globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 4th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«2000» (უკრაინა): მინისტრი როგორც „შაჰიდის ქამარი“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ქართველებს არმიაში აღარ გაიწვევენ“

«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო“

«The Wall Street Journal» (აშშ): ამერიკის შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმის უკან ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დგას. იგი რუსეთისა და აშშ-ის დაზვერვისთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა

———————-

«2000» (უკრაინა), 26, 03 ივლისი, 2016 წელი

http://www.2000.ua/v-nomere/forum/puls/ministr-kak-pojas-shahida.htm

მინისტრი როგორც „შაჰიდის ქამარი“

ვადიმ ანასტასიადი

(შემოკლებით)

რაში გამოიხატება ქართველი პოლიტიკოსების უბედურება? სამწუხაროდ, მათგან საკმაოდ ბევრის მოქმედება განპირობებულია არა იმით, თუ როგორ გააუმჯობესონ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ან მოსახლეობის მდგომარეობა, არამედ საკუთარი პერსონის პრიმიტიული რეკლამირებით და ფიარით, თვალებში ნაცრის შეყრით. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დღეს, როცა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებამდე ჯერ კიდევ სამი თვეა დარჩენილი, პოლიტიკოსებს შორის უკვე სერიოზული კონკურენცია დაიწყო – ვინ უფრო მეტ საპნის ბუშტს გაუშვებს ჰაერში, ანუ ვინ უფრო მეტად მოაჩვენებს მოსახლეობას, რომ ისინი მათზე ზრუნავენ. როგორც ყოველთვის, ამ საკითხში ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პირველობს.

მაინც რა მოხდა?

საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ თავდაცვის მინისტრმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, ქართულ არმიაში სავალდებული გაწვევა არარ იქნება. სანამ ბრძანებას ხელს მოაწერდა, თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მოკლე სიტყვით მიმართა, რომლის დროსაც ხშირად იყენებდა ნაცვალსახელებს „მე“, „ჩემი“ და ა.შ. საერთოდ, საკუთარი პიროვნული მოქმედების ხაზგასმა თინა ხიდაშელის გამოსვლებში ძალიან ხშირია. „„მე რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი დავიკავე, ერთ-ერთი ჩემი დაპირება იყო სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება-მეთქი. საქართველოს არმია ღირსეული სტრუქტურაა და იქ ახლგაზრდებმა საკუთარი სურვილით უნდა იმსახურონ, ძალას არავის დავატანთ. და, აი, ახლა, თქვენს წინაშე ხელს ვაწერს ბრძანებას , რომლის თანახმად, საქართველოში სავალდებულო გაწვევა უქმდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„ვაჰ, რა კარგია, – იტყვიან მკითხველები, – არავინ არ გაბედოს მინისტრის ბრძანების დაცინვა და ირონია… მოკლედ, ვაშა და „ბანზაი“ (წინ!).

ეჰ, ძვირფასო მკითხველებო, მეც გავიზიარებდი თქვენს დამოკიდებულებას და ტაშტს დავუკრავდი მინისტრის ბრძანებას, რომ არა ერთი პატარა შენიშნვა, რომელიც ბრძანებაშია ჩაწერილი… და რა ჩაწერა ისეთი თინა ხიდაშელმა? აი, რა თქვა (ციტატა): „იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო თავდაცვის მინისტრი გადაწყვეტს სავალდებულო გაწვევის აღდგენას, მაშინ მან ეს ბრძანება უნდა გააუქმოს“.

აი, ნომერიც ასეთი უნდა! რა გამოდის? ერთი მინისტრი ხელს აწერს ბრძანებას, მეორეს კი მისი გაუქმება და ბოდიში, სანაგვეზე მოსროლა შეუძლია? როგორ გავიგოთ?

გპასუხობთ: როგორც გინდათ ისე გაიგეთ, რადგან ბრძანებაზე ხელმოწერა  ქალბატონი თავდაცვის მინისტრის მორიგი ფიარსვლაა და რა იქნება სამინისტროში მისი წასვლის შემდეგ, სულაც არ აღელვებს. გინდაც ყველაფერი წყალს წაუღია, აი დარდი!

(სტატიაში ციტირებულნი არიან ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც შეფასებები და კომენტარები გაუკეთეს თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის თქმით, არმიაში სავალდებულო გაწვევის საკითხი ნაუცბათევად კი არ უნდა გადაწყდეს, არამედ მთავრობის სხდომაზე და უშიშროების საბჭოში განხილვის შემდეგ).

ყველაზე მოსწრებულად სიტუაცია პარლამენტის საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა შეაფასა: მან თინა ხიდაშელი საქართველოს მთავრობის „შაჰიდის ქამარს“ შედარა, რომელიც მოულოდნელად შეიძლება აფეთქდეს. „ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. ვიმეორებ – ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები პოპულისტური, რომელიც მიზნად მკვდარი „რესპუბლიკური პარტიის“ გაცოცხლებას ისახავს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

———–

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ გამოცემული ბრძანების ავ-კარგიანობის საკითხი განხილულია აგრეთვე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კვირის რეპორტაჟშიც (ავტორი – გიორგი ლებანიძე), რომელიც ეთერში სამ ივლისს გადაიცა სათაურით „ქართველებს არმიაში აღარ გაიწვევენ“:

„საქართველო შესაძლოა რეგიონში პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც არმია მხოლოდ საკონტრაქტო საფუძველზე ჩამოყალიბდება – კავკასიის მთიანი სახელმწიფოს პირველმა ქალმა მინისტრმა ჟურნალისტების თვალწინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქართული არმიის  ახალწვეულებით დაკომპლექტებას კრძალავს (…). თინა ხიდაშელი მთავრობაში რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს, რომლის წევრები ყოფილი საბჭოთა დისიდენტები და ლიბერალური ინტელექტუალები არიან. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ იგი ყველაფერს აკეთებდა არმიის ჩამოყალიბების საკონტრაქტო საფუძველზე გადასვლისათვის. დღეს არმიის 97% უკვე კონტრაქტითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ 7% – ახალწვეულებით, რომლებიც მხოლოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებენ – სხვადასხვა სამხედრო ობიექტების დაცვა, ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ.

ერთი შეხედვით ეს ფუნქციები თითქოსდა დიდი არაფერია, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანისათვის ის მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტში თანხების დაზოგვა-ეკონომია ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ობიექტების დაცვა (საყარაულო სამსახური) კონტრაქტზე უნდა გადავიდეს, რისთვისაც დამხმარე პერსონალსაც დიდი ხელფასი უნდა გადაუხადონ. მაგრამ, როგორც ჩანს, თინა ხიდაშელმა ჩათვალა, რომ ნატოს ვარშავის სამიტის წინ საკონტრაქტო არმიაზე დემონტრაციულად სრული გადასვლა უფრო მომგებიანია, ვიდრე რამდენიმე მილიონი ლარის დაზოგვა ბიუჯეტში.

საინტერესოა, რომ რადგანაც სამხედრო გაწვევის საკითხს კონსტიტუცია და კანონები არეგულირებენ, აქედან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის ბრძანება სამხედრო გაწვევას მთლიანად კი არ აუქმებს, არამედ ნაწილობრივ: გაწვევა შენარჩუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, სახელმწიფო დაცვის უწყებაში, პენიტენციარულ დაწესებულებებში და ა.შ.  თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებამ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ საკონტრაქტო საფუძველზე შექმნილი არმია ქვეყანას აგრესორისაგან ვერ დაიცავს, რამდენადაც ასეთი არმია საექსპედიციო ხასიათისაა“.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი ესაუბრება ქართული სამხედრო ჟურნალის „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს: „მიზანშეწონილი არ იქნება, რომ ბრმად გადავიღოთ არმიის ფორმიერების ამერიკული, რუსული ან გერმანული სისტემა. აუცილებელია გათვალისწინებული იყოს საქართველოს სპეციფიკა და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, – ამბობს იგი (წყარო: http://ru.rfi.fr/kavkaz/20160702-gruzin-bolshe-ne-budut-prizyvat-v-armiyu).

«Известия» (რუსეთი), 04 ივლისი, 2016 წელი

http://izvestia.ru/news/620426

ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთმა რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება გადადო“

რუსულ გაზეთ „იზვესტიის“ დღევანდელ ნომერში დაბეჭდილია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი კორესპონდენტს მადინა შავლოხოვას მოსკოვში ვიზიტისა და იქ გამართული შეხვედრების შესახებ ესაუბრება. „პრეზიდენტი“ ინტერვიუში ლაპარაკობს აგრეთვე „საქართველოსთან ურთიერთბის“ საკითხზე, რეფერენდუმის გამართვის ალბათობაზე, ლენინგორის (ახალგორის) რაიონში არსებულ სიტუაციაზე და სხვა საკითხებზე.

„ჩემი ვიზიტი მოსკოვში მოულოდნელი არ გახლავთ, მას რამდენიმე თვის განმავლობაში ვამზადებდით. შევხვდი უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს. ჩვენი საუბარი უმეტესად ეხებოდა შარშან მარტსი მოსკოვში ხელმოწერილი მოკავშირეობის შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებას, რომელიც ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სახელმწიფო საზღვრების დაცვას უზრუნველყოფს. დღეს ამ საკითხში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის შესაბამისი უწყებების ურთიერთდამოკიდებულება საკმაოდ მაღლა დონეზეა: ჩვენი ქვეყნების მესაზღვრეები ერთად იცავენ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარს საქართველოსთან. ამ სფეროში არსებული სიტუაცია ჩვენ სრულებით გვაკმაყოფილებს: საზღვარი დღეს მთლიანად დახურულია და უახლოეს ხანში ტექნიკური აღჭურვილობის გეგმის რეალიზებაც დაიწყება“, – ამბობს ინტერვიუში ლეონიდ თიბილოვი, –  „შევხვდი და ვესაუბრე ჩვენი ქვეყნების სამთავრობოთაშორისო კომისიის რუსული მხარის წარმომადგენელს ალექსანდრე ხლოპონინს და რუსეთის ჩრდ.კავკასიის საქმეთა მინისტრს ლევ კუზნეცოვს, განვიხილეთ ეკონიმკური საკითხები, კერძოდ, კრედიტების გამოყოფა სამხრეთ ოსეთის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, დამატებითი სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის დამონტაჟება როკის გვირაბის გავლით, რომელიც ზამთარში ჩვენს რესპუბლიკას ელექტრონერგიით სტაბილური მომარაგებით უზრუნველყოფს“.

კორესპონდენტის შეკითხვაზე, განიხილეთ თუ არა მოსკოვში სეხვედრების დროს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხიო, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს:

„ამ საკითხზე არ გვისაუბრია. საქართველო ამჟამად არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ მასთან რაიმე ურთიერთობა დავგეგმოთ. დღეს ამ სახელმწიფოსთან ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, გარდა ჟენევის დისკუსიებისა. თუმცა ჟენევის მოლაპარაკებაზეც კი საქართველო ჩვენს მიერ (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, რუსეთის მონაწილეობით – „იზვესტია“) დასმული საკითხების განხილვას თავს არიდებს, უარს აცხადებს დისკუსიაზე იმ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს დაავალდებულებს არ გამოიყენოს ძალა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ.

- ამჟამად საქართველოს სამხედრო გზა დახურულია. რატომ არ შეიძლება საავტომობილო ნაკადის გაშვება სომხეთისაკენ, ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალით, სამხრეთ ოსეთის გავლით?

- ჩვენთვის ასეთი თხოვნით არავის არ მოუმართავს. საქმე ეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, რის შესახებაც უკვე ვილაპარაკე.

- როგორი სიტუაციაა ლენინგორის რაიონში?

- ლენინგორის რაიონში არცთუისე სახარბიელო ვითარებაა. მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ეს რაიონი 2008 წლამდე საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული და, შესაბამისად, თბილისის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა. ლენინგორის რაიონში ბევრია სეწრეული ოჯახები, ზოგიერთების შვილები თბილისში სწავლობენ, ზოგიერთს მშობლებიც იქ ჰყავს. ეს კავშირები დღემდე მოქმედებს. ლენინგორის რაიონს 2008 წლის ომი უშუალოდ არ შეხებია, მაგრამ იმ 15 წლის განმავლობაში, როცა ის საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული, ფაქტიურად იქ არაფერი გაკეთებულა: არავინ არ არემონტებდა გზებს, არ შენდებოდა საბავშვო ბაღები და სკოლები, ხოლო ის, რაც არსებობდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ასეთი სურათი დაგვხვდა, როცა რაიონი რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნდა. დღეს ჩვენი მთავრობა ლენინგორის მოსახლეობის პრობლემებს აგვარებს. ჩვენი ამოცანაა ადამიანებს გავაგებინოთ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ისინი იქ, ადრინდელთან შედარებით, უფრო უკეთესად იცხოვრებენ. რასაკვირველია, ბევრს სურს, რომ სასკეთო გარდაქმნები სწრაფად განხორციელდეს, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ლენინგორის რაიონში ჩვენ მრავალ პროექტს ვახორციელებთ: პრაქტიკულად უკვე აგებულია კულტურის სახლი, შენდება საშუალო სკოლა… უკვე მოქმედებს საავტომობილო გზა, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც კი არ იყო… ეს გზა 2014-ში დავასრულეთ, რომელიც ცხინვალს და ლენინგორს ერთმანეთთან აკავშირებს. პრაქტიკულად ყველა სოფელი უზრუნველყოფილია საავტობუსო მიმოსვლით… რასაკვირველია, არის პრობლემები, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ეხება. ჰუმანური თვალსაზრისით, რაიონის მოსახლეობისათვის საშვის საკითხი მოგვარებულია – იმ მიზნით, რომ ლენინგორელებს საქართველოში მყოფ ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდეთ. ის მცხოვრებლები, რომლებიც უარს იტყვიან ქართულ პასპორტზე, ჩვენი რესპუბლიკის პასპორტებს მიიღებენ. დროის განმავლობაში, ეს საკითხი მთლიანად გადაწყდება.

- სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის თემა არამარტო რესპუბლიკაში, არამედ მოსკოვშიც იხილებოდა. ამჟამად ეს საკითხი თითქოსდა მიყუჩდა. რასთანაა ეს დაკავშირებული?

- პრეზიდენტთან არსებული პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციით რეფერენდუმის ჩატარების თარიღი უფრო გვიან იქნა გადატანილი – 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

«The Wall Street Journal» (აშშ), 04 ივლისი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/u-s-suspects-chechen-was-behind-istanbul-airport-attack-1467458810

ამერიკის შეერთებულ შტატებს ეჭვი აქვს, რომ სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმის უკან ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი დგას. იგი რუსეთისა და აშშ-ის დაზვერვისთვის კარგად ცნობილი პიროვნებაა

„თურქეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს თხოვნით მიმართა დაეხმაროს ჩეჩნური წარმოშობის მქონე „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილი „ბოევიკის“ მოძებნაში, რომელმაც სტამბოლის აეროპორტში სისხლიანი თავდასხმა მოაწყო, – განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. აჰმედ ჩატაევი კარგადაა ცნობილი რუსეთისა და აშშ-ის დაზვერვისათვის, რომელიც სირიაში მებრძოლი რუსულენოვანი მეომრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. გარდა ამისა, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ყოფნის დროს იგი ექსტრემისტებისათვის თანხის შეგროვებით იყო დაკავებული“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ჯულიან ბარნსი).

35 წლის აჰმაედ ჩატაევის სახელი კავკასიის რეგიონში ფართოდაა ცნობილი. იგი ინვალიდია – მან ცალი ხელი ჩეჩნეთის ომში დაკარგა, ფეხი კი საქართველოში.

აჰმედ ჩატაევზე რუსეთის მიერ ძებნა იყო გამოცხადებული, შესაბამისად, მოსკოვი მუდმივად ცდილობდა მის ექსტრადიციას. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს ჯერ შვედეთში, შემდეგ უკრაინაში, ბულგარეთსა და საქართველოში. მაგალითად, როცა 2008 წელს შვედეთში იარაღის კონტრაბანდის მცდელობის გამო დააკავეს, იგი აცხადებდა, რომ „ნორვეგიაში მეგობრის მიწვევით სათევზაოდ მიდიოდა, იარაღი კი, დისკრედიტაციის მიზნით, რუსეთის აგენტებმა ჩამიდესო“. მას 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯეს, მაგრამ ვადამდე, ათ თვეში გამოუშვეს. 2012 წელს აჰმედ ჩატაევი საქართველოშიც დააკავეს, რუსეთის საზღვართან ახლოს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობის გამო. იგი სწორედ მაშინ დაიჭრა ფეხში, რომელიც მოჰკვეთეს.

ყოველი დაპატიმრების დროს რუსეთი მის ექტრადირებას მუდმივად ითხოვდა, „მაგრამ რადგანაც აჰმად ჩატაევი ავტრიაში მიღებული ლტოლვილის სტატუსით სარგებლობდა, იგი რუსეთისათვის გადაცემას ყოველთვის თავიდან იცილებდა“, – ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი, ჩეჩენი ისტორიკოსი, რომელიც ჯეიმსთაუნის ფონდში მუშაობს.

საქართველოს საპყრობილედან გათავისუფლების შემდეგ „ცალხელა აჰმედი“ ჯერ მოყუჩდა („ფსკერზე დაწვა“), შემდეგ კი, გასულ წელს, სირიაში გამოჩნდა. მას თავდაპირველად 250-კაციანი რაზმი ჩააბარეს, რომელიც კობანისათვის წარმოებული ბრძოლების დროს თითქმის სრულიად განადგურდა. მოგვიანებით, აჰმად ჩატაევს სირიაში რუსულენოვანი მოხალისეების საიდუმლო ჩაყვანა დაავალეს. „ეს მისთვის დაქვეითებას ნიშნავდა“, – ამბობს მაირბეკ ვაჩაგაევი.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველმა ანდრეი პრჟეზდომსკიმ ჯერ კიდევ იანვარში ივარაუდა, რომ აჰმედ ჩატაევს უფრო მნიშვნელოვანი როლის შესრულება დააკისრეს – ევროპასა და რუსეთში ტერორისტული აქტების მომზადება. პეტრე დერგაჩევი კი, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოში“ რუსი მოხალისეების მოქმედებას აანალიზებს, ამბობს, რომ აჰმედ ჩატაევი, როგორც ჩანს, თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირებს კოორდინირებდა.

Comments are closed