედის, ისაა, რომ პოდგორიცას დასავლეთის ფული უნდა. თანხების მიღების გარანტიას კი ნატოს წევრის სტატუსი უზრუნველყოფს. „საეჭვოა, რომ ვლადიმირ პუტინს ჩერნოგორიელი ლეგიონების შეეშინდეს. ჩერნოგორია ნატოს არაფერს მისცემს, მოსკოვს კი საბაბი ეძლევა დასავლეთი ანტირუსული პოლიტიკაში დაადანაშაულოს.

უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ნატოსათვის ასევე უსარგებლო იქნება ისეთი ქვეყნების წევრად მიღება, როგორებიცაა ბოსნია, კოსოვო, მაკედონია და სერბეთი. მათ ალიანსისათვის პრობლემების მოტანა უფრო შეუძლიათ, ვიდრე სარგებლობა.

კიდევ უფრო უარესი იქნება ნატოს წევრებისათვის, თუ ისინი თავიანთ რიგებში საქართველოს და უკრაინას მიიღებს. ორივე ნამდვილი „შავი ხვრელია“ და ალიანსისათვის ძალზე პრობლემურ, სარისკო და უსარგებლო ქვეყნებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ჩერნოგორიაზე შედარებით უფრო დიდი სუბიექტები არიან,  საქართველოს არმია მაინც მცირერიცხოვანია და მისი მონაწილეობა ავღანეთისა და ერაყის დაუფიქრებელ ომებში არ იქნება იმის გარანტია, რომ ნატოში მიღება თბილისს რუსეთისაგან უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. რაც შეეხება უკრაინას, მისი არმია უფრო დიდია, მაგრამ მას პრობლემებიც მეტი აქვს. მოკლედ, ეს ქვეყნები აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში არანაირ როლს არ ასრულებენ, მაგრამ რადგანაც ორივე ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, მათი ალიანსში მიღება რუსეთის საზღვრებისათვის დარტყმის მიყენების ტოლფასი იქნებოდა“, – წერს დაგ ბენდოუ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/rasmussen-sanctions-on-russia/3794436.html

ანდერს ფოგ რასმუსენი: დასავლეთმა რუსეთს სანქციები უნდა გაუგრძელოს… საქართველოს ნატოში წევრობის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მეტს გააკეთებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მოვა გაწევრიანების დრო

ნანა საჯაია

რატომ უნდა გააგრძელოს დასავლეთმა რუსეთზე დაწესებული სანქციები და როგორ აისახება ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა რუსეთზე და ევროპაზე? ამ თემას ეძღვნება ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.

სანქციებმა რუსეთის დამატებითი აგრესია აღკვეთა, ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნა და რუსეთის ეკონომიკური ზრდა შეაჩერა – ეს არის სამი მიზეზი, რის გამოც ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს: „სანქციების მოხსნით ან შემსუბუქებით ჩვენ რუსეთზე  ყველანაირ ბერკეტს დავკარგავთ. ამიტომაც, სულ მცირე, სანქციები უნდა შევინარჩუნოთ, რადგან მათ უარყოფითი გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე არ მოუხდენია“. ამასთან, ანდერს ფოგ რასმუსენს არ აქვს მოლოდინი, რომ დასავლეთი სანქციებს გაამკაცრებს.

კითხვაზე, წაახალისა თუ არა დასავლეთმა რუსეთი 2008 წელს, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე (MAP) უარი უთხრა, ანდერს ფოგ რასმუსენი პასუხობს, რომ ორ ქვეყანას მაშინ „მაპ“-ი უნდა მიეღო.

„2008 წელს საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა უნდა მიგვეცა. ეს კრემლს აჩვენებდა, რომ საქართველოში შეჭრა ცუდი იდეა იქნებოდა. 2008 წელს ალიანსმა გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა თქვენი ნება და აუცილებელი კრიტერიუმების შესრულება. ახლა ამ კრიტერიუმებზე ვმუშაობთ. წევრობის ზუსტ თარიღს ვერ ვიტყვით, მაგრამ რაც მეტს გააკეთებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მოვა გაწევრიანების დრო.“

ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე ამბობს, რომ ალიანსში ჩერნოგორიის მიწვევა იმის მაგალითია, რომ ნატოს წევრობას თავად ალიანსი წყვეტს და არა ვლადიმირ პუტინის რუსეთი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-enterpreneurs-in-palo-alto/3793665.html

ქართველი ინოვატორები კალიფორნიაში, სილიკონის დაბლობზე, პალო-ალტოში დაფინანსების საძიებლად

ბორის კიკნაძე pawwwn-ის აღმასრულებელი ოფიცერია. იგი კალიფორნიაში, პალო-ალტოში, ინვესტორთა დასაინტერესებლად ჩავიდა. მისი პრეზენტაცია ათწუთიანი უნდა ყოფილიყო. ახალგაზრდა ბიზნესმენმა სხარტად ჩამოაყალიბა ბიზნეს-იდეა ონლაინ-გადახდების მენეჯმენტის შესახებ, რომელმაც ლომბარდის მფლობელებსა და მათ კლიენტებს ტრანზაქციები უნდა გაუადვილოს. ბორისის თქმით, ამ სფეროს მთავარი თავსატეხი გადახდების მენეჯმენტის სისტემაა, მისი ფირმა კი ამ პრობლემას მოხსნის.

სან-ფრანცისკოში ჩასვლამდე, თვეების განმავლობაში, ბორისი და მისი თანადამფუძნებელი ამ იდეას საქართველოში ავითარებდნენ. გასული წლის მარტში კომპანიის დაარსების შემდეგ, მას ოცამდე კლიენტი გამოუჩნდა. ამ სფეროში საქართველოში ათას ორასამდე, ამერიკაში კი თოთხმეტი ათასი კომპანია მუშაობს. რა გასაკვირია, რომ ბორისი ბიზნესის გავითარების რეალურ შესაძლებლობას ხედავს. მას მილიონი დოლარი სჭირდება, რისი მოძიების შემდეგ ის აშშ-შიც შეუდგება საქმიანობას.

ბორის კიკნაძე „სტარტაპ-საქართველოს“ წევრია. [სტარტაპი - ადამიანების დროებითი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია განმეორებადი, მასშტაბირებადი და ინოვაციური (ახალი) ბიზნეს მოდელის მოსაძიებლად (შესაქმნელად) და მისი სწრაფი განვითარებისთვის, ექსტრემალური მოულოდნელობების პირობებში]. პროექტ „სტარტაპ-საქართველოს“ აფინანსებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ამერიკელ ექსპერტებსა და ინვესტორებს საქართველოს სტარტაპებთან აკავშირებს. აღნიშნულმა უწყებამ საქართველოს ორასორმოცდაათზე მეტ მეწარმეს კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. ორმოცდაათმა მეწარმემ ტრეინინგი თბილისში გაიარა. ოცმა მეწარმემ სახელმწიფოს დაფინანსებით ამერიკელ ექსპერტებთან სამთვიან ვიდეო-ტრეინინგებში მიიღო მონაწილეობა. ბოლოს, აშშ-ში გამოსამგზავრებლად და ინვესტორებთან შესახვედრად რვა ქართველი ინოვატორი შეირჩა.

საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, რვა ქართული სტარტაპი პალო- ალტოს პირველად ეწვია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი პროექტები ფინანსურ ორგანიზაციებსა და ფონდებს გააცნონ. თავის მხრივ, საელჩომ სილიკონის დაბლობზე მოქმედ კომპანიებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია“.

საქართველო, ესტონეთისა და ისრაელის მსგავსად, მზარდ ტექნოლოგიურ ჰაბებზე აკეთებს გათვლას, ამბობს Global Vision-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მარკ ივანოვსკი. მისი თქმით, ამერიკელი ინვესტორები, როგორც წესი, განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენენ აშშ-ის გარეთ არსებული ჰაბების მიმართ. ეს ღონისძიება კი მათთვის შესაძლებლობაა, უფრო მეტი შეიტყონ უცხო ქვეყნების შესახებ, სადაც შრომის ანაზღაურება ნაკლებია. მარკ ივანოვსკი უცხოურ კომპანიებს ურჩევს, ამერიკული ინვესტიციების მოსაზიდად აშშ-ში დარეგისტრირდნენ და ოფისი გახსნან.

გასული კვირის განმავლობაში, ქართველი ინოვატორები სილიკონის დაბლობზე იმყოფებოდნენ. მათ მოისმინეს იურისტთა ლექციები, თუ როგორაა დაცული ინტელექტუალური საკუთრება, შეხვდნენ ინვესტორებს, რომლებიც მათი კომპანიების მსგავს სტარტაპებს აფინანსებენ. „თუ ინვესტორი ამბობს, რომ იდეა მოსწონს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს“, – ამბობს კომპანია Venrock-ის მმართველი პარტნიორი სტივ გოლდბერგი. იგი ისეთ რისკიან ბიზნესებში დებს ფულს, რომელთაც ჩვეულებრივი ბანკი არ დააფინანსებდა: „გაიგეთ, რა უნდა ინვესტორს“, – გვირჩევს სილიკონის დაბლობის ბინადარი კიდევ ერთი კომპანია Band of Angels წარმომადგენელი რონ უეისმანი. იგი ინვესტიციების სანაცვლოდ კომპანიების წილებს ითხოვს.

პრეზენტაციების შემდეგ, ქართველი მეწარმეები ინვესტორებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ. ადგილზე დაფინანსება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო, მაგრამ სტუმრები იმედიანად განეწყვნენ და გადაწყვიტეს, იდეების განხილვა მომავალ კვირას გააგრძელონ.

———-

სიუჟეტი მოამზადა ამერიკის ხმის“ ბიურომ ლოს-ანჯელესში, პალო-ალტოსა და ვაშინგტონში. ამ თემაზე პალო-ალტოში მიშელ ქუინმა, ვაშინგტონში კი ანა კალანდაძემ იმუშავეს.

«The Washington Post» (აშშ), 04 აპრილი, 2017 წელი

https://www.washingtonpost.com/news/in-sight/wp/2017/04/03/these-photos-show-what-its-like-being-a-child-bride-in-the-country-of-georgia/?utm_term=.f62052285dc3

ფოტოსურათები გვაჩვენებს, თუ როგორები არიან ბავშვი-პატარძლები საქართველოში

კენეტ დიკერმანი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში (კავკასია) ქორწინების ასაკი 18 წლიდან იწყება, აქ გოგონების ნაადრევად გათხოვების საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, გოგონების 17% 18 წლის ასაკის მიღწევამდე თხოვდება. არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომაა შემორჩენილი ასეთი გადმონაშთები – გოგონების მშობლების ნება, საპატარძლოს მოტაცება სასიძოს მიერ და ა.შ.

იტალიელმა ფოტოგრაფი მირიამ მელონი, ჟურნალისტ ელენა ლედასთან ერთად, საქართველოში ჩავიდა იმ მიზნით, რომ ზოგიერთ ასეთ ბავშვ-პატარძლებს შეხვედროდა. მათ იქ გაიცნეს გოგონა, სახელად სამაია, რომელიც 16 წლის ასაკში გაათხოვეს, თან იმ მამაკაცზე, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ თუ ჰყავდა ნანახი. გათხოვების შემდეგ ბევრი ამ გოგონებიდან სკოლაში სწავლას წყვეტს, რადგან ითვლება, რომ გათხოვების შემდეგ  მათი მთავარი მოვალეობა სახლის მოვლა, ბავშვების გაჩენა და მათი აღზრდაა.

საქართველო ცდილობს შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე, მათ შორის ბავშვთა ქორწინების აკრძალვის საკითხში. ბოლო დრომდე ნებადართული იყო ნაადრევი ქორწინება მხოლოდ „განსაკუთრებული გარემოებების“ დროს, სასამართლოს ნებართვით. მართალია, ეს გამონაკლისი მიმდინარე წლის იანვარში გაუქმდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ მძლავრობს ტრადიციები, რომელთა მიხედვით, ქორწინებამდე [სექსუალური] ურთიერთობა ტაბუდადებულია და გენდერული თანასწორობა დარღვეულია. ასე რომ, ნაადრევი ქორწინებები გრძელდება.

———

სტატიას თან ახლავს იმ გოგონების მრავალრიცხოვანი ფოტოსურათები, რომლებიც ნაადრევად, 15-16 წლის ასაკში გათხოვდნენ. ფოტოგრაფმა მირიამ მელონიმ ისინი ფირზე აღბეჭდა საქართველოს აჭარის რეგიონში,  ქვემო ქართლში, კახეთში, პანკისის ხეობაში…

Comments are closed