globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Mid-day» (ინდოეთი): 32-საათიანი კოშმარი საქართველოს აეროპორტში // როგორ დააბრუნეს თბილისიდან მუმბაიში ჰუშბუ კოშელა ახსნა-განმარტების გარეშე

«Чечня сегодня» (რუსეთი): საქართველო, „ისლამური სახელმწიფო“ და ჩრდილოეთი კავკასია

—————–

«Mid-day» (ინდოეთი), 04 ივლისი, 2017 წელი

http://www.mid-day.com/articles/mumbai-bandra-girl-32-hour-nightmare-georgia-airport-solo-euro-trip/18391162

32-საათიანი კოშმარი საქართველოს აეროპორტში

როგორ დააბრუნეს თბილისიდან მუმბაიში ჰუშბუ კოშელა ახსნა-განმარტების გარეშე

რაფშა ჩაკრობორტი, მუმბაი

(შემოკლებით)

ინდივიდუალური მოგზაურობა ინდოელი ჰუშბუ კოშელასთვის კატასტროფად გადაიქცა – 29 ივნისს ახალგაზრდა ქალი საქართველოში 15-დღიანი სამოგზაურო ტურნეთი წავიდა, უკან კი კოშმარული მოგონებებით დაბრუნდა: თბილისის აეროპორტის მიგრაციის საკითხების დეპარტამენტმა უარი განუცხადა სარეკლამო საქმის სპეციალისტ ინდოელ ქალს ქვეყანაში შესვლაზე და რაიმე ახსნა-განმარტების გარეშე უკან დააბრუნა. „32 საათი მშიერმა და უძილოდ გავატარე“, – ამბობს ჰუშბუ კოშელა. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ავიაკომპანია „ეირ არაბიამ“ მისი ბარგი დაგვიანებით ჩამოიტანა, მიხვდებით, მართლაც რა გადახდა თავს ამ ქალბატონს. მან უკვე გაგზავნა კითხვები ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ ემირატებში მყოფმა ინდოეთის ელჩმა მის პრობლემებს ყურადღება არ მიაქცია და „ხელი დაიბანა“.

როგორც ჰუშბუ კოშელა ამბობს, მან საქართველო ვიზის სწრაფად გაცემის გამო ამოირჩია. „თბილისში 29 ივნისის საღამოს ჩავფრინდი. დოკუმენტები შეამოწმეს – ამონაწერი ფინანსური ანგარიშიდან, პასპორტი, ვიზა და ა.შ. რამდენიმე კითხვა დამისვეს, რაღაცაზე ვიხუმრეთ კიდეც… ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩემი დოკუმენტები წესრიგში აღმოჩნდა და შემიშვეს. თუმცა სულ მალე ჩინოვნიკმა მითხრა, რომ დავლოდებულიყავი. იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი აეროპორტში, სადაც პრობლემებია საკვებთან და სასმელ წყალთან დაკავშირებით. არ არსებობს არავითარი  Wi-Fi“. ჰუშბუ კოშელა იძულებული გახდა ტელეფონი სხვა, მის მდგომარეობაში მყოფი მგზავრისთვის ეთხოვა და ისე გაეგზავნა მესიჯი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სუშმა სვარაჯის სახელზე. „მე ვეხვეწებოდი საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს, რომ წყალი და საკვები მაინც მოეცათ, მაგრამ ისინი ძალიან უხეშად იქცეოდნენ. ბოლოს, შვიდი საათის შემდეგ, მათ ნება დაგვრთეს რაღაც საჭმელი და წყალი გვეყიდა“.

(…)

ჰუშბუ კოშელა განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ მომხდარ ფაქტზე ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია: „მე ხომ არ ვითხოვდი, სპეციალური თვითმფრინავის გამომიგზავნეთ-მეთქი. სამშობლოში დაბრუნებაში მაინც დამხმარებოდნენ,  თბილისის აეროპორტის საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკები არაფერს მეუბნებოდნენ“, – ამბობს იგი, – „უცხო მგზავრები უფრო მეხმარებოდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის საელჩო, რომელმაც, უბრალოდ, ხელი დაიბანა“.

«Чечня сегодня» (რუსეთი), 03 ივლისი, 2017 წელი

https://chechnyatoday.com/content/view/303449

საქართველო, „ისლამური სახელმწიფო“ და ჩრდილოეთი კავკასია

ჩეჩნეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს «Чеченская Республика Сегодня»-ს მიერ მომზადებულ სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში „დაიშ-ის (იგივე „ისლამური სახელმწიფოს“) ტერორისტული ორგანიზაციის სავარაუდო საქმიანობა და ოფიციალური თბილისის საგარეო პოლიტიკა რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონის მიმართ. სტატიაში გამოხატულია რედაქციის თვალსაზრისი პრობლემის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით.

„ისლამური სახელმწიფო თანდათანობით კარგავს დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ადრე ჰქონდა დაკავებული. მსოფლიო შეძრწუნებულია „ჯოჯოხეთის ქოფაკთა“ მიერ ჩადენილი დანაშაულებით. ამჟამად ტერორისტული დაჯგუფება ცდილობს საერთაშორისო საინფორმაციო ნაკადში იტივტივოს, თუმცა, რით დასრულდება „დაიშ“-ის მეთაურების ბედი, რასაკვირველია, ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. ისიც ცხადია, რომ მხოლოდ საინფორმაციო პოლიტიკით „დაიშ“-ი ვერაფერს გახდება: დღეს ცოტანი არიან ის მოხალისეები, ვინც მზადაა „საზარბაზნე ხორცად“ იქცეს.

როგორც ცნობილია, :ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერების განსაზღვრული ნაწილი წარმოშობით საქართველოდან არიან, უფრო ზუსტად კი – პანკისის ხეობიდან, სადაც უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩეჩენი ქისტები ცხოვრობენ. ჩეჩნეთის მეორე ომის წლებში პანკისის მცხოვრებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან იქ ბევრი ლტოლვილი ჩავიდა, მათ შორის „ბოევიკებიც“. საქართველოს ხელისუფლების წაყრუებით პანკისში მყოფი  ჩეჩენი „ბოევიკებისა“ და მათ დასახმარებლად ჩასული უცხოელი დაქირავებულებისადმი 2000-იანი წლების დასაწყისში არასასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა: ქისტების რელიგიური ცხოვრების ტრადიციულ ყაიდაში „ახალმა სიომ დაჰბერა“ – გაჩნდა ვაჰაბიზმი. ახალგაზრდებმა ვაჰაბიზმში ერთადერთი რელიგიურად ჭეშმარიტი გზა დაინახეს. შედეგმაც არ დააყოვნა: ისინი ტრადიციულ ისლამს და მის ამღსარებლებს – უფროს თაობას დაუპირისპირდნენ. უფრო მეტიც: უფროსების ნაწილს ახალგაზრდები იმასაც საყვედურობდნენ, რომ პანკისში ქართული ტრადიციების გავლენას წინააღმდეგობას არ უწევდითო, რაც „ახალ მუსულმანებში“ სიმპათიებს იწვევდა.

ვაჰაბიტური მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელი მანერებით „დაავადებული“ ახალგაზრდები რადიკალიზმისა და ტერორიზმის გზაზე დადგნენ. ადგილობრივი „მებრძოლი რაზმი“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასაც აწყობდა – [„ნაციონალებს“] პანკისელ ვაჰაბიტთა მებრძოლი რაზმი („ბოევაია დრუჟინა“) ჩრდ.კავკასიაში თავიანთი გავლენის გასამტკიცებლადაც ჭირდებოდათ.

საერთოდ, ქართველი პრეზიდენტის თავდაჯერებულობა იმდენად დიდი იყო, რომ იგი 2008 წლის აგვისტოს ავანტიურაზეც წავიდა. ეს ადამიანი სერიოზულად ფიქრობდა, რომ ამერიკა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმარებოდა! საქართველოს მთავრობის აშკარა ახლომხედველური პოლიტიკა იმაშიც გამოიხატა, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხალხი დღემდე გრძნობს რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტის შედეგად გაჩენილ დისკომფორტს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველი ელემენტი გამოეყენებინა.. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს თვით საქართველოსთვის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ქართული ეკონომიკა ძლივს სუნთქავს და რუსეთში ქართველი გასტარბაიტერების დიდი არმია მუშაობს. პრინციპში, საქართველოს გამანადგურებელი დამარცხება მცირე რუსული ძალებით მოხდა.  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ ფრენისათვის მზად, თითქოს მიწიდან აიწია კიდეც, მაგრამ… მტკივნეულად ჩამოვარდა. ასე დაემართა მთლიანად საქართველოს. ამის მიუხედავად, პატრონებმა თავიანთი შვილის შრომა ღირსეულად შეაფასეს და მ.სააკაშვილის „ანტიკრიზისული მენეჯერული გამოცდილება“ აშშ-სათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონებში გამოიყენეს.

ამასთან დაკავშირებით სირია-ერაყიდან საქართველოში უკანდაბრუნებული „დაიშ“-ელი ბოევიკების ტერორისტული ელემენტმა არ შეიძლება შეშფოთება არ გამოიწვიოს. შესაბამისად, ისინი რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების ყურადღების ქვეშ მოექცნენ. აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხრეთით შექმნილი არასტაბილურობის ახალი კერა, რეგიონული ჰეგემონიის პროექტის მიხედვით, დასავლეთს ნამდვილად აწყობს. კავკასიის რეგიონი ხომ „ძლიერთა ამა სოფლისა“-ნთა დაპირისპირებაში გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე ელემენტს წარმოადგენს… და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რაზე წამსვლელები არიან ისინი თავიანთი დოქტრინის განსახორციელებლად. კავკასიის კონფლიქტებისა და რეგიონში სხვა ექსტრემალურ მოვლენათა მეშვეობით მხარეები ერთმანეთს ამოწმებენ. ამ დროს მოძალადედ დასავლეთი გამოდის, რუსეთს კი პასუხის გაცემა უწევს, ზოგჯერ საკმაოდ საგრძნობად.

ტერორისტული ინტერნაციონალი თავის პოპულარობას და საბრძოლო სულს კარგავს. სირიიდან სხვადასხვა საბაბით უკვე მორბიან „მამაცი ბოევიკები“, იარაღით ხელში, ვითომდა ჩრდ.კავკასიაში „რელიგიის დასაცავად“… რუსეთი სისხლს ღვრის და იძულებულია თავისი ძალები დასავლეთის მიერ შექმნილი „არასტაბილურობის სარტყელის“ წინააღმდეგ მიმართოს.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აქტიურად რეკლამირებული „ჩერქეზული თემა“ ბოლო წლებში ჩრდილში მოქცა, უკვე აღარ მიმდინარეობს აგრესიული საინფორმაციო და პროპაგანდისტული მუშაობა, თემამ სამეცნიერო დისკუსიების სახე შეიძინა, მაგრამ… დღეს ისევ შეინიშნება ყურადღების გამახვილება მის მიმართ. განსხვავება ისაა, რომ ადრე ამ თემით პოლიტიკური ორგანიზაციები და სახელმწიფო ორგანოები იყვნენ ღიად დაკავებულნი, ახლა ის შენიღბულია რომელიღაც საზოგადოებრივი ორგანიზაციით. რა თქმა უნდა, ასე უფრო იოლია, რადგან ქვეყნის სპეცსამსახურებს თავისუფლად შეუძლიათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების „სახურავქვეშ“ იმოქმედონ. ვერაფერში შეედავები, მაგრამ მათი მუშაობა ძირგამომთხრელია.

მაგალითად, ერთი ცალკე აღებული მცირე ფაქტი: საქართველოში მოქმედებს ე.წ. „ჩერქეზული ცენტრი“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მერაბ ჩუხუა ხელმძღვანელობს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის „ჯეიმსთაუნის ფონდთან“ (The Jamestown Foundation), რომელიც გადართულია ამერიკული ფასეულობების გავრცელებით ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში.  ცნობილია „ჯეიმსთაუნის ფონდის“ მიერ ცატარებული სკანდალური სემინარები და კონფერენციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არიან მიმართული. მრავლისმეტყველია ისიც, რომ ფონდის ხელმძღვანელობაში თავის დროზე შედიოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი ჯეიმს ვულს და აშშ-ის პრერზიდენტის ყოფილი მრჩეველი ზბიგნევ ბჟეზინსკი. აი, ზურგსუკან მყოფი ასეთი მხარდამჭერების იმედით მერაქბ ჩუხუა ამბობდა (2016 წლის სექტემბერში), რომ საქართველო ახალი ინიციატივით უნდა გამოვიდეს, დაიწყოს ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან უშუალო დიალოგიო. მან წამოაყენა ახალი პარადიგმა მომავალში მთელი კავკასიის ერთიან სივრცეში ცხოვრების თაობაზე. „საქართველო ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის პროგრამით უნდა გამოვიდესო: საქართველო პლუს ჩრდილოეთი კავკასია, რომლის მიზანი ახალი ვალდებულებებია. ანუ როცა რუსეთის იმპერია იძულებული გახდება და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს გაათავისუფლებს, როცა რეგიონს დატოვებს, უკვე ახალი, გამზადებული პროექტი ამოქმედდება – „ერთიანი და მშვიდობიანი კავკასია“.

გაათავისუფლებსო? ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის იდეა იმდენად უტოპიურია რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობის, მისი ისტორიული გზის, ეთნიკურ-კულტურული თავისებურებით, რელიგიური და ეროვნული განსხვავებებით, რომ ეს თვალსაზრისი თავისი არსით აბსოლუტურად იდეალისტურია. ფილოსოფიაში ხომ სხვადასხვა უტოპიური იდეები არსებობს, ჰოდა, „ერთიანი კავკასიის“ ედიაც მათ მიეკუთვნება.

„ყველას გაბედნიერებისაკენ“ მიმართული პოლიტიკის ერთ-ერთი დამღუპველი შედეგი ისაა, რომ ამგვარი იდეებს ომებამდე და კატასტროფებამდე მივყავართ. კომუნიზმს ხომ კაცობრიობისათვის ბედნიერება და მშვიდობა უნდა მოეტანა? ფაშიზმსაც და სხვა დოქტრინებსაც. თომაზო კამპანელას „მზის ქალაქი“ შესაძლოა მიმზიდველია და ყურადღებას იპყრობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა „ფოცხს ისევ ფეხი უნდა დაადგან“ – „ფოცხისა“, რომლის როლი კომუნიზმმა შეასრულა. საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობას ისევ „მზის ქალაქში“ (ერთიან და მშვიდობიან კავკასიაში“) ცხოვრებას სთავაზობენ. ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი, როგორც იტყვიან, „შეუიარაღებული თვალითაც“ კი ჩანს… ამასთან, მისი ორგანიზატორები არც კი დაფიქრებულან იმაზე, რა ფასს გადაიხდიან ხალხები „ერთიანი და მშვიდობიანი კავკასიის“ რეალიზებისათვის, რამდენი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვება ლამაზი იდეის განხორციელებას…

Comments are closed