«RFE//RL – Radio Free Europe // Radio Liberty» (აშშ): ინტერვიუ იოჰანეს ჰანთან: „თურქეთს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებაში, უკრაინასა და საქართველოსთან შედარებით, არანაირი შეღავათი არ ექნება“
«Центр Новостей ООН» (აშშ//გაერო): გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტში საქართველო გააკრიტიკეს და თურქ-მესხებს მხარი დაუჭირეს
«AP – Associated Press» (აშშ): სპორტული შეჯიბრი დედა-შვილს შორის – პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში
———————–
«RFE//RL – Radio Free Europe // Radio Liberty» (აშშ), 4 მაისი, 2016 წელი
ინტერვიუ იოჰანეს ჰანთან: „თურქეთს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღებაში, უკრაინასა და საქართველოსთან შედარებით, არანაირი შეღავათი არ ექნება“
რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ კორესპონდენტმა რიკარდ იუზვიაკმა ინტერვიუ ჩამოართვა ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს, რომელიც პრაღაში სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
ინტერვიუში იოჰანეს ხანმა, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან ასოცირებისა და ვიზალიბერალიზების პრობლემების შესახებაც ისაუბრა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ევროკავშირთან სრული ასოცირების გზაზე, აუცილებელია არამარტო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, არამედ მიღებული კანონების შესრულებაც. „გარდა ამისა, ცნობილია, რომ უკრაინაში კონფლიქტი მიმდინარეობს, ქვეყანაში მილიონნახევარი იძულებით გადაადგილებული პირია, არის დიდი ეკონომიკური პრობლემები, თუმცა, რადგანაც უკრაინამ შეასრულა თავისი ვალდებულებები ვიზალიბერალიზებასთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეებს, ქართველებთან და კოსოვოელებთან ერთად, უკვე 2016 წლის ბოლომდე, ევროკავშირის შენგენის ზონაში ვიზის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა. „თბილისმა და კიევმა მარტში და აპრილში ამ მიზნით ევროსაბჭოსაგან დადებითი რეკომენდაციები მიიღეს, ანუ სამმა სახელმწიფომ, სტანდარტების შესაბამისად, თავიანთი საქმე უკვე გააკეთეს, მაგრამ ვიზალიბერალიზების პროცესის დასრულებისათვის აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა, – ახლა უკვე უვიზო რეჟიმის დაწესება ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უნდა მოიწონოს“.
იოჰანეს ჰანი შეეხო თურქეთთან დაკავშირებულ ვიზალიბერალიზების საკითხსაც: როგორც ცნობილია, დღეს ევროკომისიამ უნდა გამოაცხადოს – პასუხობს თუ არა თურქეთი ვიზების გაუქმების ყველა კრიტერიუმს. ევროკავშირის წარმომადგენელმა უარყო ანკარის განცხადება, რომ ევროკავშირი თურქეთს, სირიელი მიგრანტების ნაკადის შეჩერების გამო, შეღავათს გაუწევს და, შესაბამისად, თურქეთი უვიზო რეჟიმს შედარებით იოლად მიიღებს. „ჩვენ ყველას ერთნაირად ვეპყრობით, ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თურქეთის მიმართაც იგივე მეთოდოლოგიით ვხელმძღვანელობთ, რითაც საქართველოსთვის, უკრაინისათვის და კოსოვოსათვის ვიხელმძღვანელეთ. თურქეთს არანაირი პრეფერენციები არ ექნება“, – ხაზი გაუსვა იოჰანეს ჰანმა ინტერვიუში.
«Центр Новостей ООН» (აშშ//გაერო), 04 მაისი, 2016 წელი
http://www.un.org/russian/news/story.asp?NewsID=25866#.Vyjl-Fhf3s1
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის კომიტეტში საქართველო გააკრიტიკეს და თურქი-მესხებს მხარი დაუჭირეს
„გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კომიტეტში განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თურქი-მესხების რეპატრიაციის პროცესს აჭიანურებს, ხოლო ჩასახლებულებს ორმაგ მოქალაქეობის უფლებას ართმევს“, – იუწყება „გაეროს ახალი ამბების ცენტრი“.
ჟენევაში საქართველოს დელეგაციამ გაეროს კომიტეტს, რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის ჩარჩოებში, მოხსენება წარუდგინა, თუ როგორ ასრულებს ოფიციალური თბილისი იგივე დასახელების მქონე კონვენციის მოთხოვნებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე კომიტეტის წევრებს იმაზე ესაუბრა, თუ რა ღონისძიებებს ატარებს და რა ძალისხმევას მიმართვას ქვეყნის ხელისუფლება ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით. ~
მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების ყურადღება მიაპყრო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობას, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ იმყოფებიან, რის გამოც იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებები ირღვევა და მათ უსაფრთხოებას არავინ იცავს.
კომიტეტის წევრები მიესალმნენ და მოიწონეს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა ქვეყანაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, თუმცა მათ მინისტრის მოადგილეს მთელი რიგი შეკითხვები დაუსვეს, მათ შორის თურქი-მესხებისა და ბოშების მდგომარეობასთან დაკავაშირებით.
კომიტეტის წევრებმა გაიხსენეს, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოდან 120 ათასამდე თურქი-მესხი იძულებით გაასახლეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი დეპორტირებულთა ნაწილმა – დაახლოებით 5840-მა თურქმა-მესხმა საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. მათგან საქართველომ მხოლოდ 1300 ადამიანი მიიღო. ექსპერტების აზრით, ეს უკიდურესად მცირე რაოდენობაა იმ ადამიანებიდან, რომლებმაც თავის დროზე ძალდატანებითი დეპორტაცია განიცადეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაბრუნების მსურველ თურქი-მესხების განცხადებები განხილვა ხელოვნურად ჭიანურდება. გარდა ამისა, არსებობს რიგი დაბრკოლებებიც: თურქმა-მესხმა რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, ამისათვის მან უარი უნდა თქვას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე. ასეთი მოთხოვნა სავალდებულოა მხოლოდ თურქი-მესხებისათვის. არადა, საქართველოს სხვა მოქალაქეებს უფლება აქვთ ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეთ. შესაბამისად, ექსპერტებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ორმაგი სტანდარტებით არ ისარგებლოს.
მოხსენების განხილვის დროს კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართულ მასმედიასა და პოლიტიკურ დისკურსში რასიზმის გამოვლინება შეინიშნებაო. მათ კითხვები დასვეს, თუ რა ზომებს ღებულობს საქართველოს ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობის მიმართ მტრობის გაღვივების აღკვეთის მიზნით.
გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტში 18 ექსპერტი შედის. კომიტეტი შეიქმნა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კონვენციის მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის მიზნით. კონვენცია გაეროს გენასამბლემა 1965 წელს მიიღო, ძალაში კი 1969 წელს შევიდა, მისი მონაწილე 177 სახელმწიფოა, რომლებიც პერიოდულად ანგარიშს აბარებენ ამ საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტის პირობების შესრულების თაობაზე.
კომიტეტის წევრები თავიანთ დასკვნებსა და რეკომენდაციებს საქართველოს დელეგაციას სესიის დასრულების შემდეგ გადასცემენ.
«AP – Associated Press» (აშშ), 4 მაისი, 2016 წელი
http://hosted.ap.org/dynamic/stories/o/oly_sho_mother_and_son?site=ap§ion=home&template=default
სპორტული შეჯიბრი დედა-შვილს შორის – პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში
„ქართველ სპორტსმენს, ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მერვე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს, ბევრი რამ აქვს საამაყო თავის მარავალი წლიან სპორტულ კარიერაში… მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში, მედლისათვის ბრძოლაში, ნინო სალუქვაძე საკუთარი ვაჟის – 18 წლის ცოტნე მაჭავარიანის კონკურენტი იქნება“, – აღნიშნულია ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ესოშეითედ პრესის“ მიერ გავრცელებულ მასალაში (ავტორი – მიშა ჯინჯიხაშვილი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, სპორტული ღონისძიებების და მით უმეტეს, ოლიმპიური თამაშების 120-წლიან ისტორიაში მშობლებისა და შვილების სპორტული მეტოქეობის ფაქტები ძალიან იშვიათია: ოლიმპიური თამაშების ისტორიკოსის ბილ მალონის მონაცემებით, ცნობილია მამებისა და ვაჟების მეტოქეობის 56 შემთხვევა, მამებისა და გოგონების 12, დედებისა და გოგონების – ორი შემთხვევა, მაგრამ დედასა და ვაჟს შორის შეჯიბრი არავის ახსოვს. ცოტნე მაჭავარიანმა წარმატებით იასპარეზა ევროპულ ჩემპიონატში და ოლიმპიური ლიცენზია პნევმატური პისტოლეტით სროლაში მოიპოვა: „მე ბედნიერი ვარ, რომ ოლიპიადაში მონაწილეობას საქართველოს სროლის ფედერაციის სახელით მივიღებ, მაგრამ მილიონჯერ უფრო ბედნიერი ვარ როგორც დედა, რომლის შვილმაც მიზნის მიღწევა შეძლო“, – ამბობს 47 წლის ნინო სალუქვაძე „ესოშეითედ პრესის“ კორესპონდენტთან საუბარში.
სტატიაში გადმოცემულია ნინო სალუქვაძის სპორტული მიღწევების ისტორია, მისი სპორტული ოჯახის ჯილდოები ათწლეულების განმავლობაში.
„ნინო სალუქვაძემ თავისი პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრად ყოფნის დროს მიიღო, 1988 წელს, სეულის ოლიმპიურ თამაშებზე. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ნინომ და მამამისმა, ასევე ცნობილმა სპორტსმენმა და მწვრთნელმა ვახტანგ სალუქვაძემ საქართველოს ოლიმპიური სროლის ტრადიციები შემოუნახეს.
ნინო სალუქვაძემ თავის ისახელა აგრეთვე 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ომი მიმდინარეობდა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ მან რუს მსროლელს გამარჯვება მიულოცა და გადაკოცნა, მშვიდობის დემონსტრირების ნიშნად. „ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ სპორტსმენები ვართ, მშვიდობის მხარდამჭერები. ჩვენს შორის მტრობა და კონფლიქტი არ არსებობს“, – განაცხადა ნინო სალუქვაძემ.
პუბლიკაციის დასასრულს კორესპონდენტი ესაუბრება ცოტნე მაჭავარიანს, რომელიც ამბობს: „დედაჩემს ხშირად უთქვამს, რომ მან ჩემს ასაკში თავის სპორტულ წარმატებებს და ოლიმპიურ ოქროს მედლებს საბჭოთა კავშირის დროს მიაღწია, როცა საუკეთესო საწრთვნელი პირობები ჰქონდა. დღეს კი რადგანაც ძველებური პირობები აღარაა, იგი ჩემგან მაღალ შედეგებს არ მოითხოვს. თუმცა მაინც მინდა იგი დავამშვიდო… მე ოლიმპიურ თამაშებზე წარმოვადგენ ჩემს სამშობლოს, ჩემს დედას და საკუთარ თავს“, – ამბობს ცოტნე მაჭავარიანი.
———-
სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე ამერიკულ პრესაშიც – გაზეთებში „ნიუ-იორკ თაიმსში“ და „ვაშინგტონ პოსტში“.