«ТВ Мир» (რუსეთი//დსთ): „მინისტრთცვენა“ ქართულად: სამთავრობო კრიზისის მიზეზთა ვერსიები
«Каспiй» (აზერბაიჯანი): საქართველოს პრეზიდენტი კაპრიზობს, მაგრამ მთავრობას პარლამენტი მაინც ნდობის ვოტუმს გამოუტანს
«КомсомольскаЯ правда» (რუსეთი): საქართველოში რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტები აუკრძალეს
————————–
«ТВ Мир» (რუსეთი//დსთ), 3 მაისი, 2015 წელი
http://mir24.tv/news/politics/12516488
„მინისტრთცვენა“ ქართულად: სამთავრობო კრიზისის მიზეზთა ვერსიები
რუსულმა ტელეკომპანია „მირ“-მა, 3 მაისს, საღამოს, ტელეეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი „მინისტრთცვენა“ ქართულად, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში გასულ კვირას მომხდარი სამთავრობო კრიზისი – მთავრობის გადადგომა და მისი მიზეზები, ახალი მინისტრების შერჩევა და, საერთოდ, ქართული პოლიტიკის სამზარეულოს დეტალები (ავტორი – ბორის მანჟუკოვი).
„საქართველოში სერიოზული გადაწყვეტილებების დროა: ამ ქვეყანაში შეიძლება მთავრობის მეთაური შეიცვალოს. ირაკლი ღარიბაშვილის ასეთი მყიფე მდგომარეობის მიზეზია „მინისტრთცვენა“ – ასე მონათლა ხალხმა სიტუაცია, როცა ქართველმა მინისტრებმა ერთი-მეორის მიყოლებით დაიწყეს თანამდებობიდან გადადგომები, თანაც საკუთარი ნებით. მართლაცდა შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის წევრები საკმაოდ უცნაური და დაუჯერებელი მიზეზებით გარბიან: ზოგი ამბობს, ბავშვობიდან ავად ვიყავი და მკურნალობა მინდაო, ზოგი – ცოლ-შვილი მენატრება, მინისტრობას ოჯახთან ყოფნა მირჩევნიაო… პრემიერ-მინისტრი ცდილობს სახე შეინარჩუნოს და აცხადებს, რომ უახლოეს ხანში პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგნელობას დასამტკიცებლად წარუდგენს. თავის მხრივ, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასე სწრაფად მთავრობის დამტკიცება არ მოხერხდება, ამიტომ მთავრობის შემადგენლობაზე ხელს ჯერ ვერ მოვაწერო.
თუ მინისტრები მიდიან, ესე იგი, ვიღაცას ასე სურს. მთავრობის კრიზისში მართლაც ბევრია დაინტერესებული, მათ შორის თვით ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ამის მიზეზები შეიძლება რამდენიმე ვერსიის სახით ჩამოვაყალიბოთ.
ვერსია პირველი: განხეთქილება კოალიციის შიგნით
„“ქართულ ოცნებაში“ ადამიანები რაიმე ფასეულობებით, ერთობლივი ბრძოლის სურვილით ან მიზნებით არ არიან გაერთიანებულნი. იქ თავსეყრილია სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების მქონე ძალები, ამიტომაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუტარი მომავლის უზრუნველყოფაა. ისინი მხოლოდ ამისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან“, – ასე თვლის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე.
საქართველოში ყველასათვის ცნობილია, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა. ორივენი „ქართული ოცნების“ წარდგენილები არიან, მაგრამ ერთმანეთთან საერთო ენა ჯერ კიდევ ვერ გამოუნახავთ. ისინი ბევრ რამეში ერთმანეთს არ ეთანხმებიან – იქნება ეს საგარეო თუ საშინაოპოლიტიკური საკითხი. „პრეზიდენტს პრემიერთან და პარლამენტთან მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს, პრემიერი პრეზიდენტს არ ელაპარაკება… საერთოდ, გაუგებარია, ქვეყანა როგორი კრიტერიუმებით იმართება“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ვერსია მეორე: მთავრობის „წმენდა“ მილიარდერის მიერ
„ქართული ოცნების“ შემქმნელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავისი პირმშოთი, უბრალოდ, იმედგაცრუელბულია. „ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის ზოგიერთი მინისტრით უკმაყოფილოა, ამაზე ბევრი ლაპარაკი იყო. დადიოდა ხმები, რომ ზოგიერთი მინისტრი კორუფციულ გარიგებებში იყო შემჩნეული, თუმცა საქმე მათ შესახებ არ აღძრულა“, – ამბობს „კავკასიური სახლის“ დირექტორი გიორგი კანაშვილი.
ვერსია მესამე: მთავრობის „ატესტაცია“ – სტრატეგიული სვლა?
წელიწადნახევარში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. პოლიტოლოგები ეჭვობენ, რომ „ქართული ოცნება“ ამჯერადაც 2012 წლის წარმატებას გაიმეორებს: კოალიციისა და მთავრობის რეიტინგი ეცემა, მოსახლეობის უკმაყოფილება კი მატულობს. პრობლემები ბევრია: უმუშევრობის ზრდა, ფასების მატება საშუალოდ 30%-ით კვების პროდუქტებზე; ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომელიც სამი თვის წინ 1,75 იყო, ახლა კი 2,33-ია. „დიახ, ბევრი რამ დადებითი გაკეთდა, განსაკუთრებით სიტყვის თავისუფლების სფეროში, შეწყდა ტერორი ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ასევე ბევრი დაპირება არ სესრულებულა… მმართველი კოალიციის რეიტინგი ეცემა… თუმცა ახლა რომ პარლამენტის არჩევნები ჩატარდეს, კოალიციას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს“, – ასე მიიჩნევს არასამთავრობო როგანიზაცია „ევრაზიული არჩევანის“ ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე.
ვერსია მეოთხე: კრიზისის უკან ექს-პრეზიდენტი დგას
მიხეილ სააკაშვილი საზღვარგრეთაა, მას სამშობლოში კორუფციაში ადანაშაულებენ, თუმცა საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია – „ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანაო“, ამბობს და მზად არის საქართველოს გადამრჩენელთა რიგებში ჩადგეს. ყოფილი პრეზიდენტის თანაპარტიელები – ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხაზს უსვამენ, რომ „ქართული ოცნებამ“ ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა.
ახლა მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, „მოვალეობის დროებითი შემსრულებსლის“ სტატუსით მუშაობს. წინ ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცედურაა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ახალი პრემიერი ეყოლება“, – ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 4 მაისი, 2015 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
საქართველოს პრეზიდენტი კაპრიზობს, მაგრამ მთავრობას პარლამენტი მაინც ნდობის ვოტუმს გამოუტანს
აზერბაიჯანის ყოველკვირეულ რუსულენოვან გაზეთ «Каспiй»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმოხილვისას, ბუნებრივია, ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა სამთავრობო კრიზისს, მის მიზეზებს და მოვლენების განვითარების პროგნოზებს (ავტორი – რომან ტემნიკოვი).
პუბლიკაციაში გამოყენებულია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისები და კომენტარები. გთავაზობთ ამონარიდებს:
თენგიზ აბლოთია, პოლიტიკური მიმომხილველი:
„არაფერი ისეთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საქართველოს მტავრობაში არ ხდება. ამ შემთხვევაში ჩვენს საქმე გვაქვს სუფთა პროცედურულ საკითხთან. ასე რომ, ახალი მტავრობის ჩამოყალიბება და პარლამენტის მიერ მისი დამტკიცება უბრალო ფორმალობაა… პოზიტიურ ფაქტად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ რესპუბლიკელები ასეთ მაღალ დონეზე ძლიერდებიან. ყოველ შემთხვევაში, თინა ხიდაშელს ვერავინ ვეღარ დააბრალებს იმას, რომ იგი პროდასავლური კურსიდან გადაიხარაო. თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნა დღის წესრიგიდან ხსნის მრავალ საკითხს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელების გაძლიერება მთავრობაში – ეს მთავრობის პროდასავლური კურსის გაძლიერებას ნიშნავს. ამრიგად, ძლიერდება ყველა, ვინც ევროინტეგრაციის მხარდამჭერია, ანუ მმართველი კოალიცია თითქმის მთლიანად.
ამასთან, პროდასავლური ხაზის გაძლიერება, რა თქმა უნდა, იმასაც ნიშნავს, რომ მთავრობა უარს ამბობს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარების მცდელობებზე, თუმცა მანამდეც ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ამგვარ მცდელობებს აზრი არ ჰქონდა. 2012 წელს [‘ნაციონალთა“] ხელისუფლების შეცვლისათვის „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთისაგან საჩუქარი მიიღო – ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევიდა. როგორც ჩანს, კრემლსა და ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ასეთი ფორმალური გარიგება მოხდა. რუსეთისაგან ჩვენ მეტს ვერანაირ დათმობას ვეღარ მივიღებთ. შესაბამისად, არავიტარი დაბალანსებული პოლიტიკა არ გამოვა. მოსკოვი თბილისს ევრაზიული კავშირის შემადგენლობაში ხედავს, ჩვენ კი საკუთარი თავი იქ ვერ წარმოგვიდგენია. რუსეთი წინააღმდეგია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კასპიის ნავთობ-გაზის ალტერნატიული მარშრუტები გადიოდეს, ჩვენთვის კი ეს გარესამყაროში გასავლელი „სარკმელია“. განა შეიძლება ამ საკითხებზე მოვილაპარაკოთ? ეს არ მოხდება. საკითხი ასე დგას: „ან-ან“. გასულმა ორნახევარმა წელიწადმა დაგვარწმუნა, რომ აზრი – „მიშა წავა და ჩვენ რუსეთთან ყველაფერზე მოვილაპარაკებთო“, სისულელეა. ვერავინ ვერაფერზე ვერ მოილაპარაკებს. ჩვენთვის დაბალანსებული პოლიტიკა უაზრობაა.
რაც შეეხება ქართულ-რუსული ურთიერთობების შესაძლებელ გართულებას, მთავრობის უფრო პრადასვლური შემადგენლობის გამო, ჯერ-ჯერობით მოსკოვში სიჩუმეა. კრემლი კმაყოფილია, რომ ჩვენ არაფერს ვამბობთ, ჩვენები კი კმაყოფილები არიან, რომ რუსეთი ომს არ იწყებს. რუსეთი ჯერ-ჯერობით ისევ უკრაინითაა დაკავებული. ამრიგად, სანამ უკრაინა დუღს, ჩვენთან არაფერი მოხდება“.
ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი:
„რაც შეეხება მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკური პარტიის პოზიციები შესამჩნევად ძლიერდება: ახალ მთავრობაში უკვე სამი რესპუბლიკელი მინისტრია – თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, ადრე დანიშნული პაატა ზაქარეიშვილის ჩათვლით. ამრიგად, რესპუბლიკელებმა ირაკლი ალასანიას პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაკავებული პოსტები ჩაანაცვლეს. სხვათა შორის, ამერიკელებმა ირაკლი ალასანიას მოხსნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან უარყოფითად აღიქვეს, მისმა შემცვლელმა მინდია ჯანელიძემ ვაშინგტონში ნდობა ვერ მოიპოვა. ახლა კი თინათინ ხიდაშელი ამერიკელებისათვის სრულიად მისაღები ფიგურაა. თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნა ერთგვარი მესიჯია დასავლეთისათვის – როგორც საგარეოპოლიტიკური, ისე გენდერული თავლსაზრისით. ევროპის ქვეყნებში ხომ ქალი თავდაცვის მინისტრად – ჩვეულებრივი მოვლენაა.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ურთიერთობები ჩიხშია შესული. „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი ძალიან სუსტია. ამ თვალსაზრისით მე ვერანაირ საგარეოპოლიტიკურ ბალანსს ვერ ვხედავ, თუმცა არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შემდეგ ამის იმედი ნამდვილად არსებობდა.
იმ გამოქვევების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას, საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება უახლოეს თვეებში პოლიტიკური პროცესები, მით უმეტეს, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ მთავრობაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებულია. შეძლებს კი რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას? სირთულეები არამარტო საგარეოპოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, არამედ იმითაც, რომ სრულად არაა გამოყენებული ქვეყნის შიდა პოტენციალი, მათ შორის საკადრო სფეროში, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია“.
«КомсомольскаЯ правда» (რუსეთი), 4 მაისი, 2015 წელი
http://www.kp.md/daily/26373/3255416/?geoid=1
საქართველოში რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტები აუკრძალეს
რუსული გაზეთი «Комсомольская правда» ეხმაურება თბილისში რუსი ბაიკერებთან დაკავშირებით მომხდარ მცირე ინციდენტს, როცა ქართველმა ახლაგაზრდებმა ე.წ. „ღამის მგლებს“ მოტოციკლეტებიდან გეორგიევსკის ლენტების მოხსნა სთხოვეს – „ეს ლენტები საქართველოს ოკუპაციის სიმბოლოებიაო“.
როგორც ჩანს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70-ე წლისთავის წინ საქართველომ გადაწყვიტა, რომ „განათლებულ ევროპას“ არ ჩამორჩეს და საბჭოთა ჯარისკაცების გმირობის ამბები დაივიწყოს, – წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი სერგეი სემუშკინი.
„ჩვენ ვლადიმირ პუტინის მეგობარი ბაიკერები ვაიძულეთ, რომ გეორგიევსკის ლენტები საკუთარი ხელით მოეხსნათ და მათ ამ ლენტებით გამოჩენა საქართველოს ტერიტორიაზე ავუკრძალეთ“, – ფრიად გახარებული იტყობინებოდა სოციალურ ქსელში რადიკალური ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. ამით მან ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეულ ათასობით საკუთარი თანამემამულის გმირობა დაივიწყა. მკვლევარების აზრით, თუ საბრძოლო დანაკარგები ეროვნული კუთვნილების მიხედვით იქნება შეფასებული, მაშინ ქართველები პირველ ათეულში შედიან….
ქართული მასმედია აღტაცებით უსვამს ფაქტს იმ გარემოებას, რომ ბაიკერების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებაში საბჭოთა კავშირის გმირის მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი ირაკლი ქანთარიაც მონაწილეობდაო, მაგრამ რაიხსტაგზე რუს მიხეილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშის აღმმართველი ქართველი მელიტონ ქანთარიას შვილიშვილის მონაწილეობა ამ საზიზრარ საქმეში ძალიან საეჭვოა. ჩვენი გაზეთის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი ირაკლი ქანთარია თბილისში კი არ ცხოვრობს, სადაც ბაიკერებთან ინციდენტი მოხდა, არამედ დაბა ჯვარში და ყველა მისი ახლობელ-მეგობარი მის სესახებ მხოლოდ კეთილი სიტყვებით ლაპარაკობს – ირაკლი ქანტარია თავისი დიდი ბაბუის ხსოვნას და გმირობას პატივს სცემს და აფასებს. გარდა ამისა, ირაკლი ქანთარია სამართლადმაცველ სტრუქტურაში მუშაობს, შესაბამისად, მას რაიმე პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობა ეკრძალება, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
———
შენიშვნა: როგორც ირკვევა, რუს ბაიკერებთან ინციდენტში მონაწილე ირაკლი ქანთარია საბჭოთა კავშირის გმირ მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი კი არაა, არამედ მისი ძმის შვილიშვილი.