«Комсомольская правда» (რუსეთი): ოდესელები გუბერნატორზე: „იგი ფიქრობს, რომ აქ თბილისია“
„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: რუსეთის ტრიუმფი და ქართული სპორტის კრიზისი
«The Haffington Post» (აშშ): რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
——————-
«Комсомольская правда» (რუსეთი), 4 აგვისტო, 2015 წელი
http://www.kp.ru/daily/26414/3288608/
ოდესელები გუბერნატორზე: „იგი ფიქრობს, რომ აქ თბილისია“
„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი ვლადიმირ ვორსობინი ამ დღეებში ოდესაში იმყოფებოდა და თავისი შთაბეჭდილებები გაზეთში გამოაქვეყნა.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ოდესა ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა: მშვიდი და დიდსულოვანი გახდა. თვითმფრინავის მგზავრების მიმართ მესაზღვრეები უფრო სემწყნარებლურად იქცევიან. ადრე როგორც კი ახალგაზრდა კაცს დაინახავდნენ, საპასპორტო კონტროლიდან იმწუთში კაბინეტში „სიტუაციის გასარკვევად“: „რას იზამ, ბიჭებო, ომია… ახლა ვითარება შეცვლილია, მესაზღვრეები არავის ერჩიან… ტაქსისტები რუსებს იმედის თვალით უყურებენ – არიქა, ფულს ვიშოვითო. შარშანდელ 100 გრივნასთან შედარებით ხუთჯერ მეტს იღებენ და ტავს იმართლებენ: „აბა, რა ვქნათ, ძალიან გაჭირვებაა, ცხოვრება გაძვირდა და გართულდა…“. არადა, მართლები არიან ეს სალახანები!
უკრაინაში პენსიების მოცულობა სამჯერ შემცირდა, იმდენივეჯერ გაიზარდა ფასები, ეკონომიკა თითქმის არ მუშაობს, რუსი ტურისტები აღარ ჩადიან, საკურორტო ბიზნესი მხოლოდ იმ უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ყირიმი ოდესით შეცვალეს. სანამ აეროპორტიდან ქალაქში მივიდოდით, ტაქსისტი გზაში ყველაფერზე საუბრობს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ ახსენებს. იძულებული გავხდი მე თვითონ დამეწყო მასზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ ოდესელს საქართველოს ექს-პრეზიდენტზე და გუბერნატორზე საუბარი უმძიმს. შუბლს შეიკრავს, რაღაცის თქმა კი უნდა, მაგრამ ვერ ამბობს… ოდესელს მიხეილ სააკაშვილის ხსენებაზე რამდენიმე გრძნობა უჩნდება. „არც კი ვიცი, რა გითხრათ“, – ამბობს, მაგრამ ჩანს, რომ გულწრფელი არ არის. იცის, ძალიან კარგად იცის… მაგრამ როგორ აუხსნი ამას რუსს?
მიხეილ სააკაშვილმა ორი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრის გაკეთება მოასწრო, მაგრამ აბსოლუტურად არანაირი შედეგით. სწორედ ამაში ჩანს მიშიკოს ხასიათი და ამპლუა. ათი წლის წინ საქართველოს ახალგაზრდა პრეზიდენტმა პირადად ბულდოზერით გააანგრია „სეპარატისტული აჭარის საზღვარზე“ არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ამით მან საქართველოში ისეთი ოვაციები დაიმსახურა, რომ ოდესელი ებრაული ქუჩის მცხოვრებლებსი იტყოდნენ: „ორი წელი შეეძლო არაფერი ეკეთებინა და უზრუნველად ეცხოვრაო“. მიხეილ სააკაშვილმა ოდესაციც იპოვა თავისი კედელი – ადგილობრივი ოლიგარქ ვასილი ხმელნიცკის კუთვნილი პლაჟის ბეტონის მესერი. „პლაჟები – ხალხს!“. ხომ მაგარი ლოზუნგია? მან სპეციალურად დაუძახა ჟურნალისტებს, რომ ეჩვენებინა, როგორ ანგრევდა კედელს… მაგრამ ხმამაღალი ოვაცია ვერ დაიმსახურა. ოდესელებმა მხრები აიჩეჩეს: მადლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ… ვის რაში ჭირდება ეს პატარა და მოუწყობელი პლაჟი, რომელზეც ადრეც არავინ დადიოდა, ნუდისტების გარდა?
მიშას გრაფიკში ოდესის აეროპორტიც იყო მონიშნული, მით უმეტეს, რომ მას თურქულ ფულებით მშენებლობა უყვარდა, რაღაც გრანდიოზული ობიექტებისა. ოდესაში კი ხელსაყრელი შემთხვევა გამოუჩნდა: ხუთი წლის წინათ ერთ-ერთი ძველისძველი აეროდრომი თითქმის უფასოდ მიიღო საეჭვო ბიოგრაფიის მქონე კაუფმან-გრანოვსკის ბიზნეს-ჯგუფმა. რასაკვირველია, მათ არაფერი გაუკეთებიათ: აქ ოდესაა, ძმაო! და ამ დროს გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ თუ კაუფმან-გრანოვსკის ჯგუფი არაფერს არ გააკეთებს, აეროდრომს წაართმევს და სახელმწიფოს დაუბრუნებს. კაუფმანმა ვითომ რაცავის მშენებლობა დაიწყო, პარალელურად კი სასამართლოში თავისი უმწიკვლოება დაიცვა. ერთ მშვენიერ საღამოს კი იგი პეტრო პოროშენკოს მისაღებში შენიშნეს. მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილი კაუფმანს მოეშვა. ანუ ეს ნიშნავს, რომ პროკურორებს, მოსამართლეებს და კანონმდებლებს თუ ვერ აკონტროლებ (მით უმეტეს, პეტრო პოროშენკოს), ისე უკრაინაში ვერაფერს გააკეთებ. მიშამ ჩაიფიქრა, რომ ოდესაში ისეთ სერვის-ცენტრს შექმნიდა, როგორიც თბილისშია და სადაც ქრთამის გარეშე ყველანაირ დოკუმენტს სწრაფად მოგართმევდნენ. არაფერი გამოუვიდა, რადგან კანონებია შესაცვლელი. პრობლემა იმაშია, რომ ამ კანონებს მიშა ვერ შეცვლის, როგორც იგი საქართველოში იყო მიჩვეული: თქვა და კანონი მიღებულია. ვერხოვნა რადა მას არ ექვემდებარება… გადაწყვიტა, რომ თავისი ადმინისტრაცია ნახევრად სეემცირებინა. ვიღაც-ვიღაცეები გაათავისუფლა, მაგრამ უჩივლეს, შრომის კანონმდებლობას არღვევო და გაჩერდა. უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგაც კი ვერ დაიწყებ ბრძოლას, ისეთი ეშმაკური კანონებია. კი, ჩინოვნიკს დააპატიმრებ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სუფთა იდიოტია.
ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნით ოდესის მერიის თანამშრომლებს თავდაპირველად გული კინაღამ წაუვიდათ, მაგრამ მერე ისევ მომაგრდნენ. ხომ გახსოვთ – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
„ოდესა ევროპაში ყველაზე განათებული ქალაქი იქნება – „სინათლის ქალაქი“!, – პრეზიდენტური ჩვევებით იძახის მიხეილ სააკაშვილი. „კი, როგორ არა, ნამდვილად იქნება“, – პასუხობს მერია. „ჩვენ ქუჩებში ვიდეოკამერებს დავაყენებთ“, – ცქმუტავს მიშიკო. „რა თქმა უნდა, აუცილებლად“, – პასუხობენ ჩინოვნიკები, თუმცა მიშას ნათქვამს ერთ ყურში უშვებენ, მეორედან გაუშვებენ. შესაბამისად, ქალაქში პრაქტიკულად თითქმის არაფერი იცვლება. სააკაშვილი კი ოდესაში დარბის და ახალ-ახალ ლოზუნგებს იგონებს.
თუმცა არა, ბოდიშით – ჩემი ჩასვლის წინ ოდესაში მიშიკომ რაღაც სერიოზული ცვლილება ჩაიფიქრა.
თავდაპირველად მან საკრალური მსხვერპლი შეარჩია, რომელიც ოლიგარქი იური კრუკი გახდა. მიშიკომ იგი ილიჩოვსკის პორტში ჩადენილ მაქინაციებში დაადანაშაულა. მართლაცდა, მიხეილ სააკაშვილის ჩანაფიქრი გრანდიოზული ჩანდა: ილიჩოვსკის პორტი კორუფციის ჭაობია და იქ დიდი უკანონო ფული ტრიალებს. თუ ის განხორციელდება, რასაც გუბერნატორი მოსახლეობას პირდება, რომ მებაჟე კი არ აიღებს ფულს, არამედ გადახდა კომპიუტერის მეშვეობით იქნებაო, ფული ბიუჯეტში მდინარესავით შევა და ოდესაც ცოტა მხრებს გაშლის. ოდესელებმა მიშიკოს უკვე პატივისცემით შეხედეს, თან დანაღვლიანდნენ: თავხედია კი არის ჩვენი გუბერი, მაგრამ მაინც ცოდვაა, აქაური ტრადიციით ნამდვილად ვიღაც მიასიკვდილებსო. მაგრამ ნისლი მალე გაიფანტა: ოდესაში გაახსენდათ, რომ იური კრუკი იგორ კოლომოისკის კაცია და ყველაფერი კიევიდან დადგმულ სპექტაკლად მიიჩნიეს. „აი, თუ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ნავსადგურს რაიმეს მოუხერხებს, სადაც ნამდვილად გველები ბუდობენ, მაშინ მას ხელს ჩამოვართმევ“, – შენიშნა ერთმა ჩემმა ნაცნობმა ოდესიის მერიდაან, – მანამდე კი ყველაფერი აბდაუბდაა“.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ქუჩებში ქაოტური სირბილისას რამდენჯერმე ახლო დისტანციით ჩამიქროლა. ერთხელაც მისი შავი ლიმუზინი ცენტრში დავინახე, რუსული თეატრის წინ. ადგილობრივ კინოფესტივალზე დამწრე ერთმა მეგობარი მეუბნება, რომ იქ მიხეილ სააკაშვილმა რუსული კულტურისადმი სიყვარულზე იმდენი ისაუბრა, რომ კინაღამ ვიტირეო. „ოჰო, მართლა? და არც არავის დაუსტვენია?“. „რისთვის“, – გაუკვირდა მას. სინანულის გრძნობა მიპყრობს: ჩვენთან, რუსეთში, მიშიკოს ხომ ყველაფერს ერთად გაახსენებდნენ – ჰალსტუხს, ამერიკას, სამხრეთ ოსეთს… „იცი, რა? აი, ხომ ხედავ, რომ აქ მართლაც ყველაფერი ლპება. უარესი ხომ მაინც არ იქნება? ჰოდა, ხალხს ცოტა იმედი გაუჩნდა – იქნებ რაღაც გამოუვიდესო“.
და ამდროს მიშიკომ ჰორიზონტზე ისევ გაელვა: ჟურნალისტები ჩემთვის უცნობ ქალაქ ოვიდიოპოლში შეჰყარა და მეც მათ ჯგუფში გავერიე (მოსკოვიდან რომ ვიყავი, ვერ მიხვდნენ, რადგან „კომსომოლსკაია პრავდა“ კიევშიც იბეჭდება!). ოვიდიოპოლში, სპორტის სასახლის წინ მწვანე მინდორზე ასიოდე ქალაქელს მოეყარა თავი. მიშამ მიკროფონი აიღო და თამადასავით ყურებამდე გაიღიმა: „მე თქვენს გასაცნობად ჩამოვედი. ამიერიდან ყოველკვირეულად გეწვევით ხოლმე. აი, ეს ადამიანები (მან იქვე მდგარ მაგიდაზე ხელით მიუთითა, სადაც გუბერნატორის მოადგილეები, მათ შორის მარია გაიდარი ისხდნენ), თქვენ მოგემსახურებიან. მიდით და ელაპარაკეთ“. ხალხი მართლაც მივიდა, მარია გაიდარი რვეულში რაღაცას იწერს… მიშიკო კი ლაპარაკის ტემპს უმატებს: „ნაძირლები… თავხედები, ქურდები…“. ხელების ქნევა დაიწყო… მისი ყვირილიდან ჩანდა, რომ ყველგან მტრებია, მატყუარები, ქურდები და მამაძაღლები… რომ მანამდე, სანამ იგი გუბერნატორად არ იყო დანიშნული, არავინ არაფერს აკეთებდა, ყველა ქრთამს იღებდა.
„აი, თქვენ მერის ახალი კანდიდატი“, – წარუდგინა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას ადამიანი, რომელიც შეშინებული იყურებოდა. „აბა, ერთი თვის წინ რომ წარმოგვიდგინეს, ის რა იქნაო?“, – იკითხეს ოვიდიოპოლელებმა. მიშამ შუბლი შეიჭმუხნა და თქვა, რომ მას შეეშინდა და პასუხისმგებლობას გაექცა. „არაფერია, ამ კაცის იმედი გქონდეთ“, – დაამშვიდა გუბერნატორმა მოსახლეობა და ისინიც დამშვიდდნენ. აი, მერე დაიწყო, რაც დაიწყო… რა გააკეთა მიშამ საქართველოში: ამდენი ააშენა, იმდენი დააშენა… ამდენი ააგო, იმდენი გახსნა… მაღალი ხელფასები და სოციალური გარანტიები… „და ამ დროს მე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ორ პიჯაკს მედავება“, – უმტკიცებდა ოვიდიოპოლელებს მიშა თავის პატიოსნებას და ამბობდა, რომ ოდესის ოლქში იგი მოსახლეობის დასახმარებლად ჩამოვიდა. „აქ წესრიგს დავამყარებთ, თქვენი დახმარებით. თანამდებობებზე ისინი უნდა დავნიშნოთ, ვინც ქრთამს არ იღებს“. ამ დროს ერთი ქალბატონი ამბობს, რომ „სანამ თქვენ აქ ხართ, ოდესაში ეკოლოგიური კომიტეტი შეკრებილა და იქ ისეთი რამ გადაუწყვეტიათო…“. მიშამ აღარ მოუსმინა და აყვირდა: „როგორ, უჩემოდ შეიკრიბნენ? მე მაგათ ვაჩვენებ… მორჩა, არავითარი ეკოლოგიური კომიტეტი აღარ იქნება (ისევ ქართული პრეზიდენტული ჩვევა!). ეს ორგანო გაუქმდება“. ხალხმა ტაში დაუკრა.
ვუყურებდი ორატორს და მიხაროდა: ასე იწყებოდა მიშიკო… ლამაზად, უბრალოდ… მაგრამ საინტერესო ისაა, მომდევნო რომელი ქვეყანა იქნება?
„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 4 აგვისტო, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/eyog-tbilisi/2896882.html
თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: რუსეთის ტრიუმფი და ქართული სპორტის კრიზისი
ზაზა წულაძე
(შემოკლებით)
რუსეთის დელეგაციის ტრიუმფით აღინიშნა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც წინა კვირაში თბილისმა უმასპინძლა. 1991 წლიდან მოყოლებული, როცა ბრიუსელში ფესტივალი პირველად ჩატარდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდული ოლიმპიადა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გაიმართა.
საქართველოს დედაქალაქში სპორტის 9 სახეობაში, ევროპის 49 ქვეყნის 3800-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. საბოლოოდ, რუსებმა 37 მედალი მოიპოვეს, აქედან 17 ოქრო და საერთო ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმეს.
(…)
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შაბათს, ოლიმპიურ სოფელში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვის შემდეგ კერძო აღნიშნა: „ეს ექვსი დღე იყო საკმაოდ დატვირთული, მაგრამ საკმაოდ საინტერესო. ღირსეულთა შორის ღირსეულებმა გაიმარჯვეს და მათ შორის, მისასალმებელია ის, რომ ოთხი ოქროს მედალი ჩვენც გვხდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია მოხდა ამ ღონისძიების ჩატარებით. ის, რომ წარმატებულ ევროპულ ქალაქებს შორის, თბილისმაც ღირსეულად უმასპინძლა ამ ფესტივალს, დასტურია იმისა, რომ ჩვენ მართლაც ევროპული ქალაქი ვართ.“
რას შეეხება საქართველოს დელეგაციის გამოსვლას – ოლიმპიურმა ფესტივალმა კარგად გამოაჩინა, რომ ქართულ სპორტში ძალიან ღრმა კრიზისია. კალათბურთში ბოლო ადგილზე გავიდნენ როგორც საქართველოს ჭაბუკთა, ისე გოგონათა ნაკრები გუნდები. სამწუხაროდ, იგივე შედეგი აჩვენეს ქართველმა ახალგაზრდებმა ხელბურთსა და ფრენბურთში.
წარუმატებელი იყო ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა ცურვაში, ველოსპორტში, ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში. სპორტულ ტანვარჯიშში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო 17 წლის თბილისელმა დიმიტრი გოვოროვმა.
(…)
საქართველოს ბიუჯეტს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპიძლობა დაახლოებით, 65 მილიონი ევრო დაუჯდა. ამასთან, მთავრობამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, 500 ჰექტრამდე მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა ჩინეთის კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“, რომელმაც ოლიმპიური სოფელი ააშენა.
ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ჩინური კომპანია ოლიმპიურ სოფელში საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს უკვე საკუთარ ფასებში გაყიდის. საქართველოს დედაქალაქის სპორტულ ინფრასრუქტურას კი შეემატა ახალი საუცურაო აუზი, მძლეოსნობის სტადიონი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი, ჩოგბურთის კორტები და ხელბურთის სასახლე.
«The Haffington Post» (აშშ), 4 აგვისტო, 2015 წელი
http://www.huffingtonpost.com/tinatin-japaridze/whose-team-are-you-on_b_7922516.html
რომელ გუნდს გულშემატკივრობ?
თბილისის საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმიური ფესტივალის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა „ჰარინგტონ პოსტიც“, რომელშიც გამოქვეყნებულია სტატია სატაურით „ვისი გუნდიდან ხართ?“. პუბლიკაციის ავტორია თინათინ ჯაფარიძე. იგი თბილისში ორი წლის არყოფნის შემდეგ ჩამოვიდა ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად და პარალელურად თავის შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს, თუ როგორ შეიცვალა საქართველოს დედაქალაქი, რა არის ახალი და ასე შემდეგ.
ავტორი ყურადღებას უთმობს რუსეთის სპორტული დელეგაციის მონაწილეობას ოლიმპიურ ფესტივალში და თავის აზრს საქართველოს რუსეთის ურთიერთობზეც გამოთქვამს: „რუსეთის სპორტსმენებმა ფესტივალზე ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვეს. მე არ ვარ იმდენად გულუბრყვილო, რომ მჯეროდეს სოციალიზმის, კომუნიზმის ჩამორჩენილობისა და ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრებისა პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მტკივნეულ წლისთავს ვუახლოვდებით; ამავდროულად, მე განვიცდი იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვვარდებით არასასიამოვნო და შანტაჟურ (საფრთხიან) სიტუაციაში, როდესაც ახალგაზრდა სპორტსმენები (შესაძლოა, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონებიც კი) რუსულ დროშას აფრიალებენ და მღერიან თავიანთ ეროვნულ ჰიმნს ჩვენს მიწაზე.
რუსეთისა და დანიის სახელბურთო გუნდების შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მე უნებლიედ მოვისმინე ორი ქართველის საუბარი. ერთმა თქვა, რომ მას იმედი აქვს, რომ რუსები წააგებენ. მეორემ კი, უფრო ხანდაზმულმა ჯენტლმენმა, აღნიშნა, რომ „საქართველო და რუსეთი 70 წელი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, ხოლო ქართველები და რუსები ერთ გუნდში თამაშობდნენ… მე არ ვარ მომხრე, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთს დავუკავშიროთ. მე კარგი თამაშის მომხრე ვარ. უმჯობესია ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვოს“.
სპორტში და პოლიტიკაშიც არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, მაგრამ დაპირისპირება მხარეთა ზიანის მიყენებაში არ უნდა გადაიზარდოს. სიძულვილი არ უნდა გაღრმავდეს… თუმცა ისიც აშკარაა, რომ კეთილგანწყობა თეორიულად ქაღალდზე იოლად იწერება, პრაქტიკაში კი იშვიათად თუ ხორციელდება“.