globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 4th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио «КоммерсантЪ FM» (რუსეთი): „მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ოდესის ოლქი საქართველოში აერია“

«РИА Новости – Украина» (უკრაინა): უკრაინის ქართული ოლქი

«Московский комсомолец» (რუსეთი): სერიოზული საუბარი ოდესაზე: მოვეშვათ სისულელეებს მიხეილ სააკაშვილზე და საქმეზე დავფიქრდეთ

———————-

«Радио «КоммерсантЪ FM» (რუსეთი), 3 ივნისი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2740298

მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, ოდესის ოლქი საქართველოში აერია“

როგორც ცნობილია, ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ქართული ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა, რომ უახლოეს ხანში თანამდებობიდან გაათავისუფლებს ოლქის შემადგენლობაში არსებული 27 რაიონიდან 24-ის ხელმძღვანელს (გამგებელს). შეუძლია თუ არა უკრაინის ოლქის გუბერნატორს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლება და თუ შეუძლია, როგორ შეიძლება ეს განახორციელოს?

რადიო „კომერსანტს“ გაზეთ „კომერსანტის“ უკრაინელი კორესპონდენტი იანინა სოკოლოვსკაია ესაუბრება:

„მიხეილ საკაშვილის განცხადება მოწმობს იმას, რომ მას ჯერ არც თანაშემწე ჰყავს, არც მრჩეველი და არც მდივანი, ანუ იგი ჯერ ვერ გარკვეულა უკრაინის სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სისტემაში. მას არ შეუძლია რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლება, თუ მას ამაზე თანხმობას არ მისცემს რაიონული საბჭო, რომელიც სახალხო-წარმომადგენლობით არჩევით ორგანოს წარმოადგენს. ეს საკმაოდ რთული პროცედურაა. გასაგებია, ვის გათავისუფლებას აპირებს (27-დან სამი ახალი დანიშნულია, 24 ძველს კი გაუშვებს), მაგრამ რისთვის, რა დანაშაული ჩაიდინეს მათ, ამას მიხეილ სააკაშვილი არ ამბობს. უნდა ითქვას, რომ უკრაინაში საშუალო რგოლის სახელმწიფო მოსამსახურის (ანუ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის) გათავისუფლება, როგორც უკვე ვთქვი, რთული პროცედურაა. სახელმწიფო მოსამსახურეს შეუძლია სასამართლოში იჩივლოს, სასამართლო კი გუბერნატორს არ ექვემდებარება. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ცოტა შეეშალა – ოდესა და უკრაინა თავისი მმართველობის დროინდელი საქართველო ჰგონია. კი, ოდესის ოლქშიც საქართველოსავით 4 მილიონი მცხოვრებია, მაგრამ ადმინისტრაციული მოწყობა სრულიად სხვაგვარია. ასე რომ, კალმის ერთი მოსმით და მტკიცე საფუძვლის გარეშე ადამიანებს სამსახურიდან ვერ გაუშვებ. ჩვენთან აუცილებელია სამართლებრივი პროცედურების დაცვა.

- ჰყავს მას ისეთი ადამიანები, რომლებსაც გათავისუფლებულების ჩანაცვლება შეუძლიათ?

- შეიძლება ჰყავს, თუმცა იგი საერთოუკრაინული კონკურსის გამოცხადება აპირებს ვაკანტურ ადგილებზე. აქაც გასარკვევია საკითხი. პირველი მომენტი – საერთოუკრაინული კონკურსი შეიძლება გამოაცხადო, მაგრამ ჩვენთან ყველა ოლქის რაიონულ საბჭოებს და ადმინისტრაციებს, ჩვეულებრივად, ადგილობრივი კადრები ხელმძღვანელობენ; მეორე – რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, წესით, ჯერ უნდა გაათავისუფლო, ვაკანტურ ადგილზე კონკურსი კი შემდეგ უნდა გამოაცხადო. ახლა რა გამოდის? ჯერ არ გაუშვია, კონკურსს კი აცხადებს.. უცნაური სიტუაციაა. მესამე მომენტი – მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება ქართველი „ნაციონალების“ (ანუ მისი პარტიის) კონტროლქვეშ არსებული ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გააკეთა, იგი თავისი საინფორმაციო რესურსით სარგებლობს, უკრაინულმა ტელეკომპანიები კი მხოლოდ რეტრანსლირებას ახდენენ.

სხვათაშორის, ჩემმა ქართველმა კოლეგებმა მითხრეს, რომ საქართველოში აქტიურად იწყებს მაუწყებლობას ტელეკომპანია „1+1“, რომელიც ოლიგარქ იგორ კოლომოისკთანაა დაკავშირებული. ანუ, შეიძლება ითქვას, დიდი საინფორმაციო ომი იწყება. როგორც ჩანს, „1+1“ რაღაც მასალებს აგროვებს [მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ], რომელიც შემდეგ უკრაინის ტელესივრცითაც იქნება გადაცემული. ასე რომ, ახალ გუბერნატორს სიფრთხილე მართებს, როცა განცხადებებს ქართული ტელეარხით გააკეთებს, [არაფერი არ დაიმალება]. ვნახოთ ერთი, რას გააკეთებს. მისგან, ცხადია, უფრო მეტად კორუფციასთან ბრძოლას ელოდებიან.

- კიევმა უკვე რეაგირება მოახდინა გუბერნატორის განცხადებებზე?

- არა, კიევი ჯერ ჩუმად არის – უყურებენ, გამოუვა თუ არა რამე სააკაშვილს ოდესის რთულ ოლქში, რომელიც, ფაქტიურად, სახელმწიფოა სახელმწიფოში, რომელიც თავისი ტრადიციებისა და ჩვევებით ცხოვრობს. კიევი ელოდება, დანერგავს თუ არა იქ მიხეილ სააკაშვილი თავის გამოცდილებას, მოიტანს თუ არა ის დადებით შედეგს…

- როგორ კომენტარს უკეთებს სააკაშვილის განცხადებებს ურაინული მასმედია? ძალიან ხომ არ გაუტია ახალმა გუბერნატორმა?

- უკრაინული მასმედია გაშტერებულია. მით უმეტეს, რომ ამ დღეებში აქ ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომლის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წარმატებული რეფორმატორი სულაც არ არის. კი, კორუფციაზე თითქოსდა გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა დაშინებით, შანტაჟით, მუქარით, ტოტალური რეპრესიებით… თეა წულუკიანმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ქართული გამოცდილება არ გადაიღოს: საქართველო პატარაა, უკრაინა კი მასზე ათჯერ დიდია, ამიტომ მოსაფიქრებელია, რა დაინერგოს და რა არა. ამჟამად უკრაინაში ქართველი მინისტრის განცხადების აქტიურად ციტირება ხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყველა შემთხვევაში, აშკარაა, რომ საქართველოში გადადგმული მკვეთრი ნაბიჯების გამეორება ოდესის ოლქში არ გამოვა. ამაზე ლაპარაკობენ ვერხოვნა რადას დეპუტატები და ექსპერტები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს დაცვა გაუძლიერა. არის რაიმე ნიშნები იმისა, რომ ახალ გუბერნატორს ემუქრებიან?

პრეზიდენტს შეუძლია დაცვა გააძლიეროს, რადგან ჯერ ერთი – მიხეილ სააკაშვილი ოლქის დონეზე დასაცავი პირების კატეგორიაში შედის; მეორე – გუბერნატორის დაცვა შეუძლიათ იმ მიზეზითაც, რომ მას სიტუაციის გარდატეხვა სურს. დაცვა აუცილებელი გახდება, ალბათ, იგორ კოლომოისკთან კონფლიქტის გამოც. ცნობილია, რომ ოლიგარქმა ბევრი სამხედრო ბატალიონი შექმნა, ბატალიონის მეომრები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან კიევში ხშირად ჩამოდიოდნენ და უწესრიგობებს აწყობდნენ… შეიძლება ოდესასაც ეწვიონ. ისინი შეირაღებულნი არიან და ნამდვილად მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილს დაემუქრნონ.

«РИА Новости – Украина» (უკრაინა), 3 ივნისი, 2015 წელი

http://rian.com.ua/view/20150603/368435566.html

უკრაინის ქართული ოლქი

ანდრეი ვაჯრა, პუბლიცისტი

რა არის ოდესის ოლქის გუბერნატორიად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ნამდვილი მიზეზი? ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ ამ ფაქტთან დაკავშირებული მოვლენები. ჰიპოთეზები ბევრია – ფსიქოლოგიურიდან გეოპოლიტიკურამდე.

გასაგებია, რომ საოლქო ადმინისტრაცია უნდა შეცვლილიყო. პეტრო პოროშენკოსა და იგორ კოლომოისკის დაპირისპირების გამო სხვაგვარად არ შეიძლებოდა – პრეზიდენტი ოდესის ოლქს ოლიგარქის კონტროლქვეშ ვერ დატოვებდა. როგორც ჩანს, პეტრო პოროშენკოს თავისი ბიზნესგარემოს ხალხი  – მეგობრები და ნათესავები გამოელია და ახლა კარგი ნაცნობების დანიშვნა დაიწყო. „მიშიკო“ მათგან ერთ-ერთია.

როგორც ხალხურ ანდაზაშია ნათქვამი, „უთევზობის დროს კიბოც თევზიაო“. მიხეილ სააკაშვილი ამ შემთხვევაში „კიბოა“, რომელიც ტბაში პრეზიდენტის საკადრო რეზერვის დარეტიანებულ „კარჩხანებთან“ ერთად მოხვდა. მისი კანდიდატურა ყველაზე საუკეთესო არ არის, მაგრამ არც ისე უარესია არსებულ ფონზე. მიხეილ სააკაშვილისათვის მთავარი პოზიტივი ისაა, რომ იგი უცხოა როგორც ოდესის პოლიტიკური „ტუსოვკისთვის“, ასევე ადგილობრივი ელიტარებისთვის. ამ მიზეზით პრეზიდენტი თავის ქართველ ფავორიტს პირადად ენდობა და მისი ერთგულების იმედი აქვს. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ზნეობრივ-მორალურ თვისებებზე არაფერს ვამბობთ, რადგან „მიშიკო“ პრეზიდენტზეა დამოკიდებული.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ „მიშიკომ“ სწრაფად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე (არადა, გავიხსენოთ, რომ სამიოდე თვის წინ იგი იფიცებოდა, „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს და ქართულ პასპორტს უკრაინულ სამოთხეზე და პასპორტზეო“), კაცს სხვადასხვა ფიქრები აღეძვრება. მაინც რატომ დათანხმდა იგი რეგიონში დანიშვნას და რატომ თქვა უარი ვიცე-პრემიერობაზე?

საქმე იმაშია, რომ კიევში ჩამოყალიბებული პოლიტიკური ძალების განლაგება მიხეილ სააკაშვილს (როგორც პრეზიდენტის მრჩეველს, ანუ „პეტრო პოროშენკოს კაცს“),  ვიცე-პრემიერად დანიშვნა პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირებას უქადდა, იგი არსენ იაცენიუკთან კონფრონტაციაში აღმოჩნდებოდა. პრემიერ-მინისტრი კი მას ყველანაირად შეავიწროვებდა, სხვადასხვა გზებით ადმინისტრირების შესაძლებლობებს შეუზღუდავდა. ბა, მაშინ რა აზრი ექნებოდა ქართველი დევნილისათვის ვიცე-პრემიერობას? პრობლემები ბევრი, შემოსავლები კი თითქმის არაფერი. ამიტომაცაა, რომ ვიცე-პრემიერის პოსტი დღემდე ვაკანტურია. რაც შეეხება ოდესას, იქ გამდიდრების პერსპექტივა საკმაოდ მნიშვნელოვანია: ქალაქი ძალიან „მსუქანი ლუკმაა“, კარგი სამოქმედო ადგილია, თან თუ პრეზიდენტიც მხარს გიჭერს….

გასათვალისწინებელია ისიც, რომ „მიშიკო“ ქართულ პოლიტიკაში არავის აღარ სჭირდება, თანაპარტიელებსაც კი. უფრო მეტიც, მას სამშობლოში დაჭერას უპირებენ, თან ამერიკიდანაც როგორ  კულტურულად გამოაძევეს! ცხოვრება კი აუცილებელია, ფულია საჭირო. ამიტომაც დათანხმდა იგი გუბერნატორობას და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. აბა რა მექნა, მატროსოვის ციხეში ხომ ჩავჯდებოდიო!

არანაირი ეჭვი არაა იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის  გუბერნატორად – ეს პეტრო პოროშენკოსა და იგორ კოლომოისკს შორის ომის დასაწყისია რეგიონის გასაკონტროლებლად. „მიშიკოს“ რეფორმები მიზნად უპირველესად იმას ისახავს, რომ ოლიგარქის მომხრე ადგილობრივი ელიტა ამოძირკვოს. ოო, ოდესაში ალბათ ისეთი წმენდები დაიწყება, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. რთული არაა იმის გაგებაც, რომ ექს-პრეზიდენტის ოდესური მისიის მთავარი კომპონენტი უმკაცრესი ადმინისტრაციული კონტროლის დამყარებაა, უფლებების გადანაწილება პრეზიდენტის აქტივის სასარგებლოდ. ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება: საქართველოში მისი გუნდი (კლანი) შეუბრალებლად უსწორებდა ანგარიშს კონკურენტებს და გაბატონებულ პოზიციებს იკავებდა. ალბათ, ამიტომაც ვერ ბედავს „მიშიკო“ სახლში დაბრუნებას. მან ისეთი შეცდომები დაუშვა და ცოდვები ჩაიდინა, რომლებსაც არავინ შეუნდობს.

ოდესის რეგიონი დიდი ფულის სამოძრაო ადგილია. ეკონომიკური თვალსაზრისით მისი მნიშვნელობა შეუფასებელია. უკრაინის ტვირთბრუნვის სამი მეთხედი ოდესის ნავსადგურით ხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ ოდესის პორტს აკონტროლებ, თითქმის მთელი უკრაინის ეკონომიკაზე გაქვს გავლენა. იქვეა პორტისპირა ქარხანაც, რომელიც არამხოლოდ მინერალურ სასუქს ამზადებს, არამედ საზღვაო ტერმინალს და ამიაკსადენსაც ფლობს, რის მეშვეობითაც ამიაკი საზღვარგარეთ გადის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ოდესა თავისი კაპიტალის მოცულობით უკრაინაში მესამე ადგილზეა… ძნელი არაა მიხვდე, რომ თუ წარმატებულად იგუბერნატორებს, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საქართველო დიდი ხნით დაივიწყოს.

არამ გუბერნატორობა ადვილი რომ არ იქნება, ეს ახლავე ჩანს. იგორ კოლომისკის კლანის გარდა, მიხეილ სააკაშვილს საქმე ექნებაადგილობრივ სომხურ და ებრაულ დაჯგუფებებთან, რომლებიც ოდესის „სტაროჟილები“ (ძველი მკვიდრები) არიან.

და თუ წარმატებით გაართმევს თავს სირთულეებს, გუბერნატორობას შეუნარჩუნებს და გადარჩება, მაშინ საქართველოდან ოდესისაკენ სააკაშვილის განადგურებული კლანის ნაშთები დაიძვრება, რათა ბიზნესის გათავისუფლებული სეგმენტი დაიკავონ. ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ ოდესაში გავლენიანი ქართული დიასპორა ჩამოყალიბდება.

ასევე არ არის გამორიცხული ისიც, რომ დევნილი ექს-პრეზიდენტის გუბერნატორად დანიშვნით ვაშინგტონიც ისარგებლებს: დაგეგმილია უკრაინის ეკონომიკური აქტივების შესყიდვა ამერიკელების მიერ და რადგან ოდესას ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მიხეილ სააკაშვილს ამ პროცესში შუამავლის როლის შესრულება შეუძლია.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 4 ივნისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/social/2015/06/03/sereznyy-razgovor-za-odessu.html

სერიოზული საუბარი ოდესაზე: მოვეშვათ სისულელეებს მიხეილ სააკაშვილზე და საქმეზე დავფიქრდეთ

მატვეი განაპოლსკი

(შემოკლებით)

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ ოდესისი ოლქის გუბერნატორად ყველასათვის მოულოდნელი იყო და რა თქმა უნდა, რუსეტის ხელისუფლებისტვისაც. რუსულმა მასმედიამ, განსაკუთრებით ტელევიზიამ, დაივიწყა ფაშისტ-ბანდერელები და ბოროტი ამერიკის ხრიკები და მიხეილ სააკაშვილზე გადაერთო. იმავ წუთს ტელეეთერში გავიდა კომენტარები, რომ პეტრო პოროშენკო გაგებაში არ არის, რას აკეთებს, ალბათ, გორილკით მთვრალი იყო და გუბერნატორად იმიტომ დანიშნა დამნაშავე და მშიშარა მასხარა მიხეილ  სააკაშვილიო. მასხარა იმიტომ, რომ იგი ბი-ბი-სი“-ს ტელეეთერში ჰალსტუხს ღეჭავდა, მშიშარა კი იმიტომ, რომ სროლის ხმაზე მიწაზე დაწვა და ხოხავდაო.

ეჰ, მართლა რომ ასე იყოს… რუსეთის მედია სინამდვილეს ამახინჯებს: პირველი – კი, ჰალსტუხს ღეჭავდა, მაგრამ ეს კადრები ტელეჩაწერის წინ, მოსამზადებელი ეტაპიდანაა აღებული. განა რუსი პოლიტიკოსები სისულელეებს არ აკეთებენ, როცა ვიდეოჩაწერისთვის ემზადებიან? აკეთებენ, მაგრამ მათი ქცევა ეთერით არ გადაიცემა. ჯერ-ჯერობით. ასე რომ, ამაში პრეტენზიები არავის უნდა წავუყენოთ. მეორე – მშიშრობა და მიწაზე ხოხვა. პრეზიდენტის დაცვა ვალდებულია საფრთხის დროს ასე მოიქცეს და პრეზიდენტი დაიცვას, თავიანთი სხეულით გადაეფარონ. რა არის ამაში დასაცინი? ასე ხდება ყოველთვის, ეს დაცვის ვალდებულებაა.

თუმცა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი რომ დედა ტერეზაზე წმინდანი ყოფილიყო, ჩვენი ტელევიზია მაინც იპოვიდა რაღაც კადრებს, დაამონტაჟებდა და ისე შეასრულებდა ზემოდან ნაკარნახევ დავალებას. ახლაც დავალება დაუყონებლივ იქნა მიღებული, რადგან მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნა რუსეთისათვის ფრიად არასასიამოვნო ამბავია. რატომ? იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია – ამით იმსხვრევა ის მითები, რომლითაც რუსეთის პროპგანდა ხშირად სარგებლობს.

მაგალითად ის მითი, რომ ქვეყანას მხოლოდ საკუთარი მოქალაქეები, „ჩვენიანები, შინაურები“ უნდა ხელმძღვანელობდნენ და არა „უცხოები, გარეულები“. როცა უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უცხოელები ქვეყნის მთავრობაში მიიწვია, რუსეთის პროპაგანდა აცხადებდა, რომ უკრაინული ელიტა აჯანყდებაო, უცხოელებს ქვეყნიდან გააძევებსო, განა უკრაინაში საკუთარი სპეციალისტები არ არიანო და ასე შემდეგ. კი, ზოგიერთ მიწვეულ სპეციალისტს რაღაც არ მოეწონა და წავიდა, მაგრამ ამით უკრაინის მთავრობას არაფერი არ მოსვლია, არ ჩამოშლილა.

მეორე მითი – მიხეილ სააკაშვილი უკვე „პოლიტიკური გვამია“, „ჩამოგდებული მფრინავი“ და ასე შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ასე არ არის. უკრაინამ მასში ტალანტიური მენეჯერი დაინახა, რომელმაც საქართველოში წარმატებული რეფორმები გაატარა. რუსეთი მას „გარიყულად“ წარმოსახავს, უკრაინას კი იგი პროფესიონალად მიაჩნია, რომელმაც ოდესის ოლქი უნდა გამოაცოცხლოს და ნორმალური ცხოვრება დაუბრუნოს.

მიხეილ სააკაშვილმა იცის, თუ როგორ შეიძლება ზღვისპირა ქალაქების კონფეტად გადაქცევა. მაგალითად, ბათუმის საქართველოში. რასაკვირველია, ოდესას ბევრი რამ აკლია, მაგრამ მაინც შესაძლებელია მისი კრიზისიდან გამოყვანა. თუმცა… აი, აქ უკვე არასასიამოვნო მომენტებზე უნდა ვისაუბროთ: პრობლემებზე, საფრთხეებზე, წინააღმდეგობებზე…

პირველი – მიხეილ სააკაშვილს ოდესაში თავისი გუნდი არ ეყოლება. მას არ შეუძლია ქართველების მასობრივად ჩაყვანა ოდესაში და მათი დასაქმება – ოდესელები ვერ გაუგებენ, თუ რატომ უნდა უხელმძღვანელონ მათ ქართველებმა. ანუ, ადგილობრივი სპეციალისტებია მოსაძებნი; მეორე – ქალაქი ბოლო მომენტამდე ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ხელში იყო, ახლა კი იგი მიხეილ სააკაშვილის მტერი ხდება; მეორე – ოდესა და ოდესის ოლქი უკრაინის ყველაზე ნაკლებად რეფორმირებული რეგიონია. იქ, ფაქტიურად, ვიაქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროიდან არაფერი არ შეცვლილა: ისევ ის ძველი ქურდები, მექრთამეები, აფერისტები, რეიდერები, კლასიკური ბანდიტები… ყველა ნავსადგურსაა მიწებებული, საბაჟოზე, სადაც კორუფცია ათწლეულობით გრძელდება და უფრო ღრმავდება. ოდესა „შავი ზღვის მარგალიტიდან“ ნელ-ნელა პროვინციულ ქალაქად გადაიქცა, რომელიც მოსახლეობას არ აწყობს, მაგრამ აწყობს მაფიას: რაც უფრო სიჩუმეა, მით უკეთესია.

მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრის დამსხვრევა მოუწევს, ეს კი მესამე საფრთხეა, რომელიც დაუყონებლივ გამოჩნდება. ვფიქრობ, მისი არაკეთილმსურველები ტრადიციული სცენარით იმოქმედებენ – მოაწყობენ მიტინგებს და შეეცდებიან, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენოს. აი, მერე უკვე შეიძლება მიხეილ სააკაშვილის იმ უცხო პირად წარმოჩენა, რომელიც უკრაინელებს ხოცავს და ასახიჩრებს. პარალელურად პეტრო პოროშენკოს მოთხოვნებს წაუყენებენ: როგორც მოიყვანე, ისე წაიყვანე ოდესიდან ეს ქართველიო. ცხადია,  რუსეთს ასეთი სიტუაცია მოეწონება… ეყოფა მიხეილ სააკაშვილს მოთმინება?

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გვარ-სახელი არსენ იაცენიუკია. უკვე მიდის ლაპარაკი, რომ ოდესა მიხეილ სააკაშვილისათვის ერთგვარი ტრამპლინია და იგი უკრაინის პრემიერ-მინისტრის სავარძელს უმიზნებსო. ამ ფონზე როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება პრემიერ არსენ იაცენიუკთან? ყველასათვის ცნობილია, რომ მიშამ ძალიან ფართო უფლებამოსილება და მხარდაჭერა მიიღო პრეზიდენტისაგან. განა ეს იაცენიუკს მოეწონება?

რასაკვირველია, ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა ისმება კითხვა: არ მიატოვებს პეტრო პოროშენკო თავის უნივერსიტეტელ მეგობარს? რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მხარდაჭერა? მე მგონია, რომ არ მიატოვებს და, აი, რატომაც: მიხეილ სააკაშვილის დახმარებით პეტრო პოროშენკო საკუთარი თავისთვისაც სამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ამოცანას წყვეტს:

პირველი (ლამაზი და ეფექტური) – უკრაინაში გაჩნდება „ქვეყნის ვიტრინა“, ანუ რეგიონი, რომელიც ევროპული სტანდარტებითაა რეფორმირებული. თუ ეს საქმე გამოვა, მასინ მოდელი მთელ უკრაინაზე გავრცელდება;

მეორე – ღებულობს ზეწოლის ბერკეტს დნესტრისპირეთზე და ყირიმზე, მიხეილ სააკაშვილის დახმარებით პეტრო პოროშენკოს სრული ბლოკადის გამოცხადება შეუძლია. მართალია, რუსეთს არ მოეწონება, მაგრამ მოსკოვს ვინ შეეკითხება?

მესამე ამოცანა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინის პრეზიდენტისათვის: თუ „ქვეყნის ვიტრინა“ შეიქმნება, მას თამამდ სეუძლია უთხრას ევროპას და ამერიკას: „თქვენ უკრაინის დეცენტრალიზაციას მოითხოვდით? აი, ინებეთ!“. ანუ იგი დღევანდელ „დონბას-ლუგანსკის რესპუბლიკებს“ ოდესის ოლქს დაუპირისპირებს – ოლქს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ჭარბობს. დონბასელები ისვრიან, ოდესელები კი შრომობენ. და ეს მართალიც იქნება, რადგან დეცენტრალიზაცია ხშირად კონსტიტუციაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ქვეყნის მეთაურის ნდობაზე რეგიონის ხელმზღვანელის მიმართ. თურეგიონს სანდო რეფორმატორი ხელმძღვანელობს, მაშინ დეცენტრალიზება უნიტარული სახელმწიფოს ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი.

გამოუვა მიხეილ სააკაშვილს? განახორციელებს ჩანაფიქრს? ჯერ-ჯერობით პასუხი არ არის, მაგრამ მის დანიშვნაში უდიდესი აზარტია დამალული: კორუფციის დამარცხება ერთ ცალკე აღებულ რეგიონში და „შავი ზღვის დედაქალაქის“ მშენებლობა. აბა, ვინ იტყვის, ოდესა ამას არ იმსახურებსო?

Comments are closed