globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 4th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ედვარდ ლუკასი: „საქართველოში ბევრი კარგი რამ ხდება. პროგრესი უფრო ნელია, მაგრამ არავის შეუჩერებია საქართველო იყოს უფრო პლურალისტული, უფრო ტოლერანტული, უფრო დემოკრატიული, უფრო ღია“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სროლა, ცემა, დაპატიმრება – სახიფათო შტრიხები წინასაარჩევნო კამპანიაში

«Независимая газета» (რუსეთი): ყველა ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის განწყობილი // წინასაარჩევნოდ საქართველოში ცემა-ტყეპას სროლები დაემატა

«Военно-промышленный курьер» (რუსეთი): არჩევნები საქართველოში: ვის მხარეზე გადაიხრება პირველობის პალმა

«Вестник Кавказа» (რუსეთი): ინტერვიუ ნიკოლაი სილაევთან: „არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს“

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა:

მიზანი ნათელია, მაგრამ ვადები კვლავ ბურუსითაა მოცული

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/edward-lucas-christopher-walker/3535019.html

ედვარდ ლუკასი: საქართველოში ბევრი კარგი რამ ხდება. პროგრესი უფრო ნელია, მაგრამ არავის შეუჩერებია საქართველო იყოს უფრო პლურალისტული, უფრო ტოლერანტული, უფრო დემოკრატიული, უფრო ღია

ნანა საჯაია

„დასავლეთის გადარჩენა“ – ასე ერქვა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო ფორუმს, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმა და ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ევროპის მომავალზე, რუსეთის იმპერიალიზმზე და დასავლეთის როლზე იმსჯელეს.

„ჩვენ ყველანი ვიბრძვით, რათა გვქონდეს შეცდომების დაშვების უფლება“ – ასე უპასუხა ჩვენს კითხვას, თუ „რისთვის იბრძვის დღეს დასავლეთი“, ცნობილმა ანალიტიკოსმა და ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ რედაქტორმა ედვარდ ლუკასმა.

„არ არსებობს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველაზე მაღლა დგას. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებს შეეძლოთ აირჩიონ თუ როგორი მთავრობა სურთ მათ, ასევე მთავრობას უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს, რა ტიპის უსაფრთხოების ალიანსთან თანამშრომლობა სურს. ქვეყანას უნდა შეეძლოს თვითონ გადაწყვიტოს – უნდა თუ არა რომელიმე ალიანსის, მაგალითად, ნატოს წევრობა“, – ამბობს ედვარდ ლუკასი. მისი აზრით, რუსეთი ცდილობს შეაჩეროს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვები, „მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოში ბევრი კარგი რამ ხდება. პროგრესი უფრო ნელია, ვიდრე მე ვისურვებდი, მაგრამ არავის შეუჩერებია საქართველო იყოს უფრო პლურალისტული, უფრო ტოლერანტული, უფრო დემოკრატიული, უფრო ღია. ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული“.

ედვარდ ლუკასის აზრით, დასავლეთმა ვერ გააცნობიერა, რომ რუსეთი ისევ იმპერიაა. იგი ამბობს, რომ ქართველებს, უკრაინელებს და მოლდოველებს ისევ უწევთ საფასურის გადახდა დასავლეთის გეოპოლიტიკური განათლებისთვის.

„რისთვის იბრძვის დასავლეთი?“ – ამ კითხვით დემოკრატიის ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტ ქრისტოფერ უოკერსაც მივმართეთ.

„დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უწევთ, არამედ ამ ბრძოლას ვხედავთ მთელს ევროპაში ისევე, როგორც შეერთებულ შტატებში. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა არის იმაზე, თუ როგორ სამყაროში გვინდა ვიცხოვროთ“.

ქრისტოფერ უოკერისთვის საქართველო იმის მაგალითია, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ „ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, წარმატებული ყოფილიყო. ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა დააფასოს საქართველოს მცდელობა და მიიღოს მისი ევროატლანტიკური ინსტიტუტებისადმი მისწრაფებები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ გაწეული მძიმე შრომა ძლიერმა დემოკრატიებმა დააფასონ“. ქრისტოფერ უოკერის აზრით, უკანასკნელი 25 დაძაბული წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, ხოლო ერთ-ერთ მთავარ წარმატებად მას მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება მიაჩნია.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 04 ოქტომბერი, 2016 წელი

www.amerikiskhma.com/a/georgia-shooting-and-violent-incidents-inelection-campaign/3535267.html

სროლა, ცემა, დაპატიმრებასახიფათო შტრიხები წინასაარჩევნო კამპანიაში

ზაზა წულაძე

საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, მშვიდი წინასაარჩენო გარემო თავდაყირა დააყენა ძალადობის რამდენიმე სერიოზულმა ფაქტმა, რომლებიც 1, 2 და 3 ოქტომბერს, ზუგდიდში, გორსა და თბილისში მოხდა.

გორში, სადგურის დასახლებაში, კვირას, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს ესროლეს. დაჭრილია მისი პირადი დაცვის წევრი, 40 წლის კობა კოშაძე, რომელსაც ტყვია მარცხენა წვივში მოხვდა და 36 წლის ბიძინა თომაშვილი, საარჩევნო შტაბის კოორდინატორი, იგი მარჯვენა მხარში დაიჭრა. ორივე მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი და უკვე ჩაუტარდათ სასწრაფო ოპერაცია. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის: 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გორის რჩევნებში, დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსით არის ჩართული, თავდასხმაში მმართველი პარტია დაადანაშაულა. მისი თქმით, სროლა ადგილობრივმა კრიმინალმა ალექსანდრე ინდუაშვილმა, მეტსახელად „ხამსამ“ განახორციელა. იგი ატენის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ედუარდ ნუცუბიძეს მოჰყვა და ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. “ქართულმა ოცნებამ” ბრალდება კატეგორიულად უარყო. ინდუაშვილი და ნუცუბიძე ამ დრომდე მიმალვაში არიან.

„ქართული ოცნების“ აქტივისტი ვინმე ნუცუბიძე ახლდა იმ კრიმინალს. ეს ინდუაშვილი არის არაერთგზის ნასამართლევი. ესეთი ტიპის ადამიანები გორში, ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურებულნი არიან. მათ პირდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი  გორში „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაეხმარებიან, პოლიცია მათ არ შეაუწუხებთ, მათ წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედებს და  გადამჭრელ ზომებს არ მიიღებს“, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.

შაბათს ღამით ჯგუფური ჩხუბი მოხდა სოფელ დიდინეძში, ზუგდიდიდან 15 კილომეტრში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის. შეტაკების დროს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამი წევრი დაშავდა. განსაკუთრებით, მძიმე იყო 19 წლის ლიკა დემეტრაძის მდგომარეობა, რომელსაც თავის არეში ქვა მოხვდა და გონება დაკარგა. ასევე ნაცემები არიან, „ოცნების“ აქტივისტები თემურ მიქაძე და ნიკა ძიმისტარაშვილი.

პოლიციამ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით აღძრა და უკვე დაკითხა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: პაპუნა კუკავა და მანუჩარ ქირია. დღესვე ზუგდიდის პოლიციაში ჩატარდა თავდამსხმელთა ამოცნობის პროცედურაც.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია გორის და დიდინეძში მომხდარი თავდასხმები უსწრაფესად იქნას გამოძიებული

„შემაშფოთებელი ფაქტებია და აუცილებელია მათზე იყოს სწრაფი, დროული და ადექვატური სამართლებრივი რეაგირება. მუდმივად პოლიტიკური კინკლაობის ჭრილის ნაცვლად, აუცილებელია, რომ ამ ინციდენტების განხილვამ გადაინაცვლოს სამართლებრივ სიბრტყეში. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავი უნდა შეიკავოს სიტუაციის ესკალაციისგან, უარი უნდა თქვან, თავიანთი აქტივისტების ჩართვაზე ძალადობრივ მოქმედებებში. ცალსახად უნდა მოხდეს ამ ძალადოვრივი ფაქტებისგან გამიჯვნა და მათი დაგმობა“.

სამ ოქტომბერს, გამთენისას კი პოლიციამ, თბილისში კულტურის ყოფილი მინისტრის, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის” მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის უფროსი დავით ჯაფარიძე დააკავა. ნიკა რურუას მტკიცებით,დავით  ჯაფარიძეს პოლიციამ იარაღი ჩაუდო: „ჩემი მეგობარი დათო ჯაფარიძე ამბობს, რომ ათმა კაცმა გააკავა იგი და იარაღი ჩაუდეს. ეს მოახერხეს, რადგან ხელები მას დაკავებული ჰქონდა. ათი სუს-ის თანამშრომელი დაეტაკა და ჩაუდეს იარაღი“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ბრალებას უარყოფენ. შსს-ს განმარტებით, ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსი სისხლის სამართლის 236-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

«Независимая газета» (რუსეთი), 04 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-10-04/6_gruzia.html

ყველა ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის განწყობილი

წინასაარჩევნოდ საქართველოში ცემა-ტყეპას სროლები დაემატა

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება და აღნიშნულია, რომ ბოლო კვირაში მდგომარეობა გამწვავდა – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ამომრჩეველთა ჯგუფები ერთმანეთს თავს ესხმიან, ისმის სროლებიც, არიან დაჭრილები… მაგალითად, ინციდენტი მოხდა შიდა ქართლში – ქალაქ გორში, სადაც დაჭრეს დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრები, აგრეთვე  სამაგრელოში, სოფელ დიდინეძში, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის ჯგუფური ჩხუბი მოხდა  (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: „ირაკლი ოქრუაშვილმა მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლის – ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ნათესავს დააკისრა. პოლიციამ   ოპერატიული რეაგირება მოახდინა და გამოძიება დაიწყო. მომხდარს კომენტარი გაუკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, რომელმაც თავდაცვის ექს-მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი ბრალდებების თავშეკავებისაკენ მოუწოდა. ამით მან მიანიშნა იმაზეც, რომ თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, თვითონ ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ გენერალური პროკურორი იყო, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი და ამ დროს იგი უკიდურეს სიმკაცრეს ამჟღავნებდა და ხშირად კანონსაც არღვევდა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილმა საკმაოდ ბევრი მტრები გაიჩინა.

ბოლო დრომდე წინასაარჩევნო კამპანია ცივილიზებულ ჩარჩოებში მიმდინარეობდა, ახლა კი „დაძაბულობის მაჩვენებელი ისარი ყოველგვარ შკალას გადასცდა“: სულ უფრო ხშირია ცემა-ტყეპა, შეხლა-შემოხლა, პირდაპირ ტელეეთერში ოპონენტები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან და ლანძღვა-გინებით უმასპინძლდებიან. მოწოდებები შავშეკავებაზე არავის არ ესმის, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი ეხება აგრეთვე უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს: „დამკვირვებლების აზრით, დღეს ექს-პრეზიდენტის აქტიურობა თვითონ მის პარტიას ვნებს. ამჯამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის წინამორბედს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევისაგან თავშეკავება ურჩია“.

კიდევ ერთი სკანდალი: როგორც გაირკვა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ ფართოდ რეკლამირებული რეიტინგები, რომელთა მიხედვით, „ნაციონალების“ პოპულარობა იზრდებაო, თურმე ბლეფი აღმოჩნდა: როგორც პრო-„ნაციონალური“ ორგანიზაციის „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ განაცხადა, მას შესაბამისი მტკიცებულებები აქვს.

საქართველოს არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან საბოლოოდ გამოვიდა. მართალია, იგი უშუალო მონაწილეობას არჩევნების პროცესში არ იღებს, მაგრამ „ნაციონალების“ მხრიდან დაწყებულმა მკაცრმა კონკურენციამ იგი მოქმედებისაკენ აიძულა. როგორც მან განაცხადა რეგიონული მასმედიის წარმოადგენლებთან შეხვედრისას, „ქართული ოცნება“ პარტიული სიით ხმების 48-52%-ს დააგროვებს, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს, ბევრგან, ალბათ, კანდიდატებს შორის არჩევნების მეორე ტური ჩატარდებაო.

სტატიის დასასრულს ავტორი იმოწმებს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის გამონათქვამს, რომლის მიხედვით, „ნაციონალებს“ გამარჯვება არ შეუძლიათ, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ „ოცნებამ“ რაც შეიძლება ნაკლები ხმები მიიღოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლება ფალსიფიცირებაში დაადანაშაულონ და არაა გამორიცხული, მათ მხარი სხვა პარტიებმაც დაუჭირონ. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, საქართველოში გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი დაიწყება“.

«ВПК – Военно-промышленный курьер» (რუსეთი), 04 ოქტომბერი, 2016 წელი

http://vpk-news.ru/articles/32738

არჩევნები საქართველოში: ვის მხარეზე გადაიხრება პირველობის პალმა

სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში პარლამენტის არჩევნების წინ შექმნილი ვითარება, მოცემულია პოლიტიკური ძალების განლაგება და მათი შესაძლებლობები, საუბარია ქართული პარტიების საგარეოპოლიტიკურ ორიენტირებზე – მედასავლეთეებზე და რუსეთუმეებზე. მასალაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შანსებს – შესაძლებელია თუ არა მისი დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებაში (ავტორი – ლეონიდ ივაშოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალ-პოლკოვნიკი, პროფესორი).

„გასაგებია, რომ ძირითადი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს შორის გაიმართება: სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები წინააღმდეგობრივ შედეგებს აჩვენებენ – გამარჯვების პალმა ხან „ქართული ოცნებისაკენ“, ხანაც „ნაციონალური მოძრაობისაკენ“ იხრება. გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში ხელისუფფლება მოტივირებულია მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირება მოახდინოს… რა შედეგს გამოიღებს ხელისუფლების მოქმედება – მოუმატებს თუ მოუკლებს ხმებს მიხეილ სააკაშვილს, ამის თქმა ძნელია, თუმცა ერთი რამ აშკარაა: ორივე ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნო კამპანიის ფინალს ფეხდაფეხ უახლოვდებიან.

საქართველოს ამომრჩევლებში დღეს საპროტესტო პოტენციალი ნამდვილად არის: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წინა არჩევნების დროს გაცემული დაპირებებიდან ბევრი რამ ვერ შეასრულა და, აქედან გამომდინარე, მთავრობის მიმართ ბევრი საყვედური გაისმის. შესაბამისად, არაა გამორიცხული გარკვეული არეულობები მოხდეს. „ნაციონალებმა“ ამ მიზნით შეიძლება უკრაინული წარმომავლობის ფულიც გამოიყენონ.

„რამდენადაც რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, ჩვენ არ შეგვიძლია აქტიური პირდაპირი გავლენა მოვახდინოთ იმ პროცესებზე, რომლებიც შეიძლება არჩევნების შემდეგ დაიწყოს. მხოლოდ ირიბად – მაგალითად, მართლმადიდებლური კონტაქტების მეშვეობით. ალბათ, რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობის ვექტორს დაიცავენ საქართველოში მოქმედი ოფიცერთა კავშირებიც. არავიტარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე ეკონომიკური სანქციების გამოყენება (ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტის აკრძალვა). პირიქით, სავაჭრო ურთიერთობა უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს. ჩემი აზრით, ასევე აუცილებელია საბაჟო და სასაზღვრო (სავიზო) რეჟიმის გამარტივება, რათა ჩვეულებრივ მოქალაქეტა შორის კონტაქტები გაფართოვდეს, ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ეს ყველაფერი საქართველოში პრორუსულ განწყობებს გააძლიერებს.

მაგრამ ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ: ის ურთიერთობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, გინდაც რომ დაბრუნდეს, ეს სწრაფად მაინც არ მოხდება – ქართველების ამჟამინდელი თაობა რუსეტს არასდრეოს არ აპატიებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. მე ჩემს ქართველ კოლეგებს საკმაოდ ხშირად ვეკონტაქტები და ბევრ საკითხში ერთნაირი პოზიცია გვაქვს, მაგრამ როგორც კი საკითხი ტერიტორიებს ეხება, ჩვენ უკვე ერთმანეთს ვეღარ ვუგებთ, მომენტალურად ჩნდება ნეგატიური განწყობა. ალბათ,  თანამშრომლობის გაფართოების ერთადერთი გზა იმაშია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი დროებით „ფრჩხილებს გარეთ გამოვიტანოთ“ და სხვა საკითხებზე მოვილაპარაკოთ“, – წერს ლეონიდ ივაშოვი.

«ВПК – Военно-промышленный курьер» (რუსეთი), 04 ოქტომბერი, 2016 წელი

http://vpk-news.ru/articles/32738

არჩევნები საქართველოში: ვის მხარეზე გადაიხრება პირველობის პალმა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თემაზე საუბრობს აგრეთვე რუსული გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“-სათვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის/უნივერსიტეტის („მგიმო“) კავკასიის კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი. იგი საკმაოდ კრიტიკულად განიხილავს ქართული პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობებს და ძირითადად მხოლოდ ორ ძალას გამოყოფს – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“, რომლებტაც პარლამენტში რეალურად გასვლა სეუძლიათ. ამასთან, „ქართულ ოცნება“ იმდენ ხმებს ნამდვილად ვეღარ მოაგროვებს, რამდენიც 2012 წლის არჩევნებში მიიღო. დღეს „ქართული ოცნება“ ადრინდელივით ამორფულ პოლიტიკურ ძალს წარმოადგენს, თუმცაღა ერთი კარგი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ისაა, რომ მან არასასურველი პარტნიორები ჩამოიცილა, რომლებიც მოსახლეობაში მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობენენ და ამ დროს მთელი კოალიციის გაკონტროლება სურდათ. ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი იყო რესპუბლიკური პარტია, რომელიც ერთობ არაპოპულარულია და ამას ჩვენ ამ არჩევნების შედეგების მიხედვითაც დავინახავთ“, – ამბობს ნიკოლაი სილაევი.

რუსი პოლიტოლოგის თქმით, „ქართულ ოცნებას“ მაინცდამაინც დიდი მიღწევები არ აქვს ამ ოთხი წლის მანძილზე, მაგრამ პოზიტივიც არსებობს, მაგალითად, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა, რომელმაც მინისტრ დავით სერგიენკოს პოპულარობა მოუტანა. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ განაგრძობს პროდასავლურ კურსს და იმავდროულად ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ჩემი აზრით, მმართველი პარტია თავის პოზიციებს მეტ-ნაკლებად შეინარჩუნებს.

ნიკოლაი სილაევი საუბრობს აგრეთვე „ერთიანი ნაცმოძრაობის“ პერსპექტივაზეც: მისი აზრით, „ნაციონალები“ კვლავ გავლენიან პარტიად რჩებიან, მათი პოზიციები საკმაოდ ძლიერია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. „ქართულმა ოცნებამ“ მათი პოლიტიკური განეიტრალება ვერ შეძლო,  თუმცა ამ მიმართულებით მაინცდამაინც არ აქტიურობდა. „რამდენიმე პიროვნებისა თუ ფუნქციონერის დაპატიმრება „ნაციონალების“ გავლენის გასანეიტრალებლად საკმარისი არაა“, – აღნიშნავს ნიკოლაი სილაევი.

ინტერვიუს დასასრულს იგიარცევნების შედეგების პროგნოზს აკეთებს: „ვფიქრობ, პარლამენტში ოთხი ან ხუთი პარტიას ვნახავთ. პრინციპში, გასაგებია, რომ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს – ალბათ, დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. თუმცა მაჟორიტარულ ოლქებში „მეოცნებეთა“ კანდიდატები ყველგან ვერ გაიმარჯვებენ, მაგალითად, სამეგრელოში… რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ეს პარტია 2012 წლის დონეს დაკარგავს და უფრო ნაკლებ ხმებს მიიღებს. მთავარი ინტრიგა იმაშია, თუ კიდევ რომელი პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს: ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსი“, ნინო ბურჯანაძის პარტია და შეიძლება პაატა ბურჭულაძის მოძრაობა… თუმცა ბოლო დროს ბურჭულაძის შანსებმა ძალიან დაიკლო“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 04 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა:

მიზანი ნათელია, მაგრამ ვადები კვლავ ბურუსითაა მოცული

სტატიაში განხილულია სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პროექტის – ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემები (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის დასრულების ვადები უკვე დიდი ხანია საქილიკო-საანეკდოტო თემად იქცა, ყოველ შემთხვევაში, კავკასიელი ჟურნალისტებისათვის. უკვე ყოველწლიურად გვესმის სხვადასხვა მაღალი ტრიბუნიდან სხვადასხვა მაღალჩინოსნის მიერ ნათქვამი, რომ აი, ხვალ-ზეგ ჩადგება მწყობრში და მოძრაობა დაიწყებაო, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, „ურემი მაინც იქ დგას“. აი, მაგალითად, სულ ორიოდე დღის წინ ყარსის გუბერნატორმა რაჰმი დოგანმა კვლავ განაცხადა, რომ რკინიგზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და მალე დაიწყება მისი ტესტირებაო… მაგრამ დაეჯერება?

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზას პრობლემები უკვე დიდი ხანია აქვს. პროექტს რეალიზება „ეკლიანი გზებით“ მოუწია. მისი მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის გამო დროებით შეჩერდა, მოგვიანებით კი, 2010 წელს, კვლავ გაგრძელდა. ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა საქართველოს 2011 წელს მნიშვნელოვანი კრედიტი მისცა. 2012 წლიდან „თამაშის ჩაშლა“ ახალმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა: „ამ რკინიგზის მშენებლობა ბევრ კითხვას აჩენს… თუ ის ამუშავდება, მაშინ საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურები დაზარალდებიან… ასევე დაზარალდება საქართველოს რკინიგზაც“. მართალია, მოგვიანებით ეს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის მაისში „აზერბაიჯანის რკინიგზების“ ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა განაცხადა, რომ პროექტის რეალიზებას პრობლემებს სომხური დიასპორა უქმნისო. ერთი თვის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვნა, თბილისში ვიზიტის დროს, ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს რკინიგზის მშენებლობა უკვე ნამდვილად დასრულდებაო. მერე ისევ პრობლემა გაჩნდა: აგვისტოში ახალქალაქში რკინიგზის მუშები გაიფიცნენ და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენო – უფრო მეტად ხელფასის მომატება სურდათ. როგორც ჩანს, ხელფასი არ მოუმატებიათ და ამიტომ ბევრმა სამუშაო მიატოვა, ლუკმა-პურის საშოვნელად საქართველოდან რუსეთში გაემგზავრნენ. სხვათა შორის, თანამშრომლებმა საინტერესო სქემაზე ისაუბრეს: როგორც აღმოჩნდა, მათ ხელფასს ბელორუსული კომპანია „ეს-ეს ჰოლდინგი“ უხდის, მაგრამ ამისათვის მას ფული აზერბაიჯანულმა „დემირიოლ სერვისმა“ უნდა გადაურიცხოს…

თურქულ გაზეთ „თურქიე“-ში იქაური ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის აჰმედ არსლანის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, თურქეთის ტერიტორიაზე რკინიგზა მხოლოდ 87%-ითაა აგებული: „შევხვდი ტექნიკური სამუშაოების ხელმძღვანელებს, განვიხილეთ სიტუაცია და სამომავლო სამუსაოები. ამჟამად მდინარე ყარსზე სარკინიგზო ხიდი შენდება, მუშაობა გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს“, – ამბობს მინისტრი და ხაზს უსვამს, რომ წლის ბოლოს ლიანდაგებზე დიზელზე მომუშავე ლოკომოტივმა უნდა გაიაროსო.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ უფალს ვთხოვოთ, მშენებლობაზე კიდევ რაღაც გაუგებრობა არ მოხდეს – დაპირების შესრულებამდე ხომ რამდენიმე თვეღა დარჩა. დღეს მხოლოდ ერთი მომენტის კონსტატაცია შეიძლება: მიზანი ნათელია, მაგრამ მიღწეული იქნება თუ არა მიზანი დაპირებულ ვადებში (უკვე მერამდენედ!), ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

Comments are closed