globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 4th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვიზალიბერალიზაცია ყვითელსა და მწვანე შუქს შორის

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს იმედი აქვს, რომ გერმანიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მაინც მიიღებს

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): „ჰიმნის მოსმენა მართლაც ემოციებს იწვევს“: აფხაზეთში არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს ჩვეულებრივი ტურნირი არ გახლავთ

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/visa-free-georgia-delays/3360715.html

ვიზალიბერალიზაცია ყვითელსა და მწვანე შუქს შორის

ნინო დალაქიშვილი

საქართველოში ივლისისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის თაობაზე მწვანე შუქის ანთებას ელიან. ამის შესახებ არაერთი ოფიციალური განცხადება გაკეთებულა, თუმცა ბოლოდროინდელი ინფორმაცია ცალსახა იმედიან განწყობას საფუძველს აცლის. ევროსაბჭოს ეგრეთ წოდებულ „კორპერში“, ანუ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტში არაა კონსენსუსი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე. ევროკავშირის წარმომადგენლები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით ხედავენ საფრთხეს და მოითხოვენ გარკვეული ბერკეტების უზრუნველყოფას კანონმდებლობაში, რაც შესაძლებელს გახდის ვიზალიბერალიზაციის პროცესი მომენტალურად დამუხრუჭდეს და შეჩერდეს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი საფრთხის აღმოჩენისას. თუმცა პროცესი სანამ დამუხრუჭდება, მანამდე ის უნდა დაიძრას.

რას ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში კორპერის გადაწყვეტილებაზე და რა მოლოდინები აქვთ ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობებლობის ამოქმედებაზე, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან გიგი გიგიაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა:

ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე ჯერჯერობით, ნამდვილად არ გვსმენია, არავაირი კომენტარი ამის თაობაზე არ მიგვიღია. ჩვენ ძალიან ახლო კონტაქტში ვრჩებით პრეზიდენტ ქვეყანასთან, ჰოლანდიასთან, რომელმაც უშუალოდ უნდა მოახდინოს თავიდან ბოლომდე აზრის კონსოლიდაცია როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ყველა იმ სხვა ფორმატში, რომელიც წინ უსწრებს ევროკავშირის საბჭოს. ჩვენ ასევე მუდმივ კონტაქტში ვრჩებით ევროკომიასთან, რომელმაც გასული წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც არის სავსებით უნაკლო, უნიკალური, მის თანახმად, გადაჭარბებით კარგად აქვს საქართველოს ყველაფერი შესრულებული. შესაბამისად, თუ რაიმე ცვლილებაა უნდა ვიცოდეთ მათი მხრიდან, ან თუ არსებობს რაიმე ახალი გარემოება. ჩვენ ხელთ გვაქვს არაჩვეულებრივი ანგარიში, ჩვენ ხელთ გვაქვს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა და მათი პოზიცია, რომ ჩვენ ყველაზე კარგად ვასრულებთ და ვართ მოწინავე ქვეყანა არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის კუთხით, არამედ ევროპასთან დაახლოების, რეფორმირების კუთხით. ასე რომ, თუ რაიმე ხარვეზია, ამის შესახებ ჩვენ პირველ რიგში, მათგან უნდა გვქონდეს ინფორმაცია. ევროკავშირი ახლა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი მოსაზრება რიგ საკითხთან მიმართებით. მაგრამ, რაც არ უნდა მოსაზრება არსებობდეს თითოეულ წევრ ქვეყანაში სხვადასხვა გამოწვევების თაობაზე, სხვადასხვა რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამას არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ საქართველომ თავიდან ბოლომდე, უფრო მეტიც, გადაჭარბებით კარგად შეასრულა ის სამუშაო დავალება, რაც მას ჰქონდა წარდგენილი. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რა ხელისშემშლელ ფაქტორზე შეიძლება იყოს საუბარი ვიზალიბერალიზაციის კუთხით. ჩვენი მოლოდინია, რომ დამსახურების შესაბამისად, საქართველომ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს“.

მაგრამ ერთია, როდესაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობას 3.5 მილიონიან ქვეყანას აძლევ და მეორე, როდესაც კარს აღებ 45 მილიონი მოქალაქისთვის, თანაც იმ პირობებში, როდესაც ევროპის ქვეყნებში ფიქსირდება არაერთგვაროვანი განწყობები და პრობლემები დევნილთა მოჭარბებული ტალღის მიმართ.

„ამერიკის ხმასთან“ კახა გოგოლაშვილმა, სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა:

ჩვენ ტექნიკურად არ ვართ თურქეთთან და უკარაინასთან დაკავშირებული ამ მომენტში. ჩვენი საკითხი ცალკე საკითხად განიხილება განიხილება და ცხადია, გადაწყვეიტლება იქნება მიღებული. მაგრამ მთლიანობაში, უკრაინისა და თურქეთის საკითხი, რა თქმა უნდა, ახდენს ამ პროცესზე გავლენას. კერძოდ, რა თვალსაზრისით: ძირითადად თურქეთის, მაგრამ ასევე ნაწილობრივ უკრაინის გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა მოითხოვეს იმ მექანიზმის გამარტივება, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შესაძლოა გაუქმდეს სწრაფად ქვეყანასთან, თუ ეს ქვეყანა საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირს თავისი მიგრაციული პოლიტიკით. ამ ეტაპზე, ძირითადად აქცენტი გადატანილია სწორედ ამ კანონის მიღებაზე. ანუ რეგულაციაში ცვლილებაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სწრაფად მოახდინონ ინიცირება სავიზო რეჟმის შეჩერებისა ნებისმიერ ქვეყანასთან, მაშინ როდესაც ასეთი საკითხი იარსებებს. ამის გამო ყოვნდება გადაწყვეიტლება საქართველოსთან მიმართებითაც. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, რომ საქართველოს გაუხსნან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ამ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია ამ გუადაწყვეტილების მოხდეს მას შემდეგ, რაც მიიღებენ კანონს უვიზო რეჟმების სწრაფად გაუქმების შესახებ“.

მიიღებს საქართველო ევოკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი მიმოსვლის უფლებას? თუ ეს შესაძლებლობა გადავადდება არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, წლის ბოლოსთვის, ამის თაობაზე პასუხი დაახლოებით ერთ კვირაში გაცხადდება, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს და კენჭს უყრის.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 04 ივნისი, 2016 წელი

http://www.reuters.com/article/us-europe-migrants-eu-visas-idUSKCN0YP2CU

საქართველოს იმედი აქვს, რომ გერმანიის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მაინც მიიღებს

გაბრიელა ბაჩინსკაია, ბრიუსელიდან

(მოკლე შინაარსი)

საქართველოს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების რეჟიმის უფლებას მოიპოვებს, განაცხადა ბრიუსელში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ მას შემდეგ, რაც გერმანიის უარყოფითი პოზიციის შედეგად, თითქოსდა  ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი შეჩერდა.

28 სახელმწიფოსაგან შექმნილი ევროკავშირი, რომელიც ცდილობს როგორმე მართოს იმიგრაციული ნაკადი, სამმილიონახევრიანი საქართველოსთვის გამარტივებული რეჟიმის მიცემის საკითხზე უკვე მეორე კვირაა ვერ შეთანხმებულა.

დიპლომატების თქმით, საქართველო უვიზო რეჟიმის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ ბოლო მომენტში გერმანიამ თავი შეიკავა. მას მხარი დაუჭირეს აგრეთვე საფრანგეთმა და ბელგიამ. ისე გამოდის, რომ საქართველო (და მასთან ერთად უკრაინაც) ევროკავშირის თურქეთთან დამოკიდებულების  მძევალი აღმოჩნდა.

ევროკავშირს თურქეთის მიმართ მართლაც ბევრი პრეტენზია აქვს, რადგან ანკარა არ ასრულებს ბრიუსელთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით. ცეცხლზე ნავთი დაასხა გერმანიის ბუნდესტაგის მიერ ამ ორიოდე დღის წინ მიღებულმა დადგენილებამაც ოსმალეთის მიერ სომეხთა წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდის აღიარების თაობაზე. უკვე შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს ვიზალიბერალიზების პირობებს და, ალბათ, ანკარა, ივნისი ბოლომდე ვადაში ვერ ჩაეტევა.

ევროპარლამენტში დღეს ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მიერ მოწონებული მიგრაციის ნაკადის „შემაკავებელი მექანიზმის“ განხილვა მიმდინარეობს.

ევროპელი დიპლომატების თქმით, გერმანიამ შეიძლება უარი თქვას საქართველოსა და განსაკუთრებით უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის მიცემაზე,  რადგან ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ კონფლიქტი მიმდინარეობს, ყირიმი კი რუსეთს აქვს მიტაცებული.

თუ ევროკავშირი საქართველოს უპირატესობას მიანიჭებს და უკრაინას გვერდზე დატოვებს, მაშინ ასეთი მიდგომა ქვეყნის პროდასავლური პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მდგომარეობას დაასუსტებს. თუ უვიზო რეჟიმი არც საქართველოს არ მიეცემა, მაშინ, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, ასეთი სიტუაცია ოფიციალურ თბილისს ძალიან არასასიამოვნო ნეგატიურ შედეგს მოუტანს.

მომავალ კვირას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელს ეწვევა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელს დონალდ ტუსკს შეხვდება, ხოლო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ხუთშაბათს ან პარასკევს ლუქსემბურგში ვიზალიბერალიზების საკითხის განხილვას დაუბრუნდებიან.

«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 04 ივნისი, 2016 წელი

https://www.theguardian.com/football/2016/jun/03/world-cup-unrecognized-states-football

„ჰიმნის მოსმენა მართლაც ემოციებს იწვევს“: აფხაზეთში არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს ჩვეულებრივი ტურნირი არ გახლავთ

სტატიაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული არაღიარებული სახელმწიფოების საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის («CONIFA») ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის პერიპეტიები. პუბლიკაციის ავტორი კირან პენდერი, რომელიც პირადად იმყოფება აფხაზეთში, მკითხველს, სპორტული შეხვედრების შედეგებთან ერთად, აფხაზეთის საერთაშორისო პოლიტიკურ სტატუსსაც აცნობს.

„კავკასიის მაღალმთიანი ქედის ძირში, შავი ზღვის ნაპირზე მდებარე თვალწარმტაცი საკურორტო ქალაქ გაგრის დაურ ახვლედიანის სახელობის სტადიონზე ეგზოტიკური საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობს: სომალილენდი ლაპლამდიის წინააღმდეგ. ამ მატჩს თქვენ ვერც ფიფას განრიგში იპოვით, ვერც საერთაშორისო მედიაჰოლდინგების ტელეპროგრამებში ვერ ნახავთ… ჩემპიონატი არაღიარებული „კონიფას“ ეგიდით ტარდება. მასში მონაწილე 12 საფეხბურთო ნაკრებს აფხაზეთში ჩასასვლელად დიდი პრობლემების გადალახვა მოუხდა – როგორც მატერიალურ-ფინანსური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამრიგად, რიგი ფაქტორების – სახელმწიფოებრიობის, ნაციონალიზმისა და გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, აფხაზეთში მიმდინარე ჩემპიონატი ჩვეულებრივი სპორტული ტურნირი არ გახლავთ“, – აღნიშნულია სტატიაში.

მასალაში აღწერილია სოხუმის „დინამოს“ სტადიონი, რომელიც „პატარა, მაგრამ კარგად გარემონტებულ, კარგად მოწყობილ, ინტერნეტით უზრუნველყოფილ და, საერთოდ, ყველანაირი ატრიბუტით აღჭურვილი სპორტული ობიექტს წარმოადგენს, საიდანაც მატჩები აფხაზური ტელევიზიით პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„აფხაზეთში ტურნირი მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე მიმდინარეობს: სულ რაღაც ერთი თვის წინ უეფამ და ფიფამ თავიანთ რიგებში მიიღეს კოსოვო, რომელიც ადრე სერბეთის ნაწილს წარმოადგენდა. სპორტის სფეროში დაწყებული „პოლიტიკური შეჯიბრი“ რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, საბოლოოდ კი კოსოვომ სერბეთს, შეიძლება ითქვას, „პოლიტიკურ მატჩში“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა და პრიშტინა საერთაშორისო პრესტიჟული სპორტული ორგანიზაციების წევრი გახდა. ანუ კოსოვო მონაწილეობას მიირებს როგორც 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში, ასევე 2018 წლის ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.

კოსოვოს პრეცედენტი ფართოდ რეკლამირდება სხვა არაღიარებულ სახელმწიფოებში, მათ შორის აფხაზეთში, რომელიც დამოუკიდებლად რამდენიმე სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა. ჩემს შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ამ სიტუაციას, ხომ არაა კოსოვოს წარმატება საწყენი აფხაზებისათვის, ფეხბურთის ადგილობრივი ფედერაციის თავმჯდომარემ რუსლან აჯინჯალმა, რომელიც 2015 წლამდე რუსეთის გუნდ „კრასნოდარში“ თამაშობდა, მიპასუხა: „პირიქით. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთისთვის სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთს [საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების წევრად] სამომავლოდ მაინც მიიღებენ, ამის შანსი აუცილებლად გვექნება“.

ავტორი მიუთითებს იმ განხვავებულ მიზნებზეც, რომლებიც «CONIFA»-ს გუნდებს აქვთ: „მაშინ როცა აფხაზეთი და ჩემპიონატის ზოგიერთი სეპარატისტული მონაწილე ამ სპორტულ ტურნირს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარების ინსტრუმენტად იყენებს, სხვებს ამგვარი მოტივაცია არ აქვთ: მათ უფრო მეტად კულტურული მიზნები ამოძრავებთ“ (ვთქვათ, ლაპლანდიელებს და იაპონელ კორეელებს).

სტატიის დასასრულს ავტორი სომალილენდელი ფეხბურთელის ადენ გულედის მიერ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული განცხადების ციტირებას ახდენს: „იმედი მაქვს, რომ დადგება ის დღე, როცა სომალილენდი და აფხაზეთი [ფიფას ეგიდით] ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ერთად მიიღებენ“.

Comments are closed