globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 4th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ნატო რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო მანევრების პასუხს ეძებს // ალიანსმა საქართველოში მასშტაბური წრთვნები დაიწყო

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოში თურქეთის მოთხოვნით სასწავლო დაწესებულებები იხურება // თბილისი ანკარის ზეწოლას უარყოფს

«ԱռաջինПервый Армянский информационный» (სომხეთი): ქართველი ნაციონალისტები სომხების წინააღმდეგ // რა არის თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი?

«Эхо» (აზერბაიჯანი): საქართველო და აზერბაიჯანი: რატომაა, რომ ჩვენი თანამემამულეები დასვენებას საქართველოში ამჯობინებენ?

«Il Fatto Quotidiano» (იტალია): თბილისი – სასწაულებრივი ქალაქი

«Arab News» (საუდის არაბეთი): თბილისის სასტუმრო Sheraton Metechi Palace-სთან დაკავშირებული თაღლითობა: „რაკიამ“ სასამართლოში საქმე წააგო, მაგრამ უკან არ იხევს

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 04 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/world/2017-09-04/1_7065_nato.html

ნატო რუსეთ-ბელორუსიის სამხედრო მანევრების პასუხს ეძებს

ალიანსმა საქართველოში მასშტაბური წრთვნები დაიწყო

„რუსეთ-ბელორუსიის ერთობლივი სტრატეგიული წრთვნების „დასავლეთი-2017“ («Запад-2017») დაწყების წინ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა არა მარტო გააძლიერა თავისი ქვედანაყოფები ბალტიისპირეთში, არამედ სამხედრო მანევრები დაგეგმა რუსეთის წინააღმდეგ განწყობილ ზოგიერთ ქვეყანაში. ამ გეგმის ჩარჩოებში სამ სექტემბერს საქართველოში სტატრტი აიღო ნატოს მრავალეროვნულმა სამხედრო წრთვნებმა კოდური სახელმწოდებით Agile Spirit 2017, მისი დამთავრებისას კი  უკრაინაში Rapid Trident-2017“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ვლადიმერ მუხინი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ წინა წლებში Agile Spirit 2017 მხოლოდ ორმხრივ – ქართულ-ამერიკულ ჩარჩოებში ტარდებოდა, მაგრამ ყირიმის რუსეთთან მიერთების შემდეგ ამ წრთვნებში უკრაინა და ნატოს სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის საქართველოს მთავარ მტრად რუსეთი და მის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ითვლებიან, ძნელი არაა წარმოვიდგინოთ, რომ სამხედრო სწავლებებში საქართველოს, უკრაინის და ნატოს სხვა ქვეყნების ქვედანაყოფების შეტევა პირობითად ქვეყნის ჩრდილოეთით და დასავლეთით იქნება მიმართული. მართალია, მანევრებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მასში პირველად იღებს მონაწილეობას აშშ-ის არმიის საზღვაო ქვეითების მთელი ბატალიონი, საკმაოდ შემაშფოთებელი სიახლეა.

„მთიანი რელიეფის პირობებში პენტაგონის სპეციალური ძალების საზღვაო ქვეითთა ბატალიონი, როცა მას საქართველოს მთელი არმია მხარს უჭერს, ითვლება არა ტაქტიკურ, არამედ ოპერატიულ-სტრატეგიულ ერთეულად“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი, გენერალ-ლეიტენანტი იური ნეტკაჩევი. იგი დარწმუნებულია, რომ ქართულ-ამერიკული პერმანენტული წრთვნების ერთ-ერთი ელემენტია: „მიმდინარე წელს ეს მანევრები იმ მიზნით ტარდება, რომ რუსეთმა თავისი ყურადღება Запад-2017-ის მომზადებიდან Agile Spirit 2017-ზე გადაიტანოს. გარდა ამისა, Agile Spirit 2017 სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზებას ახდენს“. ექსპერტი იხსენებს, რომ საქართველოში სულ ერთი თვის წინათ დასრულდა საერთაშორისო სამხედრო წრთვნები Noble Partner-2017 („ღირსეული პარტნიორი“), რომელშიც 2800 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა როგორც ნატოს წევრ-ქვეყნებიდან – აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, სლოვენიიდან, ასევე არაწევრებიდან – უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. „მანევრებში ჩაბმული იყო პენტაგონის ტანკსაწინააღმდეგო ასეული“, – ამბობს იური ნეტკაჩევი და ხაზს უსვამს, რომ წრთვნების გახსნის დროს თბილისში მყოფმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რუსეთს აგრესორი უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებიც ხელყოფენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ვაშინგტონისა და მისი პარტნიორების ასეთი განწყობა ვრცელდება არა მარტო საქართველოზე, არამედ უკრაინაზეც, სადაც თითქმის Запад-2017-ის პარალელურად, სამხედრო სწავლება „ურყევი გამძლეობა-2017“ გაიმართება, მასში 2 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას როგორც აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრ-ქვეყნებიდან, ასევე საქართველოდანაც.

———-

წინასწარ დამტკიცებული გეგმის თანახმად, Agile Spirit 2017-ში მონაწილეობა სომხეთსაც უნდა მიეღო, მაგრამ 3 სექტემბერს, ღამით, ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა ერევანმა უარი განაცხადა წრთვნებში მონაწილეობაზე. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ-ჯერობით რაიმე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა დღეს სომხურმა ოპოზიციურმა მასმედიამ მიანიშნა, რომ ერევნის გადაწყვეტილებაში რუსული კვალი ურევია: მოსკოვმა უარყოფითად აღიქვა ერთი თვის წინათ თბილისთან ახლოს გამართულ ნატოს წრთვნებში Noble Partner-2017-ში სომეხი ჯარისკაცების მონაწილეობა (იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი „ოდკბ“-ის წევრია) და ერევანს Agile Spirit 2017-ში მონაწილეობა აუკრძალა (იხილეთ «Lragir», 04 სექტემბერი, სტატია სათაურით „კიდევ ერთი „ღამის გადაწყვეტილება“: სომხეთმა უარი განაცხადა ნატოს სწავლებებში მონაწილეობაზე“http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/57849).

«Независимая газета» (რუსეთი), 04 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-04/5_7065_education.html

საქართველოში თურქეთის მოთხოვნით სასწავლო დაწესებულებები იხურება

თბილისი ანკარის ზეწოლას უარყოფს

„საქართველოს განათლების სამინისტრომ ლიცენზია გაუუქმა სულეიმან დემირელის სახელობის სასწავლო კოლეჯს, რომელიც თბილისში 1993 წლიდან მოქმედებდა. განათლების უწყების განმარტებით, კოლეჯის დირექციას თურმე მრავალი დარღვევა ჰქონია ჩადენილი. უფრო ადრე დაიხურა ბათუმში არსებული რეფაიდენ შაჰინის სახელობის სკოლა. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ანკარის იმ „პროგრამის“ ჩარჩოებში ჯდება, რომელიც მსოფლიოში და თვით თურქეთშიც ოპოზიციონერ ფეთულა გიულენის კუთვნილ სასწავლო დაწესებულებების ქსელის ლიკვიდირებას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

როგორც ავტორიზაციის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელმა გია მურღულიამ განმარტა ჟურნალისტებთან საუბარში, კოლეჯში ერაყიდან, ირანიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები წესების დარღვევით მიიღეს, თანაც მათ რამდენიმე გამოცდა ერთ დღეში ჩაუბარებით, რაც თაღლითობაზე ეჭვებს ბადებს.

ნამდვილად მოხდა ასეთი ფაქტები თუ არა, ამაში, ალბათ, გამოძიება გაერკვევა (თუ, რასაკვირველია, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება), მაგრამ დემირელის კოლეჯის ბედი რამდენიმე ხნის წინათაც უკვე გადაწყვეტილი ჩანდა. მის თავზე შავი ღრუბლები ჯერ კიდევ მაისის დასაწყისიდან შეიკრიბა, როცა თბილისში ხანმოკლე ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაციისთ, მოლაპარაკება მხოლოდ საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო და სხვას არაფერსო, მაგრამ მომდევნო დღეს ქართულმა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა კოლეჯის მმართველი, თურქეთის მოქალაქე ემრე ჩაბუქი დააპატიმრეს – თითქოსდა მას კავშირი ჰქონია 2016 წელს მომხდარ გადატრიალებასთან. საზოგადოების შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ ემრე ჩაბუქს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მისცემოდა, საქართველოს ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა – ამბობენ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე. ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კამპანია დაიწყეს, რათა თბილისს ემრე ჩაბუქი თურქეთში არ დაებრუნებინა, რადგან მას სამშობლოში ან სიკვდილი, ან წამება ელოდებოდა.

ანკარა, როგორც ცნობილია, 2016 წელს მომხდარი სამხედრო პუტჩის ხელმძღვანელად ოპოზიციონერ ფეთულა გიულენს მიიჩნევს. შესაბამისად, თურქეთის მთავრობამ ფ.გიულენის კუთვნილი სასწავლო დაწესებულებების ქსელის (უნივერსიტეტების, კოლეჯების, ლიცეუმების) „წმენდა“ დაიწყო. ამავე დროს პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა უცხოეთის სახელმწიფოების ლიდერებსაც მიმართა – თურქეთის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების დასადასტურებლად გიულენის სკოლები უნდა დახუროთ, რომლებიც „ექსტრემიზმის ბუდეებად გადაიქცნენ, სადაც ახალგაზრდებს ტერორიტებად ზრდიანო“.

საქართველოს ხელისუფლება უარყოფს რაიმე კავშირს თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკასა და კოლეჯის დახურვას შორის და აცხადებს, რომ თბილისს ანკარიდან არანაირი დირექტივა არ მიუღია და არც რეჯეფ ერედორანს არ უთხოვია პირადად რაიმე  ამის მსგავსი, მაგრამ ნათქვამია – „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო“ – თბილისის განცხადებებს აქარწყლებს ბათუმში არსებული რეფაიდინ შაჰინის სახელობის ლიცეუმის დახურვის ფაქტიც.

საქართველოში ჯერ კიდევ არის დარჩენილი 4-5 თურქული სასწავლო დაწესებულება: ქუთაისში, რუსთავში და მარნეულში. ადგილობრივ საზოგადოებებში არ გამორიცხავენ, რომ ისინიც კოლეჯისა და ლიცეუმის ბედს გაიზიარებენ, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

«Առաջին – Армянский информационный» (სომხეთი), 02 სექტემბერი, 2017 წელი

http://ru.1in.am/1198686.html

ქართველი ნაციონალისტები სომხების წინააღმდეგ

რა არის თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი?

სტატია ეხება გასული თვის ბოლოს თბილისში, მთავრობის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას ლოზუნგით „არა“ – სომხური ოკუპაციის ლეგალიზებას!“, რომლის დროსაც ინიციატორებმა – ორგანიზაცია „ქართული ნაციონალისტური კულტურის“ წევრებმა დაგმეს ჰუჯაბის ეკლესიის სომხეთისთვის გადაცემის ფაქტი ლოზუნგით „არპი და ჰუჯაბი საქართველოა“ (ავტორი – მარიამ გრიგორიანი).

ვინ არიან საპროტესტო აქციის ინიციატორები, რატომ აპროტესტებდნენ და შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ჰუჯაბის მონასტრის სომხეთისათვის გადაცემა, ამის შესახებ ავტორთან ინტერვიუში „მრავალეროვნული საქართველოს“ ლიდერი არნოლდ სტეპანიანი საუბრობს.

არნოლდ სტეპანიანის თქმით, საქართველოში მსგავს აქციებს ნაციონალისტები ატარებენ ხოლმე. ასე რომ, საგანგაშო არ არაფერი ხდება.

„შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი „არმენოფობები“ არიან, რომლებთაც არც სხვები არ მოსწონთ, პირველ რიგში თურქები და არაბები… ახლა ტურისტების რაოდენობა მომატებულია, ნაციონალისტებისათვის კი ამდენი უცხოელის მოზღვავება უჩვეულო მოვლენაა. დასავლეთისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არა ისეთ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ადრე არ იცნობდნენ და ახლახან გაიხსნენ სხვა ხალხების წინაშე. რაც შეეხება კონკრეტულად არმენოფობებს, გარკვეული აზრით, ეს გასაგებიცაა – ორ მეზობელ ქვეყნის ურთიერთობაში, რომლებიც გვერდი-გვერდ ცხოვრობენ საუკუნეების განმავლობაში, ასეთი რამ ხდება ხოლმე, ანეკდოტების ჩათვლით. ასეა, მაგალითად, საფრანგეთ-გერმანიის  ურთიერთობაშიც“, – ამბობს არნოლდ სტეპანიანი ინტერვიუში.

არნოლდ სტეპანიანმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავს აქციებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, მით უმეტეს, რომ „ქართული ნაციონალისტური კულტურის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე მაინცდამაინც ცნობილი პიროვნება არ არის და მას არანაირი გავლენა არ აქვს: „საქართველოში შეხვდებით ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც სომხებისა და სომხეთისადმი უარყოფითად არიან განწყობილნი, არ მოსწონთ არანაირი სომხური… საბედნიეროდ, ასეთები ცოტანი არიან“.

რაც შეეხება აქციის ჩატარების კონკრეტულ მიზეზს – ჰუჯაბის მონასტერისა და მის მიმდებარე ტერიტორიას, ინტერვიუში არნოლდ სტეპანიანმა განმარტა: „არიან ისეთი ძეგლები,  რომლებიც თითქმის საზღვარზე მდებარეობენ და მათი კუთვნილება ჯერ არაა გარკვეული. ისინი სადაო ობიექტები არიან, მათ შესახებ სომხეთი და საქართველო ჯერ-ჯერობით ვერ მოლაპარაკებულან და უცნობია, როგორ მოხდება მათი მიკუთვნება. ასეთი ძეგლები და ტერიტორიები ხშირად ხდებიან მწვავე დისკუსიების მიზეზი ორივე ქვეყანის საზოგადოებაში. სწორედ ამიტომაც ვხდებით ხოლმე მსგავსი საპროტესტო აქციების მოწმენი“.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 02 სექტემბერი, 2017 წელი

http://ru.echo.az/?p=62231&utm_source=feedburner&utm_medium=email&utm_campaign=Feed%3A+echo%2FWYxU+%28%D0%AD%D0%A5%D0%9E%29

საქართველო და აზერბაიჯანი:

რატომაა, რომ ჩვენი თანამემამულეები დასვენებას საქართველოში ამჯობინებენ

საბინაა ლიევა

აზერბაიჯანმა კურსი ტურიზმის განვითარებისაკენ აიღო. ტურიზმი ერთ-ერთი ისეთი დარგია, რომელსაც ქვეყნის ნავთობის დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება შეუძლია. რა თქმა უნდა, ბოლო დროს გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ მეზობელ საქართველოს დონემდე ჯერ საკმაოდ ბევრი გვიკლია. რასთან არის დაკავშირებული მათი მიღწევები და იმის ნაცვლად, რომ სამშობლოში დაისვენონ, რატომ ირჩევენ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში დასვენებას? და საერთოდ, რატომ ირჩევენ საქართველოს მილიონობით ტურისტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან?

ფაქტორი პირველი – იაფი და კარგი

მოდით, პირდაპირ და დაუფარავად ვთქვათ: თბილისი მაინცდამაინც მდიდრული ქალაქი არ არის, იქ თანამედროვე ძვირადღირებული სასტუმროები პრაქტიკულად არ არის. თბილისი საკმაოდ მოკრძალებულია, შიგადაშიგ მინგრეულ-მონგრეულიც, ბევრი ავარიული შენობით, ძველი და მოუვლელი ქუჩა-ბანდებით, მაგრამ რატომღაც ქალაქი მაინც მაგნიტივით იზიდავს ჩვენებსაც და უცხოელებსაც. თუმცაღა, აუხსნელ მიზიდულობასთან ერთად, არსებობს უფრო პროზაული მიზეზები, რის გამოც ტურისტები თბილისში ყოველწლიურად ბრუნდებიან: იაფი ფასები საცხოვრებლად, ქართული რესტორნების იაფი პრეისკურანტი კერძების დიდი რაოდენობით, რომელსაც ჩვენებური რესტორნები ვერ შეედრება (შინაურები ტყავს გვაძრობენ!). საქართველოში მომსახურებაც მაღალ დონეზეა, რასაც ვერ ვიტყვით აზერბაიჯანზე.

საქართველოს შავი ზღვა აქვს, სუბტროპიკული ბათუმით.. აზერბაიჯანს – კასპიის ზღვა, სუბტროპიკული ლენქორანით… მაგრამ ჩვენი ტურისტები მაინც ცხრა მთას იქით მდებარე ბათუმში მიდიან. მიზეზი ბანალურია: საქართველოში შეიძლება უფრო იაფად დაისვენო, ვიდრე ჩვენთან. კი, ჩვენც გვაქვს ორიოდე მშვენიერი სასტუმრო, მაგრამ ფანტასტიკური ფასებით.

ფაქტორი მეორე – გზები

დიახ, გზები. ცხადია, რომ ჩვენთან ძირითადი ავტომაგისტრალები რემონტდება, მაგრამ შიდა გზები – ნურას უკაცრავად. საქართველოში კი ყოველ ისტორიულ ძეგლამდე თავისუფლად მისვლა შეიძლება, ჩვენთან კი ძირითადად ხრეში ყრია, რითაც ავტომობილს შეიძლება ძირი გაეხვრიტოს. მთები და ტყეები ჩვენთანაც, ასე თუ ისე, არის, მაგრამ თუ რაიმეს დათვალიერებას მოისურვებ, ყველაფერში ფული უნდა გადაიხადო. აჭარის მთებში, ქედასა და მახუნცეთში მშვენიერი გზატკეცილით მიხვალთ, დატკბებით ბუნებით, მოშიებული კარგადაც დაიოკებ შიმშილს და სახლში ნასიამოვნები დაბრუნდები.

აზერბაიჯანსა და საქართველოს ტურისტულ დარგში სიტუაციის გაანალიზებისა და მათი შედარებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ დარგის ნელი განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებს. სხვანაირად არსებულ სიტუაციას ვერ ახსნი. თვითონ განსაჯეთ: სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს 2016 წელს რეკორდული რაოდენობის რუსეთის მოქალაქე ეწვია – მილიონ 36 ათასი, რაც 12%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. თანაც შენარჩუნებულია ტურისტული ნაკადის ზრდის პოზიტიური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებიდა, ირანიდამ, საუდის არაბეთიდან, ჩინეთიდან… საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოში თითქმის ექვსმილიონნახევარი უცხოელი ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა 2015 წელთან შედარებით 7,6%-ით მეტია. რუსებს თავი დავანებოთ (მათ საქართველოში ჩასვლით მხოლოდ მე-4 ადგილი უკავიათ) და აზერბაიჯანელებს შევხედოთ: I ადგილი საქართველოში ვიზიტებით – 1, 5 მილიონი (9%-იანი ზრდა), მეორეზეა სომხეთი 1,4 მილიონი (1,9%-იანი ზრდა), მესამეზე – თურქეთი 1,2 მლნ-ით (შემცირდა 9,9%-ით), შემდეგ უკრაინა – 172 ათასი ვიზიტორი (21%-იანი ზრდა).

რაც შეეხება აზერბაიჯანს: ჩვენს ქვეყანას 2016 წელს 2 მილიონ 248 ათასი უცხოელი ტურისტი ეწვია (12%-იანი ზრდა 2015 წელთან შედარებით). როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ტურისტი ჩვენთან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვიდა (რუსეთიდან – 33%, საქართველოდან – 22%, თურქეთიდან – 14%, ირანიდან 11%. გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ერაყიდან (30-ჯერ), ემირატებიდან (22-ჯერ)… მაგრამ 16%-ით შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

მოკლედ, ტურისტების მიზიდვის ჭიდილში, ჯერ-ჯერობით საქართველოსთან აშკარად ვაგებთ – თითქმის სამჯერ ნაკლები ტურისტი გვეწვია, რაც საკმაოდ სერიოზული ციფრია, თუმცა ყოველდღიური მუხლჩაუხრელი შრომით სიტუაციის გამოსწორება შეიძლება.. პირველ რიგში უნდა მივხედოთ რეგიონების ტურისტულ ინფრასტრუქტურას, თორემ ბაქოში მდებარე „ქალწულის კოშკით“ და ცნობილი Flame Towers-ით უკვე ვერავის ვეღარ გავაკვირვებთ. რაც მთავარია, ტურისტებს ჩვენი ღირსშესანიშნაობები ლამაზად და საქმის ცოდნით უნდა შევთავაზოთ, დავაინტერესოთ, ცნობისმოყვარეობა აღვუძრათ. სანამ ამას არ გავაკეთებთ, მანამდე ტურისტთა მწკრივი მხოლოდ საქართველოსკენ იქნება მიმართული, რომელიც, უცხოელებთან ერთად, ჩვენებსაც ხიბლავს, სადაც ჩვენსავით სილამაზეა, სიწყნარეა და რაც მთავარია, სიიაფეა, ჩვენგან განსხვავებით.

«Il Fatto Quotidiano» (იტალია), 02 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ilfattoquotidiano.it/2017/08/10/tbilisi-e-meravigliosa/3787482/

თბილისი – სასწაულებრივი ქალაქი

ფრანჩესკა ბორი

ვინ იფიქრებდა, რომ თბილისი ასეთი მშვენიერი იქნებოდა? საოცრად ლამაზი ქალაქია.

საერთოდ რა ვიცოდი საქართველოზე? ფაქტიურად, ძალიან ცოტა: მაგალითად, ჩვენ, იტალიელებმა ვიცით და გაგვიგია „ქართველი ძიძები“, მაგრამ მეტი თითქმის არაფერი. მე თვითონაც საქართველოში შემთხვევით ჩამოვედი, საზღვრის გადაღმა – თურქეთში ვიყავი და სანამ სირიაში სარედაქციო მივლინებით წავიდოდი, ორიოდე დღით დასვენება მჭირდებოდა.

დიახ, თბილისი მართლაც სასწაულებრივი ქალაქია. და არა მხოლოდ როგორც ქალაქი… ის ზღაპრულია, კლდეებში შეჭრილი… აქ ძალიან ბევრია სხვადასხფერის ვერანდიანი სახლები, ხის საოცრად ლამაზი ჩუქურთმებიანი აივნებით, რიკულებით, ჭკუიდან შემშლელი მიწისქვეშა სამკურნალო აბანოებით. ქალაქგარეთაც ბევრი ღირსშესანიშნაობას ნახავთ, მაგრამ მე ახლა ქართველების, თბილისელების ხასიათის ყველაზე მთავარ გამოვლინებაზე – თავაზიანობაზე მინდა გესაუბროთ. რასაკვირველია, ეს ყველა ხალხს ახასიათებს, გაზეთებშიც ბევრს წერენ, მაგრამ არსად ისე ვლინდება, როგორც თბილისში – აქაური თავაზიანობა თქვენს ცნობიერებაში პირდაპირ გადატრიალებას ახდენს.

თავაზიანობაში მე სტუმართმოყვარეობას არ ვგულისხმობ, არამედ, ზრდილობიანობას,  იმ მოხდენილ და ლაზათიან მანერებს, იმ ტაქტს, რომლებიც ამ უძველეს ხალხს ახასიათებს. ყველაზე მეტად ესაა გასაოცარი. Lonely Planet-იც ამას გვამცნობს, მაგრამ რაც იქაა გადმოცემული, ის უფრო სტუმართმოყვარეობას ეხება, თბილისში ყოფნისას კი სულ სხვა გრძნობას განიცდი – თითქოსდა თქვენ ინგლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის მოხვდით. თავაზიანობა ყველგან, თვით წვრილმანებშიც კი შესამჩნევია: მაგალითად, თქვენ ეკითხებით თბილისელებს, როგორ გავიდე რომელიღაც ქუჩაო, ისინი კი არა მხოლოდ მიგასწავლიან, არამედ გაგაცილებენ კიდეც, გზაში ატამს გიყიდიან, ცხელ ყავას და ცივ ლიმონათს შემოგთავაზებენ… ანდა კიდევ, თუ რარაც ნივთის ყიდვის დროს ხურდის აღება დაგავიწყდათ, გამყიდველი მთელ კვარტალში მოგძებნით და მონეტებს დაგიბრუნებთ…

ტაქსისტებიც კი, რომლებიც, როგორც წესი, რიგ ქვეყნებში, მაგალითად, უგანდაში, ჟურნალისტებისთვის კოშმარულ შთაბეჭდილებას ტოვებენ (მათ ხომ არც ტაქსომეტრები აქვთ და არც ნავიგატორები, ისინი მუდმივად ვერ აგნებენ ქუჩებს, შემდეგ კი, როცა ორი საათის განმავლობაში მთელ ქალაქს მოგატარებენ, სადღაც გააჩერებენ მანქანას და 500 დოლარს მოგთხოვენ), საქარტველოში სხვანაირები არიან. დიახ, არც მათ არ აქვთ არც ტაქსომეტრები და არც ნავიგატორები, ისინიც ხანდახან ვერ აგნებენ ქუჩებს, აეროპორტიდან ტაქსისტმა მე მართლაც ორი საათი მატარა ქალაქში, ბოლოს კი მან მანქანა თბილისის მთავარ მოედანზე გააჩერა და ათასჯერ მომიბოდიშა, ყავა შემომთავაზა, გზის ფული არ აიღო და თავის ნაცნობი ტაქსისტი იპოვა, რომელმაც მარშრუტი კარგად იცოდა და ჩემს მაგივრად ფული თვითონ გადაიხადა. რა თქმა უნდა, საქართველოსაც ჰყავს თავისი „ტარაკანები“, აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ ისინი საკუთარ პრობლემებს სხვებს არ აბრალებენ და პირველივე შემხვედრებთან გინებით გულს არ იოხებენ.

და როცა რამდენიმე დღე გავა, როცა რწმუნდები, რომ ის ტაქსისტი შემთხვევითობა კი არ იყო, რაღაც სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, სიმშვიდე… უკვე აღარაა საჭირო მუდმივად აქეთ-იქით ყურება, ვინმემ რაიმე არ მომტაცოსო. უკვე გრძნობ, რომ ჯუნგლებში არ ხარ. იმდენად მიეჩვიე თბილისურ წყნარ სიტუაციას, რომ არანაირ საფრთხეს აღარ გრძნობ.

ამ სტატიას ერთ-ერთ მშვენიერ კაფეში ვწერ, სახელად „ლინვილში“. პარალელურად კი თვალს ვადევნებ კომენტარებს ჩემს სტატიებზე სირიელი ლტოლვილების შესახებ… ვფიქრობ ქართველ მომვლელ ქალეწბზეც: როგორი რთული და მძიმე უნდა ყოფილიყო მათთვის ამ მშვენიერი ქვეყნის დატოვება და იტალიაში – ნევროზიანების ქვეყანაში წასვლა…

«Arab News» (საუდის არაბეთი), 04 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.arabnews.com/node/1155361/business-economy

თბილისის სასტუმრო Sheraton Metechi Palace-სტან დაკავშირებული თაღლითობა: „რაკიამ“ სასამართლოში საქმე წააგო, მაგრამ უკან არ იხევს

ვრცელ სტატიაში საუბარია იმ თაღლითობაზე, რომელიც საინვესტიციო ფონდ „რაკიას“ („რას-ელ-ჰაიმ“) საქმიანობასთან დაკავშირებით გამომჟღავნდა. საქმე ეხება იმ საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც 1,5 მილიარდი დოლარის უკანონოდ მითვისებას ეხება (ავტორი – შონ კრონინი).

თბილისში მდებარე სასტუმრო Sheraton Metechi Palace იმ რთული იურიდიული საქმის ნაწილია, რომელიც ინვესფონდ „რაკიას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს – ჰათარ მასადს უკავშირდება. იგი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება. ავსტრიული კომპანია VI2 Partners ცდილობს ის ფული დაიბრუნოს, რომელიც მისთვის ხუთი წლის წინ არ გადაუხდიათ, სასტუმროს გაყიდვის მცდელობის დროს.

ავსტრიულმა კომპანიამ, „რაკიის“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე, საქართველოში გამართული პირველი სასამართლო პროცესი უკვე მოიგო, თუმცა „რაკიას“ წარმომადგენლის ჯეიმს ბიუკენენის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და მას იმედი აქვს, საჩივარი დაკმაყოფილდება: „ჩვენ უკვე ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და დადებითი შედეგს ველოდებით“, – თქვა მან ლონდონში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

Sheraton Metechi Palace-თან დაკავშირებული საქმე საკმაოდ რთული და სკანდალურია. მასში ფარჰად აზიმიც არის გახვეული, ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც „რაკია“-საგან 2,6 მილიონი დოლარის დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს.

——-

გაზეთი «Arab News» დაარსებულია 1975 წელს, ცენტრალური ოფისი განთავსებულია ქალაქ ჯიდაში, ვრცელდება როგორც საუდის არაბეთში, ასევე ემირატებში, კუვეიტში და სხვა ქვეყნებში.

Comments are closed