«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართველების შენგენში წასვლას ხელს აფრიკელი მიგრანტები უშლიან
«Русский репортер» (რუსეთი): ხელი გაწიე! // რატომ არ ეშინია პატარა აფხაზეთს
«Фокус» (უკრაინა): რეფორმების მიხოლოგია
«Foreign Policy» (აშშ): როგორ აღმოფხვრა საქართველომ კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში
—————
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 4 სექტემბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2801995
ქართველების შენგენში წასვლას ხელს აფრიკელი მიგრანტები უშლიან
ევროპაში ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტების ნაკადის მატება საქართველოსთვის მოულოდნელი შედეგების მაუწყებელი აღმოჩნდა: არაა გამორიცხული, რომ ასი ათასობით ლტოლვილისა და მიგრანტის ფონზე ბრიუსელმა თბილისს უვიზო რეჟიმის დაწესებაზე უარი განუცხადოს ამ ეტაპზე და საკითხის განხილვა მომავლისათვის გადადოს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
როგორც ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ განაცხადა, „ევროპაში მიმდინარე მწვავე მიგრაციულმა პროცესებმა შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე უარყოფითად იმოქმედოს“. არადა, გასულ წელს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტისამდე და სამიტის შემდეგაც, საქართველოს ხელისუფლება თანამემამულეებს პირდებოდა, რომ მომავალ წელს მათ შესაძლებლობა ექნებოდათ ევროკავშირის შენგენის ზონის სახელმწიფოებში უვიზოდ წასულიყვნენ.
თუმცა, როგორც ქალბატონმა ნატალია საბანაძემ აღნიშნა, საქართველო რიგის სამიტის მოთხოვნების შესრულებას გააგრძელებს და ყველა კრიტერიუმს შეასრულებს: „ამ წლის ბოლოს ევროკავშირი შესაბამის დასკვნას მოაზადებს და მერე ვნახოთ, როგორი იქნება სიტუაცია“, – გაურკვევლად თქვა დიპლომატმა.
სავიზო საკითხის დადებითად გადაწყვეტაში მნიშვნელოვან ბარიერად რჩება ის გარემოება, რომ ევროპული სახელმწიფოების საელჩოები საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს ვიზის მიცემაზე უარს ეუბნებიან: უარების რაოდენობა 10-12%-მდე მერყეობს, როცა ევროპული სტანდარტებით დასაშვებია მხოლოდ 3%. „თუ უარების რაოდენობა მატულობს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა რისკის ზონაშია“, – განუმარტეს „კომერსანტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის ინკოგნიტო თანამშრომელმა თქვა, რომ ევროპელებს ძალიან აღელვებთ იმ ქართველების რაოდენობის პერმანენტული ზრდა, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ – გასული წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 9 ათასზე მეტია.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელის თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზზე მიუთითა: ევროპაში არალეგალურად წასული ქართველები დანაშაულებრივ ჯგუფებად ერთიანდებიან და იქაურ მოქალაქეებს ძარცვავენ. გარდა ამისა, ევროპას თავი შეაფარა ბევრმა ქართველმა „კანონიერმა ქურდმაც“, რომელთა მიმართ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს „ულმობელი ბრძოლა“ იყო გამოცხადებული.
მიზეზები მიზეზებად, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ რიგის სამიტის უარი ძალიან მტკივნეულად აღიქვა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა იმ დღეებში უვიზო რეჟიმი მისა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დომინიკის რესპუბლიკა, გრენადა და სხვები. საქართველოს ხელისუფლება იძულებულია საზოგადოების უკმაყოფილებაზე რეაგირება მოახდინოს და პრობლემის გადაწყვეტის ილუზია შექმნას: ქარტულ ტელეარხების ეთერში უკვე რამდენიმე დღეა სარეკლამო რგოლს აჩვენებენ, თუ რა დოკუმენტებია საჭირო შენგენის ქვეყნებში წასასვლელად „სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ“.
«Русский репортер» (რუსეთი),3 სექტემბერი, 2015 წელი
http://rusrep.ru/article/2015/09/03/ruku-uberii/
ხელი გაწიე!
რატომ არ ეშინია პატარა აფხაზეთს
ჟურნალ „რუსსკიი რეპორტიორ“-ში დაბეჭდილია ვრცელი სტატია-რეპორტაჟი, რომელშიც აღწერილია აფხაზეთის ცხოვრება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, ტრადიციები და კულტურა. პუბლიკაციის ავტორია ჟურნალისტი ოლღა ანდრეევა, რომელმაც ოჯახთან ერთად ზაფხული ახალ ათონში გაატარა.
„რკინიგზის სადგურ ვესელოედან მატარებელი სოხუმისაკენ ძალიან ნელა მიდის, მიზოზინებს, თუმცა აჩქარებაც არ გამოვა, რადგან რკინიგზა ცუდ მდგომარეობაშია და ზედ ხშირად ძროხებიც დასეირნობენ. უკან რჩება ოდესღაც დიდებული ვაგზლების აწ უკვე გაძარცული ნაშთები, მიტოვებული სანატორიუმები, შესასვლელის კოლონებს უკვე სურო შემოჰხვევია. მატარებელი გზას ლიანდაგის ახლოს მდგარ ხეებში მიიკვლევს, ვაგონის კედლებს ბროწეულისა და კაკლის ტოტები ეხახუნება.
- აფხაზები ყველაზე ზარმაცი ხალხია, – ამბობს მატარებლის გამყოლი, რომელიც ტამბურში დგას და ზიზღით გაჰყურებს შემოგარენს, – აი, აქ საბჭოთა წყობის დროს თეთრი საყვავილე ვაზეი იდგა, სუფთა და მოკირწყლული ბილიკები იყო, ახლა კი ყველაფერი განადგურებულია. აფხაზები არაფერს აკეთებენ.
- აბა, რა ექნათ… აქ ხომ ომი იყო…
- კარგით, რა… ომი როდის დამთავრდა? მას შემდეგ ხომ 25 წელი გავიდა. რა შეიცვალა?
- ომის შემდეგ ბლოკადა იყო…
გამყოლი ხელს იქნევს:
- იცით, ვის კმაყოფაზეა ეს რკინიგზა? აფხაზებს ფულს რუსეთის რკინიგზები აძლევთ, მაგრამ აი, ხომ ხედავთ, რანაირ მდგომარეობაშია. სად წავიდა ფული?
2009 წელს „რუსეთის რკინიგზებმა“ აფხაზეთს მართლაც გამოუყო მიზნობრივი კრედიტი. ამ ფულით ესტაკადები და ვაკისი გაარემონტეს, ლიანდაგები გამოცვალეს. ახლა აფხაზეთი კრედიტს უკან აბრუნებს და რადგანაც მისი ბიუჯეტი ძალიან მცირეა, კრედიტის გადახდაც დიდხანს გაგრძელდება. აფხაზეთს ყველაფერი ძვირად უჯდება – რკინიგზაც, დამოუკიდებლობაც და საერთოდ, არსებობაც.
ალამისი აფხაზთა ქცევის უძველესი კოდექსია. ალამისი აფხაზეთში იგივე როლს ასრულებს, რასაც კონფუციონიზმი ჩინეთში. აქაური ხალხი ზრდილობიანია. დამოკიდებულება უფროსებისადმი, სტუმრებისადმი, მეზობლებისადმი, მტერ-მოყვარისადმი, ცხოველებისადმი და მცენარეებისადმი – ესაა აფსუარა, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფხაზობა. არ არსებობს სხვა თემა, აფხაზი რომ მასზე ასე ემოციურად ლაპარაკობდეს. იყო აფხაზი, ეს ნიშნავს რომ პატივი უნდა სცე და შეასრულო ალამისის მოთხოვნები. აფხაზებს მხოლოდ ორი რაღაცისა ეშინიათ: კიდევ არ მოხვდნენ ქართველთა პროტექტორატის ქვეშ და ალამისი არ დაკარგონ. ორივე შემთხვევაში აფხაზეთი აღარ იარსებებს.
სწორედ ემოციები, ვნებათაღელვა და ადამიანთა ურთიერთობის ეტიკეტური დრამატიზება წარმოსახავს აფხაზეთს განუმეორებლად. აფხაზთან საუბარი პირდაპირ სიამოვნებაა. აფხაზი ტარტიუფიცაა, ფედრაც და ჰამლეტიც ერთ სახეში. მწერალ ფაზილ ისკანდერის მიერ შექმნილი „სანდრო ჩეგემიდან“ აქ, აფხაზეთში დაუწერელი კონსტიტუციაა. ალამისი და ადგილობრივი სოციუმი ევროპელისათვის გაუგებარია. „ოჰ, ეს რა საშინელებაა“, – ამბობს ევროპელი. „რა სულელი ხარ…“, – ფიქრობს აფხაზი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზურ სტუმართმოყვარეობას. მტერიც კი, რომელიც დახმარების მიღების მიზნით თავის მოსისხლესთან მივა, იგი სტუმარი ხდება და მასპინძელი ვალდებულია მისი უსაფრთხოება დაიცვას. ცხადია, თავისი სახლის ზღურბლამდე. სტუმარს თავშესაფრისათვის ფული არ უნდა გამოართვა. ეს ტრადიცია აფხაზებს დღეს ძალიან დიდ უხერხულობაში აყენებს ტურისტების წინაშე. მაგალითად, მე და ჩემი პატარა ფედია ჩვენი მასპინძელისთვის – ლიოშა აგრბასთვის შემოსავლის წყარო ვართ, მაგრამ ყოველ საღამოს იგი ისეთ სუფრას გვიწყობს და ისეთ სადღეგრძელოებს ამბობს, არარ ვიცი, რა ვიფიქრო – შემოსავლის მიღების სურვილი უფრო ძლიერია თუ ტრადიცია.
უფროსებისადმი პატივისცემა ისეთი ტრადიციაა, რომელსაც ვერცერთი აფხაზი ვერ უღალატებს. თუ აფხაზი დედა მოსკოვში მყოფ მილიონერ ვაჟს შეატყობინებს, მანდარინია მოსაკრეფი და ჩამოდი, მომეხმარეო, შვილი ვალდებულია მიატოვოს მილიონების თვლა. ჩავიდეს აფხაზეთში და მანდარინის კრეფაში მიეხმაროს. პირადად.
(სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე კავკასიური ომების შედეგები: ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების დამორჩილება რუსების მიერ, მოჰაჯირობის მიზეზები, აფხაზთა ემიგრაცია თურქეთში…).
აფხაზთა ნელი, მაგრამ ლეგალური შევიწროება მე-19 საუკუნეში დაიწყო და მეოცეშიც გაგრძელდა. 1931 წელს აფხაზეთმა მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი დაკარგა და საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით შევიდა და მისი ნაწილი გახდა. 1940-იან წლებში ლავრენტი ბერიას ინიცაიტივით შეიქმნა სახელმწიფო სტრუქტურა „ცენტრპერესელენსტროი“. ამ პროექტის რეალიზების დროს აფხაზეტში ათასობით ქართველი ჩაასახლეს, შემდეგ აკრძალეს აფხაზური ენა, დაიწყო შრომითი დისკრიმინაცია ეროვნების მიხედვით, დაიხურა აფხაზური სკოლები და ა.შ. აფხაზები სოფელ ლიხნში ეროვნულ ყრილობებს ატარებდნენ, მოსკოვში საჩივრებს გზავნიდნენ, ითხოვდნენ საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფას, მაგრამ ამაოდ. იოსებ სტალინს ეგონა, რომ მცირე ხალხები უფრო დიდში გაითქვიფებოდა, მაგრამ აფხაზების მიმართ ასე არ მოხდა. ბელადის სიკვდილის სემდეგაც იგივე პოლიტიკა გაგრძელდა. ზამბარა სულ უფრო იკუმშებოდა და არავინ იცოდა, რა ძალა იყო მასში დაგროვილი…
მუხტმა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს იფეთქა. საქართველომ და აფხაზეთმა ორივემ ერტდროულად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, აირჩიეს პრეზიდენტებიც… ქართველებმა აფხაზები სეპარატისტებად შერაცხეს. დაიწყო ხანგრძლივი და როგორც აღმოჩნდა, უშედეგო მოლაპარაკება. აფხაზებს სჯეროდათ, რომ მშვიდობა დამყარდებოდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, როცა ვლადისლავ არძინბა მზად იყო ხელი მოეწერა შეთანხმებაზე საქართველოსთან ფედერაციული ურთიერთობის შესახებ, ქართული ჯარი გალის რაიონში შევიდა და კურსი სოხუმისაკენ აიღო.
ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს რუსეთი საქართველოს მხარეზე იდგა, აფხაზეთს არანაირ დახმარებას არ უწევდა. აფხაზეთს არ ჰყავდა არმია, არ ჰქონდა იარაღი… ბოლოს, როცა სასწაული მოხდა და ქართველებს უკან დაახევინეს, კიდევ რვა წლის განმავლობაში აფხაზეთი ბლოკადაში იყო: შიმშილი, იზოლაცია, ეკონომიკური კრიზისი, სიღატაკე… ბლოკადა მხოლოდ 2000 წელს მოხსნეს, 2008-ში კი, რუსეთ-საქართველოს ომის სემდეგ, მოსკოვმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.. აფხაზები მადლობლები არიან. რუსეთი აფხაზებისათვის – ისტორიული არჩევანია, მაგრამ ძალიან რთული არჩევანი.
აფხაზეთის თანამედროვე ისტორია ქართულ-აფხაზური კონფლიქტით იწყება, მაგრამ აფხაზებს უძველეს დროში მრავალი ბრძოლა გამოუცდიათ მცირე აზიიდან მოსული ხეთების მემკვიდრეებთან – კაშკებთან და აბეშლებთან. აქ შემდეგ ბერძნებიც გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი რომაელები მოვიდნენ და აბაზგების ლეგიონი ჩამოაყალიბეს ეგვიპტის დასაცავად. რომაელებიც წავიდნენ, მათ გაჰყვნენ გენუელები, ოსმალოები… აფხაზები კი დარჩნენ. აფხაზეთი დედამიწის ერთ-ერთი იშვიათი რეგიონია, სადაც მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ბოლო სამი ათასი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლებოდა.
(…)
აფხაზებმა არ იცოდნენ, რა იყო ბატონყმობა და ფეოდალიზმი. არა, ბატონყმობა იყო, მაგრამ რაღაც თავისებური, მთიულური. აქ არ იყო ფეოდალური მფლობელობა მიწაზე. ნაკვეთებს ოჯახები და გვარები ფლობდნენ, ტყეები და საზოვრები კი საერთო იყო.. სოფლის თემი „აკითა“ მაღალ და დაბალ წოდებებს აერთიანებდა და კლასობრივ განსხვავებას არბილებდა. თავადი აქ სოფელს იმდენად კი არ ფლობდა, რამდენადაც სოფლის ინტერესებს წარადგენდა. ყველაზე მტავარ და მნიშვნელოვან საკითხებს აფხაზები დემოკრატიულად – ლიხნის ყრილობებზე წყვეტდნენ.
(…)
ის, რაც აფხაზეთშია, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, აფხაზების გარდა, სხვას არ აინტერესებს. არადა, აქ ფანტასტიკური ბოტანიკაა, რომელიც 3500-მდე მცენარეს მოიცავს, მათგან ნახევარი კი ენდემურია. ასევე ფანტასტიკური ზოოლოგიაა უიშვიათესი ცხოველებით, თევზებით და ბოლოს, მიწაც ფანტასტიკურია, რომელზეც ყველაფერი ხარობს – სტაფილოდან დაწყბული, ავოკადოთი დამთავრებული. მაგრამ დღეს ბუნებრივი სიმდიდრე პრაქტიკული სიღარიბის ტოლფასია: 2014 წელს აფხაზეთი მთლიანმა შიდა პროდუქტმა 25,5 მილიონი რუბლი შეადგინა, რაც, მსოფლიო ბანკის რეიტინგში, 180-ე ადგილს ნიშნავს, სადღაც წყანარი ოკეანის სამოასა და კარიბის ზღვის სენტ-კინსს შორის. ამას წინათ აფხაზეთში, შავი ზღვის შელფზე ნავთობის საზიებო სამუსაობეი წარმოებდა. ნავთობი ვერ იპოვეს, მაგრამ აფხაზეთის პარლამენტი მაინც წინააღმდეგი იყო. ეს უცნაური ქვეყანა თითქოსდა სულ ერთიდაიგივე უცნაურ აზრს ავრცელებს: „დაგვანებეთ თავი, ჩვენ არ გვსურს თქვენს თამაშებში ჩართვა, მოგვეცით ნება ისე ვიცხოვროთ, როგორც გვსურს“.
სტატიაში ფართოდაა გადმოცემული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყება და მიმდინარეობა – ცხადია, აფხაზური ინტერპრეტაციით. ჟურნალისტი საუბრობს აფხაზთან, რომელიც 1992-93 წლებში აფხაზურ შეიარაღებულ ქვედანაყოფებში მსახურობდა: „თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ქართველებთან ვომობდით? თქვენ გჯერათ, რომ ჩვენ ქართველებთან ბრძოლა გვინდოდა ან მათ უნდოდათ ჩვენთან ომი? იცით, 2004 წელს აფხაზეთში საქართველოდან ჩეჩენი საველე მეტაურის რუსლან გელაევის რაზმი შემოვიდა, განგაში გამოცხადდა, იყო ღამის ბრძოლები, ერთი ჯარისკაცი დავკარგეთ, ერთიც დაიჭრა. დილით ვზივართ სანგრებში, სროლა ჩაწყნარებულია. უცებ ვხედავთ, რომ ბილიკზე ვიღაცეები მოდიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ… ახალგაზრდები არიან, ასე, 25 წლამდე. „ბი-ბი-სი“-სა და „სი-ენ-ენ“-ის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ. ანუ ვირაცამ უკვე წინასწარ იცოდა, რომ აქ ხოცვა-ჟლეტვა იქნებოდა და ისინი გადასაღებად გამოგზავნა. აი, როცა ასეთ ამბავს გაიგებ, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ, პაიკადაც კი არავინ გთვლის… დაგვინახეს, მოვიდნენ და გვეკითხებიან, სად არის მოწინავე პოზიციებიო. მოვატყუეთ და სახლში მივიყვანეთ, რომელიც უსაფრთხო იყო, მათ სიცოცხლეს იქ საფრთხე არ დაემუქრებოდა. ახლა ამიხსენით, ვინ გვეთამაშებოდა ჩვენ – აფხაზებს და ქართველებს? ვიღაცას ეს ნამდვილად ჭირდებოდა. ომები არც რუსლან გელაევის თავში არ იგეგმება და არც სხვა ჯარისკაცების ტვინში. ომები მეგაპოლისებში იგეგმება და მთ საბანკო ანგარიშები წარმოშობს. იქ ვიღაცეები მილიონებს ითვლიან, აქ კი ჩვენ ვიბრძვით და ვიღუპებით“.
«Фокус» (უკრაინა), 4 სექტემბერი, 2015 წელი
http://focus.ua/society/336613/
რეფორმების მიხოლოგია
უკრაინის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის „ფოკუსის“ 35-ე ნომერში, რომელიც დღეს გავიდა პრესის გაყიდვის ქსელში, დაბეჭდილია ვრცელი ინტერვიუ ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან საკმაოდ დამაინტრიგებელი სათაურით „რეფორმების მიხოლოგია“.
„გუბერნატორის კაბინეტამდე გრძელი დერეფანია გასავლელი, რომლის კედლებზე მრავალი ფოტოსურათია ჰკიდია: აი, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსთან, ეკლესიაში, სამხედრო ჰოსპიტალში, აი კიდევ სამგზავრო მიკროავტობუსში, მგზავრებთან ერთად გადაღებული… ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე კი – „უოლ სთრით ჯორნელში“, „ვაშინგტონ პოსტში“ და „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული სტატიების გადიდებული ფოტოებია გამოფენილი: აი, იცნობდეთ, მიხო როგორი კაციაო…
როგორც რედაქცია წერს, თუ მიხეილ სააკაშვილი ჩანაფიქრის ნახევარს მაინც შეასრულებს, უკრაინისათვის ეს იქნება მეორე დიდი პოზიტიური ცვლილება, ახალი პოლიციის ჩამოყალიბების შემდეგ.
«Foreign Policy» (აშშ), 4 სექტემბერი, 2015 წელი
http://foreignpolicy.com/2015/09/03/how-georgia-stamped-out-corruption-on-campus/
როგორ აღმოფხვრა საქართველომ კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში
ვრცელ სტატიაში, რომელიც აშშ-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „ფორინ პოლისშია“ გამოქვეყნებული, განხილულ-გაანალიზებულია საქართველოს განათლების სისტემის მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი უმაღლეს სასწავლებელებში გამოცდების ჩაბარების პროცესისადმი, შედარებული 1990-იანი წლების მდგომარეობა თანამედროვე მდგომარეობასთან (სტატიის ავტორები – ქრისტოფერ ბერგლუნდი, შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და იოჰან ენგვოლი, შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი).
პუბლიკაცია ასეთი შესავალით იწყება: „საქართველოში ასეთი ანეკდოტი იყო გავრცელებული: მშობელი გამომცდელს ეუბნება: „ცემი შვილი ისეთი იდიოტია, რომ თქვენტან მისაღებ გამოცდას ვერასდროს ცააბარებს“. გამომცდელი ეუბნება: „დაგენიძლავები 100 დოლარზე, რომ ნამდვილად ჩააბარებს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების სისტემა თითქმის ყველაზე კორუმპირებული სფერო იყო 1990-იანი წლებში. ამას ტავისი მიზეზები ჰქონდა: ქვეყანა კონფლიქტებით იყო მოცული, ქაოსური პროცესები ვითარდებოდა, ხელფასები ძალიან დაბალი იყო და ეს უმარლესი განათლების სისტემასაც ეხებოდა: პროფესორ-მასწავლებელტა ხელფასები თვეში 20 დოლარიდან 50-მდე მერყეობდა. ქრთამის აღება ლექტორებისათვის აუცილებელ საქმეს წარმოადგენდა, რომ მათ თავი გადაერჩინათ და შიმშილით არ დახოცილიყვნენ. სწავლების დონე, შესაბამისად, ძალიან დაბალი იყო. საქართველოს მმართველმა პარტიამ, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ვერ აჩვენა კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება. 1999 წელს მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო, რომლის შედეგად 2002 წელს გამოცდების ექსპერტიზისა და შეფასების ეროვნული ცენტრი შეიქმნა. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება შეიცვლა, რომელიც განათლების სისტემისათვის ახალი ერის დადგომას მოასწავებდა“, – ნათქვამია სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლომაიას განათლების მინისტრად ყოფნის პერიოდში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მოპოვებული, განხორციელდა რეფორმები, ჩატარდა პირველი ეროვნული გამოცდები უმაღლეს სასწავლებელებში, თუმცა ხშირი იყო ნეგატიური მომენტებიც.
ავტორები ვრცლად აღწერენ „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს მომხდარ დადებით ცვლილებებს და ძირითად მიმართულებებს განათლების სფეროში: უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციას, პროფესორ-მასწავლებელთა ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ძველი თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას. „განსაკუთრებული ვნებათაღელვა სწორედ პროფესორთა ძველი შემადგენლობის გათავისუფლებამ გამოიწვია. მათ აიყოლიეს სტუდენტთა ნაწილი და საპროტესტო აქციები მოაწყეს, ხოლო მინისტრ ალექსანდრე ლომაიას „ჯორჯ სოროსის აგენტს“ ეძახდნენ, – აღნიშნულია სტატიაში.
მოკლედ, მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს განათლების სფეროს რეფორმატორთა ძალისხმევამ დადებითი შედეგი გამოიღო. განსაკუთრებით დიდი დამსახურება მიუძღვის ალექსანდრე ლომაიას, მის მოადგილეს თოფურიას, მაია მიმინოშვილს და სხვებს, რომლებმაც ფუნდამენტი შეუქმნეს ახალ ქართულ უმაღლესი განათლების სისტემას. წარმატებებს ადასტურებს აბიტურიენტებსა და სტუდენტებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები: დაახლოებით 90% აღნიშნავს, რომ მექრთამეობა და კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში მინიმუმამდეა დაყვანილი.